- ორშაბათი, 23 დეკემბერი, 2024
2023-07-02 18:35:51
ირინა მაკარიძე
24 ივნისს რუსეთში განვითარებული მოვლენები მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა, რადგან შიდა რყევებს აგრესორ ქვეყანაში, რომელიც მეორე წელია, უკრაინაში სისხლისმღვრელ ომს აწარმოებს და მსოფლიოს ბირთვული იარაღის შანტაჟის ქვეშ ამყოფებს, სწორედ რომ სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.
რა ხდებოდა ამ დროს საქართველოში და რაზე მიუთითებს ხელისუფლების რეაქცია ქვეყნის პრეზიდენტისა და ოპოზიცის მოთხოვნაზე საზღვრის დაკეტვისა და უსაფრთხოების საბჭოს მოწვევის შესახებ? როგორ იღებს ხელისუფლება გადაწყვეტილებებს? რა ვითარებაა ოპოზიციურ სპექტრში? რა შანსი აქვს ქვეყანას ევროპული განვითარების მიმართულებით? _ ამ და სხვა საკითხების შესახებ „ქრონიკა+“ ესაუბრება რესპუბლიკური პარტიის ყოფილ წევრს, პოლიტიკის ანალიტიკოს დავით ზურაბიშვილს:
_ 24 ივნისის ერთდღიანმა ამბოხმა, პირველ რიგში, აჩვენა ის, რომ რუსული სახელმწიფო და რუსეთის ხელისუფლება სულაც არ არის მონოლითური. იმდენად, რომ ხელისუფლების მიერ კომერციულ საწყისებზე შექმნილი ერთ-ერთი შენაერთი საომარი მოქმედების დროს მოდის ფრონტიდან და ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე იკავებს დონის როსტოვის სამხედრო ობიექტებს და კონტროლს აწესებს აეროდრომზე. პრაქტიკულად, 2 საათის გზა აშორებდა დედაქალაქამდე. მართალია, ამის შემოქმედი, ევგენი პრიგოჟინი, ჯერ მოღალატედ გამოაცხადეს და ლამის დახვრეტის მუხლი შეუფარდეს, შემდეგ როგორღაც შემოირიგეს, მაგრამ ეს აჩვენებს, რომ რუსეთის ხელისუფლებაში ძალიან სერიოზული კრიზისია, რაც ამ ომმა უფრო გამოაჩინა.
_ რაც შეეხება იმას, რაც ხდებოდა ამ დროს საქართველოში, რა გვიჩვენა ამან?
_ ბუნებრივია, ძალიან ბევრი ადამიანი, მეც, მათ შორის, ამ პროცესებს დაუფარავი სიხარულით ადევნებდა თვალს, რადგან რუსეთში არეულობა, დაპირისპირება, თუნდაც სამოქალაქო ომამდე მისული საქმე, ეს, პრაქტიკულად, ნიშნავს უკრაინაში ფრონტის ჩამოშლას, რუსეთში დეზინტეგრაციული პროცესების ძალიან სერიოზულად გაღრმავებას. ეს ასევე გამოიწვევდა საქართველოს მიმართ ევროკავშირის, აშშ-ის, დასავლეთის მეტ აქტივობას, რადგან ასეთ დროს, ბუნებრივია, რუსეთს ჩვენთვის არ ეცლება, საკუთარი პრობლემით იქნება დაკავებული. ბოლო საუკუნეებში თუ საქართველოს რამე წარმატებისთვის მიუღწევია, ეს ხდებოდა სწორედ მაშინ, როდესაც რუსეთს ჩვენთვის არ ეცალა, რადგან თავისი საქმეებით იყო დაკავებული. როდესაც რუსეთი იცლის ჩვენთვის, მაშინ არის რთულად ხოლმე ჩვენი საქმე. ამიტომ ეს ხალხი გულშემატკივრობდა სწორედ პროცესს, თორემ პრიგოჟინი რომ არაფრით უკეთესი არ არის პუტინზე, ეს ვიცით. განსხვავებული განწყობა იყო ხელისუფლების მომხრეებს შორის. ისეთ კონდიციაშია ჩვენთან სიტუაცია, რომ ხელისუფლების მომხრეები რუსეთისა და პუტინის რეჟიმს ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლების საყრდენად მოიაზრებენ. ისინი ფიქრობენ, რომ თუ იქ პუტინის რეჟიმი დაემხო, აქ ცუდად წავა ხელისუფლების საქმე და შეიძლება ქვეყნის სათავეში მოვიდეს ოპოზიცია და მათთვის მთლად კოშმარი _ „ნაცები“. ასე უყურებენ და ამ კუთხით აფასებენ მოვლენებს, ამიტომ მივიღეთ ის სიტუაცია, როდესაც, პრაქტიკულად, ხელისუფლების მომხრეთა აბსოლუტური უმრავლესობა არც მალავდა, რომ პუტინის მხარეს იყვნენ. იმ დღეს საერთოდ ხმას არ იღებდნენ, მეორე დღეს კი, პრაქტიკულად, გამოხატავდნენ, რომ პუტინი გადარჩა.
