QronikaPlus
„ხალხი ისე ცხოვრობდა, თითქოს იმალებოდა“

„ხალხი ისე ცხოვრობდა, თითქოს იმალებოდა“

2023-02-09 17:12:09

მიხეილ ხაჩიძე

პუტინს ხშირად ადარებენ ნიკოლოზ პირველს: 30-წლიანი მმართველობა, კონსერვატიული დარბევები, ყირიმის წარუმატებელი ომი. თუ უფრო ყურადღებით დავაკვირდებით ნიკოლოზის მეფობის ბოლო, „პირქუშ შვიდ წელს“, მაშინ პარალელები კიდევ უფრო თვალსაჩინო ხდება: ცენზურის გამკაცრება, უნივერსიტეტების დევნა, ემიგრანტებისგან ქონების ექსპროპრიაციის საფრთხე, ბრძოლა დასავლეთის გავლენის წინააღმდეგ.
ეს პერიოდი, როგორც წესი, განიხილება, როგორც „სიბნელე გათენებამდე“ _ ამბობენ, გადაჭარბებულმა კონსერვატიულმა წნეხმა პირიქით, მოაახლოვა ფართომასშტაბიანი რეფორმები, რომლებიც ისედაც დიდი ხნის დაგვიანებული იყო. მაგრამ ეს ოპტიმისტური დასკვნა ბადებს ეჭვებს, რომლებიც დღეს ისე აქტუალურია, როგორც არასდროს.

პუტინის ავტორიტარიზმი და „ბნელი შვიდი წელი“

უკრაინაში თითქმის ერთი წლის განმავლობაში მიმდინარე ომის გააზრება უკვე შესაძლებელია მრავალ ასპექტში. ერთ-ერთი მათგანია ისტორიული ანალოგიები, რომლებიც საშუალებას გვაძლევს, უკეთ გავიგოთ ჩვენ თვალწინ დატრიალებული ტრაგედიის ბუნება, მიზეზები და მექანიზმები.
2022 წლის 24 თებერვლამდე პერიოდს დამკვირვებლები და კომენტატორები ყველაზე ხშირად ადარებდნენ 1910-იანი წლების ბოლოს და 2020-იანი წლების დასაწყისს _ „პუტინის გვიან რეჟიმს“ ბრეჟნევის სტაგნაციასთან, რაც აშკარად მიანიშნებდა მომავალი „პერესტროიკის“ გარდაუვალობაზე. თუმცა ახლა ირკვევა, რომ ეს იყო ტერმინოლოგიური აჩქარება და რომ „გვიანი“ რეჟიმი, უცხოური აგენტებით და ნავალნის ბოლო აქციების ჩახშობით, ჯერ კიდევ არ იყო პუტინის „გვიანი“ რეჟიმი.
ზოგჯერ პარალელებს ავლებდნენ ერთდროულად არსებულ სახალხო დემოკრატიულ რეჟიმებთან (გდრ, ჩეხო-სლოვაკია, პოლონეთი), რომლებიც ინსტიტუციურად უფრო ჰგავდა პუტინის რუსეთს, თავისი დეკორატიული მრავალპარტიული სისტემით და საბაზრო ეკონომიკის ელემენტებით; ნაკლებად ხშირად _ გვიანდელი ავტორიტარული რეჟიმებით ევროპის „გარეუბანში“ (ფრანკო ესპანეთში, სალაზარი პორტუგალიაში, „შავი პოლკოვნიკები“ საბერძნეთში).
რუსული ჯარების სრულმასშტაბიანი შეტევის დაწყებით და რუსეთის საშინაო პოლიტიკაში შემდგომი სწრაფი ცვლილებებით ჩვენს წარმოსახვაში ამოტივტივდა ანალოგიები ნახევარი საუკუნის წინათ განვითარებულ მოვლენებთან _ უკვე შესაძლებელი იყო შედარება სტალინურ სსრკ-სთან და ნაცისტურ გერმანიასთან.

