QronikaPlus
„რუსეთი არასოდეს არანაირ დათმობაზე არ წავა აფხაზეთთან მიმართებით“

„რუსეთი არასოდეს არანაირ დათმობაზე არ წავა აფხაზეთთან მიმართებით“

2023-10-04 06:47:45

გიგა გელხვიიძე

საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტი, დაძაბულობა შიდა და გარე პოლიტიკურ ველზე, საომარი სიტუაცია რეგიონში _ რა როლი აქვს საქართველოს დღეს და როგორია მისი პოზიციონირება?

ბოლო პერიოდის ყველაზე აქტუალური საკითხების შესახებ „ქრონიკა+“ ესაუბრება პოლიტოლოგსა და პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე პაატა დავითაიას:

_ ბატონო პაატა, რა პოზიციაშია საქართველო ამჟამად რეგიონში?
_ სამწუხაროდ, ქვეყანა, რომელიც ყოველთვის მოწინავე იყო რეგიონში, დღეს არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში. მხოლოდ უნდა ვთქვათ, გააჩნია, რას ვიგულისხმებთ. დემოკრატიის განვითარებითა და ადამიანის უფლებების დაცვით, მედიისა და პოლიტპატიმრების თემებით ხარვეზები გვაქვს, მაგრამ მაინც წინ ვართ რეგიონში. რაც შეეხება ავანგარდში ყოფნას, სამწუხაროდ, არ ვართ რეგიონული ლიდერი, დღეს ლიდერი არის აზერბაიჯანი. აქედან გამომდინარე, სხვა კონტექსტში თუ ჩვენ მოვახერხებთ და ძალიან დიდ იმედს ვიტოვებ, რომ მოვიპოვებთ კანდიდატის სტატუსს, ეს, რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანას ძალიან წინ წასწევს. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება ხელისუფალი და ეს ძალიან პრინციპულად მინდა ვთქვა, მთავარია, ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი.
_ რამდენიმე ხნის წინ რუსულმა მხარემ, კონკრეტულად კი ყოფილმა პრეზიდენტმა, დიმიტრი მედვედევმა, განაცხადა, რომ თუ იქნება სურვილი, რუსეთი სიამოვნებით მიიერთებს აფხაზეთს თავის შემადგენლობაში. ამ ფონზე, რამდენად წავა რუსეთი ამ გადაწყვეტილებაზე ახლა?
_ რუსეთი მიერთებაზე წავიდოდა უპრობლემოდ, ამას მინდა, ხაზი გავუსვა, მაგრამ აფხაზეთში მოსახლეობას აღნიშნულ საკითხზე წინააღმდეგობა აქვს. მედვედევის განცხადებას აფხაზეთში მოჰყვა აბსოლუტურად ყველა პარტიის (არა მარტო საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მედიაჯგუფების) პროტესტი, რომ არანაირი მიერთება რუსეთთან არ უნდა იყოს აფხაზეთის. ამის შესახებ თანამდებობის პირებიც აქტიურად საუბრობენ. მაგალითად, უშიშროების საბჭოს მდივანმა, სერგეი შაიბამ, ღიად თქვა, რომ რუსეთთან არათუ შეერთება, არამედ სამოკავშირეო ხელშეკრულებაშიც არ შევალთო, ეს სერიოზული განაცხადი იყო. სოხუმისგან განსხვავებით, ცხინვალში ეს პრობლემა არ გააჩნიათ. ამ ყველაფერს შემდგომ მოჰყვა ინალ არძინბას განცხადებები, რომელმაც ტურნე ჩაატარა მთელ აფხაზეთში და საშინელი ნეგატიური დამოკიდებულება მიიღო აფხაზებისგან. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ რუსებთან მიერთება აფხაზებს არ სურთ, მაგრამ არც საქართველოსთან უნდათ, მათი იდეაა დამოუკიდებლობა. აქედან გამომდინარე, მედვედევმა რაც უნდა, ის ილაპარაკოს ნასვამ გულზე, მოსახლეობა მის წინააღმდეგ არის და რუსეთს რომ ეს ფაქტორი მომზადებული ჰქონოდა, აფხაზეთი მას უკვე მიერთებული ექნებოდა. მე საფრთხეს ვხედავ იმაში, რომ როდესაც კანდიდატის სტატუსს მივიღებთ, იმ ფონზე რუსეთი წავა გარკვეულ აგრესიაზე და ცხინვალის ანექსია შეიძლება განახორციელოს, რადგანაც ცხინვალში რუსეთთან ინტეგრაციის პრობლემები არ არსებობს.
