- სამშაბათი, 24 დეკემბერი, 2024
2023-02-09 17:26:58
თამარ სანაძე
24 თებერვალს ოპოზიციამ და საზოგადოების წარმომადგენლებმა მასშტაბური აქცია დააანონსეს. ორგანიზატორებმა აღნიშნეს, რომ ეს დღე არის საერთო საზოგადოებრივი, პოლიტიკური პროცესის გადარჩენის ნაწილი. აქციის ორგანიზატორი პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ ქუჩაში გამოსვლა და ერთად დგომა არის უმნიშვნელოვანესი, რადგან როცა ხელისუფლება დაინახავს, რომ ხალხი გაერთიანდა, დაიწყებს კომპრომისსა და დათმობებზე წამოსვლას.
გარდა ამისა, რთულია ვითარება საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება. საერთაშორისო პარტნიორებისა და სხვადასხვა ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირების მოწოდებების მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლება ქმედით ნაბიჯებს არ დგამს იმისთვის, რომ მესამე პრეზიდენტის სიცოცხლე გადარჩეს. ისინი არ ღალატობენ ჩვეულ რიტორიკას და აცხადებენ, რომ ექსპერტიზის დასკვნის გადამოწმება ანუ ექსპერტიზის ექსპერტიზაა საჭირო.
ამასთან, ეჭვქვეშ დგება საქართველოს ევროპული კურსი და აშკარაა ის საფრთხეები, რომელიც საქართველოს ევროპულ გზაზე ჩნდება. ეს საკითხები კი კიდევ უფრო მწვავდება იმის ფონზე, როცა რუსეთმა წამოჭრა საკითხი საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენების აღდგენის შესახებ.
აღნიშნულ თემებზე ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი გუგავამ, გაზეთ „ქრონიკა+“-თან ისაუბრა და ამას გარდა, ქვეყანაში არსებულ სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე საკუთარი შეფასებები გაგვიზიარა:
_ ბატონო გიორგი, ოპოზიციამ და საზოგადოების წარმომადგენლებმა 24 თებერვალს რუსთაველის გამზირზე მასშტაბური აქციის გამართვა დააანონსეს. ორგანიზატორებმა აღნიშნეს, რომ 24 თებერვალი არის გამოძახილი და არა უბრალოდ ერთი დღე, არამედ საერთო საზოგადოებრივი, პოლიტიკური პროცესის გადარჩენის ნაწილი. ლეიბორისტული პარტია შეუერთდება ამ აქციას?
_ რაც შეეხება უკრაინის მხარდაჭერის აქციებს, ბუნებრივია, სოლიდარულები ვართ, ქართველ ხალხს არაერთხელ გამოუხატავს მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის მიმართ და კიდევ ერთხელ თუ გამოხატავს ამასთან დაკავშირებით მხარდამჭერ პოზიციას, ეს მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია და აუცილებელიცაა მაშინ, როდესაც, სამწუხაროდ, ქართული სახელმწიფო აღმოჩნდა ამ ომის ოკუპანტთან კოალიციაში, კოლაბორაციაში. ბელარუსთან ერთად ვართ ახლა რუსეთს მიტმასილები და, პრაქტიკულად, იმ პოლიტიკას ვატარებთ, რაც რუსეთს სჭირდება ამ ომის დროს, რაც ჩვენი სახელმწიფოს სტრატეგიულ ინტერესებთან წინააღმდეგობაში მოდის. მეტიც: საფრთხე ემუქრება ჩვენს მთავარ ღირებულებას, ჩვენს თავისუფლებას, ჩვენს დამოუკიდებლობას. აქედან გამომდინარე, თუ ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ მხარს დაუჭერს უკრაინელ ხალხს და უკრაინის დამოუკიდებლობას, უკრაინის სუვერენიტეტს ეს, ბუნებრივია, ნიშნავს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, სუვერენიტეტისთვის მხარდაჭერას.
