QronikaPlus
პაატა დავითაია: „სისტემა დაიტესტა და ამ ზეწოლას „ქართულმა ოცნებამ“ 2 დღეც ვერ გაუძლო“

პაატა დავითაია: „სისტემა დაიტესტა და ამ ზეწოლას „ქართულმა ოცნებამ“ 2 დღეც ვერ გაუძლო“

2023-04-02 17:45:16

ირინა მაკარიძე

პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინა, ევროკავშირი, საქართველოს ოპოზიცია და მასთან ერთად ქართველი სტუდენტები, რომლებსაც „ანარქისტებად“, „მოსყიდულებად“ და „სატანისტებად“ მოიხსენიებს, ყველა ერთად საქართველოში ომის გამჩაღებლებად გამოაცხადა.

ხელისუფლების პროპაგანდისტულ განცხადებებზე, ახალგაზრდების პროტესტსა და დასავლეთის გზავნილებზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე, პაატა დავითაია:

_ პრემიერისგან არაფერი ახალი არ მოგვისმენია, „ქართული ოცნება“ აგრძელებს ყველასთან და ყველაფერთან დაპირისპირებას. ხშირად მიფიქრია, _ რატომ აკეთებენ ამას? რა თამაშის ნაწილია ეს? ამ კითხვაზე ბევრი პასუხი შეიძლება იყოს, ბევრი ვარიანტია, მაგრამ ფაქტი ერთია, _ რა მიზეზიც უნდა იყოს, ამას აღარ აქვს მნიშვნელობა, რადგან ჩვენ უკვე ვიცით, რა არის საზოგადოების პასუხი. ეს პასუხი არის ახალგაზრდების, სტუდენტების გამოსვლა. შეუძლებელია ათიათასობით ადამიანს რაღაც დააბრალო. ცხადია, ეს არ იყო ვინმეს მართული ძალა, აქციებზე ჩვენ ვნახეთ იდეის გამო გამოსული ხალხი.
2003 წლიდან თითქმის ყველა აქცია მინახავს. მარტის ამ აქციებზე პირველად ვნახე ადამიანები, რომლებიც აქამდე არასოდეს აქციაზე არ გამოსულან. მეც იქ ვიდექი არა როგორ პოლიტიკოსი, არამედ როგორც მოქალაქე, ჩემს სტუდენტებთან ერთად და მათ ვუყურებდი. აქედან გამომდინარე, ეს არ იყო პოლიტიკოსების აქცია. აქ ცდება პრემიერი, როდესაც ფიქრობს, რომ ეს პოლიტიკოსების მართული აქცია იყო. არ მინდა საუბარი იმაზე, ვის რას აბრალებს, რადგან ასე „ოცნების“ დღის წესრიგში ვჯდებით. ფაქტი ერთია: სისტემა დაიტესტა და ამ ზეწოლას „ქართულმა ოცნებამ“ 2 დღეც ვერ გაუძლო.
მთავარი, რაც ამ აქციებით მოხდა, მთელმა მსოფლიომ დაინახა, რომ ხალხი არის პროევროპული, ხალხი იცავს საქართველოს კონსტიტუციასა და მასში არსებულ ჩანაწერს ევროკავშირისკენ სვლის შესახებ. ხალხი არ მისცემს საშუალებას არავის, რომ ამ გზას გადაუხვიოს, ამიტომ ჰქონდათ ამ ახალგაზრდებს და ექნებათ დასავლეთის მხარდაჭერა.
ჩვენ ვნახეთ ამ დღეეებში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი, რაც იყო მესიჯი, რომ ეს ქვეყანა საზოგადოებასთან დგას. ჩვენ ვნახეთ ნატოს გენერალური მდივნის განცხადება, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება, ვნახეთ ევროკავშირის საგარეო უწყების განცხადება, რომ ისინი საზოგადოების გვერდით დგანან.
_ რა დასკვნის გაკეთება შეიძლება აქედან?
