- სამშაბათი, 24 დეკემბერი, 2024
2023-04-02 17:33:28
თამარ სანაძე
გასულ კვირას საქართველოს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვია. ანალენა ბაერბოკმა თბილისში ჩამოსვლამდე განაცხადა, რომ ხედავს საქართველოს ევროპული კურსიდან გადახვევის მცდელობას. მის ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე საქართველოში დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იმყოფებოდა. ბოლო ერთ კვირაში შედგა ორი მაღალი დონის ვიზიტი. უფრო ადრე თბილისს სტუმრობდნენ ამერიკელი სენატორები და ევროკომისიის წარმომადგენლები, ეს ყოველივე ნიშნავს იმას, რომ საქართველო აღარ ისწრაფვის ევროპისკენ და ჩვენს ქვეყანას დახმარება სჭირდება. აშკარაა, რომ ყველას თვალწინ იცვლება ჩვენი ქვეყნის საგარეო კურსი. მთავრობა ძალისხმევას არ იშურებს, რომ ქვეყანა ჩატოვოს რუსულ ჭაობში და უარი თქვას იმ შესაძლებლობაზე, რომელიც საქართველოს ევროპულ გზაზე აქვს.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტზე, „ქართული ოცნების“ პოლიტიკასა და საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე „ქრონიკა+-ს ესაუბრება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, თათია ნიკოლაშვილი.
შეგახსენებთ: თათია ნიკოლაშვილი ცოტა ხნის წინათ სტრასბურგში, ევროპის საბჭოს თვითმმართველობათა და რეგიონულ კონგრესში 44-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა, სადაც ყურადღება გაამახვილა საქართველოში მიმდინარე პრობლემურ საკითხებზე.
_ თათია, პირველ რიგში, რას იტყვით საქართველოს მთავრობის დღევანდელ პოლიტიკაზე? _ საქართველოს პრემიერ-მინისტრი პარლამენტის ტრიბუნიდან აკრიტიკებს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, უკრაინის ხელისუფლებას და აცხადებს, რომ მათ საქართველოს ომში ჩართვა სურთ. როგორ შეაფასებთ მის ამგვარ რიტორიკას?
_ ჩვენ პირველივე დღიდან ვუსმენთ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ანტიდასავლურ და ანტიუკრაინულ განცხადებებს. პრემიერმა საჯაროდ დააფიქსირა პოზიცია და განაცხადა, რომ უკრაინაში არის ომი, მაგრამ ჩვენ ეს არ გვეხებაო… თითქოს იქ ჩვენი დები და ძმები არ იღუპებოდნენ, თითქოს უკრაინა ჩვენი მოძმე ერი არ იყოს და თითქოს საერთო მტერი არ გვყავდეს რუსეთის სახით. იმიტომ, რომ ესენი არიან ჩვეულებრივად რუსეთის აგენტურა საქართველოში და მათ ნათლად აქვთ გაცხადებული ეს მოღალატეობრივი პოზიცია. ისინი უკრაინის მხარდაჭერას მხოლოდ შაბლონური სიტყვებით, მოვალეობის მოხდის მიზნით გამოხატავენ ხოლმე. არაფერი ახალი არ ყოფილა ჩვენი პრემიერ-მინისტრის გუშინდელ გამოსვლაში გარდა იმასა, რომ ისინი კიდევ უფრო უმატებენ ჩვენი ევროპელი პარტნიორების ლანძღვას და უფრო აშკარა ხდება საქართველოს ხელისუფლების პოზიცია, რომ ის რუსული ხელისუფლებაა.
_ მასშტაბურმა პროტესტმა მარტის დასაწყისში საქართველოს ხელისუფლებას უკან დაახევინა. როგორ ფიქრობთ, ამ მოვლენებმა შეასუსტა საქართველოს მთავრობა და ბიძინა ივანიშვილი?
