- სამშაბათი, 24 დეკემბერი, 2024
2023-02-27 09:02:42
თამარ სანაძე
საქართველოს ურთიერთობა საერთაშორისო პარტნიორებთან იძაბება. ჩვენს პოლიტიკურ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს ქართული „ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებები, რომლებშიც პრორუსული განწყობები მკვეთრად იგრძნობა. გავიხსენოთ „ოცნების“ თავმჯდომარის განცხადება, სადაც მან თქვა, რომ რუსეთს ამჟამადაც და, საერთო ჯამშიც, უკრაინასთან ომში უპირატესობა აქვს.
ამასთან, „ქართული ოცნების“ ლიდერების ამგვარ განცხადებებს ემატება მიხეილ სააკაშვილის დამძიმებული ჯანმრთელობის მდგომარეობა. ევროპარლამენტარები კი ითხოვენ მესამე პრეზიდენტის უპირობოდ, დაუყოვნებლივ განთავისუფლებას მკურნალობის მისაღებად. ამ საკითხთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკას მმართველი გუნდი ირონიულად პასუხობს და ევროპარლამეტარებს „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს უწოდებს.
ქვეყანაში არსებული ვითარებაზე, საქართველოს ევროპული პერსპექტივაზე, ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების პოლიტიკაზე ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, მურმან დუმბაძემ გაზეთ „ქრონიკა+“-თან ვრცლად ისაუბრა:
_ ბატონო მურმან, უკრაინაში რუსეთის შეჭრის დღიდან საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებს რომ გადავხედოთ, მივხვდებით, რომ ისინი რუსეთის წინაშე მაამებლურ პოლიტიკას აწარმოებენ. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადება გავიხსენოთ რუსეთ-უკრაინის ომში რუსეთის უპირატესობასთან დაკავშირებით. რატომ იქცევიან ასე? ეს შიშია, სიფრთხილეა?..
_ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას და მის წარმომადგენლებს კი არ ეშინიათ, ეს არის მათი სურვილი. ირაკლი კობახიძეს უნდა, რომ რუსეთისა და უკრაინის ომში რუსეთმა გაიმარჯვოს, იმიტომ რომ ხელისუფლების გადარჩენის ერთადერთი გზა რუსეთზე გადის. დღეს საქართველოს მთავრობის ერთადერთი მოკავშირე არის რუსეთი, ღირსეული სახელმწიფოები ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებას მოკავშირედ არ ჰყავს. მოკავშირე არ ჰყავს ევროპაში, მოკავშირე არ ჰყავს ამერიკის შეერთებულ შტატებში, მას მოკავშირეები არ ჰყავს ჩვენს უახლოეს სამეზობლოში თურქეთის სახით, აზერბაიჯანის სახით, სომხეთის სახით. დიდი მოკავშირეები ისინი არ არიან. ვნახეთ ამ მხრივაც, რა ხდება. პრაქტიკულად, მას მოკავშირეები არ ჰყავს შიგნით, ქვეყანაში, იმიტომ რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა „ქართულ ოცნებას“ არ ენდობა, ამას არ უნდა დიდი კვლევები, ეს ბიულეტენშიც ჩანს. 2016 წელს მან ვერ მიიღო 50 პროცენტზე მეტი და ვერც 2020 წელს მიიღო 50 პროცენტზე მეტი, თვითმმართველობის არჩევნებში ყველა დიდ ქალაქსა და რეგიონში „ქართული ოცნება“ დამარცხდა. ამიტომ მისი ერთადერთი ოცნებაა, რომ რუსეთმა გაიმარჯვოს უკრაინაში. ისინი ფიქრობენ, რომ ასე შეძლებენ ხელისუფლების შენარჩუნებას. სხვა მათ არანაირი გზა და შანსი არ გააჩნიათ. ამიტომ ეს არ იყო „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის წამოცდენა, ეს არის მისი სურვილი, რომ რუსეთმა ომი მოიგოს უკრაინაში. 