- ორშაბათი, 23 დეკემბერი, 2024
2023-11-15 07:47:13
თამარ სანაძე
ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა, გამოაცხადა, რომ ევროკომისია გასცემს რეკომენდაციას, საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. თუმცა ევროკომისია ამ გადაწყვეტილებას იღებს დათქმით, რომ ქვეყანა ცხრა მიმართულებით გადადგამს ნაბიჯებს.
„ევროკავშირი სრულად უჭერს მხარეს საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის გულწრფელ სურვილს, გაწევრიანდეს ევროკავშირში. ევროკავშირისადმი ეს მისწრაფებები უკეთ უნდა აირეკლოს ხელისუფლებამ“, _ განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა პრესკონფერენციაზე.
დადებითი რეკომენდაციის შემდეგ საქართველო ახლა 15 დეკემბერს ელის, როდესაც კანდიდატის სტატუსის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება გამოცხადდება.
ევროკომისიის ანგარიშის შედეგებზე, თუ რა პირობებით მიიღო ევროკომისიამ გადაწყვეტილება, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიეღო, გაზეთ „ქრონიკა+“-თან ისაუბრა „რონდელის ფონდის“ ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორმა, კახა გოგოლაშვილმა:
_ ბატონო კახა, მოვისმინეთ ევროკომისიის ანგარიში და გადაწყვეტილება საქართველოსთან მიმართებით. საქართველოს მიენიჭა დადებითი რეკომენდაცია.
ამ თემაზე ბევრი ისაუბრეს ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ, ასევე ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. დოკუმენტი უკვე გამოქვეყნებულია. როგორია თქვენი შეფასება და შთაბეჭდილებები ამის შესახებ?
_ ეს არის ევროკომისიის რეკომენდაცია. თუკი ეს ევროპულმა საბჭომ დაამტკიცა, ჩვენი ქვეყანა, საქართველო, კანდიდატის სტატუსს მიიღებს დეკემბერში. ამ მომენტისთვის ეს მხოლოდ რეკომენდაციაა, მაგრამ რეკომენდაცია ძალიან ბევრს ნიშნავს, შეიძლება ითქვას, რომ, პრაქტიკულად, 90%-ით გარანტირებულია კანდიდატის სტატუსის მიღება. თუკი იქამდე რაღაც კარდინალურად არ შეიცვალა, მაგალითად, ჩვენი ქვეყნის მოქმედებებში ან ევროკავშირის წევრი რომელიმე ქვეყნის დამოკიდებულებაში საქართველოს მიმართ.
რაც შეეხება იმას, თუ რა პირობებზე და როგორ გვაძლევენ სტატუსს, იქ მოცემულია 9 პირობა, რომელიც გულისხმობს რეფორმების გაგრძელებას.
წინა პირობებზეც მინდა ვთქვა: მოგეხსენებათ, ეს იყო 12 პირობა, რომელშიც გაწერილი გახლდათ კონკრეტული საქმეები, კონკრეტული რეფორმები, რომლებიც უნდა გაეტარებინა საქართველოს ხელისუფლებას. გარკვეული მათგანი შესრულდა, ზოგიერთი შესრულდა ნაწილობრივ. სამი პუნქტი შესრულდა, დანარჩენი შესრულდა ნაწილობრივ, ზოგ პუნქტში კი არანაირი პროგრესი არ არის. მაგალითად, დეპოლარიზაციას რაც შეეხება, პროგრესი არ არის, სასამართლო რეფორმაში არის ნაწილობრივი პროგრესი, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები დარჩენილია. ევროპარლამენტი მოითხოვს იუსტიციის საბჭოს რეფორმირებას.
ასევე არის მიმართულებები, სადაც უფრო მეტად, დეტალურად გაწერის შედეგად ჩანს, რომ ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოა გასატარებელი იგივე ინსტიტუციური რეფორმის, საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად. შემოვიდა ახალი მოთხოვნები, ეს არის ის, რომ ქვეყანამ აუცილებლად უნდა იბრძოლოს უცხოურ დეზინფორმაციასთან. აქ აღნიშნულია, რომ უცხოურ დეზინფორმაციასთანო, მაგრამ ნაგულისხმევია ბრძოლა რუსულ დეზინფორმაციასთან. უნდა გაძლიერდეს ბრძოლა დეზინფორმაციასთან და რუსულ პროპაგანდასთან. ამისთვის საჭიროა სტრატეგიის შემუშავება, კონკრეტული ღონისძიებების დაგეგმვა, კონკრეტული სამუშაო ჯგუფებისა და ინსტიტუტების შექმნა, რომლებიც ამას სერიოზულად მოჰკიდებენ ხელს.
