QronikaPlus
ანა ბუჩუკური: „ოცნება“ კეზერაშვილთან შეთანხმებულია და მისი არსებობა აწყობს“

ანა ბუჩუკური: „ოცნება“ კეზერაშვილთან შეთანხმებულია და მისი არსებობა აწყობს“

2023-12-13 07:14:26

გიგა გელხვიიძე

ელიტური კორუფცია, შავი ფული, ოლიგარქები, ნეპოტიზმი, _ ეს ის რამდენიმე პუნქტია, რომელიც განიხილება პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიასა და მისი გუნდის სიაში არსებულ ყოფილ თუ მოქმედ პოლიტიკოსებთან და არა მხოლოდ პოლიტიკოსებთან მიმართებით.

გახარიას სიას, რომლის მხოლოდ რამდენიმე წარმომადგენელია ამ დროისთვის ცნობილი სახელისუფლებო და ოპოზიციურ ფლანგზე, უკვე ეწოდა „გახარიას შავი სია“. ეს სია ხელისუფლებისა თუ ოპონენტების შეფასებების გათვალისწინებთ, საკმაოდ დიდი წონის მატარებელი და ბევრის საიდუმლო თუ ღია კორუფციული გარიგებების შესახებ ინახავს ინფორმაციას.
ე. წ. შავი სიის რამდენიმე წარმომადგენელი: ირაკლი ღარიბაშვილი, დავით კეზერაშვილი, ოთარ ფარცხალაძე, თამაზ გაიაშვილი და ლევან მურუსიძე უკვე ღიად დაასახელა პარტიის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, ანა ბუჩუკურმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე, რასაც საკმაოდ მწვავე რეაქციები მოჰყვა.

„გახარიას შავ სიაზე“, საარჩევნო პროცესზე, პოლიტიკურ გარიგებებსა და სხვა თემებზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება პარტია „საქართველოსთვის“ წევრი, ანა ბუჩუკური:

_ ქალბატონო ანა, პირველ რიგში, მინდა გკითხოთ ე. წ. გახარიას შავ სიაზე. ჩვენთვის ცნობილია რამდენიმე სახელი და გვარი. კიდევ ვის უნდა ველოდოთ ამ სიაში?
_ ცოტა შორიდან მოვუვლი ამ საკითხს. ძალიან ცნობილი კითხვები არის ხოლმე, რომლებსაც ჩვენი მისამართით სვამენ, _ თქვენს დროს არ ხდებოდა, არ იცოდით? რა თქმა უნდა, ხდებოდა, თუმცა იყო ძალიან ბევრი შემაკავებელი ფაქტორი. არქივი კარგი რამეა. რომ ნახოთ 2020 წელს გიორგი გახარიას საპარლამენტო გამოსვლა, როდესაც ის წარდგა პარლამენტის წინაშე პრემიერ-მინისტრის მოხსენების ფორმატში, მაშინაც ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად დაასახელა კორუფციასთან ბრძოლა. კორუფცია ყოველთვის მიიჩნეოდა და მიიჩნევა ჩვენნაირი ტიპის ქვეყნებში ღალატის ტოლფას დანაშაულად, რადგანაც ძალიან დიდ პრობლემას ქმნის. საქართველოში კორუფცია არის ბოლო 30 წელია (კომუნისტების პერიოდის კორუფცია ცალკე თემაა), ამაზე ყველანი ვთანხმდებით, უბრალოდ, ზოგჯერ ეს მეტი ხარისხით იყო, ზოგჯერ _ ნაკლებით, ზოგჯერ ელიტური იყო და ზოგჯერ ინდივიდუალური. სხვადასხვა პერიოდში შემაკავებელი ფაქტორები მუშაობდა, ზოგჯერ აღარ მუშაობდა და ა. შ. დღეს რატომ იქცა ეს პრობლემა სისტემურ პრობლემად? დავიწყოთ იმით, რომ მეთერთმეტე წელია, ხელისუფლებაშია „ოცნება“ და მეთერთმეტე წელს სულ რომ ანგელოზები იყვნენ, ამდენი ხნის განმავლობაში ხელისუფლება ლპობას იწყებს. ამასაც რომ თავი დავანებოთ, დღეს კორუფცია ხელისუფლებას სჭირდება ორი მიზნით, სისტემურ კორუფციაზე მაქვს საუბარი. ჩვენს სიაში დასახელებული პირები და ყველა საქმე ისედაც ცნობილია ხელისუფლებისთვის. ზოგადად ჩვენი გუნდი ყურადღებას ამახვილებს კორუფციის სისტემურ ხასიათზე. რატომ სჭირდება ხელისუფლებას კორუფცია? _ იმიტომ, რომ მართვა შეინარჩუნოს, რაც უფრო მეტს გასვრის, მერე ეს ადამიანები მარტივი სამართავია. კორუფცია მართვის ბერკეტია. გარდა ამისა, კორუფციით შემოდის შავი ფული. შავი ფული 2024 წლის არჩევნებში ისეთი დიდი და ამაზრზენი რაოდენობით იქნება, რომ!..
