- სამშაბათი, 24 დეკემბერი, 2024
2023-04-02 17:37:06
ირინა მაკარიძე
რეგიონში, სადაც ერთი ომი მიმდინარეობს და მეორე ომის საფრთხე არსებობს, რუსეთის მიერ ნაწილობრივ ოკუპირებული ქვეყნის პრემიერი მთავარ საფრთხედ ოპოზიციასა და ახალგაზრდობას ასახელებს.
რა საფრთხეების წინაშე დგას საქართველო? რა პროცესები მიმდინარეობს ქვეყანაში და მის ირგვლივ? რა პერსპექტივა აქვს ახალგაზრდების მოძრაობას? _ ამ და სხვა საკითხების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება „საქართველოს სტრატეგიული ცენტრის _ GღAშშ-ას“ ექსპერტი, ანალიტიკოსი გელა ვასაძე:
_ ჩვენ ახლაც ვართ ომში რუსეთთან, ომი გრძელდება, უბრალოწსდ, ზავი არის დადებული, რომელიც რუსეთმა დარღვია ერთ კვირაში, როდესაც აღიარა აფხაზეთი და ე. წ. სამხრეთ ოსეთი. ამასთან, დატოვა ჯარი ამ ტერიტიორიაზე, ანუ მოახდინა საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია. რუსეთთან ომში ისედაც ვართ, მათ შორის, ჰიბრიდული ომის ღონისძიებებს აქტიურად აწარმოებს რუსეთი.
_ ბატონო გელა, პრემიერმა გააძლიერა საუბარი „მესამე მსოფლიო ომის საფრთხეზე“, გარდა ამისა, საუბრობს, რომ „უკრაინაში ეს ომი არ სრულდება“. რას იტყვით ამ განცხადებებზე?
_ რაც შეეხება „მესამე მსოფლიო ომს“, უნდა შევთანხმდეთ ომის დეფინიციაზე, _ რას გულისხმობს ადამიანი, როდესაც მესამე მსოფლიო ომზე საუბრობს? თუ საუბარი არის ბირთვულ ომზე, ამ საფრთხეს ვერ გამოვრიცხავთ, მაგრამ ეს საფრთხე დაბალია. რაც შეეხება ომს აშშ-სა და რუსეთს შორის, ბირთვული იარაღის გამოყენების გარეშე ამას გამოვრიცხავ. უკრაინაში კი მიმდინარეობს ომი. უკრაინა იცავს თავის ტერიტორიებს საკმაოდ წარმატებით, გარკვეულწილად უკვე აქვს განთავისუფლებული დიდი ტერიტორიები ხარკოვსა და ხერსონში. ვფიქრობ, დასავლეთი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სისტემურ დამარცხებამდე მიიყვანოს რუსეთი. ეს არის რეალობა. მეორე რეალობა არის ის, რომ დასავლეთი მზად არის, ჩადოს თავისი რესურსები არა მხოლოდ უკრაინის, არამედ სხვა ქვეყნის უსაფრთხოებაში და ჩვენ ამ შესაძლებლობას არ ვიყენებთ. რადგანაც რამშტაინის ჯგუფის წევრები ვართ, შეგვეძლო შეიარაღებაც მიგვეღო, გარანტიებიც, მაგრამ ჩვენ ამას არ ვაკეთებთ. რამდენად სწორი არის ეს პოლიტიკა, მკითხველმა განსაზღვროს, რადგან, ასეთი ისტორიული შანსი არ ვიცი, გვექნება თუ არა კიდევ. დღეს გვაქვს ეს შანსი და და არ ვიყენებთ.
_ რას იტყვით ჰააგის სასამართლოს მიერ პუტინის დაკავების სანქციასთან დაკავშირებით? რას ცვლის ეს და დააჩქარებს თუ არა ეს ომის დასასრულს?
