- ორშაბათი, 23 დეკემბერი, 2024
2023-11-30 06:25:21
ირინა მაკარიძე
„როგორც ეროვნული მოძრაობის დროს თავისუფლება იყო და არის ეროვნული იდეა, სწორედ ამ თავისუფლების განსამტკიცებლად ახალი ეროვნული იდეა არის ევროპა. ჩვენი მთავარი დაპირებაა, რომ ჩვენი გამარჯვებისთანავე უსწრაფესად შევასრულებთ ევროკავშირის 9 წინაპირობას და საქართველო დაჩქარებული წესით გახდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, დავაჩქარებთ საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესს, რაც იქნება მთავარი წინაპირობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენიას. გპირდებით, გვექნება ევროკავშირის სტანდარტების დონის დამოუკიდებელი სასამართლო, საქართველოს ექნება მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები და ჩვენს მოქალაქეებს აღარ მოუწევთ საკუთარი სამშობლოს, საკუთარი ოჯახების, მშობლებისა და შვილების დატოვება“, _ განცხადება ეკუთვნის „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერ გიორგი ვაშაძეს, რომელიც მან „ვარდების რევოლუციის“ 20 წლის იუბილეზე გააკეთა.
როგორ აპირებს „გამარჯვების პლატფორმა“ დაპირებების რეალობად ქცევას? რას ფოქრობს კოალიციაში შემავალი პარტია „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებზე? _ ამ და სხვა მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე:
_ ბატონო გიორგი, თქვენ თქვით, რომ იქნებით „გამარჯვების პლატფორმის“ საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელი. „ვარდების რევოლუციის“ 20 წლის იუბილეზე თქვენ ისაუბრეთ, თუ რას გააკეთებს თქვენი კოალიცია გამარჯვების შემთხვევაში. შეიძლება თუ არა ეს მივიღოთ თქვენი კოალიციის წინასაარჩევნო დაპირებად?
_ შეიძლება ითქვას, რომ ეს არის პირველი ნაბიჯები, ჩვენ საქართველოს ტრანსფორმაციის ძალიან ფართო გეგმაზე ვმუშაობთ. მთავარი პრობლემა რაც არის, ამ დაჭაობებამ და ტემპის დაგდებამ საქართველო ძალიან ჩამოარჩინა მეზობელ ქვეყნებს. დაახლოებით ის ვითარება გვაქვს, რაც იყო 2003 წელს, როდესაც საქართველო განვითარებით ძალიან ჩამორჩებოდა სხვა ქვეყნებს. 2003-2012 წლებში იმ დიდმა ტრანსფორმაციამ რაღაც ბაზისი შექმნა, თუმცა შემდეგი 10 წლის მანძილზე, ფაქტობრივად, არაფერი გაკეთებულა, რომ ჩვენ ისევ ვიყოთ წინა ხაზზე. მაგალითიად, ინფრასტრუქტურის კუთხით ჩვენ გაგვისწრო სომხეთმა, აზერბაიჯანზე აღარაფერს ვამბობ. აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფანში საქართველო ახლა არის, ფაქტობრივად, საცობი. ხომ ვამბობთ, რომ გვინდა „აბრეშუმის გზა“, „შუა დერეფანი“. როგორ უნდა განავითარო ეს პროცესი, როცა გზა არ გაქვს, რკინიგზა არ გაქვს, პორტი არ გაქვს, აეროპორტი არ გაქვს? ამ 11-მა წელიწადმა, ფაქტობრივად, ძალიან სერიოზულად დაგვწია უკან. შესაბამისად, ჩვენი მასშტაბური ტრანსფორმაციის გეგმა იქნება ამაზე, რომ 3-4 წელიწადში არა მხოლოდ ამოვქაჩოთ ეს ჩამორჩენა, არამედ წინ წავიდეთ და მასშტაბური გეოპოლიტიკური პროექტები მოვიპოვოთ. ამიტომ ვამბობთ, რომ ავაშენებთ გზებს, რკინიგზებს, გვექნება თანამედროვე სტარტაპებისთვის დიდი ფონდი, რომ ახალგაზრდებისთვის მილიარდიანი ფონდი შევქმნათ. ძალიან ბევრ ახალგაზრდას ვხვდები, ბევრი საინტერესო იდეა აქვთ და ფინანსური ხელშეწყობა სჭირდებათ. გვექნენა სწრაფი რკინიგზა და არა მარტო თბილისი-ბათუმი და ქუთაისი-თბილისი კი არ უნდა იხილებოდეს ახლა, თბილისი, ერევანი, ბაქო, სტამბოლი, სოხუმი. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან ერთად ეს მნიშვნელოვანი გზავნილი იქნება. ჩვენ გავთვალეთ და აქედან შეიძლება წავიდეს მატარებელი ევროპის მიმართულებით და ბრიუსელში ჩავიდეს. მეორე მხრივ, ასევე სამგზავრო მატარებელი შეიძლება წავიდეს მეორე მიმართულებით და ჩავიდეს პეკინამდე. ეს არის ის დიდი მასშტაბური პროექტები, რომელიც ჩვენ უნდა გავაკეთოთ. ამაზე იქნება ჩვენი კონცენტრაცია და პერიოდულად ამას წარმოვუდგენთ საზოგადოებას.