_ როგორც სახელისუფლებო, ასევე ოპოზიციურ სპექტრში?
_ სამწუხროდ, შავი ფულის როლი მხოლოდ ხელისუფლებაში არ თამაშობს თავის როლს, არამედ ზოგიერთ ოპოზიციურ პარტიაშიც და, სამწუხაროდ, მედიაშიც. გიორგი გახარიამ თავის ვრცელ ინტერვიუში ამის შესახებ დაწვრილებით ისაუბრა. როდესაც ბრიფინგი ჩავატარე ამ თემაზე, რომელი სახელი და გვარი იყო უცხო ხელისუფლებისთვის? მურუსიძე? რომელიც სწორედ კორუფციის ბრალდებით დაასანქცირეს; ან ღარიბაშვილის ჩარტერია უცხო? არა, რა თქმა უნდა. რომელიმე ადამიანს უკვირს, თბილისის მერია კორუფციის ბუდედ რომ არის ქცეული? ავიღოთ ვაკის პარკის საქმე, ზედაპირზე ჩანდა იქ კონკრეტულ კომპანიასთან სავარაუდო კორუფციული გარიგება და დღემდე არავინ დასჯილა. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ყველანი ადამიანები ვართ და ამ ანგელოზი ბავშვის გარდაცვალება (მარიტა მეფარიშვილი, 14 წლის, _ რედ.) ყველასთვის ტრაგედია იყო, მათ შორის, ხელისუფლებისთვის, აქ ხომ არავინ დაობს ამაზე, აქ საუბარი არის კორუფციაზე. კორუფცია იმიტომ არის ღალატის ტოლფასი ჩვენნაირ ქვეყანაში, რომ ის ასეთ ტრაგედიებს იწვევს. გაიაშვილი არის უცხო? გაიაშვილი, რომელიც ჯერ „ნაცებთან“ იყო მშვენივრად, მერე „ოცნების“ მხარდამჭერი გახდა, მერე „ლელოში“ წავიდა და ზარზეიმით მიიღო „ლელომ“, ახლა ისევ ღარიბაშვილს იცავს. ეს ის გაიაშვილია, რომლის მეშვეობითაც მოსკოვთან პირდაპირი ფრენები დაიწყო და მერე გვახსოვს ერთ-ერთ მედიასაშუალებაში როგორ იცავდა ირაკლი ღარიბაშვილს, კერძო ვოიაჟის ჩარტერის გამო. გარდა ამისა, ძალიან ბევრი საქმეა, რომელზედაც მიმართული გვაქვს შესაბამისი უწყებებისთვის ფრაქციის წევრებს, მათ შორის, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის, თბილისის დონეზე. არანაირი რეაგირება არ არის. გარდა ამისა, ჩვენმა გუნდმა მიმართა პარლამენტს კეზერაშვილი-ფარცხალაძის საგამოძიებო კომისიაზე. რატომ არ შექმნეს? რატომ? ამდენი თვე გავიდა, სად არის სამართლებრივი რეაგირება კეზერაშვილზე ან, მაგალითად, მურუსიძეზე საგამოძიებო კომისია რატომ არ შეგვაქმნევინა? ის სახელები და გვარები, რომლებიც დავასახელეთ, კომპილაცია გავაკეთეთ იმ საქმეების, რომლებიც ისედაც ცნობილია. მედია, პოლიტიკური სპექტრი და ა. შ. საუბრობს, მაგრამ ჩვენი მთავარი მიზანი ამ საქმეების კომპილაცია კი არა, სისტემურ კორუფციასთან ბრძოლაა.