_ ომის დასასრულს ვერ დააჩქარებს, მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ დასავლეთში ინსტიტუციურად აღიარებულია, რომ პუტინი არის სამხედრო დანაშაულში ეჭვმიტანილი. აქედან გამომდინარე, დასავლეთმა ინსტიტუციურად უკვე მიუჩინა პუტინის რუსეთს მისი ადგილი. ამის შეცვლა უკვე რთული იქნება არა მარტო პუტინისთვის, არამედ რუსეთისთვის. ამასთან, როგორ დამთავრდება ომი, ეს ჯერ არავინ იცის. ზუსტად ვიცით, რომ უკრაინა არ დამარცხდება. დიდი შანსი აქვს უკრაინას, გავიდეს თავის საზღვრებზე, მაგრამ რუსეთი რა მდგომარეობაში იქნება, ჩვენ არ ვიცით. სამი ვარიანტი არსებობს ამის: პირველი ვარიანტია, პუტინისტური რეჟიმი იზოლაციაში დარჩება და ფაშისტური სახელმწიფოს მდგომარეობაში აღმოჩნდება; ინდოეთისა და ჩინეთის მხარდაჭერაზე საუბრობენ. რა თქმა უნდა, ინდოეთიც და ჩინეთიც ისარგებლებენ რუსეთის რესურსებით, მაგრამ არც ჩინეთსა და არც ინდოეთს არ აწყობს რუსეთის გამო დასავლეთთან ურთიერთობის გაფუჭება. გასაგებია, რომ პეკინი გამოიყენებს ამ სიტუაციას თავის სასარგებლოდ, მაგრამ სამხედრო კავშირზე ზედმეტია საუბარი. რუსეთი ახლა არ არის ისეთ მდგომარეობაში, რომ ვიღაცას მოუნდეს რუსეთთან სამხედრო მოკავშირეობა.
არის მე-2 ვარიანტი, რუსეთის დეზინტეგრაცია და დაშლა _ ამ სიტუაციაში ჩვენც გვექმნება გარკვეული საფრთხეები, მაგრამ ეს საფრთხეები გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ჩვენ გვაქვს საფრთე, როდესაც არსებობს ისეთი რუსეთი, როგორსაც ახლა ვხედავთ.
მე-3 ვარიანტი ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ ამ ვარიანტსაც აქვს არსებობის უფლება: რომ ჯანსაღი ძალები მოვლენ რუსეთის ხელისუფლებაში, როგორღაც გამოიყვანენ ამ ქვეყანას კრიზისიდან. რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს ტერიტორიების დეოკუპაციას, ყველა ტერიტორიის, არა მხოლოდ უკრაინის, არამედ საქართველოს, მოლდოვის. ასევე მნიშვნელოვანია კომპენსაციების გაცემა უკრაინაზე. ჩვენთან მიმართებით რა მოხდება, ეს უკვე ჩვენზეა დამოკიდებული.
_ რა საფრთხეებს გულისხმობთ, რაც რუსეთის დაშლის შემთხვევაში შესაძლოა, საქართველოს დაემუქროს?
_ მხედველობაში მაქვს ჩრდილოეთ კავკასია, ჩვენ ჩრდილოეთ კავკასიელებთან უნდა ვიმუშაოთ. სამწუხაროდ, ისე ვცხოვრობთ, თითქოს კუნძული ვართ ატლანტიკის ოკეანეში. არადა, არ ვართ კუნძულზე, ჩვენ გვერდით მიმდინარეობს საკმაოდ სერიოზული და საფრთხილო პროცესები, მათ შორის, მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ ჩრდილოეთ კავკასიელ მეზობლებს და იმის გაგებას, თუ რა ხდება იქ. შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე, ამ ტერიტორიაზე, საკმაოდ სერიოზული პროცესები მიმდინარეობს, მათ შორის, დეზინტეგრაციული პროცესები. იქ არის რამდენიმე წინააღმდეგობის მოძრაობა, მათ შორის, სამოქალაქო მოძრაობა, რელიგიური მოძრაობა. სხვადასხვა მიმართულების მოძრაობებია, სხვადასხვა პოლიტიკური ძალები მოქმედებენ, მათ შორის, დიდი რეგიონული მოთამაშეები, თურქეთი, არაბეთის ქვეყნები, ირანი და ა. შ. ჩვენ, სამწუხაროდ, როგორც ვხედავ, ეს შესწავლილი არ გვაქვს.
_ რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია რეგიონში მიმდინარე პროცესები. რას იტყვით ირანსა და აზერბაიჯანს შორის შესაძლო დაძაბულობის კერის შექმნაზე?
_ დაძაბულობა გაიზრდება, რადგან საფრთხე არის აზერბაიჯანისთვის ირანი და ირანისთვის _ აზერბაიჯანი. 20-დან 40 მილიონამდე აზერბაიჯანელი ცხოვრობს ირანში, აქედან გამომდინარე, ირანს აქვს შიშები თავის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით.
ახლა ირანის ბირთვული პროგრამა საფინიშო ეტაპზე გავიდა. აშშ-სა და ისრაელს არაერთხელ აქვს გაცხადებული, რომ არასდროს დაუშვებენ, ირანს ბირთვული შეიარაღება ჰქონდეს. ეს ნიშნავს, რომ დიდი ალბათობა იქნება ისრაელსა და აშშ-ს, მეორე მხრივ, ირანს შორის ომის გაჩაღების. ვიცით, რომ აზერბაიჯანი არის ისრაელის მოკავშირე. ისრაელი ნამდვილად ეხმარებოდა აზერბაიჯანს იარაღით და ბევრი სხვა რამით. ირანს აქვს ახლო ურთიერთობა სომხეთთან, აქედან გამომდინარე, საფრთხე, რომ დიდი რეგიონული ომი ჩვენ გვერდით გაჩნდეს, არსებობს. ეს ჩვენზე, რა თქმა უნდა, იმოქმედებს. ორი ჩვენი მეზობელი ქვეყანა, ვგულისხმობ აზერბაიჯანსა და სომხეთს, შეიძლება ჩართული იყოს ამ ბრძოლაში.
_ რამდენად მოსალოდნელია, რომ ეს დაძაბულობა ომამდე მივიდეს?
_ მოსალოდნელი კი არის, მაგრამ 30 წლის განმავლობაში მესმის „ომი ირანთან“ და ჯერ არ ყოფილა. იმედი ვიქონიოთ, რომ არც ახლა იქნება.
_ რას იტყვით სომხეთის შესახებ, რომელმაც გაუბედა რუსეთს და მისი ერთ-ერთი მთავარი პროპაგანდისტი, მარგარიტა სიმონიანი, პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა. იქ რა პროცესები მიმდინარეობს?
_ მარგარიტა სიმონიანი გვარად არის სომეხი, თორემ ისე არის რუსი პროპაგანდისტი. სომხეთს აქვს სერიოზული პრობლემები, იშლება ის უსაფრთხოების სისტემა, როდესაც რუსეთს მონოპოლისტურად ჰქონდა კავკასიაში მოდერატორის როლი აღებული. სომხეთს სჭირდება სხვა მოკავშირეები რუსეთის გარდა, ვინც იქნება გარანტი უშუალოდ სომხეთის უსაფრთხოების. მისთვის უსაფრთხოების რისკს წარმოადგენს ის, რომ ბოლომდე არ არის გადაწყვეტილი ყარაბაღის საკითხი და აზერბაიჯანი, რა თქმა უნდა, ყველაფერს ეცდება, აღიდგინოს პოზიციები. აქედან გამომდინარე, ჩვენ რასაც ვხედავთ, სომხეთი ყველასთან მუშაობს უსაფრთხოების საკითხზე. ეს იმას ნიშნავს, რომ დღეს სომხეთში, პრაქტიკულად, ყველა ძალა წარმოდგენილია: ინდოეთი თავისი იარაღით, რუსეთი თავისი ჯარით, ირანი თავისი სპეცსამსახურებით, ევროპელები… კარგია თუ ცუდი ეს, ამას ვერ გეტყვით. სომხეთს როგორც შეუძლია, ისე ცდილობს თავისი უსაფრთხოების საკითხის გარკვევას, მაგრამ ვფიქრობ, მთავარია, იყოს სამშვიდობო ხელშეკრულების დადება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის და შეწყდეს ეს კონფლიქტი, რომელიც დღეს უკვე არქაულად გამოიყურება.
