QronikaPlus
„ისრაელი იძულებული გახდა, ჩართულიყო თავდაცვით ომში“

„ისრაელი იძულებული გახდა, ჩართულიყო თავდაცვით ომში“

2023-11-30 09:06:54

მიხეილ ხაჩიძე

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის 4-დღიანი ზავი ამოქმედდა. „ჰამასის“ ტერორისტებმა, მოლაპარაკების შესაბამისად, ისრაელის 50 მოქალაქე გაათავისუფლეს, პირველი ნაკადი ისრაელის მიწაზე პარასკევს საღამოს გადავიდა, მეორე ნაკადი კი _ შაბათს. სანაცვლოდ ისრაელმა 150 პალესტინელი გაუშვა, მათ შორის, ქალებიც, ზოგიერთი მათგანი ისრაელის ციხეში ტერორიზმის ბრალდებით 8 წელი იჯდა.
როგორია დღეს ისრაელში პოლიტიკური თუ სამხედრო ვითარება? რა პროცესების გავლა უწევს ქვეყანას ტერორისტებთან ბრძოლაში? _ ამ და სხვა აქტუალური თემების შესახებ „ქრონიკა+“ საქართველოში ისრაელის ელჩს, ჰადას მეიცადს ესაუბრა.

დიპლომატი აცხადებს, რომ „ჰამასის“ ტერორისტული თავდასხმის შემდეგ ისრაელი მოქმედებს ორგანიზაციის მმართველობის დასასრულებლად, მისი სამხედრო შესაძლებლობების გასანადგურებლად. „ჰამასი, რომელსაც აქვს ბევრი მსგავსება ISIS-თან, საფრთხე არა მხოლოდ ისრაელისთვისაა, არამედ ყველაფრისთვის, რასაც ცივილიზებული სამყარო იცავს და შესაბამისად, მის წინააღმდეგ ბრძოლა ყველას გვაერთიანებს“, _ ამბობს ელჩი ჩვენს გამოცემასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.

