- ორშაბათი, 23 დეკემბერი, 2024
2023-11-15 08:08:14
გიგა გელხვიიძე
2023 წლის 8 ნოემბერი საქართველოს ისტორიაში არის ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულო დღე, ვინაიდან ამ დღეს ქვეყანამ კიდევ ერთი მყარი ნაბიჯი გადადგა ევროკავშირის კარისკენ, რომლისკენაც ისტორიულად მიისწრაფის.
ევროკომისიის გადაწყვეტილებით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციის გაცემა, ქვეყნისთვის და განსაკუთრებით პრორუსული ხელისუფლებისთვის, ახალი გამოწვევებისა და დათქმების მომტანი გახდა. როგორც ვარაუდობდნენ, 12 რეკომენდაციის არასრულად შესრულების გამო, კანდიდატის სტატუსის საბოლოოდ მოსაპოვებლად, საქართველოს გარკვეული დათქმების შესრულება მოუწევს.
გაზეთი „ქრონიკა+“ დაინტერესდა, რა ხდებოდა სტატუსის მინიჭების რეკომენდაციის გაცემამდე კულისებში და რა რეალობაში ვართ დღეს? რა საფრთხეების მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს ეს საქართველოსთვის რუსეთის მხრიდან? ამ და სხვა საკითხების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება პარტია „ევროპელი დემოკრატების“ ლიდერი, პაატა დავითაია, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებდა მთელი ამ დროის განმავლობაში სტატუსის მოსაპოვებლად.
_ ბატონო პაატა, პირველ რიგში, შევაფასოთ ევროკომისიის გადაწყვეტილება.
_ დავიწყოთ იმით, რომ მართლა ისტორიული პროცესის წინაშე ვდგავართ, ეს პროცესი დაწყებულია და ისეთი წერტილი გავიარეთ, სადაც დაბრუნება შეუძლებელი არის. ეს პროცესი მოდის ქართველი მეფეებიდან და ახლა ჩვენ, ფაქტობრივად, ვბრუნდებით ევროპულ ოჯახში. ის რეკომენდაცია, რასაც ნიშნავს კანდიდატის სტატუსის მინიჭება, ალბათ, საბოლოოდ მიიღება დეკემბერში, როდესაც ევროპის საბჭოს ყველა წევრმა ქვეყანამ უნდა მისცეს თანხმობა კონსენსუსის გზით. დარწმუნებული ვარ, ეს ასე იქნება, რადგანაც ძალიან მნიშვნელოვანია და დაიწყება დიალოგები გაწევრიანების შესახებ. თუ ამ დიალოგის დასაწყებად უკრაინასა და მოლდოვას ერთი წელი დასჭირდათ, კანდიდატის სტატუსის შემდეგ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამ დიალოგს ნახევარ წელიწადში დავიწყებთ, რადგანაც ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებებია გასატარებელი. თქვენ იცით, რომ ზედა ზღვარი ევროკავშირის გაფართოების არის 2030 წელი. მინდა ვთქვა, რომ ჩვენი საშინაო დავალებების შესრულებების ვადა არის 2030, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ამავე წელს გავხდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა. თუ არ შევასრულეთ ვალდებულებები, ეს შეიძლება 10 და 15 წელი გაგრძელდეს, მაგრამ შეიძლება 2026-შიც გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ეს არის დამოკიდებული დიალოგის გახსნის შემდგომ უკვე შესრულებაზე. ე. ი. ეს დამოკიდებული არის პოლიტიკურ ნებაზე, ხალხის ნებაზე. ახლა დარჩა პოლიტიკური ნება, ძალიან საინტერესო სინთეზი დგება, _ ევროკავშირისა და ქართველი ხალხის ერთობლიობა, ამან უნდა მოიტანოს ის შედეგი, რასაც ჰქვია იძულება ხელისუფლებისთვის, რომ მან შეასრულოს ყველა რეკომენდაცია. თუ აქამდე იყო რეკომენდაციები, კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ დეკემბერში ეს იქნება ვალდებულება და არა რეკომენდაცია. ვფიქრობ, ძალიან დიდ ბერკეტებს იღებს ქართველი ხალხი და დიდ ბერკეტებს იღებს ევროკავშირი, თუ ხელისუფლებამ არ შეასრულა ვალდებულებები და ამას ხელისუფლებას არავინ აპატიებს. აქედან გამომდინარე, დადებითად და პოზიტიურად ვარ განწყობილი, ეჭვი არ მეპარება საერთოდ საქართველოს მოქალაქეებში, რომ ეს ასე მოხდება.
