QronikaPlus
გიორგი გუგავა: „დღეს სახალხო დამცველის პოსტი უჭირავს ირაკლი კობახიძეს“

გიორგი გუგავა: „დღეს სახალხო დამცველის პოსტი უჭირავს ირაკლი კობახიძეს“

2023-04-02 17:38:35

გიგა გელხვიიძე

2023 წლის დადგომასთან ერთად პოლიტიკურმა პარტიებმა უკვე დაიწყეს წინასაარჩევნო სამზადისი მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, რომლის შედეგებზეც საქართველოს ევროპული მომავალია დამოკიდებული.
ვის აირჩევს ქართველი ხალხი და რა გავლენას იქონიებს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე? _ ეს ამ დროისთვის ერთ-ერთი მთავარი შეკითხვაა.

საპარლამენტო ოპოზიციის გარდა, არჩევნებში თავიანთი მოლოდინები აქვთ არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებსაც. გამონაკლისი არც ლეიბორისტული პარტიაა, რომელმაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მოპოვებული მანდატი თავის პრინციპულ განაცხადს შესწირა. უფრო კონკრეტულად კი, სხვა ოპოზიციური პარტიებისგან განსხვავებით, მან არ მოაწერა ხელი შარლ მიშელის შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც არჩევნებში გარკვეული მანდატის მქონე ოპოზიციური პარტიები ბოიკოტის რეჟიმიდან საპარლამენტო ცხოვრებაზე უნდა გადასულიყვნენ. სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რის გამოც კანონმდებლობაში, კოლეგა ოპოზიციონერების დახმარებით შეტანილი ცვლილების შედეგად, ლეიბორისტულ პარტიას მოპოვებული მანდატი გაუუქმდა, დაეკარგა დაფინანსება და საარჩევნო კომისიებში თავიანთი წარმომადგენლების ყოლის უფლებაც.
როგორ აფასებენ ბოლოდროინდელ მოვლენებს არასაპარლამენტო ოპოზიციაში მყოფი ლეიბორისტები და რა გეგმები აქვთ მათ სამომავლოდ? „ქრონიკა+“-ს ესაუბრება პარტიის გენერალური მდივანი, გიორგი გუგავა:

_ ბატონო გიორგი, როგორ შეაფასებდით პრეზიდენტ ზურაბიშვილის ინტერვიუს, რომელიც მან „ტვ პირველს მისცა“? რა გზავნილები ჰქონდა პრეზიდენტს?
_ პრეზიდენტმა დელიკატურად ასახა ის რეალობა, რაც დღეს ქვეყანაშია შექმნილი. ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს დაარქვა საკუთარი სახელი, თითქმის ობიექტურად დაახასიათა აწმყო, თუმცა ეს არაფერს ნიშნავს, მისგან საჭიროა ქმედებები. სხვა შემთხვევაში ეს ცარიელ რიტორიკად დარჩება. საფრთხის ქვეშ დგას ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი, თავისუფლება, გეოპოლიტიკური, ეგზისტენციალური არჩევანი, რომელიც ამ ქვეყანას აქვს გაკეთებული რამდენიმე საუკუნის წინ, დღევანდელი ხელისუფლება კი ისევ რუსულ იმპერიულ გვამში გვაბრუნებს. ამ ყველაფერზე დიდი ხანია ვსაუბრობთ, მაგრამ პრეზიდენტისგან საჭიროა მოქმედებები. თორემ მისი რიტორიკა იმას დაემსგავსება, რომ თავის გამოძვრენა სურს და თავად არ არის გარეული იმ მოღალატეობრივ საქმიანობაში, რომელსაც დღევანდელი ხელისუფლება ახორციელებს.
_ არის თუ არა სალომე ზურაბიშვილი ის ძალა, რომლისაც შეიძლება მმართველ გუნდს ეშინოდეს?
