- ორშაბათი, 23 დეკემბერი, 2024
2023-10-04 07:13:19
თამარ სანაძე
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე, დაასანქცირა. ამ გადაწყვეტილების მიღების სამოტივაციო ნაწილში ცხადად იყო ნათქვამი, რომ სანქცირებული ფარცხალაძე რუსულ ФСБ-სთანაა დაკავშირებული და გავლენას ახდენს საქართველოს საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში.
ამის შემდეგ ეროვნულმა ბანკმა ფარცხალაძესთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მას შეეზღუდა წვდომა მის საბანკო ანგარიშებზე. ამაზე „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ, განაცხადა, რომ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება ოთარ ფარცხალაძისთვის საბანკო აქტივებზე წვდომისა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულების შეზღუდვაზე „პირდაპირ ეწინააღმდეგება“ საქართველოს კონსტიტუციას.
სანქციების დაწესებისა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულების შეზღუდვის შემდეგ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განცხადება გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, ბანკმა შეიმუშავა და აამოქმედა ცვლილება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებაში, რის შედეგადაც აშშ-ის მიერ სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს საბანკო აქტივებზე წვდომა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულება აღარ ეზღუდება.
გარდა ამისა, პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს ინტერპელაციის წესით უსმენდნენ. მინისტრმა ისაუბრა შოვის ტრაგედიაზე და განაცხადა, რომ რეაგირება არ დაგვიანებულა. სასწაულებრივად გადარჩენილმა ადამიანებმა საპირისპირო განაცხადეს და აღნიშნეს, რომ ტალახში ჩაფლულები დახმარებას რამდენიმე საათის განმავლობაში ითხოვდნენ. მინისტრმა ერთგვარად თავი იმართლა, „ქართული ოცნების“ ლიდერებმა კი შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით ოპოზიციის მწვავე განცხადებებს სისულელე უწოდეს.
ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები „ქრონიკა+“-სთან შეაფასა ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი გუგავამ:
_ ბატონო გიორგი, „ოცნების“ ძალადობრივი ქმედებები გრძელდება, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ირაკლი ეძგვერაძეს სახლთან ოცამდე პირი დახვდა. თავდასხმას წინ უძღოდა დაპირისპირება საკრებულოში, გლდანში დააკავეს ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე ზვიად კუპრავა. რასთან გვაქვს საქმე? როგორ შეაფასებთ ხელისუფლების ძალადობრივ კამპანიას?
_ ეს არახალია მათ საქმიანობაში. ყოველთვის ასე აკეთებენ წინასაარჩევნო პერიოდში. ამგვარი თავდასხმები ხელისუფლების ხელწერაა, ჟურნალისტების, პოლიტიკოსების, სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ. ახლა კი მით უმეტეს, როდესაც ისინი გრძნობენ მოახლოებულ დასასრულს, დიდ პრობლემებს, რომელმაც შეიძლება შეიწიროს მათი ხელისუფლება, ისინი გადადიან თავდასხმებზე. ეს ყველა რეჟიმისთვის დამახასიათებელია, ბოლო ჟამის ქმედებებია. ისინი ყოველთვის ასეთ ბრუტალურ ძალას იყენებენ და ჰგონიათ, ამით რამე ფორმით შეაჩერებენ პროცესს, რომელიც დაწყებულია და აუცილებლად დასრულდება მათი განდევნით სახელისუფლებო თანამდებობიდან. ისინი გრძნობენ, რომ აუცილებლად მიეცემიან პასუხისგებაში.
მათ უამრავი დანაშაული აქვთ ჩადენილი და ასეთ დროს, როგორც წესი, რეჟიმები უხეშ ძალას მიმართავენ, ასეთ ანგარიშსწორებებს. ეს ყველაფერი მათთვის სასურველ შედეგს ვერ მოიტანს, ეს უფრო მათი აგონიის გამომხატველია, ვიდრე რაციონალიზმის.
