- სამშაბათი, 24 დეკემბერი, 2024
2023-05-27 15:36:08
ირინა მაკარიძე
ვინ და რატომ ლობირებს ჩინურ კომპანიებს საქართველოში? როდის დასრულდება ავტომაგისტრალის სამუშაოები და იქნება თუ არა გადაადგილება უსაფრთხო? _ ყველაფერ ამის გარკვევას „ქრონიკა+“ შეეცადა.
ისტორიული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც რიკოთის უღელტეხილზე მიმდინარეობს, ევროპიდან აზიისაკენ გადაჭიმული ავტომაგისტრალის ერთი მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი მონაკვეთია. ავტომაგისტრალი „აღმოსავლეთი-დასავლეთი“ საფრანგეთის ქალაქ ბრესტში (დასავლეთი საფრანგეთი, ბრეტანის რეგიონის ფინისტერის დეპარტამენტი, ატლანტიკის ოკეანის სანაპირო, _ რედ.) იწყება და ყირგიზეთის ქალაქ ირკეშტმში სრულდება. საქართველოში E-60 ფოთის პორტიდან იწყება და აზერბაიჯანის საზღვართან მთავრდება. საქართველოს ტერიტორიაზე დერეფნის სიგრძე 392 კილომეტრს შეადგენს. პროექტი თავიდანვე შეფასდა, როგორც ისტორიული და უპრეცედენტო, როგორც შინაარსით, ასევე საინჟინრო გადაწყვეტებით. ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, რიკოთის უღელტეხილზე, საერთო ჯამში, დაგეგმილია 51.6 კმ გზის მშენებლობა, რომელიც 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს. რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობა 4 სექციად დაიყო, მშენებლობის დასრულების ვადად კი 2022 წელი დასახელდა.
ამ დრისთვის რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობა უკვე დასრულებული, გზის მანძილი 30 კილომეტრით შემცირებული, ხოლო მგზავრობის დრო განახევებული უნდა იყოს.
„თუ დღეს წითელი ხიდიდან სარფამდე მანძილის გავლას სჭირდება 8 საათი, პროექტის ბოლოს დასჭირდება 4-4.5 საათი. რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში მოეწყობა სპეციალური სივრცეები, სადაც მიმდებარე სოფლების მოსახლეობას საკუთარი ნაწარმის გაყიდვის საშუალება ექნება“, _ აცხადებდა ირაკლი ქარსელაძე
ამის ნაცვლად, უსაფრთოებასთან დაკავშირებული რისკების გამო, მოქალაქეებს გრაფიკით მოძრაობა და ჭიათურა-საჩხერის გზით შემოვლა, ასეულობით კილომეტრის ზედმეტად გავლა და დროისა და ენერგიის ფუჭად დახარჯვა უწევთ.
მეწყრული პროცესები
2023 წლის მარტში აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გზის უბისა-შორაპნის მონაკვეთზე მეწყრული პროცესების შედეგად ფერდი ჩამოიშალა და მშენებარე გვირაბი დააზიანა. ფაქტი საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მოსული უხვი ნალექით ახსნა.
როგორც დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, თეა გოდოლაძემ „ქრონიკა+“-ს განუცხადა, რიკოთის მონაკვეთი სეისმურად ერთ-ერთი რთული არეალია და იქ სამუშაოების დაწყებამდე მნიშვნელოვანი გეოლოგიური კვლევები უნდა ჩატარებულიყო, თუმცა, მისივე ინფორმაციით, მსგავსი არ მომხდარა. გოდოლაძე აღნიშნავს, რომ ამ გარემოში არასწორი ჩარევა საფრთხეს კიდევ უფრო ზრდის.
„ფერდი მეწყრული შეიძლება გახდეს არასწორი ჩარევითაც, მით უმეტს, როდესაც საუბარია ლიხის ქედზე, ძირულის მასივსა და რიკოთზე. აქ მეწყრული პროცესები რამდენიმე წლის წინათაც განვითარდა და ადამიანები დაიღუპნენ… ჩვენ ვართ ინსტიტუცია, რომელიც ფლობს ინფორმაციას ამ რეგიონის შესახებ, თუმცა არაფერს გვეკითხებიან. არ მახსოვს კონსულტაცია ჩინურ კომპანიასთან. არ ითვალისწინებენ რეგიონის გეოლოგიას, არ გვაკარებენ არაფერს. ჩვენ ვსაუბრობდით და ვსაუბრობთ ამის შესახებ, მაგრამ არავინ არაფერს ითვალისწინებს“, _ განაცხადა თეა გოდოლაძემ.