_ რას იტყვით კოალიციის შემადგენელი ძალის, „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით მიმდინარე პროცესებზე? ვგულისხმობ „ერთობის მანიფესტზე“ ხელის მოწერა-არმოწერის თემას და პარტიაში არსებულ შიდა დაპირისპირებას მოქმედსა და ყოფილ მენეჯმენტს შორის. თქვენი აზრით, როგორ უნდა განვითარდეს პროცესები, რომ არ გადაფაროს ის დადებითი დღის წესრიგი, რომელსაც საზოგადოებას სთავაზობთ?
_ 23 ნოემბერს წერტილი დაესვა ამ საკითხს ხელმოწერით, მიერთებით თუ არ მიერთებით. ეს ხომ მიშას მანიფესტია, რომელიც მიშამ შესთავაზა ყველა მხარეს? ყველა საკუთარ პოზიციას აფიქსირებს. ვფიქრობ, რომ ესაა ერთი-ორი დღის საკითხი, რომ საბოლოოდ წერტილი იყოს დასმული. აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ წარმოუდგენელია და არ შეიძლება, ჩვენ გვქონდეს ასეთი სერიოზული, დაუსრულებელი კინკლაობა. თუ ვამბობთ, რომ რუსულ რეჟიმს ვებრძვით, რა შიდა კინკლაობაზე და მეწვრილმანეობაზეა ლაპარაკი? ეს მანიფესტი არის და ყველა თვითონ იღებს გადაწყვეტილებას. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების განცხადებებიც იყო ძალიან მკაფიო, თუნდაც ნიკა მელიასთან მიმართებით, რომ თუ არ აწერს ხელს, თავის თავს „ნაციონალური მოძრაობის“ გარეთ ტოვებს. მე ასე ვხედავ ამ პროცესს. მეორე თემა, რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს საკითხს, აქაც ძალიან მკაფიო იყო ენმ-ს დღევანდელი ლიდერების განცხადება, რომ ვისაც უნდა, მოვიდეს პოლიტსაბჭოში, პოლიტსაბჭოს მექანიზმით ჩაერთოს ამ დიდ ბრძოლაში, კარი ღიაა. აქაც პრობლემას ვერ ხედავს ეს ხალხი და ძალიან სერიოზულად შეიძლება ამ მიმართულებით მუშაობა. ჩემი აზრით, ეს არის 2-3 დღის საკითხები, რომ საბოლოოდ წერტილი დაესვას და დამთავრდეს ეს კინკლაობა, რაც გეთანხმებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ასე ვერ გაგრძელდება სამუდამოდ. ისე, იმასაც ვიტყვი, რომ საზოგადოებაში ყველაზე ნაკლები ყურადღება სწორედ ამ საკითხს აქვს. ეს თემა უფრო პოლიტიკურ წრეებშია განხილვის საგანი.