_ ხელისუფლების მიმართ იყო მოთხოვნა, რომ დაკეტილიყო რუსეთის საზღვარი. რამდენად არსებობდა ამის საჭიროება?
_ ჩემი აზრით, საზღვრის დაკეტვა იქნებოდა აბსოლუტურად გამართლებული ნაბიჯი. მაგრამ მთავარი პრობლემა საზღვრის დაკეტვა-არდაკეტვაში კი არ მდგომარეობდა, არამედ იმაში, რომ ხელისუფლება დაიმალა და ხალხს არ ელაპარაკებოდა. მეზობელ სახელმწიფოში ხდებოდა ასეთი სერიოზული ამბავი, პრაქტიკულად, სამხედრო ამბოხი, რომელიც კი ჩაცხრა შემდეგ, მაგრამ კაცმა არ იცის, ხვალ-ზეგ რა იქნება. ასეთ დროს ხელისუფლება უნდა იყოს აქტიურ კომუნიკაციაში მოსახლეობასთან, ელაპარაკებოდეს, უხსნიდეს საკუთარ პოზიციას; უნდა ასხივებდეს იმას, რომ ზრუნავს სიტუაციაზე და არ დაუშვებს აქ პრობლემებს. სერიოზული საფრთხე არსებობდა იმისა, რომ თუ იქ ეს პროცესი გაგრძელდებოდა და მართლა დაიწყებოდა სამოქალაქო დაპირისპირება, იქიდან გამოქცეული ხალხი მოაწყდებოდა აქ საზღვარს, თუმცა ისე გამოვიდა, რომ თვითონ რუსებმა ჩაკეტეს საზღვრები. აქედან დამალვა და ჩირგვებში ჩასხდომა იყო ყველაზე ცუდი რამ, რაც შეიძლებოდა ხელისუფლებას გაეკეთებინა. როგორ შეიძლება, ასეთ დროს ხელისუფლება არაფერს ამბობდეს, მეორე დღეს კიდევ გვეუბნებოდეს, რომ დიდი სიბრძნეა გაჩუმება. ეს ძალიან სამარცხვინოა.
_ ხელისუფლებიდან მხოლოდ სალომე ზურაბიშვილი იყო აქტიური, ის აკეთებდა განცხადებებს, მოითხოვა უსაფრთხოების საბჭოს შეკრება, საღამოს კი აღნიშნა, რომ ვერანაირი კომუნიკაცია ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებთან ვერ მოახერხა. ამაზე რას იტყვით, ეს რა დიაგნოზია?
_ ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან ჩვენ ხელისუფლება რეალურად არც გვყავს. ჩვენ გვყავს ერთი ხელისუფალი, რომელიც იღებს ასეთ გადაწყვეტილებას. კობახიძე დაურეკავდა ბიძინას, ის ეტყოდა: „გაჩერდით, არაფერი თქვათ, იყავით ჩუმად“. ესენიც იყვნენ ჩუმად. მორჩა, მეტი არაფერი იქნებოდა. ის იღებს გადაწყვეტილებას და მერე ამათ ეუბნება, რა უნდა გააკეთონ. ამ სიტუაციაში სალომეს ვინ დაელაპარაკებოდა? ცხადია, არავინ.
