- სამშაბათი, 24 დეკემბერი, 2024
2023-02-27 09:10:45
გიგა გელხვიიძე
რამდენიმეთვიანი მწვავე, შიდაპარტიული დაპირისპირების შემდგომ „ნაციონალურ მოძრაობას“ დემოკრატიული, არჩევნების გზით არჩეული ახალი პარტიის თავმჯდომარე ჰყავს.
საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი ოთხი კანდიდატიდან: ლევან ხაბეიშვილი, ნიკა მელია, ნონა მამულაშვილი და გიორგი მუმლაძე,_ ენმ-ს ამომრჩეველმა ლევან ხაბეიშვილზე შეაჩერა არჩევანი. მას ამომრჩევლის უმეტესობამ, 52.58%-მა დაუჭირა მხარი, რაც ჯამურად 21.656 ხმას შეადგენს. რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, მათი შედეგები ასე გადანაწილდა: ნიკა მელია _ 40%, 16.476 ხმა; ნონა მამულაშვილი _ 3,73%, 1.537 ხმა; გიორგი მუმლაძე _ 3,68%, 1.516 ხმა.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდაპარტიული არჩევნების საკითხი საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობამ და ამის ფონზე არსებულმა პარტიის უმოქმედობამ დააყენა. პარტიის წარმომადგენლების ერთი ნაწილი აცხადებდა, რომ სააკაშვილის დაარსებული პარტია მის გადასარჩენად არაფერს აკეთებდა, რეალურად კი ამისთვის პარტიას შესაბამისი რესურსი ჰქონდა.
რაც შეეხება წინა თავმჯდომარეს, ნიკა მელიას, მას მთავარ ბრალად უყენებდნენ ათიათასობით ქუჩაში გამოსული მოქალაქის დაშლას და საპროტესტო მუხტის ჩაქრობას.
არჩევნების პერიოდში, გამოქვეყნდა გარკვეული აუდიო ჩანაწერებიც, რომლებიც მელიას წინააღმდეგ იყო მიმართული, რასაც დაპირისპირებულ ბანაკში მყოფი პირებისკენ თითის გაშვერა მოჰყვა. მოკლედ რომ ვთქვათ, ენმ, ფაქტობრივად, ახალ ცხოვრებას იწყებს და ამას მოწმობს ის თორმეტპუნქტიანი გეგმა, რომელიც პარტიის, მაშინ ჯერ კიდევ თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა საზოგადოებას წარუდგინა. ეს არის გეგმა, რომლის მიხედვითაც ის აპირებს, ციხიდან დაიხსნას მიხეილ სააკაშვილი და ქვეყნის მართვის სადავეები „ქართულ ოცნებას“ ხელიდან გამოგლიჯოს.
აღნიშნული გეგმა ასე გამოიყურება:
აღნიშნული პუნქტებიდან მე-7 და მე-12 უკვე შესრულებულია, რაც შეეხება სხვა დანარჩენს, შიდაპარტიულ არჩევნებში გამარჯვების დღიდან, ლევან ხაბეიშვილმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის განთავისუფლებასთან დაკავშირებით, აქტიური კამპანია წამოიწყო და პარტიის გუნდთან ერთად დაიწყო მუშაობა გეგმაზე, თუ როგორ შეიძლება, მმართველი პარტია აიძულონ, ქვეყნისთვის საჭირო ნაბიჯი გადადგას და მიხეილ სააკაშვილს საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება მისცეს, რათა მისი სიცოცხლე კლინიკა „ვივამედში“ ფატალურად არ დასრულდეს.
მასობრივი საპროტესტო მუხტი, აქციებით მოცული ქვეყანა, გადახალისებული რეგიონული ორგანიზაციები და მთავარი მიზანი _ „ქართული ოცნების“ ჩამოშორება რევოლუციური სცენარით _ როგორია პარტიის ახლად არჩეული თავმჯდომარის გეგმები? ამ და სხვა თემების შესახებ „ქრონიკა+“ ლევან ხაბეიშვილს ესაუბრა:
_ ლევან, რა ხდება ამ დროისთვის პარტიაში? როგორია მდგომარეობა? ვხედავთ, რომ გარკვეულწილად რყევები არსებობს, პოლიტსაბჭო დატოვონ პარტიის წარმომადგენლებმა.
