- ორშაბათი, 23 დეკემბერი, 2024
2023-11-30 07:21:02
თამარ სანაძე
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქეების: თამაზ გინტურის მკვლელობისა და ლევან დოთიაშვილის გატაცების შესახებ. ჩვენი პარტნიორები მკაცრად გმობენ თამაზ გინტურის მკვლელობას და მოითხოვენ დამნაშავე პირების პასუხისგებაში მიცემას.
„მიღებული რეზოლუციით ევროპარლამენტი კატეგორიულად გმობს თამაზ გინტურის მკვლელობას და ლევან დოთიაშვილის უკანონო გატაცებას; უსამძიმრებს საქართველოს ყველა მოკლული მოქალაქის ოჯახებს; მოუწოდებს ამ და სხვა მკვლელობების საფუძვლიანი გამოძიებისკენ; მოითხოვს პასუხისმგებელ პირთა პასუხისგებაში მიცემას“, _ ვკითხულობთ რეზოლუციაში.
ამ დროს კი „ქართული ოცნების“ დეპუტატებს გინტურის საკითხთან დაკავშრებით არ დაუფიქსირებიათ მკვეთრი პოზიცია. ისინი აცხადებენ, რომ ეს ტექსტი შესათანხმებელია.
ევროპარლამენტის რეზოლუციასა და ხელისუფლების წარმომადგენლების დამოკიდებულებაზე აღნიშნული საკითხის მიმართ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება „გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, ცოტნე კობერიძე:
_ ბატონო ცოტნე, თავდაპირველად მინდა შეგეკითხოთ თამაზ გინტურის შესახებ. ევროპარლამენტმა მიიღო უმნიშვნელოვანესი რეზულუცია, იყო ევროდეპუტატების მწვავე გამოსვლები, ამ დროს კი „ქართული ოცნების“ დეპუტატები აცხადებენ, რომ ტექსტი შესათანხმებელია. ყველამ ვიცით, რა წერია ტექსტში, გაფარდოვდეს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია და დაისაჯონ მკვლელები. რა ხდება?
_ ეს არის ენის მოჩლექის პოლიტიკის გაგრძელება, როდესაც ისინი ყოველთვის ერიდებიან იმას, რომ რუსეთთან მიმართებით იყოს მკაფიო პოზიციები დაფიქსირებული. მათ არ გააჩნიათ ასეთი პოზიცია, ირიდებენ ყველანაირად თავიდან. ყველანაირ ისეთ საკითხთან მიმართებით, რომელიც აშკარად და ცალსახად აჩვენებს, რომ რუსეთი ჩვენი მტერია და ჩვენს ქვეყანაში მშვიდობა არ გვაქვს, „ოცნების“ პოზიცია დამაფიქრებელია: რატომ იქცევიან ეს ადამიანები ასე? რატომ არ ეყოთ დრო ტექსტის შესათანხმებლად? რა შესათანხმებელი სჭირს ტექსტს ასეთი? ძალიან მკაფიოა სიტუაცია, მოგვიკლეს ადამიანი და ამაზე პასუხი არის გასაცემი, რომ მინიმუმ დავაფიქსიროთ. მთლიანმა მოვლენებმა ძალიან მარტივად დაგვანახა მტერი და მოყვარე. ვინ მოგვიკლა მოქალაქე, დავინახეთ და სამყაროს რომელ ნაწილს აწუხებს ეს მდგომარეობა, ესეც ძალიან კარგად დავინახეთ. გინტურის მკვლელობამ გააშიშვლა ძალიან ბევრი რამ, ვნახეთ, რომ ევროპა, ევროპარლამენტი არის ჩვენი მოკავშირე, ისინი ღელავენ ჩვენს ქვეყანაში მოკლულ ერთ მოქალაქეზე, რომელიც იქ სალოცავში იყო ასული და ამაზე აგებინეს პასუხი. სალოცავად ასული მოქალაქე ვითომ ერთმორწმუნე ერმა, რუსეთს რომ ვეძახით, სიცოცხლეს გამოასალმა. ამიტომ ასეთ თემებზე არამკაფიო პოზიციის დაფიქსირება და ასეთ საკითხებზე ენის მოჩლექა არის მოღალატეობრივი პოლიტიკის გატარება.