როგორც სეისმოლოგი ამბობს, საფრთხე არსად გამქრალა და მეწყრული პროცესები რიკოთზე ნებისმიერ დროს შეიძლება განვითარდეს:
„რა შეცვლის ამ სიტუაციას? ისევ მიდის იქ მშენებლობა, აბსოლუტურად დახურული სისტემაა და ჩვენ არაფერში გვახედებენ. როდესაც გეოლოგიური პროცესების პროვოცირებას ვიწვევთ, უნდა ველოდოთ, რომ ეს არ დასტაბილურდება ძალიან დიდი ხანი“, _ განუცხადა „ქრონიკა+“-ს გოდოლაძემ.
ამ მონაკვეთზე სამუშაოებს ახორციელებს ჩინეთის გზებისა და ხიდების კოორპორაცია ჩჰინა ღოად ანდ Bრიდგე ჩორპორატიონ-ის საქართველოს ფილიალი. აღმოსავლეთი-დასავლეთის ავტომაგისტრალის ჩუმათელეთი-ხევის ჩქაროსნულ მონაკვეთს რიკოთის უღელტეხილზე ჩჰინა შტატე ჩონსტრუცტიონ Eნგინეერინგ ჩორპორატიონ Lიმიტედ-ი აშენებს. საქართველომ ასევე გააფორმა ხელშეკრულება ჩინურ კომპანია ჩჰინა ღაილწაყ 23რდ Bურეაუ Gროუპ ჩო-სთან.
რატომ ჩინური კომპანიები?
საქართველოში ასეთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება ჩინურ კომპანიებს ანდეს, რამაც მაშინვე გააჩინა სკეპტიკური დამოკიდებულება და ეჭვები შესაძლო კორუფციულ გარიგებებზე.
ამ სამუშაოებს რომ ჩინელებზე უკეთ ევროპული კომპანიები შეასრულებდნენ, ამის შესახებ პირველად პოლონეთის ელჩმა განაცხადა. მარიუშ მაშკიევიჩმა გაოცება გამოხატა საქართველოს ხელისუფლების მიერ გზებისა და გვირაბების სამშენებლო პროექტებისთვის ჩინური კომპანიების მოწვევის გამო: „მაინტერესებს, რატომ იწვევს საქართველო აქ ჩინურ კომპანიებს გზების მშენებლობისთვის? ჩვენ ისეთი გვირაბების მშენებლობა შეგვიძლია, რომლებიც ჩინურზე უკეთესია“, _ თქვა მარიუშ მაშკიევიჩმა. ის ასევე განმარტავდა, რომ ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გამოყოფილ თანხას საქართველო ძირითადად ევროკავშირის ქვეყნებიდან იღებს და ამიტომ საქართველოს მთავრობის მიერ ჩინური კომპანიების დაქირავება არა მხოლოდ მას, ევროკავშირის ელჩების კლუბში სხვებსაც აოცებს.
„ქრონიკა+“-სთან საუბრისას ავტომაგისტრალის მშენებლობასთან დაკავშირებით შესაძლო კორუფციულ გარიგებებზე მიუთითებს კორუფციის მკვლევარი, „ევროპული საქართველოს“ წევრი, ბესიკ დონაძე:
„პროექტის ღირებულება არის 1 მილიარდი ლოლარი, რაც, დაახლოებით, 3 მილიარდ ლარამდეა. 4-ვე მონაკვეთზე მუშაობს ჩინური კომპანია. ამ კომპანიებს წარუმატებელი პროექტების გამო პრობლემები ჰქონდათ სხვადასხვა ქვეყანასა და ქალაქში. ეჭვს იწვევს ის, რომ ეს ჩინური კომპანიები შემოყვანილი ჰყავს მთავრობას ვანო ჩხარტიშვილის ლობირებით. ეს ჩინური კომპანიები რეგისტრირებულები არიან ფოთის თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში. ბატონ ჩხარტიშვილს ასევე კომპანიონებად ჰყავს ჩინური კომპანიები. ასევე პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილიც, პრემიერობიდან პირველი მოხსნიდან _ თავდაცვის მინისტრობამდე პერიოდში, მუშაობდა ჩინურ კომპანიაში. შესაბამისად, ძალიან დიდი ეჭვი ჩნდება, ჩინური კომპანიების ბაზარზე შემოყვანის თაობაზე, მაშინ როდესაც უარი ეთქვათ ევროკავშირის ქვეყნებში მომუშავე კომპანიებს, რომლებსაც აქვთ საკმაო გამოცდილება. ევროპაშიც არის უღელტეხილები და არის რიკოთზე დიდი უღელტეხილებიც, ამაზე მეტი გვირაბებიცაა გაყვანილი, მაგრამ ყველაფერი არის ნორმალურად. საავტომობილო გზების დეპარტამენტისგან ჩვენ ვერ მივიღეთ ვერანაირი დოკუმენტი „ბაზრის კვლევის შესახებ“, თუ როგორ შეირჩა ეს ჩინური ომპანიები. გვესმის მხოლოდ და მხოლოდ ტრაფარეტული სიტყვები და სადღეგრძელოები“, _ აცხადებს ბესიკ დონაძე.