_ რაც შეეხება მელიას მხარეს, ისინი არ აფიქსირებენ, რომ გასვლა უნდათ „ნაციონალური მოძრაობიდან“. თქვენ არ ფიქრობთ, რომ ამ ერთობის შენარჩუნება მნიშვნელოვანი იქნება თუნდაც „გამარჯვების კოალიციის“ წარმატებისთვის?
_ ძალიან კარგი იქნება, მაგრამ მე ჯერჯერობით ნიკა მელიას პოზიცია არ მომისმენია და არც არავის მოუსმენია. ალბათ, მნიშვნელოვანია, რას იტყვის ის. დანარჩენი, მიშამ შესთავაზა მათ ყველას მექანიზმი და ეს მექანიზმი არის პოლიტსაბჭოში იმ ადამიანების დამატება, რომლებიც ფიქრობენ, რომ უნდა იყვნენ პოლიტსაბჭოში. ამაზე მეტს ვერაფერს ვიტყვი. თუ გინდა გადადგა ნაბიჯი, ამის საფუძველი არის, თუ მიზეზს ეძებ, ეს უკვე სხვა საკითხია. იმედი მაქვს, ეს რაღაც მიზეზობანა დამთავრდება და ნაბიჯები გადაიდგმება ერთიანობისკენ.
_ თქვენ აღიქმებით, როგორც გამაერთიანებლი ფიგურა. არ ფიქრობთ, რომ თქვენც გეკისრებათ პასუხისმგებლობა, რომ შეასრულოთ ამ პროცესში დადებითი როლი და ეს იქნება მაგალითი ამომრჩევლისთვის? თუ შემდეგ როგორ შეძლებთ კოალიციურ მთავრობაში თანამშრომლობას?
_ მე ჩემს პასუხისმგებლობას არ გავურბივარ, ჩემი პასუხისმგებლობა არის, რომ ჩვენ გავიდეთ პირველ ადგილზე. ამაზე ვმუშაობთ ყველა და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. შეიძლება, დროებითი გაყრაც იყოს და მერე ყველა ერთად შევერთდეთ, ამასაც ვხედავთ. წინ ბევრი დრო გვაქვს და მომდევნო ნაბიჯები გათვლილია, რა და როგორ უნდა გადაიდგას.
_ ბოლოს გამოქვეყნებული IღI-ს კვლევებით, „სტრატეგია აღმაშენებლის“ რეიტინგი გაზრდილია _ 3%. ის, პრაქტიკულად, უსწრებს სხვა ოპოზიციურ პარტიებს: „ლელოს“, „გირჩს“, „ხალხის ძალას“, „დროა-გირჩს“, ჩამორჩება მხოლოდ გახარიას პარტიას. რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, იგი ოპოზიციურ ფლანგზე ლიდერობს 13%-ით, თუმცა ექსპერტები ყურადღებას ამახვილებენ მის უარყოფით რეიტინგზე _ ამომრჩეველთა 40% ამბობს, რომ ხმას არ მისცემს „ნაციონალურ მოძრაობას“, ამ მაჩვენებლით ის აღემატება „ქართული ოცნების“ უარყოფით რეიტინგს _ 23%. რა დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას იძლევა ეს შედეგები და როგორ აპირებთ ამ მოცემულობით გამარჯვებას?