მეორე მნიშვნელოვანი საკითხია ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის განცხადებებზე შეერთება. კონკრეტულად, 27 ქვეყნის სახელით ამ განცხადებებს აკეთებს ევროკავშირის საგარეო საქმეთა უსაფრთხოების უმაღლესი წარმომადგენელი და აი, ამ განცხადებებს უნდა შეუერთდეს საქართველო უფრო ინტენსიურად.
ჩვენი ქვეყანა აქამდე უერთდება განცხადებების მხოლოდ 30%-ს, მაშინ როდესაც მოლდოვა, უკრაინა და სხვა კანდიდატი სახელმწიფოები უერთდებიან უფრო მაღალი ხარისხით, დაახლოებით, 60-70% განცხადებებისა გაზიარებულია მათ მიერ.
საქმე ის არის, რომ არც გარანტია არის იმისა, ამ მოთხოვნების შესრულება საკმარისი იქნება, რომ ჩვენ გავხსნათ მოლაპარაკებები ევროკავშირთან. ეს არ არის მათ ანგარიშში და მათ ბოლო რეკომენდაციაში გაწერილი, რომ ეს 9 პუნქტი საკმარისია იმისთვის, რათა საქართველომ მოლაპარაკებები დაიწყოს ევროკავშირთან გაწევრიანებაზე. როგორც ჩანს, მოლაპარაკების დასაწყებად კიდევ დამატებითი მოთხოვნები იქნება შემუშავებული. ეს მოთხოვნები, რომლებიც ამ 9 პუნქტშია თავმოყრილი, ეკუთვნის კანდიდატის სტატუსს. კანდიდატის სტატუსს გვაძლევენ, მაგრამ იმედს იტოვებენ, რომ ამ საკითხებს გამოვასწორებთ. თუ ეს შევძელით, ძალიან კარგი. თუკი ვერ შეძლო ამ ყველაფრის შესრულება საქართველომ, არც დადგება საკითხი სხვა ახალი პირობების შესახებ, რომ მოლაპარაკებების შესაძლებლობა გაგვეხსნას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოლაპარაკებები დავიწყოთ 2025 წელს მაინც, იმიტომ, რომ უნდა მოვასწროთ 2030 წლის ბოლომდე მოლაპარაკებების დასრულება ევროკავშირში გაწევრიანებაზე. მომავალი ტალღა გაწევრიანებისა სწორედ 2030 წელს დასრულდება _ ასე გეგმავს, ყოველ შემთხვევაში, ევროკავშირი.
_ „მომდევნო 5 კვირა იქნება უმნიშვნელოვანესი“, _ განაცხადა ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩნსკიმ. თქვენი აზრით, რა უნდა ვაჩვენოთ თუ დავუმტკიცოთ ევროკავშირის ქვეყნებს ამ დროში, რომ კანდიდატის სტატუსზე ევროკავშირის წევრმა 27-მა ქვეყანამ მტკიცე „კი“ გვითხრას?
_ პირველ რიგში, რადგან ევროკავშირმა მოგვცა დადებითი რეკომენდაცია, ეს ნიშნავს იმას, რომ, პრაქტიკულად, ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყანა მხარს გვიჭერს. ყოველ შემთხვევაში, არ არის ევროკავშირის ისეთი წევრი ქვეყანა, რომ მტკიცე უარზეა, რომ საქართველოს მიეცეს კანდიდატის სტატუსი. სწორედ ამიტომ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები, უმეტესწილად, განწყობილნი არიან, რომ რეკომენდაცია მიიღონ და დაუმტკიცონ საქართველოს სტატუსი. თუმცა ნებისმიერი გამწვავება რომელიმე წევრ ქვეყანასთან დამღუპველია. მაგალითად, ჩვენი მთავრობა და ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად იყენებდნენ ძალიან უხეშ ტონს ევროკავშირის წარმომადგენლებთან, ევროპარლამენტარებთან მიმართებით ამ ერთი თვის განმავლობაში. ეს რომ განმეორდეს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან რომელიმე ქვეყნის ლიდერის მიმართ ან მთლიანობაში ქვეყნის, სახელმწიფოს მიმართ ამან შეიძლება ხელი შეუშალოს დადებით დინამიკურ პროცესს და კონკრეტულმა ქვეყანამ მხარი არ დაუჭიროს საქართველოს. ეს ერთი მოცემულობა და ერთი მოსაზრებაა, მაგრამ ნებისმიერი სახის შიდა პროცესი, რომელიც იქნება ძალიან ნეგატიური და საპირისპირო