- ორშაბათი, 23 დეკემბერი, 2024
2023-03-17 14:32:14
გიორგი საკარული
„როდესაც სამუშაოდ ვჯდები, ყველაფერი ცარიელდება და მარტო მე ვარ. თითქოს ხელებით ვგრძნობ სივრცეს, რომელთან „შეხებაც“ მიჭირს, მაგრამ მაინც ვაკეთებ და ვძერწავ. ეს არის რაღაცნაირი უცნაური, მისტიკური, ჯადოსნური სამყარო, რომელიც ამ თოჯინებს გარს ახვევია“, _ ამბობს „ქრონიკა+“-თან ბაჩო ცანავა.
ბაჩო ცანავა არის თოჯინების ოსტატი, საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი და თბილისის თოჯინებისა და სათამაშოების მუზეუმის ინსტრუქტორი და გიდი.
მისი თოჯინა „არლეკინი საყვირით“ შეტანილია საქართველოს ხელოვნების სასახლის კატალოგში. მისი „პიერო – შეწყვეტილი სიმღერა“ _ ინახება თბილისის თოჯინებისა და სათამაშოების მუზეუმში, ასევე შეტანილია მუზეუმის კატალოგში. თოჯინა „ჩემი ბებია“ ბათუმის მუზეუმშია. ბაჩო ცანავას თოჯინები ასევე ინახება კერძო კოლექციებში საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. მას ჰქონდა სამი პერსონალური გამოფენა: 2010 წელს ქუთაისის თოჯინების თეატრში, 2012 წელს – საქართველოს ხელოვნების სასახლეში და 2019 წელს – საქართველოს მხატვართა კავშირში.
_ ბაჩო, რა ასაკიდან დაიწყეთ თოჯინების კეთება?
_ მე ვარ 35 წლის. თოჯინების კეთების ხელოვნებამ კი ძალიან დიდი ხნის წინათ გამიტაცა, დაახლოებით, 14-15 წლის ვიყავი, როცა თოჯინების კეთება დავიწყე. თავდაპირველად პლასტილინისგან ვძერწავდი სხვადასხვა ფიგურას. მათ არ ჰქონდათ სახეები, მაგრამ იმდენად დინამიკურები იყვნენ, რომ მნახველთა დიდი ინტერესი დაიმსახურეს. სწორედ ბევრმა შექებამ და წარმატების სურვილმა მიბიძგა იმისკენ, რომ თავდაუზოგავად მემუშავა. ჩემი ნამუშევრები დროთა განმავლობაში იხვეწებოდა, გაჩნდა სახე, ემოცია, რაც დღემდე მოჰყვება მათ. ეს არის უცვლელი.
_ ე. ი. ბავშვმა სრულიად დამოუკიდებლად დაიწყეთ ძერწვა. როგორ განვითარდით?
_ წარსულზე დაკვირვებით, საკუთარ თავზე მუშაობით. თავდაპირველად თოჯინების კეთების ინსპირაცია იყო ძველებური ფაიფურის ფიგურები, რომლებსაც პლასტილინით ვაწყობდი. საერთოდ, მიყვარს ძველი ეპოქა, XVII-XVIII საუკუნის ჩაცმულობა, რასაც ხშირად ვიყენებდი ჩემს ნამუშევრებში და დღემდე ასეა. ვფიქრობ, ეს სტილი თოჯინას ძალიან უხდება, რაც მარტივად შესასრულებელია.
_ თიხაზე მუშაობისას, ძირითადად, ადამიანებს ქმნიდით?
_ მხოლოდ ერთადერთხელ ძაღლი გავაკეთე, დანარჩენი ყოველთვის არიან ადამიანები, ძირითადად, ქალბატონები.
_ გახსოვთ, რამდენი თოჯინა გაქვთ შექმნილი?