_ ვისაუბროთ ვახტანგ გომელაურის გამოსვლაზე. შინაგან საქმეთა მინისტრმა ილაპარაკა შოვის ტრაგედიაზე და განაცხადა, რომ რეაგირება არ დაგვიანებულა, სასწაულებრივად გადარჩენილმა ადამიანებმა კი საპირისპირო განაცხადეს და აღნიშნეს, რომ ტალახში ჩაფლულები დახმარებას რამდენიმე საათის განმავლობაში ითხოვდნენ. როგორ შეაფასებთ ამ გამოსვლას პარლამენტში?
_ შოვის ტრაგედიის დროს ხელისუფლებამ ჩაიდინა დანაშაული, მან განსაცდელში მიატოვა მოქალაქეები და გაწირა ისინი სასიკვდილოდ. თავი რომ დავანებოთ აუცილებელ საკურორტო ზონას, როდესაც იცი, რომ გლობალური დათბობის პროცესები მიმდინარეობს, ხდება მყინვარების რკალის აწევა, დნობის პროცესი, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს მეწყერი, ჩამოშლა და ა. შ., არაფერს აკეთებ ამ მიმართულებით, მილიონები გაქვს შეჭმული და სინამდვილეში წინასწარი შეტყობინების მექანიზმები არ დაგიყენებია, იქ არანაირი სწრაფი რეაგირება მეწყრის მოსვლის შემდეგ არ მომხდარა. ჩვენ ვიცით უშუალოდ ამ მეწყერში მოყოლილი გადარჩენილი ადამიანების ისტორიები, რომლებიც რამდენიმე საათის განმავლობაში იბრძოდნენ საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად. ისიც კარგად ვიცით, რომ პირველადი დახმარება მათ ვინც გაუწია, ესენი იყვნენ ადგილობრივები და არანაირი ეფექტიანი ქმედება სახელმწიფოს მხრიდან არ ყოფილა. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ სახელმწიფოს არ ჰყავს თავისი სამაშველო ვერტმფრენი, ამას ვერაფერი შეცვლის. რაც გვყავს, ის ვერტმფრენი მიფრინდა სამი საათის შემდეგ და როგორც კი დაღამდა, იმწამსვე შეწყვიტა სამაშველო სამუშაოები. წარმოუდგენელი დანაშაული არის ჩადენილი, რომელსაც შეეწირა 30 ადამიანზე მეტი. დატრიალდა ტრაგედია. არავინ სთხოვს ხელისუფლებას სტიქიების თავიდან აცილებას. მთავარია, საპრევენციო ზომები და მყინვარების მუდმივი მონიტორინგი, რაც არ ხორციელდება. ასევე აუცილებელია წინასწარის შეტყონების სისტემა და სწრაფი და ეფექტიანი მოქმედება. არც ერთი არ განუხორციელებია ხელისუფლებას. შესაბამისად, პირდაპირ მათი პასუხისმგებლობა დგას. ხელისუფლებას ბრალი აქვს ამ ადამიანების მოკვდინებაში. ხომ არიან თვითმხილველები, რომლებმაც მოყვნენ, რომ ისმოდა ადამიანების ხმები, რომლებიც შველას ითხოვდნენ და ამ დროს სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლები ზოგი ქეიფობდა, სუს-ის დღეს აღნიშნავდნენ მცხეთის ფეშენებელურ რესტორანში. სად გაგონილა, სამი საათის შემდეგ რომ მიფრინდება ვერტმფრენი?! არსებობს დებულებები და სტანდარტები, რომ 15 წუთში აუცილებლად ადგილზე უნდა იყოს სამაშველო ვერტმფრენი. ჩვენ გვახსოვს ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები ამასთან დაკავშირებით, ვინც გადარჩა, გადარჩა, დანარჩენი კი მაინც დაიღუპებოდაო. აქ სად არის ხელისუფლების ეფექტიანი მოქმედება და მუშაობა? ამას ჰქვია ადამიანების განსაცდელში მიტოვება და თანამდებობრივი დაუდევრობა, რამაც გამოიწვია უმძიმესი შედეგი, უამრავი ადამიანის სიკვდილი.
