QronikaPlus
„ნაციონალური მოძრაობის“ დაშლის ქრონიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ დაშლის ქრონიკა

2023-12-13 06:49:11

შორენა მარსაგიშვილი
დაარსებიდან 22 წლის თავზე „ნაციონალური მოძრაობა“ დაშლის პირასაა. პარტია ნიკა მელიას თამადობით კიდევ ერთმა ჯგუფმა დატოვა. წასულების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება, რაც აუცილებლად იქონიებს გავლენას 2024 წლის არჩევნების შედეგებზე. არავინ იცის, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მიხეილ სააკაშვილი, რომელიც პარტიისთვის ხმების მთავარი მომტანია.

როგორ შეიქმნა „ნაციონალური მოძრაობა“?

„ნაციონალური მოძრაობა“ ერთ დროს მმართველი პარტიის დაშლის შედეგად წარმოიქმნა. „ნაციონალების“ ძირითად ბირთვს წარმოადგენდა „მოქალაქეთა კავშირი“, რომელიც 1993 წელს შეიქმნა. ეს ძალა ედუარდ შევარდნაძესთან ერთად საქართველოს 10 წლის მანძილზე მართავდა. მაღალ თანამდებობებზე იყვნენ წარმოდგენილი შემდგომში განაცებული პერსონები.
2000 წლამდე მათ ერთად იარეს, ერთად აყალბეს არჩევნები და ერთად ეფლობოდნენ კორუფციის ჭაობში. 2000 წელს „მოქკავშირში“ უკვე სერიოზულად დაიძაბა ვითარება. პარტია ე. წ. რეფორმატორებად და რეტროგრადებად გაიყო. რეფორმატორებში ახალგაზრდები მოიაზრებოდნენ. მათ შორის იყვნენ მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ჟვანია, მიშა მაჭავარიანი, გია ბარამიძე, ვანო მერაბიშვილი, პეტრე ცისკარიშვილი, ნინო ბურჯანაძე.
„ნაციონალური მოძრაობა“, როგორც პარტია, 2001 წლის დეკემბერში დაარსდა, უფრო სწორად, ხელახლა გაცოცხლდა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მანამდეც არსებობდა და ის უზენაესი საბჭოს დეპუტატმა, მირიან მირიანაშვილმა, 1993 წელს დააფუძნა. როგორც მირიანაშვილი აცხადებს, მიხეილ სააკაშვილმა გაყალბებული დოკუმენტების საშუალებით წაართვა პარტია. მირიანაშვილი წლებია, გაყალბებული ხელმოწერების ექსპერტიზას მოითხოვს.
„1993 წლის 13 ივნისს დავაფუძნე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომლის თავმჯდომარეც, დაახლოებით, 3 წლის მანძლზე თავად გახლდით. მიხეილ სააკაშვილის თაოსნობით გარკვეულმა პოლიტიკურმა ჯგუფმა პარტია წამართვა. მან დაარღვია ყველა ნორმატიული ბაზა, რაც პოლიტიკური ორგანიზაციის შექმნას ეხება. ჩემი შექმნილია ის ნორმატული ბაზა, რომელიც ამჟამად იუსტიციის სამინისტროს აქვს და რომელიც არეგულირებს პოლიტიკური ორგანიზაციის წესს. იგი დღემდე უცვლელია, რადგან ახლის შემქმნელი ამ დრომდე არ გამოჩნდა.
ჩვენ გვაქვს ერთადერთი მოთხოვნა, გაყალბებულ დოკუმენტებზე ჩატარდეს ხელმოწერების ექსპერტიზა. ამ ექსპერტიზაზე დამოკიდებულია სასამართლო საქმის განახლება და პირველსავე სხდომაზე არსებული კანონმდებლობით, ავტომატურად უნდა შეჩერდეს ადმინისტრაციული აქტის მოქმედება. ამაზე მარტივი გზა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ საბრძოლველად ბუნებაში არ არსებობს. მოვუწოდებთ საზოგადოების იმ ნაწილს, ვინც რეალურად ებრძვის „ნაციონალურ მოძრაობას“, ამოგვიდგეს მხარში“, _ ამაოდ ითხოვს მირიანაშვილი.
„ნაციონალების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მირიანაშვილი საქართველოდან გაიქცა. ის წლების მანძილზე ირანში იმყოფებოდა.