_ ალბათ, 2000-ზე მეტი. ბევრი ნამუშევარი სხვადასხვა მუზეუმში, კოლექციაში ინახება. სხვათა შორის, თავდაპირველად მიჭირდა ნამუშევრის გასხვისება და როდესაც იტალიაში ვსწავლობდი, ჩემმა ხელმძღვანელმა, რაიტანო ბერნარდომ, მითხრა: „მიეცი ნამუშევარს მოგზაურობის უფლება, ეს მას სჭირდება და ეს შენც გჭირდება, რადგან როდესაც დაინახავ ცარიელ თაროებს, გაგიჩნდება სურვილი, რომ ისევ შეავსო“. ეს მართლაც ასეა. თუმცა არის პერიოდები, როდესაც არაფრის გაკეთება არ მინდა, ძირითადად ჩემი გამოფენების შემდეგ. მაგალითად, 2012 წელს, როდესაც ხელოვნების სასახლეში მასშტაბური გამოფენა მქონდა და 30 ნამუშევარი იყო წარმოდგენილი, მას მერე არაფერი გამიკეთებია დაახლოებით ერთი წელი და მეტიც. სულ მეუბნებოდნენ, ალბათ, არ ფიქრობ, არ კითხულობ, არაფერს აკეთებ, ჭაობად იქცევი, ეს ერთი გამოფენა არასაკმარისიაო. მერე ვნერვიულობდი, მართლა ასე ხომ არ ხდება? იქნებ, მარტო ეს იყო და მორჩა? მეტს ვერ გავაკეთებ? მაგრამ ასე არ არის, რადგან დავფიქრდი და მივხვდი, რომ ეს არის სივრცე, რომელიც იცლება და შემდეგ მას ემოციებით ავსებ. ემოციის გარეშე ვერაფერს გააკეთებ. ხდება ხოლმე, რომ გამეღვიძება შუაღამეს, იდეას ჩავუჯდები და ვაკეთებ. როდესაც იდეა იბადება, ბევრს ფიქრობ, რომ ნამუშევარი ააწყო. გარს ვუვლი ხოლმე სამუშაო მაგიდას, თითქოს რაღაცის მეშინია, თითქოს სანამ მასალას შევეხები, ვცდილობ, დრო გავიყვანო. არ ვიცი, ეს რატომ ხდება, მაგრამ მერე, როდესაც სამუშაოდ ვჯდები, ყველაფერი ცარიელდება და მარტო მე ვარ. თითქოს ხელებით ვგრძნობ სივრცეს, რომელთან „შეხებაც“ მიჭირს, მაგრამ მაინც ვაკეთებ და ვძერწავ. ეს არის რაღაცნაირი უცნაური, მისტიკური, ჯადოსნური სამყარო, რომელიც ამ თოჯინებს გარს ახვევია. ამ სამყაროს ყველა თავისებურად და ინდივიდუალურად გრძნობს.
_ თქვით, რომ ინსპირაცია ფაიფურის თოჯინები იყო. ამაზე უფრო დაწვრილებით რომ მოგვიყვეთ.
_ მე თვითნასწავლი მეთოჯინე ვარ, ეს არის თვითნაბადი ნიჭი. თავდაპირველად ანტიკვარული ფაიფურის ფიგურები იყო ინსპირაციის წყარო, შემდეგ კი განვითარება ჰპოვა ყველაფერმა, მქონდა გავლენაც, მაგრამ ხელოვნებაში სხვისი გავლენა ჩვეულებრივი რეალობაა, აუცილებელიცაა, როცა სწავლობ წარსულ გამოცდილებებზე და შენსას, ინდივიდუალურ ხედვას აყალიბებ. არასდროს არავისგან არც მომიპარავს და არც ამიღია რამე, მაგრამ ქუჩიდან კი „მომიპარავს“. როდესაც ქუჩაში მივდივარ და ადამიანებს ვუყურებ, ვაკვირდები, ხან ხასიათს ვიპარავ, ხან ტუჩის ნაკვთს, ხან სახის სხვა ნაკვთს, გამომეტყველებას, მოძრაობას. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თოჯინა რამდენად დინამიკური და მეტყველია, რადგან დახლზე დამჯდარი ლამაზი თოჯინა არაფერს ნიშნავს. ამიტომ ჩემი ნამუშევრები ყოველთვის იქმნება ფიქრით, ემოციებით და არა _ მექანიკურად. ისინი რაღაცას ამბობენ, გადმოსცემენ. შინაგანი ენერგია გადმოდის ნამუშევარში, საძერწი მასალა ხელიდან იღებს მუხტს. შემდეგ უკვე ხელის გულს რომ გაშლი, გიყურებს ის პერსონაჟი, რომელიც, სადღაც, ქვეცნობიერში იყო. თუ დააკვირდებით, მეთოჯინეების გამოფენებზე ნამუშევრები ყოველთვის ჰგვანან ავტორებს. ასევეა ჩემიც. მიუხედავად იმისა, რომ ვერასდროს ვამსგავსებ საკუთარ თავს ჩემს ქმნილებებს, ყოველთვის მეუბნებიან, რომ შენი ნამუშევრები შენ გგვანანო.
