- სამშაბათი, 24 დეკემბერი, 2024
2023-05-27 15:37:09
გიორგი საკარული
რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შესაბამისი განკარგულება 10 მაისს გამოქვეყნდა, უვიზო რეჟიმი კი 15 მაისიდან ამოქმედდა.
განკარგულების თანახმად, საქართველოს მოქალაქეები რუსეთში შესვლას ვიზის გარეშე შეძლებენ, თუმცა ვიზა კვლავ უნდა იყოს სამუშაო ან 90 დღეზე მეტხანს წასასვლელად.
ასევე, პუტინის ახალი განკარგულებით, რუსეთმა მოხსნა საქართველოსთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების შემდეგ დაწესებული შეზღუდვა. სამართლებრივ პორტალზე გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, ბათილადაა ცნობილი პუტინის ბრძანება შეზღუდვის შესახებ.
ცნობისთვის: საქართველოსთან პირდაპირი ავიარეისები რუსეთმა 2019 წელს შეწყვიტა, მას შემდეგ, რაც დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდომამ პროტესტი გამოიწვია.
მართალია, პუტინის ახალმა გადაწყვეტილებამ ფრენების აღდგენის შესახებ ქართველი ხალხის გაღიზიანება გამოიწვია, სამაგიეროდ, პრორუსები გაბედნიერდნენ. პუტინის დაკმაყოფილებული სახის ყურებით ნეტარებაში მყოფი მმართველი გუნდი ყოველდღიურად ამტკიცებს, თუ რამდენად კარგი რამ გაკეთდა ამით.
კერძოდ, ღარიბაშვილი გამოდის და დამაჯერებელი ტონით გვეუბნება, რომ აღდგენილი ფრენები ოკუპანტ ქვეყანაში მცხოვრები ქართველებისთვის მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან უფრო გაუდვილდებათ საკუთარ სამშობლოში ნათესავებისა და ოჯახის წევრების მონახულებაო.
„ეს არის ფაქტი, რომ 1 მილიონი ეთნიკური ქართველი ჩვენი თანამემამულე გვყავს რუსეთში, მათ აქ ჰყავთ ოჯახის წევრები, ნთესავები, ახლობლები და, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაადვილდეს მათი მოძრაობა, მიმოსვლა, ახლობლების ჩასვლა და ა. შ. ეს არის, რა თქმა უნდა, დადებითი ფაქტი და დადებითი გადაწყვეტილება“, _ ამბობს ღარიბაშვილი.
ამასთან, პრორუსმა სამხედრო ექსპერტმა ტრისტან წითელაშვილმა კრემლის ტირანის, პუტინის საქართველოში ჩამოსვლაც კი დაგვიანონსა და თქვა, რომ პუტინს პირადად ესაუბრა და შეხვედრით ძალიან კმაყოფილია:
„შემდგომი ნაბიჯი იქნება ის, რომ პუტინი ჩამოვა თბილისში სალაპარაკოდ. შევხვდი პუტინს და ველაპარაკე. ვესაუბრე პირადად. ძალიან მალე ჩამოვა“, _ თქვა წითელაშვილმა.