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას დაიწყო იმპერიალისტული ომი რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ, მეორე დღესვე კი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველომ უკრაინას არ უნდა მიაწოდოს იარაღი. იგივე განაცხადა მან რამდენიმე დღის წინათაც, რომ რუსეთი და უკრაინა უნდა დაუბრუნდნენ მოლაპარაკების მაგიდას და უნდა დაიდოს ზავი. ზავი და მოლაპარაკება შეიძლება მოხდეს ერთადერთ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინიდან, ყირიმის ჩათვლით, მის ჯარს გაიყვანს. სხვა შემთხვევაში არანაირი მოლაპარაკება არ უნდა იყოს, იმიტომ რომ უკრაინის გადაყლაპვის შემდეგ ჯერ რუსეთი მიადგება მოლდოვას, მოლდოვის შემდეგ _ საქართველოს. ასე რომ, ვიმეორებ ხაზგასმით: „ქართული ოცების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის წამოცდენა არ არის, ეს არის მთელი „ქართული ოცნების“ სურვილი, ეს არის ბიძინა ივანიშვილის სურვილი და საქართველოს მოსახლეობამ ეს კარგად უნდა გაიაზროს, რომ ჩვენ ხელისუფლების სახით გვყავს რუსული ხელისუფლება, არავითარი პრორუსული, ეს არის რუსული ოფიციალური ხელისუფლება. საქართველოს ტერიტორია სამ ნაწილადაა დაშლილი: ორ ტერიტორიას _ ცხინვალსა და სოხუმს _ ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ, იქ რუსეთის ხელისუფლებაა და, სამწუხაროდ, თბილისშიც რუსული ხელისუფლებაა. აი, ეს ხდება მიმდინარე საუკუნეში. ეს ყოველივე საქართველოს მოქალაქემ კარგად უნდა გაიაზროს. ყოველგვარი კოლაბორაცია მთავრობასთან არის კატეგორიულად დაუშვებელი.
ვამბობდი და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩვენ სასწრაფოდ უნდა დავტოვოთ პარლამენტი, საკრებულოები და უნდა გადავიდეთ ფართომასშტაბიან რადიკალურ ღონისძიებებზე, უნდა მოვითხოვოთ ამ მთავრობის გადაყენება დაკავებული თანამდებობებიდან. უნდა ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები და ქართველმა ხალხმა ხელისუფლებაში უნდა მოიყვანოს ეროვნული მთავრობა. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ იმის გარანტია ნამდვილად გვექნება, რომ განმეორდება ის შედეგები, რაც იყო ერთი საუკუნის წინათ. ვინმეს თუ ჰგონია, რომ 1921 წელს სხვანაირად იყო მსოფლიო მოწყობილი, ძალიან ცდება და ეს ასე არ არის. მსოფლიო ასე ადვილად არ იცვლება, არავინ ჩვენი პატრონი არ იქნება. საქართველოს პატრონი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე და სწორედ მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.
_ რა ბედი ელის ევროკავშირის 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებას, გაართმევს თავს ამ საპასუხისმგებლო დავალებას ხელისუფლება?
_ ეს პუნქტები, რომელიც ჩამოწერა ევროკავშირმა, არ და ვერ შესრულდება. ესაა გლობალური საკითხები, ამ პუნქტების შესრულების არანაირი რეალური შანსი არ არსებობს. არ დავიწყებ ყველა პუნქტის განხილვას, ვიტყვი იმას, რომ საქართველოში უნდა დამთავრდეს ოლიგარქია. დანარჩენი: სასამართლო სისტემა, ანტიკორუფციული ბიურო და ა. შ. არის ის გლობალური საკითხები, რომელიც ქვეყანას დიდი ხანია, აწუხებს. იმის გარანტიას გაძლევთ, რომ მოქმედი ხელისუფლების პირობებში 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების შანსი არ არსებობს. ამ პუნქტებიდან რომელიმე პუნქტის შესრულებაც კი გამორიცხულია ამ ხელისუფლების ხელში. სასამართლოს დამოუკიდებლობა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს ვერ მიიღება და არ მიიღება. ამ გუნდიდან ვინც არის დაინტერესებული, რომ ქვეყანაში წესიერი სასამართლო იყოს, ასეთ შემთხვევაში ისინი დაკარგავენ ხელისუფლებას, ამიტომ არ არის შანსი ამის შესრულების.