_ სიაში საუბარია დავით კეზერაშვილზეც. იმ ინფორმაციით და იმ მონაცემებით, რომელიც არის ამ დროისთვის ცნობილი კეზერაშვილზე, შეიძლება თუ არა მას ვუწოდოთ ოლიგარქი, რომელიც ერთ-ერთ საკმაოდ დიდ ოპოზიციურ ძალას აფინანსებს?
_ ყველაზე დიდი პრობლემა იცით, რა არის? ჩვენ ხომ ვერც ბიძინა ივანიშვილს, ვერც დავით კეზერაშვილსა და ვერც სხვა ადამიანებს, როგორც არ უნდა უნდა მოგვწონდეს ისინი, არ გვაქვს უფლება, ავუკრძალოთ პოლიტიკაში მონაწილეობა, მაგრამ ეს მონაწილეობა უნდა იყოს ღია და არა დამალული. აქ ის კი არ არის ყველაზე დიდი პრობლემა, რომ ჩემთვის ორივე მიუღებელი პერსონაა, აქ პრობლემა არის ის, რომ ერთიც და მეორეც ამბობს, რა შუაში ვარ მეო და ორივეს ტელევიზიებზე გავლენა აქვს, პოლიტიკაში ხელს აფათურებენ, მართავენ პოლიტიკურ პარტიებს. დღეს, ბუნებრივია, როცა ხელისუფლების მიღმა დგას არაფორმალური მმართველობა, ძალიან დიდი პრობლემაა, მაგრამ პრობლემა არის ამ შემთხვევაშიც. როდესაც დეოლიგარქიზაციაზე საუბრობდნენ, მაშინაც ჰქონდა მოსაზრება ჩვენს გუნდს, რომ ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს, სახელს და გვარს ჩავანაცვლებ თუ არა. ბიძინა ივანიშვილი რომ დავით კეზერაშვილით ჩანაცვლდეს, ეს კარგი იქნება? ჩვენთვის ხომ სისტემა არის პრობლემა. ჩვენი გუნდისთვის მმართველობის ეს ფორმა არის მიუღებელი, გინდა ბიძინა იყოს, გინდა _ კეზერაშვილი, თუნდაც ანა ბუჩუკური იყოს, ანამაც რომ მოინდომოს ანალოგიური მმართველობა, ისიც იქნება მიუღებელი.
_ ვინაიდან დაფინანსების თემას შევეხეთ, ვის დააზარალებს ოპოზიციური სპექტრიდან ყველაზე მეტად პარტიების დაფინანსების შესახებ განსაზღვრული ცვლილებები?
_ ასე კონკრეტულად არ ვიცი, რომელი ოპოზიციური პარტია იღებს დაფინანსებას იურიდიული პირისგან, ჩვენ არ ვართ ასეთი პარტია, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა. ჩემთვის მნიშვნელოვანი არის პრინციპი. თქვენს კოლეგებთან ვიხსენებდი რამდენიმე ხნის წინ, 2011-2012 წლებში ვმუშაობდი მაშინდელ „სახალხო დამცველის“ აპარატში და ზუსტად მახსოვს „ნაცმოძრაობის“ რეჟიმი მაშინდელ პერიოდში, როგორ ცდილობდა ფინანსურად მოეხრჩო ოპოზიციური პარტიები და განსაკუთრებით „ქართული ოცნება“, რომელიც მთავარი ოპოზიციური ძალა იყო მაშინ. ამის სხვადასხვა მეთოდი არსებობდა და ახლაც „ოცნება“ იმავეს ცდილობს, რომ ყველანაირი ლეგალური ფინანსური ჰაერი გადაუკეტოს პარტიებს. იმას კი არ იზამს, რომ კეზერაშვილზე საგამოძიებო კომისია შეგვაქმნევინოს და კეზერაშვილს ვებრძოლოთ, _ არა! მასთან დალაგებულია და აწყობს მისი არსებობა.
_ ბოლო პერიოდში აქტიური განხილვის საგანია გახარია-ზურაბიშვილის ალიანსი. აქვთ თუ არა რეალისტური შეფასებები და მოლოდინები ამ საკითხის შესახებ ხელისუფლებაში?