რაც შეეხება ზოგადად უვიზო მიმოსვლას, _ პუტინის მოტრფიალე პრემიერი კვლავ წინა ხელისუფლებისკენ იშვერს თითს და ყველაფერს ისევ საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს აბრალებს. „რაც იყო მათთვის დასაშვები, თურმე დღეს დაუშვებელია, სად არის ლოგიკა“, _ ამბობს ღარიბაშვილი და ერთი რამ ავიწყდება, რომ ის, რაც იყო ადრე დაშვებული, დღეს ვეღარ იქნება მარტივი მიზეზის გამო, რადგან 11 წლის წინათ შეიცვალა სააკაშვილის ხელისუფლება და აუცილებლად შეიცვლება „ოცნების“ „საოცნებო“ მმართველობაც, რომ მომდევნო ხელისუფლებამ არასდროს გაბედოს ამ სიტყვების გამეორება: „მაშინ თუ დასაშვები იყო, ჩვენთვის რატომ არ არის დასაშვები?“
„ბატონი სააკაშვილი იყო მაშინ პრეზიდენტი. ცალმხრივად, ისე რომ არაფერი მოუთხოვია, არც მოლაპარაკებები გამართულა და არაფერი, აგვისტოს ომის შემდეგ, როცა ტერიტორიების 20% დავკარგეთ და რუსეთმა ბაზები ააშენა, ამის შემდეგ გამოვიდა წინა ხელისუფლება და ცალმხრივად გააუქმა სავიზო რეჟიმი. ასევე უნდა შეგახსენოთ, რომ პირადად ხვდებოდა რუს ტურისტებს. ასევე გახსოვთ ცნობილი გამონათქვამები, რომ რა მნიშვნელობა ჰქონდა, საიდან შემოვიდოდა ინვესტიციები და ეს ყველაფერი ხდება ომის შემდეგ. ნაცვლად იმისა, რომ გონივრული, სახელმწიფოებრივი პოზიცია გამოეჩინათ, უვიზო რეჟიმი მაინც მოეთხოვათ, ასე ერთპიროვნულად, ყოველგვარი პირობის გარეშე, მოხსნეს უვიზო რეჟიმი. ახლა, ალბათ, კითხვას დამისვამთ, თუ რომელიმე ასოცირებულ ქვეყანას _ უკრაინას, მოლდოვას აქვს უვიზო რეჟიმი რუსეთთან? _ ჩვენამდე ჰქონდა უკრაინასაც და მოლდოვას დღესაც აქვს უვიზო რეჟიმი რუსეთთან. ასევე შეგახსენებთ, რომ მოლდოვა არის დსთ-ს წევრი. მინდა, ყველას ვუთხრა, რომ ეს, რა თქმა უნდა, ჰუმანიტარული თვალსაზრისით ძალიან დადებითი, მისასალმებელი გადაწყვეტილება იყო და არის. ყველაფერი, რაც ჩვენს მოქალაქეებს გაუადვილებს, გაუმარტივებს ცხოვრებას, გადაადგილებას, ბიზნესის კეთებას, რა თქმა უნდა, არის დადებითი და მისასალმებელი“, _ აი, ასე ესეხაბა და ესმის ღარიბაშვილს რუსეთ-საქართველოს შორის უვიზო მიმოსვლა, აღდგენილი ფრენები და წარმატებად გვასაღებს ომის საერთაშორისო დამნაშავე რუსეთთან ფრენების აღდგენას.
და მაინც, რისთვის ემზადება ოკუპანტი რუსეთი და რა ახალი საფრთხეების წინაშე დგას საქართველო? ამ და სხვა საინტერესო საკითხების შესახებ „ქრონიკა+“ ესაუბრება პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე პაატა დავითაიას:
_ რაც შეეხება სავიზო რეჟიმის გაუქმებას რუსეთის მხრიდან, ეს არის რუსეთის ფედერაციის ცალმხრივი ნაბიჯი, მაგრამ ეს არ არის ქართველების სიყვარულით განპირობებული. მათ აქვთ ძალიან დიდი პრობლემა და სჭირდებათ ეკონომიკური დერეფანი. რუსეთმა არც ერთი შეთანხმება არ შეასრულა საქართველოსთან. სამშვიდობო ძალების წარმომადგენელი იყო და იქცა საოკუპაციო ძალად. სარკოზი-მედვედევის დოკუმენტი არ შეასრულა, არანაირი ხელმოწერილი დოკუმენტი, არაფერი არ შეუსრულებია. აქამდე, როდესაც სამშვიდობო ძალების წარმომადგენლები იყვნენ აფხაზეთში, გაეროს მანდატი რომ ჰქონდათ, აი, ეს ჯარები აქციეს საოკუპაციო ძალებად. თუ ჩვენ ავიღებთ 1918 წლის რესპუბლიკასაც, ვნახავთ, რომ რუსეთმა 1921 წელს აღიარა 6-7 დღით ადრე საქართველოს დამოუკიდებლობა, მერე შემოუტია ძალით. რუსეთს სოხუმი და აფხაზეთი კი არ უნდა, მას უნდა თბილისი.
