QronikaPlus
ნიკა შენგელია: „ტურისტს საქართველოში ჩამოსვლა გაცილებით ძვირი უჯდება, ვიდრე თურქეთში დასვენება“

ნიკა შენგელია: „ტურისტს საქართველოში ჩამოსვლა გაცილებით ძვირი უჯდება, ვიდრე თურქეთში დასვენება“

2023-05-01 16:53:04

თამარ სანაძე

ეროვნული ვალუტა გამყარდა, ინფლაცია იკლებს. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, გვაქვს ეკონომიკური ზრდა, მაგრამ მდგომარეობა რეალურად რომ შევაფასოთ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის არაფერი იცვლება.
პრობლემებია ქვეყნის საბანკო სისტემაში, სადაც კრედიტებზე პროცენტები მაღალია. ყველა სხვა ფაქტორს ემატება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის რუსეთზე დამოკიდებულება, რაც მომავალში ამ კუთხით საფრთხეებს ზრდის.

საქართველოს ეკონომიკაში არსებულ გამოწვევებზე, პრობლემებზე, ინფლაციაზე, საბანკო სისტემაში ხარვეზებსა და სხვა მნიშვნელოვან გამოწვევებზე გაზეთ „ქრონიკა+“-თან ეკონომისტმა ნიკა შენგელიამ ისაუბრა:

_ ბატონო ნიკა, რა მდგომარეობაშია საქართველოს ეკონომიკა დღეს, რა გამოწვევებისა და პრობლემების წინაშე დგას ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა?
_ ციფრებს თუ შევხედავთ, საქართველოს ეკონომიკა ცუდად არ გამოიყურება. ვგულისხმობ იმას, რომ ეკონომიკური ზრდა არის, ინფლაცია იკლებს, მაგრამ, სამწუხაროდ, და რეალურადაც რომ შევხედოთ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის დიდი არაფერი იცვლება, რადგან ეს ეკონომიკური ზრდა, რაც გამოისახება ციფრებში, ინკლუზიურად არ ნაწილდება. მოსახლეობის ფართო მასებს ამ ზრდაში მონაწილეობა არ მიუღიათ. ეს განპირობებულია იმით, რომ რეგიონში ომი მიმდინარეობს. ძალიან ბევრი ტრანზაქცია შემოდის ჩვენს ქვეყანაში. ადრეც რიცხავდნენ ემიგრანტები თანხებს, ახლა მათი რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდა. გაზარდეს თანხების ჩამორიცხვაც და ამას დაემატა კიდევ რუსეთის, უკრაინისა და ბელარუსის მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც ჩამოვიდა საქართველოში ბიზნესის საკეთებლად, ზოგი საცხოვრებლად, უკვე არის სტატისტიკური მონაცემები, რომ ხუთი ათასამდე ადამიანმა მოქალაქეობაც მიიღო. ამდენივე რაოდეობის ბინები შეიძინეს და ასევე არის ბანკებიდან იფორმაცია, რომ 110 ათასამდე რუსეთის მოქალაქეს აქვს გახსნილი ანგარიშები. ასევე რუსეთის მოქალაქეებს აქვთ დაარსებული კომპანიები. ამით დასტურდება ის ფაქტი, რომ ეს ხალხი საქართველოში ჩამოვიდა ძირითადად ბიზნესის საკეთებლად. რა თქმა უნდა, ის ტრანზაქციები შედის მათ ანგარიშებზე, როგორც პირად, ასევე კომპანიის ანგარიშებზე. ამან ერთგვარი შოკი მოახდინა ქართულ ეკონომიკაში და იმოქმედა მოთხოვნის ზრდაზე. მარტივი, ყველასათვის გასაგები სიტყვებით რომ ვთქვათ, 18 პროცენტით არის გაზრდილი შესყიდვები წინა წლებთან. ეს ნიშნავს იმას, რომ ეს მოთხოვნა გაზრდილია სწორედ ამ თანხების გამო.
