- ორშაბათი, 23 დეკემბერი, 2024
2023-09-18 09:13:13
ირინა მაკარიძე
ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბორელთან ერთობრივ პრესკონფერენციაზე იმ ქვეყნის პრემიერის ნაცვლად, რომელსაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება სურს, ჩვენ ვიხილეთ ორბანის კარიკატურა, რომელიც თავაწეული აცხადებდა, რომ საქართველო ასრულებს ყველა ევროპულ რეკომენდაციას, ევროპა კი უსამართლოდ ექცევა მას.
რა უთხრა და რა გააგებინა ჯოზეფ ბორელმა საქართველოს მმართველი ძალის წარმომადგენლებს? რას ნიშნავს ამ ისტორიულ მომენტში პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება? რას უქადის ქვეყანას „ქართული ოცნების“ მმართველობა? _ ამ საკითხებზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება „რონდელის ფონდის“ მკვლევარი, კახა გოგოლაშვილი:
_ ირაკლი ღარიბაშვილი ბორელს ელაპარაკებოდა ისე, თითქოს ბიძინა ივანიშვილისთვის ვერტმფრენის ყიდვაზე იყო საუბარი. „ქართულ ოცნებაში“ ისწავლეს უნგრეთის პრემიერ-მინისტრისგან „სუვერენობაზე“ აპელირება, გადმოიღეს ორბანის სტილი, მისი იდეები, „ჩვენი შიდა საქმეები, ჩვენი ინტერესები“ და ამას იყენებენ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ეწინააღმდეგება ევროკავშირში ჩვენი ინტეგრაციის კურსსა და მიზნებს. ეს ბევრად გვირთულებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას. აქ კიდევ სხვა ნიუანსია, ამას აკეთებენ საშინლად და აშკარაა, ამ დონის ხალხთან ურთიერთობის გამოცდილება არ აქვთ. ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრია უკვე რამდენი ხანია, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს ასე მარტივად არ ისწავლება. ერთი მხრივ, ელაპარაკება ბორელი, რომელიც არის მსოფლიოში უდიდესი და უძლიერესი გაერთიანების საგარეო საქმეთა მინისტრი, პრაქტიკულად, არის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესი წარმომადგენელი, და, მეორე მხრივ, პატარა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, რომლის ლეგიტიმაცია ძალიან საეჭვოა, ის ხალხის მიერაა ლეგიტიმირებული თუ ერთ-ერთი პიროვნების მიერ, საკითხავია. და იგი ელაპარაკება ისე, თითქოს ევაჭრება რაღაცაზე, რომ მაქსიმალური უნდა გამოსტაცოს. ამ დროს, რადგან ეს არაადეკვატური ვაჭრობა არის და აქ ვერტმფენების ყიდვაზე არ არის საუბარი, აბსოლუტურად დამაზიანებელია ეს სტრატეგია და მიდგომა. იმ შემთხვევაში, თუ კომპანიას ძალიან უნდა ვერტმფრენი გაყიდოს და იმას შეიძლება ელაპარაკო ასეთი ტონით და ამის ევროკავშირთან შედარება არ შეიძლება, აქ მუხლებდაჩოქილი არავინ გეხვეწება, გინდათ თუ არა შემოდით ჩვენთანო. გეუბნება, თუ გინდათ ჩვენთან, ასე გააკეთეთ, თუ არ გინდათ, კარგად ბრძანდებოდეთო. ვივაჭროთ, რაზეც გინდათ, მაგრამ ევროკავშირში გაწევრიანებას დავანებოთ თავი. საბოლოო ჯამში, ურთიერთობის ეს სტილი ქვეყანას მიიყვანს ამ შედეგამდე.