_ საინტერესო იქნება თქვენი აზრი ოთარ ფარცხალაძის დასანქცირებაზე… როგორ შეაფასებთ ყოფილი მთავარი პროკურორის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს?
_ პირველ რიგში, მინდა ვისაუბროთ იმაზე, თუ რას ნიშნავს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ოთარ ფარცხალაძის სანქცირება. ამ ფაქტმა შოკის ეფექტი გამოიწვია საქართველოს ხელისუფლებაში. აშშ-მ დაასანქცირა ფინანსური დასაყრდენი, რუსეთთან მიმართებით მთავარი მესენჯერი. მოგეხსენებათ, უამრავი საკითხია გადასაწყვეტი და მუდმივად ეს ტელეფონით ვერ გადაწყდება, ამიტომ ივანიშვილის მთავარი ემისარი რუსეთში გახლდათ სწორედ ფარცხალაძე, ამავე დროს, ის გახლდათ შავი ფულის, შავი სალაროს ერთ-ერთი მთავარი შემავსებელი, თანხა შემდეგ რიგდებოდა ე. წ. ტროლებსა და ბოტებზე, იმ პროპაგანდაზე, რომელიც წამლავს ქართულ საზოგადოებას, რომელიც ეფუძნება მთლიანად ანტიევროპულ, ანტიდასავლურ პლატფორმას, დაახლოებით იგივეს, რაც რუსეთშია შემუშავებული. დიახ ამიტომ დაწერა აშშ-მ, რომ ის გავლენას ახდენს საზოგადოებრივ აზრზე. ამავე დროს, ეს შავი ფული რიგდებოდა და კონტროლი სწორედ ფარცხალაძეს ეკისრებოდა პროკურატურასა და სასამართლოზე. მისი გავლენის ქვეშაა ყველაფერი, ამიტომ დარტყმა იყო სერიოზული ამ მაფიოზურ სინდიკატზე, რომლის სათავეში დგას ივანიშვილი და, საბოლოო ჯამში, ექვემდებარება ოკუპანტი ქვეყნის ინტერესებს. ადმინისტრაციული ერთეული შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, ოღონდ ესენი არიან მაფიოზური სინდიკატი. აქედან გამომდინარე, წავიდა მერე ის სისულეები, ის ქმედებები რაც ვიხილეთ. წარმოუდგენელი უგუნურება თქვა ირაკლი კობახიძემ იმასთან დაკავშირებით, რომ კონსტიტუცია ირღვევა საქართველოს მოქალაქის მიმართ. კონსტიტუციის თვალსაზრისით ერთნაირ რეჟიმში იმყოფება საქართველოს მოქალაქე იქნება, უცხოეთის მოქალაქე თუ საერთოდ მოქალაქეობის არმქონე პირი.
ერთადერთი განსხვავებაა სამართლებრივი თვალსაზრისით, არჩევნებში არ შეუძლია მონაწილეობის მიღება. დანარჩენს რაც შეეხება, სამართლებრივად ზუსტად ერთნაირადაა. სანქცია უნდა დაეკისროს და ა. შ. ამავე დროს, ამ გადაწყვეტილებებით მთლიანად დარტყმის ქვეშ დააყენეს ქართველი ხალხი. მოგეხსენებათ, ჩვენი ფინანსები, ეკონომიკა მთლიანად დაფუძნებული არის დასავლურ ინვესტიციებზე.
_ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით გაავრცელა განცხადება, სადაც ის წერს: „სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე“, მიზანშეწონილად არ მიაჩნია ამ ეტაპზე ყოფილი მთავარი პროკურორისთვის მოქალქეობის შეწყვეტა.
მის ამ განცხადებას ოპოზიციის კრიტიკა მოჰყვა. თქვენ როგორ შეაფასებთ პრეზიდენტის გადაწყვეტილებას?