ფაქტობრივად, 115 მილიარდ ლარამდე შემოვიდა ამ ტრანზაქციებით გასულ, 2022 წელს საქართველოში და თვითონ რუსეთი გახდა ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი, მაგრამ კვარტლის მონაცემებით თურქეთმა გადაინაცვლა პირველ ადგილზე და ამიტომ ამ კუთხით რუსეთი და თურქეთი ენაცვლებიან ერთმანეთს. მოკლე რეზიუმე რომ გავაკეთოთ, როდესაც 2022 წელი შევაჯამეთ, ქართული ეკონომიკის დამოკიდებულება რუსულ ეკონომიკაზე გაზრდილი იყო 2,8-ჯერ, მაგრამ ეს მაჩვენებელი წელს იქნება უფრო მეტი.
ფაქტობრივად, ქართული ეკონომიკა დამოკიდებული ხდება რუსულ ეკონომიკაზე. ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ კარგია, როცა საქართველოს ეკონომიკა დამოკიდებული ხდება რუსეთზე.
_ თქვენ თქვით, რომ საქართველოს ეკონომიკა დამოკიდებული ხდება რუსეთის ეკონომიკაზე და აღნიშნეთ, რომ ეს არ არის კარგი ფაქტი. რა საფრთხეების მომტანია ეს ფაქტორი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის? შესაძლებელია, რომ ქვეყანამ თავი დაიხსნას რუსეთის ეკონომიკაზე დამოკიდებულებისგან და კურსი ევროპისკენ აიღოს?
_ როცა ერთი ქვეყნის მიმართ ეკონომიკური დამოკიდებულება იზრდება, ეს, რასაკვირველია, არ არის კარგი, იმიტომ რომ ერთია ეკონიმიკური დამოკიდებულება და მეორეა პოლიტიკური სიტუაცია.
ეკონომიკური დამოკიდებულება შეიძლება უცებ შეიცვალოს და შემდეგ უკვე წავიდეს რეცესიაში. ამიტომ საქართველოს მთავრობას მოვუწოდებ, კარგი იქნება, თუ ჩვენ სხვა დასავლელ პარტნიორებთან დავაჩქარებთ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ვადებს.
ქართული ეკონომიკის განვითარებას ხელს უშლის ჩვენი საბანკო სისტემა, _ ეს სიტყვები, რომ ფარატინა, ქაღალდზე დაწერილ სიტყვებად არ დარჩეს, განვმარტავ, რას ვგულისხმობ: ქართული ბანკები, ჩვენი საბანკო სისტემა, არ აძლევს ბიზნესს საშუალებას, გააკეთოს ისეთი ოპერაციები, რაც, დავუშათ, ევროპის ერთ ქვეყანაში შეაძენინებს საქონელს და გადაყიდის მეორე ქვეყანაში, შეზღუდულია ეს ოპერაციები ბიზნესისთვის. თუ საქართველოში არ შემოდის საქონელი, ისე არ ემსახურებიან. ეს შეზღუდვა არ ვიცი, რატომ დაწესდა, ეს არცოდნის გამო დაწესდა თუ რატომ ხდება, ასე გაუგრბარია.
ყველა შემთხვევაში, მაღალი საპროცენტო განაკვეთები ჯერ კიდევ მოქმედებს ქვეყანაში და პირველ ადგილზე ვართ რეგიონში მაღალი საპროცენტო განაკვეთით. საკვირველია ეს მოცემულობა. ამ კუთხით თურქეთში ინფლაცია ძალიან მაღალია, კარგად ვიცით ყველამ, მაგრამ იქ საპროცენტო განაკვეთი 8,5 პროცენტია. აქედან გამომდინარე, ქართული ბანკების მიდგომა უნდა გადაისინჯოს, რომ სესხებს არ აძლევენ ახალ გახსნილ კომპანიებს. ძალიან ბევრი ხარვეზია. ადრეც ვამბობდი, რომ ჩვენი საბანკო სისტემა არ არის მიმართული მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისკენ. ძალიან ბევრი შემაფერხებელი ფაქტორია. ახლა კიდევ კარგად ვიცით, რომ გაზრდილია მომსახურების ფასები.