_ რა ბერკეტები აქვს საქართველოს ამის შესაჩერებლად?
_ პირველ რიგში, ჩვენ უნდა დავიწყოთ სამართლებრივი შეფასებები. სეპარატისტების ლიდერები უნდა გამოცხადდნენ ძებნილებად. დღეს ჰააგის პროკურატურის მიერ ძებნილი არის პუტინი და როდესაც ანექსიაზე მიდგება საქმე, მაგიდასთან უნდა ისხდნენ ინტერპოლის ძებნილები, თორემ შემდგომში საკითხი ვერ დადგინდება. ითქმება, რომ ქართველებმა არ გამოაცხადეს ძებნა სეპარატისტ ლიდერებზე, ე. ი. მათ არ დაურღვევიათ საქართველოს კონსტიტუცია, ამას არ მისცეს ქართველებმა სამართლებრივი შეფასება და ეს ადამიანები ლეგიტიმურად გამოცხადდებიან. ანუ სოხუმი თვითგამორკვევის მიზნით მიუერთდა რუსეთს. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ისინი ძებნილები უნდა იყვნენ და თუ პუტინმა ძებნილებთან ერთად ხელი მოაწერა რამე სახის დოკუმენტს, ეს ძალიან მძიმე იქნება რუსებისთვის. ყარაბაღი ნათელი მაგალითია ამ თემისთვის, ყარაბაღის ყველა ხელისუფლების პირი აზერბაიჯანის მიერ ძებნილი იყო ინტერპოლით. როდესაც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი დადგა, აზერბაიჯანის წინააღმდეგ ვერავინ ამოიღო ხმა. აი, ეს არის სამართლებრივი მიდგომა, რაზედაც უკვე 20 წელია, ვსაუბრობ, მაგრამ არავინ მისმენს.
_ „ქართული ოცნება“ აპელირებს იმაზე, რომ პრობლემა მშვიდობიანი გზით უნდა მოგვარდეს. რუსული მხარის ამგვარი განცხადებების ფონზე, რამდენად ხედავთ კონფლიქტის მოგვარების შესაძლებლობას?
_ კონფლიქტი დიალოგით არასოდეს მოგვარდება და არც არასდროს მოგვარებულა. ომი ან დიალოგი _ ეს უნდა იყოს კომპლექსური მიდგომა. რაც ზემოთ ვთქვი, კონფლიქტის დასარეგულირებლად მნიშვნელოვანია ლიდერების ძებნილებად გამოცხადება, _ მოსახლეობა უნდა ხედავდეს, რომ მათი ლიდერი ძებნილია; ასევე ჩვენი ეკონომიკა მათთვის მიმზიდველი უნდა იყოს, უნდა შევთავაზოთ სხვადასხვა პროექტი; ახალგაზრდებთან უნდა ვიმუშაოთ, რათა ამ ფონზე გაიზარდოს ახალგაზრდა ლიდერი, რომელიც არ იქნება სისხლში ხელგასვრილი და თავის საქმეს მოქნილად გააკეთებს; სპეცსამსახურები შესაბამისად უნდა მუშაობდნენ და ყველაფერი უნდა დასრულდეს დიალოგით და რაღაც შეთანხმებით და არა ისე, რომ მოდით, დავლიოთ ფინჯანი ყავა და შევთანხმდეთ.
