QronikaPlus
„ნაციონალური მოძრაობა“ არის დაშლადი პარტია“

„ნაციონალური მოძრაობა“ არის დაშლადი პარტია“

2023-11-30 08:40:02

გიგა გელხვიიძე

ვის შეხვდა ევროპაში ვიზიტის დროს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი და როგორ აფასებს ის საქართველოში მიმდინარე ბოლო დროის პოლიტიკურ პროცესებს? როგორია ლეიბორისტული პარტიის ლიდერის პროგნოზები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან, ოპოზიციის შედეგებთან და ხელისუფლების ყოფნა-არყოფნის საკითხებთან მიმართებით?
ამ და სხვა თემების შესახებ „ქრონიკა+“ შალვა ნათელაშვილს ესაუბრება:

_ ბატონო შალვა, დავიწყოთ ბოლო პერიოდის პროცესებით: მიხეილ სააკაშვილის გააქტიურება ქართულ პოლიტიკაში და საარჩევნო კამპანიის წამოწყება „ვივამედიდან“, _ როგორ აფასებთ მის გზავნილებს?
_ მიხეილ სააკაშვილს არაფრის მიღწევა არ შეუძლია, მან საკუთარ თავს უნდა მიხედოს, ჯანმრთელობას, საჭიროა მისი განთავისუფლება, უცხოეთში მკურნალობა და ის საერთოდ უნდა გავიდეს ქართული პოლიტიკიდან. სანამ ის პოლიტიკურად იაქტიურებს, მანამ საქართველოს თავზე იქნება ივანიშვილისა და პუტინის აჩრდილი. შეიძლება მას ეს არ უნდა, მაგრამ ასეა ისტორიის კანონით განსაზღვრული და ეს უნდა შეიგნოს, აღიქვას და გააანალიზოს.
_ სააკაშვილის თქმით, მან საკუთარი სიცოცხლე და თავისუფლება დადო ფსონად იმისთვის, რომ არჩევნებში გაიმარჯვოს. რამდენად უსმენს დღეს ხალხი მიხეილ სააკაშვილს?
_ არ ვიცი საქართველოში რეიტინგების ასავალ-დასავალი. სააკაშვილის ჰგონია, რომ მეორედ მოაწყობს რევოლუციას, შევარდება სადღაც ყვავილებით და რაღაცით და იგივე გაუმეორდება. ეს არის ძალიან დიდი თავის მოტყუება. ის, რაც პირველად მოაწყო მან, ეს რომ არ ექნა, არც ივანიშვილი გვეყოლებოდა დღეს და არც თავად იჯდებოდა ციხეში. ეს იყო ავანტიურა, რომელიც აწყობდა ვლადიმირ პუტინს და რომლითაც დაიწყო რუსეთის იმპერიის აღდგენა პოსტსაბჭოთა სივრცეში. მგონი, ესეც ვერ გაუანალიზებია, სამწუხაროდ, თორემ მეორედ აღარ ეცდებოდა იმავეს.
_ ენმ-ს განცხადებებში კვლავ იკვეთება რევანშისტული ტონი. ყველაფერ ამის ფონზე და დამთავრებული იმით, რომ პარტია დღეს ორად არის გახლეჩილი, რამდენად მიენდობა კვლავ ქართველი ხალხი ენმ-ს, როგორც მთავარ ოპოზიციურ ძალას?
_ საკუთარ თავს შეიძლება დაარქვან მაკედონელი, პომპეუსი და რობესპიერი, მაგრამ არავითარი მთავარი ოპოზიციური პარტია ეს არ არის, ეს არის ყოფილი სახელისუფლებო პარტია, ივანიშვილის პარტია, რომელსაც ივანიშვილი უხდიდა ხელფასებსაც კი სამი წელი და ეს იყო პუტინის ფული. შემდგე თავისი უთავობით დაკარგეს ძალა და პუტინის ოლიგარქი მოიყვანეს ხელისუფლებაში, ამას ჰქვია მთავარი პატია? ეს არის დაშლადი პარტია, რომელიც აგონიურად იშლება უკვე რამდენი ხანია, სამი თავმჯდომარე შეიცვალა, ბაქარაძიდან დაწყებული რამდენი გაიქცა და რამდენს გაუხდება კიდევ გასაქცევად საქმე? სადაც გაურკვეველია, ვინ ვისი მმართველია, ვინ რისი გადამწყვეტია და ვინ რას აკეთებს. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ ლიდერი გაწირა სასიკვდილოდ თავისმა ფრაქციამ და პარლამენტში შევარდა, როდესაც ემხობოდა ივანიშვილი, მაშინ. თავიანთ ლიდერსაც არ ინდობენ და ჩემი დასაცავია. ახლა გროტესკია საერთაშორისო არენაზე მიხეილ სააკაშვილი, აქამდე მივიდა საქმე.