ახლახან გააკეთეს განცხადებები, რომ ქართულ ბანკებს შორის გადარიცხვების ტარიფები გაზარდეს, ეს ყოველივე, რა თქმა უნდა, შემაფერხებელი ფაქტორებია. ხარჯი იზრდება ბიზნესისთვის, მოსახლეობისთვის და ბიზნესის მონაწილეები, ვინც ქმნის ბიზნესს, თვითონ მოქალაქეები არიან. აქედან გამომდინარე, უფრო დიდ ხარვეზებს ვუყურებ ამ საბანკო სისტემასა და საბანკო პოლიტიკაში, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია. არ არსებობს ქვეყანაში სინვესტიციო ბანკი. ვფიქრობ, აქ ევოლუციური მიდგომაა საჭირო, რომ საპროცენტო განაკვეთი საქარველოში 4 პროცენტი იყოს. ამით არაფერი დაშავდება.
მსოფლიოში შეიცვალა მიდგომები, გადაზიდვებზე ფასები მცირდება, შესაბამისად, ნელ-ნელა იკლო ფასებმა, მაგრამ ქართულ ბაზარზე ფასები არ იკლებს, არ მცირდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ხარვეზებია.
ბევრი მონოპოლია, კარტელური გარიგებები არსებობს, გინდათ საწვავის ფასები ავიღოთ, გინდათ სააფთიაქო ბიზნესი. ერთი პერიოდი მოხერხდა, რომ დაეცა ფასები რაღაც კატეგორიის წამლებზე, შემდეგ ისევ მოიმატა. რაღაც ვერ მუშაობს. ვფიქრობ, რომ ქართული ეკონომიკა ინერციით იმართება და გაწერილი გეგმა არ არსებობს.
_ თქვენ ისაუბრეთ ბანკებზე, მაღალ პროცენტებზე, იმაზე, რომ ბანკები არ არიან მიმართულნი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე და არ აძლევენ სესსებს ბიზნესებს, პრობლემებზე საბანკო სექტორში, ეს საკითხები გამოსწორებადია? ფიქრობთ, რომ ახლო მომავალში რაღაც მაინც მოწესრიგდება ამ კუთხით?
_ რა თქმა უნდა, გამოსწორებადია. ყველაფერი გამოსწორდება თუ პოლიტიკური ნება იქნება. ჩვენს ქვეყანაში არ არიან დაკავებული იმ პოლიტიკით, რომ ამ კუთხით რაიმე გამოსწორდეს. რამდენი წელიწადია გასული, რომ ამ საბანკო მონოპოლიას, საბანკო სისტემებს, ამ სისტემების გაშიფვრასა და დალაგებას არ დაადგა საშველი.
მსოფლიოში მიდის ტენდენცია, რომ საბანკო სისტემები და საბანკო სფერო იგდებს ქვეყნის მთელ ეკონომიკას ხელში. აქედან გამომდინარე, ამისთვის უნდა მოიცალოს ხელისუფალმა და რეფორმები გაატაროს ამ კუთხით. ყველაფერი გადასახედია.
_ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ბოლო სხდომაზე განაცხადა, რომ ფასები დასტაბილურდა, დაიწია გარკვეული მიმართულებით. რამდენად მოსალოდნელია, რომ ეს ფასები შენარჩუნდეს? თუ ამ მხრივაც არასტაბილურობას უნდა ველოდოთ?
_ ვთქვათ, რომ ეროვნული ვალუტა, ლარის კურსი არის საკმაოდ გამყარებული, დაახლოებით 20-30 პროცენტამდეა გამყარებული. წარმოიდგინეთ, რომ ლარის კურსი ისევ გაუფასურდეს. ჯერჯერობით ამის ნიშნები არ არსებობს, რადგან ტრანზაქციები იმასთან შედარებით, რაც იყო ომის დაწყებამდე, გაზრდილია 4-5-ჯერ. როგორც კი ამ ტრანზაქციების შემოდინება დაუბრუნდება 2020 წლის დონეს, ჩავთვალოთ, რომ ლარის კურსი დაიწყებს გაუფასურებას. მაშინ რაღა უნდა ვთქვათ, ხომ წარმოგიდგენიათ, რა ფასები იქნება? აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი დროებითი და მოჩვენებითია. დროებითია ეს ეკონომიკური ზრდა… გამოქვეყნდა მონაცემები, რომ სახელმწიფო პროგრამებით 29 ათასი ადამიანი დასაქმდა. სოციალურად დაუცველი ადამიანები დასაქმდნენ. 29 ათასი ადამიანის დასაქმება საქართველოში, ამ მცირერიცხოვან მოსახლეობაში, საკმაოდ მაღალი პროცენტია, ამიტომ, შესაბამისად, დიახ, ბატონო, ციფრებში გამოჩნდება, რომ უმუშევრობა შემცირდა. იმ მიდგომას თუ გავითვალისწინებთ, რა მიდგომითაც თვლის ჩვენი სტატისტიკის დეპარტამენტი მონაცემებს, მაშინ ცხადია, დამიანისთვის კარგი სამსახური არ არსებობს ჩვენს ქვეყანაში.