_ 7-8 მარტის მოვლენებმა გვაჩვენა, თუ რისი ეშინია ბიძინა ივანიშვილს, ამ რუს ოლიგარქს. მას ეშინია ქართველი ხალხის ძალის და 7-8 მარტის მოვლენები იყო დადასტურება იმისა, რომ ძალა არის ნამდვილად ხალხში და ძალა არის ახალგაზრდებში, რომლებმაც მიიყვანეს ეს ბრძოლა გამარჯვებამდე. სწორედ ეს იყო ნათელი მაგალითი იმისა, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. 11-წლიანი ოლიგარქიული მმართველობის განმავლობაში პირველად ქართველმა ხალხმა მოუგო ბიძინა ივანიშვილს. ეს არ იყო მხოლოდ ერთდღიანი მოვლენები, რომ რაღაც უცებ და სპონტანურად მომხდარიყო. სპონტანური იყო ნამდვილად ის ფაქტი, რომ პარლამენტის წინ დაუგეგმავად გამოვიდა ამდენი ხალხი, მაგრამ ამას ნამდვილად წინ უძღოდა განვითარებული მოვლენები, ეს იყო ბრძოლა, მათ შორის, პარლამეტში, სადაც ოპოზიციამ ფიზიკურად იბრძოლა იმისთვის, რომ ეს კანონი არ მიეღო ხელისუფლებას. შემდგომ ამას მოჰყვა გარეთ, რუსთაველის გამზირზე ხალხის მხარდაჭერა, ახალგაზრდების ძალიან აქტიური ჩართვა და ნამდვილად, ეს ბრძოლა ბოლომდე მიიყვანა ახალგაზრდობამ. მათ ამ ბრძოლაში დაამარცხეს ბიძინა ივანიშვილი. დიახ, ეს ნამდვილად არის ამ ბრძოლის ახალი ეტაპის დასაწყისი და უმნიშვნელოვანესი ეტაპი.
_ რა აჩვენა ამ საპროტესტო აქციებმა ხელისუფლებას და როგორ შეაფასებთ იმ მოვლენებს, რომელიც აქციის დასრულებისა და კანონის უკან გაწვევის შემდგომ განვითარდა?
_ ზემოთ ვთქვი, რომ ბიძინა ივანიშვილსა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ნამდვილად ეშინია ხალხის, მისი ძალის. იგი ყოველ ჯერზე ცდილობს, რომ დაყოს მისი ოპონენტები პარტიული ნიშნის მიხედვით, ახალგაზრდებს თავს მოახვიოს, რომ იმასთან უნდა დავდგეთ, ამასთან არ უნდა ვიყოთ, ყველანაირად ცდილობს რუსი ოლიგარქი, რომ ხალხი დაყოს, მაგრამ ბოლოს განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, როცა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ეხება საქმე, აღარვინ ეძებს განსხვავებებს და ვნახეთ, რომ გაერთიანდა მთელი საზოგადოებრივი სპექტრი, ყველანაირი ინსტიტუტი, ახალგაზრდები, სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები. საპასუხოდ „ოცნებაც“ არ ჩერდება და ახლა ცდილობს ყველა ოპოზიციონერის გაშავებას, რაღაცნაირი კამპანია კიდევ ერთხელ წამოიწყო, რომ ცალკე ახალგაზრდებს ლანძღავენ, „სატანისტებს“ უწოდებენ და რაღაც საოცარ, საშინელ, გაუგონარ სიტყვებს ეძახიან. გავიხსენოთ „ალტინფოს“ ბოლო დროს გააქტიურება, მარტის დღეების მოვლენებამდე ისინი არ ჩანდნენ და ახლა ვხედავთ, რომ მაქსიმალურად გაააქტიურა ბიძინა ივანიშვილმა. ყველამ ვნახეთ ის საშინელი კადრები, როდესაც ევროკავშირის დროშა დაწვეს პარლამენტის წინ. ეს, რა თქმა უნდა, არ არის შემთხვევითი და ახლა, როდესაც ადამიანებმა, მათ შორის, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა ნახეს, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი, უმრავლესობა არის იმ მხარეს, ვისაც ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი სურს, ახლა საჭიროებენ, რომ გაამხნევონ საკუთარი მხარდამჭერები. ამისათვის ყველაფერზე წამსვლელები არიან და მიდიან კიდეც. ეს არის ნათელი დადასტურება იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილს ქართველი ხალხის ეშინია.