_ საზოგადოება კიდევ ერთხელ ხედავს, რომ თუ ვინმეს აქვს ცალკე, დამოუკიდებლად თუნდაც 5-პროცენტიანი ბარიერის გადალახვის შანსი, ეს არის „სტრატეგია აღმაშენებელი“. თუმცა ჩვენთვის მნიშვნელოვანია გამარჯვება და ამიტომ გადავდგით დიდი ერთიანობისკენ ეს ნაბიჯი. იმედი მაქვს, ამ მაგალითს გაიზიარებენ სხვა პოლიტიკური პარტიებიც და სიტყვების ნაცვლად ქმედებებზე გადავლენ, უფრო დიდ გაერთიანებებს ჩამოაყალიბებენ. ჩვენთან იქნება ეს თუ ცალკე, ყველა გაერთიანებას მივესალმები, იმიტომ რომ შემდეგი არჩევნები იქნება გეოპოლიტიკური არჩევნები და ამ არჩევნებში ჩვენ, პროდასავლურმა ძალებმა, უნდა გავიმარჯვოთ. „გამარჯვების კოალიციას“ გვაქვს პირველ ადგილზე გასვლის პრეტენზია, მაგრამ სხვა პარტიებთან ერთად ვფიქრობთ, რომ ჩამოვაყალიბოთ კოალიცია. ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს პოლიტიკური ჯგუფები იყვნენ წარმოდგენილები პარლამენტში. რაც შეეხება ნეგატიურ რეიტინგს, აქაც ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ნეგატიური რეიტინგი აქვს „სტრატეგია აღმაშენებელს“. მაღალი აქვს, კი ბატონო, „ნაციონალურ მოძრაობას“, მაგრამ ამასაც დავაბალანსებთ მუშაობის პროცესში. მიშამაც გაიხსენა, 2018 წელს სასტარტო პირობები ბევრად მძიმე და სუსტი გვაქონდა. დღეს გაცილებით მძლავრად ვართ, თუნდაც ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით, პარტია უფრო გამართულია, ცოდნა და გამოცდილება მეტი გვაქვს. „ქართულ ოცნებას“ მაშინ ჰქონდა 33-35% საბაზისო რეიტინგი, იგივე იყო 2020 წელსაც. რომ არა კოვიდი, არ იქნებოდა დღეს „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში, პანდემიით ძალიან ისარგებლა. დღეს გამოცდილებაც მეტი გვაქვს და ამ ყველაფრის სინთეზით შევქმენით ჩვენი სტრატეგია, რომელიც საბოლოო სახეს მიიღებს წლის ბოლოს, ხოლო შემდეგი წლიდან უკვე ძალიან აქტიური კამპანია გვექნება. სიმართლე გითხრათ, ისედაც დიდი დრო იყო დათმობილი ამ კინკლაობისთვის, ჩვენ აბსოლუტურად სხვა ველში გადავალთ, რასაც ძალიან მალე თქვენც ნახავთ და არაფერ შუაში იქნება ეს ელიტური კინკლაობები, სადაც ხალხი არ არის და არავის აინტერესებს მთელი ეს პროცესი. რაც შეეხება ექსპერტებს, მგონია, რომ ზოგიერთი მიზანმიმართულად ცდილობს, რაც შეიძლება მეტი ცუდი თქვას „ნაციონალურ მოძრაობაზე“. „შემოგდებული“ ექსპერტები მგონია, ოღონდ ოპოზიციაზე თქვან, რომ სუსტია. ოპოზიცია რომ სუსტი იყოს, აქ იქნებოდა გაფორმებული უკვე რუსული რეჟიმი და სრულიად სხვა ვითარებაში ვიცხოვრებდით. თქვენ რა გგონიათ? რომ არა ჩვენი წინააღმდეგობა ხალხთან ერთად, ახლა აქ იქნებოდა რუსული ტერორი, რაც ძალიან უნდა ივანიშვილს, გააფორმოს, მაგრამ არ გამოსდის სწორედ ჩვენი, ოპოზიციისა და ხალხის ძალინ სერიოზული წინააღმდეგობის გამო. მთავარი საკითხი, „ოპოზიცია სუსტია“, მოლაპარაკე ექსპერტებთან დაკავშირებით არის ის, რომ მათი პროგნოზები ყოველთვის აცდენილია სიმართლეს.
_ რამდენად წარმატებით შეიძლება იმუშაოს მამუკა ხაზარაძის მიერ გაჟღერებულმა ფორმულამ, „შუა უნდა შეიკრიბოს“?
_ სულ მაგას ვეუბნებოდი მამუკასაც და სხვებსაც, ოღონდ ერთიანობისკენ ნაბიჯი გადადგან და „შეკრიბონ შუა“, მომხრე ვარ, მივეხმარები, რაც შემეძლება.
_ თქვენც გქონდათ მცდელობა, „ნაციონალური მოძრაობის“ მიღმა პოლიტიკური ცენტრი შეგექმნათ, გაქვთ ამის გამოცდილება. აქედან გამომდინარე, გკითხავთ, რა არის ამ გზაზე მთავარი სირთულე, რატომ ვერ იკრიბება ეს „შუა“?