_ რომელ ოპოზიციაში? სად არის ოპოზიცია ლეიბორისტული პარტიის გარდა? ერთ დღეს რუსეთის აგენტს რომ ეძახდნენ სალომე ზურაბიშვილს, დღეს კი მთავარ მედროშედ გამოაცხადეს, თურმე, ევროპისა. ის მიუძღვება და ეს არის, თურმე, მთავარი იმედი ჩვენი ევროინტეგრაციის გზაზე. წარმოუდგენელი სისულელეა ეს. სალომე ზურაბიშვილი არის ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთ მთავარი დასაყრდენი. ამაში გარკვეული როლი აქვს მინიჭებული და კრიტიკულ სიტუაციებში ის თამაშობს ივანიშვილის თამაშს. შეთქმულების თეორიებზე არ ვსაუბრობ, კონკრეტულ ფაქტებს გეტყვით: ნათია თურნავა სწორედ სალომე ზურაბიშვილის წარდგენილია ეროვნულ ბანკში, ასევე ნანა ყეინიშვილი მისი წარდგენილია ეროვნულ ბანკში, მანამდე კიდევ ვიცით, რა დანაშაულებრივი ქმედებებიც ჩაიდინა სალომე ზურაბიშვილმა გარეჯზე. ჯერ ალიევთან განცხადება გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რომ საზღვრის დემარკაცია დელიმიტაცია უნდა მოხდეს, სამხედრო ფორმით გამოგვეცხადა დავითგარეჯზე და რამდენიმე საათში დაიკავეს ჩიჩხიტური და უდაბნოს მონასტერი აზერბაიჯანელებმა, სადაც მანამდე თავისუფლად გადაადგილდებოდნენ საქართველოს მოქალაქეები, სასულიერო პირები და დავკარგეთ გარეჯი. აი, ამაზე უნდა მომხდარიყო მისი იმპიჩმენტი. ამ შემთხვევაში ფარცხალაძესთან მიმართებით რა მნიშვნელობა აქვს, საქართველოს მოქალაქე იქნება თუ რუსეთის, თუ მან სახელმწიფოს წინაშე დანაშაული ჩაიდინა. ან საქართველოს ტერიტორიაზე თუ ჩაიდინა დანაშაული, მნიშვნელობა არ აქვს, საქართველოს მოქალაქე იქნება თუ სხვა ქვეყნის მოქალაქე, თუ საერთოდ მოქალაქეობის არმქონე პირი, _ მას ეკისრება პირდაპირი პასუხისმგებლობა. სალომე ზურაბიშვილმა ფარცხალაძეს შეუნარჩუნა საქართველოს მოქალაქეობა, რადგან მას კიდევ რაღაც შავი საქმეები აქვს გასაკეთებელი და ამისთვის საჭიროა საქართველოს მოქალაქეობა, მათ შორის, ევროპაში უვიზოდ გადაადგილება. არ შეიძლება შეგნებულად თუ შეუგნებლად ასეთი სულელური ნარატივების გავრცელება, რომ თითქოს სალომე ზურაბიშვილი არის ჩვენი გადამრჩენელი. ის არის ფარული ხელი ივანიშვილისა, რომელსაც ოლიგარქი ათამაშებს დასავლეთზე და ეს ყალბი დაპირისპირება იმისთვის სჭირდება, მეტი დამაჯერებლობა რომ ჰქონდეს ზურაბიშვილს დასავლეთში, რათა თავი დაიძვრინოს ივანიშვილმა სანქციებისგან. მან პირდაპირ შეასრულა რეჟმის დავალება, ბიძინა ივანიშვილის დავალება.