_ დაგიწყიათ თოჯინის მომზადება ისე, რომ არ იცოდით, ვის ძერწავდით და ბოლოს დაგირქმევიათ სახელი?
_ როგორ არა. ბევრჯერ ყოფილა ასეთი შემთხვევა. უბრალოდ, დავჯექი, გავაკეთე რაღაც… შემდეგ უკვე მასალამ წამიყვანა და მივედი იმ რაღაც კონდიციამდე, რომელიც ძალიან საინტერესო იყო. ყოფილა ისეთი შემთხვევები, რომ კედლისთვისაც მიმიხეთქებია ეს დაუსრულებელი მასალა, ხელით მომიჭმუჭნავს, დამიზიანებია გაბრაზებულს, რაც მუშაობის დროს ხდება ხოლმე. შექმნის პროცესში კონცენტრირებული ვარ მხოლოდ საქმეზე და ირგვლივ ვერაფერს ვხედავ. ხანდახან ოფლიც კი მომდის მუშაობისგან. ბევრს ჰგონია, რომ ეს არაფერია, დაჯდები და გააკეთებ, მაგრამ საკმაოდ რთული და ბევრად სათუთი სამუშაოა. სხვათა შორის, ყოველთვის ვამბობ, რომ თოჯინების კეთება მოიცავს ხელოვნების სხვადასხვა დარგს. მაგალითად, ერთი თოჯინა რომ გააკეთო, უნდა იყო მოქანდაკე, მხატვარი, დალაქი, მეწაღე, ანუ ყველაფრის ცოდნა გჭირდება. წინდის შეკერვა ან მოქსოვაც უნდა იცოდე. წარმოიდგინეთ, რამდენ რამეს ითავსებს ერთი პატარა ხელობა. ადრე ფიქრობდნენ, რომ თოჯინა მხოლოდ ბავშვის გასართობი საგანი იყო, მაგრამ დღეს უკვე თოჯინების კეთება ხელოვნების მაღალ მწვერვალზეა ასული და საკმაოდ საინტერესო სფეროა პოზიციონირებისთვის. მეთოჯინეობის მიმართ როგორც საზღვარგარეთ, ასევე საქართველოში, ძალიან დიდი დაინტერესებაა.
_ როგორი დამოკიდებულება გაქვთ თქვენი თოჯინების მიმართ?
_ ეს არის ჩემი ყველაზე ინტიმური გარემო, სადაც ვარ მხოლოდ მე და ჩემი ნამუშევრები, ფიქრები, ემოციები. ვერ ვიტყვი, ისტერიული დამოკიდებულება მაქვს ნამუშევარზე, რომ რამე არ დაემართოს-მეთქი, მაგრამ არც აგდებული დამოკიდბეულება მაქვს, რაღაც უცნაური თანხვედრაა ჩვენ შორის. მინახავს ზოგიერთი მხატვარი, ისტერიკაში ვარდება, როცა მის თოჯინას ხელს ჰკიდებენ. მე პირიქით ვარ, როდესაც დამთვალიერებელი მოდის, სულ ვცდილობ, ხელითაც შეიგრძნოს და დაიჭიროს, იმიტომ, რომ მიყვარს, როდესაც ნამუშევარს ხელით ვეხები, შევიგრძნობ. ანუ ჩემთვის ხელები არის როგორც თვალები, თოთქოს 4 თვალი მაქვს, _ 2 თვალი და 2 ხელი.