_ ვფიქრობ, რომ ცოტა „ლელომაც“ სწორად უნდა შეხედოს ამ პროცესს და რეალურად დაიწყოს ეს პროცესი. ლაპარაკი არ არის საკმარისი, საჭიროა ქმედება. ცრუ ამბიციები და ცრუ ილუზიები არც შენ უნდა შეიქმნა და არც შენ მხარდამჭერს უნდა შეუქმნა, რომ ჩვენ მარტო გადავატრიალებთ ქვეყანას და მთებს გადავდგამთ. ეს არასერიოზულია. ძალიან კარგი, თუ გადადგამენ ქმედით ნაბიჯებს გაერთიანებისკენ, მივესალმები ამას მხოლოდ.
_ დროულიც არის, ალბათ, უკვე, რადგან 11 თვე დარჩა არჩევნებამდე, არა?
_ ჩემი აზრით, დაგვიანებულია. პირდაპირ გეტყვით, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ჩვენ ადრე გადავდგით ნაბიჯი წინასაარჩევნო კოალიციის მიმართულებით, ჩვენ „სტრატეგია აღმაშენებელმა“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად, რომ მაგალითი გვეჩვენებინა სხვა ოპოზიციური პარტიებისთვისაც. არ არის ეს პარტიული არჩევნები, ეს არის გეოპოლიტიკური არჩევნები, ახლა წყდება, საქართველო ევროკავშირისკენ ივლის თუ რუსეთის გავლენების სფერო იქნება. ეს უნდა გაიაზროს ყველა პოლიტოკოსმა. დაგვიანებულია, კიდევ ვიმეორებ, დროული კი არა, დაგვიანებულია, მაგრამ იმედია, დააყენებენ საშველს და ამ დისკუსიაში უფრო ღრმად შევლენ.
_ საუბრობენ, რომ მნიშვნელოვანია, არ იყოს პოლარიზებული არჩევნები, „ანტიმიშას“ ფაქტორის გათვალისწინებით, არ იყოს მხოლოდ ორი არჩევანი…
_ ისაუბრონ, ოღონდ გაერთიანებისკენ ნაბიჯები გადადგან, ჩვენ მივესალმებით ასეთ საუბრებსაც. ისაუბრონ, თუ მძლავრი, მრავალფეროვანი არჩევნები იქნება, კარგია, მაგრამ ეს „გამარჯვების პლატფორმის“ გეგმებს არ ცვლის.
_ თქვენ არ ფიქრობთ, რომ არის ამის საფრთხე, ისევ პოლარიზებული იყოს ეს არჩევნები, სადაც, ჯერჯერობით, ისევ „ოცნება“ იმარჯვებს? თქვენც იყავით სხვა დროს ამ აზრის…
_ ჩემი აზრით, პოლარიზებული ეს არჩევნები იქნება, ოღონდ სხვა პარადიგმით. რუსეთი ყოველთვის მარცხდება საქართველოში და „ქართული ოცნება“ უდრის რუსეთს. რუსეთი დამარცხდება აუცილებლად. გაოცდებით, იმდენად დაბალი შედეგი ექნება „ქართულ ოცნებას“ ამ არჩევნებში. ამას თვითონაც ხვდებიან და ნერვიულობენ, განიცდიან ამას და ამიტომ ჩვენს კონსულტანტებს ქვეყანაში არ უშვებენ, ათას ხრიკსა და მამაძაღლობას ფიქრობენ, რომ როგორმე გაიმყარონ პოზიციები.
_ არსებობს მოსაზრება, რომ კანდიდატის სტატუსის მიღებით „ოცნება“ საარჩევნოდ გაიმყარებს პოზიციებს, რადგან როგორც „ოცნება“ აღნიშნავს, პრორუსულ ქვეყანას კანდიდატის სტატუსს არ აძლევენ. რას იტყვით ამის შესახებ?
