- ორშაბათი, 23 დეკემბერი, 2024
2023-12-13 07:11:01
გიგა გელხვიიძე
თბილისში ე. წ. ბორჯომის ვაგზლის („ბორჯომის სადგური“) ტერიტორიაზე არსებულ უკანონო შენობა-ნაგებობის საქმის შესახებ მოქალაქე მიხეილ ჯიშკარიანმა გაზეთ „ქრონიკა+“-ს მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა.
საკითხის შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ ჯერ კიდევ 90-იან წლებში იჯარით გაცემულ ტერიტორიაზე, რომელიც ხელისუფლებების ცვლილებასთან ერთად სხვადასხვა კომპანიისა თუ პირის ხელში გადადიოდა, უკანონო შენობა-ნაგებობა დგას, სადაც წინამდებარე მოიჯარე პიროვნებასთან, ამჟამად შსს-ს დაქვემდებარებაში მყოფი პირის ახლობელმა, ირაკლი ქურციკიძემ, მოახერხა ნდობის მოპოვება თაღლითური გზით და წიგნების მაღაზია „ლიტერა“ გახსნა.
მიხეილ ჯიშკარიანი „ქრონიკა+“-თან ყვება, რომ ირაკლი ქურციკიძემ, ფართში შესვლის შემდგომ, ფაქტობრივად, მისი ძარცვა დაიწყო და დღესდღეობით ბევრად უფრო მეტი ტერიტორია დაისაკუთრა.
მიხეილ ჯიშკარიანი:
_ „ბორჯომის სადგურის“ ტერიტორიაზე, 500 კვ. მ. მიწა, ჯერ კიდევ, 90-იანი წლების დროს ავიღეთ. მაშინ ეს ტერიტორია რკინიგზის დაქვემდებარებაში იყო. ხელშეკრულების მიხედვით, სანამ არ ამოვიღებდით დანახარჯებს, მანამ ეს ტერიტორია იჯარის გარეშე უნდა გვქონდა. სააკაშვილის ხელისუფლების დროს ეს ტერიტორია იჯარით გადასცეს „ცენტრალს“, რომლის მფლობელიც მაშინ მამუკა ხაზარაძე იყო.
ამის შემდეგ ჩემმა წინამორბედმა რეზო ხაბურძანიამ დაწერა განცხადება, რომ ყველაფერი ისე ყოფილიყო, როგორც რკინიგზასთან იყო შეთანხმებული პირვანდელ მოლაპარაკებაში. 123 000 დოლარი გვიზის დღევანდელი კურსით იქ გაწეული სამუშაოები. ამის შემდეგ საჩივართან დაკავშირებით დარეკა მამუკა ხაზარაძემ და გვითხრა, რომ დავანებოთ საჩივარს თავი და ერთად ვაკეთოთ საქმე; რომ არ მოგვემატებოდა რაიმე იჯარაზ,ე დარჩებოდა ისევ ისე, როგორც ეს იყო გათვალისწინებული პირვანდელი, რკინიგზასთან დადებული შეთანხმებით, თუმცა იჯარისგან ვერ გაგვათავისუფლებდა.
_ რისთვის გქონდათ ეს მიწა აღებული?
_ გვსურდა, მცირე ბიზნესი წამოგვეწყო. აღნიშნულ ტერიტორიაზე, როგორც გითხარით, დღევანდელი კურსით, 123 000 დოლარის სამუშაოები ჩავატარეთ. როდესაც მიწა გაგვქონდა ამ ტერიტორიიდან, ისე ვმუშაობდით, ვინმესთვის ხელი არ შეგვეშალა და ღამე ვასრულებდით სამუშაოებს.
_ რა გახდა სადავო?
