- ორშაბათი, 23 დეკემბერი, 2024
2023-03-17 14:33:41
მიხეილ ხაჩიძე
მიხეილ სააკაშვილის შესახებ ვრცელი მასალა გერმანელი მკითხველისთვის ერთობლივად მოამზადეს ნინო ლოპესმა, კარლ ვიქტორ ვაქსმა და მიხეილ ხაჩიძემ.
ჟურნალისტებმა ექსკლუზიური ინტერვიუ „ქართული ოცნების“ ტყვეობაში მყოფი პრეზიდენტის დედისგან, გიული ალასანიასგანაც აიღეს. აღსანიშნავია, რომ BILD-მა მედიაჰოლდინგ „ქრონიკა+“-ის საინფორმაციო სააგენტო ჩ/ნეწს-თან თანამშრომლობით ინტერვიუში სააგენტოს ფოტოებიც გამოიყენა.
Bილდ-ის სტატიაში ნათქვამია, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, უკვე მოითხოვა სააკაშვილის განთავისუფლება.
ამასთან, როგორც ჟურნალისტი წერს, მიხეილ სააკაშვილი იყო პრეზიდენტი, რომელმაც საქართველო ევროპასთან დააახლოვა და თავისი ქვეყნის მომავალი დასავლეთს დაუკავშირა.
მასალაში ნათქვამია, რომ ადამიანი, რომელიც კავკასიაში დემოკრატიის შუქურად და პუტინის უდიდეს მტრად მიიჩნეოდა, ახლა ციხეშია. ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ სააკაშვილი ტირან პუტინის პირადი პატიმარია.
შეგახსენებთ, რომ ინტერვიუს ჩაწერა საქართველოს მესამე პრეზიდენტთან წერილობითი სახით მოხერხდა, რადგან ამ ეტაპისთვის ეს ერთადერთი საკომუნიკაციო საშუალებაა მასთან საურთიერთოდ.
ექსკლუზიური ინტერვიუ მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან:
_ ბატონო მიხეილ, თქვენ პუტინის მიმართ მკაცრი კრიტიკით გამოირჩეოდით. ფიქრობთ, რომ მისი დავალებით საქართველოს ხელისუფლების პატიმარი ხართ? თუ კი, რა არის ამის მტკიცებულება?
_ აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. პუტინმა თქვა, რომ კვერცხებით დამკიდებდა, მან და მედვედევმა რამდენჯერმე ისაუბრეს ჩემი გასამართლების შესახებ. მათ 2 მილიარდი დოლარი მისცეს ივანიშვილს საარჩევნო კამპანიის საწარმოებლად. პირველი საქმეები აღიძრა, როგორც კი ოდესის გუბერნატორი გავხდი და იქ რუსების ექსპანსია შევაჩერე. დღესდღეობით საქართველოს ფლობს რუსი ოლიგარქი და როგორც შუასაუკუნეობრივი ფეოდალი, ისე მართავს ქვეყანას.
_ უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება თქვენ საჯაროდ გკლავთ. რა გავლენას მოახდენს ეს საქართველოს მომავალზე?
_ ზელენსკისთვის, რომელსაც მე თანამედროვეობის ჩერჩილად მივიჩნევ, ეს მნიშვნელოვანი საკითხია. ჯერ ერთი, უკრაინის რეფორმათა საბჭოს მოქმედი თავმჯდომარე ვარ, ჩემი კაბინეტი უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, მისი კაბინეტის გვერდითაა. ჩემდამი მოპყრობით პუტინი სიგნალს უგზავნის ზელენსკის, თუ რა ელის მას დაუმორჩილებლობისა და გამბედაობისთვის. საქართველოსთვის ჩემი მკვლელობა ქართული დემოკრატიისა და სუვერენიტეტის დასასრული იქნება. ხანდახან მგონია, რომ მოქმედ ხელისუფლებას სამოქალაქო ომის გამოწვევა უნდა, რადგან ფიქრობს, რომ ასე შეინარჩუნებს ხელისუფლებას.
_ თქვენი მხარდამჭერები ამბობენ, რომ რუსეთის დავალებით ივანიშვილის პირადი პატიმარი ხართ. რას მოუტანს მას თქვენი ტყვეობა?
