QronikaPlus
„ანაკლიის პორტი უნდა აშენდეს და ეს კონსტიტუციური ჩანაწერია“

„ანაკლიის პორტი უნდა აშენდეს და ეს კონსტიტუციური ჩანაწერია“

2023-10-26 07:19:23

ირინა მაკარიძე

რატომ არის პრობლემური ხელისუფლების მიერ ჩინეთის სტრატეგიული ურთიერთობის გამოცხადება? რა საფრთხეს შეიცავს ანაკლიის პორტის ჩინური ინვესტიციით აშენება? რა უნდა გააკეთოს ოპოზიციამ ხელისუფლების მიერ შეცვლილი პოლიტიკური ვექტორის გასასწორებლად? _ ამ და სხვა საკითხების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატი, ბექა ლილუაშვილი:

_ ჩვენ არ გვესწავლება ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობების მნიშვნელობა. ჩვენი პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის, გიორგი გახარიას ხელმოწერაა, როგორც ეკონომიკის მინისტრის, სწორედ ჩინეთთან „თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების“ ხელშეკრულებაზე, ასევე მას უკავშირდება ათეულობით საინვესტიციო პროექტის მხარდაჭერა, ორი საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის ორგანიზება საქართველოში, რომელიც შეეხებოდა ისტორიული „აბრეშუმის გზის“ საკითხსა და ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავებას. ეს არის ერთი საკითხი. დღეს თუ ვინმე არ აღიარებს ჩინეთის ეკონომიკურ როლს გლობალურად და აქედან გამომდინარე, არ ცდილობს მისი ქვეყნისთვის, მოქალაქეებისთვის ამ კეთილდღეობის წამოღებას, ის, უბრალოდ, ძალიან შორს არის გლობალური ეკონომიკური პოლიტიკისგან. ამაზე არ არის საუბარი, რა თქმა უნდა, ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობა უნდა გაღრმავდეს. ეს ასეც ხდებოდა, „თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ შეთანხმების შემდეგ სტრატეგიული პროდუქტების ექსპორტის თვალსაზრისით, ღვინო იქნებოდა ეს თუ სხვა. ახლა ვეკითხები „ქართულ ოცნებას“ _ რაში სჭირდებოდა ეს პოლიტიკური აქტი _ ჩინეთის სტრატეგიულ პარტნიორად გამოცხადება მაშინ, როდესაც არანაირი წინაღობა ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავებას არ შექმნია ჩვენი სტანდარტული თანამშრომლობის ფორმატით? და რა გარანტიები, პირობებია ჩვენი მხრიდან დაყენებული ამ სტრატეგიული პარტნიორობის საკითხში?
_ რა პრობლემას ქმნის ეს „სტრატეგიული თანამშრომლობა“?
_ აქ მთავარი პრობლემა არის დრო და მომენტი, როდესაც ეს ხდება. მთავარი საკითხი გახლავთ რეალური მიზეზი, რაც ამის უკან იმალება. იმ სახელმწიფოსთან სტრატეგიული პარტნიორობა, რომელმაც, მაგალითად, 2022 წლის თებერვალში გააფორმა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კომუნიკე რუსეთთან, არის თუ არა რაიმე პრაგმატული სარგებლის მომტანი ჩვენი მოქალაქეებისთვის? _ არა, რა თქმა უნდა, რაიმე დამატებითი ფაქტობრივი ეკონომიკური სარგებელი ამას არ მოჰყვება. მიზანი სხვაა, _ ის, რომ მოსახლეობაში, საზოგადოებაში შექმნან აბსოლუტურად ცრუ და ტყუილზე დაფუძნებული აღქმა, რომ არსებობს სხვა სახელმწიფო, რომელიც ჩვენი „არაღიარების პოლიტიკის“ მთავარი მოქმედი პირების, აშშ-ისა და ევროკავშირის გარდა, შეიძლება იყოს ამ ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის გარანტი. ამ ილუზიის შექმნას ცდილობს „ქართული ოცნება“ ახლა: რა ამერიკის შეერთებული შტატები, რა ევროკავშირი, აგერ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა იქნება წინაპირობა და გარანტია ამ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და სუვერენიტეტის დაცვის. ეს არის ის ცრუ ნარატივი, რომელსაც ხელისუფლება ამ პროცესით ქმნის.
_ რატომ აკეთებს ამას ხელისუფლება, რა მიზანი აქვს?