24-თებერვალს დაგეგმილი აქციის ორგანიზატორებში იყვნენ პატივსაცემი ადამიანები, ჩვენ პატივს ვცემთ საზოგადო სახეებსა და საზოგადო მოღვაწეებს, მაგრამ რაც შეეხება აქციის ორგანიზატორ პოლიტიკოსებს, მათ მიმართ, ბუნებრივია, რომ გვაქვს უნდობლობა. ჩვენ მათთან ვერ ვიქნებით ვერც ორგანიზაციული თვალსაზრისით და ვერც რაიმე სხვა თანამშრომლობის ფორმატს ვერ ვხედავთ მანამ, სანამ ისინი, ყოველი შემთხვევისთვის, მათი ნაწილი მაინც კვლავ პარლამენტშია. მათ, სამწუხაროდ, თავის დროზე, ღალატის ტოლფასი ქმედება ჩაიდინეს, როდესაც ხელი მოაწერეს შარლ მიშელის დოკუმენტს. ეს დოკუმენტი, საბოლოო ჯამში, პარლამენტში შესულ ოპოზიციას თავზე გადაახია ხელისუფლებამ და ვუყურებთ დღემდე ამ საპარლამენტო ოპოზიციას, როგორ არის გატრუნული, გამაგრებული საპარლამენტო სავარძლებზე. საკმარისია, ოპოზიციის დიდმა ნაწილმა დატოვოს პარლამენტი და ასეთ შემთხვევაში ქმედითუუნარო გახდება საქართველოს პარლამენტი, რადგან თუ პარლამენტის წევრთა რაოდენობა ჩამოსცდა 114-ს, ეს იმას ნიშნავს, რომ პარლამენტს აღარ შეეძლება გადაწყვეტილებების მიღება, კონსტიტუციური ცვლილებების მიღება და ქმედითუუნარო იქნება. ამას თუ დავამატებთ იმ გარემოებასაც, რომ დასავლეთი უკვე ამზადებს, ასე ვთქვათ, მახვილს სანქციებისა, ეს ერთობლიობაში მოგვცემს საშუალებას, რომ არსებული რეჟიმი შეიცვალოს, მაგრამ, როგორც ვხედავთ, ზოგიერთი ოპოზიციონერისთვის და პოლიტიკოსისთვის აქციების შეკრება და დაშლა ერთგვარ ბიზნესად იქცა. რასაკვირველია, ასეთ თამაშებში მონაწილეობას ვერ მივიღებთ.
_ ისინი აღნიშნავენ, რომ 24 თებერვალი არ არის ერთი დღის აქცია და ეს პროცესია, რომელიც უკვე კარგა ხნის დაწყებულია.
_ კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ პოლიტიკოსების მიმართ არის ტოტალური უნდობლობა, მათ შორის ჩვენთანაც. ყველას გვახსოვს ერთიანი ოპოზიციური ფორმატი, რომელიც ლეიბორისტულ პარტიაში იყო შექმნილი და როგორ ეჭირა პროცესები, ეს გაერთიანება როგორ ქმნიდა დღის წესრიგს და, პრაქტიკულად, საქმე მიყვანილი იყო ბოლომდე, მივიღებდით კიდეც ახალ არჩევნებს და ამ საკითხის წინაშე არ ვიდგებოდით და ვნახეთ, როგორ შეიპარნენ პარლამენტში.
ერთ ძალიან მნიშვნელოვან დეტალს გეტყვით, უნდობლობის ხარისხი რა დონეზე გვაქვს მათ მიმართ: მათ შეტყობინებაც კი არ გამოგზავნეს, როდესაც მიდიოდნენ შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოსაწერად. ჩატშიც კი არ ჩაწერეს, იმდენად ფარულად და ჩვენს ზურგს უკან გააკეთეს ეს ყველაფერი. ეს არც თანამებრძოლობაა, არც სიტყვის პატრონობაა, არც პატიოსანი საქციელია. აქედანაცაა გამოწვეული ის ნიჰილიზმი, უნდობლობა, რომელიც ამ ოპოზიციური პარტიების მიმართ აქვს დღეს საზოგადოებას, ამიტომ მათ დადებულ პირობას, როგორც იტყვიან, ჩალის ფასი აქვს. ჩვენ ვიცით მათი დადებული სიტყვები, რიხიანი, ომახიანი გამოსვლები, ხელმოწერილი დოკუმენტები და მერე როგორ ააყირავებენ ხოლმე ხალხსაც, პარტნიორებსაც, თანამებრძოლებსაც და ა. შ. ახსოვთ საჯაროდ დადებული პირობები, ხელმოწერები, რომ არ გავუტარებთ გაყალბებულ არჩევნებს და ა. შ.