_ საქართველოში იმყოფებოდა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბაერბოკი, იქამდე რამდენიმე დღით ადრე საქართველოში დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოვიდა, ეს იყო დაუგეგმავი ვიზიტები. ფაქტია, რომ საქართველო გადასარჩენია და ეს უკვე ძალიან ნათლად ჩანს. რას იტყვით მათ ვიზიტებზე და როგორ შეაფასებთ ბაერბოკის გზავნილებს?
_ რა ძალაც კი მათ შესწევთ და რაც შედის მათ შესაძლებლობებში, ჩვენი ევროპელი პარტნიორები გამოხატავენ და აფიქსირებენ იმ პოზიციას, რომ ქართველი ხალხის არჩევანი უნდა იყოს ევროპა. მათ გზავნილებს თუ დავაკვირდებით, თითქმის ყველგან გამოყოფილი არის ცალკე ქართველი ხალხი, რომ ქართველი ხალხის არჩევანი, საქართველოს არჩევანი არის ევროპა. ისინი, რასაკვირველია, ესაუბრებიან ხელისუფლებასაც, რომ ეს 12-პუნქტიანი მოთხოვნა შესრულდეს, რათა მიგვიღონ და მოგვცენ ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსი. ამისთვის ისინი მაქსიმალურად ყველაფერს აკეთებენ. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებას ეს ნამდვილად არ ესმის. ამისთვის აუცილებელი არის საჭირო საზოგადოებრივი აქტიურობა. რამდენიმე დღის წინ გახლდით სტრასბურგში, გამოსვლა მქონდა და იქაც მაქსიმალურად ვეცადე, დამეფიქსირებინა საქართველოს მოსახლეობის სრული უმრავლესობის აზრი, რომელთაც ნამდვილად სურთ ევროკავშირი და ისწრაფვიან საქართველოს ევროპული მომავლისაკენ. როდესაც სტრასბურგში შეხვედრებზე გახლდით, ჩვენი ევროპელი პარტნიორები ყველა საქმის კურსშია საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ისინი ძალიან წუხან იმაზე, თუ რატომ არ ასრულებს საქართველოს ხელისუფლება ამ პუნქტებს. მარტივი და ხალხისთვის გასაგები მაგალითი რომ მოვიყვანო: თქვენთან რომ მოდიოდეს სტუმარი, რომელიც არის ქურდი, ყაჩაღი, ადამიანებს აწამებს და ამ სტუმარს თქვენ, რა თქმა უნდა, ოჯახში ვერ შემოუშვებთ და ეუბნებით, აღარ მოიპარო, აღარ იქურდო, აღარ იყაჩაღო, აღარ აწამო ადამიანები და კი ბატონო, მობრძანდითო. მაგრამ ჩვენი ხელისუფლება ამ ადამიანებს, ევროპელ პარტნიორებს ეუბნება, რომ არა, ჩვენ ასეთები უნდა ვიყოთ, ჩვენ უნდა ვიქურდოთ, ჩვენთან კორუფციაც უნდა იყოს, ჩვენ ადამიანები უნდა ვაწამოთ, ყველა დავაშანტაჟოთ და ასეთები მიგვიღეთ, როგორებიც ვართ. ასეთებს კი არ მიგვიღებენ. ამიტომ მაქსიმალურად უნდა ვაჩვენოთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, რომ ქართველი ხალხის არჩევანი არ არის „რუსული ოცნება“ და ჩვენი ისტორიული წარსული და ჩვენი მომავალიც უკავშირდება ევროპას.
