QronikaPlus
„საუბარი „მგლის ბილეთებით“ გაგდებაზე საოცრებაა, როდესაც არჩევნებამდე დარჩენილია 11 თვე“

„საუბარი „მგლის ბილეთებით“ გაგდებაზე საოცრებაა, როდესაც არჩევნებამდე დარჩენილია 11 თვე“

2023-11-30 06:27:57

ირინა მაკარიძე

მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით შემუშავებული „ერთობის მანიფესტი“ „ნაციონალური მოძრაობის“ გამაერთიანებელი ვერ აღმოჩნდა. რა მოლაპარაკებები მიმდინარეობდა „ნაციონალურ მოძრაობაში“ პარტიის გაერთიანების მიზნით და რა გახდა ამის ჩაშლის მიზეზი? _ ამ და სხვა საკითხების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი და პოლიტსაბჭოს ყოფილი თავმჯდომარე, კობა ნაყოფია:

_ ეგ ნაწილი არ მახსოვს, რომ მიხეილ სააკაშვილს ეთქვას, ვინც მანიფესტს ხელს არ მოაწერს, პარტიის მიღმა დარჩებაო, მაგრამ რაც შეეხება მანიფესტს, მე საქართველოში არ ვიმყოფები, კიევში ვარ, თუმცა რომც ვყოფილიყავი საქართველოში, მანდ არ მივიდოდი. ძალიან მკაფიოდ გამოჩნდა „ნაცმოძრაობის“ მოქმედი პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილის მიერ „მთავარის“ ეთერში გაკეთებული განცხადებებიდან, სადაც მან, ფაქტობრივად, დაადასტურა, რომ ეს მანიფესტი ეძღვნება კონკრეტული ადამიანების პარტიიდან განდევნის აქტს. ცხოვრებაში ასეთ რამეში მონაწილეობა არ მიმიღია და არც არასდროს მივიღებ. მანამდეც მქონდა ეჭვი და ვფიქრობდი, რომ ეს მანიფესტი შეიძლებოდა გამოყენებული ყოფილიყო მოქმედი მენეჯმენტის მხრიდან კონკრეტული ადამიანების დევნისთვის. ბეჟაშვილის გაკეთებულმა განცხადებამ იმ ეთერში, რომელსაც მეც ვერთვებოდი, ამაში უფრო დამარწმუნა. არავის დევნაში არასდროს მონაწილეობა არ მიმიღია და არც მომავალში მივიღებ, თუნდაც ეს იყოს დღევანდელი მენეჯმენტის წარმომადგენელი, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მათი ქმედებები, მათი სტრატეგია არ მომწონდეს. ასეთი ტექსტით, რაც გამოქვეყნდა, ამ მანიფესტს ხელს არც მომავალში მოვაწერ. მათ აქვთ დრო, კიდევ არის შანსი, ეს ყველაფერი გამოსწორდეს. ამას სჭირდება ნება. რატომღაც, ეს ადამიანები ყველაფერს აბრალებენ მეორე მხარეს, რომელიც დღეს არ არის პარტიის მმართველ ორგანოში. როდესაც ხარ მენეჯმენტში, შენი პასუხისმგებლობაა ერთობა, ეს ადამიანები რამდენად სწორად არიან გადანაწილებული ბრძოლის ველზე. ამ დროს თითოეული ძალიან ღირებულია, როდესაც დიდი ბრძოლა გვაქვს ივანიშვილის რეჟიმთან. ყოველთვის ასე ვიყავი, არასდროს დავიზარებდი, მივსულიყავი, მელაპარაკა და არასდროს დამიკარგავს არცერთი ადამიანი. არ ვკარგავ, ზოგადად, ადამიანებს, იმიტომ, რომ ეს არის მთავარი პრინციპი, ბევრნი უნდა ვიყოთ. ამ დროს რა ხდება? თურმე, „ალქაჯებზე ნადირობა“ არის გამოცხადებული. იმის მაგივრად, რომ ამ ადამიანებს შეხვდნენ, დაელაპარაკონ, შესთავაზონ თანამშრომლობა, მათთან ერთად ჩამოაყალიბონ ბრძოლის სტრატეგია, საუბარია იმაზე, რომ გავყაროთ ყველა. პოლიტსაბჭოს ეს წევრები ძალიან ღვაწლმოსილი ადამიანები არიან: ესენი ბრძანდებიან დავით ბერიტაშვილი, ხათუნა ოჩიაური, ზურაბ მელიქიშვილი, გიორგი პატარაია და უამრავი სხვა. პანტაპუნტით გაყარეს პარტიიდან. დღევანდელი სპიკერის განცხადება მოვისმინე ერთ-ერთ ეთერში, მიხეილ სააკაშვილის ნათქვამის ინტერპრეტაცია, რომ თურმე იმათ იჩქარეს პოლიტსაბჭოდან წასვლა. არადა, თვითონ გააგდეს ეს ადამიანები პოლიტსაბჭოდან. არ შეიძლება ასეთი რაღაც! ჩვენ თუ გვინდა, რეჟიმი დავამარცხოთ, ამისთვის საჭიროა ყველა. მე პირადად ერთი ადამიანიც რომ გრძნობდეს თავს დაჩაგრულად, ერთი ადამიანიც რომ ფიქრობდეს, მისი ღირსება შელახულია, იმ ერთი ადამიანის მხარეს ვიქნები აუცილებლად. ასე ვიყავი, ასე ვარ და ასე ვიქნები მთელი ჩემი ცხოვრება.