_ რას იტყვით სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებაზე ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით და რამდენად გახდება ის ამ ნაბიჯის გამო კიდევ უფრო მეტად ხელისუფლების სამიზნე?
_ რა თქმა უნდა, სალომე ზურაბიშვილი გახდება ხელისუფლების სამიზნე. სამთავრობო ტელევია „პოსტივიმ“ ნიკა გვარამია უკვე ოპოზიციის ლიდერად გამოაცხადა. გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, მისაღები იყო. გვარამია დაპატიმრებული გახლდათ აბსოლუტურად უსაფუძვლო ბრალდებით, აშკარა პოლიტიკური მოტივაციით. ის იყო კლასიკური გაგებით პოლიტიკური პატიმარი. ევროპაშიც ამაზე არავინ დაობდა. ამიტომ ევროპელები მაშინვე მიესალმნენ ამ გადაწყვეტილებას.
_ გვარამიას დაკავებისას სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა „შეუფერებელი დრო და კონტექსტი“, რაც დაკავშირებული იყო კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებასთან, ახლაც ამ საკითხს მიაბა მისი განთავისუფლების დრო და კონტექსტი. რას იტყვით ამ რეკომენდაციების შესრულების შესახებ და რა პერსპექტივას ხედავთ სტატუსის მიღების საკითხზე?
_ რაც შეეხება კანდიდატის სტატუსს, მას აუცილებლად მივიღებთ, თუ ხელისუფლებამ რამე ენით აუწერელი სიგიჟე არ ჩაიდინა. ეს ვითარება რომ შენარჩუნდეს ახლა და არაფერი შეასრულოს დანარჩენი, მაინც მივიღებთ სტატუსს, იმიტომ რომ ეს არის უკვე გეოპოლიტიკის საკითხი. რეკომენდაციების თემა კი უფრო ფორმალობის დაცვას დაემსგავსა. იმ სიტუაციას შევადარებ, უნივერსიტეტში სტუდენტს ნიშანი რომ გინდა დაუწერო და ეუბნები, რაღაც მაინც დამიწერე, რომ ხელმოსაჭიდი მქონდესო. დაახლოებით ასე გველაპარაკება ახლა ევროკავშირი. რომ გკითხავ, _ ორჯერ ორი რამდენია, მთლად 37-ს ნუ მეტყვი, ცოტა 5-სკენ ახლოს მითხარიო.
_ სწორედ ამის იმედი ხომ არ აქვს „ქართულ ოცნებას“, რომ რეკომენდაციების შესრულების გარეშეც მიიღებს სტატუსს და ამიტომ არ თმობს სასამართლოს, საარჩევნო სისტემას და არ ასრულებს რეკომენდაციებს?
_ არ მრჩება შთაბეჭდილება, რომ „ქართულ ოცნებას“ არ უნდა სტატუსის მიღება. მათ უნდათ ეს, ჰგონიათ, რომ ამას გამოიყენებენ შემდეგ საარჩევნოდ ქულების დასაწერად. მაგრამ აქ მეორე ამბავიცაა, _ ჩვენ თუ წელს სტატუსი მივიღეთ, ამას მოყვება გარკვეული ვალდებულებები, რომლის შესრულების კონტროლში ევროპა გაცილებით მკაცრი იქნება, ვიდრე ახლა 12 რეკომენდაციაზეა. რა თქმა უნდა, ეს პირდაპირ გულისხმობს ძალიან კონკრეტულ ვალდებულებებს ყველა სფეროში, კონტროლის მექანიზმიც ევროპას მეტი ექნება სტატუსის მიღების შემდეგ.
_ თქვენ არჩევნები ახსენეთ, რას ფიქრობთ, რა კონფიგურაცია შეიძლება იყოს ოპოზიციისთვის წარმატებული?