ეკონომიკური ზრდა მაშინაა მოსახლეობისთვის საგრძნობი და სახელმწიფოსთვის კარგი, თუ იხსნება საწარმოები და იწარმოება პროდუქცია, თუ გადამამუშავებელი მრეწველობა იზრდება, მსუბუქი მრეწველობისთვის რამე კეთდება. თორემ ის, რომ თანხა შემოედინება, რომელიც საქართველოში არ წარმოქმნილა, უცხოეთიდან შემოდის და შემოდის ეს თანხები, აქ შემოსული ხალხი ამას ხარჯვაში იყენებს. კი ბატონო, ექსპორტიც იზრდება, იმპორტიც იზრდება, თუ კარგად ჩავხედავთ, გავიგებთ, რომ საქონლის ექსპორტია გაზრდილი, რომელიც საქართველოში არ იწარმოება, შემოდის აქ და შემდეგ გადის ჩვენი ქვეყნიდან საქონელი სხვა მიმართულებით.
ეს ყველაფერი დროებითი პროცესია, მაქსიმუმ ორი-სამი წელი შეიძლება გასტანოს ამ ეკონომიკურმა ზრდამ. 2025 წლისთვის საერთოდ სხვა სურათი იქნება. პრობლემებიც მოგვარდება ომთან დაკავშირებით და მივიღებთ რეალურ სურათს. ისევ იმ ადგილს დავუბრუნდებით, სადაც ვიყავით ომის დაწყებამდე.
_ რუსეთ-უკრაინის ომსა და ამ ომის გავლენაზე რომ ვისაუბროთ საქართველოს ეკონომიკასთან მიმართებით, რა გავლენას მოახდენს ომი ჩვენს ეკონომიკაზე?
_ რუსეთ-უკრაინის ომმა ერთგვარი შოკის პრინციპი გამოიწვია, დადებითი შოკი, რომ გაგვეზარდა ციფრებში ეკონომიკა და სავალუტო რეზერვები მაქსიმუმზე გვაქვს, ფაქტობრივად, ყოველ თვეში 100 მილიონ დოლარამდე იღებს ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზრიდან. რომ არ ამოიღოს, ამას მოყვება ლარის მკვეთრი გამყარება, საერთოდ გაჩერდება ექსპორტი და ტურისტულადაც არ გახდება საქართველო მიმზიდველი ქვეყანა. ტურისტს აქ ჩამოსვა გაცილებით ძვირი უჯდება, ვიდრე თურქეთში დასვენება. ჩვენ კი ვსაუბრობთ ამ ვითარებაზე და განვიხილავთ ყველაფერს ამის ირგვლივ, მაგრამ არავინ იცის, რა ვითარება იქნება მაისის ბოლოს, იმიტომ რომ არჩევნებია თურქეთში, გაიმარჯვებს მოქმედი პრეზიდენტი თუ სხვა, მაინც არეულობას ელოდებიან. თუ ეს არეულობა მოხდება და დაძაბულობის კერა გაიზრდება ჩვენს სამეზობლო რეგიონში, ეს კარგს არაფერს გვიქადის. ჩვენს ეკონომიკაზეც ძალიან ცუდად აისახება, ეს მოვლენები გამოიწვევს თურქული ლირის ინფლაციას, ინვესტორები შიშის ფაქტორის გამო გავლენ ქვეყნიდან, ფასები გაძვირდება, ამიტომ ნურავინ დაიკვეხნის, რომ ფასები იკლებს. დასტაბილურდა და დაიწია ფასებმა, უცებ შეიცვლება ყველაფერი. თუ ეს ასე მოხდა, ივნისში ჩვენ უკვე სხვა ფასები გვექნება. ვერ ვიტყვი, რომ დაიკლებს ფასები იმიტომ, რომ 20 პროცენტი საკვები პროდუქტებისა საქართველოში შემოდის თურქეთიდან, _ პირველი სავაჭრო პრტნიორი არის თურქეთი. როცა ეს პროცესები დაიწყება, უნდა ველოდოთ ფასების ზრდას. არის ამის საშიშროება და რომ გითხრათ, ამის ალბათობა პატარაა, ასე არ არის. დაველოდოთ ამ არჩევნების შედეგს.