ე. ი. მე ხელი უნდა მომეწერა იმაზე, რომ ეს ადამიანები ლეგიტიმურად გაყარეს იქიდან? ბევრი მათგანი იქ არ ბრძანდებოდა და მე რა უფლებით უნდა მივსულიყავი, როდესაც ისინი იქ არ იყვნენ?
_ მიხეილ სააკაშვილმა ხომ განაცხადა, რომ ყველა უნდა დაბრუნდეს პოლიტსაბჭოში, ეს არ არის საკმარისი?
_ უკაცრავად, თქვენ მოისმინეთ მენეჯმენტის კომენტარები? ისინი არ არიან მზად, ყველა დააბრუნონ. მხოლოდ ისინი, რომლებსაც ეკუთვნოდათ და თვითონ წავიდნენო, _ განმარტა პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ „მთავარის“ ეთერში, საოცრება მოვისმინე. არ არიან მზად, რომ დააბრუნონ. მიხეილ სააკაშვილის ნათქვამის ინტერპრეტირებას აკეთებენ და რაღაც ახალი, გაუგონარი ტერმინი შემოიღეს, ასეთი „ნოუ ჰაუ“ აქვთ _ „თვითგარიცხვა“, წარმოუდგენელი რამ არის. ასეთ რამეში მე მონაწილეობას არ მივიღებ, გამორიცხულია, მე ჩემს დანიშნულებას „ნაციონალურ მოძრაობაში“ ვხედავ დიდ ერთობაში. მეტსაც გეტყვით, დღეს ეს ერთობა რომ არ არის, დღევანდელი მენეჯმენტის დამსახურებაა. მე გახლდით ის ადამიანი, რომელიც აწარმოებდა მოლაპარაკებას და ჩემზე კარგად არავინ იცის, ვინ შლიდა ამ მოლაპარაკებას.
_ თითქმის ერთი წელი გაიწელა ეს პროცესი, რომელიც გარეშე თვალისთვის გაუგებარია. ერთი მხრივ, ნიკა მელიას მწვავე განცხადებები, მათ შორის, ჩრდილოვან მმართველობაზე, ის ახსენებდა კეზერაშვილისა და მერაბიშვილის გვარებს, თუმცა მეორე მხრიდან მოწოდებების მიუხედავად, პარტიის დატოვების გადაწყვეტილებას არ იღებდა. რა ხდებოდა ამ დროს, რა მოლაპარაკებები მიდიოდა და რატომ ვერ მივიდა ეს პროცესი შედეგამდე?
_ მე ნიკა მელიას პირადად მივმართე. როდესაც დაიწყო მოლაპარაკებების პროცესი, ჩვენ შევთანხმდით ერთ რამეზე _ თქვენ, ალბათ, აკვირდებოდით, რომ ის ერთი პერიოდი ნაკლებად ჩნდებოდა მედიასთან და არიდებდა თავს ყოველგვარ კრიტიკას, ასე ვთქვათ, თავდასხმებს. ის იცავდა ამ შეთანხმებას. მეორე მხარესაც ვთხოვე იგივე და ისიც ინარჩუნებდა ამ პირობას. როდესაც მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა და ყველასთვის გასაგები გახდა, რომ ეს პროცესი ვერ დასრულდებოდა ვერანაირი შეთანხმებით, მერე, რა თქმა უნდა, პოლიტიკოსები არიან და მე არ მაქვს ამის არც რესურსი და არც უფლება, რომ მათ ავუკრძალო პოლიტიკური საქმიანობა, რაც არის მოვლენების შეფასება და პოლიტიკური განცხადებები.