აქ, ამ ფონზე, ყველაზე საშიში სიტუაცია არის ჩვენი ოკუპანტი ქვეყნიდან. ძალიან მნიშვნელოვანი რამ ხდება, საქართველო თუ კანდიდატის სტატუსს მიიღებს და ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდება, იგი იქნება ერთადერთი ქვეყანა ევროკავშირში, რომელსაც არ აქვს საზღვარი ევროკავშირის ქვეყნებთან. ეს არის უნიკალური მომენტი, ეს ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანების შემდგომ ამიერკავკასიაში, ისტორიულად იცვლება გეოპოლიტიკა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა, ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ მზად ყველა საფრთხისთვის, იმ აგრესიისთვის, რაც მოდის რუსეთის ფედერაციიდან. მაგალითად, რაც გააკეთა რუსეთმა, როდესაც რეკომენდაცია მივიღეთ, სოლოვიოვმა (ვლადიმირ სოლოვიოვი, რუსი პროპაგანდისტი) გამოაცხადა, რომ თითქოსდა 50-კაციანი ჯგუფი ამერიკული შეიარაღებითა და ეკიპირებით იყო გადასული რუსეთში. ეს ნიუსი რომ წავიკითხე, უბრალოდ, გამეცინა იმიტომ, რომ ხელისუფლება, რომელიც არგაღიზიანების პოლიტიკითა და ყველანაირი დაყვავებითაა დაკავებული რუსეთთან, ამ დღეს 50-კაციანი ჯგუფით შევიდოდა კოდორის ხეობიდან? ეს გამორიცხულია.
_ რა მესიჯი გაკეთდა ამით რუსეთის ფედერაციის მხრიდან? ყველასთვის ცნობილია, რომ სოლავიოვი არის კრემლის რიტორიკის გამხმოვანებელი.
_ ორი მესიჯი იყო: ერთი ის, რომ მთელი დღე დაფრინავდნენ რუსები და აფხაზები ვერტმფრენებით და ეძებდნენ თითქოს და საღამოსაც გააკეთეს განცხადება, რომ არავინ იყო, არ დადასტურდა ინფორმაცია.
ეს მესიჯები იყო აფხაზეთისთვის და ქართველებისთვის, რომ თუ ჩვენ არ ვიქნებით, ქართველები გადაგივლიან. მინდა გითხრათ, სოხუმში დიდი პანიკა გამოიწვია ამ ნიუსმა, რომ დივერსიული ჯგუფია შემოსული და მეორე მესიჯი იყო საქართველოსთვის, რომ ჩვენ ამას არ გაპატიებთ. ძალიან შეშფოთებული ვარ, რადგანაც ეს სერიოზული პიარსვლა იყო მათი მხრიდან, გაფრთხილების მხრივ. ჩვენ რომ გადავხედოთ უახლოეს ისტორიას კონფლიქტებთან დაკავშირებით, ყველანაირ პროვოკაციას უნდა ველოდოთ საზღვრებთან, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი არის ამ ეტაპზე ხელისუფლების მხრიდან სწორი მოქმედებები და პერიმეტრის გაძლიერება. ვწუხვარ იმას, რომ ამ ეტაპამდე არანაირი ტაქტიკა და სისტემური მიდგომა ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით ხელისუფლებას აღარ აქვს. ამის ნათელი მაგალითია თამაზ გინტურის მკვლელობა, რომელიც რეალურად იყო დივერსიული ოპერაცია საქართველოს მოქალაქის მიმართ, რადგან იგი იყო ომის ვეტერანი და ისინი ამ ინფორმაციას კარგად ფლობდნენ. აქედან გამომდინარე, ეს კიდევ ზრდის საფრთხეებს და აი, ამ პროცესებში შედის ახლა ქვეყანა. ძალიან მნიშვნელოვანია ჭკვიანური ქმედებები, არჩევნების ჩატარება ისე, რომ იგი იყოს დემოკრატიული და არ მოხდეს სხვა მანიპულაციები.