არავითარი ნდობა ქართველი ხალხის არ იქნება არც „ქოცებზე“, არც „ნაცებზე“, ესენი წარსულის პარტიებია. რაღაცა პატარა ჯგუფები შემორჩებიან ალბათ პოლიტიკას, რომლებიც გადასხვაფერდებიან, სახელსაც გადაირქმევენ და მოახდენენ ტრანსფორმირებას. არის ნორმალური ხალხი დარწმუნებული ვარ, თუმცა როგორც პარტიები და პოლიტიკური ძალები გასული არიან ისტორიული ასპარეზიდან და ეს არ არის ჩემი დასკვნა, ეს არის მსოფლიო პოლიტიკის კანონი.
_ ბოლო პერიოდში თითქმის ოპოზიციური პარტიების უმეტესი ნაწილი ცდილობს, საარჩევნო კამპანია ააგოს ანტირუსულ მესიჯებზე. რამდენად მნიშვნელოვანია დღეს ეს მოქალაქეებისთვის? და იმუშავებს თუ არა აღნიშნული მეთოდი ელექტორატზე?
_ მოსახლეობის უპირველესი ამოცანაა, ეკონომიკურად მოძლიერდეს, ჰქონდეს სამსახური, საათობრივი ანაზღაურება 10 ლარი საათში, ბავშვები სკოლებში იკვებებოდნენ ბიუჯეტის ხარჯზე, ოპერაციებს იკეთებდნენ, განათლებას უფასოდ იღებდნენ, პენსიონერები იმდენ პენსიას ღებულობდნენ, რომ ისვენებდნენ და შვილიშვილების საჩუქრების ყიდვა შეეძლოთ, ხალხს უნდა ფაბრიკა-ქარხნები, რომელიც იმუშავებს. ანტი საოკუპაციო პროპაგანდა აუცილებელია, სანამ არ დავიბრუნებთ წართმეულ ტერიტორიებს, მაგრამ ეს არ შეიძლება გახდეს მთავარი და წამყვანი, როცა აქ მომსმენიც აღარ დარჩა, უკვე გარბის ხალხი. ამ კატასტროფული, სოციალური მიზეზის გამო ვიღაც ხომ უნდა გისმენდეს? ანტისაოკუპაციო პროპაგანდაში. კონტინგენტი არ დაგვრჩა მომსმენი და ვისთვის გვინდა ეს მიწა? ხალხისთვის, ხომ? თუ არ იქნება ხალხი, რომელიმე ოკუპანტი მოვა ან ჩრდილოეთიდან ან სამხრეთიდან ან დასავლეთიდან. ჩვენ ზოგჯერ თავს ვიზღვევთ ხოლმე პოლიტიკური მოვლენების შეფასებისას. დღეს ქართული ეკონომიკა მთლიანად ჩავარდნილი აქვს ხელში რუს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს, მის დეიდაშვილ მამაცაშვილს, მათ ყურმოჭრილ მონა კალაძეს, ასევე რუსეთის გამთეთრებელ და ევტუშენკოვებს, ხიდაშელებს. ანუ, ქვეყნის ეკონომიკა თავისი პორტებიანად, თავისი ინფრასტრუქტურიანად, სარკინიგზო გადაზიდვებით, ავიაციით რუს ოლიგარქსა და რუსული სპეცსამსახურის აგენტებს აქვთ ჩაგდებული ხელში. ეს რუსები რომ ჩამოვიდნენ აქ და გახსნეს საშუალო და წვრილი ბიზნესი, ისე არ უნდა გამოგვივიდეს, რომ ფაშისტებივით გადავიქცეთ, ხალხია, რომელიც გამოექცა იმ ომს იქიდან, თუმცა საურველი იყო, სავიზო რეჟიმი მიგვეღო რუსეთთან. არ უნდა გაეხსნა უვიზო რეჟიმი. ჯერ წინა ხელისუფლებას და მერე ესენი რომ მოვიდნენ, ამათ მაინც