_ ვერ გეტყვით, რამდენად ეშინია ხელისუფლებას მისი, ძირითადი ძალაუფლება მაინც საპარლამენტო რესპუბლიკის პირობებში პარლამენტსა და მთავრობას აქვს. მთელი ძალაუფლების სიმძიმე იქით არის და ნაკლებად მგონია, რომ სალომესი ეშინოდეთ, თუ იმ გარემოებასაც გავითვალისწინებთ, რა ფორმით და რა გაყალბებით არის ის არჩეული.
_ როგორ ფიქრობთ, პრეზიდენტმა შესაძლოა მხარდაჭერა გამოუცხადოს დროებით მთავრობას, რომელზედაც აქტიურად არის საუბარი?
_ დროებით მთავრობამდე ჯერ უნდა მივიდეთ. პრეზიდენტის მხარდაჭერის გარეშე ჯერ გადასაწყვეტია, როგორ უნდა დაფორმირდეს დროებითი მთავრობა. ეს გადასაწყვეტია რიგგარეშე არჩევნების გზით. ჯერ დასანიშნია რიგგარეშე არჩევნები და იქამდე შეიძლება იყოს დროებითი მთავრობა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ამ არჩევნების ჩატარება. ამ მოდელში კონსტიტუციურად პრეზიდენტის როლი ის არის, როდესაც იშლება უმრავლესობა, ის ვეღარ ახერხებს მთავრობის დამტკიცებას და ასეთ დროს მისი ვალდებულებაა, დაითხოვოს პარლამენტი, დანიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და მანამე დროებითი მთავრობა, ბუნებრივია, შეიძლება ფორმირდეს. დაინიშნოს მისი მოვალეობის შემსრულებელი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ძალაუფლების ტრანზაქცია და თავისუფალი არჩევნები. პრეზიდენტმა შეიძლება განცხადების თვალსაზრისით გამოაცხადოს მხარდაჭერა მათ მიმართ, თუმცა ძალაუფლებრივი კუთხით ამას არავითარი მნიშვნელობა არ გააჩნია, თუ ვის დაუჭერს ან არ დაუჭერს მხარს ამ სიტუაციაში.
_ გარკვეული უკანდახევის შემდგომ ხელისუფლების მეთაური კვლავ ძალიან მძიმე ბრალდებებს უყენებს ოპოზიციას, ვგულისხმობ მის საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციის წესით გამოსვლას _ რა უთხრა მან ოპოზიციას?
_ უპირველეს ყოვლისა, დასკვნები უნდა გამოვიტანოთ ამ გამოსვლიდან და იმ პერიპეტიებიდან, რაც პარლამენტში მოხდა, იმ ცნობილი მოვლენების შემდგომ, როდესაც ჯერ რუსულად, ასე ვთქვათ, მოასაქმებინა და შემდეგ უკან წააღებინა ივანიშვილმა. რა მოვლენებიც ვითარდება, ეს არის კონტრშეტევა _ ხელისუფლება ჯერ იყო პოლიტიკურ ნოკდაუნში, როდესაც კარგი მუშტი მიიღო საზოგადოებისგან იმ ღალატის გამო, ამის შემდგომ ისინი ადგნენ და დაიწყეს ნელ-ნელა სიტუაციიდან გამოსვლა. რიტორიკა კვლავ გამძაფრდა, კვლავ კონფრონტაციული გახდა და კვლავ აგენტების, ჯაშუშების ძახილი დაიწყო. მძლავრად აამოქმედა ბინძური პროპაგანდისტული მანქანა, დაიწყო დისკრედიტაცია, რეპრესიები სტუდენტების, აქციის მონაწილეების და ფიზიკურ ძალადობებსაც ვხედავთ.