_ რატომ შევიდა ეს მოლაპარაკება ჩიხში?
_ თქვენ წარმოიდინეთ, რომ მიმდინარეობს საუბარი ე. წ. ბორდზე. მე ვთავაზობ, რომ თქვენ ამ ბორდში უნდა შემოხვიდეთ, თქვენც იქნებით, მეც ვიქნები, ყველა იქნება, ბორდს ექნება უფლებამოსილება, რაღაც კონკრეტულ მიზანს მოემსახურება. ამას ლაპარაკობ და უცებ, მეორე მხრიდან კამპანია იწყება ბორდის მნიშვნელობის დაკნინების.
_ ლევან ხაბეიშვილი აცხადებდა, რომ ენმ-ის შიგნით არანაირი ბორდი არ შეიქმნება, რადგან პოლიტსაბჭო არსებობს.
_ გასაგებია, მაშინ იმ პოლიტსაბჭოდან არ გაგეყარა ადამიანები და ამის აუცილებლობა არ დადგებოდა. არჩევნები დამთავრდა, ყველამ მიულოცა ლევან ხაბეიშვილს გამარჯვება, რამდენიმე დღეში პოლიტსაბჭოს შემადგენლობა ისე შეცვალეს, რომ იმ ყრილობაზე მოსულმა ადამიანებმაც კი არ იცოდნენ, რა ხდებოდა. თან, ამ პოლიტსაბჭოს შემადგენლობა არჩეულია 2016 წელს, დიდ ყრილობაზე, სპორტის სასახლეში, 10 ათასი ადამიანის თანდასწრებით და რაღაც 200-კაციანმა ტექნიკურმა ყრილობამ ეს ადამიანები ისე გაყარა, რომ მათ ამის შესახებ მეორე დღეს გაიგეს პრესით, ტელევიზიით. ვინმე აკეთებს განმარტებას, ასე რატომ მოექცნენ თავის თანამებრძოლებს? გაჩნდა რაღაც შანსი, გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც გეუბნებიან, რომ იქნებ, რაღაც შევქმნათ ახალი, რომ ეს ხალხი უკან დავაბრუნოთ, თქვენც იქნებით, ისინიც იქნებიან, რაღაც ახალი ფორმა მოიძებნოს, მაგრამ _ არა, ოღონდ ახალი ფორმა არ მოიძებნოს და იქიდან იწყება ორგანიზებული კამპანია ამის საწინააღმდეგოდ. ამ საქციელს რა ჰქვია, ხომ არ იცით? ამიტომ ჩაიშალა მოლაპარაკება? ეს ყველაფერი არის იმის მიზეზი, რაც ხდება დღეს. ყოველთვის ვიყავი უსამართლობის წინააღმდეგი. ერთი ადამიანიც რომ დარჩეს ყოფილი პოლიტსაბჭოდან, რომელიც მიიჩნევს, რომ მას უსამართლოდ მოექცნენ, მის მხარეს ვიქნები აუცილებლად. ვერ დავინახე, რომ „ნაცმოძრაობა“ მზადაა, ამ ადამიანებს ელაპარაკოს და ისინი უკან მიიღოს.
_ თქვენ ახსენეთ სიტყვა „გამოსწორება“, გაქვთ იმედი, რომ კიდევ არის რესურსი რამის გამოსასწორებლად?
_ ეს არის ნების საკითხი, მე მათ ადგილას რომ ვიყო, ძალიან კარგად ვიცი, რასაც ვიზამდი.
_ მაგრამ ახლა ეს ადამიანები არიან და, სავარაუდოდ, ასე მოიქცევიან შემდეგშიც, ხომ?
