- ორშაბათი, 23 დეკემბერი, 2024
2023-09-18 09:20:17
ირინა მაკარიძე
რას აცხადებენ „ქართულ ოცნებაში“ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესის დაწყების შესახებ? საქართველოსთვის ასეთ კრიტიკულ, ისტორიულ მომენტში რატომ წამოიწყო მმართველმა პარტიამ ქვეყნისთვის დამაზიანებელი პროცედურა? სახელისუფლებო ძალის არგუმენტების ირგვლივ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ბექა დავითულიანი:
_ პრეზიდენტი მთავრობის თანხმობის გარეშე როდესაც წავიდა საგარეო პოლიტიკური აქტივობების განსახორციელებლად, დაარღვია კონსტიტუცია. შესაბამისად, „ქართული ოცნება“ მოქმედებს სამართლებრივი საფუძვლებით და რეაგირებს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუიციის დარღვევაზე. ყველამ იცის, რომ ეს არის ფორმალური პროცესი, რადგან 100 ხმა სჭირდება მინიმუმ შედეგამდე მისვლას.
_ მაშინ რას ემსახურება „ქართული ოცნების“ ეს ნაბიჯი, რომელსაც, თქვენც აცხადებს, რომ შედეგი არ ექნება?
_ რას ემსახურება და კონსტიტუციის დარღვევაზე რეაგირებას.
_ თქვენი აზრით, რას ემსახურებოდა პრეზიდენტის ვიზიტები, თუ არა ქვეყნის კონსტიტუციური მიზნის ევროპული ინტეგრაციის დაცვას?
_ მე არ ვიცი, რას ემსახურებოდა პრეზიდენტის ვიზიტი, ამაზე ქალბატონმა სალომემ უნდა ისაუბროს, მაგრამ ჩვენ მისი გაცხადებული პოზიცია მოსმენილი გვაქვს, რომ ხელისუფლება არ ასრულებს რეკომენდაციებს. ამ მესიჯით თუ ჩავიდოდა ევროპაში, იქნებოდა ძალიან უხერხული. იმედი მაქვს, ამ მესიჯს აღარ გააჟღერებს. ყოველ შემთხვევაში, თუ ჰკითხავენ, ხომ არ იტყვის, პარლამენტში მოვიტყუე, როდესაც ვთქვი, რომ არ სრულდება რეკომენდაციებიო. საპარლამენტო ტრიბუნიდან მოვისმინეთ ზურაბიშვილის განცხადება, რომ 12 რეკომენდაცია არ სრულდება. თუ ამ მესიჯებით ჩავიდა ის ევროპაში, მაშინ სჯობდა, არ ჩასულიყო.
_ იმპიჩმენტის პროცედურით ზიანდება თუ არა ქვეყნის იმიჯი?
_ ქვეყნის იმიჯი იმით არ ზიანდება, პრეზიდენტი რომ კონსტიტუციას არღვევს? რეაგირება ხომ უნდა მოვახდინოთ პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევაზე? აბა, რა ვქნათ?
_ ე. ი. ფიქრობთ, რომ ამ პროცედურის დაწყებით ზიანდება ქვეყნის იმიჯი?
_ იმიჯი იმითაც ზიანდება, რომ კონსტიტუციას არღვევს ქვეყნის პირველი პირი.
_ რისთვის სჭირდება „ოცნებას“ ახლა, ამ ისტორიულ მომენტში, ქვეყნის იმიჯის დაზიანება?
_ ქვეყანა, სადაც კონსტიტუცია შეიძლება დარღვიო ყოველდღე, მით უმეტეს დაარღვიოს პრეზიდენტმა და ამას რეაგირება არ მოყვეს, ვერ იქნება სტაბილური. როცა კონსტიტუცია ირღვევა, ამაზე რეაგირება უნდა მოახდინო, სხვანაირად როგორ ვიფუნქციონიროთ სახელმწიფომ?
_ ეს პროცესი წაადგება კანდიდატის სტატუსის მიღებას თუ არა?
_ წაადგება თუ არა, ეს ცალკე საკითხია. ეს გვერდზე გავწიოთ. პირველი და მთავარი არის ის, რომ კონსტიტუციის დარღვევაზე უნდა მოხდეს რეაგირება. თუ კონსტიტუციას დავარღვევთ ისე, რომ ანგარიშს არ გავუწევთ არაფერს და არავის, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ევროკავშირში მიგვიღებენ კიარა, საერთოდ, გაეროდანაც გაგვრიცხავენ, ამიტომ ყველამ პატივი უნდა სცეს კონსტიტუციას, მით უმეტეს, _ პრეზიდენტმა.
ცნობისთვის: „ქართულმა ოცნებამ“ იმპიჩმენტის პროცედურისთვის საჭირო 50-ზე მეტი ხელმოწერა შეაგროვა და ეს დოკუმენტი საპროცედურო კომიტეტს გადაეგზავნა. ამის შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, დაარღვია თუ არა კონსტიტუცია პრეზიდენტმა უცხოეთში მთავრობის თანხმობის გარეშე გამგზავრებით? საკონსტიტუციო სასამართლომ საკითხი დადებითადაც რომ გადაწყვიტოს, ეს პრეზიდენტის გადაყენებისთვის საკმარისი არ არის. იმპიჩმენტის საკითხს პარლამენტის შემადგენლობის 2/3-მა, ანუ, მინიმუმ, 100-მა დეპუტატმა უნდა დაუჭიროს მხარი.