რაც შეეხება უვიზო მიმოსვლას, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, როდესაც სააკაშვილმა ცალმხრივად გააუქმა რუსეთთან უვიზო რეჟიმი, მაშინ ამის წინააღმდეგაც გამოვედი, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ სხვა კონტექსტი იყო და მაშინ სააკაშვილმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო _ მთელ მსოფლიოს აჩვენა, რომ ჩვენ არ ვართ აგრესორები, ჩვენ ვართ ყველასთვის გახსნილი და აქედან გამომდინარე, მან აგრესორად გამოიყვანა რუსეთი. ყველას გვახსოვს, როგორი საინფორმაციო ომი იყო საქართველოს წინააღმდეგ, არავის სჯეროდა რუსეთის ამ დიდი აგრესიის. როდესაც მე ვხელმძღვანელობდი მაშინ საგამოძიებო კომისიას, კრიტიკის ქარცეცხლში ვიყავი. რა დასკვნაც ჩემმა საგამოძიებო კომისიამ დადო, იგივე გააკეთა ჰააგის პროკურატურამ. ამ დასკვნაზე გაიცა სანქციები და დღეს ამაზე არავინ საუბრობს. სააკაშვილის მხრიდან უვიზო რეჟიმის გაუქმება იყო სულ სხვა კონტექსტში. ახლა არის სხვა რეალობა, მსოფლიომ ნომერ პირველ ქვეყნად აქცია რუსეთი სანქციებში. ყველამ ვიცით, რუსეთის ფედერაციის მოთხოვნა რა იყო, დიპლომატიური ურთიერთობა და მერე სავიზო რეჟიმი, სამი საელჩო: სოხუმში, ცხინვალსა და თბილისში, აი, ეს უნდოდათ. მაგრამ როდესაც გაუჭირდათ და ჩვენ ვართ დერეფანი, დაივიწყეს ძველი ნათქვამი და აღადგინეს ფრენები, ამიტომ კონტექსტი სხვაა.
გავიხსენოთ თანამდებობის პირები, რომლებიც დოკუმენტებს აწერდნენ ხელს. მე სულ წინააღმდეგი ვიყავი რუსეთთან ურთიერთობის. მიჩნეული ვარ, როგორც ქორი რუსეთის წინააღმდეგ. ყველა ჩემი შეშფოთება გამართლდა. გახსოვთ, როდესაც სააკაშვილმა სავაჭრო ორგანიზაციას მიუერთა საქართველო? მე ამის წინააღმდეგი ვიყავი. ვამბობდი, რომ არ დავუთმოთ ეს. იყო საუბარი, რომ შვეიცარიელი მებაჟეები დადგებოდნენ ფსოუზე. დადგნენ? _ არა! გააგდეს რუსეთი სავაჭრო ორგანიზაციიდან? _ არა, არავის გაუგდია! აფხაზეთის დაცემის წინ სამშვიდობო შეთანხმებაში საქართველოს ჯარების გაყვანის შემდეგ აიღეს სოხუმი, იქამდე ვერ იღებდნენ. არავინ პასუხს არ აგებს და მერე ყველას ავიწყდება. ახლა ასეთი ნარატივია: ფრენები აღდგება და შეიძლება აფხაზეთი და ცხინვალი დაგვიბრუნონ. ამას ვინც ამბობს, ის არის რუსეთის გავლენის აგენტი. რუსეთს 28 ბაზა აქვს სოხუმში, 5 სამხედრო ბაზა _ ცხინვალში, ეთნიკური წმენდა ჩაიდინეს ქართველების წინააღმდეგ, პუტინი ძებნილია ჰააგის მიერ და ახლა ცეკვა-თამაშით და ფრენების გამო დაგვიბრუნებენ აფხაზეთსა და ცხინვალს? აღიარება წაიღეს უკან? რამე ნაბიჯი გადადგეს? არაფერი გაუკეთებიათ, დღეს კიდევ თაღლითობენ, რომ თითქოს „აზიმუტმა“ ამოიღო აფხაზეთი და ცხინვალი, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, მიუთითა ქალაქები და რა მერე? აღიარება წაიღეს უკან? ამის „გაპრავება“ იმით, რომ რამე კეთდება, სისულელეა, არაფერი კეთდება. ღიად ამბობენ, რომ ჩვენ საქართველო გვჭირდება ეკონომიკური დერეფნის თვალსაზრისით. ფულის გამო ვყიდით სუვერენიტეტს? ევროპულ ოჯახში დაბრუნების წესები უნდა მივიღოთ, ოჯახში რომ შედიხარ, წესები ხომ უნდა აიღო. ჩვენ ყველაფრის იგნორირებას ვაკეთებთ, მარტო რუსეთთან გვინდა ურთიერთობა?
