QronikaPlus
„როდესაც ამხელა ტრანსნაციონალურ დანაშაულზეა საუბარი, შექმნას „ოცნებამ“ კომისია, თუმცა საკუთარი კლანის საქმეს ხომ არ გამოიძიებენ?“

„როდესაც ამხელა ტრანსნაციონალურ დანაშაულზეა საუბარი, შექმნას „ოცნებამ“ კომისია, თუმცა საკუთარი კლანის საქმეს ხომ არ გამოიძიებენ?“

2023-05-27 15:33:58

გიგა გელხვიიძე

ოთხი წლის შემდეგ, 2023 წლის 19 მაისს, საქართველოში პირველი რუსული თვითმფრინავი დაეშვა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა მიიღო რუსული ავიაკომპანია „აზიმუტის“ საჰაერო ხომალდი, რომელსაც უფრო მეტი რუსეთის მოქალაქე ჩამოჰყვა საქართველოში, ვიდრე რუსეთში მცხოვრები ქართველები. გარდა ამისა, ქართულმა მხარემ კიდევ ერთ რუსულ ავიაკომპანია „ღედ ჭინგს“-ს მისცა იმის საშუალება, რომ მან ფრენები განახორციელოს საქართველოში. აღნიშნული ავიაკომპანია ფრენებს შეასრულებს არა მხოლოდ თბილისში, არამედ ქუთაისის აეროპორტშიც და გარდა მოსკოვისა, ის პირდაპირ იფრენს ასევე სოჭის მიმართულებით.

რუსული ავიაკომპანიების ქვეყანაში შემოსვლის გარდა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას საკმაოდ ბევრი თავსატეხი აქვს, მათ შორის არის ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხიც, რომელიც ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, _ ის, რაც მმართველ გუნდს შესრულებული ჰგონია, ევროპელი პარტნიორებისთვის ეს სანახევროდ გაკეთებული საქმეა, რაზედაც არაერთი განცხადება გაკეთდა.
გარდა ამისა, არსებობს გარკვეული წინაპირობები, რომ მმართველი გუნდი შესაძლოა, ტრანსნაციონალური დანაშაულის მონაწილე აღმოჩნდეს, რაც მათთვის, ფაქტობრივად, პოლიტიკური კარიერის დასასრულად, ხოლო საქართველოსთვის შესაძლოა, დასანქცირების მიზეზად იქცეს.

სწორედ ქოლცენტრები არის ერთ-ერთი სასაუბრო თემა პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერ გიორგი ვაშაძისთან ინტერვიუში, რომელიც „ქრონიკა+“-მა თავისი მკითხველისთვის მოამზადა.
აღნიშნულის გარდა, ძალიან საინტერესოა გიორგი ვაშაძის ხედვები ოპოზიციის შესაძლო გაერთიანებასა და ყველა იმ მიმდინარე საკითხებზე, რომლებზედაც მასალის შესავალში ვისაუბრებთ:

_ ბატონო გიორგი, პირველ რიგში, მინდა შევეხო პარლამენტში განვითარებულ პროცესებს _ აქტიურად საუბრობენ თავის მართლების რეჟიმში, რომ არ იყო საკმარისი კომუნიკაცია ამ საკითხთან დაკავშირებით.
_ ძალიან ნეგატიურად ვაფასებ ამ ყველაფერს. როდესაც პარლამენტში ხარ, იმის პატარა ბავშვი არავინ არის, რომ რაღაც ფარული ხმის მიცემების პროცესში არსებული თავის მართლება ვინმემ გამართლებად მიიღოს. ვიღაცამ მითხრა-არმითხრა, არც ესაა მისაღები, რადგანაც ამდენი წელია და თვეებია მიდის უკვე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევაზე საუბარი და ის, რომ „ქართულ ოცნებას“ არ უნდა მიეხმარო კლანის წევრების გაყვანაში იუსტიციის საბჭოში, ეს 2X2=4-ია და ამით ყველაფერი ნათქვამია და ყველა საუბარი უადგილო მგონია ამის მერე.