ეს, გარკვეულწილად, საპარლამენტო ოპოზიციის „დამსახურებაც“ არის. ნაცვლად იმისა, რომ კუთხეში მიყენებულ ხელისუფლებაზე იერიში გაგრძელებულიყო, წამოგვეყენებინა ერთიანი ულტიმატუმი, ამასთან დაკავშირებით განცხადებები გააკეთა შალვა ნათელაშვილმა, ასევე მესამე და მეოთხე პრეზიდენტმაც რიგგარეშე არჩევნების შესახებ გააგრძელეს ის რიტორიკა, რომ უნდა გავაგრძელოთ ახლა 12 პუნქტზე მუშაობა. ეს არის სისულელე და აბსურდი, როდესაც, ერთი მხრივ, ეუბნები, რომ კრემლისტური, პუტინისტური ხელისუფლება ხარ, ამ დროს გამოდის, პუტინს ეაჯები, რომ ევროპასთან დაახლოებისა და რუსეთთან დაცილების შესახებ 12 პუნქტი პუტინსავე შეასრულებინო, დაახლოებით ასეთი აბსურდული ოქსიმორონია. ამან მისცა მათ საშუალება, რომ კონტრშეტევაზე გადმოსულიყო კვლავ ხელისუფლება, აქედან გამომდინარე, საპარლამენტო ოპოზიცია კვლავ აგრძელებს ნებსით თუ უნებლიეთ, სახელისუფლებო თამაშს და ცდილობს, რაც შეიძლება დიდი ხანი შეუნარჩუნონ ძალაუფლება მათ, ნაცვლად იმისა, რომ ოპოზიცია ქმნიდეს თავად პოლიტიკურ დღის წესრიგს. არადა, ის საშუალებას აძლევს, ხელისუფლებამ შექმნას ეს დღის წესრიგი და თავად იყოს რეაგირების ფორმატში. შიგადაშიგ საშუალებას აძლევდეს ხელისუფლებას, რომ მან რაც შეიძლება გაიხანგრძლივოს ძალაუფლება. 12 პუნქტი ისვე შესრულდება, როგორც შეასრულეს შარ მიშელის დოკუმენტი, ეს ხომ ცხადზე ცხადია? ყველამ კარგად იცის და როდესაც ასეთ მდგომარეობაშია ხელისუფლება და საზოგადოებამ ის ჩააყენა პარტერში, მიაყენა კუთხეში და შეტევის ასეთი აღმავლობითი განწყობებია საზოგადოებაში, თუ შენ პოლიტიკური ოპოზიციური სპექტრი გქვია, საქმე უნდა გააგრძელო პოლიტიკურად. პოლიტიკური კობერტაცია უნდა მოახდინო ამ გარემოებებისა და იგი ამოსავალი წერტილი უნდა იყოს, რადგანაც შემდგარ ღალატთან გვაქვს საქმე. ხელისუფლება თუ არ გამოიცვალა, ის ამოცანები, რაც ოლიგარქსა და მის თოჯინებს აქვთ, რომ რუსეთის იმპერიულ გვამში შეათრიონ ეს ქვეყანა და დააკარგვინონ პერსპექტივა, ისევ ძალაშია. ეს ავი, მოღალატეობრივი ზრახვებია და ოპოზიციას თუ ჰგონია, რომ მათი წკავწკავის გამო პარლამენტში ამაზე უკან დაიხევენ, ძალიან სცდება. ვხედავთ, ზოგს პანღურს ურტყამენ, ზოგს წიხლს ურტყამენ და ზოგს მიკროფონს ურტყამენ თავში. სამწუხაროდ, ასე გაგრძელდება. აქ გამოსავალი არის ერთადერთი _ რიგგარეშე არჩევნები და ხელისუფლების ცვლილება, ამის გარეშე ის წამოწეული საფრთხეები, რომლებიც მოახლოებულია და ბეწვის ხიდზე ვართ, სახეზეა. ყოველი დღე, არსებული რეჟიმის ძალაუფლებაში ყოფნისა, არის ეგზისტენციალური საფრთხის შემცველი ჩვენი ქვეყნისა და მისი მომავლისთვის.