_ ახლა რაზეც მიდის დავა, ეს არის „ბავშვთა სამყაროს“ ქვესადგური. ეს ქვესადგური გადავხურეთ, ამის შემდგომ მივაშენეთ და, საბოლოო ჯამში, გვსურდა, აღნიშნული ტერიტორია დაგვეკანონებინა. რამდენჯერაც დავწერეთ განცხადება, ყოველთვის უარით გვიბრუნდებოდა უკან. მას შემდეგ, რაც რეზო ხაბურძანია გარდაიცვალა, ყველაფერი რაც იყო წამოწყებული, გადმომიფორმეს მე. მანამდე რეზო ჩანდა ყველგან და კიდევ ორი პირი, რომლებიც სარგებლობდნენ ჩემი თანხით.
გავიდა რაღაც პერიოდი და სამი წლის წინათ ჩემთან მოვიდა პიროვნება, წიგნების მაღაზია „ლიტერას“ ხელმძღვანელი, ირაკლი ქურციკიძე, რომელიც შევუშვი ჩვენ მიერ აშენებულ ფართში, თუმცა გავაფრთხილე, რომ არ გვქონდა შენობა გაფორმებული და საბოლოოდ მის დანგრევას ვაპირებდი. მითხრა, რომ მას ჰყავდა ბიძა, რომელიც მოახერხებდა ამ ყველაფრის გაფორმებას და მეც მომეწონა ეს წინადადება. ვუთხარი, რომ თუ შევთანხმდებოდით, იმის გამო, რომ ბიძამისის დახმარებით ეს ფართი ოფიციალურად გამიფორმდებოდა, მისგან არ ავიღებდი ერთი წლის მანძილზე საიჯარო თანხას. ამ საუბრიდან მალევე მითხრა, რომ მომდევნო კვირის, ორშაბათს უნდა მომეწერა ხელი საბუთებზე, რადგანაც უკვე მზად იყო ყველაფერი, თუმცა ამის შემდგომ უკვე ერთი წელი გავიდა ისე, რომ არ მინახავს არც ბიძამისი და არც საბუთები. დღეს-ხვალ ძახილში გავიდა ერთი წელი.
_ ვინ არის ამ პიროვნების ბიძა?
_ გურამ ჭანტურია, პოლიციის თანამშრომელია, ამჟამად ახალციხეში მუშაობს და ის არ არის რიგითი პოლიციელი.
_ ამის მერე როგორ გაგრძელდა ეს ყველაფერი?
_ საბოლოოდ დავუკავშირდი ბიძამისს ტელეფონზე და ვკითხე, თუ რა ხდებოდა, რაზედაც მან მიპასუხა, რომ ამ ტერიტორიაზე ჩემი არაფერი იყო და ეს ყველაფერი სახელმწიფოს ეკუთვნოდა. გარდა ამისა, დამემუქრა კიდევაც. ამის შემდეგ შევხვდი მას და მითხრა, რომ „ცენტრალს“ მოსთხოვე პასუხიო.
_ ვინ არის ამ დროს „ცენტრალის“ დირექტორი?
_ დირექტორი არის ლევან ყარალაშვილი. არ მგონია, რომ მამუკა ხაზარაძე თავად საქმის კურსში იყოს, თუ რა ხდება ამ საკითხთან დაკავშირებით. როგორ დავიჯერო, რომ მამუკა ხაზარაძე თავს აიტკივებდა ამ პატარა მიწის ნაკვეთის გამო?
_ როგორ ფიქრობთ, ხაზარაძეს არ უნდა სცოდნოდა, რა ხდებოდა მის კომპანიაში?
_ უნდა სცოდნოდა, მაგრამ არ ჰქონდა მას ეს ინფორმაცია.
_ როგორ განვითარდა ამ მუქარის შემდგომ მოვლენები?