_ როდესაც გინტურის თემაზე საუბრობდით, ახსენეთ ФСБ-ს მეთოდები. მკითხველს უკეთ რომ ავუხსნათ, რას გულისხმობდით კონკრეტულად?
_ ყველა ოკუპირებულ, მოსაზღვრე ტერიტორიაზე, ФСБ-ს დებულებით, მუშაობა წარმოადგენს იმას, რომ მოსაზღვრე ტერიტორიაზე ჰქონდეს სრული კონტროლი და ოპერატიული აგენტურა ჰყავდეს, რათა იყვნენ ინფორმირებულები, ვინ გადაადგილდება და ა. შ. ცალსახად ჩანდა, ფლობდნენ ინფორმაციას, რომ გადაადგილდებოდა კონკრეტული ადამიანი, ომის ვეტერანი და ვნახეთ, რომ ეს არ იყო შემთხვევითი შეფეთება, არამედ იყო დივერსიული ოპერაცია, გადმოსული საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე. არ ყოფილა ჯერ შემთხვევა, რომ მოძრავი მანქანა გაეჩერებინათ, ვიღაცა გადმოესვათ და მსგავსი რამ მომხდარიყო, არა. მოძრავ მანქანაში ჩაცხრილეს პირდაპირ! აქამდე იყო გატაცების ფაქტი, როდესაც ნახირი გადაჰყავდათ ან რაღაცა, ახლა ეს იყო დივერსიული ოპერაცია, ფიზიკური განადგურებით, ზურგში სროლით, ნათლად ჩანს ეს, რაც არის ФСБ-ს სტილი. ამიტომ ვფიქრობ, რომ ხელისუფლებამ ოკუპირებულ ტერიტორიებთან, ე. წ. ბორდერიზაციის ადგილებში, დაცვა უნდა გააძლიეროს. არ უნდა გვერიდებოდეს, ეს უნდა იყოს ბლოკპოსტი, სპეცრაზმის განლაგება, სნაიპერების განლაგება და არა ის, როგორც ახლა არის მიგდებული. ეკლესია, რომელშიც მომლოცველები ადიოდნენ ყოველთვის, უცებ თენდება და ვიღაცა აკონტროლებს, ხომ? ეს ხომ მიუღებელია? ე. ი., იმ ეკლესიის სიმაღლეს მერე მოჰყვება სხვა სიმაღლის აღება და ეს არის ბორდერიზაცია. ამიტომ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ახალ წლამდე ძალიან, ძალიან ბევრი პროვოკაცია იქნება. დარწმუნებული ვარ.
_ ოთხი ახალი დათქმა გვაქვს მიღებული. რამდენად მნიშვნელოვანია ეს დათქმები და იმ საკითხებში, რომლებიც დაყენებულია, რა იკითხება?
_ იქ ბევრია რეკომენდაციები და დათქმები, მაგრამ მთავარი თემა არის რამდენიმე მიმართულება:
პირველი ეს არის დეოლიგარქიზაცია
მეორე ანტიკორუფციული თემა, რაც პრინციპული თემაა.