_ გაქვთ თუ არა იმის მოლოდინი, რომ რუსული კანონი ისევ დაბრუნდება დღის წესრიგში?
_ დაბრუნებულია პოლიტიკურად, მისი დანიშნულება რა იყო? მიზანი რა იყო? კანონს ხომ მიზანი აქვს. მისი მიზანი იყო, რომ ყველა ევროამერიკული სივრცე გამოცხადებულიყო მტრად და მის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები გამოცხადებულიყვნენ ჯაშუშებად. პიარულ-იდეოლოგიურად ეს მუშაობს. ხომ ნახეთ პრემიერის გამოსვლა, პარტიის თავმჯდომარისა და დანარჩენის გამოსვლა, რომ დასავლეთი ცხადდება მტრად, რომელსაც უნდა ჩვენი ომში ჩართვა, დაქცევა, გაუბედურება და მათი წარმომადგენლები, ვისაც ისინი აფინანსებენ ამ ქვეყანაში, ცხადდებიან ჯაშუშებად. ამას ისინი აკეთებენ, არაფერი უკან არ წაუღიათ. კანონის ფორმულა რეალობაში რაც იყო, ის ხორციელდება, ამას კანონის ფორმა ექნება თუ არა, ეს ადამიანები ამას აკეთებენ პოლიტიკით, რიტორიკით, ქმედებებით და გადაწყვეტილებებით. შესაბამისად, მათ არაფერი უკან არ წაუღიათ. ისინი შოკში იყვნენ რამდენიმე დღე და შოკიდან გამოსვლის შემდეგ, ისარგებლეს რა საპარლამენტო ოპოზიციის კვლავ სისუსტით (თუ რა დავარქვათ ამას არ ვიცი, ვერ ელევიან სავარძლებს თუ რაც ჰქვია) და კვლავ კონტრშეტევაზე არიან გადმოსულები. ამიტომ ხვალ და ზეგ შეიძლება ეს კანონიც დაამტკიცონ და ამას სხვა კანონებიც მოჰყვება, რომლებითაც გადადგმული ნაბიჯი იქნება ისეთივე დიქტატურული სისტემის ჩამოყალიბებისაკენ, როგორიც არის ეს რუსეთში. დღეს საქართველოს ხელისუფლება ჰარმონიზაციას აკეთებს არა დასავლეთთან, კანონმდებლობის პოლიტიკის თვალსაზრისით, არამედ დღევანდელი ხელისუფლება ჰარმონიზაციას აკეთებს რუსულ იმპერიულ მოდელთან. ჩვენ, პრაქტიკულად, გადაქცეული ვართ ერთ-ერთ რუსულ პროვინციად და ასე დაქვემდებარებული სომხეთიც არ არის. მათ ღიად განაცხადეს, რომ თუ პუტინი ჩავა სომხეთში, შეიძლება მოქმედებაში მოვიდეს ჰააგის გაცემული ორდერი და ის შეიძლება დააპატიმრონ. აი, სომხეთში ხდება ეს, რომელიც დსთ-ს წევრიც არის და სადაც რუსული ჯარიც კი დგას. ამ დროს საქართველოში ჩვენ ვუყურებთ ისეთ პოლიტიკას, რომელიც ხაბაროვსკის ადმინისტრაციაში ტარდება.
_ ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები ჰქონდა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანელენა ბაერბოკს, რომელიც რამდენიმე დღის წინათ იმყოფებოდა საქართველოში. მწვავე იყო მისი შეფასებები საქართველოს ევროპულ კურსთან მიმართებით. რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირი საქართველოსთან დაკავშირებით? მივიღებთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს?