_ ამის მიზეზი არის ის, რომ „ქართული ოცნება“ ეწინააღმდეგება ამ ქვეყნის დღევანდელ მოცემულობას და მთავარ გამოწვევას, რომ რეალურად მოხდეს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება და სწრაფად დაიწყოს ქვეყნის ინტეგრაცია ევროკავშირში. ამ გზაზე, რაც ვერ შეცვალა და რასაც მომავალშიც ვერ შეცვლის, არის ქართველი ხალხის განწყობა, დაკვეთა და მხარდაჭერა ქვეყნის ევროინტეგრაციის თვალსაზრისით. ქართველ ხალხს ესმის, რომ ქვეყნები, რომლებიც ჩვენი დამოუკიდებლობის დღიდან მოყოლებული დგანან ამ სახელმწიფოს გვერდით, დგანან „არაღიარების პოლიტიკის“ მთავარ, ფუნდამეტურ საყრდენებად, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდამჭერებად, ამ ქვეყნებთან სტრატეგიულ ურთიერთობას ალტერნატივა არ გააჩნია. „ქართული ოცნება“ ახლა ცდილობს ამ აღქმის შესუსტებას, დაზიანებას. საბოლო ჯამში, ეს კეთდება იმისთვის, რომ თუ იარსებებს სცენარი, სადაც ისინი ინარჩუნებენ ძალაუფლებას, სანაცვლოდ შორდებიან დასავლეთს, ევროკავშირს და ამ ქვეყნის ისტორიულ მისწრაფებებს, რომ ეს მათთვის კომფორტული იყოს.
_ რაც შეეხება ანაკლიის პორტის საკითხს, რამდენად რეალურად მიგაჩნიათ, რომ ის მართლაც ჩინური ინვესტიციით აიგება? არსებობს მოსაზრება, მაგალითად, გიორგი ვაშაძე ფიქრობს, რომ ეს მხოლოდ საუბრის თემად დარჩება და რეალურად პორტის აშენებას არავინ გეგმავს. რას იტყვით ამის შესახებ?
_ ამის გარანტი თავად გახარია იყო, როდესაც ის იმყოფებოდა სხვადასხვა თანამდებობაზე. მაშინ იყო ე. წ. ბმის გაძლიერება ევროკავშირთან _ „ქონექტივიტი“. დღეს ეს ტერმინი საერთოდ გამქრალია „ოცნების“ რიტორიკიდან. ამ ტერმინის შინაარსი ის გახლდათ, რომ ქვეყანაში სტრატეგიული პროექტები უნდა განხორციელებულიყო დასავლური ინვესტიციებით, მათ შორის, ევროკავშირის ინვესტიციებით, ისეთი პროექტები, რომლებიც კიდევ უფრო გააძლიერებდა კავშირებს დასავლეთთან, მათ შორის, გეოგრაფიულ, ინფრასტრუქტურულ, პოლიტიკურ კავშირებს. ამის შესახებ პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრს ვკითხე: - რატომ შეიცვალა ის პარადიგმა, რომელზედაც იდგა საგარეო პოლიტიკის მთავარი ვექტორი? რატომ ლაპარაკობდა ის, რომ ჩინური ტვირთი უნდა გაატაროს ამ პორტმა და ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩინეთის მართული უნდა იყოს ეს პორტი? ეს ტყუილია, რა თქმა უნდა, ჩინური ტვირთიც უნდა გაატაროს ამ პორტმა, მაგრამ ამ ტვირთის საბოლო დანიშნულება არის ევროკავშირისა და აშშ-ის ბაზარი. რა თქმა უნდა, დასავლური ინვესტიცია სტრატეგიული თვალსაზრისით უნდა ყოფილიყო აქ განხორციელებული. მაგრამ იცით, რატომ ვერ მოხდება ეს? რატომ არ დაუპარტნიორდება „ქართულ ოცნებას“ არცერთი დასდავლური ინვესტორი? იმიტომ, რომ გადამგდებები არიან, ევროკავშირთან შეთანხმების ანულირება მოახდინეს, არც ერთი პირობა არ შეასრულეს, რაც პოლიტიკურად აიღეს. დღეს, როდესაც აცხადებენ, რომ სახელმწიფო უნდა იყოს მთავარი პარტნიორი, ვის უნდა ენდოს დასავლური საინვესტიციო საზოგადოება? ხალხს, რომელიც გადამგდებია თავიანთი კოლეგების, ვისთანაც პოლიტიკას აკეთებენ? იმ ქვეყანას უნდა ენდონ, რომლის მართლმსაჯულების სისტემაშიც სანქცირებული მოსამართლეები არიან? როგორ უნდა დაიცვან თავიანთი სიმართლე?