_ პარტიაში მიმდინარეობს პროცესი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს „ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის გაძლიერება. დაკავებულები ვართ ლოჯისტიკის მოგვარებით, მიხეილ სააკაშვილის შტაბების აწყობით. შტაბები იქნება დედაქალაქში, ქუთაისში, სხვადასხვა ქალაქში. ჩვენ ვემზადებით სერიოზული მობილიზაციისთვის, რომ რუს ოლიგარქთან გავმართოთ უკომპრომისო ბრძოლა მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის. ენმ დიდი პარტიაა და ყოველთვის იქნება აზრთა სხვადასხვაობა, ამას რყევას დავარქმევთ თუ რაც არ უნდა დავარქვათ, ეს ინდივიდუალურია. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჩატარდა უპრეცედენტო არჩევნები, 50 000-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. იმდენმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, რამდენიც 3-4 პოლიტიკურ პარტიას ეყოფა საქართველოში. ასე რომ, ეს პროცესიც „ნაციონალური მოძრაობისთვის“ არის კარგის ნიშანი. განსხვავებები არსებობს და ეს არის ჩვეულებრივი ამბავი დემოკრატიულ პარტიებში. ჩვენ ვამკვიდრებთ კულტურას, რომ ხალხი წყვეტს ყველაფერს.
_ ხალხის ბრალდებებიც იყო გარკვეულწილად, ეს ეხება იმას, რომ აქციები არ დაიწყო უფრო ადრე. დღეს, რადგან პარტია უფრო გააქტიურდა, რას უნდა ველოდოთ ამ მცირე პროტესტებიდან და რა პროცესები იქნება შემდგომში?
_ ძალიან გასაგებად ვიტყვი: თქვენ რომ ტელეფონი და ჩამწერი აპარატი არ გქონდეთ, მე ვერ დამირეკავდით, ვერ ჩამწერდით და მერე საზოგადოებასაც ვერ მიაწვდიდით პროდუქტს. ასეა პარტიაში, _ როცა არ გაქვს ლოჯისტიკა და დისფუნქციურია პარტია, ამ დროს პრობლემაა მათ შორის მობილიზაციისაც კი. როცა კონტაქტი არ გაქვს და ნიჰილიზმშია ყველა, მათ შორის კონტაქტი გაწყვეტილია დედაქალაქში, რაიონულ ორგანიზაციებთან, ეს არის პრობლემა. ამიტომ გეტყვით, რომ პარტიაში მიმდინარეობს ინვენტარიზაცია. ჩვენ უნდა ვიცოდეთ რა შემადგენლობით გავდივართ ამ ბრძოლაში. ყველა აქტიური უნდა იყოს _ რეგიონებში, რაიონებში ქალაქებში. ყველა უნდა დავარწმუნოთ, რომ ქვეყანა არ გადავცეთ რუსეთს. ამ ყველაფერში ხალხს დარწმუნება სჭირდება. ამისთვის ვემზადებით და ერთი დღეც კი არ დამიხევია უკან. 3 თუ 4 დღეა, რაც ოფიციალურად პარტიის თავმჯდომარე ვარ. აქტიური მუშაობა გაგრძელდება ყოველდღიურ რეჟიმში. ჩვენ ვაპირებთ, ხალხთან ერთად მოვიტანოთ ცვლილებები, ეს იქნება მიშას თავისუფლება თუ ევროპული მომავლისკენ სწრაფვა.
_ 20 თებერვალს დაანონსდა მასშტაბური აქცია თბილისში. გავიხსენებ წინა აქციას, რომელიც ენმ-მ ჩაატარა, _ აქ შეიკრიბა ძალიან ბევრი ხალხი, თუმცა ეს აქცია როგორც დაიშალა, გვახსოვს. რა ბედი ეწევა 20 თებერვლის აქციას?
