QronikaPlus
„ოცნება“ რუსეთთან შემხვედრ ნაბიჯებს დგამს, საქართველოს უსაფრთხოების გაძლიერების ნაცვლად“

„ოცნება“ რუსეთთან შემხვედრ ნაბიჯებს დგამს, საქართველოს უსაფრთხოების გაძლიერების ნაცვლად“

2023-10-14 08:56:13

ირინა მაკარიძე

მოსკოვში, პუტინთან გამართული შეხვედრის შემდეგ, ოკუპირებული აფხაზეთის მეთაურმა, ასლან ბჟანიამ, განაცხადა, რომ ოჩამჩირეში რუსეთის საზღვაო სამხედრო ფლოტი უნდა განთავსდეს.

რა საფრთხეებს შეიცავს ეს გადაწყვეტილება? რა ბერკეტები აქვს ქართულ მხარეს ამის შესაჩერებლად? რას უნდა აკეთებდეს ახლა საქართველოს ხელისუფლება? _ ამ და სხვა აქტუალური საკითხების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, თეონა აქუბარდია:

_ რუსეთის მიზანია არა მხოლოდ ოკუპირებული აფხაზეთის ანექსია, არამედ მთლიანად საქართველოს საკუთარი გავლენის სივრცეში დაბრუნება. ეს ნაბიჯი საქართველოსთვის, რა თქმა უნდა, არის დამატებითი საფრთხე. აქ სიახლე არაფერია, 2009 წელს იყო განცხადება გაკეთებული, არა მხოლოდ მე-7 სამხედრო ბაზის დისლოცირებისა ოკუპირებულ აფხაზეთში, მათ შორის, ოჩამჩირის პორტში რუსეთის სამხედრო გემების შესვლასთან დაკავშირებით. დაწყებული იყო სამუშაოები ოჩამჩირის პორტის გაფართოების კუთხით, ამოიღეს შლამი და გააფართოეს საპორტო ინფრასტრუქტურა გემების მისაღებად. ესეც მოცემული ფაქტია. 2009 წელს, როდესაც ეს განცხადება გაკეთდა ოჩამჩირის პორტთან დაკავშირებით რუსეთის მხრიდან, ნატო-ს ჰქონდა საკმაოდ მკაფიო და მკვეთრი პოზიცია. ის, რაც მოსკოვისა და სოხუმის „შეთანხმებით“ მივიღეთ, ეს გაგრძელებაა იმ რუსული მილიტარიზაციის, რომელიც არა მხოლოდ საქართველოს უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს, არამედ მთლიანად შავის ზღვის უსაფრთხოებას, რომელიც ნატო-მ ჯერ კიდევ 2015 წლიდან აღიარა პრიორიტეტად. ეს არის გაგრძელება რუსეთის მცდელობის, რომ შავი ზღვა თავის საკუთარ ტბად აქციოს.
_ რა კავშირშია ეს საკითხი ანაკლიის პორტის მშენებლობასთან?
_ მაშინ, როდესაც ბიძინა ივანიშვილი ანაკლიაში ამერიკული ინვესტიციით პორტის მშენებლობას უპირისპირდებოდა და კითხულობდა, _ რა უნდათ ამერიკულ გემებს შავ ზღვაშიო? _ კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რა მიზანს ემსახურებოდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის არაშენება „ქართული ოცნების“ მხრიდან. ჩვენ რომ ახლა გვქონოდა ამერიკული ინვესტიციით აშენებული ღრმაწყლოვანი პორტი, რომელიც გარდა იმისა, რომ არის ეკონომიკისა და სატრანზიტო ფუნქციისთვის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა, მას ექნებოდა უსაფრთხოების კუთხით დიდი დატვირთვა. „ქართულ ოცნებას“ რომ არ ჩაეშალა ეს პროექტი და აგვეშენებინა ღრმაწყლოვანი პორტი ანაკლიაში, ეს ასევე იქნებოდა დამატებითი შემაკავებელი ეფექტი იმისა, რომ რუსეთს წინსვლა არ მოეხდინა საქართველოს საზღვაო აკვატორიის ოკუპირებული აფხაზეთის ნაწილში. ამ მოცემულობაში რუსული ფლოტის მუდმივი ბაზირება ოკუპირებულ ოჩამჩირეში, რა თქმა უნდა, ევროპული ინვესტიციით ანაკლიის მშენებლობის იდეასაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის. ახლა ტენდერში მონაწილეობს ორი კომპანია, იყო საუბარი „ლუქსემბურგის ინიციატივასა“ და ჩინურ კომპანიაზე. ცალსახაა, რომ ევროპული სახელმწიფოები ამ მოცემულობაში თავს შეიკავებენ ასეთი რისკიანი ინვესტიციის განსახორციელებლად. ერთადერთი, ვინც ამ პორტს ააშენებს, ეს იქნება ჩინეთი. ერთმნიშვნელოვნად საქართველოს გადანაწილება მიმდინარეობს ჩინეთ-რუსეთის ინტერესების შესაბამისად, რასაც „ქართული ოცნების“ პოლიტიკა პირდაპირ ხელს უწყობს.