_ თქვენი ნამუშევრები ძალიან ნამდვილია. ხატვა თუ იცით?
_ ხატვით ისე ვერ ვხატავ, როგორც უნდა ვხატავდე, მაგრამ მეტ-ნაკლებად ვიცი. მინდოდა აკადემიაში ჩაბარება, მაგრამ არ გამომივიდა. სხვათა შორის, არ მიყვარს, როდესაც რაღაცას მასწავლიან. მირჩევნია, ჩემით დავჯდე, ვისწავლო, ბევრჯერ გავაფუჭო მასალა, მაგრამ შედეგამდე თვითონ მივიდე. ეს ძალიან ცუდია, მაგრამ რაღაც საკუთარი თავის წვალება უფრო მიყვარს. ხშირად ვიკეტები ხოლმე იმ სამყაროში, რომელიც მხოლოდ ჩემია. ეს გაქმნევინებს ამ ნამუშევრებს, ეს მოწყვეტა, თორემ თუ ძალიან მყარად დგახარ მიწაზე იმ მომეტში, ვერაფერს გააკეთებ. ოტია იოსელიანს აქვს ნათქვამი, _ როცა ჩიბუხს ვეწევი და სახლი კვამლით გაიბოლება, იმ კვამლიდან პერსონაჟები გამოდიანო, რაღაც ასეთი ქაოსია ჩემშიც. მე იოსელიანს ვერ შევედრები, რა თქმა უნდა, უბრალოდ, რაღაც უცანურად მოდიან პერსონაჟები ჩემთან.
_ ესაუბრებით მათ?
_ სადმე რომ მივდივარ დასასვენებლად, ძალიან მიჭირს ადგილის შეცვლა, ყოველთვის ჩემს სივრცესთან ვარ მიჯაჭვული. როცა ვბრუნდები, რაღაცნაირად ვგრძნობ თავს. ვესალმები ხოლმე, ჩემიანები არიან, რომლებიც მხოლოდ ჩემია. მაგრამ ისინი, რომლებიც სხვისია, სხვის ემოციებსაც ითვისებენ. თოჯინები მისტიკური არსებები არიან. დროთა განმავლობაში იცვლებოდა თოჯინების შექმნის ისტორიები. თავიდან იყო სარიტუალო ნამუშევარი, შემდეგ ბავშვის გასართობი, დღეს უკვე ხელოვნების ნიმუშია.
_ თქვენთვის?
_ ჩემთვის შვილებივით არიან. ამაზე მეტი რა შეიძლება, იყოს.
_ სახეებიდან, რომლებიც შეგიქმნიათ, რომელს გამოარჩევდით?
_ კონკრეტული სახეები ბევრი მაქვს გაკეთებული: ნანი ბრეგვაძე, ლაშა ტალახაძე, ანრი ჯოხაძე, ფუფალა, რომელიც ერთ-ერთი უსაყვარლესი ნამუშევარია ჩემთვის. გიორგი ლეონიძის „ნატვრის ხის“ პერსონაჟი, სოფიკოს გმირი ხომ საოცრებაა და ვცდილობდი, დამეჭირა ეს ნიუანსები, მაგრამ მთლად ის არ ყოფილიყო, რაც რეჟისორს ჰქონდა ჩაფიქრებული. ამას ვერ გავექეცი, მაგრამ მაინც ჩემი ხასიათიც აქვს, ალბათ, ასე ამბობენ. ახლა ვაკეთებდი ერთ ნამუშევარს, შეკვეთა იყო და სამჯერ დავშალე, არ გამომივიდა და მეოთხედ, ხელში რომ მეჭირა, მოვუჭირე და როცა გავხსენი ხელი, ამ დაკუჭული მასალიდან იმდენად საინტერესო სახე მიყურებდა, მაშინვე გამოვწვი და ავაწყვე. ერთ-ერთი ყველაზე სახასიათო ნამუშევარია, რომელიც პირად კოლექციაში მაქვს. პირად კოლექციაში სულ რამდენიმე ნამუშევარი მაქვს, რომელსაც, ალბათ, ვერასდროს შეველევი.