კორუფციული გარიგეგებით ვერ „დაალაგეს“ ევროპელ ინვესტორებთან, ამიტომ გააქციეს ქვეყნიდან. ეს ვერ მოახერხეს და ახლა გადაერთნენ იმ დიად მიზანზე, რომ მოახდინონ ცრუ ალტერნატივების შექმნა საქართველოს მოქალაქეების აღქმაში.
_ მე გკითხეთ, როგორ გგონიათ, აშენდება ეს პორტი თუ დარჩება მხოლოდ საუბრის თემად?
_ ანაკლიის პორტი უნდა აშენდეს და ეს კონსტიტუციური ჩანაწერია. ანაკლიის პორტი უნდა აშენდეს და აშენდეს იმგვარად, რომ გარდა ეკონომიკური სარგებლისა, იყოს პოლიტიკური გარანტიების წყარო. ამიტომ იყო კრიტიკულად მნიშვნელოვანი, რომ ის დასავლური ინვესტიციით აშენებულიყო. არ ვიცი, მათ თუ მოახერხეს ამ პროექტის ბოლომდე გაყვანა, ის, ალბათ, აშენდება ჩინური ინვესტიციით და სახელმწიფოს მონაწილეობით, მაგრამ მას არ ექნება ის დატვირთვა, პოზიტიური როლი, რაც უნდა ჰქონოდა, თუ აშენდება იმ შემთხვევში.
_ ალბათ, არ შეიძლება არ ვახსენოთ: სწორედ გახარიას ადანაშაულებს მამუკა ხაზარაძე, რომ მან ბიძინა ივანიშვილის დავალებით ხელი შეუშალა ამ პროექტის განხორციელებას. თუმცა გახარიას პასუხიც ვიცით, _ ის აცხადებდა, რომ ინვესტორმა ვერ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება…
_ გახარია რა შუაშია? ინვესტორმა ვერ შეასრულა ვალდებულება…
_ რაც შეეხება სხვა საკითხებს, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ არათუ 2024 წელს, 2028 წლის არჩევნებშიც აპირებენ გამარჯვებას. რას იტყვით ამ განცხადებაზე?
_ გულწრფელად მგონია, რომ ახალგაღვიძებულზე თქვა ეგ და ეტყობა, სიზმრებიდან გამოყვა რაღაც, უფრო სერიოზულ კომენტარს ამაზე ვერ გავაკეთებ.
_ რაც შეხება ოპოზიციას, რამდენად აქვს მას ხელისუფლების შეცვლის შანსი?
_ ოპოზიცია თუ იქნება თანმიმდევრული, მიზანზე ორიენტირებული, ყველაფერს შეძლებს. ჩვენ ძალიან სერიოზული, ამბიციური ამოცანა დავუსახეთ საკუთარ თავსაც, როგორც პოლიტიკურ ორგანიზაციას, ასევე დავუსახეთ პასუხისმგებლიან, პროევროპულ პოლიტიკურ პარტიებსაც. თუ საჭირო იქნა, მივეხმარებით ამ ამოცანის შესრულებაში. ეს ამოცანა არის შემდეგი: მომდევნო არჩევნებზე, 2024 წელს, ვერც „ქართულმა ოცნებამ“ და ვერც „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ვერც ცალ-ცალკე და ვერც ერთად, ვერ უნდა გადალახოს 50%-იანი ზღვარი. უნდა დარჩეს 50%-ის ქვემოთ. რატომ? იმიტომ, რომ მათ არ მიეცეთ ამ მავნებლური, შეთანხმებული პოლიტიკის წარმოების საშუალება, რომელიც ამ ქვეყანას აზიანებს. შეთანხმებული, კოლაბორაციული, კოჰაბიტაციური პოლიტიკის წარმოება, რომლითაც უკან ხევს ეს ორი უვარგისი პოლიტიკური ძალა ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს. მაგალითები შემიძლია დავასახელო: მამუკა მდინარაძე გამოდის და ამბობს, რომ „მოლაპარაკებები მიმდინარეობს“… ხაბეიშვილი გამოდის და ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის ბიზნესმენები კეზერაშვილს ელაპარაკებიან… ეს რეალობაა, რაც დადასტურდა არაერთხელ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის დროს, დადასტურდა პოლიტიკის მიღმა ბიზნესის ერთად კეთებასა და ქოლცენტრების საქმეში. დადასტურდა არაერთხელ საკრებულოებში მიღებული გადაწყვეტილებებით, დადასტურდა ბევრი სხვა ფაქტით, რომელიც, საერთო ჯამში, მკაფიოს ხდის იმას, რომ ყველაზე კომფორტული ოპოზიცია დღეს ხელისუფლებისთვის არის „ნაციონალური მოძრაობა“. ხელისუფლებას არ გააჩნია