მესამე არის სასამართლო თემა, ეს არის ერთ-ერთი მტკივნეული წერტილი.
მეოთხე არის საარჩევნო სისტემები და ეს არის არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების თემა. სხვა პუნქტებზე არაფერს ვამბობ, რომლებიც მოდის ვენეციის რეკომენდაციებიდან. ამ მიმართულების დაძლევას უნდა ზუსტად ერთი საათი. არჩევნებზე არ ვსაუბრობ. დანარჩენია დეოლიგარქიზაცია, ანტიკორუფციული, სასამართლო.
_ მარეგულირებელი კომისიის საკითხია კიდევ.
_ მე რატომ გამოვტოვე მარეგულირებელი კომისია? იმიტომ, რომ ეს ოთხია პრინციპული, რაც აგებულია დემოკრატიისა და ადამიანის უფლების ფუნდამენტურობაზე. მარეგულირებელი კომისია უაღრესად მნიშვნელოვანია, თუმცა ამ სფეროებთან შედარებით არის უფრო ტექნიკური მხარე და მისი ცვლილება კანონში არის ერთი წუთის ამბავი, ხოლო ეს ოთხი ფუნდამენტური თემა ასე მარტივად არ გვარდება. შენ თუ პოლიტიკური ნება გაქვს, ამას აგვარებ. წარმოვიდგინოთ, რომ მე და თქვენ გვაქვს ძალაუფლება და ჩვენ გვეუბნებიან: ბიჭებო, აგერ თქვენ კანდიდატის სტატუსს გაძლევთ, შემისრულეთ ვალდებულებები, მე ვხსნი დიალოგს, ვამოწმებ, თუ შეასრულეთ ეს ყველაფერი და მერე ხდებით ევროკავშირის წევრი. მე და თქვენ თუ გვინდა ეს გავაკეთოთ და გვაქვს ყველა ბერკეტი _ ხალხის მხარდაჭერა, ჩვენ ხომ ამას ერთ წელიწადში მოვრჩებით ყველაფერს, ხომ სწორია? ევროკავშირს ხომ არ ექნება მოტივაცია, უარი გვითხრას? აი, ეს არის თემა და თუ ჩვენ ამას არ ვრჩებით და ვმაიმუნობთ… ჩემთვის შემაშფოთებელი იყო პრემიერის საუბარი, რომ ეს გრძელი პროცესია. მესმის, გრძელი პროცესი არის, მაგრამ შენ შეგიძლია უფრო ხანგრძლივი გახადო, ხომ სწორია? კაცი გეუბნება დეოლიგარქიზაციას და ჩვენ ვპასუხობთ, რომ წავიდეს, ოპოზიციამ დაისვენოს. იქ გეუბნებიან, რომ ოპოზიცია ჩართე პროცესებში და შენ ამბობ, რომ არც ვაპირებ, ე. ი. შენ რა გზით მიდიხარ?
_ ქართველი ხალხის როლზე ვისაუბრეთ, რომ ძალიან დიდია ის და მან უნდა მართოს დღეს ხელისუფლება, რომ არ იქნას დაშვებული ის გადაცდომები, რაც ვიხილეთ რეკომენდაციის დროს. რა უნდა გააკეთოს ქართველმა ხალხმა, რომ ყველაფერი სწორი მიმართულებით წავიდეს?