ევროპულ ღირებულებებთან და ევროპულ მოთხოვნებთან, მაგალითად უსამართლო დაჭერები, დემონსტრაციული დარბევა ან ადამიანების უფლებების მასობრივი დარღვევა ან ისეთი მოქმედებები და განცხადებები, რაც ავნებს უკრაინას (მაგალითად, რომ დადგინდეს, საქართველო ევროკავშირისა და ამერიკის სანქციებს გვერდს უვლის, ეხმარება რუსეთს სანქციების გვერდით ავლაში და რაიმე ასეთი რომ გამოჩნდეს) შესაძლებელია, ევროპულმა საბჭომ მყისიერადვე გაურკვეველი დროით გადადოს ჩვენი ევროინტეგრაციის პროცესი. საბოლოო ჯამში, ძალიან ფრთხილად უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლება, რომ არ ჩაიდინოს ისეთი მოქმედებები და არ დაიწყოს ისეთი კანონების მიღება, რაც ხელს შეუშლის საქართველოს კანდიდატის სტატუსის მოპოვებაში. მაგალითად, მომზადებულია დრაკონული ხასიათის რაღაც კანონები. ერთ კანონს პრეზიდენტმა ვეტო დაადო, მეორე კანონს იღებენ და კიდევ თუ მოამზადეს ასეთი სახის დრაკონული, ანტიდემოკრატიული კანონი და მიიღეს კიდეც ამასობაში, ეს შეიძლება ევროკავშირისთვის იყოს არგუმენტი და ჩაიფუშოს და ჩაიშალოს ჩვენი ზარზეიმით გაზიარებული სიხარული. ვიმეორებ, ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო.
_ გაქვთ განცდა, რომ წლის ბოლომდე დარჩენილ დროში მთავრობა გადადგამს ისეთ ნაბიჯებს, რომელიც ჩვენს დასავლელ პარტნიორებს დაანახვებს, რომ საქართველო ევროპულ გზაზე ურყევად დგას?
_ უფრო იმის იმედი მაქვს, რომ მგონია, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები რამე ცუდ ნაბიჯებს არ გადადგამენ. რაც შეეხება პროგრესს, ეჭვი მეპარება, რომ განაცვიფრონ ევროპა, იმედი მაქვს, ოცნება რაღაც ისეთს არ გააკეთებს ამ ერთ თვეში, რომ კანდიდატის სტატუსი არ მივიღოთ. მაგრამ აქ არ არის მხოლოდ ერთ თვე საუბარი, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ კანდიდატის სტატუსის როგორც მიღება, ასევე წართმევაც შეიძლება. თუ ძალიან ბევრი დააშავე და ძალიან ცუდი რაღაცები აკეთე, როგორც მთავრობამ, შეიძლება ეს მოცემული სტატუსი წაგართვა. ასე რომ, ფრთხილად ეს ერთი თვე კი არ უნდა ვიყოთ, ფრთხილად და ჭკუით უნდა ვიყოთ კიდევ მომავალი ხუთი წელი, სანამ ჩვენ ევროკავშირის წევრები გავხდებით და ევროკავშირის წევრები რომ გავხდებით, მერე ამაზე გაფრთხილება აღარ დაგვჭირდება, მერე უკვე შეჩვეულნი ვიქნებით ჭკვიანად მოქცევას და ქვეყანას შესაბამისი ინსტიტუტები ექნება აშენებული. თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ არც ერთი ქვეყანა არ არის დაზღვეული და ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში ხდება ზოგჯერ ანტიდემოკრატიული პროცესები ან კორუფციას აქვს ადგილი, მაგრამ გაცილებით ნაკლები ინტენსივობით. სანამ ჩვენ ევროკავშირის წევრი გავხდებით, ჯერ კიდევ არ გვაქვს ჩამოყალიბებული ისეთი ინსტიტუტები, რომლებიც არ მისცემს საშუალებას მთავრობას, ხელისუფლების არც ერთ შტოს, რომ დემოკრატიული წინსვლა შეაფერხოს.
_ ძალიან საინტერესო იქნება თქვენი შეფასება დადებითი რეკომენდაციის გაცემის შემდგომ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების განცხადებებზე, მაგალითად, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, შეიძლება ითქვას, 24 საათის მანძილზე ვმუშაობდით 12 რეკომენდაციის შესრულებაზეო. ეთანხმებით? როგორ შეაფასებთ ამგვარ განცხადებებს?