_ იყო საუბარი იმაზეც, რომ დილარ ხაბულიანის ბარათი, მისი დარბაზიდან გასვლის შემდგომ, „ხალხის ძალის“ ხელში აღმოჩნდა, ამის შესახებ გაქვთ რამე ინფორმაცია?
_ კი, ეს მეც შევიტყვე, არ გამოვრიცხავ ნამდვილად. ეს თავად დილარ ხაბულიანმა უნდა თქვას, თვითონ აძლევდა ხმას, თუ ბარათიც წაართვეს და ასე ცდილობდა მის გაკონტროლებას „ქართული ოცნება“? _ ეს მისი გადასაწყვეტია, მე ნამდვილად არ ვიცი. თუმცა ვიღაცებმა დაინახეს, რომ თითქოს ბარათი არ ჰქონდა სისტემაში ჩართული ხმის მიცემის დროს.
_ ქოლცენტრების საკითხს მინდა, შევეხო _ ეს არ არის ახალი თემა და ამაზე საუბარი უკვე წლებია გრძელდება, თუმცა მმართველი გუნდისთვის საკითხი ყველაზე მეტად ბოლო პერიოდში გააქტიურდა. რაში სჭირდებოდა დღეს „ქართულ ოცნებას“ ამ საკითხის წამოწევა წინა პლანზე?
_ სულ უფრო მეტად ახლოვდება დრო, როცა სწორედ მმართველი გუნდის წარმომადგენლებზე გავლენ ევროპელი სამართალდამცველები და გამომძიებლები და ამიტომ არის, რომ ცდილობენ, ბევრი დეზინფორმაცია გაავრცელონ ამ საკითხის ირგვლივ. რა თქმა უნდა, „ქართული ოცნება“ და ძალოვანი ორგანოები დგას ამ ქოლცენტრების უკან. ყველამ კარგად იცის, რომ მილიონობით დოლარის მოპარვა, ასეთი ტრანზაქციები ხელისუფლებისა და სამართალდამცველების მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია. ქუჩაში რომ გაიაროთ, გაიგებთ, რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდა ჰყავთ ასევე ჩათრეული ამ სქემებში და ეს ყველასთვის ცნობილია, არ არის სიახლე. 2022 წლიდან იძიებენ, არცერთი სოლიდური დამნაშავე არ არის გამოვლენილი. არის მცდელობები, რომ რაღაც-რაღაცები გადატეხონ პატარა ადამიანებზე, შემდეგ კი ციხიდან უშვებენ მათ და ცალსახაა, რომ სწორედ სახელმწიფო დგას ამის უკან და სწორედ ამიტომ ცდილობენ კვალის არევის მიზნით უამრავი დეზინფორმაციის გავრცელებას. ასე იყო ჩემს შემთხვევაში _ უნდოდათ ჩემი და დავით არახამიას გვარების დაკავშირება ერთმანეთთან. ეს არის სრულიად სუსის სპეცოპერაცია, რადგანაც დავით არახამიას ნახევარძმა, რომელიც საქართველოში ცხოვრობს და რომელთანაც კავშირი არ აქვს მას, კომპანიის დარეგისტრირებისთანავე ქრება ქვეყნიდან. კომპანია დარეგისტრირდა 13 აპრილს და ის გადის ქვეყნიდან და შემდგომში სამ კვირაში ტარდება სპეცოპერაცია, რომელსაც პირადად ესწრებოდა, ფაქტობრივად, ისკო დასენი (საპარლამენტო უმრავლესობის წევრი), ის დააფიქსირა კამერებმა.