_ კობახიძისგან ბევრი ტყუილი მოგვისმენია და ცოტა დამღლელი არის მასზე სერიოზული განცხადებების გაკეთება. ერთი შემიძლია გითხრათ: ვერანაირ განწყობას ვერ ვხედავ პრეზიდენტის მხრიდან, რომ ეს ადამიანი გადადგომას აპირებდეს და არ მაქვს იმის საფუძველი, რომ დავაბრალო და ვიჭორაო. ეს კობახიძის სტილია. რაც შეეხება ჩვენს გუნდს, გულწრფელად მიგვაჩნია, რომ ზურაბიშვილს როლი აქვს შესასრულებელი 2024 წელს, როგორც პრეზიდენტს და ეს მისი გადასაწყვეტია, ოპოზიციონერი იქნება თუ პრეზიდენტი. მას მნიშვნელოვანი მისია აქვს 2024 წლის არჩევნების დაცვაში. ეს არის ერთადერთი შემორჩენილი დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტი.
_ გიორგი გახარია ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუს შემდგომ თეონა გეგელიასთან, ენმ-ს პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელმა, ლევან ბეჟაშვილმა, ოდიოზურ ფიგურად მოიხსენია. როგორ შეაფასებდით ბეჟაშვილის ამ განცხადებას?
_ ეს თქვა იმ პარტიის წარმომადგენელმა, რომელიც იმართება კეზერაშვილ-მერაბიშვილის მხრიდან. უკვე კომიკურია ყველაფერი.
_ სალომე ზურაბიშვილის როლი დღევანდელ ქართულ პოლიტიკაში?
_ ყველამ კარგად იცის, რამდენად დიდი პრობლემები შეუქმნა მას „ქართულმა ოცნებამ“ და ხელი შეუშალა რაღაცებში, მაგრამ ეს ადამიანი ცდილობს და აბსოლუტურად გასაგები და მოსაწონია, რომ ეს პროევროპული, პროდასავლური ხაზი სახელმწიფო ინსტიტუტმა გაატაროს. იგი მუდმივად ამის ტირაჟირებთ არის დაკავებული და მიმაჩნია, რომ ამ გაგებით მისი როლი უმნიშვნელოვანესია.
_ მაშინ, როდესაც ენმ-ს წარმომადგენლები მოითხოვენ გახარიასგან, პასუხი გასცეს 20 ივნისის შეკითხვებს, აქვთ თუ არა თავად „ნაცმოძრაობაში“ პასუხგაუცემელი კითხვები მათი მმართველობის 9 წელიწადზე?
_ „ნაცმოძრაობა“ რას იტყვის და რას მოუწოდებს ჩვენს გუნდს, საერთოდ არ გვაინტერესებს, რადგანაც არ ვართ ანგარიშვალდებული პარტიების წინაშე, ჩვენ ანგარიშვალდებული ვართ საზოგადოების წინაშე. რაც შეეხება თავად „ნაციონალურ მოძრაობას“, მართლა ძალიან უხერხულია, _ ეს არის პარტია, რომელიც 11 წლის თავზე შეცდომებს უწოდებს სისტემურ დანაშაულებს, რომლებიც არაერთი საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტით დადასტურდა. სტრასბურგის ათეულობით გადაწყვეტილებაა, რომელთა მიხედვითაც, როგორც სტუდენტს, მაშინაც კი მასწავლიდნენ, რამდენად სისტემური იყო დანაშაულის ხასიათი ენმ-ს რეჟიმის დროს, განსაკუთრებით ბოლო წლებში და ცოტა ღიმილის მომგვრელი არის მათი მხრიდან რამის მოთხოვნა.
_ „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა ნიკა მელიამ და მას თან გაჰყვნენ მისი მომხრეები, რომლებიც ლევან ხაბეიშვილის პოლიტიკას მკვეთრად აკრიტიკებენ. რამდენად შეძლებს ენმ მთავარ ოპოზიციურ პარტიად დარჩენას?
_ მე არ ვუწოდებ მათ მთავარ ოპოზიციურ ძალას. ოდესღაც შეიძლება იყვნენ ყველაზე დიდი, მაგრამ ამას დრო და საზოგადოება გამოაჩენს. გაძლევთ იმის პირობას, რომ რა წამს „ნაციონალური მოძრაობა“ მთავარი საფრთხობელას სტატუსს დაკარგავს, ეს ავტომატურად გამოიწვევს „ოცნებისთვის“ ძალაუფლების შეზღუდვას.