_ მინდა გკითხოთ იმ იდეაზე, რომელიც გააჟღერა მამუკა ხაზარაძემ: „შუა უნდა შეიკრიბოს“. ალბათ, ნახეთ გამოხმაურებები. როგორ უყურებთ ამ საკითხს?
_ ის, რომ არსებობს 5-პროცენტიანი ბარიერი, რეალური საშიშროებაა ხმების დაკარგვის. მართლა საფიქრალია არჩევნებზე, რა კონფიგურაციით გავდივართ. „გირჩმა“ და „დროამ“ ნაბიჯი გადავდგით, ეს ორი პარტია ახლა ერთად ვართ, დანარჩენი რაც შეეხება პარტია „ლელო“ს, დაახლოებით თვეში ერთხელ მსგავსი ტიპის განცხადებას აკეთებენ და მერე ეს განცხადება გადადის იმაში, რომ მათ სურთ „ლელოსთან“ შეერთდნენ სხვები, ეს მათი გამსხვილების პოლიტიკა იყოს და ამბობენ, რომ ისინი მარტოები გადალახავენ ბარიერს. თვიდან თვემდე აცოცხლებენ ამ საკითხს. აქამდე იყო მესამე ძალაზე საუბარი, ალტერნატიულ ცენტრზე. დაიწყება ამაზე საუბარი და შემდეგ არაფერი ხდება. მგონია, რომ გაზაფხულამდე არანაირი სხვა ტიპის მოძრაობები არ იქნება. პოლიტიკოსებმა რაც არ უნდა ისაუბრონ ამ საკითხთან მიმართებით, ამ სიტყვებს ფასი არ ექნება, რადგან ყველა შეცვლის საკუთარ დამოკიდებულებას არჩევნების მოახლოებასთან ერთად. ამიტომ მგონია, რომ ყველა გადაიტანს, გადააგორებს ამ ზამთარს და შემდეგ დაიწყება პოლიტიკური სიცოცხლე. პოლიტიკური გადალაგებები დაიწყება გაზაფხულისთვის.
_ ცენტრების შექმნის იდეას ემხრობით? პოლიტიკოსების ნაწილს აქვს სხვადასხვა მოსაზრება, რომ უნდა მძლავრი და მრავალრიცხოვანი მეოთხე ცენტრი. მაგალითად არის მოლოდინი, რომ ნიკა მელია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშრებით მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც მოიაზრება გარკვეულ ცენტრში.
_ არ მგონია, რომ არსებობდეს რომელიმე პოლიტიკოსი ან პოლიტიკური ძალა, რომლის ირგვლივაც შეიძლება რაიმე პოლიტიკური ცენტრი გაჩნდეს. თუ პარტიები მეტ-ნაკლებად თანასწორად, ერთად დალაგდებიან და საარჩევნო კონფიგურაცია იქნება, „ნაციონალური მოძრაობა“, „ქართული ოცნება“, გახარიას აწყობილი და მეოთხე მსგავსი ტიპის ერთობა, ამის პერსპექტივას ვგრძნობ, რომ არის და ამის შესაძლებლობაც არსებობს, მაგრამ თუ რაღაცნაირად ისე დავინახეთ, რომ კონკრეტული პარტის საკუთარ თავზე აიწყობს ამ ყველაფერს, ამ ცენტრს, ასეთი რამის პერსპექტივას ვერ ვხედავ. გარდა ორი პარტიისა ბარიერის გადალახვის პრობლემა აქვს უამრავ პარტიას. არც ერთი პარტია არ არის, რომელიც იტყვის, რომ ბარიერის გადამლახავია, ამიტომ მას რაიმე დიდი წონა გაერთიანებაში არ უნდა ჰქონდეს, ამიტომ სანამ ყველა არ გაიაზრებს სიტუაციას, მანამდე ეჭვის თვალით ვუყურებ ცენტრის შექმნის, ასევე ერთობის იდეას. დიდი იმედი მაქვს, რომ გაზაფხულის შემდეგ, როდესაც დაითვლიან პარტიები საკუთარ რეიტინგებს, მერე უფრო რაციონალურად დაიწყებენ საუბარს ამ საკითხზე.