_ რაც შეეხება საფრთხეების ზრდას, რუსული საზღვაო ფლოტის ოკუპირებულ აფხაზეთში განთავსებით უსაფრთოების რისკების გაზრდას, ამაზე რას იტყვით?
_ რა თქმა უნდა, ეს თავდაცვისუნარიანობის კუთხითაც დამატებით საფრთხეებს ქმნის. ერთია, რუსეთის სახმელეთო ბაზების მე-7 სამხედრო ბაზა, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთშია თავისი ფრთოსანი რაკეტებით (ჯერ კიდევ წლების წინათ იყო საუბარი S-300 ტიპის რაკეტების განთავსებაზე, უკრაინის ომმა გარკვეულწილად შეასუსტა სამხედრო წარმომადგენლობა), მაგრამ მეორეა მუდმივი სამხედრო საზღვაო ბაზის გაჩენა ოჩამჩირეში, რასაც აუცილებლად მოყვება სადაზვერვო ინფრასტრუქტურის განვითარება და დამატებითი კონტინგენტი, რაც ჩვენი თავდაცვის უნარიანობისთვის გაზრდილი საფრთხეა. დღეს, წესით, საქართველოს პრემიერი უნდა იყოს დაკავებული იმით, რომ უსაფრთხოების საბჭოზე იხილებოდეს ეს საკითხი და თავდაცვისუნარიანობის კუთხით, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებაზე მიმდინარეობდეს მუშაობა შესაბამისი ბიუჯეტით და არა იმით, რაც ახლა გვაქვს, _ მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით 1,5%-ია თავდაცვის ბიუჯეტი, როდესაც 2% გვაქვს ნატო-ს მინიმალური სტანდარტით. ამ მოცემულობაში, პარლამენტში უნდა იქმნებოდეს შესაბამისი საპარლამენტო რეზოლუცია, რომელიც არა მარტო დაგმობს ამ ყველაფერს, მათ შორის მოუწოდებს მთავრობას შესაბამისი ზომების მიღებისკენ, ისევე როგორც ჩვენს დასავლელ პარტნიორებს რეაგირებისკენ, როგორც ნატო-ს, ასევე ევროკავშირს, ასევე მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს.
არცერთი შესაბამისი განცხადება საგარეო საქმეთა სამინისტროს წაკნავლებიდან, პრესის დეპარტამენტით რომ გაავრცელა, ჩვენ არ გვინახავს. ამ მოცემულობაში, ე. წ. პრაგმატული პოლიტიკა რუსეთთან მიმართებით, რომელსაც მე დათმობის პოლიტიკას ვუწოდებ, სრული ფიასკოთი სრულდება. რუსეთი ქვეყნის კიდევ უფრო სიღრმეში შემოდის, გამალებული ანექსიის პროცესი მიმდინარეობს. თუ სამოკავშირეო რესპუბლიკაში ოკუპირებული აფხაზეთის შესვლაზეა საუბარი, რაც ასევე დაანონსდა ბჟანიას მიერ, ლოგიკურად იგეგმება ბელარუსის მიერ აფხაზეთის აღიარება.
ამ ვითარებაში „მეორე ფრონტის“ გახსნის საკითხს, რასაც „ქართული ოცნება“ საქართველოს ტეროტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისთვის დამაზიანებლად, პროპაგანდისტულად იყენებს, ეს სუს-ის ანგარიშშიც ძალიან კარგად ჩანს, რომ რუსეთი იყენებს ამ პროპაგანადას ოკუპირებული აფხაზეთის წინააღმდეგ ბიჭვინთის საბოლოოდ წასაღებად, ყველა იმ უკანონობის ჩასადენად, რაც საბოლოოდ აფხაზეთის რუსეთად ქცევას განაპირობებს, ეს არის კიდევ ერთი დემონსტრაცია იმისა, რომ „მეორე ფრონტი“ თუ ვინმეს უნდა საქართველოში, ეს არის რუსეთი, რომელიც აღრმავებს მილიტარიზაციას, ანექსიის პროცესს. დამატებით ეს საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ საქართველოს უსაფრთხოებას, არამედ მთლიანად ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას.