_ რისთვის ემზადება ამ შემთხვევაში რუსეთი, რა ახალი საფრთხის წინაშე შეიძლება დადგეს საქართველო?
_ რუსები ვერსად დადიან. ყველგან აქვთ პრობლემები, მხოლოდ ადამიანური კი არა, მორალურიც. გახსოვთ, ლარსით რამდენი ტურისტი გადმოვიდა, ახლა ჩამოვლენ თვითმფრინავით. წასასვლელი არსად აქვთ. თავისთვის აკეთებენ, დერეფნისთვის აკეთებენ, ვერ დაფრინავენ ვერსად, აი, ეს არის! ეკონომიკაზეა ყველაფერი.
ჩვენს ქვეყანას გამოიყენებენ ყველგან წასასვლელად. ხომ ნახეთ, ამერიკელებმა რა განცხადება გააკეთეს, რომ ტექნიკურად მაგათი თვითმფრინავების მომსახურება არ ხდება. ე. ი., საქართველოში გაუკეთებენ ამას, აშშ-ის სახდეპის წარმომადგენელმა ახლა გააკეთა განცხადება, რომ ყველას მოეთხოვება პასუხი, ვინც ამას ტექნიკურად გააკეთებს. თბილისის აეროპორტი აკეთებს ამას და შეიძლება დავსანქცირდეთ. ამ კომპანიებს ხომალდები ლიზინგებით აქვთ გამოყვანილი, არ იხდიან ფულს, ჩინეთი და მონღოლეთი დაფრინავს და მაგათ რიგში დავდექით.
_ ეს ყველაფერი კი, დიდი ალბათობით, პრობლემებს შეგვიქმნის კანდიდატის სტატუსის მიღებაში…
_ რა თქმა უნდა, ეს კეთდება იმისთვის, რომ საფრთხის ქვეშ ვიყოთ. თქვენი გაზეთის მეშვეობით დავაანონსე, რომ საქართველოში ევროკომისიის სპეცსანქციების წარმომადგენელი ჩამოდის ამ ავიამიმოსვლასთან დაკავშირებით და რატომ? _ ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შევდივართ ოჯახში და მის წესებს არ ვიღებთ, რითაც ევროპას ვშორდებით.
თვითონ პირდაპირ ეუბნებიან, რომ არ გააკეთოთ ეს, მაგრამ საქართველოს მთავრობა ამ გზას დაადგა, მოსამართლეების სანქცირებამდე ამის არავის სჯეროდა. „აირზენა“ და „ჯორჯიან ეარვეისი“ რომ დაასანქცირონ, რა აზრი აქვს? მიკვირს ამ გზით რატომ მიდიან? რუსეთს მიგვიერთებენ? ახალგაზრდებმა ხომ აჩვენეს პროტესტი. კვერცხები და რაც გინდა ესროლე, შედეგს ეს ვერ მოიტანს. ჯებირებს გააკეთებენ და აეროპორტში ვერავინ შევა. ეს არის პოლიტიკური ჟესტი. მთავარია, ის სანქციები რაც შეიძლება ამუშავდეს.
