- ორშაბათი, 23 დეკემბერი, 2024
2023-10-26 07:27:25
ირინა მაკარიძე
გასულ კვირაში საზოგადოების ყურადღება მიპყრობილი იყო ქვეყნის პარლამენტისკენ, სადაც, პირველად საქართველოს ისტორიაში, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი განიხილებოდა. რას აჩვენებს ეს ფაქტი და როგორ ახასიათებს იგი ქვეყანას? რა გზა განვლო სახელმწიფომ ტრაგედიიდან ფარსამდე _ საქართველოს პირველი პრეზიდენტის დამხობიდან _ მეხუთე პრეზიდენტის არშემდგარ იმპიჩმენტამდე? თუ მაშინ აგრესია და დაპირისპირება შეიარაღებული დაპირისპირებითა და სისხლისღვრით გამოიხატებოდა, ახლა კობახიძისა და მისი მიმდევრების ბოღმიანი და ზიზღიანი გამონათქვამების მოსმენა გვიწევს.
ფართო სურათს რომ შევხედოთ, სად არის დღეს საქართველო და რამდენად უმკლავდება ის მის წინაშე არსებულ გამოწვევებს? _ ამ და სხვა საკითხების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება პოლიტიკურ ფონდ „ჭავჭავაძის ცენტრის“ დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი:
_ ისეთი ადამიანი „ჩემიანი“ ვერასდროს იქნება, რომელიც ივანიშვილის „პრინციპული არჩევანია“, რომელიც 2008 წლის ომის დაწყებას საქართველოს აბრალებს და რომელმაც ამაზე ისეთი წიგნი დაწერა, რუსებმა ჰააგის სასამართლოში საკუთარ მტკიცებულებად წარადგინეს; რომელიც 2007 წელს წითელუბნის რადარის დაბომბვას საკუთარ ქვეყანას აბრალებდა (აქაოდა, სააკაშვილს პუტინის გაშავება უნდოდაო); რომელიც ამაყობს იმით, რომ გარეჯის რუსული სპეცოპერაცია წამოიწყო, ორი უდანაშაულო ადამიანი დააჭერინა და რეალურად, დააკარგვინა საქართველოს ქედსიქითა გარეჯი; რომელიც არ ახსენებს ამ ქვეყნის მთავარ პრობლემას, ბიძინა ივანაშვილს და მხოლოდ მის უსახურ ლაქიებთან კინკლაობს! ამიტომ ჩემთვის სრულიად უინტერესოა ზურაბიშვილ-კობახიძის „დაპირისპირება“. დაახლოებით ისეთივე დამოკიდებულება მაქვს ამ თემისადმი, როგორიც მქონდა პრიგოჟინ-პუტინის დაპირისპირებასთან. ორივესკენ ვარ და არც ერთისკენ _ ერთდროულად. ჩვენ _ ამ ქვეყნის პატრიოტ მოქალაქეებს _ ჩვენი გზა გვაქვს და ამ გზაზე გათვლების გაკეთება სალომე ზურაბიშვილზე დაყრდნობით, უკეთეს შემთხვევაში, დიდი მიამიტობა იქნებოდა.
ფართო სურათში სალომე ზურაბიშვილის შედარება ზვიად გამსახურდიასთან მიუღებელია. პირიქით _ 1991 წელს სალომე ზურაბიშვილი ცალსახად რუსულ ფლანგზე იდგა, მხარს უჭერდა და მიესალმებოდა შეიარაღებულ გადატრიალებას, რომელმაც 15-წლიანი ნგრევა, სისხლი, ომი და უბედურება მოგვიტანა…
ზოგადად, დღეს საქართველოში რუსეთის მსგავსი ვითარება შეიქმნა: თითქოს არსებობს ესა თუ ის ინსტიტუტი _ სასამართლო, პარლამენტი, პოლიცია, ტარდება არჩევნები, მაგრამ რეალურად ესენი ბუტაფორიაა. ყველაფერი პოლიტიკური და სამართლებრივი პროცესის ილუზიაა. ჯერ შიგნით უნდა გავჯანსაღდეთ, რომ წინსვლა შევძლოთ _ სხვანაირად მომავალი, უბრალოდ, ვერ იარსებებს. კვირა არ გავა, ჩემ გარშემო რამდენიმე ოჯახი არ წავიდეს საქართველოდან. წარმატებული ადამიანებიც კი გარბიან ამ ქვეყნიდან, იმდენად დიდია უიმედობის განცდა. შესაბამისად, გავიმეორებ, ყველა პრობლემის გასაღები თბილისშია. გვეყოლება ეროვნული ხელისუფლება? _ გავუმკლავდებით გამოწვევებს და შევალთ ნატოსა და ევროკავშირში. დარჩება რუსქოცური რეჟიმი? _ დავრჩებით რუსეთის მიერ კონტროლირებად ამორფულ ტერიტორიად, რომელიც მალე ქართველებისგან დაიცლება და რუსებს დარჩებათ.
