QronikaPlus
„ქართულ ოცნებას“ უნდა შეხედო, როგორც დროებით მოვლენას ამ ქვეყნის ისტორიაში“

„ქართულ ოცნებას“ უნდა შეხედო, როგორც დროებით მოვლენას ამ ქვეყნის ისტორიაში“

2023-11-30 06:15:08

გიორგი საკარული

„ქრონიკა+“-ის კითხვებს პასუხობს პარტია „ლელოს“ გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე:

_ ბატონო ირაკლი, რამდენიმე დღის წინ პარლამენტის დეპუტატმა, რომან გოცირიძემ, განაცხადა, რომ საჭიროა შეიქმნას ოპოზიციური კოალიცია, რათა პარლამენტს გარეთ არ დარჩნენ მცირე პროცენტიანი პარტიები, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ერთობა უნდა იყოს ყველა, მინუს „ნაციონალური მოძრაობა“ და გახარიას პარტია. როგორ შეაფასებდით ამ წინადადებას და რამდენად შეიძლება გადაწონოს ასეთმა ერთობამ მთავარი ოპოზიციური პარტიისა და გიორგი გახარიას ხმები ერთობლიობაში?
_ ამ ეტაპისთვის ამ მოცემულობას არ განვიხილავთ და არც უახლოეს მომავალში ვაპირებთ ამ საკითხზე მსჯელობას. „ლელო“ იქნება ინდივიდუალურ რეჟიმში. რამდენიმე დღის წინ ჩვენ დავაფუძნეთ თბილისის ორგანიზაცია, დეკემბერში ვემზადებით ეროვნული ყრილობისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით, 63 მუნიციპალიტეტი და თბილისის ათივე რეგიონი იქნება წარმოდგენილი, სადაც პარტიული განახლების შესაძლებლობა ჩნდება, რადგან ეს არის თავისუფალი დემოკრატიული არჩევნები და „ლელო“ სწორედ ამ რეჟიმში იმყოფება. მესმის, რომ რომან გოცირიძეს აქვს თავისი მოსაზრებები პარტიების გაერთიანებასთან დაკავშირებით, თუმცა იმისთვის, რომ თავადაც საკუთარი თავი მოიაზროს ამ პარტიების გაერთიანებაში, დაამატოს ინდივიდუალური პოლიტიკოსების ფაქტორი ან რომელიმე პარტიის ნაწილი უნდა გახდეს გოცირიძე, რომელიც ამჟამად უპარტიო დამოუკიდებელი დეპუტატია საქართველოს პარლამენტში.
_ კოალიციური მთავრობის წინააღმდეგი რატომ არის „ლელო“?
_ როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ წინასაარჩევნო ერთობას არ განვიხილავთ, ვგულისხმობთ წინასაარჩევნო ერთობას და არა არჩევნების შემდეგ რა იქნება. არჩევნების შემდეგ რა იქნება, ამას გადაწყვეტს 2024 წლის არჩევნების შედეგი. რა თქმა უნდა, არჩევნების შემდეგ უნდა შედგეს მრავალპარტიული, პროდასავლური კოალიცია, რომელიც მიიღებს ეროვნულ პროქართულ და პროდასავლურ გადაწყვეტილებებს, რასაც ეს ქვეყანა ელოდება. მათ შორის სწრაფად გაატარებს იმ რეფორმებს, რომელიც მარტო კანდიდატის სტატუსზე კი არ მოგვცემს წვდომას, არამედ პირდაპირ გადავა მოლაპარაკების ეტაპზე ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ. კოალიციური პროდასავლური ხელისუფლება არის გარდაუვალი და ამას „ლელო“ არ ეწინააღმდეგება. „ლელო“ ამბობს, რომ ჩვენ არ გვაქვს ამ ეტაპზე სურვილი წინასაარჩევნო ერთობების ხილვის.
_ ამ შემთხვევაში სად ხედავთ პრობლემას?