_ ბოლო 11 წლის მანძილზე რა მიღწევები ჰქონდა „ქართულ ოცნებას“ საქართველოს ეკონომიკაში? რა გააკეთა ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებამ?
_ საქართველოს ხელისუფლების მიღწევა რაცაა, ციფრებში მშვენივრად გამოიხატება. მცდელობა ჰქონდათ და სააფთიაქო კუთხით, ასევე საწვავის ფასების კუთხით, რაღაცას დაატყვეს ხელი. ფასები დაწეულია, მაგრამ არა იმის გამო, რომ მათ ღონისძიებები გაატარეს, ეს მოხდა იმიტომ, რომ ჩვენი სავაჭრო პარტნიორი გახდა რუსეთი, იქ ფასები დაბალია. მაისში კიდევ ელოდებიან ფასების დაწევას. ეს თუ მიღწევაა და ის თუ მიღწევაა, რომ საქართველოში ბევრი ვალუტა შემოდის, იმიტომ, რომ ომი დაიწყო და გაიზარდა ტრანზაქციები, მაშინ რაღაცა „გაუკეთებიათ“.
_ იმის გათვალისწინებით, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ დახვდა ქვეყნის ეკონომიკაში, თუ ამას შევადარებთ „ქართული ოცნების“ ეკონომიკურ მიღწევებს, რა დასკვნები შეიძლება გამოვიტანოთ?
_ ეკონომიკურ ჭრილში თუ რუსეთზე არის აქცენტი, სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს დაიწყო ამ ენერგეტიკული ობიექტების გადაცემა რუსებისთვის და ამ ხელისუფლებამ გააგრძელა საკმაოდ წარმატებით. ენმ-ს დროს ჩამოყალიბდა საწვავის კარტელი, შეიქმნა მსხვილი ორგანიზაციები, ბევრს წაართვეს ავტოგასამართი სადგურები, ავტობაზები და 2012 წელს დასრულდა ამ ვერტიკალის შექმნა „სოკარის“ შემოყვანით. დღეის მდგომარეობით „სოკარი“ ვერ კარნახობს ბაზარს ფასებს, მაგრამ როდესაც რუსეთში დალაგდება სიტუაცია ომთან დაკავშირებით და რუსეთს მიეცემა საშუალება, რომ თავისი ნავთობი და ნავთობპროდუქტები გაყიდოს თამამად საზღვრებს გარეთ, მაშინ ეს სიტუაცია ისევ შეიცვლება. ამას ვიტყოდი ამ ორი ხელისუფლების ეკონომიკების შედარებით, იმიტომ რომ ენერგეტიკა არის მთავარი.
_ „ქართული ოცნების“ მინისტრთა კაბინეტში ეკონომიკის მინისტრები რამდენჯერმე შეიცვალნენ. რომელი მინისტრის მუშაობას გამოარჩევდით? რომელი მინისტრის შრომა იყო უფრო ნაყოფიერი და სასარგებლო შედეგის მომტანი ქვეყნის ეკონომიკისთვის?