უნდა შემოეღოთ სავიზო რეჟიმი, ისევე როგორც ირანთან. სიმართლე რომ გითხრათ, ორივე ქვეყანა არის მიუღებელი მსოფლიო დემოკრატიული მოძრაობებისთვის, ისინი არიან სანქციების ქვეშ, ადრეც სანქციების ქვეშ იყო რუსეთი ყირიმის გამო და ასეთი ქვეყნებისთვის კარის ფართოდ გახსნა და უვიზოდ შემოყრა ხალხის ნიშნავს აქ დემოგრაფიულ კატასტროფას. ამის გათვლასა და გაანგარიშებას რა უნდოდა?! ვინც შემოვიდა და იმ ომს არიდებს თავს, არ უნდა უკრაინაში წასვლა, ეს დელიკატური საკითხია და ვიმეორებ, მთლად ფაშიზმი არ უნდა გამოგვივიდეს, მაგრამ ისეც არ უნდა ვქნათ, რომ ეს მსხვილი ბიზნესი რუსი ოლიგარქებისაა და საშუალო და წვრილიც მათ არ მივცეთ, აქაც ზომიერებაა დასაცავი. აქ საჭიროა ეროვნული პოლიტიკა, სახელმწიფოებრივად გათვლილი ნაბიჯები, მაგრამ ჩვენ ხელისუფლება არ გვყავს, ჩვენ გვყავს ტენდერების მშოვნელი სახელისუფლებო ორგანოები. იმ ტენდერს ახლა რუსს მოაგებინებენ თუ პაკისტანელს, სულ ფეხებზე კიდიათ. ვის დარჩება ქართული მიწა, ინდოელს თუ არაბს თუ რუსს ეგეც ფეხებზე კიდიათ.
_ 9 რეკომენდაცია, რომელიც უნდა შესრულდეს 15 დეკემბრამდე, _ რამდენად გაართმევს თავს ხელისუფლება ამას?
_ გამორიცხულია, რაიმე რეკომენდაციები შეასრულონ, მთავარი იმ 9 რეკომენდაციაში არის დებიძინიზაცია. ბიძინა უნდა წავიდეს პოლიტიკიდან და აი, ზუსტად ჩვენი პარტიის ინიციატივაა, რომ ბიძინამ და მიშამ ერთად უნდა მოაწერონ ხელი პოლიტიკიდან წასვლას და ქვეყნიდანაც გავიდეს ორივე. აი, ეს არის გამოსავალი იმ დეოლიგარქიზაციისა და ყველა იმ 9 თუ 12-პუნქტიანი რეკომენდაციის, რომელსაც ევროკავშირი გვიყენებს. პოლარიზაციის შემცირება და დეოლიგარქიზაცია ნიშნავს იმას, რომ ჯერ ბიძინა ივანიშვილი უნდა ჩამოშორდეს ქართულ პოლიტიკას რეალურად და არა ისე, ახლა რომ ამბობს, არ ვერევი პოლიტიკაშიო. ასევე სააკაშვილიც უნდა ჩამოსცილდეს პოლიტიკას, დეპოლარიზაციაში ამას გულისხმობენ ევროპელები. ამიტომ ეს უნდა მოხდეს, თუმცა ამას ისინი არ გააკეთებენ 15 დეკემბრამდე და ჩვენ მაინც მივიღებთ კანდიდატის სტატუსს, რადგანაც ამ სტატუსის არმოცემა დასავლეთს, ევროპასა და ამერიკას, ჩაეთვლება დათმობად, წაგებად რუსეთის წინაშე და კავკასიისა და საქართველოს ჩუქებად მოსკოვისთვის. ახლა რაც ხდება ეს არის წმინდა წყლის გეოპოლიტიკური დამსახურება, რაც შეიძლება ათასწლეულებში ერთხელ დადგეს. არავითარი ჩვენი დამსახურება აქ არ არის, ხელისუფლების, პირველ რიგში, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, რომ სტატუსი არ მიგვეღო.