მისივე თქმით, პროექტის მთავარი პრობლემა გაუმჭვირვალობაა:
„ეს ყველაფერი ტოვებს განცდას, რომ ეს იყო შეთანხმებული, კარგად დალაგებული, დიდი კორუფციული სქემა. მთავარი პრობლემა, რაც ახლავს პროექტს, ეს არის გაუმჭვირვალობა, მოსახლეობის არაინფორმირებულობა. ჩემი ორგანიზაციიდან, „საჯარო შესყიდვების მონიტორინგის ცენტრიდან“, გამოვითხოვე ინფორმაცია ამ ჩინური კომპანიების ქვეკონტრაქტორი კომპანიების შესახებ, რომლებიც უშუალოდ ასრულებენ სამუშაოებს. ეს ინფორმაცია არ მოგვაწოდეს და გვიპასუხეს, რომ ეს არის კომერციული საქმიანობა. ჩვენი ინფორმაციით, ქვეკონტრაქტორი კომპანიები არიან „ქართული ოცნების“ შემომწირველი კომპანიები. ჩემი ექსკლუზიური ინფორმაციით, უკვე დახარჯული არის ერთი მილიარდ ლარზე მეტი, მაგრამ შედეგი გვაქვს ის, რომ დავდივართ გრაფიკით, რაც ნიშნავს, _ გადადგილება არ არის უსაფრთხო. გრაფიკით გადაადგილება, თავის მხრივ, იწვევს ტვირთების შეფერხებას. შესაბამისად, ის კომპანიები, რომლებიც ქვეყანას სატრანზიტო დერეფნად იყენებენ, უკვე ეძებენ ალტერნატივებს, იმიტომ რომ არასაიმედო გზაა“, _ განმარტავს ბესიკ დონაძე.
რაც შეეხება საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავის მართლებას, რომ პროექტთან დაკავშირებით ყველაფერი შეთანხმებულია დონორ ორგანიზაციებთან, დონაძე აცხადებს, რომ ეს სპეკულაციაა:
„ძალიან სპეკულირებენ ამ საკითხში. უცხოური დონორი ორგანიზაციები მოთხოვნებს აყენებენ, რომ იყვნენ საქმის კურსში სამუშაოების მიმდინარეობასთან დაკავშირებით, თუმცა კომპანიების შერჩევაში, მისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და ისტორიის შესწავლაში მსოფლიო ბანკი არ მონაწილეობს. ეს არის სამინისტროსა და გზების დეპარტამენტის პასუხისმგებლობის საკითხი. აქ მთავარია გამჭვირვალობა, როდესაც ეს გამჭვირვალობა არ არსებობს, ჩვენ, კორუფციის მკვლევრები, ვიტოვებთ უფლებას, გავაკეთოთ კრიტიკული შეფასება. ის ფაქტი, რომ საჯარო სივრცეში კომპანიების შერჩევის ოფიციალური ინფორმაცია არ არსებობს, სხვა გზას არ გვიტოვებს. ფაქტია, არ არსებობს დოკუმენტი, თუ როგორ შეარჩიეს ეს ჩინური კომპანიები“, _ აცხადებს დონაძე.