მითვისებულმა თუ ხელახლა დაარსებულმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2002 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მიიღო მონაწილეობა და კარგი შედეგი აჩვენა. „ნაციონალები“ ამ არჩევნებში ბლოკის სახით, რესპუბლიკელებთან და კონსერვატორებთან ერთად, გამოვიდნენ. მათ მეორე ადგილი დაიკავეს. თბილისში პირველ ადგილზე ლეიბორისტები გავიდნენ. მათ საკრებულოს თავმჯდომარედ თავისი კანდიდატურა არ გაიყვანეს. თბილისის საკრებულის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი გახდა. ამას ლეიბორისტებსა და შალვა ნათელაშვილს დღემდე აყვედრიან ოპონენტები და მას „ნაციონალებთან“ გარიგებაში სდებენ ბრალს.
აღსანიშნავია, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ არ შესულან ზურაბ ჟვანია, ნინო ბურჯანაძე, გია ბარამიძე. მათ ცალკე პარტია „ბურჯანაძე დემოკრატები“ შექმნეს. 2003 წლის საპარლამენტო არჩევნებში ამ პარტიებმა ცალ-ცალკე მიიღეს მონაწილეობა. მაშინდელმა ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბა. ეს გაყალბება ხალხმა აღარ მოითმინა და „ვარდების“ რევოლუცია მოხდა. რევოლუციის ლიდერები იყვნენ მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ჟვანია და ნინო ბურჯანაძე.
შევარდნაძის ხელისუფლების სახლში გაშვების შემდეგ მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტი გახდა, ზურაბ ჟვანია _ პრემიერ-მინისტრი, ნინო ბურჯანაძემ კი პარლამენტი ჩაიბარა. რევოლუცია, როგორც წესი, თავის შვილებს ჭამს და არც ეს ტრიუმვირატი გამოდგა გამონაკლისი. ჟვანია ცოცხალი აღარ არის, სააკაშვილი ციხეშია, ბურჯანაძე კი თამაშგარე მდგომარეობაშია.
„ვარდების რევოლუციის“ შემდეგ საპარლამენტო არჩევნების შედეგები გაუქმდა, თუმცა მხოლოდ პროპორციული. მაჟორიტარული შედეგები ბათილად არ გამოუცხადებიათ. ალბათ იმიტომ, რომ ყველამ იცოდა, ფულიანი მაჟორიტარები „ნაციონალებში“ გადაბარგდებოდნენ. ჩვენში უკვე ათეული წელია, ეს ტრადიცია არსებობს.
2004 წელს გამართულ განმეორებით საპარლამენტო არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობა“ და „გაერთიანებული დემოკრატები“ (უკვე ასე ერქვა „ბურჯანაძე-დემოკრატებს“) ერთიანი სიით წარდგნენ. მათ საერთო სიაში იყვნენ რესპუბლიკელები და ეროვნულ ძალთა გაერთიანება და ამ სიამ მოიპოვა ხმების 66.2%.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებიც მოიგო, 2012 წელს კი ოპოზიციაში გადაბარგდა და დღემდე მთავარი ოპოზიციური პარტიაა. 2015 წლამდე მიხეილ სააკაშვილი იყო პარტიის თავმჯდომარე. 2015 წელს სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა მიიღო. ამის გამო მას საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვეს. ის ავტომატურად გადადგა პარტიის თავმჯდომარეობიდან. პარტია თავმჯდომარის გარეშე რამდენიმე წელი იყო. ბოლო 2019 წლიდან დღემდე პარტიამ სამი თავმჯდომარე გამოიცვალა. არ არის გამორიცხული, მეოთხე ცვლილებაც მალე ვიხილოთ. ლევან ხაბეიშვილის მიმართ უკმაყოფილება სულ უფრო იზრდება.
2019 წლის მარტში გრიგოლ ვაშაძე აირჩიეს პარტიის თავმჯდომარედ. მას კონკურენტი არ ჰყოლია. ვაშაძეს ამ პოსტზე რეკომენდაცია გაუწია მიხეილ სააკაშვილმა. წინა წელს ვაშაძე „ნაციონალების“ პრეზიდენტობის კანდიდატი იყო. გრიგოლ ვაშაძემ პარტია, ფაქტობრივად, ბრძოლაში მიატოვა. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა. გაგანია ბოიკოტის დროს, 2020 წლის 15 დეკემბერს, ვაშაძემ საზოგადოებასა და თანაპარტიელებს ფეისბუქით აცნობა, რომ პარტიის თავმჯდომარის პოსტს ტოვებდა. ძალიან მალე კი ის პარლამენტში შევიდა და დღემდე კომფორტულად არის იქ.