_ „ოცნების“ დეოლიგარქიზაციის გეგმა ოპოზიციური პარტიების დაფინანსებაზე გადის. რა შემხებლობაშია დეოლიგარქიზაცია და ოპოზიციური პარტიების შემოსავლის კონტროლი?
_ მეტი რაღა უნდა შეზღუდონ დაფინანსება, როდესაც აგერ მსოფლიოში, ერთადერთ პოლიტიკურ პარტიას, საპარლამენტოს, ბარიერგადალახულს, სანქციები დაგვადო ხელისუფლებამ, ლეიბორისტულ პარტიას ჩამოგვართვა კომისიის წევრობის უფლება, უფასო რეკლამის უფლება, პრაქტიკულად, გაგვაკულაკა. ეს გააკეთა მთელი ცივილიზებული სამყაროს წინაშე და ეს ცივილიზებული მსოფლიო ამაზე დუმს. რაც შეეხება დანარჩენს, აქ უკვე სხვა მომენტია, იციან, რომ ფულია მათი მოგების საწყისი არჩევნებში, ფულით ყიდულობენ არჩევნებს და ფულით ახდენენ გარდატეხას. ერთეულებია, ვისზეც შეიძლება გათვალო, რომ პატრიოტული გრძნობით შეიძლება რამე გააკეთონ, მაგრამ დღეს ისინიც არ ჩანან, ამდენად ეს არის ჩამკეტი პრევენციული ღონისძიება, რომ ვინმე არ გამოჩნდეს ოპოზიციის მხარეს.
_ ხომ არ არის ეს ღონისძიება მიმართული, თუნდაც იგივე ენმ-ს ან იმ პარტიების მიმართ, რომლებსაც ყოფილი თავდაცვის მინისტრი, დავით კეზერაშვილი აფინანსებს?
_ არა, რა შუაშია კეზერაშვილი, იქ არიან კიდევ სხვა ოპოზიციონერები, იქ არის მილიარდერი ჩოჩელი, ნიკოლაიშვილი, ბანკირები და კიდევ ათასი ვინმე არის, კომპლექსურად თვლიან ყველაფერს.
_ სალომე ზურაბიშვილმა რამდენიმე ხნის წინ მკაფიოდ განაცხადა, რომ საქართველოში არის ერთადერთი ოლიგარქი და ეს არის ბიძინა ივანიშვილი. ხომ არ იყო ეს მესიჯი, რომ ივანიშვილი უნდა დასანქცირდეს?
_ დასანქცირების ირიბი მესიჯი იყო ქალბატონი სალომესგან ივანიშვილის ოლიგარქად დასახელება, მაგრამ ირიბობა პრეზიდენტს არ შველის, მან პირდაპირ უნდა მოითხოვოს ივანიშვილის დასანქცირება. ნახევრად ქალი, ნახევრად კაცი, ნახევრად ფეხმძიმე ქალი არ არსებობს, ნახევრად სიმართლეც არ არსებობს.
_ 20 წელი გავიდა „ვარდების რევოლუციიდან“. დღევანდელი გადმოსახედიდან და ენმ-ს განვლილი პოლიტიკური გზიდან, რა შედეგები მოიტანა „ვარდების რევოლუციამ“?
_ შევარდნაძე რომ მიდიოდა, ხომ იცით, რა თქვა? _ მე რა დამაკლეს, შალვას წაართვეს სკამიო, ზუსტად ეს თქვა. ტრაგედია იყო. ეს იყო ერთპარტიული რეჟიმის დამყარება, მაშინვე ხუთი პარტია გაყარეს პარლამენტიდან, გახდნენ ერთპარტიული მმართველები, შემდეგ „ნაცმოძრაობა ჩაანაცვლა“ „ქართულმა ოცნებამ“, ეს იყო ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის პირველი ეტაპი, ის იყო დამფინანსებელი ამ „ვარდების რევოლუციის“ და მერე ხელფასების გადამხდელი. ეს იყო პუტინის პირველი გამარჯვება პოსტსაბჭოთა სივრცეში, იმპერიის აღდგენის გზაზე, ეს იყო პროცესი, რომელმაც დააშინა პოსტსაბჭოთა ქვეყნების ლიდერები. მათ თქვეს, რომ შევარდნაძეც კი ვერ დაიცვეს ამერიკელებმა, მთავარი იმედი დასავლეთისა და ჩვენ როგორ დაგვიცავენო? შეაშინა ბევრი ლიდერი: კრავჩუკები, ალიევები და შუა აზიის ლიდერები. კაი დიდი ხნით შეაშინა და სწორედ მას მოჰყვა შემდეგ აფხაზეთის აღიარება გაეროს ზოგიერთი წევრი ქვეყნების მიერ, ცხინვალი მოჰყვა, მერე ყირიმი მოჰყვა და საბოლოოდ უკრაინის ამბები, იმპერიის აღდგენა მოჰყვა ამ ყველაფერს. ეს იყო საშინელი შეცდომა და დანაშაული, რომელიც დაუშვა სააკაშვილმა. მან კარგად იცოდა, რაზე მიდიოდა, იფიქრა, რომ ყველაფერს დავპირდები პუტინს და მერე გადავაგდებო. მართლაც გადააგდო და ამის შემდგომ ტანკები შემოვიდნენ ხურვალეთში.