მისივე თქმით, ერთადერთი კვლევა, რომელიც გამოქვეყნებულია, არის გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) დოკუმენტი, თუმცა ისიც გადმოკოპირებულია.
„ერთადერთი კვლევა, რომელიც გამოქვეყნებულია, არის გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) დოკუმენტი, რომელშიც სიტყვა „მეწყერი“ გამოყენებულია მხოლოდ ორჯერ. ერთ შემთხვევაში ეს არის, რომ მეწყრის დროს „112“-ში უნდა დავრეკოთ და მეორე _ თანამშრომლების ევაკუაცია უნდა განვახორციელოთ. ოღონდ მისი მოსალოდნელობის, რისკების შესახებ იქ არაფერია ნათქვამი. აღსანიშნავია, რომ 2019 წელს ამ დოკუმენტში მიუთითეს კანონის ნორმა და მუხლი, რომელიც 2017 წელს გაუქმდა, რაც ცხადად აჩვენებს, რომ დოკუმენტი დაკოპირებულია და ისიც კი არ შეუნიშნავთ, რომ ასეთი შეცდომა გაეპარათ. ცხადია, არც არავის წაუკითხავს“, _ აღნიშნავს დონაძე.
მისი თქმით, მიუხედავად მაღალი საჯარო ინტერესისა, დღემდე არ არის გასაჯაროებული, ამ ეტაპზე რა მოქმედებები მიმდინარეობს.
„ქართული ოცნების“ ბუნებაა, როდესაც პრობლემა გაჩნდება, იწყებენ ყველაფრის დაკეტვას. გელათში პრობლემა გაჩნდა _ წულუკიანმა ჩააყენა თოფიანი დაცვა და აღარ უშვებდა არავის. რიკოთზე პრობლემა გაჩნდა, დააყენეს პოლიცია და იმ ტერიტორიაზე აღარ უშვებენ არავის. როდესაც ასეთი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია, როდესაც ერთი მილიარდი ლარი უკვე დახარჯულია და ასეთი პრობლემებია, ამდენი დროა გასული და ახლა, ამ დროისთვის რა მოქმედებები მიმდინარეობს, შესწავლის რა ეტაპია, ამის შესახებ შუალედური დასკვნა მაინც უნდა დაიდოს. გზების დეპარტამენტის უფროსი ყოველ კვირაში უნდა გამოდიოდეს და ატარებდეს საინფორმაციო ბრიფინგებს“, _ განუცხადა ბესიკ დონაძემ „ქრონიკა+“-ს.
მისივე თქმით, როდესაც კორუფციული ნიშნით, გარიგებითა და ნეპოტიზმით შემოგყავს კომპანია, შემდეგ იმ კომპანიისგან ხარისხს ვეღარ ითხოვ. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანი იყო, კომპანიები შერჩეულიყო გამჭვირვალედ: „სადაც არის კორუფცია, სადაც არის ნეპოიტიზმი, იქ არ არსებობს ხარისხი. ეს ხელისუფლება ამ პროექტს ვერ დაასრულებს, 2024 წელს ხელისუფლება შეიცვლება და უკვე მომდევნო ხელისუფლება დაასრულებს მაგისტრალის მშენებლობას“, _ განაცხდა მან.
დონაძივე თქმით, ეს მდგომარეობა არ შეიძლება, დიდხანს გაგრძელდეს:
„მოდის ტურისტული სეზონი და წარმოიდგინეთ, უცხოელ ტურისტს რომ ეუბნები, საღამოს 7 საათის შემდეგ ვეღარ წახვალ ბათუმში ან ბათუმში ჩამოსულს ეტყვი, რომ დილამდე ვერ წახვალ თბილისში და რიკოთი უნდა გაიარო გაუჩერებლად. ან მთავრობამ რომ თქვა, რიკოთი გაუჩერებლად უნდა გავიაროთო, იმ ადამიანებს რამეს უნაზღაურებენ, ვისთვისაც რიკოთის მიმდებარე ობიექტები შემოსავლის წყაროს წარმოადგენდა? როდის რა მოხდება, არავინ იცის და, შესაბამისად, ამ სწრაფი გადაადგილებით ამცირებს მოსალოდნელ მსხვერპლს“, _ აღნიშნავს ბესიკ დონაძე.