_ პირადი კოლექციის თოჯინები რით არის გამორჩეული?
_ ალბათ ადამიანებთან კავშირით, იმ პერიოდთან, როდესაც ძალიან ბედნიერი ვიყავი ან პირიქით, იმ დროს შეიქმნა და იმ პერიოდს მახსენებს. ზოდიაქოთი კირჩხიბი ვარ და ცოტა ნოსტალგიური, მისტიკური, საკუთარი გვემისკენ მიდრეკილი. შეიძლება, ვინახავდე იმ ნივთს, რომელიც კარგს არაფერს მახსენებს, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანია.
_ რა დრო გჭირდებათ თითო თოჯინის შესაქმნელად და რა მასალით მუშაობთ?
_ ეს არის პოლიმერიული თიხა, რომელიც დეტალურად იძერწება… შემდეგ გამოვწვავ და ვაწყობ. ტანსაცმელი, თმა, მოხატვა, ყველაფერი ხელით კეთდება, არასდროს ვიყენებ ყალიბს. ეს უნდა იყოს ინდივიდუალური, ხელით ნამუშევარი. დრო ხასიათზეა დამოკიდებული. ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ ერთ დღეშიც გამიკეთებია ისეთი ნამუშევარი, რომელსაც ხშირად ერთი თვე ვუნდები ხოლმე, იმიტომ რომ, როდესაც ჩემი წარმოსახვის ნაწილია პერსონაჟი, უცნაური მოტივაცია მიჩნდება, თითქოს რაღაც არ მასვენებს, რაღაც მიხარია, ბედნიერი ვარ, რომ უნდა გავაკეთო ქმნილება. ეს ერთ-ერთი შემოსავლის წყაროა ხელოვნების სხვადასხვა წარმომადგენლისთვის. ხშირად, როცა შეკვეთაა, რომელიც არ მომწონს, ამ დროს ცოტა ვზოზინებ ხოლმე, მაგრამ არის ისეთებიც, რომლებიც მე თვითონაც ძალიან მაინტერესებს და ერთი ამოსუნთქვით ვაკეთებ. რა თქმა უნდა, ტემპი ხარისხზე არ მოქმედებს, უბრალოდ, დრო მეწელება ხოლმე. ხანდახან ერთი ამოსუნთქვით ვაკეთებ, ხანდახან კი ვზოზინებ და დროს ვწელავ.
_ ადამიანის სამყაროში შედიხართ, რომ ის შეიგრძნოთ და გადმოსცეთ…
_ პორტრეტულ თოჯინებზე არის ძალიან დიდი მოთხოვნა, მაგრამ როდესაც ფოტოს მიხედვით ვაკეთებ ხოლმე, მე ის უნდა აღვიქვა, გამოვა თოჯინაში თუ _ ვერა. თუ ვერ გამოვა, მაშინვე ვეუბნები შემკვეთს. ხშირად სწყინთ. ადამიანს, რომელიც თანხას გიხდის, ვერ მოატყუებ. ერთმა ქალბატონმა, რომელსაც ვუთხარი, რომ არ გამოვიდოდა, ეწყინა, _ არც ისეთი ლამაზი ვარ, თოჯინაში არ გამოვიდეო? ვუთხარი, რომ ეს არაფერ შუაშია, უბრალოდ, ვერ დაგამსგავსებ, რადგან ნაკვთი, ტიპაჟი უნდა აღვიქვა-მეთქი. ასე რომ ვაკეთებდე, პირველ რიგში, ჩემი ოჯახის წვერების თოჯინებს გავაკეთებდი ძალიან ბევრს.
