- ორშაბათი, 23 დეკემბერი, 2024
2023-10-14 09:18:21
ირინა მაკარიძე
მთავარი ოპოზიციური ძალა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ერთდროულად რამდენიმე მხრიდან შეტევის ობიექტია: ერთი მხრივ, მას უტევს სახელისუფლებო ძალა და მეორე მხრივ, სხვა ოპოზიციური პარტიები, რომლებიც თავიანთი პოლიტიკური ნიშის გამოკვეთას „ნაციონალური მოძრაობისგან“ დისტანცირებით ცდილობენ. ამავე დროს, სირთულეებია პარტიის შიგნით, პარტიის ლიდერი კი ციხეშია.
რას მიიჩნევს პარტიის მთავარ გამოწვევად და როგორ აპირებენ ქვეყნის პოლიტიკური ვექტორის გადარჩენას? _ ამ და სხვა მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა:
_ ქალბატონო თინა, რთულ ვითარებაში მოგიხდათ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარეობა, რას მიიჩნევთ პარტიის მთავარ გამოწვევად?
_ ქვეყნისთვის მთავარი გამოწვევა არის ისტორიული შესაძლებლობა, რომელიც ახლა არსებობს საქართველოსთვის, ევროინტეგრაციის პროცესის დაჩქარების თვალსაზრისით. სამწუხაროდ, „რუსული ოცნება“ ამას ქვეყანას მიზანმიმართულად აკარგვინებს. „რუსული ოცნების“ ძალისხმევის მიუხედავად, მთავარი გამოწვევა არის ჩვენი ევროპელი პარტნიორების დარწმუნება, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, შესაბამისად, ამ ისტორიული შესაძლებლობის გამოყენება უნდა შევძლოთ და ისტორიულ-სტრატეგიული მიზნის რეალიზების შესაძლებლობა უნდა მოგვეცეს. ეს არის, ბუნებრივია, ჩვენი ქვეყნისთვის უმთავრესი ამოცანა, რაზედაც აქტიურად ვმუშაობთ.
_ რაც შეეხება პარტიის მიმართ ოპოზიციური ფლანგიდან შემოტევებს, გახარიას გუნდი „ნაციონალური მოძრაობისკენ“ იშვერს ხელს და „ქართულ ოცნებასთან“ ალიანსში გადანაშაულებთ. საუბარი იყო ბიზნესინტერესებზეც. ამის შესახებ რას იტყვით?
_ უკვე რამდენიმე დღეა ვხედავთ კამპანიას „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ, ახლა უკვე ამ კონკრეტულ კონტექსში ამ კონკრეტული აქტორისგან. ჩემი პროფესიული წარსულის გათვალისწინებით, მაინც დიპლომატიურად ვიტყოდი, _ მიუხედავად იმისა, რომ ისინი ოპოზიციური ველისთვის ძალიან საზიანო, სრულიად უსაფუძვლო და სპეკულაციურ კამპანიას ეწევიან „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ, მე მაინც ვისურვებდი, რომ ყველა პოლიტიკურ ძალასა თუ პოლიტიკოსს, რომელიც პოზიციონირებს ოპოზიციურ ველზე, ახსოვდეს, ვინ არის მთავარი სამიზნე და ვინ ФСБ-ს ხელით ცდილობს, რომ ქვეყანას დააკარგვინოს ევროპული მომავალი. ამგვარი უსაფუძვლო კრიტიკა, სრულიად სპეკულაციური, ბინძური დეზინფორმაციის კამპანია ჩვენთვის ახალი არ არის. ეს ივანიშვილის მთავარი საქმეა მისი 11-წლიანი მმართველობის პერიოდში. ის ხალხს კონკრეტულს ვერაფერს სთავაზობს, გარდა ამ სიძულვილისა და სიცრუის კამპანიისა, რომლის მთავარი სამიზნე, როგორც წესი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იყო და არის. თუმცა ახლა მისი თავდასხმის წრე კიდევ უფრო გაიზარდა და მოიცვა ყველა კრიტიკულად განწყობილი ადამიანი, იქნება ეს მედია, არასამთავრობო სექტორი, ყოფილი სახალხო დამცველი თუ დასავლეთი, რომელიც ერთგულად იცავს ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ არჩევანს. ამდენად, ჩვენთვის ამგვარი თავდასხმა სიახლეს ნამდვილად არ წარმოადგენს, უბრალოდ, ვისურვებდი, რომ საკუთარ თავს დაუსვან შეკითხვა ოპოზიციონერებად პოზიციონირებადმა