_ ჩვენ უკვე შევეჩვიეთ ჰაერზე ნათქვამ განცხადებებს. არ მიკვირს, მაგრამ თუ ჩვენ თავი მოვიკალით, ვიმუშავეთ და ეს რეკომენდაციები შევასრულეთ, რატომ გადმოვიდა ამ რეკომენდაციების დიდი ნაწილი ახალ რეკომენდაციებში და რატომ გთხოვენ შესრულებას? ეს იმას ნიშნავს, რომ რეკომენდაციების დიდი ნაწილი ვერ შევასრულეთ. ის, რაც შევასრულეთ, ომბუდსმენის დანიშვნა, გენდერული თანასწორობის მიმართულებით პროგრესი, ევროსაბჭოს რეკომენდაციების საქართველოში დანერგვის მექანიზმი, ესენი ხომ არ არის ახალ რეკომენდაციებში. ისინი, რაც არ აქვს ჩვენს ქვეყანას შესრულებული, ახალ რეკომენდაციაშია გადასული, მათ შორის, დეპოლარიცაზიის საკითხი, დეოლიგარქიზაცია, სასამართლოს რეფორმა, საარჩევნო რეფორმა, საარჩევნო გარემოს რეფორმა, სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობის გაღრმავება და თანამშრომლობის გაღრმავება. მინიმუმ, ეს რეკომენდაციები ხომ ახალ რეკომენდაციებში შესულია და კიდევ უფრო გაფართოებული და დეტალიზებულია. შეიძლება იმუშავეს, კი ბატონო, არავის უნდა დაუკარგო შრომა, მაგრამ ფაქტია, რომ რეკომენდაციების უფრო დიდი ნაწილი არ შეუსრულებიათ. ტრაბახის დრო არ არის. თუ უნდა მთავრობას, ხელისუფლებას, რომ სწრაფად წავიდეს წინ, მეტად კრიტიკული უნდა იყოს საკუთარი თავის მიმართ, მეტად გულახდილი უნდა იყოს შეცდომებშიც და დადებით ნაბიჯებშიც. სიტყვას ძალა ეკარგება, ახლა უკვე მთავრობის წარმომადგენლების სიტყვას ფასი დაკარგული აქვს, უნდა გადაამოწმო შენ თვითონ ყველაფერი, რასაც ისინი იტყვიან, სიმართლეა თუ ტყუილი. ასე არ უნდა იყოს.
რასაც ხელისუფლების მაღალჩინოსანი ლაპარაკობს, იმას გადამოწმება არ უნდა სჭირდებოდეს, ხომ ასეა? ეს არის ძალიან გულდასაწყვეტი. ეს არის ყველაზე მეტად რაც გვიშლის ხელს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე.
ვერ ვისწავლეთ ის, რომ ტყუილებით წინ ვერ წავალთ, ტყუილი აუცილებლად ამოტივტივდება, ვიღაცა გადაამოწმებს, ვიღაც წაიკითხავს, ვიღაც შეაფასებს. ამიტომ აზრი არ აქვს და მეორე კიდევ ხელს გვიშლის წინსვლაში.
თავიანთ საჯარო მოხელეებს რომ ეუბნება, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ 12 პუნქტის შესასრულებლადო, ჩვენ, „ქართული ოცნება“ დღე და ღამ ვმუშაობდით ამაზე, ეს ხომ ძალიან ცუდი საქმეა და თავისივე მოხელეებს აკარგვინებენ ყველაფრის მოტივაციას, რომ მათ მართლა იშრომონ 24 საათი და რაღაც მაინც გააკეთონ. ეს არის არასწორი მიდგომა და ჯობია, მსგავსი ქმედებები შეცვალონ, სანამ დროა.
_ პარიზში გაიმართა მშვიდობის ფორუმი. მოვისმინეთ საქართველოს პრემიერისა და პრეზიდენტის განცხადებები, გზავნილები. სალომე ზურაბიშვილმა ოკუპანტი ქვეყნისგან მომდინარე საფრთხეებსა და გამოწვევებზე ისაუბრა. ფორუმზე მან ოკუპანტების მიერ სასტიკად მოკლულ გინტურზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ რუსეთი არ იცვლება, მას კვლავ იმპერიალისტური ზრახვები აქვს.