_ არის პერსონაჟი, რომელიც გინდათ, რომ შექმნათ?
_ ეკატერინე ჭავჭავაძის დიდი ზომის თოჯინა მინდა ძალიან გავაკეთო, რომელიც ჩემთვის საინტერესოა თავისი ხასიათით. იმ ცნობილი პორტრეტის (რომელიც საფრანგეთიდან გამოაგზავნა და დადიანების სასახლეში კიდია) მიხედვით მინდა გავაკეთო, მაგრამ, რატომღაც, ვერ დავიწყე. ალბათ რაღაც დრო და პერიოდი მჭირდება.
მაგრამ სულ ახლახან გავაკეთე სისის პორტრეტი. ეს არის, ასე ვთქვათ, თოჯინა, რომელიც ერთი მეტრის სიმაღლისაა. ძალიან დახვეწილი ნამუშევარი გამოვიდა. სისის პორტრეტის მიხედვით გავაკეთე, თუმცა ჩემებურად მაინც შევცვალე და დეტალები დავამატე.
_ გარდა თოჯინების კეთებისა, სხვა რამით თუ ხართ დაკავებული?
_ ამის გარდა თბილისის ხელოვნების მუზეუმების გაერთიანების თოჯინების, სათამაშოების მუზეუმის თანამშრომელი ვარ. ხელოვნების სახლში ბავშვებს და არა მარტო მათ ვასწავლი თოჯინების ხელოვნებას.
_ ნიჭიერი თაობა მოდის?
_ კი, ბევრია, რომელიც ძალიან კარგ თოჯინას აკეთებს. ჩემს დროს არ იყვნენ მეთოჯინეები, ერთადერთი იყო ნანა ბედიაშვილი. ბევრი იბრალებს, მაგრამ ეს ასე არ არის. ვინც რამეს გააკეთებს, ყველას მეთოჯინე არ ჰქვია. დრო ყველას თავის სახელს დაარქმევს.
_ მთელი თქვენი ცხოვრება შემოიფარგლება თოჯინებით… გინანიათ?
_ არ მინანია არასდროს, პირიქით, სულ იმას ვნანობ, რომ პირადი ან საჯარო ცხოვრებით ბევრ რამეს ვაკლებ თოჯინებს. თუნდაც ბევრი შეკვეთით, რომელიც უამრავ დროს მართმევს, რომ დავჯდე, ვიმუშაო და გავაკეთო საინტერესო გამოფენა.
_ შექმნის შემდეგ კოსტიუმირებასაც თქვენ აკეთებთ?
_ ყველაფერს, თითოეულ დეტალს. ხშირად მეკითხებიან, შენ თვითონ აცმევო? კი, ყველაფერს მე ვაკეთებ. არის ისეთი შემთხვევები, რომ ვიღაცები აკეთებენ თოჯინებს და აცმევს სხვა, სადგამს აკეთებს სხვა და ა. შ. მე ყოველთვის ჩემი ხელით ვაკეთებ ყველაფერს. მიმაჩნია, რომ თუ სხვა ჩაერევა შემოქმედებით პროცესში, ქმნილება ბოლომდე შენი აღარ იქნება.
_ შეგშინებიათ საკუთარი თოჯინის?