_ თუ ენმ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდა, როგორ ფიქრობთ, ის შეეგუება საკუთარ მარცხს, თუ შეეცდება ქვეყანაში დესტაბილიზაცია შემოიტანოს?
_ არაფერს არ დაიწყებს, რადგანაც ივანიშვილი მანამდე იქნება დასანქცირებული, რომც დაიწერონ მოგება („ქართულმა ოცნებამ“), არავინ აღიარებს, არალეგიტიმური იქნება და მათ წასვლის გარდა არავითარი სხვა გზა არ დარჩენიათ. ამას არ სჭირდება არანაირი რევოლუცია. ამის გარანტია არის ევროკავშირის სტატუსი და დასავლეთი. შეიძლება იყოს ხალხის შეკრება. საჭიროა რამდენიმე დღე ხელის წასარტყმელად, მაგრამ ის, რომ მთლიანად ვიყოთ ივანიშვილის ნების ქვეშ, მისი მოსკოველი და დასავლელი ლობისტების ქვეშ, რომლებიც თანხმდებოდნენ, რომ ეს კაცი ყოფილიყო ხელისუფლებაში და ეპატიებინათ არჩევნების გაყალბება უსასრულოდ, ეს ეპოქა დამთავრებულია.
_ იყო თუ არა 11 წლის მანძილზე „ქართული ოცნების“ მმართველობის შეცვლის შესაძლებლობა და რა იყო ის მთავარი შეცდომა, რომელიც ოპოზიციამ დაუშვა?
_ 2020 წელს ხელისუფლება შეცვლილი და დამხობილი გვყავდა მშვიდობიანად იმ ფანჩატურით. ვერ იკრიბებოდა პარლამენტი, კვორუმი არ ჰქონდა, ინიშნებოდა ახალი არჩევნები. ახალ არჩევნებში ყველა ვარიანტში წააგებდნენ. ოპოზიციამ თავისი გადაფურთხებული ალოკა და შევარდა პარლამენტში, რამაც მოიტანა ეს შედეგები, რომ მთელი მსოფლიოს თავის ტკივილი გახდა ივანიშვილის მოცილება, როდესაც იგი მოცილებული გვეყოლებოდა გარანტირებულად.
_ რა უნდა ექნა ოპოზიციას?
_ ერთი თვე უნდა გაეძლო, 20 მაისს ჩამოდიოდა ბლინკენი ჯერ კიევში და მერე თბილისში და წყდებოდა ახალი არჩევნების ამბავი, მაგრამ ოპოზიციამ 19 აპრილს შარლ მიშელი რომ ჩამოუყვანა სალომე ზურაბიშვილმა ბიძინას დავალებით, იმის სასიამოვნოდ მოაწერეს ხელი პარლამენტში შესვლას.
_ რომან გოცირიძის განცხადებით, უნდა შეიქმნას ოპოზიციური კოალიცია, ყველა მინუს ენმ და გახარია _ რამდენად რეალურია, რომ ამ ორი ოპოზიციური პარტიის გარეშე შექმნილი ერთობა გადაწონის მათ შედეგს არჩევნებზე?
