- ორშაბათი, 23 დეკემბერი, 2024
2023-11-16 06:40:27
შორენა მარსაგიშვილი
ვინ და რატომ მტრობს ნიკა მელიას პარტიაში? როგორ შერიგდნენ ვანო მერაბიშვილი და დავით კეზერაშვილი? რატომ ღალატობენ სააკაშვილს თანაპარტიელები? რას ფიქრობენ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ლევან ხაბეიშვილზე? მიაღწევს თუ არა „ნაცმოძრაობა“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე? _ ამის შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება პარლამენტის ყოფილი წევრი, პეტრე მამრაძე:
_ ბატონო პეტრე, როდესაც ნიკა მელია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ აირჩიეს, თქვენ „ქრონიკა+“-თან თქვით, რომ ის ამ პოსტს დიდხანს ვერ შეინარჩუნებდა. ის მართლაც აღარაა თავმჯდომარე და ახლა პარტიიდანაც უნდათ მისი გაგდება. თქვენ „ნაციონალებს“ კარგად იცნობთ და იცით მათი სამზარეულოც, რატომ ერჩიან მელიას მერაბიშვილი და კეზერაშვილი?
_ ნიკა მელიას, პირველ, რიგში მიხეილ სააკაშვილი ერჩის. ადრე გითხარით კიდევაც, რომ საქართველოში მიშას დაბრუნების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო ის, რომ ნიკა მელია წაეშალა ქართული პოლიტიკური სპექტრიდან. ეს შეიძლება გაუგებარი იყოს იმ ადამიანებისთვის, ვინც სააკაშვილს პირადად არ იცნობს, მაგრამ ვინც იცნობს, მათთვის გასაგებია. არ უნდა დაგვავიწყდეს ის ფაქტი, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ნიკა მელია მიშას ჯინაზე აირჩია პარტიის თავმჯდომარედ. მანამდე სააკაშვილი რასაც იტყოდა, „ნაცები“ უსიტყვოდ და მონური მორჩილებით ასრულებდნენ. მელიას თავმჯდომარედ არჩევა იყო ამბოხი. ამბოხი არ მომხდარა ცარიელ ადგილას. მანამდე გრიგოლ ვაშაძემ დაწერა ცნობილი განცხადება და დატოვა პარტიის თავმჯდომარის პოსტი. მისი წასვლის შემდეგ მიშამ თქვა, რომ პარტიის თავმჯდომარედ მინდა ლევან ვარშალომიძეო და ამას მოყვა ამბოხი.
მანამდე ჩვენ მოვისმინეთ სატელეფონო საუბრების ჩანაწერები, სადაც სალომე სამადაშვილი მიშაზე სულ ნახ, ნახ, ნახ-ს გაიძახის. იმ სიტყვას არ ვიტყვი, რასაც ამბობს. ცნობილი რუსული სიტყვაა. რომან გოცირიძესაც ახსენებს. გოცირიძე ასევე ფიქრობს, რომ ძველი სახეები არ არის საჭირო. ძალიან ბევრი ფიქრობდა ასე პარტიაში, მაგრამ ღიად არ ამბობდა. თავიანთი დამოკიდებულება თავმჯდომარის არჩევნებზე გამოხატეს. პარტიის თავმჯდომარედ აირჩიეს ნიკა მელია. ეს მიშასთვის იყო წამება, ასეთ რაღაცას ის ვერ შეეგუება. ცოტა ხანში ნიკა მელია დააპატიმრეს. დაკავებამდე მან მოიძრო ელექტროსამაჯური და ხალხში ისროლა. ეს დასავლურმა მედიამ აქტიურად გააშუქა. მისი დაკავების კადრებმა მთელი მსოფლიო მედია მოიარა. სააკაშვილი ამან სულ გადარია, მისთვის ხომ ტელესურათია მთავარი. მელიას თემის გაშუქებამ სააკაშვილის ამბები საერთაშორისო მედიაში გადაფარა. აქამდე ასეთი რამე არასდროს მომხდარა. მიშა ყოველთვის პირველი იყო ხოლმე.
_ სააკაშვილის გარდა ნიკა მელიას სხვა მოწინააღმდეგეებიც ჰყავდა და ჰყავს პარტიაში. ყველასთვის ცნობლია, რომ მისი დაკავების დღეს რაღაც უნდა მომხდარიყო პარტიის ოფისში. ამიტომ ითხოვდა სპეცოპერაციის შეჩერებას კელი დეგნანი და ამიტომ გადადგა გახარია. ამბობდნენ, რომ ამ საშინელების დაგეგმვის თანამონაწილეები თავად „ნაციონალების“ ნაწილიც იყო.