_ ქოლცენტრებთან დაკავშირებით პირდაპირი მტკიცებულებები წარადგინეთ პარლამენტში, სადაც საუბარია იგივე ისკო დასენის კავშირებზეც აღნიშნულ სქემასთან, მოჰყვა თუ არა ამას რამე რეაგირება?
_ არა, არავინ დამკავშირებია და არც მაქვს იმის მოლოდინი, რომ ვინმე დამიკავშირდება და მოკვლევას დაიწყებენ. თქვენ ხედავთ, პარლამენტში პარტია „საქართველომ“ დაარეგისტრირა დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი სწორედ ქოლცენტრებთან დაკავშირებით, რომელსაც ღიად და მკაფიოდ ეწინააღმდეგება „ქართული ოცნება“, რომ გამოძიებას ხელი არ შევუშალოთ. სამი წელია იძიებენ ამ საქმეებს და არანაირი შედეგი არ არის. საგამოძიებო კომისიის საქმეც სწორედ ეს არის, რომ როდესაც ამხელა ტრანსნაციონალურ დანაშაულზეა საუბარი, შეიქმნას კომისია, თუმცა საკუთარი კლანის საქმეს ხომ არ გამოიძიებენ? ისკო დასენი, „ქართული ოცნების“ დეპუტატი, რომელიც ჩვენ გამოვავლინეთ, არის ერთ-ერთი იმ კლანებს შორის, რომელიც ამ ქოლცენტრებზე დიდ ფულს აკეთებს.
_ მას შემდეგ, რაც „ბი-ბი-სიმ“ დავით კეზერაშვილის კავშირებზე ისაუბრა ქოლცენტრების შესახებ, საქართველოში აქტიურად დაიწყო ქოლცენტრების ძებნა: რეკავენ პოლიციაში, მიდის გადამღები ჯგუფები. მაგალითად, იყო შემთხვევა, სანამ პოლიციაში ზარი შევიდოდა, ჯერ „ფორმულას“ გადამღები ჯგუფი მივიდა და გვიან ღამით უკვე ზარი განხორციელდა ქოლცენტრთან დაკავშირებით. ამით იმის კითხვა მინდა, რომ ხომ არ ხედავთ კეზერაშვილის კვალს ამ ყველაფრის უკან?
_ კონკრეტულად ამ შემთხვევაში ვერაფერს ვიტყვი. სწორედ ამიტომ არის საჭირო საგამოძიებო კომისიის შექმნა, რადგანაც თუ ვინმეა ჩართული ამ დანაშაულში, ყველამ პასუხი უნდა აგოს. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, კეზერაშვილმა დაიწყო დავა „ბი-ბი-სისთან“ მასთან დაკავშირებით გავრცელებულ სიუჟეტზე. საინტერესო იქნება ამის შედეგებიც. თუ ვინმე იტყვის, რომ ბრიტანულ სასამართლოს არ ენდობა ან ჩვენ ან სხვა ვინმე, ეს სასაცილო იქნება, ამიტომ ყველაფერი გამოიკვეთება. რაც შეეხება ზოგადად ქოლცენტრების საქმეს, იოტისოდენადაც არ ვუშვებ იმ ფაქტს, რომ საქართველოში ქოლცენტრები „ქართული ოცნების“ გარეშე არსებობდეს. მეტიც: ჩვენ შეიძლება მტკიცებულებები არ გვქონდეს ამის, მაგრამ საუბრობენ იმაზე, რომ პირდაპირი წილი მიდის სპეცსამსახურებს ყველა ქოლცენტრიდან, ფინანსდება ასევე „ქართული ოცნება“ და ფული რეზერვდება საარჩევნო პროცესებისთვის. დიდ სქემებზეა საუბარი. რაც შეეხება კონკრეტულად სად მივიდა „ფორმულას“ ჟურნალისტი, არ ვიცი ნამდვილად. ჩვენს შემთხვევაში ერთი ვიცი, რომ სწორედ მისმა კამერამ დააფიქსირა ისკო დასენი აღმაშენებლის გამზირზე.