_ შევეხოთ საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობას: რა მდგომარეობაში ვართ დღეს, რა პოლიტიკის გატარება სურს „ქართულ ოცნებას“ და, საერთოდ, როგორ ფიქრობთ, სად მიჰყავს ჩვენს ხელისუფლებას ქვეყანა?
_ ჩვენ ვდგავართ ისტორიული ღალატის წინაშე, საქართველომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ პირველად შეცვალა თავისი გეოპოლიტიკური, სტრატეგიული კურსი და გეზი აიღო კვლავ რუსეთისკენ. ეს ყველაფერი ცალსახად არის უკვე გამოჩენილი და ღია, აშკარა ქება-დიდებას ვიღებთ კრემლის ემისრებისგან. მათ შორის, მოგეხსენებათ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი, რა ფიგურაა. ის რუსეთის პოლიტიკურ სისტემაში ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა და ვხედავთ, როგორ შეაქო ჩვენი ხელისუფლება იმ პოლიტიკის გამო, რასაც ისინი ატარებენ. დღეს, პრაქტიკულად, ქვეყანას რუსული ადმინისტრაცია მართავს. რაც გნებავთ, ის დავარქვათ ხატოვნად, გნებავთ, მეფისნაცვალი დაერქვას, გნებავთ, „ნამესტნიკი“ ვუწოდოთ და გნებავთ, კრემლიდან დანიშნული კომპარტიის ცენტრალური მდივანი. ფაქტობრივად, ჩვენმა ხელისუფლებამ დღეს ქვეყნის ოკუპაცია გააფორმა. შესაბამისად, ტარდება მსოფლიოსთვის ცივილიზაციურ დაპირისპირებაში მოღალატეობრივი პოლიტიკა საქართველოს ხელისუფლების, „ქართული ოცნების“ მხრიდან, რაც ქართველი ხალხის ნება არ არის, რაც წინააღმდეგობაში მოდის ქართველთა მიერ არაერთხელ გაცხადებული თავისუფლების, დემოკრატიისა და იმ კურსისა, რომელიც საუკუნეებია აღებული გვაქვს. ჩვენ ცივილიზაციური არჩევანი უკვე ძალიან დიდი ხანია, გავაკეთეთ. მათ შორის, როდესაც ქრისტიანობა მივიღეთ, ეს ნიშნავდა ღირებულებით არჩევანს, საით ვიყავით, სად გვინდოდა, საით მივისწრაფოდით. ეს არის ჩვენს კულტურაში, ჩვენს ყოფაში, ჩვენს ქცევაში, ასე ვთქვათ, ქართული სახელმწიფოს შინაარსი ეს არის. აქედან გამომდინარე, ეს კურსი დადგა საფრთხის წინაშე და ამას ახორციელებს კოლაბორაციონისტი ხელისუფლება. ამდენად, შესაბამისად, ეს საფრთხის შემცველია ჩვენი დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისა, სუვერენიტეტისთვის და ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის.
_ რუსეთ-საქართველოს შორის საჰაერო მიმოსვლის საკითხზე გკითხავთ, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. როგორ ფიქრობთ, რატომ გადაწყვიტა რუსეთმა, საკუთარი ნებით გაუქმებული ფრენების აღდგენაზე დაეწყო საუბარი?