_ მე არ ვიცი, ბატონი რომანი რას გულისხმობს, კონსტიტუცია კრძალავს საარჩევნო ბლოკებისა და კოალიციების შექმნას, ყველა პარტიამ დამოუკიდებლად უნდა იყაროს კენჭი. თუ მას უნდა, რომ პარტია იყოს, იურიდიული ფორმატი არ არსებობს არჩევნებამდე გაერთიანების, არჩევნების შემდეგ კოალიციური მთავრობის ფორმატი შესაძლებელია.
_ აღნიშნული იდეა წამოვიდა საარჩევნო ბარიერზე საუბრიდან. როგორია თქვენი შეფასება 5%-იან საარჩევნო ბარიერთან დაკავშირებით?
_ ისინი აუცილებლად დაწევენ ამ ბარიერს, მაგრამ მათ უნდათ, რომ ეხვეწოს ოპოზიცია და მერე ჩაეთვალოს კომპრომისად, ამიტომ ლეიბორისტულ პარტიას არ სჭირდება არანაირი ბარიერის დაწევა, ჩვენ 25%-ც აგვიღია, 20%-ც აგვიღია, 12-ც აგვიღია და ა. შ. რა თქმა უნდა, ამ შექმნილ ვითარებაში დაბალი პროცენტის მქონე პარტიები რომ გაანადგურეს, ფაქტია, რადგანაც შედარებით დაბალი ბარიერი მომავალი პარლამენტის მშენებლობისთვის იქნებოდა წინგადადგმული ნაბიჯი, მაგრამ ამას ჯერ არ აკეთებენ. უნდათ, რომ ახვეწნინონ 2%-ზე და მერე თავად დააწესებენ 1%-ს. ამას მხოლოდ იმიტომ გააკეთებენ, რომ ინჯია, ელისაშვილი, გირჩები და მირჩები შეყარონ, თავიანთი აგენტი პარტიები და შემდეგ იტყვიან, რომ აი, კი შემოვიდნენ, მაგრამ ჩვენ რა შუაში ვართ, თქვენ ითხოვეთ ბარიერის დაწევაო.
_ ბოლო პერიოდში აქტიური განხილვის საგანია „ევროპელი სოციალისტების“ ლიდერ ფრიდონ ინჯიას ინიციატივა, რომელიც ქაღალდის პირადობის მოწმობის მეშვეობით ხმის მიცემას შეეხება. როგორ აფასებთ აღნიშნულ ინიციატივას?
_ ინჯია არის ქართველთა სისხლში ნაბანავები მკვლელი, რომელიც პირდაპირ სამოქალაქო ომის გამღვივებელია და მაგის გახსნილია ის ალტერნატიული ტელევიზია თბილისის ზღვაზე, რის შედეგადაც დაიწყო მძიმე პროცესები. ეს არის მკვლელი, რუსეთიდან საქართველოზე მომაგრებული და შემოგზავნილი, რის გამოც კამჩატკაზე ოქროს ორი საბადოც მისცეს და ის უნდა დავიჭიროთ არჩევნების შემდეგ. ის უნდა დაპატიმრდეს და შესაბამისად მისი ყველა წინადადება არის მტრული და საქართველოს გულში ნასროლი ისარი.
_ როგორ აფასებთ თავდაცვის კოდექსში შესატან ცვლილებებს?
_ ეს პირდაპირ მიმართულია ახალგაზრდების დაშინებისკენ, ხმას თუ არ მოგვცემ და მიტინგზე თუ გახვალ, ჯარში გამოგიძახებ! აი, ეს არის მთელი ისტორია ამ ცვლილების. არავითარი სავალდებულო ჯარი არ შეიძლება არსებობდეს, ჯარი შეიძლება იყოს საკონტრაქტო, ნებაყოფლობითი მხოლოდ და მხოლოდ, ახალგაზრდებმა უნდა ისწავლონ, იმუშაონ, ოჯახები შექმნან და როდესაც ომი იქნება, ყველა მამაკაცი წავალთ ომში. მანამდე სამხედრო კათედრები მაგიტომ არსებობს სკოლებსა და უნივერსიტეტებში. რის სავალდებულო ჯარი? რა სავალდებულო ჯარი? ეს სისტემა ირანში, ჩინეთსა და რუსეთშია დარჩენილი მხოლოდ.