_ მტრები როგორ არ ჰყავს პარტიაში ნიკა მელიას. ეს, პირველ რიგში, მისი ხასიათიდან გამომდინარეობს. ის ხომ პოლიტიკოსი არაა, უხეში და ხულიგნური ქცევით გამოირჩევა. მან გლდანში დაიჭირა გარკვეული ბირთვი და გარშემო შემოიკრიბა. ხალხმაც მას მისცა ხმა. ამის მიუხედავად, ის პარტიაში ძალიან ბევრს არ მოსწონს. „ნაციონალებს“ დიდად არც მოქმედი თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი მოსწონთ. „ნაცებთან“ დაახლოებულმა ჟურნალისტმა მითხრა, გუნდში „ხაბე“ ყველას ეგოიმება და „ეპაზორებაო“.
_ ამის მიუხედავად, ის აირჩიეს პარტიის თავმჯდომარედ და ეს მერაბიშვილ-კეზერაშვილის ჩართულობით გაკეთდა.
_ ეგენი იდგნენ ხაბეიშვილის უკან. ნიკა მელიას დაპატიმრების დღეს მართლაც უნდა მომხდარიყო რაღაც საშინელება, რასაც ქუჩაში ხალხის გამოსვლა მოჰყვებოდა. დიდი პროტესტის დასაწყებად „ნაციონალებს“ საკუთარი ძალები არ ჰყოფნიდათ. თან პარტიაში ამომრჩეველი ჰყავს მხოლოდ სააკაშვილს, ვინმეს მოსწონს ეს თუ თუ არ მოსწონს, ფაქტი ფაქტად რჩება. ყველა ის პროცენტი, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ღებულობს, არის სააკაშვილის დამსახურება. მისი წყალობით 2020 წლის არჩევნებში „ნაცებმა“ 36 ადგილი მოიპოვეს პარლამენტში. მთელმა დანარჩენმა ოპოზიციამ, ყველამ ერთად, აიღო 24 ადგილი.
მიშა სააკაშვილმა სულ ცოტა ხნის წინ თქვა, რომ ნიკა მელია გიგა ბოკერიას ბედს გაიზიარებსო. 2016 წელს მიშამ პარლამენტში 28 კაცი შეიყვანა. სადღაც თვე-ნახევარში 22 კაცი გაიქცა პარტიიდან და ბოკერიასთან ერთად „ევროპული საქართველო“ შექმნა. თან ესენი ყველაზე ცნობადი სახეები იყვნენ „ნაცებში“. ყველაზე კარგად საუბრობდნენ და დასავლეთში მათ იცნობდნენ და მეტ-ნაკლებად პატივს სცემდნენ. ისინი ბოკერიასთან გაიქცნენ და რა მიიღეს 2020 წლის არჩევნებში? ფაქტობრივად, არაფერი. ეს იმიტომ მოხდა, რომ ამომრჩველმა დაინახა, ბოკერიამ უღალატა მიშას და ის აღარ არის სააკაშვილი. ნიკა მელიასაც ასე მოუვა, თუ ხალხი დაინახავს, რომ ის აღარ ასოცირდება მიშასთან. ამ შემთხვევაში მესამე პრეზიდენტი მართალია _ ნიკა მელია გიგა ბოკერიას ბედს გაიზიარებს.
მიშა მართალი იყო 2016 წელსაც, როცა თამარ ჩერგოლეიშვილს მკვახედ უპასუხა. ჩერგოლეიშვილი ამბობდა, ვერა და ვერ გავაჩერეთ ეს სააკაშვილი, გაიძახის, ჩამოვალო, ეს ახდენს „ოცნების“ მხარდამჭერების მობილიზებას და ხალხი ისევ ბიძინას აძლევს ხმასო. მიშამ მაშინ დაწერა: „საქმე ისაა, რომ ჩემ გარეშე იმ ხმებსაც ვერ მიიღებთ, რაც ახლა მიიღეთო“. სააკაშვილი ცამდე მართალი იყო.