_ არასდროს. ისე, ხშირად გამიგია, მაგალითად, ფეისბუქგვერდზე, რომ უთქვამთ, შემაშინა შენმა თოჯინამ, მკვდარ ადამიანს ჰგავსო და ა. შ. ამას ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება ასეთი რაღაც, არ ვიცი, თოჯინების ფობიას რა ჰქვია, როგორც მე ფრინველების მეშინია. ყველას სხვადასხვა ფობია აქვს. ადამიანების უფრო მეტად შემშინებია, ვიდრე _ თოჯინების. ზემოთაც ვთქვი, თოჯინები მისტიკური არსებები არიან-მეთქი. მაგალითად, საქართველოში თოჯინას სარიტუალო დანიშნულება ჰქონდა ეს იყო ქართული ეთნოგრაფიული დედოფალას ტიპაჟი ორი ჯოხისგან, ღილისგან და ქსოვილის ნაგლეჯისგან გაკეთებული. როდესაც ოჯახში ვიღაც გახდებოდა ავად, სასთუმალთან დააბრძანებდნენ, ხილსა და ტკბილეულს მიართმევდნენ, პატივს სცემდნენ და სჯეროდათ, რომ ის ავადმყოფს გამოჯანმრთელებაში ეხმარებოდა. იაპონიაში დღემდე არის ასეთი რიტუალი: თოჯინას ჩასვამენ ნავში და მდინარეს გაატანენ, როდესაც ამ თოჯინას მდინარე წაიღებს, ადამინებს დღემდე სჯერათ, რომ მას ავი სულები და ავადმყოფობა თან გაჰყვება. ამ რიტუალს ჰქვია ჰინანაგაშიმა, ანუ თოჯინის მდინარისთვის მიცემა. როდესაც საქართველოში სოფლად წვიმა არ მოვიდოდა, სოფლის ქალბატონები დედოფალას გააკეთებდნენ და სოფელს გარს შემოატარებდნენ. ასეთი შეძახილი ჰქონდათ: აღარ გვინდა გურუხი, ღმერთო, მოგვეც ტალახი. თოჯინას ან მდინარეში გადააგდებნენ, ან წყალს დაასხამდნენ. მათ სჯეროდათ, რომ წვიმა მოვიდოდა და ხეხილი გაიხარებდა. ეს ყველაფერი შეიძლება მართლა სრულდებოდა. ალბათ, თოჯინის საკულტო დანიშნულებიდან მოდის განწყობაც მის მიმართ, რომ ზიგიერთში კეთილი სული ცხოვრობს და ზოგიერთში _ ბოროტი.
სხვათა შორის, უფრო მისტიკური სახეები აქვთ მე-18-19 საუკუნეებში გაკეთებულ ფაიფურის თოჯინებს, რომელთაც დღეს საკოლექციო და სამუზეუმო დანიშნულება აქვთ და ძალიან ძვირადღირებულები არიან. ალბათ მეტ-ნაკლებად მათ ჰქონდათ უცნაური სახეები.
თოჯინებს იყენებდნენ სამოდელო სახლებიც, შემდეგ უკვე ბავშვის გასართობ ინდუსტრიასაც ჩეყარა საფუძველი.
_ თქვენს ოჯახში ვინმე თუ იყო ამ ნიჭით დაჯილდოებული?
_ არავინ. უფრო ცეკვის ხაზით იყვნენ ჩემები. მაგალითად, ბიძაჩემი სუხიშვილებში ცეკვავდა. ძერწვასთან, ხატვასთან, სამსახიობო და ა. შ. ხელოვნებასთან ნაკლებად ჰქონდათ შეხება. მე ვიყავი პირველი. თავიდან დედ-მამა ხელს მიწყობდა, რომ თოჯინები მეკეთებინა, მაგრამ როცა უნივერსიტეტში ჩაბარებას ვაპირებდი, ამ საქმეს ცოტა გართობად აღიქვამდნენ, _ მაშინ არავის ეგონა, თოჯინების კეთებით თუ შეძლებდი ცხოვრებას. ეჭვის თვალით უყურებდნენ ამ პროფესიას. მაგრამ შემდეგ გამოფენებით და ჩემი წარმატებით მიხვდნენ, რომ ეს იყო ჩემი საქმე, რომელიც უნდა გამეგრძელებინა. არასდროს ყოფილა ჩემი კლასელებისგან ან ჯგუფელებისგან ჩემ მიმართ დაცინვა და ბულინგი, პირიქით, ყოველთვის აღფრთოვანებას იწვევდა მათში ჩემი საქმიანობა.