_ როგორ შეიძლება, ევროკავშირის წევრობის სტატუსი მიიღოს ქვეყანამ, სადაც ანტიევროპული, ანტიდასავლური პოლიტიკა და ხელისუფლებაა? ერთიანი საზოგადოებრივი განწყობები რა არის, ეს ცალკეა, მაგრამ საერთაშორისო პოლიტიკაში ქვეყანას წარმოადგენს მთავრობა, ეს კარგად უნდა გავითვალისწინოთ. აქედან გამომდინარე, ქვეყანა, სადაც დასავლეთს ლანძღავენ, კოლექტიურად მისი მაღალი რანგის ჩინოვნიკებს, ევროპარლამენტარები იქნებიან, ევროკომისრები, დიდი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები იქნებიან ისეთები როგორიც არის გერმანია, დიდი ბრიტანეთი, რომელიც არ არის ევროკავშირის წევრი, თუმცა ამ შემთხვევაში მე კოლექტიურ დასავლეთს ვგულისხმობთ, ეს ადამიანები ცხადდებიან მტრებად, რომლებსაც უნდათ ჩვენი ქვეყნის დაქცევა უნდათ ჩვენი ომში ჩართვა, მეორე ფრონტის გახსნა. როდესაც იძახიან რომ ევროკავშირის წესებს არ შევასრულებთ და ასეთ გადაწყვეტილებებს იღებს ხელისუფლება, როგორ უნდა გვქონდეს იმის ილუზია, რომ ინტეგრაციას გააკეთებს ეს სამყარო და კანდიდატის სტატუსს მოგანიჭებს. ეს ხომ გამორიცხულია, ამას ელემენტარული ანალიზი სჭირდება და არანაირი დიდი ფილოსოფოსობა თუ პოლიტოლოგობა. ამის ილუზია ნუ გვექნება, ერთადერთი შანსი გვაქვს ევროინტეგრაციის განხორციელების და სტატუსის მიღების, თუ შევცვლით ამ ხელისუფლებას, არჩევნებს ჩავატარებთ და შეიცვლება არსებული ხელისუფლება, ერთადერთი ნაბიჯი ეს არის, რომ ეს სტატუსი მივიღოთ, მაგრამ ისტორიის მატარებელი სწრაფად მირბის. ჩვენ საკმაოდ მცირე დრო გვაქვს. გაითვალისწინეთ ისეთი, მოვლენები ხორციელდება და ხდება სამყაროში, როდესაც ახალი მსოფლიო საერთაშორისო მართლწესები დგინდება და შეიძლება ჩვენ აღმოვჩნდეთ რკინის ფარდის მიღმა რუსეთთან ერთად. საბოლოოდ დავამთავრებთ სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას და კვალავ 200 წლიან სიბნელეში შეგვაბრუნებს უკან. ეს საფრთხეები არსებობს და რამდენად აანალიზებს ამას პოლიტიკური სპექტრი ეს სხვა საკითხია.
_ აქვს ოპოზიციას იმის რესურსი დღეს, რომ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში დაამარცხოს ქართული ოცნება?