პრემიერმა კი ძირითადად მშვიდობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება და პასუხი ყველა კონფლიქტზე უნდა გახდეს მშვიდობა, _ როგორია თქვენი შეფასება პრეზიდენტისა და პრემიერის გზავნილების შესაახებ?
_ ეს გზავნილები დიპლომატიური თვალსაზრისით მისაღებია. სალომე ზურაბიშვილი გამოვიდა ფორუმზე და ამბობს, რომ ჩვენ მყარად ვდგავართ ევროპის მხარესო, მაგრამ რამდენად მყარი და აბსოლუტური სიმართლეა ეს, საკითხავია, იმიტომ რომ ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებაში არის ხალხი, კონკრეტულად პარლამენტში, რომლებიც აშკარად პრორუსულ მესიჯებს ავრცელებენ. აშკარაა, სრულად ჯერ არ არის უზრუნველყოფილი სურათი. ჩვენ არ ვიცით, მმართველ ძალაში არსებული ეს პრორუსული ძალები, რომლებიც პარლამენტში სხედან, რამდენად შეძლებენ ქვეყნის კურსის შემობრუნებას.
რაც შეეხება პრეზიდენტის გამოსვლას მშვიდობის ფორუმზე და მის გზავნილებს, თუ ამას მივუსადაგებთ ერსა და საზოგადოებას, ალბათ, სწორია, იმიტომ, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი მიისწრაფის ევროპისკენ და ეს ნაბიჯი გადადგმული აქვს. კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციამ ძალიან დიდი სიმყარე შესძინა ჩვენს არჩევანს.
რაც შეეხება საქართველოს პრემიერ მინისტრის განცხადებასა და გზავნილებს, ასეთი გაურკვეველი განცხადებები გლობალური ომის პირობებში არავის სჭირდება პატარა საქართველოს მხრიდან, რომელიც არ წყვეტს მშვიდობის საკითხებს. ეს რომ ეთქვა ბაიდენს, ეს იქნებოდა აღქმული, როგორც სიგნალი, რომ უკრაინამ უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები და რუსეთთან რაღაც სამშვიდობო ზავი დაიდოს და ა. შ. ამ ეტაპზე მშვიდობისკენ მოწოდება არის უკრაინელების დემოტივაცია, კიდევ კარგი, რომ ასეთ განცხადებას აშშ-ს პრეზიდენტი, ბაიდენი არ აკეთებს. ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან გაკეთებული ასეთი განცხადება არანაირად არ იმოქმედებს არც უკრაინელი ხალხის სულისკვეთებაზე და არც იმ ჯარისკაცის სიმტკიცეზე, რომლებმაც საკუთარი ოჯახის ნაწილი შესწირეს ომს და იბრძვიან გამარჯვებისთვის. მშვიდობა ძალიან მნიშვნელოვანია, აქ საუბარია სამართლიან ომზე, უკრაინელები აწარმოებენ სამართლიან ომს, უკრაინას უკან დახევა არ შეუძლია, იმიტომ რომ უკრაინელებს სამშობლოს ართმევენ. უკრაინელებს პირველ რიგში გამარჯვება უნდა უსურვო. ჩვენ რომ ვიძახოთ, მშვიდობა და მშვიდობა და ამისთვის ვიბრძოლოთ, მაშინ ისტორიას, გმირობებს ხაზი უნდა გადაუსვა, ვინც კი იბრძოლა სამშობლოსთვის, უნდა გვეთქვა, რომ სულ ტყუილად იბრძოლა, ჯობდა, დანებებულიყო და მტერს ჩაბარებოდა და მშვიდობა მოეთხოვა. როცა საუბრობ მშვიდობაზე, უნდა ისაუბრო მშვიდობის პირობებზე, თუ შენ მშვიდობის პირობებზე არ საუბრობ, ეს არასერიოზულია და ამას არავინ მოუსმენს. როცა ჩინეთი ლაპარაკობს ამაზე, გასაგებია, ჩინეთს აქვს დიდი გავლენა და თავის თავს აძლევს უფლებას, ასეთი გზავნილები აკეთოს. ამ ქვეყანას სულ არ ადარდებს უკრაინის არც გამარჯვება და არც ტერიტორიული მთლიანობა. საქართველოს კი უნდა ადარდებდეს უკრაინის ბედი, უკრაინის გამარჯვება, უკრაინის დამარცხება ომში ან ისეთი მშვიდობა, რომელიც რუსისთვის გამარჯვებად ჩაითვლება, შეიძლება საქართველოს ძალიან ცუდად შემოუბრუნდეს.