_ „ნაცმოძრაობა“, „ლელო“, „გირჩი“, გახარია _ ყველა ერთად არის კოლექტიური „ნაცმოძრაობაო“, _ ასეთი განცხადება გააკეთა ირაკლი კობახიძემ. თქვენ რა მოლოდინი გაქვთ 2024 წლის წინაასარჩევნო პროცესთან დაკავშირებით, როგორ განვითარდება მოვლენები?
_ წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში ძალიან დიდ სახელმწიფო სექტორთან მოგვიწევს დატაკება. ხომ ვხედავთ ყველაფერს. სუს-ის ფაილებიც ამას მოწმობს, თუ როგორ ეწყობა და როგორ ტარდება არჩევნები. ჩემი აზრით, ადმინისტრაციული რესურსით გამოვა „ქართული ოცნება“ თავისი შანტაჟით, რომ იქ მაგალითად ვიღაცის პატიმრობაში მყოფ შვილს საპროცესო გაუუქმონ, ვიღაცას ნასამართლეობა მოუხსნან ან თუ ხმას არ მისცემს, ვიღაც სამსახურიდან გაათავისუფლონ და წინასაარჩევნოდ ყველაფერს გააკეთებენ.
ამ ყველაფრის ფონზე ერთი ის არის, რომ პირველად ტარდება სრულლად პროპორციული არჩევნები, ბარიერით. ამიტომ რეალური შანსი არსებობს ხელისუფლების ცვლილების. უბრალოდ, მნიშვნელოვანია, რომ ბარიერი გადალახოს თუნდაც რამდენიმე სუბიექტმა და თუ ეს მოხერხდა, „ქართულ ოცნებას“ კარგად არ ექნება საქმე. არსებული ხელისუფლება უეჭველად დამარცხდება. ეს არის საკვანძო არჩევნები, რომლისთვისაც საჭიროა სერიოზულად მომზადება.
_ თავდაცვის კოდექსში შევიდა ცვლილება: ახალი კოდექსის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია სავალდებულო სამხედრო სამსახურის რეორგანიზაცია. განახლებული კოდექსის მიხედვით, რომელიც 2025 წლიდან ამოქმედდება, ყველა წვევამდელი ამიერიდან მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს სისტემაში გაივლის სავალდებულო სამსახურს. რას ფიქრობთ ამ ცვლილების შესახებ?
_ ეს რეფორმა 2025 წლიდან ამოქმედდება სრულად. „გირჩი“ ამას აქტიურად აპროტესტებს. ამ ცვლილებაზე საუბარი დაიწყო იმიტომ, რომ „ქართულ ოცნებას“ კოჭი გაეგორებინა ეკლესიისთვის, რომ ბიბლიური თავისუფლება შეეზღუდა და მარტო მართლმადიდებელი მღვდლები იყვნენ დახსნილნი ჯარიდან. ჩვენ მიგვაჩნია, რომ სავალდებულო ჯარი არ არის სწორი მექანიზმი. ეს არასწორია მორალურად და პრაგმატულადაც. ჩვენ ვართ ნებაყოფლობითი ჯარის მომხრე, სადაც მაღალი ხელფასის, კარგი აღჭურვილობის, მაღალი პროფესიონალიზმის გამო იქნება ადამიანი ჯარში და არა იმის გამო, როდესაც ძალით მიგყავს ამდენი ადამიანი და ვერც კი ახერხებ, რომ მას სათანადო ცოდნა, განათლება მისცე. ამ საკითხს სკეპტიკურად ვუყურებთ. ვინც პარლამენტშია, იმათ ბევრი იბრძოლეს, მაგრამ მაინც გაიტანა თავისი „ქართულმა ოცნებამ“.