_ ისევ იმპიჩმენტის თემას დავუბრუნდები, პრეზიდენტმა თავად აირჩია სურათი, ოპოზიციას მიმართა, რომ თუ გინდათ, ძლიერი სურათი მივიღოთ, გარეთ დადექითო: „მინდა, ვურჩიო ოპოზიციას, რომ თუ უნდათ, რომ სურათი დადგეს ძლიერი, გარეთ დადგნენ და დადგნენ ამ ანტიევროპული იმპიჩმენტის წინააღმდეგ“, _ თქვა მან. რას იტყვით ამ სურათის შესახებ და რამდენად იყო „ძლიერი სურათი“, რამდენად შეძლო პრეზიდენტმა საკუთარი თავის, როგორც ძლიერი ლიდერის წარმოჩენა?
_ ამ ვირტუალური სურათის შექმნაზე დიდი დრო და რესურსი დაიხარჯა, თუმცა შედეგი ვერ დადგა. სალომე ზურაბიშვილი, ფაქტობრივად, არ არის არც ძლიერი და არც ლიდერი. ის არის რიგითი პოლიტიკოსი, რომელიც სუსის საარჩევნო სპეცოპერაციით დასვეს ჯერ პარლამენტში, შემდეგ კი _ პრეზიდენტად.
_ გამოთქვამენ მოსაზრებას, რომ ამ პროცესმა მისი სახე გამოკვეთა და გაჩნდა შანსი, ის გახდეს ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, _ მან შეიძლება მოიპოვოს „ქართულ ოცნებაზე“ გულაცრუებული ამომრჩევლის ხმები, _ ამაზე რას იტყვით?
_ ამ შესაძლებლობას გამოვრიცხავ.
_ ხელისუფლებამ ცვლილებები შეიტანა „მაუწყებლის შესახებ კანონში“, რომლის მიხედვით, სიძულვილის ენისა და ტერორიზმისკენ მოწოდება თვითრეგულირების სფეროდან რეგულირების სფეროში გადადის. ერთი მხრივ, არის შიშები სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის შესახებ და მეორე მხრივ, სიძულვილის ენას რომ კარგი არაფერი მოაქვს ქვეყნისთვის, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. როგორ შეაფასებთ ამ ცვლილებას? რა მოლოლოდინებს ქმნის ეს?
_ სიძულვილის ენა რომ ცუდია, ამაზე არავინ დაობს. მაგრამ სიძულვილის ენას კრძალავდეს რეჟიმი, რომელიც სიძულვილის მთავარი გამავრცელებელი და გამომყენებელია, ეს არის ავტორიტარიზმი. შესაბამისად, კანონსა და თემაზე მსჯელობა კონტექსტის გარეშე წარმოუდგენელია. პრობლემა არა კანონში ან მის არქონაში, არამედ ხელისუფლებაშია, რომელიც სიძულვილს ორგანიზებულად იყენებს პოლიტიკური მართვის იარაღად, რომელიც პოლარიზაციას დეკლარირებულად ისახავს საკუთარ მიზნად (გავიხსენოთ ივანიშვილის ცნობილი „შუა უნდა გაიკრიფოს“). რომ შევაჯამოთ, ამ ხელისუფლების პირობებში, ეს კანონი იქცევა თავისუფლების შეზღუდვისა და დემოკრატიის მოგუდვის მორიგ ბერკეტად.
_ ვიდრე ჩვენს წვენში ვიხარშებით და ურთიერდაპირისპირებულები ვართ, ამ დროს ოკუპირებული ტერიტორიები კიდევ უფრო აღრმავებენ რუსეთთან კავშირებს, _ აფხაზეთში რუსები ახლა საზღვაო სამხედრო ბაზის შექმნას აპირებენ, სახმელეთო ბაზები ხომ ისედაც აქვთ, ბაბუშერის აეროპორტის აღდგენას იწყებენ, ჩვენ კი ამ დროს ხმას არ ვიღებთ. ოფიციალური სტრუქტურებიდან სრული დუმილია იმ ადამიანის მიმართაც, რომელიც აფხაზეთის ოკუპაციის გაპროტესტებისა და, სიმბოლურად, აფხაზეთის დროშის დაწვის გამო სოხუმის ციხეში სასჯელს იხდის. აღმოჩნდა, ნიკა ბებიას ამნისტიაც კი არ შეეხება, რომელსაც აფხაზები დამოუკიდებლობის 30 წლის აღსანიშნად იღებენ. რას უნდა ვაკეთებდეთ ამ დროს საქართველოში და საით უნდა იყოს მიმართული პოლიტიკური ვექტორი?