_ რუსეთის მხრიდან ფრენების აღდგენასა და უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით, საკმაოდ მძიმე შეფასებები კეთდება როგორც ოპოზიციურ სპექტრში, ასევე სამოქალაქო საზოგადოებაში. როგორ ფიქრობთ, ხომ არ უნდა ველოდოთ მასშტაბურ, პერმანენტულ აქციებს?
_ საკმაოდ ინტენსიური კომუნიკაცია მქონდა ჩვენს პარტნიორებთან დასავლეთში და ყველასთვის ნათელია: ეს არა მხოლოდ ფრენებია, არამედ მკაფიო გზავნილია „ქართული ოცნებისგან“, რომ მათ შეცვალეს საგარეო კურსი და ევროპისა და ევროინტეგრაციის ნაცვლად, მათი მთავარი მიზანი არის რუსეთი და რუსეთთან ურთიერთობა, ევრაზიული კავშირი თუ ათასი რამ. ჩვენი პარტნიორებისთვის „რუსულ კანონთან“ შედარებით გაცილებით უფრო წითელი ხაზია ასეთი დამოკიდებულება რუსეთთან. დღეს ხარ ან ცივილიზებული სამყაროს მხარეს ან რუსეთის მხარეს. თუ შენ გინდა ევროკავშირის წევრობა და პარტნიორობა, არ უნდა მისცე შესაძლებლობა რუსეთს, რომ სანქციებს გვერდი აუაროს შენი გავლით და მით უფრო, გააღრმავო მასთან რაიმე სახის ურთიერთობები. ვფიქრობ, პროტესტის გარეშე არაფერი გამოვა. შესაბამისად, ჩვენს საზოგადოებას კარგად უნდა ავუხსნათ, რამხელა დანაშაულთან გვაქვს საქმე ქვეყნის უსაფრთხოების მხრივ და კი, დაგვჭირდება მძლავრი პროტესტი, რაშიც ახალგაზრდებმა თუ უფროსი თაობის ადამიანებმა აქტიურად უნდა ითანამშრომლონ.
_ რუსულ პროპაგანდისტულ არხებზე აქტიურად საუბრობენ, რომ საქართველოში მყოფ რუსეთის მოქალაქეებს არცთუ ისე კარგად ეპყრობიან. რა საფრთხეებს ქმნის ოკუპანტი ქვეყნის კიდევ უფრო გაზრდილი წარმომადგენლების ყოფნა საქართველოში?
_ პუტინისა და რუსეთის მიერ განხორციელებულ ყველა საომარ კამპანიას საქართველოშიც და უკრაინაშიც წინ უძღვის ყოველთვის მთავარი რიტორიკა, რომ რუსეთის მოქალაქეებს გარკვეული საფრთხე ემუქრებათ. საქართველოს შემთხვევაში ჩვენ ვართ კონკრეტული ფაქტის წინაშე, რუსეთს არანაირი თავი არ აქვს ახლა, რაიმე ტიპის საომარი მოქმედება დაიწყოს საქართველოში, რადგანაც მთელი საომარი პოტენციალი გადასროლილი აქვს უკრაინის მხარეს. ეს აგიტაცია-პროპაგანდა პარალელურად იარსებებს და თუ შანსი მიეცა, ყოველთვის გამოიყენებს. თუმცა საქართველოს მოქალაქეების აქტიური პოზიციიდან გამომდინარე, რაც ძალიან კარგია, არც იმხელა ნაკადს ველოდები ამჯერად რუსეთისგან, როგორიც იყო თავიდან, რადგანაც რუსები აქ არ გრძნობენ თავს მშვიდად, გამომდინარე იქიდან, რომ ხედავენ, მოსახლეობა არის უკრაინის მხარდამჭერი და რუსების შემოსვლას ქვეყანაში არ მიესალმება. ასევე არის მეორე მნიშვნელოვანი ნაწილი, კრიტიკული მასა თუ იქნა, ანუ მოსახლეობის 4-5%, ეს, რა თქმა უნდა, ეროვნული უსაფრთხოებისთვის პრობლემაა, ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქე რომ იყოს ასეთი დიდი შემადგენლობით აქ.