_ აქ მთავარი ფრენების საკითხი არ არის. მოგეხსენებათ, სხვა საშუალებებითაც ხდება, ასე ვთქვათ, მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეების იქნება თუ რუსეთის მოქალაქეებისა ქვეყნებში. აქ მთავარია ნება, რის გამო აკეთებენ ესენი ამას და იქვე გამჟღავნდა და იქვე გაცხადდა, რომ ჩვენ უნდა აღვადგინოთ დიპლომატიური ურთიერთობა საქართველოსთანო. ეს რას ნიშნავს, იცით? დიპლომატიური ურთიერთობა რომ აღადგინონ, საქართველოს ტერიტორიაზე ოფიციალურად იქნება რუსეთის სამი საელჩო: აფხაზეთში, ცხინვალსა და თბილისში. ასეთ შემთხვევაში ე. ი. ვაღიარებთ აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას. ამას ნიშნავს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა რუსეთთან. აქვე გათვლილი არის, რომ აღადგინონ არა მხოლოდ ფრენები, რომელიც დღეს რუსეთს უფრო სჭირდება, როდესაც ის სანქცირებულია, როდესაც მას დახურული აქვს დასავლეთის საჰაერო სივრცე, ასევე საუბარი არის აფხაზეთის რკინიგზის აღდგენაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ აფხაზეთს, როგორც დამოუკიდებელ სუბიექტს, ყოველი შემთხვევისთვის, რუსეთისა და რამდენიმე ქვეყნის მიერ აღიარებულ დამოუკიდებელ სუბიექტს, ოფიციალური გეოპოლიტიკური ფუნქცია მიენიჭება და ენგურზე დახვდებიან აფხაზი მებაჟეები. საქართველოს დაშლის აღიარებას ნიშნავს ეს ყოველივე. ეს გეგმები დევს ხომ გესმით?! _ ჩვენი ქვეყნისთვის დამანგრეველი, გამოკვეთილი გეგმები დევს და ეს მოდის რუსეთისგან. შემზადება მიდის ახლა საზოგადოებრივი აზრის ამ მიმართულებით, რაც პირდაპირ ცხადდება რუსეთისაგან: გვაქებენ, აი, თქვენი 10-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა სწორედ რუსეთთან ურთიერთობამ განაპირობაო. პრაქტიკულად, რუსეთი დღეს არის მთავარი სავაჭრო პარტნიორი, მივებით მთლიანად რუსეთს, რუსეთის ეკონომიკას, განსაკუთრებით სანქციების პირობებში, რომელიც დაწესებული აქვს რუსეთს. როგორც ჩანს, საქართველო კარგ საშუალებად, ნიადაგად და გვირაბად, შავ ხვრელად იქცა სანქციებისგან თავის ასარიდებლად და ამ ყოველივეს გათვალისწინებით ნათლად ჩანს საფრთხე, რომელზედაც ზემოთ ვთქვი, რომ შეიძლება მოხდეს მთლიანად ჩვენი ოკუპირება და გადავიქცეთ რუსეთის გუბერნიად. აი, ეს საფრთხე არსებობს. გახსოვთ პუტინის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო არასდროს ყოფილა დამოუკიდებელი სახელმწიფო, ის იყო „ტბილისსკაია ი კუტაისსკაია გუბერნია“-ო? ასე წარმოვუდგენივართ მათ ჩვენ. ამდენად, სახეზეა „ოცნების“ მოღალატეობრივი პოლიტიკა.
_ მიხეილ სააკაშვილისა და მის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შესახებ ვისმენთ საერთაშორისო პარტნიორების განცხადებებს, რეზოლუციებს, მოწოდებებს, რომ სასწრაფოდ უნდა გადაიყვანონ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი საზღვარგარეთ სამკურნალოდ. რა საფრთხის მომტანი შეიძლება იყოს „ქართული ოცნების“ პოლიტიკა და დამოკიდებულება სააკაშვილთან მიმართებით ჩვენს დასავლურ გზაზე?
_ მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია, ის ექვემდებარება განთავისუფლებას. მესამე პრეზიდენტი უნდა განთავისუფლდეს. რაც შეეხება ჰუმანურ მიდგომებს, თუ მას მოკლავენ ციხეში და ჩვენ ვუყურებთ მკვლელობის ქრონიკას, სრული პასუხისმგებლობა ამაზე დაეკისრება ქართულ ხელისუფლებას და ეს დანაშაული ჩადენილი იქნება საქართველოს წინააღმდეგ, მისი მომავლისა და სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ. მიხეილ სააკაშვილი იყო ამ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი და როდესაც მას კლავენ, ეს ნიშნავს, რომ შენ ასეთ შემთხვევაში სასიკვდილო დარტყმას ახორციელებ შენსავე სახელმწიფოზე. ამით ჩანს, რომ ჩვენ ჩავრჩით ღრმა შუა საუკუნეებში, როდესაც პოლიტიკური მოწინააღმდეგეები ერთმანეთს სასიკვდილოდ უსწორდებოდნენ, რომ გაენადგურებინათ ერთმანეთი და შესაბამისად ასეთი სახელმწიფოს, ასეთი ქვეყნის ადგილი თანამედროვე მსოფლიო დემოკრატიულ, ცივილიზებულ სისტემაში არ არის. ეს ამ ასპექტით იქნება საქართველოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული. სამწუხაროდ, ამის მომსწრენი ვართ. იმედი მაქვს, დროზე გაუშვებენ ციხიდან თუნდაც ჰუმანური მოსაზრებებით. მაგრამ გარკვეულწილად, წინა ხელისუფლებისა და პრეზიდენტის დამსახურებაც არის, სააკაშვილს ვგულისხმობ, დღეს რომ ქვეყანას რუსი ოლიგარქი მართავს. ეს მათმა პოლიტიკამ განაპირობა. ყველა გარემოება და ნიადაგი შექმნეს იმისთვის, რომ ის მოსულიყო და ხელში აეღო ძალაუფლება. ასეთი შეცდომებით თუ მიზანმიმართული ქმედებებით უმძიმესი შედეგი დადგა მესამე პრეზიდენტისთვისაც და ჩვენი ქვეყნისთვისაც.
_ ჩვენ ვისმენთ საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს სხვადასხვა უცხოურ გამოცემასთან. ის ამბობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის პატიმრობაში გარდაცვალება არ სურს, თუმცა უკვე საქართველოში ჩამოსული ის დუმს და არანაირ ქმედით ნაბიჯებს არ დგამს. თუ ხელისუფლებამ არ მისცა მიხეილ სააკაშვილს საზღვარგარეთ მკურნალობის შესაძლებლობა, უნდა ველოდოთ რამე საიმედო ნაბიჯებს სალომე ზურაბიშვილისგან?
_ ნაკლებ სავარაუდოა სალომე ზურაბიშვილის საიმედო ქმედებები და გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით. ის არის ერთ-ერთი მარიონეტი ხელისუფლებისა, ყოველი შემთხვევისთვის, ბიძინა ივანიშვილისა. ხელისუფლებას, ერთი მხრივ, გეზი აქვს აღებული რუსეთისკენ, ჩრდილოეთისაკენ და, მეორე მხრივ, სალომე ზურაბიშვილის განცხადებებით, სალომე ზურაბიშვილის მეშვეობით ცდილობს რაღაც კონტაქტები, ურთიერთობები დაიჭიროს დასავლეთის მიმართულებით და სწორედ ამიტომ ალაპარაკებს და აკეთებინებს მას ასეთ განცხადებებს უცხოურ გამოცემებთან. მაგრამ რეალური ქმედებები სალომე ზურაბიშვილისგან არ გვინახავს. არსად ჩანს ისეთი ნაბიჯები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისკენ იქნებოდა მიმართული. რა უშლის საქართველოს პრეზიდენტს ხელს? მას შეუძლია, დღესაც შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი, მაგრამ ის ამას არ გააკეთებს არც ერთ შემთხვევაში და ნურავის ექნება იმის ილუზია, რომ სალომე ზურაბიშვილი გადასხვაფერდეს და რამე პოზიტიური ქმედებები განახორციელოს. ეს არის ზერელე განცხადებები, გათვლილი იმისთვის, რომ დასავლელ პარტნიორებში რაღაც ილუზია შექმნას, თითქოს აქ, საქართველოს ხელისუფლებაში, არსებობს პროდასავლური ძალები, რომლებთანაც შეიძლება საუბარი. სინამდვილეში, სალომე ზურაბიშვილი არის ერთგვარი მესინჯერი ბიძინა ივანიშვილის ხელში დასავლეთთან ურთიერთობისთვის.