_ ეს კითხვა, ალბათ, არ დაისმებოდა, თბილისში რომ ეროვნული ხელისუფლება იჯდეს და არა ვიშის ხელისუფლების ტიპის კოლაბორაციონისტული რეჟიმი. „ოცნებისთვის“ აფხაზეთი საერთოდ არ არის საფიქრალი. სხვათა შორის, ივანიშვილის არაერთ ყოფილ თანაგუნდელს მოუყოლია, რომ ოლიგარქისთვის აფხაზეთის თემა არ არსებობს, მას აფხაზეთი რუსული გავლენის ზონად მიაჩნია, არაფერს აკეთებს იქ ქართული იურისდიქციის აღსადგენად და დევნილების დასაბრუნებლად. მისთვის მთავარი ენგურსაქეთა საქართველოში ძალაუფლების შენარჩუნება და განმტკიცებაა.
იყო დრო, 2012 წლამდე, როცა აფხაზეთთან გვქონდა სწორი პოლიტიკა, როცა ქართველი სპეცრაზმელების შიშით სეპარატისტი მკვლელები გალისა და ოჩამჩირის რაონებში შესვლას ვეღარ ბედავდნენ. ეს დრო, სამწუხაროდ, წარსულს ჩაბარდა. ივანიშვილის რეჟიმმა ჩვენი სპეცრაზმელები ან დახოცა, ან დაიჭირა, ან ქვეყნიდან გააძევა (და ასეთების მონაცემები რუსებს გადასცა). ოკუპირებულ ტერიტორიებზე კი სეპარატისტებს ისევ თავისუფლად შეუძლიათ პარპაში. რაღა შორს წავიდეთ _ გიგა ოთხოზორიას მკვლელი ვიცით, ვინცაა და ვიცით, სადაცაა. მაგრამ „ოცნება“ არაფერს აკეთებს. მათ ეს თემა არ აინტერესებთ, არ აღელვებთ. ახლა რომ ძველი დრო იყოს, რაშიდ კანჯი-ოღლის ყურით ჩამოიყვანდნენ მკვლელობის ადგილას, როგორც ამას ნებისმიერი თავმოყვარე სახელმწიფო გააკეთებდა. ახლა კი…
_ დასავლური ინტეგრაცია, რომელიც მიიჩნევა ყველა პრობლემის პასუხად, რამდენად რეალური ხდება და რას უნდა აკეთებდეს ქვეყანა ამ რუსული ჭაობიდან თავის დასახსნელად?
_ ქვეყანას ეროვნული ხელისუფლება რომ ჰყავდეს, არც ეს კითხვა დაისმებოდა. ასწლეულებია ვამტკიცებთ, რომ ევროპა ვართ, რომ ევროპამ უნდა დაგვინახოს და მიგვიღოს თავისიანად. ამდენი საუკუნის შემდეგ, როგორც იქნა, მოვიდა დრო, როცა ევროპამ დაგვინახა, გვაღიარა და მიგვიღო. სამწუხაროდ, ამ ისტორიულ ეტაპზე, საქართველო ხელთ იგდო რეჟიმმა, რომელიც აქტიურად საბოტაჟს უქმნის საქართველოს ევროინტეგრაციას, პირველ ადგილზე აყენებს საკუთარ კლეპტოკრატიულ ინტერესებს და, ამით, მომავალს უკლავს ჩვენს ქვეყანას, განვითარების საშუალებას უსპობს მას.
საქართველოს ხელისუფლებამ სრულიად არაფერი რომ არ გააკეთოს, უკვე გარანტირებულად მივიღებდით სტატუსს. აი, სულ რომ გაჩერდეს და არაფერი ქნას, ევროპა უპირობოდ მოგვცემს სტატუსს. მაგრამ ხელისუფლება, როგორც ჭეშმარიტად რუსულ-ჰიბრიდული რეჟიმი, აქტიურად ებრძვის ამ იდეას. მაგალითები გვინდა? მხოლოდ რამდენიმე ვახსენოთ:
ღარიბაშვილი ამბობდა, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება „გამოსავალი არ არის“, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები „არ მუშაობს“. გავიხსენოთ რუსული კანონი, რუსეთთან ფრენების აღდგენა, ავტორიტარულ ჩინეთთან დაახლოება, ევროპაში კეთროვან ორბანთან დაახლოება, ხელისუფლების ორგანიზებული ანტიდასავლური რიტორიკა, იმ ევროპელი პოლიტიკოსების ლანძღვა, რომლებიც ჩვენი მთავარი მხარდამჭერები უნდა იყვნენ ევროინტეგრაციის გზაზე… შესაბამისად, ისევ თბილისში რეჟიმის ცვლილების საჭიროებასთან ვბრუნდებით. ამის გარეშე ჩვენი ქვეყნის მომავალი ბუნდოვანია.