_ მარტივია, რომ არ ვილაპარაკოთ ზედაპირულად ამ თემაზე. ოთხ წელიწადში ერთხელ ხელისუფლება ერთი დღით ეკუთვნის ხალხს. ერთი დღის განმავლობაში ხალხი წყვეტს, ვინ არის მისი ხელისუფალი. არავინ მითხრას, რომ ჩემს ხმას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს და მსგავსი აბსურდები, რომლებსაც ვისმენთ ხანდახან. აი, შენ ევროკომისია გეუბნება, ქართველებო, მე თქვენ გღებულობთ და ჩაგიწერეთ არჩევნები დემოკრატიულ პროცესად, როგორც ხელისუფლებას ისე თქვენ, ამიტომ შენ თუ ხედავ, რომ მე გთავაზობ ამას და შენი შემსრულებელი სუბიექტი ქვეყანაში, მთავრობა, ამას არ ასრულებს, აგერ, ბატონო, 2024 წლის ოქტომბერში გაქვს ერთი დღე, გამოასწორო ეს ყველაფერი. ეს არის ბერკეტი, იმ დღეს უნდა თქვა, რომ მე უნდა შევცვალო ხელისუფლება. ეს არის მთელი მექანიზმი და ახალი ხელისუფლება, რომელიც შეიძლება მოვიდეს, იმასაც ოთხი წელი აქვს ხომ, 2028 წლამდე, ეს ნიშნავს იმას, რომ იმანაც თუ არ შეასრულა რაიმე, კიდევ გაქვს ეს ბერკეტები, რადგანაც 2030 წელია ზედა ზღვარი გაწევრიანების.
_ ალბათ შეფასებებს გაეცანით, რა პოზიციაშია დღეს საქართველო და რა პოზიციაში დგას უკრაინა და მოლდოვა? ჩვენ ვიცით, რომ ამ სამეულში საქართველოს რეალურად ჰქონდა მოწინავე პოზიციები.
_ ჩვენ რაც არ უნდა ვატრიალოთ, ჩვენ სტორიული ფანჯარა გაგვეღო, რატომ? _ ეს გააკეთა უკრაინამ, როგორც გვინდა, ისე ვილაპარაკოთ. როდესაც ხელისუფლებას შეეძლო, ეს კოზირი გამოეყენებინა, არ გამოიყენა. ერთი წლის წინ ვნახეთ, რაც მოხდა და ევროკავშირშიც მიხვდნენ, იმ სამართლებრივი ჩარჩოებით რომ მიუდგე, რაც არის ევროკავშირში, შეიძლება საერთოდ არ მისცე კანდიდატის სტატუსი, ხომ სწორია? ამიტომ პოლიტიკური გადაწყვეტილება არის მიღებული და ერთ-ერთი მთავარი მომენტი აქ გახლავთ არა ის, რომ საქართველოს, მოლდოვის ან უკრაინის მთავრობაა კარგი ან ცუდი, სამივე ქვეყანა იღებს კანდიდატის სტატუსს იმის გამო, რომ რუსეთი, აგრესორი ქვეყანა, მოწადინებულია, რომ განახორციელოს სამივე ამ ქვეყნის ოკუპაცია. ძალიან მარტივია. დღეს მსოფლიო იყოფა ორად _ ის, ვინც ემხრობა დემოკრატიულ რეჟიმებს და მეორე, ვინც ემხრობა დიქტატორულ რეჟიმებს. დღეს, ამ ისტორიული გადაწყვეტილებით, მთავრობას არ მისცეს შანსი, რომ მიემხროს ავტორიტარულ რეჟიმებს და ამ შემთხვევაში რუსეთს. ძალიან დიდი გეოპოლიტიკური თამაშია დაწყებული, საქართველოს არ აქვს საზღვარი ევროკავშირთან, ასეთი მეტი არავინ არის.
_ მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი ვერ განახორციელა, ჩვენ მოვისმინეთ მორიგი მუქარა პრეზიდენტ ზურაბიშვილის მისამართით, რომ შესაძლოა მის წინააღმდეგ კვლავ ჩამოიღონ თაროზე შემოდებული საქმე და იგი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მისცენ. როგორ ფიქრობთ, ეს ბრალდება ხომ არ შეიძლება გახდეს მორიგი კრახის მიზეზი დეკემბერში, როდესაც ოფიციალურად უნდა გაფორმდეს სტატუსის საკითხი?