_ მიზეზი მარტივია, ის ერთობები, რომელიც პარტიული გადაწყვეტილებებით იქმნება, არ არის წარმატებული.
_ რას გულისხმობთ?
_ ერთობა უნდა ემყარებოდეს საზოგადოების დაკვეთას ან მსგავსი შინაარსის შემთხვევაში, ეს გადაწყვეტილებები უნდა მოდიოდეს საზოგადოებისგან. რა ტიპის გაერთიანებაც კი მომხდარა საზოგადოებრივი განწყობის მიღმა, ის არ ყოფილა წარმატებული არასდროს. საზოგადოება თავად მიანიშნებს და უბიძგებს იმ პოლიტიკურ პარტიებს, ვისთან, როგორ, რა შინაარსით, რატომ, რა ვადით და რა პრინციპებზე დაყრდნობით უნდა გაერთიანდნენ. არჩევნებამდე დარჩენილია ერთი წელი და ეს დრო საკმარისია იმისთვის, რომ მანამდე საზოგადოებრივი განწყობები ჩამოყალიბდეს და შესაბამისად იმოქმედონ პარტიებმა. „ლელო“ აპირებს საზოგადოებრივი განწყობებით მოქმედებას.
_ „ლელოს“ წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად არის ჩართული ანტირუსული საკითხები. საზოგადოებამ მოისმინა ის მთავარი მესიჯები, რომლებიც თქვენს პარტიას აქვს. როგორ ფიქრობთ, რამდენად მოქმედებს დღეს ეს ყველაფერი ამომრჩეველზე? ხომ არ გგონიათ, რომ ქართველ ამომრჩეველს დღესდღეობით სხვა, ყოფითი პრობლემები უფრო აწუხებს და ელოდება, თუ როდის ისაუბრებენ მათი მოგვარების გზებზე?
_ იმ საკითხებზე, რაზედაც დღეს ჩვენ ვსაუბრობთ, თუნდაც რუსული ექსპანსიის საწინააღმდეგო კანონპროექტების სახით, არის უმძიმესი და ეხება როგორც ეროვნული რისკების საკითხებს, ასევე პატრიოტიზმს. ეხება ყოფით პრობლემებსაც, იმიტომ, რომ ამ 9 პუნქტში ჩვენ ვსაუბრობთ დასაქმების ბაზრის დაცვის შესახებ, სადაც ამ მოცემულობაში 2022 წლიდან დღემდე 26 ათას 333 რუსული კომპანია დაფუძნდა, საიდანაც 22 ათასს 382 კომპანიის შესახებ უბრალოდ ინფორმაციაც კი არ გააჩნია სახელმწიფო უწყებებს. ეს არის საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაცია. არავის შეუმოწმებია ეს. ეს ნიშნავს იმას, რომ უვიზო რეჟიმის პირობებში შემოდის ამ ქვეყანაში ათიათასობით რუსი, რომელსაც არ გააჩნია თავის სამუშაო ნებართვა. ეს 26 ათასი კომპანია კონკურენციაში შედის ქართულ ბიზნესთან, ოღონდ ეს კონკურენცია უთანასწორობის მდგომარეობაში აყენებს საქართველოს მოქალაქეებს, იმიტომ რომ თავად სამუშაო ნებართვების გარეშე მუშაობენ, ეს თანამშრომლები არ არიან ოფიციალურად გაფორმებულები, შესაბამისად, არ იხდიან გადასახადებს, მათ არ ამოწმებს არცერთი უწყების შესაბამისი სტრუქტურა. ამ მოცემულობაში ვხედავთ, რომ ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქე არის უფრო მეტად პრივილეგირებული, ვიდრე საქართველოს მოქალაქე. ნებისმიერი ქართველი, საქართველოს მოქალაქე როცა გახსნის პატარა სამეწარმეო ჯიხურსაც კი, მას მეორე დღესვე დაარბევს საგადასახადო სამსახურები და შესაბამისი უწყებები, რომლებიც შეამოწმებენ. რა თქმა უნდა, უნდა შემოწმდნენ, მაგრამ ასევე უნდა შემოწმდნენ ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლები და ბევრად უფრო მკაცრად. ამასთან, ტელეკომპანია რომელიც არღვევს საქართველოს მთლიანობას, მისი საეთერო ბადიდან ისმის, რომ საქართველოს შემადგენელი ნაწილი არ არის აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, ასეთი ტელევიზია და მაუწყებლობა უნდა აიკრძალოს. მგონია, რომ ეს საკითხი ქართველ ხალხს აწუხებს და სხვა უამრავი საკითხი, რომლის ჩამოთვლაც შორს წაგვიყვანს.