კეზერაშვილ-მერაბიშვილის მიერ პარტიის თავმჯდომარედ შერჩეული ხაბეიშვილი, თუ არ ვცდები, პარლამენტის კიბეებზე ყვიროდა, შეიძლება აივნიდანაც იყო გადმომდგარი, თუ არაფერი გამოვიდა, მე შვვარდები საავადმყოფოში და მოვიტაცებ იქიდან სააკაშვილსო. სხვა ქვეყანაში, მაგალითად ბრიტანეთში, ამას სისიხლის სამართლის საქმის აღძვრა მოჰყვებოდა.
_ თავის დროზე, ნიკა მელიას წინააღმდეგ შეძახილების გამო აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.
_ დაკავებით ის ხულიგნობისა და კანონის მიმართ დაუმორჩილებლობის გამო დააკავეს. ხაბეიშვილს პასუხი არავინ მოსთხოვა. არადა, ეს ადამიანი შევარდნით და პატიმრის მოტაცებით იმუქრებოდა. პატიმრის მოტაცება და შევარდნა სისიხლის სამართლის დანაშაულია.
_ ალბათ იცოდნენ, რომ არ შევარდებოდა. შევარდნას ვინ ჩივის, მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერი განცხადებაც კი აღარ გაუკეთებია მას შემდეგ.
_ არც იმ მომენტში გააკეთებდა, მაგრამ მაშინ ასე იყო საჭირო. იცოდა, რომ მათ სააკაშვილის ელექტორატის გარდა კაციშვილი ხმას არ მისცემდა. უფრო სწორად, ეს „ხაბემ“ კი არა, „კეზერამ“ და მერაბიშვილმა იცოდნენ და მათ ათქმევინეს. პარლამენტში მიშამ 36 კაცი გაიყვანა და თითქმის ნახევარი გაიქცა. როცა დაინახა თემურ ალასანიამ, რომ მიშას ორჯერ გაექცა პარლამენტში გაყვანილი ხალხი, დაასკვნა, რომ სააკაშვილი პოლიტიკურად დამთავრდა. ამიტომ ითხოვდა ის პარლამენტისთვის ბოიკოტის გამოცხადებას. ხომ გახსოვთ, გუბაზ სანიკიძესთან მისი სატელეფონო საუბრის ჩანაწერი. იქ გუბაზ სანიკიძე ამბობდა, რომ მე ბოლო ვიქნები, ვინც პარლამენტში შევაო.
ნიკა მელია პარტიის თავმჯდომარედ ელექტრონული წესით აირჩიეს. სააკაშვილი ამ არჩევანს მხურვალედ მიესალმა. თქვა, _ აი, ესაა შიდაპარტიული დემოკრატიის ნამდვილი მაგალითიო. მე მას ვულოცავ და ა. შ. იმ განცხადებაში სააკაშვილმა საინტერესო რამ განაცხადა. ამბობდა, ეს არჩევნები არის მაგალითი იმისა, რომ როდესაც ხელისუფლებაში მოვალთ, მთელ საქართველოში ყველა არჩევანი ჩატარდება დემოკრატიულადო. იმ მომენტში ის ძალიან გაბრაზებული იყო მელიას არჩევით, მაგრამ დამალა ეს ბრაზი და მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა. მერე ადგა და მელიას აურია მთლად კარტები. ამისთვის მერაბიშვილ-კეზერაშვილი გამოიყენა.
_ ე. ი. მათ უფრო ენდობა, თუ უბრალოდ სხვა გზა არ აქვს და უნდა ენდოს?
_ საქმეც ისაა, რომ არ ენდობა. მათ მიმართ ნდობა რომ ჰქონოდა, სოფო ჯაფარიძე ხომ არ ივლიდა მიშას სახელით რეგიონებში? პარტიის თავმჯდომარე ხაბეიშვილია და ხალხს მიშას სახელით ჯაფარიძე ხვდება. ეს ბევრ რამეზე მეტყველებს.
_ ეს იმას ნიშნავს, რომ მერაბიშვილ-კეზერაშვილს უნდობლობა გამოუცხადა?
_ საქმით ასე გამოდის. თან უნდა გავითვალისწინოთ, რომ სააკაშვილი ახლა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. ის ადრე პიარში მაინც არ უშვებდა შეცდომებს. დღეს მას პარტიის ახალი მენეჯმენტის მიმართ უნდობლობა აქვს, მაგრამ ხვალ სხვანაირად აწონის და შესაძლოა, ხაბეიშვილი აიყვანოს ცაში.