რაც შეეხება კანდიდატის სტატუსს, პირდაპირ გეტყვით, რომ საქართველოს დღევანდელ რეალობას ყველამ უნდა გავუსწოროთ თვალი, ამას არავინ ამბობს, მე მინდა, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ, მაგრამ ეს იქნება წინასწარ გადმოგდებული, ავანსად მოცემული სტატუსი. სტატუსები ავანსად არ უნდა მიეცეს სახელმწიფოებს. ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს ქვეყანა უნდა იმსახურებდეს. ქვეყანაში, სადაც პრეზიდენტს კლავენ, ეს პირდაპირ ეთერში, ღია ეთერშიც ჩანს და ამაზე მოსახლეობაც არ რეაგირებს და მით უმეტეს ხელისუფლება არ აკეთებს არაფერს, იმ ქვეყანას ევროკავშირის წევრობის სტატუსი არ ეკუთვნის, არ იმსახურებს და არც უნდა მოგვცენ. ქვეყანას, რომელსაც პოლიტიკური პატიმრები ჰყავს, ვერ და არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და მით უმეტეს, არ იმსახურებს ევროპას.
_ როგორ განვითარდება მოვლენები მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით?
_ პრეზიდენტ სააკაშვილის საშველი და ბოლო იმედი სტრასბურგია, ასე ამბობენ, მაგრამ ჩემი აზრი აქაც განსხვავებულია იმიტომ, რომ არავითარი სანქციების იმედი მე არ მაქვს. არ მაქვს იმედი, რომ ბიძინა ივანიშვილს სანქციებს დაადებს დასავლეთი და ევროპული სამყარო. არც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების იმედი მაქვს. სტრასბურგმა რომც მიიღოს დადებითი გადაწყვეტილება სააკაშვილის საკეთილდღეოდ, დარწმუნებული ვარ, ბიძინა ივანიშვილი ამას არ შეასრულებს. ასეთი უამრავი ფაქტი გვქონია. სტრასბურგს მიუღია გადაწყვეტილება, მაგრამ ქართულ სახელმწიფოს ის არ შეუსრულებია. ასე რომ, ამ შემთხვევაშიც ამდაგვარ ვითარებასთან გვექნება საქმე. ამიტომ სტრასბურგიც და სანქციაც უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, საქართველოს მოქალაქეზეა დამოკიდებული, როგორი ხელისუფლება გვეყოლება, ვიქნებით წაყრუებულები, ხელისუფლებაც იქნება თავხედი, გადააჭარბებს თავის უფლებამოსილებას, ვიქნებით მტკიცენი, მომთხოვნი _ ხელისუფლება იქნება შეზღუდული. საქართველოს მოქალაქემ უნდა გააკეთოს ეს საქმე. მოქალაქეები უნდა ვიყოთ ძალიან აქტიურები.
_ დაანონსდა აქციები. 20 თებერვალს აქციას ჩაატარებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, 24 თებერვალს ოპოზიციისა და საზოგადოების წარმომადგენელთა ორგანიზებით ჩატარდება მასშტაბური აქცია. როგორ ფიქრობთ, თუკი პროტესტმა მასშტაბური სახე მიიღო, გახდება ხელისუფლება იძულებული, დათმობებზე წავიდეს?