საქმისადმი არაპროფესიონალურ დამოკიდებულებასა და შესაძლო კორუფციულ გარიგებებზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი, „ანტოკორუფციული მოძრაობის წარმომადგენელი“, ლაშა ფარულავა:
„ახალი ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა იყო 4 ლოტად გაყოფილი. 2018 წელს დაიწყო ეს პროექტი, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ როდესაც სატენდერო წინადადება გამოიტანა, ამ სამუშაოების შესასრულებლად მოიწვია ჩინური კომპანიები, რაც თავიდანვე იყო მიუღებელი ნაბიჯი. სახელმწიფო, რომელიც ევროკავშირისგან იღებს ფულს და სამუშაოებისთვის ეპატიჟება ჩინურ კომპანიებს, ეს ქმედება უკვე ქმნის ეჭვს კორუფციასთან დაკავშირებით. 4-ვე ლოტზე შერჩეულია ჩინური კომპანია, აქედან 2 ლოტი არის აზიის განვითარების ბანკის სესხით, ერთი _ „იბიარდის“ და ერთიც _ „მსოფლიო ბანკის“ სესხით“, _ განუცხადა „ქრონიკა+“-ს ლაშა ფარულავამ.
რატომ აზიის განვითარების ბანკი?
„არგვეთის მონაკვეთზე მემორანდუმი გააფორმა ინფრასტრუქტურის სამინისტრომ იაპონიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან, რომელიც გვაძლევდა იაფ სესხს, ასევე „ბონუსად“ გვაძლევდა სამშენებლო სპეცტექნიკას. ამაზე უარი თქვა სამინისტრომ, უარი თქვა იაფ სესხსა და სპეცტექნიკაზე და აიღო ძვირი სესხი „აზიის განვითარების ბანკისგან“, რომელსაც მოყვა ჩინური კომპანია. ჩინური კომპანია, ცნობილია, რომ თავისი დამოკიდებულებით არის დაუდევარი და დაუნგრია იქაურ მოსახლეობას სახლები. ეს არის სოფელი ფუთი, ასევე ზესტაფონში უზნაძის ქუჩა და ბატონიშვილების ქუჩა“, _ აცხადებს ლაშა ფარულავა.
მისივე თქმით, ჩინური კომპანიები სწორედ კორუფციული გარიგებების ნიშნით შეარჩიეს.
„ჩინური კომპანიები არიან რუსული კომპანიების იდენტური კომპანიები, მუშაობენ ე. წ. ატკატებზე. სწორედ ამიტომ შეარჩიეს ისინი. მიუხედავად იმისა, რომ ამ სამუშაოებზე ჰქონდათ გამოხატული ინტერესი სხვადასხვა ევროპულ კომპანიებს, ამაზე უარი თქვა ჩვენმა მთავრობამ და მიიწვია ჩინური კომპანია, რომელიც სპეციალიზებულია სარკინიგზო გზების მშენებლობაზე და საავტომობილო გზების მშენებლობის გამოცდილება არ გააჩნია. სხვათა შორის, ევროპა ამ კომპანიებს უარს ეუბნება დაბალი ხარისხის გამო. ამ კორუფციას, რომლის სათავეშიც დგას ოლიგარქ ივანიშვილის კორუმპირებული მთავრობა, ეწირება არა მხოლოდ საავტომობილო გზა, არამედ ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესები“, _ აცხადებს ლაშა ფარულავა „ქრონიკა+“-სთან საუბრისას.
მისივე თქმით, რიკოთის მონაკვეთი ყურადღების ქვეშ მეწყრული პროცესების გამო მოექცა, მაგრამ პრობლემა არის ასევე არგვეთის მონაკვეთი, _ ზესტაფონში გზის მშენებლობის გამო ადამიანებს სახლები ენგრევათ, რის შესახებაც სახელმწიფო დუმს და არაფრით ეხმარება მათ:
„სახელმწიფო საექსპერტო დასკვნებსაც კი არ ამზადებს, რომ ადამიანებს გვერდით დაუდგეს, ადეკვატური კომპენსაცია მაინც შესთავაზოს მათ, რადგან ძალიან სახიფათოა იქ ცხოვრება. კედლები არის დაბზარული, რის გამოც მოსახლეობა ჩივის. ჩვენ ადგილზე ვიყავით ჩასული და არაერთი განცხადება გავაკეთებთ ამის შესახებ“, _ აღნიშნა ფარულავამ.