_ მიხეილ სააკაშვილს ასეთები ადრეც ახასიათებდა.
_ ახასიათებდა, მაგრამ პიარი არ ეშლებოდა, ახლა პიარში ძალიან მოიკოჭლებს. მომავალში არ ვიცი, რა იქნება, მაგრამ ახლა ხაბეიშვილზე ხმასაც არ იღებს. პოზიტიური მის მიმართ არაფერი უთქვამს. მიშამ იცის, რომ როცა ასეთი ტიპაჟი გამოდის ეკრანზე, ის მხოლოდ ელექტორატს ვნებს. მიშას არ უნდა, ხალხმა ისე აღიქვას, რომ ხაბეიშვილი მისი კაცია.
_ ხაბეიშვილი თუ არ უნდა, რას ერჩის ნიკა მელიას?
_ მელიას იმას ერჩის, რომ ვერ პატიობს, თუნდაც ცოტა ხნით რომ გადაფარა საერთაშორისო არენაზე.
_ მერაბიშვილს ხომ აპატია? როგორც ამბობენ, ვანო ერთ-ერთი ინიციატორი იყო მისი აქ ჩამოყვანის. ეს ჩამოსვლა მესამე პრეზიდენტის დაკავებით დასრულდა.
_ ვიცნობ რა მიშას ხასიათს, არ აპატიებს. ახლა ვერაფერს აკეთებს. ძალა აღმართს ხნავს. ის არის უკრაინის მოქალაქე და ზის ციხეში. მის წინააღმდეგ გრძელდება გამოძიება და კაცმა არ იცის, რას ამოუქექავენ. მერაბიშვილი და კეზერაშვილი გარეთ არიან. „კეზერას“ აქვს ძალიან დიდი ფული, აქვს საკუთარი ტელევიზიაც. აღარ არის ისე, რომ სააკაშვილმა შეუთვალოს, ეს ასე უნდა გააკეთოო. სააკაშვილს უწევს ლავირება. მიშა კარგა ხანია, აღარ არის ლიდერი. ამაში მაშინ დარწმუნდა, როცა თავმჯდომარედ მელია აირჩიეს. მიშა საქართველოში მელიას პოლიტიკურად წასაშლელად ჩამოვიდა, რასაც მიაღწია კიდევაც.
_ პარტიაც ხომ წაიშალა ამასობაში.
_ წაიშალა, მაგრამ მიშას ჯერ კიდევ შეუძლია, პარტიას ხმები მოუტანოს. ეს იციან „ნაცებმა“ და ამიტომ ცუდს არაფერს ამბობენ ღიად მასზე. შიგნით სულ აგინებენ. და ყველაზე მეტად მათ ეშინიათ სააკაშვილის ციხიდან გამოსვლის. ესაა პოლიტიკა. შიგნით სხვა პროცესებია, გარეთ სხვა სურათი გამოდის. არასდროს დამავიწყდება, თუ როგორ ამკობდნენ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს მიშას „ნაცები“. აგინებდნენ, ამბობდნენ, დაგვღუპაო.
_ თქვენი აზრით, როგორ განვითარდება პარტიაში მოვლენები? წავა ნიკა მელია „ნაციონალური მოძრაობიდან“?
_ სავარაუდოდ, წავა, მაგრამ ამის დიდი სურვილი არ აქვს. პარტიის სახელი მაინც ბრენდია, არის დაფინანსება. თან მის გვერდით არავინ არაა ცნობილი სახე, რომ მასთან ერთად რამე ახალი ძალა შექმნას.
_ დიდი ხანია, დადის ჭორები, რომ ის გახარიასთან ან ნიკა გვარამიასთან ერთად აპირებს ახალი პარტიის შექმნას.
_ გახარია ან გვარამია თუ დაინახავენ, რომ მელიასთან ერთად პარტიის შექმნა სარფიანია, შექმნიან. ახლა ხედავენ, რომ ეს არ არის პოლიტიკურად სარფიანი. მელიას ეგონა, რომ თავმჯდომარეობიდან გადარჩევის შემდეგ ხალხი მაინც მისკენ გადავიდოდა, მაგრამ ასე არ მოხდა.
_ რატომ არ წავიდნენ მისკენ? ზემოთ ამბობდით, პარტიაში ხაბეიშვილი ეგოიმებათო. მერაბიშვილი კიდევ ინტრიგების ბუდეა.