_ სულ ახლახან სკოლებში შევიდა ახალი რეფორმა, რომლის მიხედვითაც საკლასო და საშინაო დავალებების შესრულება მოსწავლეებისთვის სავალდებულო აღარ იქნება. რამდენად სწორია მსგავსი მიდგომა?
_ აბა, რა უნდა აკეთოს ბავშვმა სკოლაში? ამათი მიზანია, რომ გაზარდონ უვიცი, გაუნათლებელი თაობა. შამაგიეროდ, ღარიბაშვილს თავისი შვილი პენსილვანიის უნივერსიტეტში სახელმწიფო თვითმფრინავით დაჰყავს, რომელსაც საშინაო დავალებებიც აქვს, საგარეოც და ყველანაირი. ამათი მიზანი არის, რომ სკოლაშივე გამოზარდონ მონა თაობა, რომ მათი შვილების მორჩილები იყვნენ და გაუნათლებლები, მაგრამ ამას ვერ მოესწრებიან, ქართველში გენეტიკით დევს თავისუფლებისკენ სწრაფვა და სწავლის წყურვილი.
_ მაუწყებლობის შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილების მიხედვით, იცვლება საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების წესი. როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია თუ არა, რომ მმართველი პარტია ცდილობდეს ამ ფორმით საბოლოოდ გააუქმოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სტატუსი?
_ ხელისუფლებას სჭირდება ტელესივრცეში მხოლოდ რამიშვილი და „იმედი“. სხვა ყველა ტელევიზია არის ზედმეტი ხარჯი მისთვის. ამიტომ, რა თქმა უნდა, შეეცდება, რომ მაქსიმალურად თავისი მონა ტელევიზიები დაიტოვოს და ნახევრად მონები არ უნდა. საზოგადოებრივი მაუწყებელია არის ნახევარზე ცოტა მეტი მონა. ძვირი უჯდება და იაფადაც შეუძლიათ ძალაუფლება და ცენზურა განახორციელონ დაუბრკოლებლად. მგონი, ას მილიონზე მეტი ჯდება საზოგადოებრივი მაუწყებელი, ეს არ არის ცოტა, ამიტომ ადგება ივანიშვილი და მაგ ტელევიზიის ადგილზე საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, როგორც აქვს ჩაფიქრებული, მანდ ძალიან ძვირი ღირს ბინები.
_ ახლახან იმყოფებოდით უცხოეთში ვიზიტით. ვის შეხვდა ლეიბორისტული პარტიის ლიდერი და რაზე ისაუბრეთ?
_ დახურული შეხვედრები იყო კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, რომელიც, როგორც გითხარით, უკრაინის ომს ეხებოდა. აღშფოთებული არიან იმით, რაც ხდება. ვეუბნებოდი მათ, რომ არავითარი კავშირი არ აქვთ ევროპასთან ამ ადამიანებს, პუტინის აგენტურა არის და არ სჯეროდათ. ახლა კიდევ არიან აღშფოთებულები და ჩემი დასამშვიდებლები ევროპელი ბატონები, მაგრამ ვიმედოვნებ, ეს ჭკუის სასწავლებელი იქნება მათთვის. იმედია, დაიწყებენ ივანიშვილისთვის საფრანგეთის მოქალაქეობის ჩამორთმევის პროცედურას, _ როგორ შეიძლება, ჟან-ჟაკ რუსოს თანამოქალაქე იყოს ბიძინა ივანიშვილი?!
_ როგორ აფასებენ ევროპელი ლიდერები პრეზიდენტ ზურაბიშვილის პოლიტიკურ სვლებს?
_ უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებენო! ასე თუ ისე, სალომეს თავისიანად მიიჩნევენ ევროპელები. ჩემი ნეგატიური განწყობების მიუხედავად, ის ფრანგი დიპლომატია და თავისიანად მიაჩნიათ. ამიტომ არის, რომ მან გააკეთა ცუდი საქმე და ეს ჩემი აწყობილი დასანქცირების პროცესები ამ წლების მანძილზე არაერთხელ ჩამიშალა, ჩადიოდა და არწმუნებდა, რომ ეს ადამიანი არ არის დასასანქცირებელი, არ არის ოლიგარქიო. პრინციპში, ამისთვის ჩამოიყვანა ის ივანიშვილმა.

გაზიარება