_ ორი საკითხია მთავარი: პირველი _ სისტემა გაიტესტა და მან ვერ გაუძლო; მეორე _ შუალედური დასკვნა დაიდება აპრილში და შემდეგ ოქტომბერში გამოცხადდება, ვიღებთ თუ არა კანდიდატის სტატუსს. ოქტომბერში თუ გამოცხადდა, რომ ვერ ვიღებთ კანდიდატის სტატუსს, საზოგადოება აგებინებს პასუხს იმ „პერსონებს“, ვინც ყველაფერი გააკეთა კანდიდატის სტატუსის არმისაღებად. ახალგაზრდები და დასავლეთი ამას არავის აპატიებს. შეგნებულად არ ვამბობ სიტყვას _ პოლიტიკოსს, ვერანაირი პოლიტიკოსი პასუხს ვერ აგებინებს ვერავის. მათ პასუხს მოსთხოვს საზოგადოება, ახალგაზრდობა და პასუხს მოსთხოვენ ჩვენი პარტნიორები, რომელთა თანადგომით ჩვენ მივისწაფით ევროპულ ოჯახში დასაბრუნებლად.
დეკემბერში არის დანიშნული ევროსაბჭოს სხდომა, სადაც უკვე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება, ამიტომ ოქტომბრიდან დეკემბრამდე, ამ თვე-ნახევარში, პირდაპირ ვეუბნები ხელისუფლებას _ საზოგადოება გაგებინებთ პასუხს, თუ ისინი არ შეეშვებიან ამ დაპირისპირებას, არ გადადგამენ ნაბიჯებს 12 პუნქტის შესასრულებლად. დღეს ამის არავის სჯერა, რომ ისინი ამ 12 პუნქტის შესრულებას ცდილობენ.
ჩვენი პარტიის წევრები ბრიუსელში შევხვდით პრაქტიკულად ყველა თანამდებობის პირს, ვინც მუშაობს საქართველოზე. ევროკომისიაში, ევროპის საბჭოში, ევროპარლამენტში, ნატოსს გენერალურ სამდივნოში უმაღლესი დონის ვიზიტები გვქონდა, ყველა კანინეტში ვიყავით შესული და ყველგან იყო ერთი მესიჯი, რომ თუ ასე გააგრძელა ხელისუფლებამ, კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებთ.
_ რას იტყვით რიგგარეშე არჩევნების საკითხზე? ეს თემა ახლა გიორგი მარგველაშვილმა გაააქტიურა. იქნება თუ არა ეს გამოსავალი შექმნილი სიტუაციიდან?
_ მე ვეკუთვნი იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც ხმაურიანი განცხადებებით არ მოქმედებენ. არ ვხედავ ვადამდელ არჩევნებს, როგორც გამოსავალს. ვადამდელ არჩევნებს „დააბრეხვებენ“ და ტექნიკურ ნაწილს არ უყურებენ. მარგველაშვილმა თვითონ არ იცის, რას აკეთებს. პრაგმატულად რომ შევხედოთ საკითხს, ვადამდელ არჩევნებს ოპოზიცია ვერ გამოიწვევს, რადგან პარლამენტს არ ტოვებს. ვთქვათ სიმართლე: ოპოზიცია საპარლამენტო კრიზისს არ ქმნის. რჩება მეორე გზა, რომ ვადამდელი არჩევნები გამოიწვიოს ხელისუფლებამ. ეს კი ხელისუფლების დღის წესრიგში არ შედის.
აპრილის ბოლოს არის შუალედური არჩევნები რამდენიმე მაჟორიტარისა და მერის, რომელშიც ოპოზიცია არ მონაწილეობს. შედეგები დაიდება მაისის ბოლოს. ეს ნიშნავს, რომ მაისამდე ვადამდელი არჩევნები გამორიცხულია. 10 მაისიდან 5 აგვისტომდე არის პერიოდი, რა დროშიც თეორიულად უნდა დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, რომ ჩატარება შესაძლებელი იყოს ოქტომბერში. თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ, ამ პერიოდში „ოცნებამ“ უნდა დასაჯოს ღარიბაშვილი, უნდობლობა გამოუცხადოს, პარლამენტი დაიშალოს და ჩაინიშნოს არჩევნები. ეს რომ ასე მოხდეს, ამის შანსს ვერ ვხედავთ. მეორე ვარიანტი არის, „ოცნებამ“ თვითონ თქვას, რომ პარლამენტში არ ივლის, რისი ალბათობაც ნაკლებია, ამიტომ ვადამდელი არჩევნები ოქტომბერში თუ ვერ ჩატარდა, შემდეგ უკვე აზრი აღარ აქვს.