_ ძალიან გაუჭირდებათ, იმიტომ რომ ღიად გამოჩნდება, _ შენ საბოტაჟს აწყობ, ხელისუფლებზე ვსაუბრობ და ამას აღარავინ აპატიებს.
_ პრეზიდენტის ვიზიტს რომ შევეხოთ, რომელმაც კიდევ ერთხელ აღაშფოთა მმართველი გუნდი. რა გავლენები აქვს სალომე ზურაბიშვილის ვიზიტებს ევროპაში ქართულ პოლიტიკურ პროცესებზე?
_ სიმართლე გითხრათ, არ მინდა საუბარი ამ ვიზიტებზე, რადგანაც ამ ადამიანის მოძრაობები ვერ გავიგე. მე კი გავიგე, მე კი ვიცი, მაგრამ არ მინდა გამოვიტანო საჯაროდ, ძალიან კარგად ვიცნობ მას. ბევრი კითხვის ნიშანი მაქვს მის ქმედებებთან დაკავშირებით, მაგრამ არ მინდა იმ ფონზე, როდესაც ვართ კანდიდატის სტატუსის მიღების რეჟიმში, საერთოდ ვინმე დავაზიანო ან რაიმე მსგავსი. თუმცა პირადად მე მაქვს ბევრი კითხვის ნიშანი, მის არაადეკვატურ მოქმედებებთან დაკავშირებით ბევრი მიმართულებით.
_ ოპოზიციის როლი დეკემბრამდე და შემდგომ _ რა უნდა გააკეთოს და რა დღის წესრიგით უნდა იხელმძღვანელოს ქართულმა ოპოზიციამ?
_ ოპოზიციის როლი, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ მომენტში ყველაზე მნიშვნელოვანი როლი აქვს ხელისუფლებას, მას უნდა ჰქონდეს უნარი დიალოგის წარმოების და ოპოზიციას არ უნდა ჰქონდეს უფლებამოსილება საბოტაჟის. რეალურად, ჯერ ხელისუფლებას ეს ნაბიჯი არ გადაუდგამს, რომ ვილაპარაკო ოპოზიციაზე. პირიქით, ჩვენ პირველ დღესვე მოვისმინეთ, წადით, დაისვენეთო, ამიტომ ლაპარაკი ოპოზიციის პასუხისმგებლობაზე ახლა რთულია. მათ აქვთ პასუხისმგებლობა, მაგრამ რა უნდა ქნან, თუ არავინ უჯდება სალაპარაკოდ?
_ როგორია თქვენი მოლოდინი 2024 წლის არჩევნებისთვის? ბოლო პერიოდის პოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე, რამდენად გადაწონის სასწორი ოპოზიციის მხარეს?
_ თავს შევიკავებ ლაპარაკისგან. საარჩევნო სისტემა ჯერ კიდევ არ არის საბოლოოდ გარკვეული. კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, ლბათ, ის მოთხოვნები 2%-იანი ბარიერის შემოღებასთან დაკავშირებით იქნება მნიშვნელოვანი. ვნახოთ, როგორ ჩამოყალიბდება. ხელისუფლება, რა თქმა უნდა, ცდილობს, რომ იყოს 5%-იანი ბარიერი და ორი პარტია გადავიდეს მხოლოდ პარლამენტში. ამაში, პრინციპში, „ნაციონალური მოძრაობაც“ უწყობს ხელს და ამ ჭიდილში გამარჯვებული გამოვა „ოცნება“, ეს არის დღევანდელი მოცემულობა. თუ ოპოზიციამ ვერ მახერხა გამარჯვება და ბარიერის დაწევა, ხელისუფლება იქნება გამარჯვებული, ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე. ამიტომ ჯერ არის ასე და ხვალ რა იქნება და ზეგ, ეს დამოკიდებულია საარჩევნო სისტემაზე, პოლიტიკოსების გონიერებაზე, კომპრომისებზე, გაერთიანებაზე და ბევრ სხვა ფაქტორზე.