პარტიის ახალი თავმჯდომარე ორ კვირაში აირჩიეს და ის ნიკა მელია გახდა. მელიას კონკურენტი ლევან ვარშალომიძე იყო. ლევან ვარშალომიძეს მიხეილ სააკაშვილი ლობირებდა. ეს ყველამ იცოდა, მაგრამ არჩევანი ნიკა მელიას სასარგებლოდ გააკეთეს.
ნიკა მელიას თავმჯდომარეობა 2 წელი გაგრძელდა. 2022 წლის ბოლოს დაიწყო საუბრები, რომ თავმჯდომარის ახალი არჩევნებია აუცილებელიო. ყველასთვის ნათელი იყო, რომ ამ პროცესის უკან დავით კეზერაშვილი და ვანო მერაბიშვილი იდგნენ. ახალი არჩევნები 2023 წლის იანვარში ჩატარდა. არჩევნებში ნიკა მელიაც მონაწილეობდა, გამარჯვება კეზერა-ვანოს ფავორიტ ლევან ხაბეიშვილს დარჩა. მისი გამარჯვების შემდეგ პარტიას სკანდალი და გაუგებრობები არ მოჰკლებია.
აღსანიშნავია, რომ ნიკა მელიას აბრალებდნენ, არაფერს აკეთებს მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლადო. მელიას არცერთ აქციაზე უკან არ დაუხევია. მას შემდეგ, რაც პარტიას ლევან ხაბეიშვილი ჩაუდგა სათავეში, „ნაციონალებს“ ერთი ხეირიანი აქციაც არ გაუმართავთ. არადა, ხაბეიშვილი პირობას დებდა, რომ პარტიის თავმჯდომარედ არჩევიდან რამდენიმე თვეში მიხეილ სააკაშვილს გამოიხსნიდა. აანონსებდა უწყვეტ აქციებს. სააკაშვილის გამოხსნის ნაცვლად ის პარტიიდან იმ ხალხის გაყრით არის დაკავებული, რომლებიც ვანო მერაბიშვილისა და დავით კეზერაშვილის გემოვნებაში არ ჯდება.

ასე დაიწყო დაშლა…

მართალია, დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ მძიმე დღეშია, მაგრამ ქართულ რეალობაში ამ პარტიამ მაინც სასწაული მოახდინა. ქართული პოლიტიკის თავისებურებიდან გამომდინარე, არჩევნებში დამარცხების შემდეგ ხელისუფლებაში მყოფი პარტიები ქრებიან. ასე გაქრნენ „მოქალაქეთა კავშირი“ და „აღორძინება“, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი 11 წელი გაძლო. სავარაუდოდ, კიდევ გააგრძელებს არსებობას.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ სულ იყო დაპირისპირება. ხელისუფლებაში ყოფნის დროს ცდილობდნენ, რომ ეს გარეთ არ გამოსულიყო და ახერხებდნენ კიდევაც. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ძალიან ჭრელი ხალხი იყო თავმოყრილი, იქ უთანხმოება ჩვეულებრივი ამბავი გახლდათ. ამის გარდა იყო ამბიციების ომიც.
დაპირისპირება „ნაციონალებში“ იმ დროსაც ვლინდებოდა, ვიდრე ხელისუფლებაში მოვიდოდნენ. ყველაზე ხმაურიანი პეტრე ცისკარიშვილის ამბავი იყო. პარლამენტის ერთ-ერთ სხდომაზე ცისკარიშვილს „ახალი მემარჯვენეების“ რამდენიმე წევრი დაესხა თავს. ცისკარიშვილმა სამაგიეროს გადახდა გადაწყვიტა. რაკი ერთად ყველას ვერ მოერეოდა, ცალ-ცალკე დაიწყო ანგარიშების გასწორება. დავით საგანელიძეს სახის არეში კასტეტი ჩაარტყა. ამის გამო ის მიხეილ სააკაშვილმა პარტიიდან გარიცხა, მაგრამ რამდენიმე თვეში უკან დააბრუნა. ამით ცისკარიშვილის სკანდალები არ ამოწურულა. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, საპრეზიდენტო არჩევნებამდე, ნინო ბურჯანაძე ასრულებდა პრეზიდენტის მოვალეობას. ამ პერიოდში პეტრე ცისკარიშვილი შს მინისტრის მოადგილედ დანიშნეს, მაგრამ ბურჯანაძემ მისი კანდიდატურა დაბლოკა.