_ ამ მუქარების შემდგომ მიბარებს „ცენტრალის“ წარმომადგენელი, მიშა აბაშიძე და მეუბნება, რომ უნდა დავთმო ეს ფართი ამ პიროვნებისთვის, თუმცა შემდგომში მან იმაზე მეტი მოინდომა, ვიდრე ის მიცემული ფართი იყო, ანუ კიდევ მოინდომა შენობის აივნის მითვისებაც. ფართში, რომელიც მე მაქვს აღებული, მყავს შეშვებული ადამიანები, რომლებიც მეორადი ტანსაცმლებით ვაჭრობენ, თუმცა უკვე არასახარბიელო პირობების გამო მათი ნაწილი გავიდა ფართიდან. აქედან გამომდინარე, ჩემი ბიზნესიც ნელ-ნელა კოტრდება.
მინდა აღვნიშნო ის ამბავიც, რომ მაღაზია „ლიტერას“ მფლობელი იმითაც იმუქრებოდა, რომ ბიძამისი ყურებით მოათრევდა მამუკა ხაზარაძეს აქ და მაინც გაიტანდა თავისას, წამართმევდა იმ ფართს, რომელიც მას სურდა.
_ თქვენი პოზიცია რა იყო ამ ყველაფერზე?
_ ამის შემდეგ მივედი „ცენტრალის“ წარმომადგენელ მიშა აბაშიძესთან და ვუთხარი, ხომ დამათმობინეს ჩემი ფართი, მამუკაზე ამბობენ, რომ მას ყურებით მოათრევენ და ისე დაათმობინებენ მათთვის ტერიტორიას, დაბრკოლებას მიქმნიან ყველაფერში და დამეხმარე ამ საკითხის მოგვარებაში, ყოველ თვეში 5000 ლარამდე იჯარის თანხა მაქვს შემოსატანი-მეთქი. თუმცა „ცენტრალის“ დირექტორის მოადგილე მპასუხობდა, რომ მას ეს ფართი არ გაუცია „ლიტერაზე“ და ფართი გაცემული იყო ჩემზე.
_ „ცენტრალის“ დირექტორს უთხარით ამის შესახებ?
_ დიახ, მივმართე ლევან ყარალაშვილსაც, ავუხსენი ყველაფერი და ამის საპასუხოდ მან მითხრა, რომ „ლიტერასთვის“ სულ სხვა ტერიტორია ჰქონდა მიცემული.
_ ანუ „ცენტრალმა“ ყალბი დოკუმენტაცია გასცა?
_ არა, ყალბი არ არის, ეს ტერიტორია არსებობს რეალურად, თუმცა ეს ფართი არის სრულიად სხვა ტერიტორიაზე განთავსებული და არ არის შემხებლობაში „ცენტრალის“ მიერ გაცემულ მიწის ნაკვეთთან.
_ კიდევ ერთხელ რომ დავაზუსტოთ მკითხველისთვის: „ცენტრალმა“ გასცა რეალურად კონკრეტული მიწის ნაკვეთი, თუმცა „ლიტერა“ დღეს შესულია ფართში, რომელიც არ მიეკუთვნება „ცენტრალის“ მიერ გაცემულ ფართს.
_ დიახ ასეა.
„ქრონიკა+“ აღნიშნული საკითხის შესახებ მიხეილ ჯიშკარიანის წარმომადგენელს, ეკატერინე კუდუხოვსაც ესაუბრა, რომელიც აქტიურად არის ჩართული ამ პროცესებში და სწორედ ის აწარმოებს მოცემულ მომენტში ყოველგვარ სასამართლო თუ სხვა სახის დავებს:
_ ქალბატონო ეკა, უფრო დეტალურად და იურიდიული მიმართულებით რომ გვითხრათ, _ რა ხდება ამ საკითხის გარშემო და რა არის სადავო ორ სუბიექტს შორის?
_ როდესაც მიშა მოვიდა და აგვიხსნა სიტუაცია, დავთანხმდი, რომ საქმეს ავიღებდი, რადგან საინტერესო საქმე იყო, ასევე ფიგურანტი გახლდათ მამუკა ხაზარაძე. 1995 წლიდან გამოსახლებების თემებზე ვმუშაობ და, შესაბამისად, ჩემთვის კარგად იყო ცნობილი, თუ რამდენი ადამიანი ჰყავს მას გამოყრილი საკუთარი სახლებიდან.
საკითხთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, მივმართე იმ კომპანიას, რომელმაც თავდაპირველად გასცა მიხეილ ჯიშკარიანზე და მის კომპანიონებზე ეს ტერიტორია. ეს კომპანია იყო „რკინიგზა“. მივწერე, _ მითხრით, ესა და ეს ტერიტორია რამდენად კანონიერად ჰქონდა აღებული კონკრეტულ პიროვნებას-მეთქი?
_ რა გიპასუხეს?
_ ხან იურისტები გამოგზავნეს, ხან ვინ და არ დაადგა საშველი ჩემ მიერ დასმულ კითხვაზე პასუხს. სამი თვის შემდგომ მოგვწერეს და გვითხრეს, რომ ეს ტერიტორია მათ საკუთრებაში არ იყო. აგვიხსნეს, რომ ტერიტორია მათ 49-წლიანი არენდით ჰქონდათ გაცემული „ცენტრალზე“. პასუხი ჩვენ გარდა მივიდა „ცენტრალშიც“ და ამის შემდგომ მათ დაიბარეს მიხეილ ჯიშკარიანი და მოსთხოვეს პასუხი, თუ რატომ მიმართა „რკინიგზას“ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით? გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან ბევრი უკანონო მშენებლობაა „ცენტრალის“ მიერ იჯარით აღებულ ტერიტორიაზე, არავის სურდა, ამ კონკრეტულ ფაქტთან ერთად, კიდევ სხვა შემთხვევებიც გამოვლენილიყო. ვინმემ რომ სერიოზულად დაიწყოს ამ საქმეების, ასე რომ ვთქვათ, გამოქექვა, ძალიან ცუდი დასასრული შეიძლება ვიხილოთ.
_ ტერიტორია, ალბათ, დაათვალიერეთ. რა მდგომარეობაა კონკრეტულ სადავო ფართში?
_ როდესაც ვნახე ტერიტორია, ჩემი ყურადღება მიიპყრო ქვესადგურმა (ელექტროენერგიის გამანაწილებელი), რადგანაც ეს დენის ჯიხური არის კაპიტალური. როდესაც ეს არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტი და მისი დახმარებით იკვებება სადგური, „ბავშვთა სამყარო“ და საავადმყოფო, ხანძარი რომ მოხდეს, მისასვლელი არ აქვს, გამომდინარე იქიდან, რომ მასზე მიშენებულია ფართი. ასეთი მაგალითიც იყო: მოხდა ხანძარი და ვერ მიუდგა სახანძრო მას. სწორედ მაშინ გამოთქვა ერთ-ერთმა მეხანძრემ მოსაზრება, რომ ეს იყო წარმოუდგენელი.
_ ეს მიშენება აღნიშნულ ობიექტზე (ქვესადგურზე) განახორციელა ბატონმა მიხეილმა და მისმა კომპანიონებმა, ხომ?
_ დიახ, მათ თვითნებურად მიაშენეს, რაც არ არის გაფორმებული. სწორედ ამ მიშენებაშია ახლა განთავსებული „ლიტერა“ და მისმა 100%-იანი წილის მფლობელმა, ირაკლი ქურციკიძემ, ბატონ მიხეილს მიმართა, რომ შეეშვა ამ ფართში სამუშაოდ და ის უზრუნველყოფდა მისთვის ფართის გაფორმებას, კანონის შესაბამისად. იყო ნახსენები ბიძა, რომელიც, ფაქტობრივად, ყოვლის შემძლე გახლდათ. ეს ყველაფერი ხდება სამი წლის წინათ (2020 წელი), მაშინ ჯერ კიდევ იყო ხაზარაძე „ცენტრალის“ მფლობელობაში. არ ვიცი, ვისი ჩაწყობით რა გააკეთეს, ვის მიმართეს, მაგრამ ეჭვს რა ბადებს, იცით? იმხელა ტერიტორია არის ეს, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ფიზიკურად შეუძლებელია, 100 ლარს იხდიდე იჯარის თანხას, რადგანაც მას, ალბათ, ნახევარი მილიონის საქონელი უდევს მაღაზიაში.