დავუშვათ, ჩატარდა ოქტომბერში ვადამდელი არჩევნები. კონსტიტუციის თანახმად, ასეთი გზით არჩეული პარლამენტი იქნება მხოლოდ და მხოლოდ ერთწლიანი, 2024 წლამდე, ძველი სისტემით 120/30-ზე, საარჩევნო ბლოკით. ბლოკის თემა „ოცნებას“ არ აწყობს, იმიტომ რომ ოპოზიცია გაერთიანდება.
მაინც, დავუშვათ, ჩატარდა ოქტომბერში არჩევნები, პარლამენტი შედგება იანვარში და მაისში ისევ საარჩევნო კამპანია უნდა დაიწყოს. ოთხთვიანი პარლამენტისთვის კი ვადამდელი არჩევნების ჩატარების აზრს ვერ ვხედავ. მეორე _ თუ არ გაერთიანდა ოპოზიცია, შედეგები ვერ დადგება.
_ თქვენ რა გზას ხედავთ?
_ თუ ჩვენ კანდიდატის სტატუსი არ მოგვცეს, ამას მოჰყვება საზოგადოების გამოსვლები, არ გამოვრიცხავ, ჩამოყალიბდეს დროებითი ტექნიკური მთავრობა ხალხის მოთხოვნით. და ამ დროებითმა მთავრობამ 2024 წელს ჩაატაროს არჩევნები. ეს სცენარი უფრო რეალისტურად მეჩვენება, ვიდრე ვადამდელი არჩევნების. ვადამდელი არჩევნები შეიძლება ჩატარდეს იმ შემთხვევაში, თუ ის მოინდომა „ქართულმა ოცნებამ“, სხვა შემთხვევაში _ არა.
_ თქვენ თქვით, რომ ოპოზიცია არ ტოვებს პარლამენტს. როგორც ვიცით, იქ სხვადასხვა მიმართულებისა და პოზიციის მქონე პარტიაა. რა შემთხვევაში იქნება ეფექტიანი დეპუტატების მიერ პარლამენტის დატოვება და რას იტყვით „ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილობრივი ბოიკოტის შესახებ?
_ ბოიკოტს აზრი რომ ჰქონდეს, 113-ზე ნაკლები დეპუტატი უნდა დარჩეს პარლამენტში, ანუ კონსტიტუციურ უმრავლესობაზე ნაკლები. ამისთვის კი საჭიროა, რომ სრულად ოპოზიციამ დატოვოს პარლამენტი.
რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, წავიდნენ „ნაციონალური მოძრაობიდან“ ხატია დეკანოიძე და სხვები იმის გამო, რომ აცხადებენ, პარლამენტში უნდა დავრჩეთო.
ამ პარტიის არათანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია, რაც სჭირთ ახლა. მათ შორის დეკანოიძის დამსახურებაცაა ის, რაც სჭირს დღეს „ნაციონალურ მოძრაობას“, ერთ-ერთი თანამონაწილე თვითონ არის იმ მარაზმის, რაც იქ ხდება. მათ ტვინებში რა იხარშება, მაგაზე კომენტარის გაკეთება კიდევ ძალიან რთულია.
_ რას იტყვით ღარიბაშვილისა და „ქართული ოცნების“ განცხადებებზე მეორე ფრონტთან დაკავშირებით? მან დაადანაშაულა უკრაინა და დასავლეთი საქართველოს მიმართ მტრულ მცდელობებში. ფაქტია, რომ მოსახლეობის რაღაც ნაწილში ეს პროპაგანდა მუშაობს, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს დასავლეთის მიმართ ამ უაპელაციო განცხადებებს?