_ „ქართული ოცნება“ დაბეჯითებით აცხადებს, რომ ის ძალიან დიდხანს იქნება კიდევ ხელისუფლებაში. ციტირება: „იმდენ ხანს, რამდენი ხანიც საჭირო იქნება“. რამდენად დათმობს ასეთი ძალა მსგავსი განცხადებების შემდგომ ძალაუფლებას, თუკი ის გადაირჩია ხალხმა?
_ „ნაციონალური მოძრაობა“ ამბობდა 2010 წელს, 2030-მდე ვიქნებიო. სად არიან? 2024-ში, 2028-ში და შემდეგ „ოცნება“ იქნება თუ არა, ქართველ ხალხზეა დამოკიდებული.
_ აფხაზეთის საკითხს მინდა შევეხო _ რუსეთის გემები ოჩამჩირეში _ რა საფრთხეების წინაშე დავდექით?
_ არაერთხელ მითქვამს, რომ ის რუსული ბაზა გამოყენებული იქნება უკრაინისთვის, რომ ამას ამზადებდნენ და ყური არავინ შეიბერტყა. ზელენსკის აქვს სრული უფლება, დაარტყას ამ ბაზას, რადგანაც ის ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფება და საფრთხეს წარმოადგენს მისი სახელმწიფოსთვის. თავშიც ვთქვით, ოკუპირებული ტერიტორიები გამოყენებული იქნება რუსეთის ფედერაციის მხრიდან ჩვენ საწინააღმდეგო ზეწოლის ბერკეტებად, რომ საქართველო არ გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ამისთვის გამოიყენებს მხოლოდ.
_ თქვენ აქტიურად იყავით ჩართული სტატუსთან დაკავშირებულ საკითხებში. რა გზის გავლა მოგიწიათ, რა დაბრკოლებები იყო და რა გახლდათ მთავარი სამუშაო საკითხი?
_ ინტენსიურ სამუშაო რეჟიმში ვიყავით ევროკომისიასთან, არა ევროპარლამენტთან. თქვენ ხედავთ, რომ პოლიტიკოსები ჩადიოდნენ ევროპარლამენტში, მაშინ, როდესაც აღმასრულებელი არის ევროკომისია. ჩვენ ვმუშაობდით ევროკომისიის ყველა აღმასრულებელ აპარატთან, საუბარი მაქვს ჟოზეფ ბორელის აპარატზე, იმ ადამიანებთან, რომლებიც მუშაობდნენ საქართველოზე. ვაწვდიდით ინფორმაციას დეტალურად, დოკუმენტაციით, ერთად განვიხილავდით ამ ყველაფერს და ეს კარი ჩვენთვის მუდამ ღია იყო. მინდა გითხრათ, რომ ძალიან საინტერესო გახლდათ ეს პროცესი ჩვენთვის. მე მქონდა გამოცდილება, როგორც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ყოფილ ვიცეპრეზიდენტს, მაგრამ ის, რომ ევროკომისიასთან, ევროკავშირის აღმასრულებელ ადმინისტრაციასთან მიწევდა მუშაობა, ახალი იყო.
მეორე თემა, რაც მთავარი თემაა ჩემთვის, როგორც აფხაზეთიდან დევნილისთვის, იყო ის, რომ ძალიან გააქტიურდა აფხაზეთის თემა. თუ ის აქამდე იყო მიძინებული, ევროკავშირი იწყებს ამით დაინტერესებას. რეალურად, როდესაც იცოდნენ, თუ საიდან ვარ მე, ეს თემა ჩემდაუნებლიედ გახდა ერთ-ერთი მთავარი სასაუბრო თემა, რადგანაც ეს არის ბერკეტი ჩვენი და სახელმწიფოს წინააღმდეგ. კომისიის ერთ-ერთი მთავარი მოტივატორი რეკომენდაციის მონიჭების დროს იყო არა მთავრობის მოქმედება, არამედ ის საფრთხეები, რომლებიც მოდის ოკუპირებული ტერიტორიებიდან, რაზედაც არაერთხელ მისაუბრია მათთან დეტალურად, თავისი რუკებით, თავისი ყველაფრით. აი, ეს გზა გავიარეთ და ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი ამ თემაში. ამით ვხედავ, რომ ეს პრობლემატიკა ძალიან წამოიწევა წინ, ვგულისხმობ ოკუპირებულ ნაწილებს და ეს მისასალმებელია ჩემთვის, რომ ევროკავშირის მხრიდან ეს ინტერესი გამოიკვეთა.