გარდა იმისა, რომ სტრატეგიული ობიექტია, ჩემი ყურადღება მიიქცია ასევე სამშენებლო სტანდარტებმა, რომელიც მივიჩნიე, რომ დარღვეული იყო. გამომდინარე იქიდან, რომ ასეთი ზომის ქვესადგური ახდენს დასხივებას და შენობა-ნაგებობები უნდა იყოს გარკვეული მოშორებით მისგან, ამ ადამიანს კი მაღაზიაში ბავშვებისთვის განკუთვნილი წიგნები აქვს განთავსებული.
_ ვის მიმართეთ აღნიშნულის შესახებ?
_ მივმართე თელასს. თელასი მოვიდა, შეამოწმა ნუმერაცია, რომელიც გაწერილი იყო აღნიშნულ ქვესადგურზე. ამის შემდგომ გადარეკა ინჟინერმა და მოიძია ინფორმაცია, იყო თუ არა ეს ქვესადგური მათ მფლობელობაში? აღმოჩნდა, რომ აღნიშნული ობიექტი თელასის დაქვემდებარებაში არ იყო და არის კერძო საკუთრება.
ამის შემდგომ დავიწყე ინფორმაციის მოძიება, თუ სად იყვნენ ინჟინრები, რომლებსაც ებარათ ეს ქვესადგური და ევალებოდათ ობიექტისა და პერიმეტრის შეფასება.
_ რა პასუხი მიიღეთ მათგან?
_ ინჟინერმა მითხრა, რომ მათ კარგად იცოდნენ შენობა-ნაგებობა, რომელიც ქვესადგურზე იყო მიშენებული, რომ კანონთან შესაბამისობაში არ იყო, თუმცა არავინ არაფერს ამბობდა, რადგან პატივის სცემდნენ ბატონ რეზო ხაბურძანიას, რომელიც იყო ერთ-ერთი პარტნიორი მიხეილ ჯიშკარიანის. თუკი კერძო პირი არღვევს კანონს, თუკი მესაკუთრე არღვევს კანონს, სად არის მთავრობა ასეთ დროს, როდესაც აღნიშნული დარღვევები დადასტურებულია?
_ როგორ წარიმართა შემდგომ მოვლენები?
_ რადგანაც ვერაფერს გავხდით და ისე შევიბოჭეთ, რომ ამოსუნთქვის საშუალებას არ გვაძლევდნენ, ორაზროვანი წერილი მივწერე თელასს. კაპიტალურად აშენებული შენობა-ნაგებობის ირგვლივ, რომელიც არის სტრატეგიულად საჭირო ობიექტი, რამხელა რადიუსი უნდა იყოს მის გარშემო დაცული-მეთქი და პასუხად მივიღეთ, რომ კანონით განსაზღვრულია ორი, სამი და ოთხი მეტრი დაშორება. ამის შემდგომ მივწერე პირდაპირ სემეკს, რომელმაც მოთხოვნა გადააგზავნა ისევ თელასში და პირდაპირ მისწერა მათ, სრულად დაგვისურათეთ და გადმოგვიგზავნეთ ეს ყველაფერიო. მიუხედავად იმისა, რომ მათ ეს არ ეკუთვნოდათ, როგორც უკვე აღვნიშნე, მაინც დაასურათეს და გადაუგზავნეს სემეკს მასალა. თავდაპირველად არ მიდიოდნენ, თუმცა დავაძალე მისვლა და გადაღება ამ ყველაფრის. მივიდნენ, თან აღნიშნეს, რომ ეს იყო სემეკის მიერ დადგენილი წესები და მათზე უკეთ იცოდა სემეკმა, რა მექანიზმი უნდა ყოფილიყო დაცული აღნიშნულ ობიექტსა და ქვესადგურს შორის.