_ ვიქტორ ორბანის ფაქტორი _ უკრაინასთან მიმართებით გაკეთებული განცხადების საფუძველზე, რა მოლოდინები უნდა გვქონდეს, მიუხედავად იმისა, რომ ორბანი მჭიდრო მეგობრობით არის დაკავშირებული „ქართულ ოცნებასთან“?
_ ვერ დავეთანხმები ამ მოსაზრებას. საქართველოს კანდიდატის სტატუსი აქვს. სხვათა შორის, სანამ 8 ნოემბრის გადაწყვეტილება იქნებოდა, მანამდე ამბობდა ჩვენი გუნდი, რომ კანდიდატის სტატუსს მიიღებდა საქართველო და ბუნებრივია, ახლაც ვიზიარებ ამას. არ შემიძლია ასევე არ ვთქვა, სამეულის (უკრაინა, მოლდოვა, საქართველო) ფარგლებში რამდენად წინ გვქონდა საქმე და როგორ ვამაყობდით ამით. სამწუხაროდ, იცით, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკამ მოახერხა, რომ, ფაქტობრივად, განახევრდა საქართველოს თავსებადობა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან. მაგალითად, 2020 წელს ეს თავსებადობა იყო 61% და წელს არის 30%, შესაბამისად, განსხვავება არის ძალიან დიდი.
_ რა რეიტინგით სარგებლობს დღეს მიხეილ სააკაშვილი და რამდენად დიდია მისი როლი ქართულ პოლიტიკაში, რომელსაც ის „ვივამედიდან“ აწარმოებს?
_ იმაზე მეტი გავლენა უნდა, რომ ჰქონდეს, ვიდრე მას აქვს ქართულ პოლიტიკაზე. ხანდახან მგონია, გაიაზრებს ყველაფერს, აქვს სხვადასხვა გამოვლინება. თუმცა ის, რომ მას თავისი მხარდამჭერები ჰყავს, ეს ფაქტია და ამ ადამიანებს პატივი უნდა ვცეთ ყველამ. თუმცა ის საფრთხობელა და ბუა აღარ არის, მაგრამ „ქართული ოცნება“ მაინც ცდილობს, კვლავ ბუად წარმოაჩინოს. რა თქმა უნდა, დროთა განმავლობაში მისი როლი უფრო და უფრო შემცირდება.
_ ძალიან მძიმე შედეგები დაიდო ბოლო კვლევის მიხედვით განათლების დონის შესახებ საქართველოში. ამ ფონზე ცნობილი ხდება ახალ რეფორმებთან დაკავშირებით, რომლებიც სხვადასხვა სასკოლო თუ საშინაო აქტივობის არასავალდებულოდ გადაქცევას მოიცავს. რა მდგომარეობაა დღეს ქართული განათლების სისტემაში?
_ განათლების სისტემის რეფორმა არის ის, რასაც მეც პირად საუბრებში ხშირად ვსაყვედურობ ხოლმე გიორგი გახარიას, რომ ვერ მოასწარით ვერაფერი სერიოზულის გაკეთება-მეთქი. როდესაც ის დაინიშნა პრემიერ-მინისტრად, დაიწყო კოვიდი, შესაბამისად, ერი და ბერი ყველანი გადართული ვიყავით კოვიდის მართვაზე და ამას აქვს ობიექტური მიზეზები, რატომაც ვერ მოვასწარით განათლების სისტემის მიხედვა. განათლების სისტემის გამართვის გარეშე ახალგაზრდებს, სამწუხაროდ, პერსპექტივა ნალებად აქვთ ქვეყანაში, შესაბამისად, ეს არის მნიშვნელოვანი მიმართულება. ჩემთვის პირადად ნომერ პირველი არის სკოლა, როგორც ინფრასტრუქტურის, ისე შინაარსის, მეთოდოლოგიისა და ხარისხის თვალსაზრისით. ესეც ხშირად გამოწვეულია კორუფციით და ნეპოტიზმით, რომელიც, სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში ვერ აღმოიფხვრა. ის, რომ განათლების სისტემა უნდა იყოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, ბოლო საზოგადოებრივი აზრის კვლევაც ადასტურებს, რომ განათლების ხარისხი მნიშვნელოვნად გახდა ჩვენი მოქალაქეების წუხილის საგანი.