_ ჩემს სუბიექტურ აზრს დავაფიქსირებ: მე გამოვარჩევდი იმ ეკონომიკის მინისტრის მუშაობას, რომლისგანაც დავინახავდი, რომ მოქალაქეს, იგივე ბიზნესის დაწყების კუთხით, სახელმწიფოსთან, ბიუროკრატიასთან პრობლემები არ ჰქონოდა და თავისუფლად შეიძლებოდა გაეკეთებინა ეს, ხელი შეეწყო მოქალაქისთვის, ბიზნესისთვის და განევითარებინა მცირე და საშუალო მეწარმეობა. რეალურად, ასეთი მინისტრი არ მახსენდება, მაგრამ თეორიულად ბევრი პროექტია, მაგალითად, „აწარმოე საქართველო“, ბევრი გრანტია, მაგრამ მათი მიღება მხოლოდ და მხოლოდ ერთეულებისთვის არის ხელმისაწვდომი. ეს გრანტები არ არის ფართო მასებისთვის ხელმისაწვდომი. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ვერ გამოვყოფ განსაკუთრებულ მინისტრს, რომ მისი თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში რაიმე სასარგებლო და მნიშვნელოვანი მოხდა. იმდენი მინისტრი შეიცვალა, ვერც მოასწრებდნენ ღირებულის გაკეთებას. ვერავინ შეძლებს, ეკონომიკას ერთ და ორ წელიწადში დაატყოს ხელი, 4 წელიწადი კი ეკონომიკის არც ერთი მინისტრი არ ყოფილა თანამდებობაზე. რომელიმეს რომ რამე სარგებელი მოეტანა და ხელი დაეტყო საქართველოს ეკონომიკისთვის, ჩვენი მოსახლეობა ასეთ დღეში ნამდვილად არ იქნებოდა. ქართული ეკონომიკის მთლიანი შიდა პროდუქტის 50 პროცენტი, ფაქტობრივად, იქმნება თბილისში. წარმოიდგინეთ, ახლა მიმდინარეობს აკაკი წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია და ამბობენ, რომ 2024 წლის იანვრამდე არ დასრულდება სამუშაოები. ერთი წელიწადია, დაახლოებით, ცოტა დრო ნამდვილად არ არის. იმ ქუჩაზე არსებული მაღაზიები, სხვადასხვა ობიექტები იმუშავებს შეფერხებით, მინიმუმ გაუნახევრდებათ მუშაობა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ვინც დასაქმებულია, დაკარგავს შემოსავალს. საქართველო ძალიან პატარა ქვეყანაა და ნებისმიერი ასეთი შეფერხება იწვევს ეკონომიკაზე ძალიან სერიოზულ გავლენას… ტრანზიტული ტვირთები საქართველოზე გაზრდილია, 38%-ით მეტი ტრაილერი გადის საქართველოს ტერიტორიაზე, ვიდრე ომამდე გადიოდა.
გზები რა მდგომარეობაშია, ვიცით. ვამბობთ, რომ საქართველო არის სატრანზიტო ქვეყანა და რისი სატრანზიტო ქვეყანა ვართ? მანქანა ვერ გადაადგილებულა ბათუმიდან თბილისამდე, თუნდაც წითელი ხიდიდან ფოთამდე შეფერხებების გარეშე. ამიტომ ეს შეფერხებები გზებთან, გადასახადების გადახდასთან დაკავშირებით (გადასახადები გაზრდილია სატრაილერო გადაზიდვებზე), იმპორტიორ-ექსპორტიორს უზრდის ამ ფასებს. ისინიც ალტერნატიულ გზებს ეძებენ. ამიტომ ვამბობ, როცა ეს კონფლიქტი დარეგულირდება უკრაინასა და რუსეთს შორის, მაშინ ვიქნებით სხვა რეალობაში, _ გვექნება ქვეყანა, სადაც არც ერთი დამატებითი საწარმო არ გახსნილა. ახლა რომ რამე გრძელვადიან ეკონომიკურ პროგნოზზე ვისაუბროთ პოლიტიკური არასტაბილურობის გამო, არა მგონია, სერიოზული იყოს.
პირველი გარე ფაქტორები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში გამოიწვევს ეკონომიკის ცვლილებას, არის თურქეთში მიმდინარე არჩევნები.
_ ბატონო ნიკა, რა არის საქართველოს ეკონომიკის ყველაზე დიდი პრობლემა?
_ სერიოზული პრობლემა არის საბანკო სისტემა და ძალიან დიდი პრობლემა არის ნეპოტიზმი. ნეპოტიზმი, რომელიც იწვევს ხელისუფლებაში, ადმინისტრაციულ თანამდებობებზე არაკომპეტენტური ხალხის მიღებასა და საქმიანობას. აი, ამ ორი ძირითადი და სერიოზული პრობლემის წინაშეა დღეს ქვეყნის ეკონომიკა.

გაზიარება