ამ დროს „ლიტერას“ მფლობელი იმყოფებოდა ადგილზე. როდესაც იკითხა, თუ რა ხდებოდა, დეტალურად ავუხსენი, რომ თელასი, სემეკის მოთხოვნის საფუძველზე, ა კეთებდა დასურათებას. სამუშაოს დასრულების შემდეგ, „თელასის“ წარმომადგენელმა მოიკითხა, თუ ვისი იყო ეს შენობა, რაზედაც ვუპასუხე, რომ შენობაში ამჟამად იმყოფებოდა მაღაზია „ლიტერა“ და ჩვენთან ერთად მყოფი პიროვნება, ირაკლი ქურციკიძე, არის მისი მფლობელი. ამ ინჟინერმა პირდაპირ ასე მიმართა: რა გააწყალე ამ წერა-კითხვით გული, ხომ იცი, რომ ეს უკანონო ნაგებობააო?! ეს ერთი ეპიზოდი, რაც ბოლო ხანს მოხდა. მანამდე ის ტერიტორია, სადაც „ლიტერა“ იმყოფება, გასცა სახელმწიფომ მის შვილობილ კომპანია „რეაბილიტაციაზე“, რათა გაეცა არენდით და ესარგებლა ამ ტერიტორიით. ამის შემდგომ მივედი ამ კომპანიასთან და ამოვიღე ამონაწერი, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ აქვს მიცემული 26 კვ. მ. მიწის ნაკვეთი და არა შენობა-ნაგებობა, რომელსაც არაფერი აკლია 80 კვ. მ.-ს. ამ კომპანიამ კი განაცხადა, რომ ეს ტერიტორია გადაცემული ჰქონდა სახელმწიფოსგან და მან გაიტანა აუქციონზე. ვკითხე თუ რა ნაწილი იყო გატანილი აუქციონზე, თუმცა დაზუსტებით დედამიწაზე არავინ იცის, რა აქვთ გატანილი აუქციონზე. აუქციონზე არის გატანილი გრძელი რაღაც მიწა და ეს ამ დროს არის კაპიტალური შენობა. მათ ვერ განსაზღვრეს, რომ მე არ ვიყავი გამჩერებელი ამ საქმესთან დაკავშირებით.
_ როდესაც თქვენ „ცენტრალმა“ეს ტერიტორია იჯარით მოგცათ, აღმოჩნდა, რომ უკვე გაცემული ტერიტორია შემდეგ აუქციონზე გავიდა?
_ კარგი შეკითხვაა. აღმოჩნდა, რომ ეს ტერიტორია არც რკინიგზის მფლობელობაში იყო, შემდგომში არც „ცენტრალის“, რეალურად ტერიტორია არის სახელმწიფოს მფლობელობაში. შევარდნაძის პერიოდში დაისაკუთრა რკინიგზამ ეს ტერიტორია, შემდგომ გადაეცა სააკაშვილის დროს „ცენტრალს“ და მანამდე გასხვისებული ტერიტორიები დარჩა ჰაერში გამოკიდებული, ისე, რომ მათი რეალური მფლობელი, ფაქტობრივად, გაურკვეველია, ვგულისხმობ იმას, თუ ვისზეა გაცემული ამ დროისთვის იჯარით. ამ ტერიტორიაზე არის სხვადასხვა მიწის ნაკვეთი, რომლებსაც შემდეგ ვისაც უნდა, იმას მისცემს, მაგრამ ეს არის ძალიან დიდი შენობა-ნაგებობა, რომლიდანაც 26 კვ. მ. არის მიწის ნაკვეთი. „ლიტერას“ მფლობელი და დედამისიც ჰონორზე იყვნენ, რომ ვერაფერს ვუზამდით, თუმცა ვუთხარი, რომ მე მაინც მივიყვან ამ საქმეს ბოლომდე და შენობას დავანგრევინებთ-მეთქი.