ბორელი ითხოვდა პასუხს ძალიან ბევრ კითხვაზე, რომელიც დაუგროვდათ ევროკავშირში. მან განაცხადა, რომ „მეორე ფრონტზე“ ვინც საუბრობს, რუსულ პროპაგანდას ეწევაო და ამ სიტყვების ადრესატი მის წინაშე იდგა ძალიან ამაყად, თავაწეული. პროფესორისა და სტუდენტის ძალიან მკაფიო და დამამცირებლად მარტივი მაგალითით მოუწია ბორელს პრემიერ-მინისტრისთვის აეხსნა, რომ არ აქვს არანაირი უფლება საქართველოს ხელისუფლებას, პრეტენზიები ჰქონდეს ევროკავშირის მიერ გაკეთებულ შეფასებებთან რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით.
ღარიბაშვილმა თავაწეულმა თქვა, რომ ჩვენ არ შეგვიძლია შევუერთდეთ ისეთ განცხადებას, რომელმაც შეიძლება ჩვენი ინტერესები დააზიანოსო. ბორელმა აუხსნა, რომ ასოცირების ხელშეკრულებით გაქვთ თქვენ ნაკისრი ვალდებულება, რომ რაც შეიძლება მეტ განცხადებას შეუერთდეთ. საქართველოს მმართველი ძალის წარმომადგენლები საუბრობდნენ პრინციპით, „გაღმა შეედავე და გამოღმა შეგრჩებაო“. აბსოლუტურად ნონსესია, რომ არაფერი გაითვალისწინო და ელაპარაკო ასე ხისტად თავაწეული ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, რომ „მე სუვერენული სახელმწიფო ვარ და რა უფლება გაქვს შენ, რომ შენიშვნას მაძლევ“.
ასევე ძალიან უტაქტო და დამაზიანებელი იყო პრემიერის განცხადება, მოლდოვასა და უკრაინას რატომ მიეცით კანდიდატის სტატუსი და ჩვენ რატომ არ მოგვეცითო. როგორ შეიძლება, ჯერ ამის ლაპარაკი, ეს ქვეყნები ხომ ისმენენ ამას? როგორ ჰგონიათ, ამ განცხადების შემდეგ ამ ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლები შეუწყობენ ხელს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას? ამ დროს უკრაინის სიტყვა ძალიან ბევრს ნიშნავს ევროკავშირისთვის. მეორე _ რა პრეტენზია გაქვს შენ ევროკავშირთან, იმან განსაზღვრა, რომ ისინი უფრო მზად არიან. ისინი ასე არ ყოყლოჩინობენ ევროკავშირთან ამ საკითხებთან მიმართებით.
_ როგორ ფიქრობთ, თუ იქნებოდა საუბარი ჩინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულების შესახებ?
_ დარწმუნებული ვარ, ჩინეთთან სტრატეგიული ურთიერთობის საკითხზე საუბარი ექნებოდათ, უბრალოდ, პრესკონფერენციაზე ეს საკითხი აღარ ახსენეს. როგორ შეიძლება, ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობას აწერ ხელს, სადაც აღიარებ, რომ ჩინეთის პოლიტიკური განვითარებისა და მოდერნიზაციის გზა არის ერთ-ერთი საუკეთესო და ეს მსოფლიომ უნდა აიღოს, როგორც მაგალითი და ამავე დროს აცხადებ, რომ დემოკრატიულ გზას ადგახარ და ევროკავშირში გინდა გაწევრიანება? ანუ მოგწონს ჩინური ავტორიტარული წყობილება, სადაც კომუნისტური პარტია ისე დაიჭერს ადამიანს და, საერთოდ, მილიონი ადამიანი ისე ჰყავთ გამოკეტილი საკონცენტრანციო ბანაკებში სინძიანის პროვინციაში, რომ ინფორმაცია არ გამოდის იქიდან, რა ხდება მათ თავს. და შენ ამბობ, ეს მოგწონს და ჰპირდები ჩინეთს, რომელსაც უნდა გლობალური პოლიტიკის შეცვლა, დახმარებას? ამის შემდეგ შენ გინდა ევროკავშირი? ინფრასტრუქტურაში უნდა შემოუშვას ჩინეთი, ისედაც ტენდერებს ჩვენთან სულ ჩინელები იგებენ და როგორ აშენებენ, ვხედავთ, რა პრობლემები შეიქმნა რიკოთის გზის მშენებლობაზე. ახლა უნდათ, ანაკლიის პორტის მშენებლობაში