_ ყველაფერს ვაკეთებდი, რომ ერთობა შემდგარიყო, თუმცა, როგორც ჩანს, ისინი ამას ასე არ უყურებენ. ჩემი თანამდებობა, ჩემი მდგომარეობა არასდროს წინ არ დამიყენებია. თქვენ დაინახეთ, მე არავის გავუგდივარ „ნაცმოძრაობიდან“, თვითონ დავტოვე პოლიტსაბჭო, რადგან უსამართლობას ვერ შევეგუებოდი. არც თანამდებობა მჭირდება. ვინმეს ხომ არ ჰგონია, რომ ეს თანამდებობა რამეს მაძლევს ან ანაზღაურებადი იყო, ან რამეში მჭირდება? მე მჭირდება გამარჯვება. რატომაც არ მოვაწერე ხელი ამ მანიფესტს, ეს მეტად უწყობს ხელს ერთობას, ვიდრე ის, რასაც ისინი დეკლარირებენ.
_ რაც შეეხება არსებულ მოცემულობას, ისინი მოუწოდებენ ნიკა მელიას, რომ წავიდეს, სხვა პარტია შექმნას და დიდ ერთობაში, თუნდაც კოალიციაში, ერთად იბრძოლონ ოლიგარქის რეჟიმის წინააღმდეგ. მელიას მხრიდანაც არის განცხადებები, რომ რაღაცას აპირებენ, თუმცა რას, ეს ჯერ არ ჩანს. ამის შესახებ რას იტყვით და თუკი ეს პარტია შეიქმნება, იქნებით თუ არა თქვენ მათთან ერთად?
_ ჯერჯერობით ისევ ვცდილობ და ვფიქრობ, რომ შანსი არსებობს, ვითარება გადარჩეს და ეს დიდი ერთობა შენარჩუნდეს. ამიტომ ახალ პარტიაზე არ ვფიქრობ, თუმცა მომავალში არაფერს გამოვრიცხავ. მე არ მივეკუთნები ისეთ ადამიანებს, რომლებიც ერთი პარტიიდან მეორეში დახტიან. სამწუხაროა, რომ ისეთ ადამიანებს უჭირავთ პოზიციები „ნაცმოძრაობაში“, რომლებმაც 37-ჯერ შეიცვალეს ადგილსამყოფელი და დღეს მომხრეები არიან ვიღაცების პარტიდან გარიცხვის. ზოგადად, არ ვეწინააღმდეგები იმას, რომ ბევრი ადამიანი, თუნდაც ის სხვა პარტიაში იყოს ნამყოფი, მრავალი პარტია ჰქონდეს გამოცვლილი, შეუერთდეს „ნაციონალურ მოძრაობას“. ეს პირიქით, კარგია, მაგრამ გულდასაწყვეტია, როდესაც ასეთი ადამიანები ავანგარდში დგანან ზოგჯერ იმ ადამიანების პარტიიდან გაძევების, რომლებიც დიდი ხანია, ერთგულად ემსახურებიან „ნაციონალურ მოძრაობას“.
რაც შეეხება ახალ პარტიას, არ გამოვრიცხავ. თუ ასე გაგრძელდა, ალბათ, შექმნის ნიკა მელია პარტიას. როდის, ვერ გეტყვით, არ ვიცი, არ მქონია მასთან ამ თემაზე საუბარი. ცხადია, ეს ვითარება მუდმივად ვერ გაგრძელდება, ეს არის ძალიან სწრაფად გასაკეთებელი საქმე. თუ მათ ნება აქვთ და უნდათ ერთობა შენარჩუნდეს, ეს უნდა გაკეთდეს სწრაფად, დღეს, ხვალ, ზეგ, რამდენიმე დღეში, მერე უკვე ამის გაგრძელებას მართლა არ ექნება არანაირი აზრი. თქვენ სწორად ბრძანეთ, მიხეილ სააკაშვილმა რაც დადო, ეს არის ბოლო შანსი. არიან ადამიანები, რომლებსაც ამ მანიფესტში რაღაც არ მოსწონთ და არ აწერენ ხელს. ხომ უნდა იფიქრონ ახლა, რა უნდა შესთავაზონ ამ ადამიანებს, რაც მოეწონებათ? შეიძლება ისეთი რამ, რაც აწყობდეთ მათაც და არ უქმნიდეს დღევანდელ მენეჯმენტს დისკომფორტს. ცალმხრივად, რომ ჩვენ სწორად მოვიქეცით, რომ ესენი ყველა გავყარეთ, მაგრამ ახლა უკან მოდით, ასე ღირსებაშელახულ ადამიანს არ ელაპარაკებიან. მას უნდა მოუბოდიშო, უნდა უთხრა, _ ჩვენ არასწორად მოგექეცით და მობრძანდით, მოდით, ჩვენ თუ რამე შეცდომა დავუშვით, მზად ვართ, ეს შეცდომა გამოვასწოროთ. ასე უნდა ელაპარაკოთ და არა ისე ხისტად, როგორც ზოგიერთი ამას აკეთებს. თუ ეს არ გამოსწორდა, ეს მიდგომა არ შეიცვალა, არაფერი გამოვა. თუ არ გამოვა, სამწუხაროა, მაგრამ მოუწევს ბევრ ადამიანს იმ პარტიიდან წასვლა თავისი ნებით. საუბარი „მგლის ბილეთებით“ გაგდებაზე საოცრებაა, როდესაც არჩევნებამდე დარჩენილია 11 თვე, წელიწადზე ნაკლები, როდესაც თითოეული ადამიანი არის ღირებული, თითოეულ ადამიანს უნდა ელოლიავებოდეს მთავარი ოპოზიციური პარტიაა, ამ დროს შენ თანამებროლებს, რომლებთანაც ერთად წლების განმავლობაში ამ რეჟიმს ებრძოდი, ემუქრებოდე „მგლის ბილეთებით“ გაგდებას, ეს არის წარმოუდგენელი. მე მსგავსი არ მინახავს უახლეს ქართულ ისტორიაში.