_ ხალხმა ყველაფერი კარგად იცის, რომ ხელის შეშლის გარდა კანდიდატის სტატუსის საკითხში არაფერი გაუკეთებია „ქართულ ოცნებას“. კონკრეტულად არის 3 მიზეზი, რის გამოც მოგვცეს ეს კანდიდატის სტატუსი _ 1. მათ დაინახეს ქართველი ხალხის ჯანსაღი სურვილი და დააფასეს მრავალსაუკუნოვანი სწრაფვა ევროპისკენ, ასევე რუსულ კანონზე ხალხის რეაქცია, რომელმაც მთლიანად შეცვალა განწყობა. 2. ამით დაასრულეს ქოცურ-რუსული დეზინფორმაცია, რომ თითქოს ომს თუ არ დავიწყებთ, სტატუსს არ მოგვცემენ ან გეოგრაფიულად შორს ვართ და სტატუსს ვერ მივიღებთ. 3. ეს იყო გეოპოლიტიკური გზავნილი სხვა ქვეყნებისთვისაც, რომ ვისაც აქვს დემოკრატიული განვითარების სურვილი, მათ შეუძლიათ ჰქონდეთ ევროკავშირის გვერდში დგომის იმედი. ეს ყველამ უნდა გავიაზროთ, საოცარი გეოპოლიტიკური გადაწყვეტილებაა. წარმოიდგინეთ, პირდაპირი სახმელეთო კავშირი არ გვაქვს ევროკავშირთან და მიუხედავად ამისა, გვაძლევენ კანდიდატის სტატუსს ეს არის გზავნილი სომხეთისთვის, აზერბაიჯანისთვის, ყაზახეთისთვის, რომლებთანაც სტრატეგიული თანამშრომლობის ჩარჩო-ხელშეკრულებებს აფორმებს ახლა ევროკავშირი. სომხეთისა და აზერბაიჯანის ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთან მიმართებით გაკეთებულ გადაწყვეტილებში. რაც მთავარია, ეს არის ინვესტიცია, ჩვენ თუ ხელისუფლებას შევცვლით, ჩვენი მთავარი დაპირება არის ის, რომ დაჩქარებული წესით გავხდებით ევროკავშირის წევრი, ზუსტად ვიცით, ეს როგორ უნდა გავაკეთოთ და ამას გავაკეთებთ, გავხდებით ევროკავშირის წევრი 2030-წლამდე, შეიძლება მანამდეც. „ქართული ოცნება“ რას ამბობს? არა, დაჩქარებული წესით კი არა, კაცმა არ იცის, როდის გავხდებით ევროკავშირის წევრიო. ეს არის განსხვავება. ამ „რეფერენდუმის“ დროს კარტოფილს მოგცემს „ქართული ოცნება“ თუ 300 ლარ ხელფასს დაგინიშნავს, ამაში შენი სამშობლო რომ არ უნდა გაცვალო, ეს, მე მგონი, საქართველოს მოქალაქეებს ესმით და დარწმუნებული ვარ, შესაბამისს გადაწყვეტილებას მიიღებენ.
_ იყო მოლოდინი, რომ „ქართული ოცნების“ მთავარი საარჩევნო გზავნილი იქნებოდა, „მშვიდობა შეინარჩუნა“. რამდენად შეძლებს ამას? ჩვენ ვნახეთ „ქართული ოცნების“ რეაქცია თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით, რომ ეს არის „წინა ხელისუფლების მემკვიდრეობის შედეგი“, ვნახეთ ევროკავშირის რეზოლუციაც ამ საკითხთან დაკავშირებით. თქვენ თუ იქნებით კოალიციურ ხელისუფლებაში, თქვენც მოგიწევთ ამ „მემკვიდრეობის“ გადმობარება და როგორ აპირებთ ამ საკითხის, უსაფრთხოების გამოწვევის გადაწყვეტას?
_ ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან ერთად დავალაგებთ სამშვიდობო სიტუაციას. უფრო ფართო მასშტაბით რომ შევხედოთ, უკრაინაში ომის დასასრულისკენ წასვლასთან ერთად იქნება დიდი სამშვიდობო შეთანხმება, რომელიც შეეხება ჩვენს რეგიონს. ძალიან დიდი პრობლემაა, „ქართული ოცნება“ სიტყვას არ ძრავს, რომ ამ შეთანხმებაში საქართველოს საკითხიც იყოს გათვალისწინებული. რატომ არ იღებს ხმას? იმიტომ, რომ უნდა, საქართველო გააქროს ამ დღის წსრიგიდან. ჩვენ კი ამას ვუყურებთ, როგორც შანსს, ამ დიდ შეთანხმებაში, მათ შორის, საქართველოს სამშვიდობო საკითხი იყოს განხილული. მეტიც უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება გადაწყვეტილია და მასთან ერთად საქართველოს გაწევრიანება შეიძლება მოხდეს ისე, როგორც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს მივიღებთ, მაგრამ ერთი ნაბიჯით წინ არის ჩვენზე უკრაინა და მოლდოვა. ეს ჩამორჩენა არის „ქართული ოცნების“ ბრალი. ზუსტად იგივე შანსი გვექნება ნატო-სთან დაკავშირებით, მაქსიმუმ ერთ წელიწადში. მაშინ, იმ გადამწყვეტ მომენტში ვინ იქნება საქართველოს ხელმძღვანელობაში, ამას აქვს დიდი მნიშვნელობა იმიტომ, რომ ისევ არ გამოგვატოვებინოს ეს შანსი „ქართულმა ოცნებამ“. ნატო ევროკავშირთან ერთად ნიშნავს უკვე საშვილიშვილო უსაფრთხოებას. რაც შეეხება კონკრეტულ შემთხვევას კირბულთან დაკავშირებით, როგორი საზიზღარი და ანტიეროვნული უნდა იყოს ხელისუფლება, რომ საკუთარ მოქალაქეებს არ იცავდეს. ომის დაწყება კი არა, ვამბობთ, კამერები დააყენე, საკონტროლო პუნქტები გააკეთე, სიმაღლეზე დააყენე შენი ადამიანები, რომ ასე მარტივად, „კოლხოზნიკში“ ჩამჯდარი რუსი ჯარისკაცი ვერ გადმოდიოდეს შენ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და ვერ გტაცებდეს და ვერ გიკლავდეს შენს თანამემამულეს. ეს ხომ პირველი შემთვევა არ არის? რამდენია ასეთი შემთხვევა? რომ ჩახვიდეთ მანდ სოფელში, 187 ადამიანიდან 180 არის განატაცები, მერე ჯარიმებს ახდევინებენ, უმძიმეს დღეში აყენებენ. შიშიც აღარაა, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს, ღალატი და ჩასვრა აქცია სახელმწიფო პოლიტიკად. ეს არასდროს იქნება მშვიდობის მომტანი, ეს უნდა გვახსოვდეს. მშვიდობა არის ევროკავშირი, მშვიდობა არის ნატო, მშვიდობა არის ცივილიზებულ სამყაროსთან თანამშრომლობა.
_ კი ბატონო, მაგრამ ჩვენ გვაქვს გამოცდილება, რომ საქართველოს სწორ ნაბიჯებს ევროპული განვითარების მიმართულებით ყოველთვის მოჰყვება ხოლმე რუსეთის რეაქცია. გამორიცხულია თუ არა ახლა ეს საფრთხე?
_ არაფრის თავი არ აქვს რუსეთს ახლა საქართველოს მიმართულებით. ის არმია, რომელიც საქართველოში 2008 წელს შემოვიდა, განადგურებულია, ფიზიკურად აღარ არსებობს. აღარც ახალი თავის ტკივილი უნდა რუსეთს. ხედავთ, პუტინი უკვე გამოდის და იხვეწება, იქნებ, სამშვიდობო შეთანხმებაზე მოვილაპარაკოთო. ეს არის რეალობა. გეოპოლიტიკური ტურბულენცია შანსს გვაძლევს, რომ საუკუნეებით გარანტირებული მშვიდობა მოვიპოვოთ. აგერ ნახავთ, დაჯდება მოლაპარაკების მაგიდასთან უკრაინა, რუსეთი, ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი, სადაც საქართველოსთან დაკავშირებითაც უნდა დაისვას საკითხი და როგორც უკვე ვთქვი, ეს დაკავშირებულია დიდწილად საქართველოს ხელისუფლების ქმედებებზეც.