_ რუსეთიდან გაკეთდა განცხადება, რომ ოჩამჩირეში რუსეთის საზღვაო ძალების განთავსებას საქართველო ვერ შეაჩერებს. რა სამშვიდობო ბერკეტები აქვს საქართველოს, რომ ამ პროცესს წინ აღუდგეს?
_ პირდაპირპროპორციული ზომები ჩვენ არ გვაქვს, მაგრამ ვთქვათ, რა შეიძლება გავაკეთოთ? პირდაპირ ფრენებს მიესალმა „ქართული ოცნება?“ _ მიესალმა. მე მაგალითად, ვიფიქრებდი გარკვეულ პროტესტთან დაკავშირებით _ სავიზო რეჟიმის დაწესება რუსეთის მოქალაქეებისთვის, რაც ჩვენი უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია. არ ვამბობ, რომ ავკრძალოთ რუსების შემოსვლა საქართველოში, საუბარია სავიზო რეჟიმზე, რაც ყველას აქვს, სომხეთს 180-დღე აქვს, რუსეთის მოქალაქეებისთვის შესვლის ერთწლიანი ვადა გვაქვს. აქაც პროპორციას რომ შევხედოთ, ეს არის დასავლეთში მძლავრი კამპანია ამ ნაბიჯის დასაგმობად, რომლის შესახებ ჩვენ არ გვსმენია არაფერი. შესაბამისად, საქართველო სამხედრო კუთხით ვერაფერს გააკეთებს. მას შეეძლო ანაკლიის პორტის აშენების შემთხვევაში შემაკავებელ ფაქტორად ეს გამოეყენებინა. მოცემულ ვითარებაში ამას პოლიტიკური ნაბიჯები სჭირდება. თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლების პოლიტიკა ემსახურება საქართველოს სუვერენიტეტის დასუსტებას, იგი რუსეთის შემხვედრ ნაბიჯებს დგამს, საქართველოს უსაფრთხოების გაძლიერების ნაცვლად, ასევე ჯარის გაძლიერებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების ნაცვლად. ამ ვითარებაში „ქართული ოცნებისგან“ არაფერს ველოდები და მიმაჩნია, რომ მთელი რესურსი და ენერგია მიმართული უნდა იყოს იმაზე, რომ 2024 წლის არჩევნებზე „ქართული ოცნება“ ხელისუფლებიდან გავუშვათ, რომელიც ყველაზე პრორუსულია თავისი ქმედებებით და მოვიყვანოთ ისეთი ძალა, რომელიც მოემსახურება გაცხადებულ ეროვნულ ინტერესებს.
_ რამდენიმე დღის წინ პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე იმყოფებოდა თავდაცვის მინისტრი, სადაც განიხილეთ ვაზიანის საკითხი, რის შემდეგაც მინისტრმა განაცხადა, რომ პრობლემა არ არის, აქ განთავსდეს სამოქალაქო აეროპორტიც. რას იტყვით ამ საკითხის შესახებ?
_ როდესაც ვსაუბრობთ ხელისუფლების პრორუსულობასა და დათმობის პოლიტიკაზე, სამხედრო მიმართულების კუთხით ეს ძალიან მკაფიოდ ჩანს. ვაზიანის სამხედრო ბაზა, რომელიც ყოფილი საბჭოთა ბაზაა, არის უმნიშვნელოვანესი ფუნქციის მატარებელი აღმოსავლეთ საქართველოში, ასევე თბილისის დასაცავად. ამ მოცემულობაში, აეროპორტის აშენება სამხედრო პოლიგონიდან 3 კილომეტრში, რა თქმა უნდა, განაპირობებს იმას, რომ ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ერთად ინტენსიური სწავლებები, რომელიც საარტილერიო და სატანკო კუთხით მიმდინარეობს, საბოლოდ შეწყდება (აქ არ არის მხოლოდ პისტოლეტით და ავტომატით სროლა). ვაზიანი ჩვენი ნატოელი პარტნიორების მხრიდან განიხილებოდა, როგორც შესაძლებლობა აქ სამხედრო ინფრასტრუქტურის გაძლიერებისა და ერთობლივი წვრთნების. 2018 წელს „ქართული ოცნების“ პრემიერი, მამუკა ბახტაძე, აშშ-ში ამერიკელ გენერალთან თანხმდებოდა, რომ ერთობლივი სამხედრო აეროდრომი უნდა განახლებულიყო, რაც სრულიად გაუგებარი მიზეზებით ჩაიშალა. ახლა ვაზიანის განვითარების პერსპექტივას მიმდებარედ სამოქალაქო აეროპორტის მშენებლობა სრულიად ასამარებს. საბოლოო ჯამში კი ჩვენს თავდაცვისუნარიანობას კიდევ უფრო ასუსტებს, „ქართული ოცნების“ პოლიტიკიდან გამომდინარე. მაქვს მარტივი კითხვა, _ რატომ არ შეიძლება, ეს აეროპორტი სხვაგან აშენდეს და არა ვაზიანის სამხედრო ბაზაზე, პოლიგონიდან 3 კილომეტრში, თუ აქ რუსეთის ირიბი ინტერესი არ არის? ის საფრთხე, რომელზედაც რუსები მუდმივად ლაპარაკობდნენ, როდესაც ამერიკული ტანკებით, მათ შორის, პარაშუტით ხტომითა და სხვა სამხედრო კომპონენტებით, საქართველო-ნატოს სწავლებები ტარდებოდა და ამას მუდმივად აპროტესტებდნენ, იხსნება იმით, რომ ვაზიანში აეროპორტი შენდება. შესაბამისად, მინისტრის მოსმენისას ჩემი ვარაუდი კიდევ უფრო გამიმყარდა, რადგან მინისტრმა არცერთი დოკუმენტურად დადასტურებული ანალიზი არ წარმოადგინა, თუ რატომ არ არის შემაფერხებელი ფაქტორი აქ სამოქალაქო აეროპორტის მშენებლობა, გარდა იმისა, რომ მან ეს იცის. როგორ შეიძლება, თავდაცვის მინისტრი სამხედროების გარეშე იღებდეს ასეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას და ამით აზიანებდეს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას, თუ ეს არ არის პოლიტიკა? ეს რომ პოლიტიკაა, ამას ირაკლი ღარიბაშვილის პირითაც ვისმენთ. დიახ, ეს არის შეგნებული პოლიტიკური ნაბიჯი იმისთვის, რომ ქვეყანა თავდაცვისუნარიანობის კუთხით კიდევ უფრო დასუსტდეს და რუსეთის ირიბი ინტერესი გატარდეს.
_ პარალელურად, რუსეთი აპირებს სოხუმში ბაბუშერის აეროპორტის აღდგენას, ამაზე რას იტყვით?
_ ე. წ. შეთანხმება უკვე გაფორმებულია, 49 წლით გადადის სოხუმის აეროპორტი რუსეთის მფლობელობაში. საქართველოს ოფიციალური მთავრობისგან ამაზე არცერთი განცხადება არ მოგვისმენია მაშინ, როდესაც რუსული კაპიტალი შედის აფხაზეთში; აეროპორტი, რომელიც არის სტრატეგიული ინფრასტრუქტურა, გადადის რუსეთის ხელში; მაშინ, როდესაც ოჩამჩირე იქნება რუსული სამხედრო ფლოტის მუდმივი ბაზირების ადგილი; მაშინ, როდესაც სამხედრო ბაზები რუსეთს აფხაზეთში ისედაც არ აკლდა. და ეს ყველაფერი 2008 წლის ომის შემდეგ ხდება. რა თქმა უნდა, ეს არის მილიტარიზაციის გაგრძელება, ეს არის ანექსიის პროცესის გაგრძელება. სწორედ რუსეთის ინტერესია, რომ არ იყოს საქართველოში მშვიდობა, ის ყოველთვის ყველაფერს გააკეთებს, რომ საქართველოში იყოს მუდმივი ქაოსი, დესტაბილიზაცია, რომ საქართველო არ იყოს შემგარი სახელმწიფო. ის, რომ რუსეთის ნდობა არ შეიძლება, ეს ყველაზე კარგად ქართველებს უნდა გვახსოვდეს იმ არაერთი ხელმოწერილი შეთანხმების დარღვევის გამო, რომელიც „გეორგიევსკის ტრაქტატიდან“ მოყოლებული, მათ შორის, აფხაზეთში ომისას „ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებებისა“ და 2008 წლის აგვისტოში დადებული ხელშეკრულებების დარღვევით გაგრძელდა.

გაზიარება