აქტორებმა, თუ რატომ ხდება უცებ მათი მთავარი სამიზნე მთავარი ოპოზიციური პარტია? მეც შემიძლია საკმაოდ არადიპლომატიური და ვფიქრობ, გაცილებით უფრო საფუძვლიანი განცხადებების გაკეთება, რომ არ ვისაუბრო ეჭვებზე, მათ შორის, მათი ახლო წარსულიდან გამომდინარე, თუმცა ამისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებ იმიტომ, რომ ივანიშვილის ერთ-ერთ ქვეამოცანას იმპიჩმენტის ცირკის წამოწყებისა წარმოადგენს სწორედ ოპოზიციური ურთიერთდაპირისპირება. ივანიშვილს ამ ამოცანის მიღწევაში არ დავეხმარები. თუ მათი არჩევანია, რომ ივანიშვილს დაეხმარნონ ამ ქვეამოცანის მიღწევაში, ეს მათი არჩევანია.
_ თავის დროზე, როდესაც შეიქმნა გახარიას პარტია, ამბობდნენ, რომ ეს იყო „ოცნება 2“. შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნის დროსაც მათ თავი შეიკავეს, გააჭიანურეს თავიანთი თანხმობა. მაშინაც კეთდებოდა განცხადებები „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ. აღნიშნული ხომ არ გაფიქრებინებთ, რომ ეს პარტია მართლაც არის „ოცნება 2“ და მათი მიზანი სწორედ ასეთ კრიტიკულ მომენტებში „ოცნების“ მხარდაჭერაა?
_ კონკრეტულად შოვზე შემიძლია გითხრათ, _ მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის გაუგებარი იყო მათი სკეპტიკური დამოკიდებულება, მე, როგორც ამ იდეის ინიციატორმა, თავიდანვე ვთქვი, რომ ყველაფერს გავაკეთებდი, რათა ყველა კითხვის ნიშანი ოპოზიციურ ველზე მოხსნილიყო. მოხარული ვარ, და ამას ვამბობ ყოველგვარი ნიშნის მოგების გარეშე, რომ მათაც დაინახეს კომისიის შექმნის მიზანშეწონილება და აღნიშნულთან დაკავშირებით პოლიტიკური განცხადებაც გააკეთეს. ჩვენ სწორ მომენტში ამ ინიციატივას აუცილებლად დავაყენებთ. საჯარო პოზიციებიდან გამომდინარე, გვაქვს იმედი, რომ ყველა და მათ შორის ეს კონკრეტული ფრაქცია მხარს დაუჭერს ამ ინიციატივას.
_ ფიქრობთ, რომ საგამოძიებო კომისია შეიქმნება?
_ წარსულში, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია სრულად უჭერდა მხარს საგამოძიებო კომისიის შექმნას, სასამართლოში არსებული კორუფციული სქემების შესწავლის მიზნით, მაინც არ შეიქმნა კომისია, რადგან „ოცნებამ“ პროცედურულ ხრიკს მიმართა, რეგისტრაცია არ გაიარა, რომ შემდეგ სხდომა უფლებამოსილად არ ჩათვლილიყო და ჩვენ არ გვესარგებლა კონსტიტუციით მონიჭებული უფლებით. სწორედ იმიტომ აქვს პარლამენტს მნიშვნელოვანი საზედამხედველო ფუნქცია საპარლამენტო დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ქაღალდზე _ საქართველოში, რომ მას ჰქონდეს უფლებამოსილების განხორციელების შესაძლებლობა. მთელი არსი საგამოძიებო კომისიისთვის 50 ხმის საჭიროებისა და არა 76-ის, გახლავთ ის, რომ უმრავლესობის თანხმობის გარეშეც გვქონდეს ოპოზოციას ზედამხედველობის განხორციელების მექანიზმის ამოქმედების შესაძლებლობა. ქვეყანაში აბსოლუტურად ყველა ინსტიტუცია უზურპირებულია, დაწყებული კონსტიტუციით, ნებისმიერი დადგენილება და გადაწყვეტილება ფარატინა ქაღალდად არის ქცეული ივანიშვილის ხელში, რომელიც პოლიტიკურ გადაწყვეტილებას იღებს და ყველა სახელმწიფო ორგანოს იყენებს ამ გადაწყვეტილების განსახორციელებლად. მისი გადაწყვეტილებაა, რომ სასამართლო კლანი დაიცვას, რადგან ის არის მისთვის მნიშვნელოვანი ფუნდამენტი რეჟიმის შესანარჩუნებლად. ამდენად, ყველა დეპუტატი ვალდებულია, მონური მორჩილებით დაიცვას ეს გადაწყვეტილება.