_ ერთადერთ გამოსავალს სანქციებში ხედავთ?
_ დიახ ასეა, სანქციები მთავარია.
_ რა შეიძლება გააკეთოს ამ შემთხვევაში ოპოზიციამ?
_ ყოველდღიურ კონტაქტში ვარ ევროპულ კომისიასთან და ვმუშაობ. ოპოზიციის იმედი არ მაქვს, იმიტომ რომ არათანმიმდევრულ, არაკოორდინებულ ნაბიჯებს დგამენ. რაღაც კლუბური გაერთიანებები აქვთ, ცალკე აგინებენ ერთმანეთს, სრული გაურკვევლობაა. ასეთი ამბებია ქვეყანაში და ერთ მრგვალ მაგიდასთან არ შეიკრიბა არავინ. არ მაქვს მათი იმედი, დასავლეთის იმედი კი მაქვს.
პირდაპირ მინდა გითხრათ, როდესაც სანქციებს არ მივუერთდით ეკონომიკის ჭრილში, ამ კონტექსტში ხელისუფლების ფრენების მესმის. ფრენები უკვე პოლიტიკური აქტია. პოლიტიკურ სანქციებზე შეგვეძლო მიერთება, მაგალითად, ოთხოზორიას სია გვახსოვს. რატომ არ გამოვიყენეთ ეს, როცა ჩვენივე ინიცირებულია? მაგალითად, „აზიმუტი“ დაფრინავს ყირიმში. როდესაც ყირიმი დაეცა, ჩვენ ხომ მივუერთდით იმ კომპანიების მიმართ სანქციებს, რომლებიც ყირიმში დაფრინავდნენ? ახლა ამ კომპანიებს ვღებულობთ ჩვენ. ეს საშინელებაა. ასი პროცენტით ვვარაუდობ, რომ სანქციები დაედება, ჩემი მოლოდინი ესაა.
ეს ძალიან მძიმეა, ხელისუფლებაც რომ შეიცვალოს, ამ ყველაფრის დაბრუნება იმ ფლაგმანზე, სადაც ვიყავით. წლები დასჭირდება იმას, რათა დარწმუნდნენ პარტნიორები, რომ ქართველები ნორმალური ხალხია. ელექტორატი გამოდის ქუჩებში, პროტესტია, არჩევნებში კი „ოცნება“ იგებს. ისინიც დაბნეულები არიან.
გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიები სულ ჩამოდიან. არჩევნები არჩევნების დღეს არ ყალბდება, არჩევნები ყალბდება არჩევნებამდე. სისტემა ასეთია: მუშაობა, დაპირებები. 2024-ის არჩევნებზე ინფრასტრუქტურაზე მილიარდი გამოყვეს. ოპოზიცია კი გაღატაკებულია. 5%-იანი ბარიერია, გადავლენ მხოლოდ „ნაცები“ და „ოცნება“, საკონსტიტუციო უმრავლესობა კი ექნება „ოცნებას“. ბარიერის დაწევაზე რომ იყო ამბები, შარლ მიშელმა მოითხოვა მისი დაწევა, ამასაც არ აკეთებენ. ვინ გადალახავს ამ ბარიერს? საზოგადოების აქტიური ნაწილი წავიდა, დარჩა ის ნაწილი, რომელსაც ფინანსურად უჭირს, ბიუჯეტზეა მიბმული, ხელფასზეა, სამსახურის დაკარგვის ეშინია.
_ რუსების ძალიან დიდი რაოდენობით შემოსვლა, ბიზნესის დარეგისტრირება, ბიზნესის აწყობა, საცხოვრებელი სახლების ყიდვა, მაშინ როცა ქართველების ჩვეულებრივ ფენას ფული არ აქვს, _ სადამდე მიგვიყვანს ეს ყველაფერი? რა საფრთხეს მოგვიტანს?
_ ეს მიგვიყვანს იქამდე, რომ კრასნოდარის მხარე ვიქნებით, პატარა გუბერნია, ესაა, სამწუხაროდ, ამის დიდი ალბათობა.