დარღვეულია კონსტიტუცია, სადაც პირდაპირ წერია, რომ როდესაც სხვა ქვეყნის მოქალაქეობას იღებ სახელმწიფოსთან შეუთანხმებლად, ავტომატურად გიწყდება საქართველოს მოქალაქეობა. დასავლეთს მთავარი რეაგირება ექნება იმაზე, როდესაც სანქციების განხორციელებაზე უარი განაცხადა საქართვლომ და ჩაეწერა პირდაპირ რუსეთ-ბელარუსის რიგებში. მხოლოდ იქ არ ითვალისწინებენ სანქციებს. რუსეთის მოკავშირე ჩინეთი ექვემდებარება, ასრულებს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაწესებულ სანქციებს და ჩინური ბანკები, ჩინეთის სახელმწიფო იცავს ამ სანქციებს. ჩვენ ვინ ვართ, ხომ წარმოგიდგენიათ? რა შედეგები შეიძლება მოიტანოს ჩვენი ქვეყნისთვის, ისედაც შიმშილობს საქართველო და მთლად ჩამოიქცევა. ქვეყანა, თითოეული ადამიანი დააყენეს ამ რისკის ქვეშ. რა მნიშვნელობა აქვს, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი იქნება, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თუ ლეიბორისტი, ყველა ამ ქვეყნის მოქალაქე დააყენეს უზარმაზარი დარტყმის ქვეშ, უდიდესი რისკის ქვეშ, მაგრამ მიუხედავად ამისა, არ ასცდებათ დასასრული, პირიქით, „ქართული ოცნება“ დააჩქარებს თავის დასასრულს, მათ არ ასცდებათ ეს სანქციები. სანქციები იყო მათთვის შოკი და ეს გაგრძელდება. მათ დღეს უდიდესი შიში აქვთ დაუფლებული, რომ ის ნაძარცვი ქონება, რომელიც ქართველი ხალხის ღლეტვის, ქართული სახელმწიფოს გაძარცვის ნიადაგზე დააგროვეს, აუცილებლად ჩამოერთმევათ და დაკარგავენ. რუსი ოლიგარქების დასანქცირებულ ქონებას იცით, რა უქნეს? კონფისკაცია გაუკეთეს და ამას მიაწვდიან უკრაინას. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნების“ მიერ ძარცვით მოპოვებულ ქონებას მათ ჩამოართმევენ და ყველაფერი დაუბრუნდება ქართულ სახელმწიფოს.
_ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, გაეროში სიტყვით გამოვიდა, მან ჩვეულ ნარატივს არ უღალატა და განაცხადა: „ნება მომეცით, მკაფიოდ განვაცხადო, _ ჩვენი მთავრობის ფუნდამენტური ფილოსოფია არის ნებისმიერ ფასად ომის აცილება და მშვიდობის უზრუნველყოფა. ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობის გამო წარმოქმნილი გამოწვევების მიუხედავად, მოვახერხეთ ჩვენი ხალხის უსაფრთხოდ ყოფნა უკრაინისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერისას წინდახედული პოლიტიკითა და პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით“. ბატონო გიორგი, როგორ ფიქრობთ, რისთვის სჭირდება პრემიერს ყველა ტრიბუნიდან ამ საკითხზე აპელირება? რას ნიშნავს მისი ეს განცხადება?
_ პარტნიორებში, ალბათ, ბატონი ღარიბაშვილი გულისხმობდა რუსეთის სპეცსამსახურებს. მათთან მჭიდრო კავშირში ნამდვილად არიან და მათი ხელით იმართებიან. სისტემური ადმინისტრირება ხდება რუსეთის პეცსამსახურების მხრიდან საქართველოსი. დაგვაკარგვინეს სახელმწიფოებრიობა, რომლის ფორმალური ნიშნებიც არ შეგვრჩა. ამიტომ გადაიქცა საქართველო ე. წ. შავ ხვრელად, სანქციების გვერდის ავლის ტერიტორიად და ამიტომ არის გაქანებული პლაცდარმი ანტიამერიკული, ანტიდასავლური იდეოლოგიისა. ჩვენ გვესმის სხვა რაიმე ტელევიზიებიდან? რაც საქართველოში ხდება, ასეთი ანტიდასავლური იდეოლოგია არ ყოფილა ფიდელ კასტროს კუბაში, არ ყოფილა ვენესუელაში, არ ყოფილა კადაფის ლიბიასა და ა. შ. ამას ყველაფერს ამ მოღალატეთა ხელით აკეთებს კრემლი. ხელისუფლება მჭიდრო კოორდინაციაშია რუსულ სპეცსამსახურებთან.