_ იგივე მოლოდინი გაქვთ ამ კომისიის შექმნასთან დაკავშირებითაც?
_ არ ვიცი, ხელოვნური ხრიკებით ისეთი კომისიის ჩაგდება, რომელიც ეხება შოვის ტრაგედიას და რომლის მიზანია გამოავლინოს ასევე ის, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია მომავალში უკეთ, მათ შორის, ამხელა ადამინაური მსხვერპლი არ იყოს მომავალში შესაძლო ბუნებრივი კატასტროფის განვითარების დროს, ასეთ მძიმე თემაზეც თუ „ოცნება“ პროცედურულ ომს იწყებს, ვფიქრობ, იმდენად მძიმეა და მამხილებელია თემა, რომ მათ საერთოდ არ აინტერესებთ ადამიანის სიცოცხლე. ეს ძალიან მძიმე გადაწყვეტილება იქნება მათთვის, თუმცა არაფერს გამოვრიცხავ.
_ მე გკითხეთ პარტიის გამოწვევებზე, მათ შორის ერთობის საკითხზე. შეძლებთ თუ არა ერთობის შენარჩუნებას?
_ თქვენ აფასებთ ამას გამოწვევად, მე კი მიმაჩნია, რომ პარტიის მთავარი გამოწვევა არის ის, რაც გახლავთ ქვეყნის მთავარი გამოწვევა და ამაზე უნდა ვკონცენტრირდეთ, მასზე მივმართოთ ჩვენი ძალისხმევა. რა თქმა უნდა, პარტიაში შეიძლება არსებობდეს განსხვავებული აზრი, ბევრჯერ მითქვამს საჯაროდ და შემიძლია გავიმეორო, რომ მეც მქონია საკმაოდ მნიშვნელოვან საკითხებზე უმრავლესობისგან განსხვავებული პოზიცია. მაგალითად, საკმაოდ მრავალრიცხოვან პოლიტიკურ საბჭოში, რომელიც, როგორც მახსოვს, 115 წევრისგან შედგებოდა, მე ვიყავი ერთადერთი, რომელმაც პოლიტსაბჭოზე დააფიქსირა განსხვავებული, მაგრამ ძალიან მკაფიო და მკვეთრი პოზიცია, რომ პარტიას ხელი უნდა მოეწერა 19 აპრილის შეთანხმებაზე. ჩემთვის ეს იყო მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური საკითხი, საჯაროდაც ვისაუბრე და ვფიქრობ, საკმაოდ კრიტიკული მოსაზრებებიც გამოვთქვი. მაგრამ ეს იყო კონსტრუქციულობისა და საერთო მიზნებზე სწორების გათვალისწინებით. როცა კრიტიკა ამას ცდება, ვფიქრობ, უცნაურია იმავე პარტიიდან პოლიტიკური მოღვაწეობის გაგრძელება, თუმცა ყველა ადამიანს აქვს თავისი არჩევანი, თუ რა კონკრეტული პოლიტიკური პლაცდარმიდან იბრძოლებს რეჟიმის წინააღმდეგ. მთავარია, ეს ძალისხმევა იყოს საერთო და გულწრფელი. ვფიქრობ, ეს უნდა გვაერთიანებდეს და მაშინ მივხვდებით, რომ გაცილებით მაღალი მიზანი გვაერთიანებს, ვიდრე შეიძლება რაიმე უმნიშვნელო განსხვავება გვყოფდეს.