_ თუკი დავუშვებთ, რომ რუსეთი წავა დათმობაზე აფხაზეთთან მიმართებით, რის სანაცვლოდ მოხდება ეს?
_ აბსოლუტურად გარანტირებულად შემიძლია ვთქვა, რომ რუსეთი არასოდეს არანაირ დათმობაზე არ წავა აფხაზეთთან მიმართებით. აღიარების შემდეგ დათმობა შეიძლება იყოს იმ შემთხვევაში, თუ თბილისიც მათი იქნება.
_ ძალიან მძიმე ვითარებაა ამჟამად სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. რა გავლენები შეიძლება იქონიოს ახალმა ომმა რეგიონში საქართველოზე?
_ რეალურად, ომის თემა დასრულებულია. აზერბაიჯანი წავიდა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე და ის აღდგენილია, ეს მათ მოახერხეს, შესაბამისად, დიდი ომის საქმე დასრულებულია. შეიძლება ითქვას, ამ ფონზე ჩვენ უნდა ველოდეთ სხვა მიმართულებით მუშაობას რეგიონში. აი, თქვენს პირველ კითხვას რომ დავუბრუნდეთ, _ ლიდერობას რეგიონში: აზერბაიჯანი ლიდერია ყველა მიმართულებით, სამართლებრივად დაწყებული, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენით დამთავრებული. თავისი რიგი დარღვევები მასაც აქვს, რა მხრივაც ჩვენ უფრო წინ ვართ, მაგრამ მას ძლიერის პოზიცია უჭირავს და პოლიტიკური ლიდერია. მათ რომ ვუსწრებდეთ, უნდა ვემზადებოდეთ და ამ ყველაფერს არ ვაკეთებთ.
_ როგორი უნდა იყოს საქართველოს პოზიცია ამ შემთხვევაში?
_ რეგიონში ჩვენი გეოპოლიტიკური და გეოგრაფიული განლაგებითაც ბუნებრივი ლიდერები უნდა ვიყოთ. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ არის ხელისუფალი. ნებისმიერი ხელისუფალი უნდა ფიქრობდეს იმაზე, რომ ყველაფერი გააკეთოს იმ პერიოდში, სანამ ხელისუფლებაშია, რომ ქვეყანა რეგიონის ლიდერი იყოს. კანდიდატის სტატუსის მიღებით ჩვენ ერთი თავით გადავახტებით ყველას და ეს ნიშნავს იმას, რომ 2023-ში ჩვენ შეიძლება ვიყოთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა და ეს რას ნიშნავს ჩვენი თაობებისთვის, ხომ ხვდებით.
_ ბოლო პერიოდში გააქტიურდა საქართველო-ჩინეთის ურთიერთობის საკითხი. რა მოგება შეიძლება ნახოს ჩინეთთან მჭიდრო მეგობრული კავშირებით ქვეყანამ?
_ ამ თემას მარტივად ვუყურებ: ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობა ძალიან ბევრს ნიშნავს, მთავარია, პოლიტიკაში არ ჩააყოფინო ცხვირი. პოლიტიკაში ჩინეთის ჩარევა ნიშნავს ჩინური კრედიტების აღებას. ჩინური კრედიტები თუ არ აიღეს და ისე იმოქმედეს, ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ. ჩვენ ისეთი გეოგრაფიული მდგომარეობა გვაქვს, სწორი პოლიტიკით იმ მოსახლეობას, რაც საქართველოში არის, შესაძლოა, ისეთი შემოსავალი ჰქონდეს, როგორიც ევროპის ყველაზე განვითარებულ ქვეყანას. ყველაფრის მიღწევა შეიძლება, მაგრამ თუ ჩვენ არ ავიღებთ ჩინურ კრედიტებს, ეს არის მომგებიანი, რადგანაც ჩინური კრედიტების აღება ნიშნავს ჩინეთის პოლიტიკის გატარებას.