მისივე თქმით, არანაკლებ მნიშვნელოვანი პრობლემაა ის ფაქტი, რომ მთავარ ავტომაგისტრალზე სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე უნდა მომხდარიყო ალტერნატიული გზის მშენებლობა, თუმცა ფული გამოიყო, ტენდერი მოიგო „ქართული ოცნების“ შემომწირველმა კომპანიამ, მაგრამ არაფერიც არ გაკეთდა.
„ვიდრე ახალი ჩქაროსნული გზის მშენებლობის პროექტი დაიწყებოდა, სახელმწიფოს ჰქონდა ასევე დაგეგმილი შემოვლითი გზის პროექტი, რომელიც გულისხმობდა ჩუმათელეთი-ხარაგაული-ზესტაფონის დამაკავშირებელი გზის, შემოვლითი გზის მშენებლობას. ავტომაგისტრალის მშენებლობის დროს თუ რაიმე პრობლემა შეიქმნებოდა, მძღოლებს შეეძლებოდათ ალტერნატიული გზით გადაადგილება. ეს გზა, რომელიც ცენტრალური მაგისტრალის ალტერნატივა იქნებოდა, 2021 წელს უნდა დასრულებულიყო. ამისთვის მთავრობამ სესხი აიღო აზიის განვითარების ბანკიდან, თუმცა პროექტი ჩააგდეს და დღეს მძღოლებს გომი-საჩხერე-ჭიათურის მონაკვეთით უწევთ მოძრაობა. ეს სწორედ იმის ბრალია, რომ კორუფციაა ინფრასტრუქტურის სამინისტროში და გამოცხადებულ ტენდერში უპირატესობა მიენიჭა „აკორდ ჯორჯიას“, სავარაუდოდ, კორუფციული გარიგებით. ამ კომპანიამ გზის მშენებლობა ჩააგდო, არაფერი ამ გზაზე არ გააკეთა. შესაბამისად, იმის ნაცვლად, რომ 40-კილომეტრიანი სათადარიგო გზა ყოფილიყო, რომელიც 2021 წელს უნდა დასრულებულიყო, ეს გზა არ არსებობს და ამის გამო გვიწევს ჭიათურის გზით მოძრაობა, რომელიც არის დამატებით 150 კმ. ეს არის წარმოუდგენელი არაადამიანობა და ნათელი მაგალითი იმისა, როგორ გვაზიანებს კორუფცია, როგორ გვაკარგვინებს დროს, რესურსებსა და საშუალებას, რომ ქვეყანაში თავისუფლად გადავაადგილდეთ. ეს არის პირდაპირი პასუხისმგებლობა ინფრასტრუქტურის სამინისტროსი და პირადად ირაკლი ქარსელაძის. 3 მილიარდი ლარი სესხი აიღო მთავრობამ. ნაცვლად იმისა, რომ გზა გაეკეთებინათ, ადამიანებს სახლები დაუნგრიეს“, _ განუცხადა „ქრონიკა+“-ს ლაშა ფარულავამ.
ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრის განცხადებით, ჩაგდებული პროექტისთვის პასუხისმგებლობა არა მხოლოდ ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და მინისტრ ირაკლი ქარსელაძეს ეკისრება, არამედ ქვეყნის არაფორმალურ მმართველსა და მის „ქართუ-ჯგუფისგან“ შემდგარ მთავრობას.
„3 მილიარდი სესხი ავიღეთ და ქვეყანას, რომელსაც გაცხადებული პოზიცია აქვს, რომ ტრანზიტული ქვეყანა იყოს, არათუ ტრანზიტის გატარება, თავისი მოქალაქეების დასავლეთიდან აღმოსავლეთით და პირიქით, უსაფრთხო გატარება არ შეუძლია. გზებზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმი არის დაწესებული, რაც კორუფციული მმართველობის პირდაპირი შედეგია, ეს მოდის ბიძინა ივანიშვილის „ქართუ ჯგუფის“ მინისტრებისგან“, _ აცხადებს ფარულავა „ქრონიკა+“-სთან.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის საუღელტეხილო გზასთან დაკავშირებით ოპოზიციის ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს.