_ არსებობენ სკეპტიკოსებიც სტატუსთან დაკავშირებით, რომლებიც ამბობენ, კი მოგვცეს სტატუსი, მაგრამ ასე თურქეთსაც მისცეს და ის წლებია, უკვე მოლოდინის რეჟიმშია, - რა შეიძლება იყოს ამის საპირწონე, რომ მსგავსი მოსაზრებები განეიტრალდეს?
_ თუ გადავხედავთ მასმედიას ერთი წლის განმავლობაში, ერთადერთი პოლიტიკური პარტია ვიყავი, ვინც ღიად ვამბობდი, რომ ჩვენ კანდიდატის სტატუსს მივიღებთ, რადგანაც ვხედავდი განწყობას. ერთ-ერთი მთავარი, როდესაც დამაჯერებლად ვთქვი, რომ ამას მივიღებდით, ეს იყო, როდესაც ევროკავშირმა დაინახა გაშლილი დროშა წყლის ჭავლის ქვეშ. აი, ამ სურათმა იქონია გადამწყვეტი როლი. ზუსტად მიტინგამდე მქონდა შეხვედრა, კომისიასაც ვეუბნებოდი, თუ რა წინააღმდეგობასაც გამოიწვევდა ხალხში ეს, მაგრამ ერთია, როდესაც ლაპარაკობ და მეორეა, როდესაც ხედავ ერთ თვეში, რომ ეს ყველაფერი ახდება. მერე რომ ჩავედი ვნახე, რომ რადიკალურად შეცვლილი იყო მიდგომები. ჩანდა უკვე, თუ რა მოხდებოდა, რომ ჩვენ არ დაგვტოვებდნენ. ამით რისი თქმა მინდა, ყველას აქვს თავისი გზა. თურქეთი არის დიდი იმპერიული ზრახვების მატარებელი ქვეყანა, ჩვენ არ ვართ დიდი, ვართ პატარა და შესაბამისად, ჩვენ მხოლოდ საკუთარ თავს ვიცავთ და ჩვენი ხალხი, თურქეთისგან განსხვავებით, ბევრად ევროპულია. ეს რეალობაა. შეურაცხყოფას კი არ ვაყენებ ვინმეს, ვამბობ, რომ ბევრად ევროპული ვართ და ეს ასეა. აქედან გამომდინარე, საკითხი დგება მარტივად, რომ ჩვენზე არის დამოკიდებული ბევრი რამ. ჩვენთვის კარი ღიაა. ბოლო დღეებში ქუჩაში რომ დავდივარ, ჩემთვის საინტერესო დაკვირვება იყო ის, რომ ვინც შემხვდა და ვინც მიცნობს ან არ მიცნობს, ყველა მხვდებოდა და უცნობიც კი მილოცავდა, ხაზს ვუსვამ. ახალგაზრდები, ერთმანეთს ვულოცავდით ამას, ე. ი., ეს რას ნიშნავს? რომ თაობათა ცვლა მიდის და ახალგაზრდებს აბსოლუტური მოტივაცია გაუჩნდათ. ამიტომ იმ სკეპტიკოსებს მინდა ვუთხრა, რომ რაც არ უნდა ილაპარაკონ, მათ არანაირი შანსი არ გააჩნიათ.