_ ალბათ მიშას გამო რჩებიან. იმედი აქვთ, რომ მიშა კიდევ შეძლებს მათ გაყვანას პარლამენტში. მერაბიშვილს რაც შეეხება, იგი პოლიტიკაში უაღრესად კონტრპროდუქტიულია. როგორც პრემიერ-მინისტრმა მერაბიშვილმა გაცილებით მეტი გააკეთა ხელისუფლებაში „ოცნების“ მოსასვლელად, ვიდრე „ოცნების“ ყველა აქტივისტმა ერთად აღებულმა.
_ რას გულისხმობთ?
_ რაც არ უნდა შეცდომა დაეშვა „ქართულ ოცნებას“, მერაბიშვილი ჯერ როგორც შს მინისტრი და შემდეგ უკვე როგორც პრემიერი, იმავე დღეს ფარავდა ამას თავისი კონტრშეცდომით.
_ ეს შეცდომები იყო, თუ რაღაც გარიგება? ალბათ, თქვენც მოგისმენიათ ჭორები, რომ ის ბიძინას დავალებით მოქმედებდა. ივანიშვილი მის მიმართ კეთილგანწყობილი იყო.
_ ეს ნამდვილად შეცდომები იყო. მერაბიშვილმა კარგად იცოდა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ციხეში წავიდოდა. ამიტომ ნებით ხელს არ შეუწყობდა მათ მოსვლას. ის არის კონტრპროდუქტიული და შეცდომას შეცდომაზე უშვებდა. მისი დამსახურებით მოვიდა „ოცნება“ ხელისუფლებაში და ამასაც მოუწია ციხეში წავლა. ის „ოცნებასთან“ გარიგებული რომ ყოფილიყო, ციხეში არ გაუშვებდნენ და არც ბოლომდე მოიხდიდა სასჯელს. ვანო ბოლომდე იჯდა, თან სამარტოო საკანში. მას შეეძლო ქვეყნიდან გაქცევა.
_ რატომ არ გაიქცა?
_ როდესაც მაისურაძის პასპორტით დააპირა წასვლა, უკვე გვიანი იყო. მას რამდენიმე პასპორტი ჰქონდა. ასე გადიოდა ქვეყნიდან. ყველაზე ხშირად ერევანში, მინსკსა და ბაქოში დაფრინავდა და იქ მართავდა კონსპირაციულ შეხვედრებს.
_ მინისტრობის დროს?
_ მინისტრობის დროს.
_ ვის ხვდებოდა მინსკში, ერევანსა და ბაქოში?
_ ამბობდა ხოლმე, ჩემს მინისტრებთან მივდივარო. ესენი იყვნენ, ძირითადად, რუსი ძალოვანი მინისტრები. მოკლედ, ვანო მერაბიშვილი პოლიტიკაში არის კონტრპოდუქტიული. შს მინისტრობის დროს, როგორც ორგანიზატორი, იყო ძალიან მაგარი. პოლიტიკური საკითხები სულ სხვა რამეა. „ნაცმოძრაობაში“ ერთი მხრივ ხედავენ, რომ სააკაშვილი პერსპექტიული არ არის, მეორე მხრივ აცნობიერებენ, რომ მიშას გარეშე მათ არავინ მისცემს ხმას. ყველაფერი ამით არის გამოწვეული. „ნაციონალების“ მომავალი ბუნდოვანია. თავადაც არ იციან, რა მოხდება. არიან ამ გაურკვევლობაში.
წარმოიდგინეთ, პარტიის შიგნით გაჩენილიყო ფიგურა, რომელიც მოიპოვებდა მკვეთრ დადებით რეიტინგს ხალხში. მნიშვნელობა არა აქვს, ვინ იქნებოდა. მთავარია, მის დაძახილზე ხალხი გამოსულიყო. ასეთი პერსონის გამოჩენა „ნაციონალებში“ სიტუაციას შეცვლიდა. საქართველოში ხომ იმ ადამიანს ეტმასნებიან, ვინც ელექტორატს მოიზიდავს, _ „ეს ხმებს აიღებს, ტო“. გაიხსენეთ, როგორი ჭრელი იყო თავიდან „ქართული ოცნება“. რატომ დაუდგნენ ივანიშვილს გვერდით ისეთი ადამიანები, რომლებიც მერე გაემიჯნნენ? თავიდან რატომ დაუდგნენ, მისმა იდეებმა და პრინციპებმა გაიტაცეს? მათ იცოდნენ, რომ ბიძინა ელექტორატს მოიზიდავდა.