_ ეროვნული საკითხები უმნიშვნელოვანესია, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ვართ ერი, რომელსაც შეუძლია თავისი ხმა წინასაარჩევნოდ კარტოფილსა და ხახვზე გაყიდოს. პირდაპირ რომ ვთქვათ, ხალხს შია…
_ რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია და ის საკითხები, რომელიც ეკონომიკის მიმართულებით „ლელოს“ აქვს, მგონია, რომ არცერთ პარტიას არ გააჩნია ასეთი ეკონომიკური პროგრამა. ჩვენი პრიორიტეტია, რომ საერთაშორისო ინვესტორები შემოვიყვანოთ ამ ქვეყანაში, შევქმნათ დამატებითი სამუშაო ადგილები, დასრულდეს ანაკლიის პორტის მშენებლობა და ა. შ.
_ წინ გველოდება 9 პუნქტის შესრულება და 15 დეკემბერი _ დღე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ისტორიაში. დღე, როდესაც გადაწყდება საქართველოს ბედი ევროკავშირში. როგორი მოლოდინები გაქვთ და რამდენად გაართმევს თავს „ქართული ოცნება“ ამ 9 პუნქტის შესრულებას?
_ „ქართულმა ოცნებამ“ მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, რადგან მათ ყველანაირი საპარლამენტო რესურსი ხელთ უპყრიათ, ბურთი მათ მოედანზეა და ერთადერთი რაც არის გასაკეთებელი, ამ რეფორმებზე გადაწყვეტილების მიღება, რომ ეს 9 პუნქტი და ის ტექნიკური რეკომენდაცია შესრულდეს, რომელიც სამართლებრივ ცვლილებას გულისხმობს. პასუხისმგებლობა არის „ქართული ოცნების“ მხარეზე და მისი თანამონაწილეობის გარეშე შეუძლებელი იქნება ამ 9 პუნქტის მიღება, დამტკიცება, რეფორმების გატარება. ერთადერთი, რისი იმედი მაქვს, არის ის, რომ გადაწყვეტილება ევროკავშირში მაინც ჩვენმა პარტნიორებმა უნდა მიიღონ გეოპოლიტიკაზე დაყრდნობით და „ქართულ ოცნებას“ უნდა შეხედო როგორც დროებით მოვლენას ამ ქვეყნის ისტორიაში, რომელიც შეიცვლება და პროდასავლური კოალიცია სხვა სისწრაფით და რეფორმებით გააგრძელებს მუშაობას.
_ თქვენი პარტიის თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე, იმყოფებოდა ვაშინგტონში, სადაც იგი არაერთ მაღალი რანგის წარმომადგენელს შეხვდა. რა მესიჯები გაჟღერდა უცხოელი პარტნიორებისგან საქართველოს მისამართით? რა დაპირებებია მათი მხრიდან და რამდენად ნაყოფიერი და იმედის მომცემი ვიზიტი იყო ეს?