_ ივანიშვილი ჭიპლარით არის მიბმული რუსეთზე. მას მოსწონს რუსული პოლიტიკური სისტემა. ამავე დროს, ის და მისი მარიონეტები ერთხმად აღიარებენ ივანიშვილის მესიჯით, რომ მე დასავლეთმა შემომაგზავნა მის დასამხობად, რაც სრული სისულელეა. ივანიშვილს ძალიან არ მოსწონს ჩემდამი სიმპათიის დიდი ტალღა დასავლეთში. ამას გარდა, ის პუტინს წყნარად აბარებს საქართველოს, მაგრამ ჩემზე გამახვილებულმა ყურადღებამ მათი გეგმა ჩაშალა. არ სურთ, რომ უკრაინაში დავბრუნდე და ზელენსკის დავეხმარო.
პუტინმა თქვა, რომ მაწამებდა. მარია ზახაროვამ ბაიდენის კიევში ვიზიტის საპასუხოდ საკუთარი პირით თქვა, რომ ჩემი პატიმრობა და მძიმე მდგომარეობა რუსეთის გამარჯვებაა.
_ „თუ სააკაშვილი ციხეში მოკვდება, მოკვდება საქართველოს ევროპული პერსპექტივაც“, _ ამ სიტყვების ავტორი რადოსლავ სიკორსკია. არის თუ არა დამოკიდებული საქართველოს ევროატლანტიკური მომავალი იმაზე, თუ როგორ განვითარდება მოვლენები თქვენთან დაკავშირებით?
_ ევროპული პერსპექტივა არ მოკვდება, მაგრამ ჩემი სიკვდილი რეალურად გამოიწვევს დიდ არეულობას საქართველოში.
_ რამდენად შორს წავა საქართველოს ხელისუფლება? შეუძლიათ, რეალურად გარისკონ და თქვენი სიკვდილი დაუშვან?
_ როცა კიევიდან წამოვედი, 120 კილო ვიყავი, დღეს ვარ, დაახლოებით, 65, მთელ სხეულში საშინელი ტკივილები მაქვს. ბოლომდე ლოგინად ვარ ჩავარდნილი, ხშირად ვკარგავ გონებას. ბევრს უკვირს, თუ როგორ ვარ ჯერ კიდევ ცოცხალი, იმის გათვალისწინებით, რომ თავის ტვინიც დაზიანებული მაქვს. „მრტ 1-ის“ კვლევის საფუძველზე ჩემი სიმპტომების უმეტესობა მოდის მძიმე მეტალებით მოწამვლისგან. საქართველოში არცერთ ლაბორატორიას არ აქვს ლიცენზია, ამიტომ დიაგნოზის დასმა და, მით უმეტეს, მკურნალობა, შეუძლებელია. პოლონეთის მთავრობამ ჩემ განსაკურნებლად მომიმზადა კლინიკა, თუმცა ასევე ვუშვებ ჩარიტეში წასვლას, სადაც ნავალნის უმკურნალეს.
_ რა არის თქვენი გზავნილი გერმანიისადმი?
_ გერმანია ჩემთვის ასოცირებულია სამართლიანობასთან. პირველ რიგში, ჩემი ბოლო საღამო ევროპაში გავატარე ფრანკფურტის ოპერის სახურავის რესტორანში ჩემს გერმანელ დეპუტატ მეგობრებთან ერთად. იმედია, კანცლერი შოლცი, მინისტრი ბერბოკი არ დაუშვებენ შუასაუკუნეობრივი მეთოდით წამებით სიკვდილს ყველას თვალწინ. საერთოდ, მინდა ვკითხო კანცლერ შოლცს, _ ნორმალურად მიგაჩნიათ, რომ ევროპაში არსებობს ქვეყანა, რომელსაც არაფორმალურად აკონტროლებს ოლიგარქი? ქვეყის უშიშროების აპარატი სრულიად ოლიგარქის კონტროლქვეშაა, პროკურატურა და სასამართლო რუსეთთან სასიცოცხლო ხაზებითაა დაკავშირებული.
