QronikaPlus
შეისწავლის თუ არა გენერალური პროკურატურა სახელმწიფო აუდიტის ანგარიშსა და საეჭვო კორუფციულ ფაქტებს?

შეისწავლის თუ არა გენერალური პროკურატურა სახელმწიფო აუდიტის ანგარიშსა და საეჭვო კორუფციულ ფაქტებს?

2023-08-08 07:51:58

მაკა მოსიაშვილი


აუდიტის სამსახურმა ბოლო ერთი თვის მანძილზე საქართველოს რეგიონების ბევრი მუნიციპალიტეტის ანგარიში გამოქვეყნა. ანგარიშებმა ცხადყო, რომ მილიონობით ლარი სწორედ უხარისხო ან არარსებულ შესრულებულ სამუშაოებში დაიხარჯა. ასევე უფუნქციოდ გაფორმებული თანამშრომლებისთვის დაიხარჯა ორ მილიონამდე ლარი.
სახელმწიფო აუდიტი რიტორიკულ კითხვას სვამს თითქმის ყველა მუნიციპალიტეტთან, _ რა რეკომენდაციები შეასრულეს მათ წინა ანგარიშებიდან?


„ქრონიკა+“ ამ საკითხის შესახებ ესაუბრება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალი თაობის ლიდერ გიგი გიგიტელაშვილს:


_ გიგი, რა სურათი გვაქვს რეგიონებში სახელმწიფო აუდიტის დასკვნით?
_ თქვენს კითხვაზე პასუხი არის მარტივი: სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 8 მუნიციპალიტეტის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც პირდაპირაა ხაზგასმული, რომ მუნიციპალიტეტებში ადგილი აქვს კორუფციას, ხალხის ფულის ფლანგვას, პარტიული აქტივის უფუნქციოდ, ბიუჯეტის ხარჯზე დასაქმებასა და სხვა არამართლზომიერ ქმედებებს.
_ და ეს ვის გაუკვირდა?
_ არავის! როცა ამ ქვეყნის ჭაობიდან გამოსვლა დაიწყო, მაშინ ძალიან პატარა ვიყავი. რისი თქმა მინდა, მოკლედ, მიხეილ სააკაშვილის, „ერთიანი ნაციონალურ მოძრაობისა“ და „ვარდების რევოლუციის“ ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი სახელმწიფოს კორუფციული ჭაობიდან ამოყვანა იყო.
_ ბიძინა ივანიშვილს მონაპოვარი არ ჰქონია?
_ ბიძინა ივანიშვილის „რუსული ოცნების“ მთავარი ხელწერა საქართველოს კორუფციულ ჭაობში ჩათრევაა. სწორედ ქვეყანაში არსებული მძიმე კორუფციული მდგომარეობის გამო ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი მთავარი ასპექტი და მოთხოვნა, რომელიც დაკავშირებულია დამოუკიდებელი, ძლიერი ანტიკორუფციული სამსახურის შექმნასთან, არ არის სრულყოფილად შესრულებული. შედეგად, კორუფცია სრულადაა ფესვგადგმული როგორც ხელისუფლების მაღალ ეშელონებში, ასევე მუნიციპალიტეტების მერიებსა და საკრებულოებში. ამის დამალვა არ შეუძლია თავად სახელმწიფო აუდიტსაც კი.
_ მკითხველისთვის უფრო ზუსტად რომ განმარტოთ, რა დასკვნები გამოაქვეყნა აუდიტმა და რომელ მუნიციპალიტეტებზე?
_ ეს არის 2020-2021 წლების ანგარიში, კერძოდ კი თელავის მუნიციპალიტეტში უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების საერთო ღირებულება შეადგენს 1 576 300 ლარს, გამოუყენებელი და დაუსრულებელი პროექტები კი 1 632 000 ლარს ითვლის.
5000 ლიტრი საწვავი არის დაუსაბუთებელი ხარჯვა.
ახმეტაში უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების საერთო ღირებულება შეადგენს 1 546 800 ლარს, გამოუყენებელი და დაუსრულებელი პროექტები კი 212 400 ლარს ითვლის.
არაფრით ჩამოუვარდება გორის მუნიციპალიტეტის ანგარიში ახმეტას.
დუშეთმა საერთოდ თელავს, გორსა და ახმეტას ერთდროულად გადაუსწრო და უხარსხოდ ჩატარებულ სამუშაოებში სამ მილიონ ლარზე მეტი გადაიხადა. ასევე იყიდა ვითომ პროექტები და გაფლანგა 100 000 ლარზე მეტი.
ბოლნისიც არ ჩამორჩა ზემოთ ხსენებულებს და მილიონ ორასი ათასზე მეტი ლარი გადაიხადა უხარიხო სამუშაოებში. კანონმდებლობის დარღვევით, ყოველგვარი წესისის დაცვის გარეშე გასცა მილიონის მეხუთედზე მეტი ჯილდოებსა და მოგონილ ხელფასებში. და კულმინაცია: ბოლნისის მუნიციპალიტეტმა უფუნქციოდ გაფორმებული თანამშრომლებისთვის ხელფასებში ორ მილიონამდე ლარი დახარჯა. ბოლნისის მუნიციპალტეტის აუდიტის ანგარიში დაახლოებით იცით, როგორია? _ აუდიტის აღშფოთებული ხმაც კი ისმის, როცა მათ ანგარიშს ვკითხულობთ. აუდიტი ეკითხება, _ რეკომენდაციებს რისთვის გაძლევთო?! წაიკითხონ მაინც, მაგრამ აზრი?
_ რას ელოდებით ამ ანგარიშების გასაჯაროების შემდეგ?
_ ზემოხსენებულ მუნიციპალიტეტებში გამოვლენილი ფაქტები პირდაპირ მიუთითებს ბიუჯეტის ხარჯზე, „ქართული ოცნების“ პარტიული აქტივის ათასობით წარმომადგენლის დასაქმებაზე ისე, რომ მათ არანაირი ფუნქცია-მოვალეები არ გააჩნიათ. ვიმეორებ: ბოლნისის მუნიციპალიტეტში უფუნქციოდაა დასაქმებული 150 პირზე მეტი, რომლებიც წლიურად, ხელფასის სახით, ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 2 მილიონ ლარს იღებენ არაფრის კეთებაში.
ასეთივე მიდგომარეობაა თელავში, ახმეტაში, გორში, კასპსა და საგარეჯოში. სამაგიეროდ, ჩვენ ვიცით, ეს ხალხის რაში იღებს ხელფასს _ ისეთი მდაბიო პროვოკაციების მოსაწყობად, როგორიც მოხდა გასულ კვირას კასპში, როგორიც გახლდათ საგარეჯოს ინციდენტი. სამწუხაროდ, უფუნქციოდ დარჩენილი ადამიანები ზონდერჯგუფებად იქცევიან, რომლებიც იქ ჩასულ ოპოზიციონერებს ფიზიკურად უსწორდებიან. სწორედ ეს არის მათი ძირითადი ფუნქცია და მოვალეობა!
ჩვენ ვიცით, რომ რეგიონებში უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული მდგომარეობაა. მაგალითად, აღნიშნულ რვავე უნიციპალიტეტში 2.000.000 (ორი მილიონი) ლარის ინფრასტრუქტურული სამუშაოები ან უხარისხოდ განხორციელდა, ან არ დასრულებულა, რის შედეგადაც გაიფლანგა ხალხის ფული. პასუხი არავის უგია.
ცვლილებებს ამ ხელისუფლების პიროებებში ნუ ველოდებით.
გრძელდება მერიებსა და საკრებულოებში ტრადიციად ქცეული ათასობით ლიტრი საწვავის პირადი მოხმარებისთვის დაუსაბუთებელი ხარჯვა.
რომ არ ვახსენო, არ შემიძლია: ამდენი მილიონი აქვთ გაფლანგული თელავის მუნიციპალიტეტში და ჩემს სამაჟორიტარო სოფელ კურდღელაურში მიცვალებული მანქანით ვეღარ მიჰყავთ სასაფლაომდე, ისეთ დღეშია გზა. თუ ადამიანებმა კუბო ხელით არ აწიეს, საფლავამდე მკვდარიც შეუძლებელია მივიყვანოთ.
აქვე უნდა აღვნიშნო: ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება კურდღელაურში _ 180 ბავშვზე გათვლილი საბავშო ბაგა-ბაღი შენდება, უცხოური ფონდების მიერ გათვლილი გრანტებით კეთდება ეს ბაღი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მივესალმები ყველა ასეთი პროექტის განხორციელებას, მაგრამ ერთი ძალიან უსიამოვნო ფაქტი მინდა ვახსენო, _ აქ თვეების განმავლობაში დასაქმებულ ადამინებს არ აძლევენ ხელფასს. ეს ხალხი აშენებს, აქვე ცხოვრობს და როგორ არსებობს უხელფასოდ, წარმოიდგინეთ. ამაზე დიდი დაცნივა რაღაა?! ანუ ბიუჯეტიდან ფული იხარჯება ვიღაც ერთეულებისთვის.
_ ისევ აუდიტის დასკვნას რომ მივუბრუნდეთ, რა ხდება სამართლებრივ სახელმწიფოებში ასეთი დასკვნების დროს?
_ სამართლებრივი სახელმწიფოს პირობებში, ყველა ზემოთ აღნიშნული ფაქტით შესაბამისი საგამოძიებო ორგანოები უნდა ინტერესდებოდნენ, მაგრამ ჩვენ ვცხოვრობთ უსამართლო სახელმწიფოში. დარწმუნებული ვარ, რომ ხალხის ფულის გაფლანგვისთვის „რუსული ოცნების“ ყველა წევრს ძალიან მალე აუცილებლად მოუწევს პასუხისგება.

გაზიარება