_ თუ გავითვალისწინებთ რუსეთისა და ჩინეთის ალიანსს და, ამავდროულად, ვიხელმძღვანელებთ იმით, თუ რა ურთიერთობაც აქვს საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას რუსეთთან, რა რისკების წინაშე შეიძლება ვიდგეთ?
_ ევროკავშირსა და ჩინეთს შორის არსებობს სტრატეგიული მოკავშირეობის ხელშეკრულება. ჩინეთსა და აშშ-ს შორისაც, მაგრამ პოლიტიკის გარეშე. აი, პოლიტიკის გარეშე თუ იქნება ჩვენი ურთიერთობა, კარგია და თუ არა, მაშინ მეც თქვენს აზრზე ვიქნები.
_ ჩინეთთან უვიზო მიმოსვლის საკითხზეც გკითხავთ, _ ამ შემთხვევაში, გვაქვს რამე სახის რისკი?
_ ნუ გგონიათ, რომ აქ მოაწყდებიან ჩინელები. მთავარი საფრთხე არის კრედიტები და სხვა მოქმედებები. გამოვიყენებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას, რომელიც მან საქართველოს პრემიერთან მიმართებით გააკეთა, _ დავაკვირდებით მოქმედებებს. დღევანდელი დაკვირვებით საფრთხეს ამ მომენტში ვერ ვხედავ, თუმცა თუ დაიწყება კრედიტების გაფორმება, მაშინ…
_ ტურისტების შემოსვლას შევეხეთ და მინდა გკითხოთ რუსეთის მოქალაქეების შემოდინებასთან დაკავშირებით. მათი რიცხვი საგრძნობლად იზრდება, დაახლოებით, 200 000 არის უკვე ქვეყანაში შემოსული. შესამჩნევია გარკვეული სახის კონფლიქტებიც ქართველებსა და რუსებს შორის. თუ ხელისუფლებამ ვერ მოახერხა ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეებისთვის დარჩენის ვადების შემცირება და არ აამოქმედა მათ მიმართ უფრო მეტი კონტროლის მექანიზმი, სადამდე შეიძლება მივიდეთ?
_ ეს არის რუსული პოლიტიკა და პუტინმა თქვა, ჩვენი თანამოქალაქეები, რომლებიც წავიდნენ, მათთან ეკონომიკური ურთიერთობები უნდა დავამყაროთ და ეს უნდა იყოს ჩვენი დაბრუნების პლაცდარმი. ახლა მოვიყვან 1921 წლის მაგალითს: როდესაც რუსეთში რევოლუცია მოხდა, მაშინ საქართველომ მიიღო ნახევარი მილიონი დევნილი რუსეთიდან (1918-21 წლებში)! ბიბლიოთეკაში რომ მიხვიდეთ და აიღოთ გაზეთები, ნახავთ, _ ზუსტად იმავეზე ლაპარაკობენ, რაზედაც ახლა, რომ რუსთაველი გაივსო რუსებით, ყველა რესტორანში სხედან რუსები და ა. შ. 1921 წელს ჩამოსული რუსებიდან ერთი ნახევარი წავიდა თურქეთში და მეორე ნახევარი _ საფრანგეთში. ნაწილი რუსებისა
(წითელ არმიას გამოქცეულები) დარჩა საქართველოში. ამ რუსებმა უზრუნველყვეს შემდეგ იმავე წითელი არმიელების შემოსვლა საქართველოში. რა თქმა უნდა, ისინი ყველანი დახვრიტეს 33-იან წლებში, მაგრამ მათ უზრუნველყვეს შემოსვლა წითელარმიელების. ამიტომაც უნდა იყოს გამკაცრებული რეჟიმი რუსების შემოსვლასთან დაკავშირებით, როგორც ეს ბალტიის ქვეყნებს აქვთ და არა გალაითებული, ეს არის დიდი პრობლემა.
_ კანდიდატის სტატუსს მინდა, შევეხოთ: ბოლო პერიოდის განცხადებების მიხედვით, რომელიც გაკეთდა ქვეყნის პარტნიორების მხრიდან, როგორია თქვენი მოლოდინი და რით ახსნით მას?