პირველი ღია დაპირისპირება „ნაციონალებში“ 2005 წელს მოხდა. იანვრის არდადეგებზე მიხეილ სააკაშვილი მეუღლესთან ერთად უკრაინაში იმყოფებოდა. თავდაცვის მინისტრად ახლად დანიშნლმა ირაკლი ოქრუაშვილმა, რომელიც სააკაშვილის ფრთას წარმოადგენდა, გია ბარამიძესთან დაკავშირებით მწვავე განცხადებები გააკეთა. ოქრუაშვილამდე ბარამიძე იყო თავდაცვის მინისტრი და ოქრუაშვილმა მას ბევრი დარღვევა აღმოუჩინა. საქმეში ჩაერია ქვეყნის მაშინდელი პრემიერი, ზურაბ ჟვანია, რომლის ფლანგსაც წარმოადგენდა გია ბარამიძე.
ძალიან მალე საეჭვო ვითარებაში იღუპება ზურაბ ჟვანია. მრავალი წლის მანძილზე დადიოდა ლეგენდა, რომ ჟვანიას სააკაშვილმა თავში საფერფლე ჩაარტყა და მოკლა. ამ ვერასიაზე „ქართულმა ოცნებამაც“ კარგად იმუშავა, მაგრამ როცა არაფერი აღარ ჰქონდა ხელჩასაჭიდი, საქმე უბრალოდ თაროზე შემოდო.
ჟვანიას სიკვდილის შემდეგ „ნაციონალებს ჟვანიას“ გუნდის ბევრი წევრი გაემიჯნა. გია ბარამიძე პირიქით, ძალიან აქტიური „ნაცოონალი“ გახდა და დღემდე ამაყად ატარებს „ნაციონალების“ დროშას.
„ნაციონალურ მოძრაობას“ სერიოზულად დაარტყა სალომე ზურაბიშვილის გადადგომამ. ის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. სკანდალურად დატოვა მინისტრის პოსტი ირაკლი ოქრუაშვილმაც. გადადგა გოგა ხაინდრავაც, რომელმაც თან წაყოლა მოადგიილე გია ვოლსკი. 2008 წლის მიწურულს თანამდებობიდან გადადგა გაეროში საქართველოს ელჩი, ირაკლი ალასანია.
მანამდე ნინო ბურჯანაძემ უარყო „ნაციონალები“. ის მათი საარჩევნო სიის პირველი ნომერი იყო. იმ დღეს როცა „ნაციონალებს“ საარჩევნო სია უნდა წარედგინათ ცესკოში, ბურჯანაძემ პარტია დატოვა და უარი თქვა სიის პირველნომრობაზე. ეს გადაწყვეტილება მან პროტესტის ნიშნად მიიღო. როგორც ამბობენ, გიგა ბოკერიას მოთხოვნით სიიდან ბურჯანაძის ხალხი ამოიღეს.
კიდევ იყო უამრავი დაპირისპირება. სანდრო გირგვლიანის საქმემ ყოფილ ხელისუფლებას საყრდენი გამოაცალა. ამ საქმეში ვანო მერაბიშვილის ცოლიც ფიგურირებს. „ნაციონალების“ ნაწილი მიიჩნევდა, რომ მერაბიშვილს შს მინისტრის პოსტი უნდა დაეტოვებინა, მაგრამ ვანო არ წავიდა.
ამ ყველაფრის მიუხედავად, „ნაციონალები“ მაინც ახერხებდნენ გამოსავლის პოვნას და არჩევნებს არჩევნებზე იგებდნენ. პარტიის სერიოზული დაშლა არჩევნების წაგების შემდეგ დაიწყო.
მიხეილ სააკაშვილი და მისი პარტია პირველებმა მაჟორიტარებმა უარყვეს. არადა, პარტიის დახმარებით გახდნენ ისინი დეპუტატები. როგორც კი საოცნებო პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართა, მათ თავი დამოუკიდებელ დეპუტატებად გამოაცხადეს და „ოცნებას“ დაუწყეს გუნდრუკის კმევა. დღეის მდგომარეობით, „ქართულ ოცნებაში“ უფრო მეტი „ნაციონალია“, ვიდრე თავად „ნაციონალურ მოძრაობაში“.