_ წინასწარ ამის თქმა ძნელია, ჯერჯერობით რასაც ვხედავთ და კვლევები რასაც აჩვენებს, ორი ძალა იკვეთება, _ ხელისუფლება და „ნაციონალური მოძრაობა“. 5-პროცენტიანი ბარიერის გადალახვის შანსი აქვს, ჩემი აზრით, გახარიას პარტიას. დანარჩენი, ჯერჯერობით, არ ჩანს გამოკვეთილად, თუმცა ჯერ არ ვიცით, რა მოხდება და როგორ გადაჯგუფდება ეს ოპოზიციური ძალები. მთლიანად ოპოზიციაზე იქნება დამოკიდებული არჩევნების შედეგები, ხელისუფლება რაც არის, ვიცით. ხელისუფლებამ რომც შეცვალოს ეს კურსი, რომელიც, ჩემი აზრით, დამღუპველია მისთვისვე და მას ძალაუფლებას აუცილებლად დააკარგვინებს (შეეცადა ანტიდასავლური განცხადებებით ხალხის გულის მოგებას), იმდენად ღრმად აქვს შეტოპილი უკვე, ნაკლებად დაუჯერებს ვინმე, ამიტომ მთლიანად ოპოზიციაზეა დამოკიდებული, როგორ შეძლებს ის კონსოლიდაციას. ძირითადად იმ ამომრჩევლის მობილიზებაა მნიშვნელოვანი, რომელიც არც „ოცნებას“ ირჩევს და არც ენმ-ს. „ნაცმოძრაობის მომხრე“ ამომრჩევლის მობილიზებას მიხეილ სააკაშვილი და ამჯერად უკვე გარეთ მყოფი ნიკა გვარამიაც შესანიშნავად მოახერხებენ. ვინც არ არის მათი მომხრე, სწორედ ამ ამომრჩევლის მობილიზება არის სწორედ პრობლემა და ეს აძლევს ხოლმე მმართველ ძალას შესაძლებლობას, რომ დარჩეს ხელისუფლებაში.
_ თქვენ აღნიშნეთ, რომ სამთავრობო არხმა ნიკა გვარამია უკვე ოპოზიციის ლიდერად დაასახელა. როგორც ხედავთ მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას როლს პოლიტიკურ პროცესებში?
_ გვარამიამ განაცხადა, რომ აღარ იქნება „მთავარი არხის“ დირექტორი. ლოგიკურად, ბევრმა დაასკვნა, რომ, ალბათ, პოლიტიკაში გადაინაცვლებს. ჩემი აზრით, ის არ არის ის ფიგურა, რომ მთელი ოპოზიციის ლიდერი გახდეს, საკმაოდ კონტრვერსიული ფიგურაა ამ თვალსაზრისით. მას ჰყავს მომხრეები და ასევე უარყოფითად განწყობილი ადამიანები. მან შეიძლება სერიოზული როლი ითამაშოს თვითონ „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლის კონსოლიდაციაში. ცხადია, ხაბეიშვილი, რომელიც დღეს არის თავმჯდომარე, ვერ უზრუნველყოფს ამას. თვითონ „ნაცმოძრაობის“ ამომრჩევლების იმედგაცრუების ხარისხი გაიზრდება. სხვა ტიპის ამომრჩეველზე არ მგონია, რომ გავლენა იქონიოს გვარამიას ფაქტორმა. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, ყველამ ვიცით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დგას მიხეილ სააკაშვილის ამომრჩეველზე 90%-ით ან უფრო მეტით. დიდი ეჭვი მაქვს, რომ სანამ ეს ხელისუფლებაა, მას არ გამოუშვებენ. ციხიდან ოპერატიულად უხელმძღვანელო პარტიას, ცოტა რთულია, ამიტომ საჭიროა ადამიანი, რომელიც უხელმძღვანელებს მენეჯმენტს, ასეთად გვარამია შესანიშნავი კანდიდატურაა. არ ვიცი, რას გადაწყვეტს ნიკა ამ შემთხვევაში, მაგრამ მე რომელ ფიგურებსაც ვხედავ „ნაცმოძრაობაში“, ის ყველაზე რეალური კანდიდატია, ვისაც შეუძლია ამის გაკეთება.