მთავარი რა არის ამ ყველაფრიდან: ამ 26 კვ. მ. მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით თბილისში, კოსტავას 71-ში, მქონდა უამრავი დავა.
_ ანუ ამ კომპანიამ გასცა იჯარით ეს მიწის ნაკვეთი, თუმცა არ მოუკითხავს, რა შენდებოდა აღნიშნულ ტერიტორიაზე და რამდენად კანონიერი თუ არაკანონიერი იყო ეს მშენებლობა, ხომ?
_ აზრზე არ არიან, რა გასცეს. მივწერე წერილი, რომ პასუხი მოეწერათ ჩვენს შეკითხვაზე, თუ რა გასცა კონკრეტულ პირზე, ამ შემთხვევაში „ლიტერაზე“ იჯარით. როგორც იქნა, უამრავი დავის შემდგომ დამიბარეს და გადმომცეს წერილი. კაბინეტშივე ვუთხარი კომპანიის დირექტორს, ეს 26 კვ. მ. მიწის ნაკვეთი რომ გაეცით, იქ რომ მიწის ნაკვეთი არ არის კონკრეტულ მონახაზზე და კაპიტალური შენობა-ნაგებობაა, თუ არის ცნობილი თქვენთვის-მეთქი? რაზედაც მიპასუხა, რომ ეს არ იყო მათ ინტერესებში და, ფაქტობრივად, მითხრა, რომ მე ამ ადამიანის (მიხეილ ჯიშკარიანი) ინტერესებს ვერ დავიცავდი და არ უნდა დავპირებოდი ადამიანს რამე კონკრეტულს.
_ მოკლედ რომ ვთქვათ, თავის დროზე, კონკრეტული ტერიტორია გასცა იჯარით რკინიგზამ, შემდგომ ეს ტერიტორია გადავიდა „ცენტრალის“ საკუთრებაში, რომელიც ეკუთვნოდა მამუკა ხაზარაძეს (ამჟამად პოლიტიკური პარტია „ლელოს“ ლიდერი), იჯარით გაცემულ ტერიტორიაზე განხორციელდა უკანონო მშენებლობა, რომელზეც თვალი დახუჭეს კონკრეტული პირის პატივისცემის გამო. ამის შემდგომ შენობაში შედის კიდევ ერთი მოიჯარე „ლიტერა“ და ეს ტერიტორია გარდა ამისა გასულია აუქციონზე, რადგანაც კანონმდებლობით არცერთი ზემოთ ჩამოთვლილის მფლობელობაში არ იყო და რეალურად მას სახელმწიფო ფლობდა _ ვინ არის ამ საქმეში რეალური დამნაშავე?
_ ყველა: სახელმწიფო, „ცენტრალის“ დირექტორი, ყველანი აბსოლუტურად. ვინაიდან მიდიხარ სალაპარაკოდ, გიფრიალებს დოკუმენტებს, რომლებიც აცდენილია რეალობას. თანაც, ის ტერიტორია, სადაც მაღაზია „ლიტერა“ არის გახსნილი, არ ეკუთვნის „ცენტრალს“, სახელმწიფო ტერიტორიაა. მიხეილ ჯიშკარიანის პარტნიორი და წინამორბედი რეზო ხაბურძანია იმდენად კარგი პიროვნება იყო, კანონმორჩილი, რომ მას არ შეეშლებოდა არაფერი და არ აიტკივებდა თავს. მას არაერთი წერილი აქვს გაგზავნილი სახელმწიფოსთან, რომ დამიკანონეთ შენობაო.