_ აქ გამოსავალი არის ერთადერთი, ეს უნდა გავითვალისწინოთ ყველგან შეუგუებლობა, მიუღებლობა და ასე ვთქვათ, ქმედებებში თანამიმდევრობა. როდესაც იტყვი სიტყვას და იმ სიტყვას არ ასრულებ შემდეგ, ნიჰილიზმში ვარდება და უნდობლობა ყალიბდება საზოგადოებას მხრიდან, ამიტომ საზოგადოება უფრო წინ არის წასული და ის უფრო რადიკალურია თავის მოთხოვნებში და უფრო ობიექტური და მომართულია ქვეყნის ინტერესებიდან ვიდრე საპარლამენტო ოპოზიცია, ამიტომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ჩვენ ერთიანად მოვითხოვოთ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, მთავარი დღის წესრიგი ამის ირგვლივ უნდა შეიქმნას, თუ საჭიროა ამ მიზნის მისაღწევად მანდატებიც უნდა დატოვონ და როდესაც ეს იქნება მთავარი დღის წესრიგი, მიღწევადია ეს. ეს მიზანი თანხვედრაშია ქვეყნის ინტერესებთან, საზოგადოების განწყობებთან, ჩვენს პერსპექტივასთან და ამ შემოდგომაზე ჩვენ შეიძლება მივიღოთ რიგგარეშე არჩევნები. ხელისუფლებამ რომელმაც ჩაიდინა ღალატი, მასთან თანამშრომლობა და კოლაბორაცია ნიშნავს თანამონაწილეობას დანაშაულში და ამ იარლიყს ვერ ჩამოიცილებს ის ოპოზიცია, რომელიც ხალხს დღესაც უმტკიცებს, რომ 12 პუნქტს შეასრულებს ამ ხელისუფლებასთან ერთად, თითქოს დემოკრატიულ პოლიტიკურ სისტემაში ვცხოვრობდეთ და ხელისუფლებასთან თანამშრომლობით, შეიძლება რაიმე განახორციელოს, თან ისეთი მიზანი, რომელიც დაკავშირებულია ქვეყნის ყოფნა არყოფნასთან. თუ ოპოზიცია ერთიან სიტყვას იტყვის ხალხი მას მხარ დაუჭერს და სრულიად შესაძლებელია „ოცნების" პოლიტიკური ველიდან გაყვანა და ხელისუფლების შეცვლა. როგორც კი ეს მოხდება, ყველა გზა ამ ქვეყნის ხსნისა გახსნილი იქნება.
_ რამდენად დიდი შიში დარჩათ ახალგაზრდების მიმართ, საპროტესტო აქციების შემდგომ?
_ რა თქმა უნდა ეს ყველაფერი აჩვენა ამ მოვლენებმა. ძალადობაზე გადავიდნენ, ამ ხელისუფლების საფირმო ნიშნად ხომ იქცა თვალების დათხრა, ახლაც ერთი ადამიანის თვალი შეიწირეს და ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც გადაბმულად ორი დღე მიდიოდა რბევა, არა მხოლოდ ახალგაზრდების იქ ყველა თაობა იყო წარმოდგენილი. ეს თაობა ახლა გამოვიდა პოლიტიკურ ველზე, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში არის დაბადებული, მათ იგრძნეს გენეტიკური ინსტინქტით, რომ მათი სამშობლო, მათი ქვეყნის დამოუკიდებლობა საფრთხის ქვეშ, იყო და ამდენად ბუნებრივია ხელისუფლება შეიპყრო უდიდესმა შიშმა, რადგანაც მათი ოჯახის წევრებიც იდგნენ იქ, ეს იყო სახალხო განწყობა და ამიტომაც დაიხიეს უკან. მუხტმა განაპირობა ეს და ყველა თაობის ერთიანობამ და კარგად გამოკვეთილმა მიზანმა, რომ ეს თავისუფლების დაცვა იყო და არა რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ან ვინმესი. აქედან გამომდინარე, ეს შიში დაეტყოთ მათ, მიიღეს უპრეცედენტო გადაწყვეტილება, მათივე გადაფურთხებული ალოკეს, მეორე დღესვე და იქ დაასრულეს მათ თავიანთი პოლიტიკური ცხოვრება, მე ასე ვფიქრობ. მათ მავნებლობის გაკეთება შეუძლიათ ამ ქვეყნისთვის, ისინი ვერ გააგრძელებენ ამ ქვეყანაში პოლიტიკურ ცხოვრებას მე ამაში დარწმუნებული ვარ. წარმოუდგენელი მოღალატეობრივი აქტი იქნა ჩადენილი. მათ შემდეგ მიეცათ ამოსუნთქვის საშუალება რომ გადმოსულიყვნენ კონტრშეტევაზე და სამწუხაროდ ხელი შეუწყო საპარლამენტო ოპოზიციამ. განცდა იყო საზოგადოებაში, რომ რიგგარეშე არჩევნები ქცეულიყო მთავარ მოთხოვნად. ეს მოთხოვნები დავაყენეთ კიდევაც, აქტიური დეკლარირება დაიწყო ამისი, მეოთხე პრეზიდენტმა, მესამე პრეზიდენტმაც გამოაქვეყნა თავისი მოსაზრება. ხომ ვხედავთ, რომ ჩაანელეს ეს, მაგრამ ეს მაინც გარდაუვალია, ხელისუფლებას არ ასცდება დასავლური სანქციები, არ ასცდება შიგნით, აქციები და საბოლოო ჯამში ჩვენ ერთად უნდა მივიდეთ რიგგარეშე არჩევნებამდე. კიდევ ერთხელ ვამბობ „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში დარჩენა ნიშნავს ბალიშის ქვეშ ყუმბარა გქონდეს, რომლის ფითილსაც უკვე ცეცხლი წაკიდებული აქვს.
_ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შესახებ მინდა გკითხოთ, დღის წესრიგში დგას საშიშროება იმის, რომ ის კვლავ ციხეში ან ციხის საავადმყოფოში გადაიყვანონ - რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ დასავლეთის რჩევას და მოწოდებას არ გაითვალისწინებს ხელისუფლება?
_ რა რჩევას გაითვალისწინებენ ესენი ეს გამორიცხულია, მათ არაერთხელ თქვეს, რომ ის რჩევები მათთვის მიუღებელია და ტყუილად გვაქვს იმის იმედი, რომ ისინი რჩევებს გაითვალისწინებენ და შეასრულებენ. მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი, შერჩევითი სამართალწარმოების მსხვერპლი, ამას ემატება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ღიად ვუყურებთ, რომ მსხვერპლშეწირვას ახორციელებს დღევანდელი ხელისუფლება, ამის ნათელი მოწმეები ვართ. ყველაფერი საერთო ჯამში დაკავშირებულია იმ საერთო პოლიტიკასთან, რომელსაც დღევანდელი ხელისუფლება ახორციელებს. მიხეილ სააკაშვილს საჩვენებლად სჯიან და რატომ ვამბობთ, რომ პუტინის გადაწყვეტილებაა უპირველეს ყოვლისა. ის პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველა ქვეყანას, ყველა ლიდერს აჩვენებს, ვინც პუტინის წინააღმდეგ შეიძლება ხმა აიმაღლოს და ასე ვთქვათ მის წინააღმდეგ გაილაშქროს, აი ისეთი ბედი ელის როგორც სააკაშვილს. ეს არც დაუმალავთ და თუ არ ვცდები განაცხადა კიდეც მედვედევმა, აი სააკაშვილი რა დღეშია და ყველას ასეთი ბედი ელის ვინც რუსეთის წინააღმდეგ წავაო. აქედან გამომდინარე, ნუ გვექნება იმის ილუზია, რომ ეს ხელისუფლებაზე დათმობაზე წავა. პირიქით ის მზადაა გაამძაფროს თავისი ქმედებები და ფატალური გახადოს ვითარება. ისინი მზად არიან ციხეშიც გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი.
_ არ შემიძლია არ გკითხოთ ახალ სახალხო დამცველზე, რამდენად ეფექტური იქნება მის მიერ შესრულებული სამუშაო?