_ ეს პროპაგანდა გათვლილია „ოცნების“ შიდა ამომრჩეველზე, რომ „ჩვენ თუ არ ვიქნებით, იქნება ომი“. სხვას ყველას კარგად ესმის, რომ არანაირი „მეორე ფრონტის“ გახსნას დასავლეთი არ ითხოვს, ეს გამორიცხულია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენი გადის საქართველოზე, ვის აწყობს აქ ომი?! კაბელი ჩაიდო, რომელიც უნდა გავიდეს შავი ზღვის ფსკერზე, _ რა ომი? ერთი წყალქვეშა ნავი რომ დადგეს შავი ზღვის აკვატორიაში და 12 ბალისტიკური რაკეტა ისროლოს, ერთი ქუთაისზე, ერთი თბილისზე, ერთი უღელტეხილზე, მორჩა საქართველო… ეს ესმის ყველას, ვინც ფიქრობს ტვინით და მან იცის, რომ ომი საქართველოში არავის აწყობს, თუმცა ამ განცხადებებს აკეთებენ მათთვის, ვისაც მათი ჯერ კიდევ სჯერა. მათ გასაგონად კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ საქართველოში ომი, პირველ რიგში, არ უნდა დასავლეთს, იმიტომ რომ საქართველო არის დერეფანი ევროპასა და აზიას შორის, ამ დერეფნით გადის ნავთობსადენი, შავი ზღვის ფსკერზე კაბელი გაივლის, რომლითაც აღმოსავლეთიდან დასავლეთი დენს მიიღებს. ამიტომ აქ ომი აწყობს, მხოლოდ და მხოლოდ, რუსეთს, ევროპას არ აწყობს, ამერიკას არ აწყობს.
_ „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებების ფონზე, რომლებიც დასავლელ ლიდერებს გაუგებარ ბრალდებებში ადანაშაულებენ, ხოლო რუსეთთან ფრენებისა და უვიზო მიმოსვლის აღდგენას მიესალმებიან, რამდენად რეალურად მიგაჩნიათ, რომ საქართველომ თავი დააღწიოს რუსეთის გავლენას და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა გახდეს?
_ მარტივად გპასუხობთ: სულ არ მაინტერესებს, რას ამბობს კალაძე და კობახიძე, მე მაინტერესებს, რას ლაპარაკობს ქართული საზოგადოება და ახალგაზრდობა. ახალგაზრდები უფრო მეტნი არიან და მათი პასუხი იქნება უფრო ძლიერი, ვიდრე კალაძისა და კობახიძის განცხადებები. ამიტომ არ მაინტერესებს და არასერიოზულად მივიჩნევ მათ. რაც შეეხება ფრენების აღდგენას, აქაც ძალიან მარტივი პასუხია: ძალიანაც რომ უნდოდეს საქართველოს ხელისუფლებას, რუსეთთან ვერ იფრენს, რადგან ქართული ავიაკომპანიები თუ დაიწყენებენ რუსეთში ფრენას, მოხვდებიან სანქციის ქვეშ, რუსული თვითმფრინავები თუ დაიწყებენ აქ ფრენას, საქართველო მოყვება სანქციების ქვეშ.
რაც შეეხება უვიზო რეჟიმს, საქართველოს სავიზო რეჟიმი ისედაც გაუქმებული აქვს და რუსეთი ცალმხრივად თუ გააუქმებს, ეს მათი პრეროგატივაა.
_ პრემიერი ღარიბაშვილი ემუქრება ახალგაზრდებს, რომ „ყველა იცის, ვინაა“ და რომ მათ პასუხს აგებინებს, რას იტყვით შესაძლო რეპრესიებზე ახალგაზრდების მიმართ?