_ მაღალი რანგის ვიზიტი ჰქონდათ აშშ-ში მამუკა ხაზარაძესა და გრიგოლ გეგელიას. შეხვედრები გაიმართა კონგრესში, სენატში, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ასევე მაღალი რანგის პოლიტიკოსებთან, რომლებიც საქართველოს კონტექსტს იცნობენ და საქართველოს მიმართულებით წლების განმავლობაში მუშაობენ. საუბარი შეეხო, პირველ რიგში, საქართველოში არსებულ მდგომარეობას, 2024 წლის არჩევნებსა და იმ საფრთხეებს რის წინაშეც ჩვენი ქვეყანა დგას. „ქართული ოცნების“ ისტერიკაც იმის დასტურია, რომ ძალიან მაღალი რანგისა და მნიშვნელობის შეხვედრები გაიმართა, რამაც შეაშინა მმართველი პარტიის წარმომადგენლები.
_ რამ შეაშინა?
_ შეაშინა ჩვენი დასავლელი პარტნიორების საარჩევნო პროცესში ჩართულობამ, ვგულისხმობ სადამკვირვებლო მისიებს, რომელიც იქნება გრძელვადიანი. 2024 წლის არჩევნები 26 ოქტომბერს იქნება ისტორიული და გადამწყვეტი, როდესაც ხელისუფლება უნდა შეიცვალოს მშვიდობიანად, თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების გზით. ხმები რომ დასაცავი გვექნება, ამაზე ყველა ვთანხმდებით წინა არჩევნების პრაქტიკიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე.
_ წინ დიდი ბრძოლა ელოდება როგორც ოპოზიციას, ისე მმართველ გუნდს. ამ პირობებში კონკრეტულად „ლელო“ გადალახავს თუ არა 5%-იან ბარიერს?
_ იმ მონაცემებით, რაც „ლელოს“ აქვს, 5%-იანი ბარიერი უკვე გადალახული გვაქვს, თუმცა ჩვენი მიზანი არ არის 5%-იანი ბარიერის გადალახვა, არამედ ის, რომ ე. წ. შუა ალტერნატიულ ველზე, ხელისუფლების ცვლილების ფონზე, „ლელო“ იყოს წამყვანი პოლიტიკური ძალა, რომელმაც უნდა დააზღვიოს ეს ქვეყანა, ქართული საზოგადოება და მომავალი პროევროპული, მრავალპარტიული კოალიცია იმ შეცდომებისგან, რაც დაუშვია წინა ხელისუფლებამ თუ ამ ხელისუფლებამ.
_ შეცდომების დაშვებაში რას გულისხმობთ?
_ სასამართლო სისტემა უნდა გაიწმინდოს და ისევ მურუსიძე არ უნდა მიიღოს ახალმა ხელისუფალმა. პროკურატურა უნდა განთავისუფლდეს პოლიტიკური გავლენებისგან, ასევე საგანმანათლებლო სივრცე, უნივერსიტეტები, საჯარო სკოლები და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები. ბიზნესი უნდა იყოს თავისუფალი, შს სამინისტრო არ უნდა იყოს პოლიტიკური, სუსი არ უნდა იყოს დაკავებული პოლიტიკოსებზე თვალთვალით და მოსმენით.
_ როგორ აპირებთ ხმების დაცვას და არჩევნების გაყალბების შემთხვევაში თუ გაქვთ ალტერნატიული გეგმა?
_ მთავარი არის ის, რომ ჩვენ ვიფიქროთ, როგორ დავიცვათ ხმები და არ ის, რომ შემდეგ რას გავაკეთებთ, თუ ხმები ვერ დავიცავით. დარწმუნებული ვარ, ხმები იქნება დაცული. მთავარია, პრინციპულად სწორად ჩატარდეს არჩევნები და ამ მიმართულებით ვიმუშავებთ. ჩვენ არ ვაპირებთ პარტიულ თანამშრომლობას სხვა პარტიებთან, არამედ პროდასავლურ პარტიებთან ვაპირებთ კოორდინაციას.
_ მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ხაზგასმით აღნიშნეთ არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან თანამშრომლობას არ ვაპირებთო, პოლიტიკურ კულუარებში აქტიურად საუბრობენ „ლელოსა“ და გახარიას პარტიას შორის თანამშრომლობაზე. ამის შესახებ რას იტყვით?
_ არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან თანამშრომლობას არ ვაპირებთ.

გაზიარება