ყველაზე მეტად ეს რესპუბლიკელებს ეხებათ. დავით უსუფაშვილი პარლამენტის სპიკერი იყო. მისი მეუღლე ჯერ საპარლამენტო კომიტეტს ხელმძღვანელობდა, შემდეგ თავდაცვის მინისტრად დაინიშნა. ჩენი დასავლელი პარტნიორები ამ საკადრო გადაწყვეტილებამ, უბრალოდ, გააოგნა.
_ რატომ გაოგნდნენ?
_ მიაჩნდათ, რომ ხიდაშელი თავდაცვის მინისტრის პოსტს არ შეესაბამებოდა. ან ირაკლი ალასანია შეესაბამებოდა თავდაცვის მინისტრის პოსტს? ცხადია, არა.
_ ალასანია რატომ არ შეესაბამებოდა თავდაცვის მინისტრის პოსტს?
_ ამერიკიდან დაბრუნებულმა სკანდალური განცხადებები გააკეთა. ვიქტორია ნულანდი აცხადებდა, რომ აშშ საქართველოს რაკეტებს არავითარ შემთხვევაში არ მისცემდა. ალასანია შესაბამისი ჟესტიკულაციით ამბობდა: კონსერვატორიის რექტორი ხომ არ ვარ, თავდაცვის მინისტრი ვარ. ვთხოვე ამერიკელებს რაკეტები, აბა, რა უნდა მეთხოვაო. წარმოიდგინეთ ამაზე რუსეთის რეაქცია. ძალიან მწვავე რეაქცია ჰქონდა მოსკოვს. კიდევ უფრო მწვავე რეაქცია იყო ამერიკის მხრიდან. აი, ასეთი კაცი იყო „ოცნების“ მაღალჩინოსანი და რამდენი კიდევ სხვა, გიორგი გახარიას ჩათვლით.
_ კეზერაშვილ-მერაბიშვილის დუეტს მინდა დავუბრუნდეთ. ეს ორი ადამიანი რანაირად არის ერთად? თავის დროზე ხომ მათ შორის დიდი უთანხმოება იყო? კეზერაშვილი პოლიტიკიდან რომ წავიდა და ბიზნესი დაიწყო, ამბობდნენ, მერაბიშვილმა დაიჭირა და პარტიული სალაროსთვის ძალიან დიდი ფული მიატანინაო.
_ ბევრ რამეზე იყო მათ შორის უთანხმოება, მაგრამ ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. პოლიტიკაში როცა ინტერესები ემთხვევა ერთმანეთს, ხვდებიან და მაშინვე არკვევენ. ერთმანეთს ეუბნებიან, კარგი, ძმაო, რაც იყო იყო. და რჩება ამით წარსულზე საუბარი. როცა საერთო ინტერესები ჩნდება, განგსტერული ოჯახებიც კი ერთ დღეში რიგდებიან. პოლიტიკაშიც ასე ხდება. „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში მოვიდა და იდგა სამ ფეხზე _ ტყუილზე, სიძულვილსა და ძალადობაზე. გუნდის შიგნითაც ტყუილი, სიძულვილი და ძალადობა სუფევდა.
_ თუმცა ეს სიძულვილი გარეთ ნაკლებად გამოდიოდა.
_ დარწმუნებული ვარ, თქვენამდეც მოდიოდა, თუ როგორ უსწორდებოდნენ შიგნით ერთმანეთს ფიზიკურად. პეტრე ცისკარიშვილსა და მსგავსს ტიპებს დაევალებოდათ, რომ ვიღაცა უნდა გაელახათ. საუბარია თავიანთ მაღალჩინოსნებზე. მაგალითისთვის, გადაწყდებოდა გიგი უგულავას გალახვა, რადგან ნამეტანი თავის პიარს მიჰყო ხელი. უგულავა გაილახებოდა და მერე სხვები დაისჯებოდნენ.
_ არჩევნებამდე მიატანენ „ნაციონალები“?
_ დიდი ალბათობით, მიატანენ.
_ ასე თუ გააგრძელეს, იმ შემთხვევაშიც?
_ ასეთ შემთხვევაშიც მიატანენ. მიატანენ იმიტომ, რომ საქართველოში პარტიები, უბრალოდ, არ არის.