_ 20-თან დაკავშირებით მოგახსენებთ: მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში აქციებს ვმართავთ. დედაქალაქშიც იქნება აქცია. ჩვენ უნდა მოვემზადოთ, რომ შემდეგ კონკრეტული თარიღი იყოს გაცხადებული. ამ თარიღისთვისაც მომზადება გვჭირდება. მესმის, რომ ჩვენ გვიდა ხვალ, მაგრამ ხვალ რომ გაგვეკეთებინა, ეს 6 თვე დრო არ უნდა დაგვეკარგა და პარტია არ უნდა ყოფილიყო უმოქმედოდ. წარმოუდგენელია მართლა, 63 რაიონიდან 50-ში ოფისი რომ არ გაქვს, სად უნდა ელაპარაკო შენს აქტივისტს, შენს მხარდამჭერს? წარმოუდგენელია! მე ძალიან ბევრი რამ მაქვს გასაკეთებელი. 20 თებერვალი უკავშირდება ფეიგინის ინიციატივას მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში და იგივე დედაქალაქში. ეს არ იქნება აქცია დედაქალაქში, რაზედაც სერიოზულად გვაქვს სამუშაო. ამ მიმართულებით ვიმუშავებთ დღესაც, ხვალაც, 20-შიც _ ეს არ გაიწელება უსაშველოდ. ჩვენ ვპირდებით საზოგადოებასა მას. ჩვენ ვნახავთ, რა რესურსები გვაქვს რაიონებში, დედაქალაქში, როგორ უნდა მოვემზადოთ, როგორ დავარწმუნოთ ხალხი. ცხადია, საზოგადოებას ჩავაყენებ საქმის კურსში.
_ პარტია ბოიკოტის რეჟიმშია სხვა პარტიებთან ერთად. „ოცნებაში“ მაინც დამცინავი ტონით საუბრობენ, რადგან თქვენ არ დაგითმიათ მანდატები. ისინი ამბობენ, რომ თუ მანდატებს არ დათმობენ, ამ ბოიკოტს აზრი არ აქვსო. რას უპასუხებთ მათ?
_ ჩვენ საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებთ. „ოცნებას“ არ ვეკითხებით, როდის რას გავაკეთებთ, ჩვენ ვალდებულება გვაქვს ხალხისა და ამომრჩევლის წინაშე. ესენი რომ ვინმეს დასცინებენ. ზელენსკისაც დასცინოდნენ, უკრაინასაც, დასცინიან აშშ-ს, ევროპელებს, კუბილიუსს, „ოცნება“ საუბრობს მარგარიტა სიმონიანის, სალავიოვისა და პუტინის ენით. ესენი მარტო პუტინს, ლავროვსა და სიმონიანს არ დასცინიან. იმაზე უნდა ვინერვიულოთ, მაგათმა რომ არ დაგვცინონ?! რაც შეეხება ბოიკოტს, საპარლამენტო ცხოვრებაში რომ არ ვმონაწილეობთ, ეს ლოგიკურია. ჩვენ მაგათთან არც ვალი გვაქვს. პარლამენტში იმიტომ ვართ, რომ ჩვენ ხალხთან უნდა გვქონდეს ურთიერთობა. ჩვენ ოლიგარქები და ბიზნესმენები არ გვინახავენ და არ გვყავს. ჩვენ ვართ პარლამენტში იმიტომ, რომ ხალხთან გვქონდეს ურთიერთობა. თუ ეს უზრუნველყოფს მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლებას, მზად ვართ არა მარტო საპარლამენტო მანდატები, არამედ საკრებულოს მანდატებიც დავთმოთ. რიტორიკულად ვთქვი და მერე ათასი გარჩევა მოჰყვა ამას.
_ NDI-ს კვლევებს მინდა შევეხო: პარტიას აქვს უპრეცედენტოდ დაბალი რეიტინგი და ეს გასაკვირია. იმის კითხვა მინდა, რომ ის ამომრჩეველი, რომელიც განაწყენებულია, როგორ აპირებთ შემოიბრუნოთ?