_ ფიქრობთ, რომ თუკი ნიკა მელია გავა „ნაციონალური მოძრაობიდან“ თავის მხარდამჭერებთან ერთად, ეს არ დაასუსტებს პარტიას?
_ სხვადასხვა კითხვა დასვით და მუდმივად საუბარია, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ რა გააძლიერებს, რა დაასუსტებს… ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ამ მოვლენების განვითარებისას თუ კრიტიკის ანალიზისას გავითვალისწინოთ, ვის ამოძრავებს დაუოკებელი, ახლა უკვე 11-წლიანი ვერშესრულებული (და ვერასდროს შესრულდება) სურვილი, რომ დაასუსტოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. ჩვენ გვახსოვს ერთხელ გაშვებული და მეორედ მოსული პრემიერად წოდებული ღარიბაშვილის განცხადებაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ „რადარებიდან გაქრობის“ შესახებ. მას შემდეგ ის ისე დაითხოვა თავისმა უფროსმა სამსახურიდან, რომ საერთოდ პირადადაც კი არ ამცნო ამის შესახებ, მაგრამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მხოლოდ გაძლიერდა. გახსოვთ, საპრეზიდენტო არჩევნები, სადაც ჩვენმა კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ, მოიპოვა უფრო დიდი მხარდაჭერა, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო. ჩემი აზრით, მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ თანამშრომლობდა სწორედ ისეთივე მჭიდრო საერთო ფორმატში, როგორც ახლა ავირჩიეთ „გამარჯვების პლატფორმის“ სახით, გიორგი ვაშაძესთან. ივანიშვილი ამ მიზანს, გაანადგუროს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ვერასდროს მიაღწევს, ამ ქვეყანაში მუდმივად იქნებიან ადამიანები, რომლებიც ხედავენ, რომ ის აკეთებს რუსულ საქმეს, და უნდათ, გამოუცხადონ მხარდაჭერა იმ პარტიას, ვინ მისი რეალური ალტერნატივაა.
_ რაც შეეხება პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს, _ ეს არის ფარსი, რომლითაც სხვა, მნიშვნელოვანი პოლიტიკური თემები გადაიფარება, თუ რეალურად მიმდინარეობს ხელისუფლებიდან დასავლური ორიენტაციის ადამიანების სრულად განდევდა?
_ ეს ივანიშვილის დადგმული სპექტაკლია. მგონი, ამაზე ყველა ვთანხმდებით. იგივე საკონსტიტუციო სასმართლოში მიმდინარე პროცესმა, რომელიც საჯარო იყო, გამოაჩინა, რომ მას სამართლებრივი მდგენელი არ გააჩნია და მთლიანად პოლიტიკური პროცესია. დიახ, აბსოლუტურად ვიზიარებ ამ მოსაზრებას. ეს პროცესი, ეს აბსურდის თეატრი ივანიშვილმა წამოიწყო იმისთვის, რომ გადაფაროს მნიშვნელოვანი თემები, მათ შორის, მტკივნეული თემა მისთვის მნიშვნელოვანი საყრდენის, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირება აშშ-ის მიერ სახიფათო ფორმულირებით, სადაც ფარცხალაძე მოიხსენიეს რუს-ქართველ ოლიგარქად, რომელიც ФСБ-ს დავალებით საქართველოს საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაზე მავნე ზეგავლენას ახდენდა. ჩვენ ხომ კარგად გვესმის, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ამგვარ ფორმულირებას შემთხვევით არ ირჩევს. ეს არის პირდაპირი მინიშნება ივანიშვილზე. ივანიშვილიც ძალიან კარგად აცნობიერებს, რასაც ჩვენ მთელი წლის მანძილზე ვამბობდით, რომ სანქციები გაგრძელდება და ამავე დროს სულ უფრო დავიწროვდება სანქციების წრე ივანიშვილის ირგვლივ, რომლის საბოლოო მიზანი იქნება თავად ივანიშვილი, როგორც გადაწყვეტილების მიმღები პირი. ზუსტად ეს ხდება. ეს მან ძალიან კარგად იცის, ეშინია ამერიკის სანქციების. ამ მოვლენის, ისევე, როგორც ბევრი სხვა მოვლენის გადასაფარად ის იწყებს ბევრ სხვა პროცესს. ერთ-ერთი ასეთი ფსევდოპროცესი არის სწორედ იმპიჩმენტის პროცესი. მეორე მიზანი და, ალბათ, მნიშვნელობით თანაზომადია ეს ორი მიზანი, ქვეყნის ევროინტეგრაციის საბოტაჟირებაა. პროცესის წამოსაწყებად ამ კონკრეტული მომენტის არჩევა, როდესაც სულ რამდენიმე კვირაა დარჩენილი ევროკომისიის მხრიდან გადაწყვეტილების მიღებამდე, არის ევროინტეგრაციის საბოტაჟი და სხვა არაფერი. მას ნებისმიერ დროს შეეძლო ამ პროცესის წამოწყება. ძალიან კარგად გვესმის, რომ ის სამართლებრივი არგუმენტი, რაც მოიყვანეს, არის სრული აბსურდი და ნებისმიერი სხვა საბაბით შეეძლოთ მსგავსი აბსურდის თეატრის წამოწყება, თუმცა სწორედ ეს კონკრეტული მომენტი აირჩია, ამ კონკრეტულ მომენტში წარგზავნა თავისი მსახიობები აბსურდის თეატრში. ის ბათუმიდან ახლა გადმოინაცვლებს პარლამენტში. როგორც ნიკა გვარამია დაატყვევა კანდიდატის სტატუსის პირველი განხილვის დროს, ახლა იმპიჩმენტის პროცესი წამოიწყო, რადგან იცის, რომ ეს ძალიან ნეგატიურად აღიქმება ბრიუსელში. ამის შესახებ პირდაპირად თქვა ჟოზეფ ბორელმა, ევროკავშირის უმაღლესმა წამომადგენელმა, როგორც ჩვენთან შეხვედრაზეც, ისე საჯაროდაც. ვნახეთ, რომ ევროკავშირის ელჩმაც, ჰერჩინსკიმაც განაცხადა, რომ ეს პროცესი ნამდვილად არ ეხმარება კანდიდატის სტატუსის მიღებას. არ ეხმარება, ანუ ხელს უშლის. ივანიშვილის მიზანია სწორედ კანდიდატის სტატუსის საბოტაჟირება, რადგან პუტინის დავალებაა ასეთი. ევროპა მთლიანად უხსნის საქართველოს მოლაპარაკების პროცესს უკვე სრული გაწევრიანებისთვის, რაც პუტინისთვის პრობლემაა. ამიტომ ის ყველაფერს აკეთებს, რომ ჩვენ სტატუსი არ მივიღოთ. იმედი გვაქვს, რომ ივანიშვილის ძალისხმევის მიუხედავად, ევროპელები ამ შანსს ქართველ ხალხს არ წაართმევენ. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ხელისუფლების როლი, რადგან მას აქვს ბერკეტი, რომ განახორციელოს საჭირო რეფორმები.
_ რაც შეეხება რუსეთის გადაწყვეტილებას ოკუპირებულ აფხაზეთში, ოჩამჩირეში განათავსოს სამხედრო საზღვაო ფლოტი, რამდენად ზრდის ეს საფრთხეებს და რა ბერკეტები აქვს საქართველოს, მათ შორის, 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების, თუ საერთაშორისო ბერკეტების სახით, რომ ამ პროცესს წინ აღუდგეს და რას უნდა აკეთებდეს ამ დროს ხელისუფლება?