_ რა გეგმები აქვს გიორგი გახარიას 2024 წლის არჩევნებისთვის და რა მოლოდინები უნდა ჰქონდეს ამომრჩეველს? სხვა ოპოზიციური პარტიების წინასაარჩევნო კამპანია აგებულია ძირითადად რუსეთზე, თუ როგორი საფრთხეა რუსეთი საქართველოსთვის და ა. შ. თუმცა არ გვესმის რიგითი მოქალაქეების პრობლემებზე საუბარი. რა იქნება განსხვავებული გიორგი გახარიას საარჩევნო კამპანიაში?
_ ჩვენი გუნდისთვის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნება ევროინტეგრაცია. შეუძლებელია, რომ ეს ასე არ იყოს. ევროინტეგრაცია ზუსტად იმიტომ გვინდა, რომ გვქონდეს უკეთესი განათლება, უკეთესი სამედიცინო სფერო, ეკონომიკა, ყველაფერი უკეთესი… უკეთესი სიბერე ჩვენს ბებიებსა და ბაბუებს და ა. შ.
_ მმართველი ძალა დარწმუნებულია, რომ ის ამ არჩევნებს მოიგებს დიდი უპირატესობით. შეიძლება თუ არა, გაყალბების მექანიზმები აამოქმედოს ხელისუფლებამ და იქნება თუ არა ერთ-ერთი მათგანი ფრიდონ ინჯიას მიერ წამოყენებული ინიციატივა, ქაღალდის პირადობის მოწმობით ხმის მიცემასთან დაკავშირებით?
_ გაყალბებას კი არა, ყველაფერს იკადრებენ 2024 წელს. ისეთები იკადრა 2012 წელს მიხეილ სააკაშვილის გუნდმა, მეტი რომ არ შეიძლებოდა და ეს ყოველთვის უნდა გვახსოვდეს. ეს არის პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც ჩატარდება სრულად პროპორციული სისტემით და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ძალის მიმცემი არის ეს ყველაფერი ჩვენი მოქალაქეებისთვის და 2012 წელი ტყუილად არ მიხსენებია, _ ამ წელს ძალიან კარგად მახსოვს, იარაღით დარბოდნენ უბნებზე, ისე აყალბეს არჩევნები, მაგრამ იძულებული გახდნენ, ძალაუფლება დაეთმოთ, რადაგან ისტორიულად არნახული რაოდენობის ამომრჩეველი მივიდა არჩევნებზე. რა თქმა უნდა, უკადრებელს იკადრებენ („ქართული ოცნება“). უკვე დაწყებულია გაყალბების პროცედურა, თანაც კარგა ხანია, მაგრამ ძალაუფლება არის ხალხის. ეს არ გახლავთ ტრაფარეტული სადღეგრძელო, ბევრჯერ დადასტურებულა ამ ქვეყანაში, მათ შორის, მარტის აქციებზე. ყველაფერი კარგად იქნება.
_ ვინაიდან ვისაუბრეთ არჩევნებზე, არ შეიძლება არ შევეხოთ 5%-იანი საარჩევნო ბარიერის საკითხს. როგორ ფიქრობთ, რა უნდა მოიმოქმედონ იმ ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებსაც ყველაზე მეტად აქვთ ბარიერის გადალახვის პრობლემა? რას ურჩევდით მათ?
_ მცირე ზომის პარტიებს ვურჩევდი, ერთმანეთზე სისულელეების ლაპარაკის ნაცვლად გაძლიერდნენ, დაისახონ სტრატეგია. თუკი ვინმე მიიჩნევს, რომ ვინმესთან გაერთიანებით გაძლიერდება, ეს მათი გადასაწყვეტია, თუმცა მთავარი არის თანმიმდევრულობა. ჩვენ ყველანაირად ვგულშემატკივრობთ „ნაცებისა“ და „ქოცების“ მიღმა არსებულ ყველა პროდასავლურ პარტიას, რადგანაც მნიშვნელოვანი არის ამ ორი მონსტრის ერთხელ და სამუდამოდ ჩამოშორება და ერთპარტიული მმართველობის დასრულება.

გაზიარება