_ ამის მიუხედავად, თქვენ კიდევ ერთობის შენარჩუნებაზე საუბრობთ. რა რესურსი დარჩა ამის და არის თუ არა ეს მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი, რომელიც კიდევ რამეს შეცვლის?
_ შეიძლება მან შეცვალოს, შეიძლება ესენი კიდევ ერთხელ დაფიქრდნენ და ისეთი კონსტრუქცია შესთავაზონ ყველას, რომ მისაღები იყოს. დღეის მდგომარეობით ეს შეუძლებლად მიმაჩნია, თუმცა ნებაზეა დამოკიდებული. კიდევ ვიმეორებ, თუ მათ ექნებათ ნება, ეს განხორციელებადია. მოვუწოდებ ამისკენ, რომ გამოიჩინონ ეს ნება, გამოიჩინონ გამბედაობა, შეეცადონ, შეინარჩუნონ ეს ერთობა, ამის შანსი ჯერ კიდევ არის!
პასუხისმგებლობა არის მათ მხარეს, იმიტომ რომ დღეს ისინი მართავენ პროცესებს.
_ მხოლოდ პოლიტსაბჭო არ იყო განხეთქილების მიზეზი, მთავარი პრობლემა, რომელზედაც ნიკა მელია მიუთითებს, არის არაფორმალური მართველობა, მათ შორის, კეზერაშვილის გადაჭარბებული გავლენა. ამ საკითხზე შეთანხმება როგორ წარმოგიდგენიათ?
_ ძალიან მარტივია ეს, ზუსტად მრავალფეროვნება და ბორდში სხვადასხვა მოსაზრების მქონე ადამიანების გაერთიანება და ბორდისთვის კონკრეტული ფუნქციების მინიჭება ამ თემას ხსნიდა. როგორ წარმოგიდგენიათ ახლა, ჩემზე ვინმე მოახდენს გავლენას? ნიკა მელიაზე მოახდენს გავლენას? კონკრეტული პირები, რომლებიც გავლენას ახდენენ, შესაძლოა, იქ იყვნენ, არ ვიცი, მაგრამ დიდი ჯგუფი რომ შეიკრიბებოდა სხვადასხვა ტიპის ადამიანების, იქ გავლენების თემა მოიხსნებოდა. ეს არის აქ მთავარი, როდესაც მმართველობაში სხვადასხვა მოსაზრების მქონე ადამიანები არიან, იქ უკვე გავლენების მოპოვება ძალიან რთულია. განსაკუთრებით ბოლო პერიოდის „ნაციონალური მოძრაობის“ ხიბლი ზუსტად ამაში იყო. დღეს განსხვავებული აზრის მთქმელი ადამიანიც არ ვიცი, ვინ დარჩა იქ. თქვენ წარმოგიდგენიათ, ნიკა მელია, რომელმაც წამოიწყო ამ არაფორმალურ მმართველობაზე საუბარი, ის რომ ამ ბორდში იჯდეს, დაუშვებს ამას? ისევე მე _ როგორც მე არ დავუშვებ, არიან კიდევ დამოუკიდებელი ადამიანები. შეიძლება ახალი ადამიანები მოხვედრილიყვენენ ამ ბორდში. ასეთები რომ შეიკრიბებოდნენ, იქ უკვე მათი და ამ პროცესების მართვა ასე მარტივად ვერ განხორციელდებოდა, პრაქტიკულად, ეს თემა ამოწურული და დახურული იქნებოდა.