_ რომელ წლებში?
_ ყველა პერიოდში, მათ შორის, ამ ხელისუფლების დროსაც და ყველა იყო საქმის კურსში, რომ მიმდინარეობდა უკანონო მშენებლობა. დავუშვათ და რომც არ ყოფილიყვნენ შესაბამისი უწყებები უკანონო მშენებლობასთან დაკავშირებით ინფორმირებულები, ახლა ჩემგან არის ყველა ინფორმირებული, რომ სადავოა ტერიტორიაზე, აქ აშენებულია უკანონო, კაპიტალური შენობა-ნაგებობა. მერია მწერს წერილს, რომ რამდენჯერაც არ უნდა მომწეროთ წერილი, ყოველთვის ერთსა და იმავე პასუხს მიიღებთ ჩვენგანო. სახელმწიფო ყველაფრის საქმის კურსშია ახლა და მეც ვეუბნები მათ, რომ არის აშენებული უკანონო შენობა-ნაგებობა და თან ამ უკანონო შენობაში მიმდინარეობს უკანონო სამეწარმეო საქმიანობა.
_ თქვენი მთავარი მოთხოვნა რა არის ამ შემთხვევაში?
_ შენობის დანგრევა.
_ უფრო რომ დავაზუსტოთ, უკანონოდ აშენებული შენობის დანგრევა და იმ საიჯარო ხელშეკრულების აღდგენა, რომელიც მიხეილ ჯიშკარიანსა და მის კომპანიონებს ჰქონდათ ჯერ რკინიგზასთან და შემდგომში „ცენტრალთან“, რათა მიეცეს ამ შემთხვევაში მიხეილ ჯიშკარიანს სამეწარმეო საქმიანობის გაგრძელების უფლება ისე, როგორც ეს კომპანია „ლიტერას“ გამოჩენამდე ხდებოდა.
_ კი ბატონო, ეს არის მთავარი მოთხოვნა.
არ მჯერა, რომ ხაზარაძე არ არის ამ ყველაფრის საქმის კურსში, _ ახლა მე პოლიტიკაში გავედი და ეს ყველაფერი არ მაინტერესებსო, _ ეგრე არ შეიძლება, რომ იყოს.
_ აუქციონის თემა ახსენეთ, როდის მოეწყო აუქციონი?
_ აუქციონი აღნიშნულ ტერიტორიასთან დაკავშირებით მოეწყო 2022 წელს, ორჯერ იყო მიხეილ ჯიშკარიანი გასული ამ აუქციონზე, ავიდნენ 6000 ლარამდე, გამარჯვებული აუქციონში აღმოჩნდა „ლიტერა“, შემდგომში მათ კონკრეტული თანხა არ გადაიხადეს, თუმცა ამ ქმედებით ვადა გაიგრძელეს. როდესაც მათ მოეპრიანათ და მიხვდნენ, რომ ძალიან მძიმე პროცესები დაიწყებოდა, აიღეს 26 კვ. მ. მიწის ნაკვეთი და „ცენტრალმა“ კიდევ დაუმატა ზემოდან 55 კვ. მ. ფართი. როდესაც „ცენტრალთან“ მიდიხარ, გეუბნება, რომ მას არ გაუცია ყალბი დოკუმენტაცია და რეალურად ასეც არის, ვინაიდან საკადასტრო კოდით ეს ადგილი აღინიშნება, თუმცა აღინიშნება მეორე სართული და არა მიწა, პირველი სართული, რომელზედაც დაშენებულია ეს მეორე სართული. ამიტომაც ეს შენობა უნდა დაინგრეს, ჰაერშია გამოკიდებული.
მასალას თან ახლავს დოკუმენტაცია, რომელიც რედაქციას მიაწოდეს მიხეილ ჯიშკარიანმა და ეკატერინე კუდუხოვმა (ჯიშკარიანის ნდობით აღჭურვილი პირი).