_ 1956 წლის მარტში ახალგაზრდები გამოვიდნენ თბილისის ქუჩებში, მაშინ სტალინის კულტის საკითხი იყო, რომელიც ქართველებმა შეურაცხყოფად მიიღეს. მათ რუსული ტანკებით დაუპირისპირდენ, მაგრამ ვერაფერი უქნეს. 1978 წელს, როდესაც ბრეჟნევის კონსტიტუციას იღებდნენ, ქართველი სტუდენტობა გამოვიდა და სახელმწიფო ენად ქართული ენა შეინარჩუნა. ქართველი სტუდენტები იყვნენ, 9 აპრილს რომ გამოვიდნენ და დამოუკიდებლობა მოიტანეს. ქართველი სტუდენტები იყვნენ, 2003 წელს რომ გამოვიდნენ და „ვარდების რევოლუცია“ მოახდინეს. ქართველი ახალგაზრდობა იყო, ვინც 2012 წელს მიმდინარე პროცესებში დიდი მონაწილეობა მიიღო და ხელისუფლება შეიცვალა. ხრუშჩოვიდან დაწყებული, ყველა ემუქრებოდა ამ სტუდენტებს, მაგრამ ვერ მოერივნენ.
_ ფიქრობთ, რომ ახლა დგას ის ისტორიული მომენტი, როდესაც ცვლილებები გარდაუვალია?
_ ახლა დგას მომენტი, როდესაც მუქარით სტუდენტებს ვერ დაამარცხებენ. ჯერ არ ყოფილა ასეთი ძალა, საბჭოთა კავშირმა ვერ მოუგო სტუდენტებს, ბრეჟნევმა ვერ მოუგო, ყოველი მეორე „КГБ-შნიკი“ იყო, 9 აპრილს ნიჩბებით აჩეხეს ახალგაზრდები, მაგრამ ვერ მოუგეს.
_ რაც შეეხება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს, უკრაინაში რუსეთის ომის წლისთავზე, როდესაც ოკუპირებული რეგიონების ლიდერები მოსკოვში იმყოფებოდნენ, გამოითქმებოდა ვარაუდი, რომ მზადდებოდა ანექსიის ოფიციალურად გაფორმება. რა ვითარებაა ახლა ამ მხრივ და რა პოლიტიკას უნდა ატარებდეს საქართველო ამის საწინააღმდეგოდ?
_ ყველაფერი ეს მზად არის, რუსეთი რეალურად ემზადება ანექსიისთვის. სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს პოლიტიკა ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებით.
_ და როგორი უნდა იყოს ეს პოლიტიკა?
_ უნიკალური მომენტია დღეს. ჰააგის მიერ პუტინის სანქცირებასთან დაკავშირებით შეიქმნა სიტუაცია, რომელსაც არ ელოდნენ აფხაზეთში. დე ფაქტო ლიდერები კი ჩაჰყვებიან პუტინს საფლავში, მაგრამ იქ საზოგადოებაა, რომელთანაც მუშაობაა საჭირო. ამიტომ ვამბობ, რომ მნიშვნელოვანია პოლიტიკის შემუშავება ამ მხრივ. თუმცა, სამწუხაროდ, ეს საკითხი არ დგას დღის წესრიგში და ამ თემაზე არავინ ლაპარაკობს. სანქციაც არ გავეცით სეპარატისტთა ლიდერებზე, არათუ თემაში წავიწიეთ, სამართლებრივი შეფასებაც არ მივეცით ქართველების მკვლელობას.
_ რას იტყვით ზედიზედ ორი წამყვანი ევროპული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში ვიზიტების შესახებ _ რისი მაჩვენებელია ეს?
_ შეგახსენებთ ისტორიის 2 მომენტს: 2003 წელი, _ ვიზიტები შევარდნაძესთან არჩევნების პერიოდამდე; 2012 წელი, _ ვიზიტები სააკაშვილთან არჩევნების პერიოდამდე; ასევე იანუკოვიჩთან ვიზიტები ევროკავშირის ასიცირებული წევრის სტატუსის მინიჭებამდე. ყველგან იყო ერთი მესიჯი: დაფიქრდი, იმოქმედე ევროპის წესებით. ვინც არ დაფიქრდა, წააგო.
_ ანუ ეს არის გაფრთხილება ხელისუფლებისთვის? ხელისუფლების რიტორიკით თუ ვიმსჯელებთ, არ ეტყობათ, რომ რამის შეცვლას აპირებენ.
_ მერე რა, რომ ჯერ არ ეტყობათ?! დარწმუნებული ვარ, ხელისუფლებას საქართველოს რუსეთისაკენ შებრუნებას არავინ „გაუტარებს“.

გაზიარება