_ რას ფიქრობთ, რატომ არ გიწყალებთ საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტი?
_ მას, მინიმუმ, შეუძლია სასჯელის აღსრულების გადავადება, ამიტომ მისი არგუმენტი, რომ ზოგიერთ საქმეებზე განაჩენი არ დამდგარა და ამიტომ ვერ მიწყალებს, საფუძველს მოკლებულია.
Bილდ-ი ასევე ესაუბრა მიხეილ სააკაშვილის დედას, გიული ალასანიას:
_ ქალბატონო გიული, როგორ არის თქვენი შვილი? შიშობთ, რომ მის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება?
_ ჩემი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა. უცხოელი ექიმების აზრით, მათ შორის გერმანელების, მას აქვს დაზიანებული თავის ტვინი და შემცირებული აქვს თეთრი ნივთიერება, იმის გამო, რომ ის მოწამლეს ციხეში და მის სხეულში არის მძიმე მეტალები: ვერცხლისწყალი, დარიშხანი და ზოგიერთი სხვა. ის ძალიან სუსტად არის. თვეების მანძილზე მას აქვს მაღალი სიცხე, კუნთები საერთოდ გაუქრა, აქვს მყესებისა და სახსრების გაუსაძლისი ტკივილები. თუ მას არ ჩაუტარდა სასწრაფო დეტოქსიკაცია, ფატალური დასასრული გარდაუვალია.
_ რამდენად ხშირად გაქვთ უფლება, ნახოთ თქვენი შვილი და რა მიგაქვთ ყოველთვის მისთვის?
_ დღეში ორჯერ მაქვს მისი ნახვის უფლება, მაგრამ ეს მხოლოდ იმიტომ, რომ მე მიმაქვს მასთან საჭმელი. მას შემდეგ, რაც აღმოჩნდა, რომ ის ციხეში მოწამლეს, ვითომ უსაფრთხოების მიზნით საჭმელი მხოლოდ მე შემაქვს.
_ აღგვიწერეთ, როგორია დედა-შვილის შეხვედრა ციხეში და რაზე საუბრობთ ხოლმე?
_ ძირითადად ვლაპარაკობთ უკრაინაზე, იქ მიმდინარე ომსა და პერსპექტივებზე. ყველა თემაზე საუბარი, სამწუხაროდ, შეუძლებელია, რადგან მუდმივად თვალთვალისა და მოსმენების ქვეშ ვართ, რაც ნებისმიერ მომენტში შეიძლება გამოაქვეყნონ. ეს უკვე არაერთხელ მოხდა.
_ როგორ ფიქრობთ, თქვენი შვილი უსამართლოდ ზის ციხეში?
_ ჩემი შვილი, საყოველთაო აზრით, არის პუტინის პატიმარი, ციხეში ზის შეთითხნილი საქმეებით, რაც ყველასთვის მიუღებელია. რუსეთისა და საქართველოს გარდა, წლების მანძილზე, ის თავისუფლად გადაადგილდებოდა მთელ მსოფლიოში.
_ თქვენც გაკონტროლებენ, გითვალთვალებენ, განიცდით ბულინგს?
_ ბუნებრივია, მაკონტროლებენ, მითვალთვალებენ, მისმენენ მეც და ოჯახის წევრებსაც. თუმცა ეს ამჟამად ნაკლებად მაწუხებს, ჩემთვის წინა პლანზე ჩემი შვილის სიცოცხლის გადარჩენაა.
_ როგორი იქნება თქვენი შვილის მომავალი თავისუფლების შემდეგ?
_ ვფიქრობ, მისი მომავალი ცხოვრება დაკავშირებული იქნება უკრაინასთან და მის აღდგენასთან.
როგორც „ქრონიკა+“-ისთვისაა ცნობილი, გერმანული გამოცემა Bილდ-ი სააკაშვილის თემის გაგრძელებაზე კიდევ ერთ ექსკლუზიურ მასალას ამზადებს. მას შემდეგ, რაც სტატია გერმანული მკითხველისთვის მზად იქნება, მას მდიაჰონდინგი „ქრონიკა+“-იც შემოგთავაზებთ.