_ ქალბატონო ჰადას, როგორ შეაფასებთ დღეს ისრაელში არსებულ ვითარებას? როგორ მიმდინარეობს პროცესები?
_ 7 ოქტომბერს „ჰამასის“ ტერორისტებმა მოაწყვეს სასტიკი ხოცვა-ჟლეტა, რის შედეგადაც ჩემი ხალხის 1200-ზე მეტი წარმომადგენელი დაიღუპა. 239 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის, ხანდაზმული ადამიანები, ქალები, ბავშვები და ჩვილი, გაიტაცა „ჰამასმა“, რომელიც ISIS-ის მსგავსი ტერორისტული ორგანიზაციაა ღაზაში.
ისრაელის ქალაქები და ცენტრები „ჰამასისა“ და ლიბანის საზღვართან ახლოს ტერორისტული ორგანიზაცია „ჰეზბოლას“ მიერ გამოსროლილი რაკეტების საფრთხის ქვეშ კვლავ არიან.
„ჰამასის“ ტერორისტული თავდასხმის შემდეგ ისრაელი მოქმედებს ჰამასის მმართველობის დასასრულებლად, მისი სამხედრო შესაძლებლობების განადგურებისა და ღაზის ზოლიდან მის მოქალაქეებზე წარმოქმნილი საფრთხის აღმოსაფხვრელად. ისრაელის არმია სარგებლობს ძლიერი საზოგადოებრივი მხარდაჭერით ბარბაროსული ტერორისტული ორგანიზაციის წინააღმდეგ ამ მნიშვნელოვან ბრძოლაში.
_ რა შეგიძლიათ გვითხრათ ღაზის სექტორში მიმდინარე ოპერაციების შესახებ? ძირითადად, პოლიტიკურ კონტექსტში, რადგან მაინც ხშირად ისმის ბრალდებები ისრაელის მიმართ.
_ ისრაელი ებრძვის სასტიკ და ბრუტალურ ტერორისტულ ორგანიზაციას. „ჰამასი“ აღიარებულია, როგორც ტერორისტული ორგანიზაცია მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, ხოლო 7 ოქტომბრის მოვლენები ეჭვგარეშეა, მის ნამდვილ სახეს აჩვენებს და მის მანკიერ დღის წესრიგს კიდევ ერთხელ ცხადყოფს.
ამ თავდასხმის პირველი დღიდან ისრაელი იძულებული გახდა, ჩართულიყო თავდაცვით ომში. ისრაელი ატარებს თავის სამხედრო ოპერაციას საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. ისრაელი მაქსიმალურად აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ დაიცვას თავისი მოქალაქეები, ასევე შეამციროს ზიანის მიყენება პალესტინელებისთვის, ხოლო „ჰამასი“ საპირისპიროს აკეთებს: ჰამასი იყენებს საავადმყოფოების, სამედიცინო დაწესებულებებისა და სასწრაფო დახმარების მანქანებს სამხედრო მიზნებისათვის. ღაზის მთავარი საავადმყოფოების ქვეშ ცემენტირებული გვირაბების ფართო ქსელია, რომელიც ჰამასის საკონტროლო პოსტებისთვის გამოიყენება.
ჩვენ ვიხილეთ შიფას საავადმყოფოს უსაფრთხოების კამერის კადრები, რომელშიც ასახულია, თუ როგორ შეიყვანეს მძევლები შიფას საავადმყოფოში, საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალის დახმარებით. საავადმყოფოს ქვეშ მდებარე გვირაბები გამოიყენება „ჰამასის“ ტერორისტული საქმიანობის ჩასატარებლად და მძევლების დასამალად.
„ჰამასის“ ერთ-ერთი განზრახვაა ისრაელზე საერთაშორისო ზეწოლის გაზრდა ცრუ ციფრებისა და ბრალდებების გავრცელებით. ჩვენ ყველას გვახსოვს „ჰამასის“ მიერ პალესტინის ალ-ალჰის საავადმყოფოში ისრაელის დადანაშაულების მცდელობები. ამიტომ ყველას ვურჩევ, იყვნენ უკიდურესად ფრთხილად, როცა „ჰამასის“ მიერ გავრცელებულ მასალას ეცნობიან.
_ ჩვენ ვიცით, რომ ისრაელი ყველანაირად ცდილობს, მშვიდობიანი მოსახლეობა დაზოგოს, ებრაელი ჯარისკაცები ეხმარებიან კიდეც ღაზელებს ევაკუაციაში.
_ „ცახალი“ აფრთხილებს ღაზის სექტორის მცხოვრებლებს პირველი დღიდან და მოუწოდებს მათ, გადავიდნენ ღაზის სამხრეთით. ჩვენ ყოველდღიურად ვხსნით უსაფრთხო ჰუმანიტარულ დერეფანს ღაზის სექტორის სამხრეთით. მეორე მხრივ, „ჰამასი“ პალესტინელებს სამხრეთისკენ გადაადგილების დროს, მათ შორის, უსაფრთხო მარშრუტზე თავს ესხმის. მას სჭირდება, რომ ისინი კვლავაც იყვნენ მისი ცოცხალი, ადამიანური ფარები. ისრაელმა შიფას ჰოსპიტალში საწვავი და სამედიცინო აღჭურვილობა მიიტანა, რათა დახმარებოდა გაჭირვებულთა ევაკუაციას. ჩვენ გავაგრძელებთ საჭირო ზომების მიღებას პალესტინელებისთვის ზიანის შესამცირებლად, პარალელურად ჩვენ გავაგრძელებთ „ჰამასის“ ტერორისტებთან ბრძოლას.