ჩინეთის ინვესტიცია შემოუშვან. საქართველოს გეოპოლიტიკური მნიშვნელობა არის ძალიან მაღალი და, პრაქტიკულად, საქართველოს ხელისუფლებას ჩინეთი შემოჰყავს კონკურენციაში ევროკავშირთან და შეერთებულ შტატებთან რეგიონში. ამაზე აუცილებლად იქნებოდა საუბარი. შეცვლილი აქვთ კურსი იმდენად, რომ კონსულტაციებს აღარ უთმობენ დროს არც შეერთებულ შტატებთან და არც ევროკავშირთან. ამდენი ხნის განმავლობაში აშშ და ევროკავშირის ქვეყნები ჩვენ გვიცავდა, გვეხმარებოდა, ჩვენს განვითარებაზე ზრუნავდა, ახლა ყველაფერ ამას ხაზს უსვამ და მათ კონკურენტ ჩინეთს აძლევ შესაძლებლობას, იგივე გავლენები ჰქონდეს შენს ქვეყანაში, როგორიც ჰქონდა აქამდე შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს? რუსეთზე აღარაა საუბარი, თქვა კიდევაც ბორელმა, რომ ფრენების გახსნა ჩვენთვის უსიამოვნო ფაქტიაო.
_ რაც შეეხება პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს, ამაზე მკაფიო განცხადება გააკეთა ბორელმაც. რას იტყვით ამის შესახებ, რამდენად დამაზიანებელია ეს პროცესი ქვეყნისთვის?
_ იმპიჩმენტის პროცედურის წამოწყებით იმ მომენტში, როდესაც სალომე ზურაბიშვილი შეხვედრებს ატარებდა გერმანიაში, საფრანგეთში, ევროსაბჭოში, არა მხოლოდ საქართველოს იმიჯს მიაყენეს დარტყმა, არამედ იმ ლიდერებს, რომლებმაც სალომე ზურაბიშვილი მიიღეს. წარმოიდგინეთ, საქართველოს პრეზიდენტი ზის საფრანგეთის პრეზიდენტთან, იქ არის პრესა, ხომ ჰკითხავს ჟურნალისტი, რომ მართალია, თქვენ წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა წამოიწყეს? მაკრონისთვის როგორია ეს? მისი მტრები ხომ მაშინვე დაწერენ, _ ხვდება საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც იმპიჩმენტის პროცედურაშია. ბორელმაც უთხრა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს, რომ ეს პროცესი დამაზიანებელია და თვითონაც აღიარებენ, რომ ეს არაფრისმომცემია. წარმოიდგინეთ, ჯერ ეს რა დაცინვაა ხალხის მიმართ, ამ პროცედურაზე ხომ იხარჯება დრო, რესურსი, საკონსტიტუციო სასამართლო დაასაქმეს და იციან, რომ ამ ყველაფერს შედეგი არ ექნება. ამერიკაშიც გამოუცხადეს იმპიჩმენტი ტრამპს და საბოლოოდ ჩავარდა ეს პროცესი, მაგრამ იქ წინასწარ არ უთქვამთ, ვიცით, რომ მაინც ვერ გავიტანთო. მათ იბრძოლეს ამისთვის, დებატები გამართეს, მაგრამ ვერ გაიტანეს. ამ შემთხვევაში კი სალომე ზურაბიშვილს არაფერი დაუშავებია, რომ ამის გამო დებატები გაიმართოს და რესურსი დაიხარჯოს. საბოლოო ჯამში, ეს არაფრისმომტანი პროცესი დამაზიანებელია ქვეყნისთვის. პოლარიზაციის ახალი კერა გააჩინეს და, პრაქტიკულად, ევრორეკომენდაციის ერთი პუნქტის შესრულება კიდევ უფრო გაართულეს. ეს ნიშნავს, რომ აბსოლუტურად არ ადარდებთ ის, რომ შესაძლოა,რამემ დააზიანოს ჩვენი კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესი. აქაც გამოჩნდა, რომ „ქართულ ოცნებას“ არ აინტერესებს კანდიდატის სტატუსის მიღება. მმართველი ძალა აშკარად დეზორიენტირებულია და აქცენტებს აკეთებს არასწორი მიმართულებით. გამოჩნდა, რომ ქვეყანას მართავს ძალა, რომელსაც აქვს პასუხისმგებლობის ძალიან დაბალი დონე და ყველაზე დიდი მიზანი რაც გააჩნია, არის ის, რომ ძალაუფლებაში დარჩეს ძალიან დიდხანს.