რაც შეეხება სიმონიანს, ის არის პირდაპირი მტერი დღევანდელი ხელისუფლებისა და პირადად ნიკოლო პაშინიანის.
_ პარლამენტში პრემიერს როდესაც ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეების შესახებ დაუსვეს კითხვა, მან განაცხადა, რომ არავითარი საფრთხე ქვეყანას გარედან არ ემუქრება და ყველაზე დიდ საფრთხედ შიდა დესტაბილიზაცია დაასახელა, რაშიც მან ხელისუფლების საწინააღმდგო აქციები იგულისხმა. თქვენ რას იტყვით, რა საფრთხეები არსებობს საქართველოსთვის ასეთ რთულ რეგიონში, სადაც ვცხოვრობთ?
_ საფრთხეები გვაქვს არა მხოლოდ რუსეთის მხრიდან. რა თქმა უნდა, რუსეთთან ომში უკვე ვართ. ამის გარდა დესტაბილიზაციის სერიოზული საფრთხე არის თურქეთში, რაც ჩვენთვისაც არ იქნება კარგი. იმედი ვიქონიოთ, რომ ეს არ მოხდება. არჩევნები არის მაისში და რა იქნება და რა მოხდება იქ, არავინ იცის. სომხეთ-აზერბაიჯანის ომი, რა თქმა უნდა, პირდაპირი საფრთხეა და შესაძლო დიდი ომი რეგიონში ირანის, ისრაელის, აზერბაიჯანის მინაწილეობით, აშშ-ს ან, ზოგადად, კოლექტიური დასავლეთის ჩართვით, ეს არის საფრთხე ჩვენთვის. შიდა საფრთხეებიც არსებობს, რომელიც უნდა განვიხილოთ რუსეთის ჰიბრიდული ომის კონტექსტში, აფეთქება ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, ვგულისხმობ, პირველ რიგში, ჯავახეთსა და ქვემო ქართლს. მაგალითად, დმანისში რაც მოხდა 3 წლის წინ…
საფრთხეები არსებობს და თან ძალიან სერიოზული. ყველაზე ცუდი ის არის, რომ გააზრებული არ გვაქვს ბოლომდე და არ ვმუშაობთ ამ საფრთხეების მინიმიზაციაზე.
_ ამის ფონზე, პრემიერი მთავარ საფრთხედ ახალგაზრდობასა და საპროტესტო აქციებში მათ მონაწილეობას ასახელებს. რამდენად ადეკვატური შეფასებაა?
_ საამაყო ახალგაზრდობა გაგვეზარდა, ეს არის პლუსი, სულ სხვანაირები არიან. არ ახსოვთ საბჭოთა კავშირი, მათ მეხსიერებაში არის გამჯდარი: „მე ვარ ქართველი და მაშასადამე, ვარ ევროპელი“. ვერ წარმოუდგენიათ საქართველოს დროშა ევროკავშირის დროშის გარეშე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი ფაქტია. ცუდი არის სხვა რამ, _ ეს არის ის, რომ ჩვენი საზოგადოება არ არის პოლიტიკურად სტრუქტურირებული. რას ვგულისხმობ? _ 1968 წელს საფრანგეთში და, ზოგადად, ევროპაში იყო ახალგაზრდული პროტესტი. მას შემდეგ, რაც ეს პროტესტები დასრულდა, მემარჯვენეები წავიდნენ მემარჯვენე პარტიებში, მემარცხენეები _ მემარცხენეებში, ანუ საზოგადოება სტრუქტურირებული იყო და ყველა ახალგაზრდამ ზუსტად იცოდა, თუ მემარჯვენე იყო, სად წასულიყო და თუ მემარცხენე _ სად. ასე ხდებოდა ყველა განვითარებულ დემოკრატიაში. ჩვენ რა გვაქვს? სამწუხაროდ, არც განვითარებული დემოკრატიული ინსტიტუტები და არც პარტიული. ყველა ჩვენი პარტია არის რომელიმე პერსონის ირგვლივ. რატომ უნდა მივიდეს ახალგაზრდა ამ პარტიებში, რომ ვიღაც პარტიულ ლიდერს დაუჭიროს მხარი? ერთადერთი პარტია, რომელსაც აქვს იდეოლოგია, არის „გირჩი _ მეტი თავისუფლება“. მაგრამ ყველა ხომ არ არის ლიბერტარიანელი? უმეტესობაც არ არის ლიბერტარიანელი. აქედან გამომდინარე, ამას მე მივიჩნევ ყველას დიდ შიდა პოლიტიკურ საფრთხედ. პერსონალურ პარტიაში, რა თქმა უნდა, გამორჩეულად გამოიყურება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, როგორც მიხეილ სააკაშვილის პარტია, მაგრამ მის მიერ განვლილი გზიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ამ პარტიას ბევრი ხალხი უჭერს მხარს, მაგრამ ისიც არის პერსონალიაზე დაფუძნებული პარტია. ვფიქრობ, წინ გვაქვს საზოგადოებრივი და პოლიტიკური სივრცის სტრუქტურირება, ეს საკმაოდ მტკივნეული პროცესი იქნება.