_ რა თქმა უნდა, ეს პროცესი უკიდურესად შემაშფოთებელია, ეს არის საქართველოს სუვერენიტეტის აშკარა დარღვევა. ჩვენ, როგორც ოპოზიციურ პარტიას, შეგვიძლია აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადების გაკეთება, მაგრამ ისევე როგორც ევროკავშირის მოთხოვნების შესრულების შემთხვევაში, აქაც მთავარი პასუხისმგებლობა არის ხელისუფლებაზე, მან უნდა აწარმოოს პოლიტიკა, რომელიც ახდენს საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზაციას. ნაცვლად ამისა, ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრად წოდებული ღარიბაშვილი, რომელიც იმყოფებოდა ესპანეთში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე, რუსეთის ამ უკიდურესად სახიფათო ნაბიჯზე საერთოდ არ საუბრობდა. ალბათ ამიტომ არის, რომ რუსული სამხედრო ფლოტის განთავსების გადაწყვეტილებამდე რამდენიმე დღით ადრე კვლავ, მორიგ ჯერზე, ქება-დიდება დაიმსახურა „რუსულმა ოცნებამ“ და ღარიბაშვილმა პუტინის პროპაგანდისტების მხრიდან, როგორიც არის, მაგალითად, მარგარიტა სიმონიანი. რას უნდა აკეთებდეს ახლა ხელისუფლება? უპირველესად, უნდა იყენებდეს ასეთ მაღალ საერთაშორისო ტრიბუნებს, უნდა აკეთებდნენ განცხადებებს. ყველას გვახსოვს ერთ-ერთი ოპოზიციური არხის ჟურნალისტის კრიტიკული შეფასება, ერთი მეორის მიყოლებით, როგორ ასწრებდნენ ერთმანეთს სხვადასხვა უწყებები განცხადებებს, მაშინ, როდესაც ღიად ანექსიურ ნაბიჯს დგამს რუსეთი, რომელიც პირდაპირი გამოვლინებაა რუსეთის იმპერიალისტური პოლიტიკის და წარმოადგენს მილიტარიზაციის გაზრდას. ამას საერთოდ არ ეხმიანებიან, არც თავდაცვის სამინისტროს გაუკეთებია განცხადება, არც შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, არც საპარლამენტო კომისიას, რომელიც აფხაზეთისა და ცხინვალის დეოკუპაციის დროებით კომისიად არის შექმნილი. ერთადერთი, გამოეხმაურა საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომელმაც საერთოდ არ ახსენა მოწოდება საერთაშორისო საზოგადოების მიმართ, რომ დაგმოს რუსეთის ეს ნაბიჯი. ეს პოლიტიკა ქმნის საშიშროებას, რომ რუსეთმა საქართველოს სუვერენული ტერიტორია უკრაინაში ომის წარმოებისთვის გამოიყენოს. ეს არის უკიდურესად შემაშფოთებელი. „რუსული ოცნების“ სიჩუმეც, ალბათ, ლოგიკურია, იმ პოლიტიკის ფონზე, რომელსაც ეს მთავრობა აწარმოებს.
_ ეს ვითარება მათ მიერ ყბადაღებული „მეორე ფრონტის“ საფრთხეს ხომ არ ქმნის იმ გაგებით, რომ ის შეიძლება მართლაც გახდეს უკრაინის სამიზნე, თუკი იქ ყირიმიდან გადმონაცვლებული ფლოტი განთავსდება?
_ ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების მილიტარიზაცია, რა თქმა უნდა, არის უკიდურესად სახიფათო ჩვენი უსაფრთხოებისთვის. ეს ცხადზე ცხადია და თუ რამე საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეანის მშვიდობასა და სტაბილურობას, არის სწორედ ეს მზარდი მილიტარიზაცია. ნაცვლად ამაზე რეაგირებისა, ჩვენ ვისმენთ ბოდვას სუს-ის მხრიდან, რომელიც პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად აქცია „ოცნებამ“ და თავს ესხმის ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რომლებიც იცავენ ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალს. სწორედ ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალშია რეალურად მშვიდობის, კეთილდღეობის, სტაბილურობის შანსი. საქართველოში მშვიდობა და სტაბილურობა სწორედ ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებაა.
_ ვხედავთ, როგორ გეგმაზომიერად ცდილობს ხელისუფლება ქვეყნიდან დასავლეთის განდევნას. გამოსავალს სად ხედავთ?
_ გამოსავალს ვხედავთ ხელისუფლების ცვლილებაში.