_ შესაძლებელია, საქართველომ შეასრულოს ევროკავშირის მიერ გაწერილი 12-პუნქტიანი რეკომენდაცია? რა უნდა გააკეთოს საქართველომ იმისთვის, რომ შესრულდეს 12 პუნქტი?
_ ჩემი აზრით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში შეუძლებელია 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულება, რადგან ისინი ყველა პუნქტის მიმართ თავიანთ უარყოფით დამოკიდებულებას ავლენენ. ამ ხელისუფლების ცვლილების გარეშე ჩვენს ევროპულ მომავალს დიდი საფრთხე ემუქრება. ახლა იწერება თანამედროვე მსოფლიოს წესრიგი და ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ ამ ომში, წესრიგის დადგენის პროცესში, აღმოვჩნდეთ უკანასკნელი იმპერიის მხარეს, ბოროტების მხარეს, ეს არის რუსეთი, პუტინის რუსეთი, მით უმეტეს, როდესაც თანამედროვე მსოფლიომ, ფაქტობრივად, კრემლში გამოკეტა პუტინი და ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ ამ უკანასკნელ იმპერიას ჩავყვეთ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, ხალხის ერთობლივი ძალით უარი ვუთხრათ ამ ხელისუფლებას, რათა საქართველოს ევროპულ მომავალს საფრთხე არ დაემუქროს.
_ თქვენ სიტყვით გამოხვედით სტრასბურგში ევროპის საბჭოს თვითმმართველობათა და რეგიონულ კონგრესზე. რა განწყობებია იქ, რას ფიქრობენ ჩვენი მეგობრები საქართველოში არსებულ სიტუაციაზე?
_ მე გახლავართ საქართველოს დელეგაციის წევრი ევროპის საბჭოს კონგრესში, თვითმმართველობათა და რეგიონულ კონგრესში. ქალბატონ სევდია უგრეხელიძესთან ერთად ვარ ამ დელეგაციაში. ძალიან ცოტა დრო გვქონდა მოცემული საუბრისთვის და სიტყვით გამოსვლების დროს მაქსიმალურად ვეცადე, ჩამეტია და ყველაფერი დეტალურით მეთქვა იმ პრობლემების შესახებ, რაც ჩვენს ქვეყანას უდგას.
სტრასბურგში სიტყვით გამოსვლისას ვისაუბრე საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, იმაზე, რომ ის ბიძინა ივანიშვილის პირადი ტყვეა, იმაზე, რომ ივანიშვილი მიხეილ სააკაშვილს ვლადიმირ პუტინის საამებლად ციხეში წამებით კლავს, ვისაუბრე თავისუფალი მედიის პრობლემებზე, ნიკა გვარამიას პატიმრობაზე, რომელიც ასევე ბიძინა ივანიშვილის პატიმარია, ტელეკომპანია „ფორმულას“ მიმართ განხორციელებულ შეტევაზე და ასევე ვისაუბრე ჩვენს მხარდაჭერაზე უკრაინელი ხალხის მიმართ და იმაზე, რომ ჩვენი გმირი მებრძოლები უკრაინის მხარეს იბრძვიან ამ ომში და ისინი იცავენ არა მარტო უკრაინის, არამედ საქართველოს თავისუფლებასა და მშვიდობას.
ჩვენ შევხვდით კონგრესის გენერალურ მდივან მეთიუ მორს. მოგეხსენებათ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არის ევროპული სახალხო პარტიის წევრი და მისი წარმომადგენელი ამ კონგრესში გახლავთ ანდრეს კნაპე. ჩვენ ის ჩავაყენეთ საქმის კურსში ქვეყნაში მიმდინარე მოვლენებსა და აქ არსებულ სიტუაციაზე, ვესაუბრეთ მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და დაგვპირდნენ, რომ კიდევ განაგრძობენ ამ მიმართულებით მუშაობას, რათა გააკეთონ ყველაფერი, რაც მათ შესაძლებლობებში შედის.