_ ყველას აინტერესებს, როგორ მოხდა 7 ოქტომბრის მოვლენები? რამდენად შეიძლებოდა ისეთ ელიტარულ და ძლიერ სამსახურებს, როგორიცაა „მოსადი“, „შინ ბეტი“ და მრავალი სხვა, მსგავსი რამ გამოჰპარვოდათ, გაქვთ ამ ყველაფრის ახსნა?
_ ჯერ მოვიგებთ ამ ომს და დავიბრუნებთ ყველა მძევალს და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყება გამოძიება, თუ რა ხდებოდა თავდასხმამდე.
_ მე ვიცი, რომ ისრაელს ჰყავს არაბული მოსახლეობა, რომელიც ჩართულია „ჰამასის“ წინააღმდეგ ომში. არაბი ჯარისკაცები აქტიურობენ ცაჰალში და იცავენ ისრაელს, მათ სამშობლოს. ქართველ მკითხველს ცოტა მეტად ხომ არ აუხსნიდით ამ საკითხს, როგორია თანაცხოვრება, ზოგადად, ისრაელში და ახლა ამ მძიმე წუთებში?
_ ზოგადად, ყველა ქვეყანაში უმცირესობათა ჯგუფი არ არის თავისუფალი გამოწვევებისგან. თუმცა როდესაც ჩვენ ვუყურებთ ტენდენციებსა და ციფრებს ისრაელის საზოგადოებაში, ეს მოგვითხრობს პოზიტიური ინტეგრაციის ტენდენციის შესახებ, მიუხედავად ჩვენი მდებარეობიდან გამომდინარე სირთულეებისა.
მიუხედავად იმისა, რომ არაბული მოსახლეობა თავისუფლდება სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან, ზოგიერთი მათგანი, მაგალითად, დრუზების თემი, ათწლეულების განმავლობაში მსახურობს „ცახალში“ საკუთარი სურვილით. მიმდინარე ომში 6 დრუზის ჯარისკაცი, ზოგიერთი მაღალი რანგის, ბრძოლაში დაიღუპა. მაჰმადიან და ქრისტიან არაბთა შორის ზოგი უერთდება „ცახალს“, როგორც ვთქვით, თავისი სურვილით, ზოგიც, მათ შორის, ქალები, ირჩევენ სამხედრო სამსახურის ალტერნატივას, ეროვნულ სამსახურს, რაც ნიშნავს 1-2-წლიან მოხალისეობას საზოგადოებისთვის.
მაშინ, როცა „ჰამასი“ ცდილობდა გამოეწვია შიდა არეულობები ისრაელის ებრაულ-არაბულ ქალაქებში, პირიქით მოხდა. ჩვენ ვხედავთ მზარდი მხარდაჭერა და ქვეყნისადმი მიკუთვნებულობის გრძნობა დიდი დოზით არაბ მოსახლოებაში.
7 ოქტომბრის საშინელი თავდასხმის დროს ისრაელის სამხრეთ ნაწილში ბედუინთა თემის მუსლიმებმა სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დააყენეს, რათა გადაერჩინათ თავდასხმის ზონაში მყოფი ებრაელები და მუსლიმები. ხოცვა-ჟლეტის მსხვერპლთა და მძევლებს შორის არიან ისრაელის მუსლიმი მოქალაქეები. ვფიქრობ, ბევრმა მთელ მსოფლიოში არ იცის, რამდენად იცავს ისრაელი რელიგიის თანაარსებობას.
_ აქ მე გკითხავთ არაბებზე, რომლებიც ბოლო დროს ძალიან აქტიურობენ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში და მხარს უჭერენ „ჰამასს“, მართავენ აქციებს და ა. შ. რა რეაქცია გაქვთ მსგავსი კადრების ნახვისას?
_ „ჰამასის“ მომხრე დემონსტრაციები, რომლებიც იმართება მსოფლიოს ზოგიერთ ნაწილში, უნდა აწუხებდეს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ყველა მხარდამჭერს. უმეტეს შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ ძალადობრივ ქცევას მონაწილეების მხრიდან, როდესაც ისინი სკანდირებენ დასავლური საზოგადოების წინააღმდეგ და ისრაელის სახელმწიფოს განადგურებას მოითხოვენ.
ჩვენ ვხედავთ ანტისემტიზმს, რომელიც მაღალ შეფასებას აძლევს თავის მახინჯ თავებს და ცდილობს ლეგიტიმურ პოლიტიკურ კრიტიკად გადაქცევას.
ნება მომეცით, მკაფიოდ განვაცხადო, რომ „ჰამასის“ მხარდაჭერა ნიშნავს მისი გენოციდის აქტების მხარდაჭერას, ქალებისა და ბავშვების გაუპატიურებასა და დაკნინებას და ჩვილების მძევლებად წაყვანის მხარდაჭერას.
„ჰამასის“ მხარდაჭერა ნიშნავს მოწოდებებისა და ქმედებების მხარდაჭერას ისრაელის სახელმწიფოს ლიკვიდაციისკენ.
ვფიქრობ, მსოფლიო უნდა გაუმკლავდეს ანტისემატიზმის ზრდას და იმ მოქალაქეებს, რომლებიც ღიად უჭერენ მხარს ტერორიზმს.
„ჰამასი“, რომელსაც ბევრი მსგავსება აქვს ISIS-თან, საფრთხე არის არა მხოლოდ ისრაელისთვის, არამედ ყველაფრისთვის, რასაც ცივილიზებული სამყარო იცავს და, შესაბამისად, მის წინააღმდეგ ბრძოლა ყველას გვაერთიანებს.

გაზიარება