_ 27 მაისს რუსთაველის გამზირზე რუსეთის მოქალაქეები აპირებენ, რომ აქცია ჩაატარონ. როგორც ისინი ამბობენ, ეს საქართველოსა და უკრაინის მხარდასაჭერი აქციაა. უნდა ჰქონდეთ თუ არა მათ აქციების ჩატარების უფლება?
_ არ მგონია, რომ უნდა იმართებოდეს. სიმართლე გითხრათ, ამის შესახებ არ მაქვს ინფორმაცია და ეს თქვენგან მესმის პირველად. არ გამოვრიცხავ, რომ შესაძლოა, ეს პროვოკაციული ქმედებებიც კი იყოს. რუსეთის მოქალაქეების აქციები არ არის ის, რაც ჩვენი ინტერესის სფერო უნდა იყოს.
_ თითქმის წელიწად-ნახევარი რჩება 2024-ის საპარლამენტო არჩევნებამდე. ვნახეთ რამდენიმე სახის გამოკითხვა და მათი შედეგები, რომლებიც მიანიშნებენ იმაზე, რომ ოპოზიციის გაერთიანება არის აუცილებელი, სხვა შემთხვევაში პარლამენტში მივიღებთ კვლავ „ქართულ ოცნებას“ უმრავლესობაში, ხოლო ოპოზიციურ პარტიაში _ ენმ-სა და გახარიას პარტიას. თუ გაქვთ რამე სახის კონსულტაციები?
_ ჯერ ადრეა საუბარი იმაზე, თუ რომელი პარტიები შეიძლება იყოს ერთად. კარგია ის, რომ ჩვენ თემატური თანამშრომლობები გვაქვს თითქმის ყველა ოპოზიციურ პარტიასთან, იქნება ეს საერთო პოზიციები რუსეთის მზარდ გავლენებთან დაკავშირებით, თუ სხვა ნებისმიერი საკითხი, ამიტომაც ვფიქრობ, რომ თავისთავად მომწიფდება საკითხი, როდესაც უფრო მეტი კონსოლიდაციისკენ წავალთ ოპოზიციური პარტიები. შემდეგი არჩევნები არის ერთგვარი რეფერენდუმი, _ რუსეთი თუ ევროპა? ძლიერი საქართველო ევროპასთან ერთად თუ რუსეთის ჩრდილქვეშ მყოფი დასუსტებული საქართველო? _ ამას ჩვენ ყველამ თვალი უნდა გავუსწოროთ.
_ საქართველოს პრეზიდენტი შესაძლოა, ამჯერადაც ვერ წავიდეს ევროპარლამენტში. რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს მისი ვიზიტის უკვე მეორედ დაბლოკვას?
_ ვიზიტებსა და ევროპარლამენტში ლაპარაკს, პრეზიდენტმა ჯობია, კარგად წაიკითხოს ევროპარლამენტის რეზოლუციები და დამიჯერეთ, თუ ის ქმედით ნაბიჯებს გადადგამს შეწყალების კუთხით, როგორც ნიკა გვარამიას, ასევე მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში, გაცილებით შედეგიანი იქნება მისი სვლა ევროინტეგრაციის გზაზე, ვიდრე უბრალოდ ჩასვლა და საუბარი. ევროპარლამენტარებთან საუბარსა და უბრალოდ სიტყვებით ბაქიბუქს აზრი არ გააჩნია, ყველამ ის უნდა აკეთოს, რაც შეუძლია, პრეზიდენტს კი აქვს კონკრეტული მექანიზმი, რომელიც უნდა გამოიყენოს.

გაზიარება