_ თქვენ რომ აიღოთ NDI-ს კვლევები, ჩვენნაირ ქვეყანაში, სადაც სუს-ი, პოლიციური რეჟიმია და ხალხს ეშინია, რომ სამსახურიდან არ გააგდონ, ნათესავს რამე არ ჩაუდონ, მერე არ დააჯარიმონ ან მსგავსი რამე, ცოტა რთულია, აქ პოლიტიკური გემოვნება ვინმემ ღიად დააფიქსიროს. როცა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი კვლევებს აქვეყნებს ხოლმე, ენმ-ს 9-10 პროცენტზე მეტი არასდროს ჰქონია. ვიცით, რომ ენმ-მ მოიგო თვითმმართველობის არჩევნებში ბევრი ქალაქი, 48-49 პროცენტები ავიღეთ და პირველი ტურები მოვიგეთ, ზუგდიდში, რუსთავში, დედაქალაქში 35 თუ 37 პროცენტი იყო, მოვიგეთ სენაკში, წალენჯიხაში ხომ მოვიგეთ და მოვიგეთ. ეს ჩვეულებრივი ამბავია _ პოლიციური რეჟიმისას ტელეფონით გამოკითხვის დროს ადამიანები საკუთარ ნებას არ აფიქსირებენ. არავინ ამბობს, რომ პარტიაში პრობლემები არ იყო, პარტიაში პრობლემები იყო და ამიტომ ჩატარდა ეს უპრეცედენტო არჩევნები. ეს ცვლილებები საჭირო იყო, პარტიას პრობლემები ჰქონდა. დარწმუნებული ვარ, სწრაფად მოვაგვარებთ პრობლემებს.
_ როგორც მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე, როგორ შეაფასებთ კობახიძის განცხადებას, რომლითაც მან ცალსახად მხარი დაუჭირა რუსეთს?
_ კრემლის აგენტურა და მოღალატეები არიან დღეს ხელისუფლებაში. ეს სიტყვებიც ისე შეიჩვიეს, რომ მოღალატეები არიან, რუსები არიან და ჩვენც თითქოს რეაგირება არ უნდა გვქონდეს. ამიტომ ვამბობ, რომ ყველა ქალაქში ჩავალ და იქნება პროტესტი, მოვამზადებ ამ სახალხო პროტესტს. წარმოგიდგენიათ, რა ხდება?! _ უკვე ღიად ლაპარაკობენ, რომ რუსები არიან. მსოფლიოში რამდენი ქვეყანა მოიძებნება, ვინც ასე ლაპარაკობს? სირცხვილია მართლა, ამას ბელარუსიც კი არ აკეთებს. ბელარუსის პრეზიდენტიც კი ერიდება ასეთი განცხადებების გაკეთებას და ამ დროს აქ რა ხდება, მართლა, ყველაფერს კადრულობენ. ღიად გამოგვიცხადეს, რომ მხარს უჭერენ რუსეთს და მეტიც, გახარებულები არიან და სისულელეებს პროპაგანდირებენ, რომ აი, თურმე, რუსეთი უძლეველია. დარწმუნებული ვარ, სიკეთე ბოროტებაზე და მშვიდობა ომზე გაიმარჯვებს. ეს იქნება უკრაინის გამარჯვება და მთელი მსოფლიოს, ცივილიზებული სამყაროს გამარჯვება.
_ დღეს რომ გვერდიდან შევხედოთ, როგორ გამოიყურება საქართველო პოლიტიკურ ველზე?
_ ჩვენდა სამარცხვინოდ, ძალიან ცუდად. ეს არის ჩვენი ძალიან დიდი სირცხვილი. ჩვენ წარმოგვადგენს რუსი ოლიგარქი, მოღალატეობრივი რეჟიმი, კრემლის აგენტურა. დღეს ეს ხალხი ქართველ ხალხს წარმოადგენს და ეს არის ძალიან დიდი კატასტროფა, ისტორიული კატასტროფა. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ისტორიის ფურცლებზე არ დარჩეს ეს დიდ დამღად. უნდა ვიჩქაროთ, მოღალატეებს ჩამოვაშოროთ ხელისუფლება.
_ ევროკავშირის 12-პუნქტიან გეგმასთან დაკავშირებით, რამდენად შეძლო მმართველმა პარტიამ თავის გართმევა ამ დავალებისთვის?
_ არც უცდიათ და არც ინტერესი აქვთ, პირიქით, ყველაფერს აკეთებენ, რომ ეს 12-პუნქტიანი გეგმა არ შეასრულონ და არც სტატუსი მივიღოთ. ესენი მიზანმიმართულად აკეთებენ ამას. რომელი 12 პუნქტის შესრულებაზეა ლაპარაკი, როცა პრეზიდენტი სააკაშვილი ამ მდგომარეობაში ჰყავთ? როცა სტატუსის მიღებამდე რამდენიმე კვირით ადრე მთავარი ოპოზიციური მედიის გენერალური დირექტორი დააკავეს? ეს არის მიზანმიმართული ბოროტება ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. არ ჰქონდეს ვინმეს ილუზია, რომ ესენი რამის შესრულებას ცდილობენ. ბიძინა ივანიშვილია საქართველოსა და ევროპას შორის კარში ჩაჩხერილი, ამიტომ ის გასაპანღურებელია ამ კარიდან.