_ რა სახალხო დამცველი, რის სახალხო დამცველი ხალხო, ჩათვალეთ, რომ სახალხო დამცველის პოსტი დღეს ირაკლი კობახიძეს უკავია, ირაკლი კობახიძე აკონტროლებს დღეს ამ პოსტს. იოსელიანის მანდ დანიშვნა ამას ნიშნავს, რომ კობახიძემ საკუთარი კანდიდატურა გაიყვანა და სამწუხაროდ ამას ოპოზიციის წარმომადგენლებმაც მხარი დაუჭირეს, თანამონაწილენი გახდნენ ამ კოლაბორაციონისტული, მოღალატეობრივი ხელისუფლების ქმედებებისა, ვინ უნდა დაიცვას იოსელიანმა, ხმას ვერ იღებს, ვერ აფასებს მოვლენებს ის და ელისაშვილი იყვნენ ცნობილი სპეცსამსახურის დაფინანსებული ჯგუფი, რომელმაც გაუპრავა ხელისუფლებას აბსოლუტურად ყველაფერი. ახლა მას თავიანთ კანდიდატურად თვლიან და ამ ფორმატში ვითომ ევროკავშირის პუნქტებს ასრულებენ, საკუთარი კანდიდატურა გაიყვანეს, ირაკლი კობახიძეა დღეს სახალხო დამცველი, აი ოქსიმორონი და აი ჩვენი ქვეყნის უბედურება.
_ რა გეგმები აქვს ლეიბორისტულ პარტიას? შეუერთდება თუ არა ის 9 აპრილის აქციას, რომელიც რუსთაველზეა დაგეგმილი?
_ 9 აპრილი არის საერთო ეროვნულიო დღე, ის ერთი მხრივ დაკავშირებულია იმ ქმედებებთან, რომელიც განახორციელა საბჭოთა რუსულმა იმპერიამ, სისხლი დაიღვარა, უცოდველთა სისხლი დაღვარეს და მეორე მხრივ, ეს დღე დაკავშირებულია ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენასთან, ის არ შეიძლება იყოს ვიწრო პარტიული აქცია იმ დღეს და ვინმემ პრივატიზება მოახდინოს ამ დღის. პოლიტიკურ პარტიებს უნდა ესმოდეთ რა დღე და როგორ უნდა შეარჩიონ დღე და არ შეიძლება მანიპულირება ასეთი დღით. ვფიქრობ მათ ძალიან მძიმედ მოუტრიალდებათ უკან.
გარკვეულმა პარტიებმა უკვე დაიწყეს წინასაარჩევნო სამზადისი, რა ხდება ამ მხრივ ლეიბორისტულ პარტიაში?
პარტია უნდა იყოს მუდმივ სამზადისში, ამ მხრივ ჩვენ მთავარ ამოცანას რა თქმა უნდა წარმოადგენს ხელისუფლებასთან ბრძოლა, ჩვენ გვაქვს ორი ფრონტი, ერთი საერთაშორისო ფრონტი, ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად დაახლოვდეს და ოფიციალური სახე მიეცეს რეჟიმის სანქცირებას და მეორე ფრონტი გახსნილი გვაქვს და ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება მეტი თანამოაზრე გავიჩინოთ, რომ მივაღწიოთ ახალ საპარლამენტო არჩევნებს, სხვაგვარად სიტუაციიდან გამოსვლა არის აბსურდი, არის წყლის ნაყვა, არის ხელისუფლებისათვის ხელის შეწყობა, ეს ორი მთავარი მიმართულება გვაქვს აღებული და ვმუშაობთ სოციალურ საკითხებზე. ყველაზე მეტად ესაა გამძაფრებული, ეს სამი მთავარი საკითხი გვაქვს გამოყოფილი და ვცდილობთ ამ კუთხით მაქსიმალურად ვიბრძოლოთ, მაქსიმალურად ვიშრომოთ, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ ყველა სასუნთქი არეალი ჩაგვიკეტა, დაფინანსებიდან დაწყებული, უფასო რეკლამები, კომისიის წევრები ჩამოგვართვა და ლამის პარტია აკრძალა, მაგრამ როდესაც იდეითაა შეკრული, როდესაც სამშობლოს სიყვარულითა და მომავლის იდეითაა შეკრული გუნდი, გამყარებული, მძლავრი, იდეოლოგიური ბაზისით, იმას ვერაფერი ვერ დაშლის და ამ მიმართულებით როგორც გითხარით ამ ხელისუფლების შეცვლის ავანგარდში ვიქნებით და გავაგრძელებთ კვლავ ბრძოლას.

გაზიარება