„ბრალდების ავტორები, როგორც წესი, თავიანთი გამოგონილი ბრალდებების საფუძვლად ვერაფერს ასახელებენ და ყოველგვარი ფაქტის, ფაქტობრივი გარემოებისა თუ მსჯელობის გარეშე, ცილს სწამებენ რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის ურთულესი პროექტის განხორციელებაში ჩართულ უამრავ ადამიანს, ადგილობრივ თუ უცხოელ სპეციალისტსა და ორგანიზაციას“, _ აცხადებენ გზების დეპარტამენტში.
რაც შეეხება მეწყრულ პროცესებს, გზების დეპარტამენტი მარტში აცხადებდა, რომ შესწავლა დაიწყო ადგილობრივი და საერთაშორისო სპეციალისტების ჩართულობით, თუმცა ჯერჯერობით მეტი არაფერია ცნობილი.
მიტოვებული სამუშაოების გასაგრძელებლად კი საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მოლითი-ჩუმათელეთის მონაკვეთის დარჩენილ სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ახალი ტენდერი გამოცხადდა.
„ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის 50 კმ-იანი გზის პირველ 25 კმ-იან მონაკვეთზე შესრულებულია ძირითადი სარეაბილიტაციო სამუშაოები. ვინაიდან სამშენებლო კომპანიამ ვერ შეძლო გზის მეორე მონაკვეთის დასრულება, მასთან გაფორმებული ხელშეკრულება შეწყდა და გზის დარჩენილი ნაწილის რეაბილიტაციის მიზნით, გამოცხადდა ხელახალი ტენდერი. ახალი ტენდერის გამოცხადებამდე გზის მოვლა-შენახვის სამუშაოები ხორციელდებოდა სახელმწიფო ბიუჯეტით გზის რეაბილიტაციის შედეგად“, _ ნათქვამია დეპარტამენტის განცხადებაში. ცხადია, დამატებითი თანხები გამოიყო, პასუხისმგებლობა არავის დაკისრებია.
რაც შეეხება ზესტაფონში მოსახლეობის პრეტენზიებს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი აცხადებს, რომ ჩატარდა ექსპერტიზა და გაირკვა, რომ ადგილობრივების სახლები გზის სამუშაოების დაწყებამდეც დაბზარული იყო, შესაბამისად, ისინი ვერაფერს მიიღებენ. სამხარაულის დასკვნის საფუძველზე, გზების დეპარტამენტი უარს აცხადებს ადგილობრივებისთვის ბინის ქირის გადახდაზეც კი.
„მაგისტრალური გზის სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე, წინა სამშენებლო კვლევების ეტაპზე, ჩატარდა გვირაბიდან 250 მეტრის მანძილზე არსებული ყველა საცხოვრებელი სახლის, მათ შორის, უზნაძის ქ. N132-ში მდებარე კორპუსის ტექნიკური მდგომარეობის აღწერა. აღწერის მიხედვით, კორპუსში არსებული საცხოვრებელი ბინები სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდეც იყო დაზიანებული და კედლებზე აღინიშნებოდა არაერთი დიდი ბზარი.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს თავდაპირველი ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ბინებზე გვირაბის სამშენებლო სამუშაოებს, ვიზუალური დათვალიერებისა და კონტროლის მიზნით აღებული მონაცემების მიხედვით, ზეგავლენა არ ჰქონდა. კორპუსთან მდებარე გვირაბის მშენებლობის დასრულების შემდეგ დეპარტამენტმა ხელახლა მიმართა ექსპერტიზის ბიუროს. მეორე დასკვნის მიხედვითაც, შორაპანი-არგვეთის მონაკვეთზე ჩატარებულ სამშენებლო სამუშაოებს შენობის ტექნიკურ მდგომარეობაზე ზეგავლენა არ აქვს.
აღნიშნული დასკვნების გათვალისწინებით, არ დადასტურდა უზნაძის ქ. N132-ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსზე სამშენებლო სამუშაოების ზეგავლენა. დასრულდა გვირაბის გაყვანის სამუშაოებიც. შესაბამისად, აღარ არსებობს კორპუსის მცხოვრებთა ქირით უზრუნველყოფის საფუძველი.
საავტომობილო გზების დეპარტამენტს უზნაძის ქ. N132-ში მდებარე კორპუსის მცხოვრებლებთან, სამუშაოებისა და კვლევების წარმოების ყველა ეტაპზე, ჰქონდა აქტიური კომუნიკაცია მათი ინფორმირების მიზნით“, _ აცხადებს გზების დეპარტამენტი.