2015 წლის მაისში „ნაციონალური მოძრაობა“ ოთხმა დეპუტატმა დატოვა. ესენი იყვნენ: ზურაბ ჯაფარიძე, გოგა ხაჩიძე, პავლე კუბლაშვილი და გიორგი მელაძე. მათ „გირჩი“ დააფუძნეს. პავლე კუბლაშვილი ივანიშვილთან არის დაახლოებული და რაღაც საქმეებს ულაგებს მას.
როგორც ამბობენ, მაშინ ეს წამოსვლა ხელისუფლების მიერ იყო ორგანიზებული. იმავე პერიოდში ურჩიეს კობა სუბელიანსაც პარტიის დატოვება. არის ინფორმაცია, რომ მას სანაცვლოდ დიდი ფულიც შესთავაზეს. სუბელიანი პარტიაში დარჩა. ახლა ის ამერიკაშია და იქ მუშაობს.
2016 წელს „ნაციონალური მოძრაობა“ უკვე გიორგი ვაშაძემ დატოვა. ის ენმ-ის სტრატეგიული და ორგანიზაციული განვითარების მდივანი იყო. „ნაცმოძრაობიდან“ წამოსვლის მიზეზად ვაშაძემ პარტიაში დახურული მმართველობის სტილი დაასახელა, რომელიც, გიორგი ვაშაძის თქმით, შექმნეს გიგა ბოკერიამ, მიხეილ მაჭავარიანმა, ხათუნა გოგორიშვილმა, გოკა გაბაშვილმა და დავით ბაქრაძემ.
ვაშაძემ „ნაცმოძრაობიდან“ წამოსვლის დღესვე დააანონსა ახალი პარტიის შექმნა. ამ პარტიას „ახალი საქართველო“ ეწოდა. პარტიამ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებშიც მიიღო მონაწილეობა, მაგრამ წარუმატებლად. ამ პარტიის ერთ-ერთი ლიდერი იყო ლევან ხაბეიშვილი, რომელიც „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ ერთნაირად აკრიტიკებდა. მიიჩნევდა, რომ ორივე ძალა უნდა წასულიყო ქართული პოლიტიკიდან. საჯარო განცხადებებში აღშფოთებას გამოთქვამდა, რომ ბიუჯეტის ქურდი დავით კეზერაშვილი არ დაისაჯა. ყველაზე დიდი დაშლა „ნაციონალებში“ მაინც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მოხდა. „ნაცოონალებმა“ პარლამენტში 27 კაცი გაიყვანეს. ძალიან მალე 21-მა მათგანმა „ნაცმოძრაობა“ დატოვა და „ევროპული საქართველო“ დააფუძნა. როგორც ამბობენ, „ევროპულ საქართველოს“ რამდენიმე წელი დავით კეზერაშვილი აფინანსებდა. „ნაციონალებიდან“ წამოსულმა „ევრონაცებმა“ (ასე დაარქვა მათ ხალხმა) დააანონსეს, რომ 2017 წლის ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნებისთვის იწყებდნენ მზადებას.
„ევრონაცების“ გადაწყვეტილებამ აღაშფოთა „ნაციონალებში“ დარჩენილები. ისინი ხშირად ამკობდნენ ერთმანეთს უშვერი სიტყვებით. ახლა რამდენიმე „ევრონაცი“ ისევ განაცდა, მათ შორის, ზურაბ ჭიაბერაშვილი, რომელიც ნიკა მელიასა და მის თანამოაზრეებს აკრიტიკებს.
აღსანიშნავია, რომ „ევრონაცები“ ნიკა მელიასთანაც აწარმოებდნენ მოლაპარაკებას და მის გადაბირებას ცდილობდნენ, მაგრამ საქმე ჩაეშალათ _ მელიამ პარტიაში დარჩენა გადაწყვიტა.
დიდი დაშლის ახალი ტალღა ლევან ხაბეიშვილის თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ დაიწყო. მას მერე, რაც ნიკა მელიამ პარტია დატოვა, კიდევ უფრო ბევრი წავიდა პარტიიდან. წასვლის პროცესი გაგრძელდება. მით უმეტეს, რომ ნიკა მელიამ ახალი პარტიის შექმნა დააანონსა და ბევრს იქ ვიხილავთ.

ვანოს ფაქტორი

პროცესებს, რომელიც დღეს „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარეობს, ბევრი ვანო მერაბიშვილს უკავშირებს. ეს უკანასკნელი ბინძური მეთოდებით ბრძოლის დიდოსტატია. ნიკა მელიას დანახვაც არ უნდა, ასევე ვერ იტანს ლევან ხაბეიშვილსაც. ნიკა მელია რომ არ ყოფილიყო, ხაბეიშვილი პარლამენტში ვერ მოხვდებოდა.