_ ჩემი ვიზიტი ბრიუსელში იგეგმება 17 ოქტომბრიდან. ვიქნები ევროკომისიასა და ევროკავშირში, ეს იქნება ის დღეები, როდესაც, ფაქტობრივად, გამოცხადდება გადაწყვეტილება. გარკვეული ინფორმაციები, რაც მე მქონდა ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებულ მოვლენებამდე, ძალიან პოზიტიური იყო, მაგრამ ეროვნული ბანკის მოქმედებებმა რაღაც საფრთხეები შეიძლება მიაყენოს ამ პროცესებს. ასე ვიტყვი, ფარცხალაძემდე პოზიტიურ რეჟიმში ვიყავი, ახლა მიჭირს ლაპარაკი.
_ თუ საქართველომ ამჯერადაც ვერ მიიღო სტატუსი, რა ცვლილებებს შეიძლება ველოდეთ საგარეო და საშინაო ფლანგზე?
_ ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს მოსახლეობა ხელისუფლებას არ აპატიებს ამას, ეს რა ფორმით მოხდება და როგორ, სხვა თემაა.
_ როგორია ოპოზიციისა და ხელისუფლების შანსები 2024-ის არჩევნებზე დღევანდელი გადმოსახედიდან?
_ ორი პარტია გადალახავს მხოლოდ ხუთპროცენტიან ბარიერს, ეს არის „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ _ ორივე პარტია ერთმანეთს უწყობს ხელს ამაში. სხვას რაც შეეხება, ყველაზე ახლოს მდგომი ხუთპროცენტიან ბარიერთან არის გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“. გააჩნია, რა პოლიტიკას წაიყვანს იგი. დანარჩენი კი ამ ორ პარტიას შორის შეტაკებაში გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“, ეს ცხადია.
_ ამ სიტუაციაში რა უნდა მოიმოქმედოს ოპოზიციამ, რომ მსგავსი შედეგი აიცილოს თავიდან?
_ თუ გვინდა ხელისუფლების ცვლილება, ოპოზიცია უნდა გაერთიანდეს და დადგეს ყველა ერთად, თუმცა არცერთს არ უნდა ეს. ჩემი ამოცანაა და ყოველთვის ვამბობდი ამას, რომ გაერთიანებით შეიძლება გამარჯვება და თუ არა აკეთებ ამას, სხვა შემთხვევაში არ ვიცი.
_ სალომე ზურაბიშვილის როლი ქართულ-ევროპულ ურთიერთობებში?
_ ადამიანი, რომელიც სულ დავალებების შემსრულებელი იყო, უნდობლობას იწვევს. გახსოვთ მისი პოლიტიკა, ორ დღეში ასეთი ადამიანის გაკეთილშობილების არ მჯერა. მისი განცხადებები ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარეობს, მაგრამ ეს ცოტა ადრე უნდა გაეკეთებინა და არა ახლა, როდესაც ვადა ეწურება და სხვა მიზეზები ამოძრავებს.
_ რა შეიძლება იყოს ეს მიზეზები?
_ ვფიქრობ, სალომე ზურაბიშვილი ემზადება ქვეყნიდან წასასვლელად და დიპლომატიურ კორპუსში, გაეროში ან სადმე სამუშაოდ იმზადებს ადგილს. სწორედ ამიტომ აკეთებს ასეთ განცხადებებს, თორემ ქვეყანაზე შეყვარებული ადამიანი უფრო ადრე დაიწყებდა მოქმედებას და არა ბოლოსკენ.
_ რაც შეეხება პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ წამოჭრა, რა ზეგავლენა შეიძლება იქონიოს ამ პროცესმა კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საქართველოსთვის?
_ რა თქმა უნდა, დამაზიანებელია, ორი აზრი არ არსებობს. ეს არის არასწორი დრო იმპიჩმენტისთვის, მაგრამ იგი არ გამოუვათ.

გაზიარება