_ იქნებ, ამიტომაც ვერ მოხერხდა შეთანხმება?
_ ალბათ, შესაძლოა.
_ მიხეილ სააკაშვილმა ხომ განაცხადა, რომ ის იღებს პასუხისმგებლობას პარტიის ლიდერობაზე და ამ გავლენებზე თემა იხურება, რადგან მასზე გავლენას ვერავინ მოახდენს, ამაზე რას იტყვით?
_ კი ბატონო, თქვა ეს, მაგრამ მანიფესტის ბოლო დოკუმენტით რეალურად აღმოჩნდა, რომ ამ დოკუმენტით ეს ადამიანები უკან ვერ ბრუნდებიან. ეს არ არის ის დოკუმენტი, რომელიც ამ ერთობას უზრუნველყოფს. რა ვქნა? სიმართლეს ვამბობ. ამ დოკუმენტს ზუსტად ამიტომ არ ვაწერ ხელს. მე, პრაქტიკულად, ამ ხელმოწერით უნდა მეთქვა ჩემი თანამებრძოლებისთვის, რომ თქვენ ლეგიტიმურად გაგყარეს პოლიტსაბჭოდან.
_ გულისხმობთ ე. წ. დანართს, რომელიც გამოქვეყნდა ენმ-ის გვერდზე 11-პუნქტიანი დოკუმენტის ქვემოთ, რომელშიც პოლიტსაბჭოს ლეგიტიმაციაზეა საუბარი?
_ არ ვიცი, ეს დანართი რა საჭირო იყო, როდესაც ამ მასშტაბის პოლიტიკოსი, მიხეილ სააკაშვილი საუბრობს ერთობაზე, რომელმაც ყველა დაპატიჟა, _ მობრძანდით ყველა, ვინც ამ რეჟიმს არ ეთანხმებით, რომ ყველამ ერთად შევძლოთ და შევცვალოთ ეს რეჟიმი, რომ ეს არ იქნება ვიწროპარტიული ერთობა. ეს რომ წავიკითხე, მართლა ძალიან დიდი იმედი მომეცა. ბოლოს, როდესაც აღმოვაჩინე, რომ კიდევ განჩნდა რაღაც დანართის სახით ამ დოკუმენტის, როდესაც ამან გადააქცია ეს ყველაფერი ვიწროპარტიულ დოკუმენტად, პრაქტიკულად, ამ დანართზე ხელმოწერა ნიშნავდა იმას, რომ მე უნდა დავთანხმებოდი კონკრეტული ადამიანების პარტიიდან გაგდებას. რა თქმა უნდა, ასეთ დოკუმენტს ხელს ვერ მოვაწერდი. ეს რომ დარჩენილიყო ამ ვიწრო პარტიული დანართის გარეშე, რა თქმა უნდა, ვერავინ დამასწრებდა და გამოქვეყნებისთანავე შევუერთდებოდი დოკუმენტს.
_ რას იტყვით თვითონ მიხეილ სააკაშვილის შესახებ? როგორც აღნიშნავენ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა და იუსტიციის მინისტრიც აღნიშნავს, რომ გამოჯანმრთელებული ადამიანის ადგილი საავადმყოფოში არ არის. შესაძლოა, ის ციხეში გადაიყვანონ?
_ არ გამოვრიცხავ, თუმცა არ მიმაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იძლევა ციხეში გადაყვანის შესაძლებლობას. ის, რომ ახლა ცოტა ფიზიკურად მოღონიერდა, არაფერს ნიშნავს. ის დაავადებები, რაც იყო დიაგნოსტირებული, რთული დაავადებებია და არავინ იცის, როდის და როგორ იჩენს თავს. არ მგონია, რომ თვითონაც არ იცოდნენ ამის შესახებ. მე მათ არ ვურჩევდი ამის გაკეთებას, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე ეყოლებათ ისევ უკან გამოსაყვანი. ეს ჩემზე კარგად იციან, ამიტომ ბრეგაძის ეს განცხადებები არის მხოლოდ რიტორიკა. არ იძლევა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმის საფუძველს, რომ ის უკან იქნეს გადაყვანილი პენიტენციურ დაწესებულებაში.

გაზიარება