ვანო მერაბიშვილი 2013 წელს დააკავეს. ის ციხიდან 2020 წლის თებერვალში გამოვიდა. თავიდან ამბობდა, რომ პოლიტიკაში აღარ ჩაერეოდა, მერე კი გულმა ისევ იქითკენ გაუწია და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებშიც აპირებდა მონაწილეობის მიღებას. სიაში არ მოუთხოვია ჩასმა _ სიაში თავისი ხალხი ჩაასმევინა. საუბარია მილიონერ დეპუტატებზე: ცეზარ ჩოჩელზე, კახა ოქრიაშვილსა და დილარ ხაბულიანზე. სხვებიც იყვნენ სიაში, მაგრამ ისინი ნიკა მელიას მოთხოვნით ამოიღეს. ამოღებულთა შორის იყო ზაზა გოროზიაც. მილიონერი კანდიდატები იმ მოტივით დარჩნენ სიაში, რომ პარტიას დამფინანსებელი არ ჰყავდა. ვანოს კიდევ რომ ჩაესვა თავისი კადრები, ხაბეიშვილი გამსვლელ სიაში ვერ მოხვდებოდა.
თავად მერაბიშვილი ახალციხის მაჟორიტარობისთვის აპირებდა ბრძოლას. ნიკა მელიამ მაშინ თქვა, რომ თუ მერაბიშვილი „ნაციონალების“ მაჟორიტარობის კანდიდატი იქნებოდა, ის პარტიას დატოვებდა. ნიკა მელიას რეიტინგი მაშინ მაღალი გახლდათ, მერაბიშვილის ქეისი კი ძალიან მძიმე და პარტიისთვის დამაზიანებელი იყო. პარტიამ მელიას მხარე დაიჭირა. ვანოს პოზიციები ჯერ არ ჰქონდა გამყარებული და განზე გადგა. მალე გაირკვა, რომ ეს მხოლოდ დროებითი იყო _ როგორც კი მელია პარტიის თავმჯდომარე გახდა, ინტრიგების ხლართვა დაიწყო.
ინტრიგების ხლართვაში მას ისიც დაეხმარა, რომ ნიკა მელია დააკავეს, რაც დაემთხვა ბოიკოტის პერიოდს. როგორც ამბობენ, ნიკა მელია კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა პარტიის პარლამენტში შესვლას. „ნაციონალები“ ყველაზე გვიან, მაგრამ პარლამენტში მაინც შევიდნენ.
დღემდე პასუხგაუცემელია, თუ რატომ გადადგა პრემიერობიდან გიორგი გახარია. მან თანამდებობა იმ დღეს დატოვა, როცა მელიას დასაკავებლად სპეცოპერაცია უნდა ჩატარებულიყო. მელია პარტიის სათავო ოფისში იყო, სადაც მას თანაპარტიელები და დარაჯობდნენ.
გიორგი გახარია თავიდან პირადად ითხოვდა, ნიკა მელია დააკავეთო, მაგრამ როცა ოპერაცია უნდა დაეწყოთ, ვახტანგ გომელაურს მოსთხოვა, ოპერაცია შეეჩერებინათ. გომელაურმა უარი თქვა. ოპერაციის ჩასაშლელად გახარია პრემიერობიდან გადადგა. ამან ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა. კითხვის ნიშნებს აჩენს აშშ-ს მაშინდელ ელჩ კელი დეგნანის კატეგორიული მოთხოვნა, ოპერაცია არ ჩაეტარებინათ.
ოპერაცია რამდენიმე დღის მერე ჩატარდა. ნიკა მელია ზედმეტი ექსცესების გარეშე დააკავეს. როგორც ამბობენ, გახარია რომ არ გადამდგარიყო, დაკავების დროს „ნაციონალების“ ოფისში რაღაც პროვოკაცია იგეგმებოდა. არის მოსაზრება, რომ ნიკა მელიას ლიკვიდაციაც კი იყო დაგეგმილი, მაგრამ არა ხელისუფლების მხრიდან და სწორედ ამის აღსაკვეთად გადადგა გახარია. ის დღემდე არ საუბრობს ამ თემაზე.
ასე იყო თუ ისე, ვანო მერაბიშვილმა მისი დაწუნებისთვის ნიკა მელიაზე შური იძია და მიაღწია იმას, რომ მელია პარტიიდან წასულიყო.

გაზიარება