_ რას იტყვით „ქართული ოცნების“ არგუმენტზე, რის გამოც არ მისცეს თანხმობა პრეზიდენტს საერთაშორისო ვიზიტებზე?
_ პრეზიდენტი იქცევა საკმაოდ პასუხისმგებლობით, ქვეყნის შიგნით რომელიღაც გამოსვლაზე მთავრობა გააკრიტიკა, მაგრამ საგარეო გამოსვლებში მას მთავრობა არ გაუკრიტიკებია. თუ მთავრობა მიიჩნევს, რომ ეს საგარეო პოლიტიკა მისი საქმეა და არ უნდა ინიციატივა გადასცეს პრეზიდენტს, მაშინ რატომ არ ახორციელებს ასეთ ინტენსიურ შეხვედრებს ევროპის ლიდერებთან, რასაც აკეთებს პრეზიდენტი? აშკარაა, რომ პრეზიდენტს უფრო მარტივად იღებენ ევროპის ლიდერები და მათთვის ზურაბიშვილი ბევრად უფრო მისაღები პერსონაა, ვიდრე, ვთქვათ, პრემიერ-მინისტრი, მმართველი ძალის თავმჯდომარე ან პარლამენტის თავმჯდომარე. ლოგიკური იქნებოდა, რომ მთავრობას გამოეყენებინა პრეზიდენტის ეს შესაძლებლობა, რომ ის წავიდეს და ადვოკატირება მოახდინოს ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მონიჭებაზე.
_ სკეპტიკოსები ამბობენ, პრეზიდენტის ეს ვიზიტები, რომელიც გახდა პოლარიზაციის კიდევ ერთი საბაბი, შედეგის თვალსაზრისით არაფრისმომცემია, თქვენ რას ფიქრობთ, ღირდა ამ დაპირისპირებად?
_ რთული კითხვაა, საბოლოო ჯამში, შედეგი როგორი იქნება, ძნელი სათქმელია, მაგრამ მე მგონი, ის ფაქტი, რომ პრეზიდენტის მიმართ აქვთ კეთილგანწყობა და ის ცდილობს, საქართველოს მიმართ გააძლიეროს ეს კეთილგანწყობა, მნიშვნელოვანია. ამას არ შეიძლება დადებითი გავლენა არ ჰქონდეს. რასაც შეიძლება უარყოფითი გავლენა ჰქონდეს, ეს არის იმპიჩმენტის პროცედურა და პრეზიდენტის ბრალი არ არის, თუ მმართველი ძალა მოიქცა ძალიან უპასუხისმგებლოდ და წამოიწყო იმპიჩმენტი იმ მომენტში, როდესაც ის დასავლელ ლიდერებს ხვდებოდა. ნებისმიერ შემთხვევაში, მთავარი არის ის, რომ ხელისუფლება არ ასრულებს უმეტეს რეკომენდაციას და ეს აყენებს რისკის ქვეშ სწორედ კანდიდატის სტატუსის მიღებას და ის სრულიად უგუნური რიტორიკა, რაც კიდევ ერთხელ მოვისმინეთ ბორელთან შეხვედრისას.