_ გარანტიას გაძლევთ, ბიძინა ივანიშვილი კი არა, აქციებით ჩაუშესკო და სხვა უფრო დიდი ლიდერები, მსოფლიოს რომ აზანზარებდნენ, გადაუყენებიათ. ბიძინა ივანიშვილი თავის ნაჭუჭში ჩაკეტილი პატარა სახელმწიფოს არაფორმალური ლიდერია. ბუნებრივია, ჩვენი ამოცანა უნდა იყოს პოლიტიკური პარტიების გაერთიანება იმ ერთადერთი საკითხის ირგვლივ, რასაც ჰქვია ქართული სახელმწიფოს გადარჩენა. წინააღმდეგ შემთხვევაში, გარანტიას გაძლევთ, რომ ეს ქვეყანა რუსულ ორბიტაზე ზის და დარჩება ძალიან დიდხანს. ახლა არის ბრძოლის დრო, გაერთიანების დრო, რომ ხელისუფლებიდან ბიძინა ივანიშვილი უნდა წავიდეს, ვადამდელი არჩევნები უნდა ჩატარდეს _ ეს უმთავრესია. ახლა ჩვენ უნდა ვითხოვდეთ ვადამდელ არჩევნებს, რომელიც უნდა ჩატარდეს ელექტრონული წესით. ჩვენ აღარავინ დავრჩით, ამომრჩეველი აღარ დაგვრჩა, აქ დარჩა საჯარო მოხელეები, პოლიცია, ჯარი, პენსიონერები და 18 წლამდე ასაკის ხალხი. რეალური ამორჩეველი, 25-დან 50 წლამდე, წასულია უცხოეთში, ამიტომ არჩევნები ელექტრონული წესით უნდა ჩატარდეს, რომ საქართველოს ყველა მოქალაქემ, რომელიც არის კანადაში, საფრანგეთში, იტალიაში, ავსტრალიაში, მათაც უნდა მიიღონ მონაწილეობა ხელისუფლების დაკომპლექტებაში. ეს უნდა იყოს ნომერ პირველი ამოცანა. ვფიქრობ, რომ თუ პოლიტიკური პარტიები გაერთიანდებიან ამ მთავარი საკითხის ირგვლივ, შედეგი აუცილებლად დადგება.
_ რუსეთთან ფრენების შესაძლო აღდგენაზეც რომ ვისაუბროთ, რატომ კეთდება რუსეთის მხრიდან განცხადებები ფრენების აღდგენის შესახებ და როგორია თქვენი შეფასება საჰაერო მიმოსვლის აღდგენის საკითხზე?
_ ცუდს ფრენების აღდგენაში ვერაფერს ვხედავ, ფრენები უნდა აღდგეს, მაგრამ უნდა იყოს წინასწარი პირობა, რომ რუსმა საქართველოს ტერიტორიებიდან უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები. დამთავრდა, აღდგება ფრენები. საქართველოს ტერიტორიები და სუვერენიტეტი უნდა ცნოს რუსეთმა და მხოლოდ ამის შემდეგ ვისაუბროთ ყველაფერზე. ფრენების წინააღმდეგი არ ვარ. ფრენების წინააღმდეგი არ ვარ საფრანგეთთან, იმიტომ რომ საფრანგეთი აღიარებს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას, ფრენების წინააღმდეგი არ ვარ ამერიკასთან, იმიტომ რომ ამერიკა აღიარებს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას. რუსეთმაც აღიაროს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, ჩვენი ტერიტორიიდან მისი ჯარები გაიყვანოს, მოიხადოს ბოდიში, დაიხიოს უკან და მერე დავიწყოთ ფიქრი ფრენების აღდგენაზე, არ ვიქნები წინააღმდეგი.
_ დღეს რომ გვერდიდან შევხედოთ, როგორ გამოიყურება საქართველო პოლიტიკურ ველზე?
_ საქართველოს თითოეული მოქალაქე უნდა ვიყოთ ძალიან აქტიური. ასეა თუ ისე, ახალბედა სახელმწიფო ვართ და ჩვენმა მოქალაქეებმა მეტი უნდა ვიაქტიუროთ. ჩვენ რომ ვიყოთ დაღვინებული სახელმწიფო, ცნობიერებაც სხვა იქნებოდა და კანონმდებლობაც სხვაგვარად იქნებოდა მორგებული. ასე რომ, მოქალაქეებმა უნდა გამოვიჩინოთ აქტიურობა, რომ საბჭოთა კავშირის კლანჭებისგან გამოსული ქვეყანა შევინარჩუნოთ. ვიქნებით მოქალაქეები აქტიურები? _ ქვეყანასაც გადავარჩენთ.