_ ივანიშვილი ახსენეთ და რამდენად გაქვთ მოლოდინი, რომ ის იქნება დასანქცირებული?
_ დარწმუნებული ვარ, რომ იქნება, ის უკვე დასანქცირებულია _ ბანკებმა უკვე შეუჩერეს ტრანსაქციები. მოთქვამს ახლა და წუწუნებს, ხან აქ არ მოსწონდა ხან იქ არ მოსწონდა, ახლა ბრიტანული მედია აღარ მოსწონს, გაგიჟებულია კაცი, კედლებზე გადის, მაგრამ ჯერ სად არის. ამასობაში მოქმედებს ცივილიზებული სამყარო, ევროპა, აშშ. აქ, ადგილზე, ჩვენ, ქართველებმა უნდა გავანძრიოთ ხელი, გადავდოთ ყველა გაუგებრობა ერთმანეთთან და რუსეთის კლანჭებისგან დავიხსნათ ეს ქვეყანა. მერე თავისუფალი არჩევნები ჩატარდეს და ვისაც გაუხარდება, ის მოვიდეს ხელისუფლებაში, კოალიციური მთავრობაც იყოს, ჭრელიც იყოს, ლამაზიც და კოხტაც იყოს, მაგრამ ჯერ უნდა დავიხსნათ ჩვენი ქვეყანა.
_ პოლიტიკურ ველზე კიდევ ერთი პარტია გაჩნდა, _ „ხალხის ძალა“ გარდაიქმნა პარტიად. როგორ შეაფასებთ ამ ადამიანებს? რისთვის შექმნა ივანიშვილმა ცალკე ეს ძალა, რომელიც თითქოს გამოვიდა ივანიშვილის პარტიიდან, თუმცა მაინც ოლიგარქის საქმეს აკეთებს?
_ ბიძინა ივანიშვილი არის კრემლის პოლიტიკის გამტარი. ვიღაცებს ეუბნება, რომ თქვენ ვითომ ევროპელები ხართ და რუსები გვყავს ხუნდაძე, სუბარი და ა. შ. რაღაცა „პატრიოტთა ალიანსის“ მსგავსს ქმნის. იმას ვერ ხვდება, რომ ყველაზე დიდი რუსული პარტია „ქართული ოცნებაა“, თამაშობს ტრიუკებს, როგორც მას უყვარს. ხალხი ამ ყველაფერს ხედავს და იმასაც ხვდება, რომ არავინ ერთი ნაბიჯის გადამდგმელი არ არის ივანიშვილის გარეშე. ძალიან სახიფათო თამაში წამოიწყო და თავად გაყო ამ ყულფში თავი, რომელსაც ყოველდღიურად ავიწროებს. საბოლოო ჯამში, საკუთარ თავს თავად გამოუტანა განაჩენი.
_ იმ აქციებს, რომელიც ენმ-მ წამოიწყო, სკეპტიკურად აფასებენ გარკვეული პოლიტიკური პარტიები, მაგალითად, „გირჩი“, „მოქალაქეები“. ამ ადამიანების კომენტარებზე რა შეფასებები გექნებათ?
_ ვინ სთხოვა მაგათ აქციებში შემოერთება? მე არავის არაფერს ვთხოვ, რა საქმე მაქვს მაგათთან? ვინ მოიპატიჟა სადმე? ვინ დაუძახა არჩევნებზე? მე კოალიციის გაკეთებას ვაპირებ ქართველ ხალხთან. არავისთან შესახვეწნი არ მაქვს.
_ იქნებით თუ არა 24 თებერვლის აქციაზე, რომელიც ერთი თვით ადრე დააანონსეს ოპოზიციურმა პარტიებმა?
_ ცხადია, ვიქნები და ყველა ასეთ ინიციატივას „ნაციონალური მოძრაობა“ უპირობოდ შეუერთდება.