_ ამ ახალგაზრდების პროტესტი რომ არ დარჩეს ცალკეულ ემოციურ გამოვლინებად და მას მოყვეს გაგრძელება, რა უნდა გაკეთდეს ამისთვის?
_ ამას აუცილებლად მოყვება გაგრძელება, ახალგაზრდობა არის მოსახლეობის აქტიური ნაწილი. თუ დღევანდელი პოლიტიკური ძალები ვერ მოახერხებენ თავისი იდეოლოგიის რაღაცნაირად შემუშავებას ისე, რომ მიმზიდველი გახდეს ამ ახალგაზრდებისთვის, მაშინ თვითორგანიზება მოხდება, მაგრამ ეს არის ძალიან გრძელი პროცესი.
_ რაც შეეხება ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსის მიღებას, ეს უკვე დროში გაწერილი პროცესია, მოვლენების როგორ განთავარებას ელოდებით?
_ არავითარი პერსპექტივა არ გვაქვს, თუ არ შევასრულებთ 12-პუნქტიან რეკომენდაციას. ვფიქრობ, პოლიტიკური პარტიებისა და ყველა პოლიტიკოსის ამოცანა უნდა იყოს ის, რომ მოვითხოვოთ ამ 12 პუნქტის შესრულება. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბაერბოკმა, რომელიც ჩამოსული იყო, პირდაპირ გვითხრა, შეასრულეთ ეს 12 პუნქტი და დიდი სიამოვნებით მოგანიჭებთ კანდიდატობასო. ეს ძალიან მარტივია სათქმელად, მაგრამ რთულია გასაკეთებლად ჩვენი ხელისუფლებისათვის.
_ პირველი რეკომენდაცია დეპოლარიზაციაა და ხელისუფლება, რომელიც „მეხუთე კოლონად“ აცხადებს ოპოზიციას და ახალგაზრდებს, როგორ შეასრულებს ამ რეკომენდაციებს?
_ კი ბატონო, ხელისუფლება არ ასრულებს რეკომენდაციებს, ეს ნიშნავს, რომ ვერ მივიღებთ ამ სტატუსს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, თუ ახლა არ მივიღებთ, ამით მთავრდება ყველაფერი. ეს 12 პუნქტი არსად მიდის, რჩება. რომელი ხელისუფლებაც შეასრულებს ამ 12 პუნქტს, ის ხელისუფლება შეიყვანს ქვეყანას ევროკავშირში კანდიდატის სტატუსით. რამდენად მნიშვნელოვანია კანდიდატის სტატუსი, ამის მაგალითი არის ჩვენი მეზობელი თურქეთი, რომელიც არ არის ევროკავშირის წევრი, მაგრამ უზარმაზარ პროგრესს მიაღწია კანდიდატის სტატუსით.
_ როგორ ფიქრობთ, მოყვება თუ არა დესტაბილიზაცია იმას, თუ ქვეყანამ წელს ვერ მიიღო სტატუსი?
_ დესტაბილიზაციას არ ველოდები, მაგრამ ეს იმოქმედებს არჩევნების შედეგებზე. რა თქმა უნდა, ასეც უნდა იყოს, ამან არჩევნების შედეგებზე უნდა მოახდინოს გავლენა.