არანაირი პასუხისმგებლობა, რომ ჩამოშორდეს ძალაუფლებას ამდენი წარუმატებლობის შემდეგ და „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აქვს არანაირი მიზანი და ამოცანა, რომ რეალურად შეასრულოს ოპოზიციური ფუნქცია. მათი ამოცანა არის ილუზიის შექმნა, რომ ესენი ერთმანეთთან დაპირისპირებული არიან, სინამდვილეში არ არიან. ეს ხომ ჩემი სიტყვები არ არის, აგერ, ნახეთ, რა შეფასებას აძლევს „ნაციონალურ მოძრაობას“ ირაკლი კობახიძე _ საარჩევნო კამპანიას უტარებს, ამბობს, რომ ქვეყანაში ორი ძალაა მხოლოდ. ერთი „ნაციონალური მოძრაობა“ და მეორე _ „ოცნება“. საარჩევნო კამპანიას უტარებს საკუთარი ტელემედიების საშუალებით, რომ საჩუქარი იყო ხაბეიშვილის გამარჯვება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ. კალაძემ იგივე თქვა. ეს მათი სიტყვებია, რატომ? იმიტომ, რომ რაც უფრო დიდია საფრთხე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მობრუნდეს ხელისუფლებაში, მით უფრო მეტი მხარდაჭერა აქვს „ქართულ ოცნებას“. რა მოხდა 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში? _ ჩამოვიდა სააკაშვილი. ვინ ისარგებლა ყველა მეტად ამით? _ რა თქმა უნდა, „ქართულმა ოცნებამ“… „ნაციონალური“ მოძრაობა იღებდა 540 ათას ხმას და მიიღო 540 ათასი ხმა…
_ თქვენი პარტიის დარტყმები ყოველთვის „ნაციონალურ მოძრაობაზეა“ მიმართული. როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ამ სტრატეგიით _ „ნაციონალური მოძრაობის“ კრიტიკით, ორივე პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ჯამურად 50% ვერ გადალახოს?
_ ჩვენ არ ვაკრიტიკებთ „ნაციონალურ მოძრაობას“. ჩვენ ორივეს ვაკრიტიკებთ _ სახელისუფლებო პარტიასაც და „ნაციონალურ მოძრაობასაც“. იმ ამოცანის შესრულება, რასაც ჰქვია „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ორივეს ერთად დამარცხება და ოპოზიციაში დატოვება, რა თქმა უნდა, ჩვენ მარტო არ შეგვიძლია. ძალიან უპასუხისმგებლო განცხადება იქნებოდა გვეთქვა, რომ ჩვენ მარტო შეგვიძლია, 50%-ს ქვემოთ დავტოვოთ ეს ორი პარტია. არა, სხვა პარტიები უნდა გაძლიერდნენ, კოალიციებში კი არ უნდა შევიდნენ, თავიანთ იდენტობაზე უარი თქვან და სხვის პარტიებში ჩაეწერონ, თვითონ უნდა გაძლიერდნენ და ამით დაგვეხმარონ ამ მიზნის შესრულებაში.
_ რაც შეეხება პრეზიდენტის არშემდგარ იმპიჩმენტის საკითხს, რა სურათი შეიქმნა? არის მოსაზრებები, რომ პრეზიდენტს აქვს პოტენციალი, ოპოზიციურ ლიდერად ჩამოყალიბდეს, როგორ უყურებთ ამ საკითხს?
_ ჩვენთვის, ამ შემთხვევაში, მთავარია პრეზიდენტის ინსტიტუტი და არა სახელი და გვარი. მთავარია, ქვეყანამ შეინარჩუნოს დამოუკიდებელი პრეზიდენტის ინსტიტუტი და არა დაქვემდებარებული, რისი მცდელობაც „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა. ჩავარდნილი მცდელობა, მარცხი, რომელსაც გამარჯვებად ასაღებენ და ამაში ჩვენ მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანეთ. დანარჩენს, მის პოლიტიკურ მომავალთან დაკავშირებით, ვერაფერს მოგახსენებთ. ჩვენთვის პრეზიდენტი არის პრეზიდენტი, „პოლიტიკურ შლეიფს“ არ ვაძლევთ პრეზიდენტს. მას არაფერი განუცხადებია თავის ოპოზიციურ მიზნებზე საჯარო გამოსვლებში, შესაბამისად, თეორიული მსჯელობა მის პოტენციალზე, პარტიებთან გაერთიანებაზე, დროის ფუჭი კარგვაა. დროის ფუჭად დასაკარგად არ გვცალია, უამრავი საქმე გვაქვს.

გაზიარება