ნიკოლოზ I და „ბნელი შვიდი წელი“

მიუხედავად ამისა, ყველაზე ზუსტი პარალელი არის ნიკოლოზ I-ის ეპოქა, მათ შორის, ყირიმის ომი, რომელშიც ინგლისმა და საფრანგეთმა დაამარცხეს რუსეთი.
პუტინს ადრე ადარებდნენ ნიკოლოზ პირველს, რომელსაც, პუშკინის სიტყვებით: „ჰყავდა ბევრი პროპორშჩიკი და ცოტა პეტრე პირველი“.
თავად „ბნელი შვიდი წლის“ ნარატივი საკმაოდ გამარტივებული ფორმით არსებობს (მკვლევრები ჩვეულებრივ ახსენებენ რამდენიმე განსაკუთრებით რეპრესიულ წელს, ნიკოლოზის რუსეთის გარდაუვალ კოლაფსსა და შემდგომ ასევე გარდაუვალი „დიდი რეფორმების“ წინა დღეს), მაგრამ ისტორია ახალ ფაქტებს გვაწვდის, რათა უფრო ღრმად ჩავწვდეთ ამ პერიოდს.
პირველ რიგში, იბადება კითხვა, რა არის „პირქუში შვიდი წელი“?
ქრონოლოგიურად, ის აღწერს რუსეთის ისტორიის პერიოდს 1848 წლიდან 1855 წლამდე, როდესაც განსხვავებულობა განსაკუთრებით მკაცრად იყო ჩახშობილი და სამოქალაქო თავისუფლებები შეზღუდული იყო.
ლიტერატურათმცოდნე პაველ ანენკოვმა ეს დრო ასე აღწერა:
„ძნელი წარმოსადგენია, როგორ ცხოვრობდა მაშინ ხალხი. ხალხი ისე ცხოვრობდა, თითქოს იმალებოდა. მეფობდა მილიციური რეჟიმი. სახელმწიფო სამსახურების მეშვეობით გამდიდრების მადა წარმოუდგენლად გაიზარდა“.
ამ პერიოდში რუსეთის მოქალაქეებს, პრაქტიკულად, ეკრძალებოდათ საზღვარგარეთ გამგზავრება. ვინც უკვე საზღვარგარეთ იმყოფებოდა, ქონების ჩამორთმევის მუქარით სამშობლოში აბრუნებდნენ.
ამავდროულად, რუსეთში უცხოელების შესვლა შეიზღუდა. გარდა ამისა, ფაქტობრივად, აიკრძალა უცხოური წიგნების იმპორტი. ქვეყანაში დაინერგა ორმაგი ცენზურა: ე. წ. ბუტურლინის კომიტეტი, რომელიც ამოწმებდა პუბლიკაციებს და ისინი უკვე ცენზურით იბეჭდებოდა.
„დახურეთ უნივერსიტეტები და ბოროტება შეჩერდება!“ _ სწორედ იმ ეპოქაში მართლაც სერიოზულად დაისვა საკითხი უნივერსიტეტების დახურვის შესახებ, მაგრამ მეფე ამას არ დათანხმდა. თუმცა ყველა უნივერსიტეტში, მოსკოვის გარდა, ადგილების რაოდენობა შეზღუდული იყო. მათ ასევე გაზარდეს სწავლის საფასური და გააორმაგეს სტუდენტებისა და პროფესორების ზედამხედველობა. გარდა ამისა, შეიცვალა განათლების მინისტრიც.
„მართლმადიდებლობა-ავტოკრატია-ეროვნების“ კონცეფციის ავტორი, სერგეი უვაროვი, გაათავისუფლეს, როგორც ზედმეტად ლიბერალური და იგი შეცვალა პრინცმა პლატონ შირინსკი-შიხმატოვმა, რომელიც მოითხოვდა, რომ ამიერიდან ყველა მეცნიერება დაფუძნებულიყო „რელიგიურ ჭეშმარიტებებზე თეოლოგიასთან დაკავშირებით“. მან აკრძალა ფილოსოფიის, პოლიტიკური ეკონომიკისა და საგარეო სამართლის სწავლება.
შირინსკი-შიხმატოვი ცდილობდა, აეკრძალა ბერძნული სახელების ტრანსკრიფცია; ასე, მაგალითად, მან მოითხოვა, რომ ჰომეროსს დარქმეოდა მხოლოდ ომირი (ბერძნული წესით).
საინტერესოა, რომ „ბნელი შვიდი წელი“ არის სპეციფიკური ტერმინი, რომელიც თითქმის ექსკლუზიურად არსებობს რუსულ ისტორიოგრაფიაში. მაგალითად, ინგლისურენოვან ლიტერატურაში „ბნელი შვიდი წელი“ ძალიან იშვიათად არის ნახსენები. ამ ტერმინს მხოლოდ რუსი ისტორიკოსები იყენებენ.
დასავლურ ისტორიოგრაფიაში ნიკოლოზ I-ის მთელი ოცდაათწლიანი მმართველობა, ტრადიციულად, აღწერილია, როგორც ერთი ავტორიტარული კონტინუუმი (მოვლენების, პროცესების უწყვეტობა, მთლიანობა, _ რედ.), როგორც ყინვისა და რეპრესიების პერიოდი.
„პირქუში შვიდი წელი“ მოიცავს ნიკოლოზ I-ის გარდაცვალებას, ომში დამარცხებას, რეფორმების მოლოდინსა და რეპრესიებს ყველა სფეროში.

ისევ ანალოგიები პუტინთან

ანალიტიკოსები და ექსპერტები გრძელვადიან რეჟიმში პუტინს ნიკოლოზ პირველის ბედს უწინასწარმეტყველებენ: ისიც დამარცხდება უკრაინასთან ომში და ყირიმი კვლავ უკრაინას დაუბრუნდება; აქაც ამერიკა და ბრიტანეთი და სხვა დასავლელი მოკავშირეები მთავარ დამხმარე როლს შეასრულებენ, ისევე როგორც 1800-იანი წლების მეორე ნახევარში.
თუკი პუტინი აპელირებს იმაზე, რომ დაუმარცხებელი ქვეყანაა და მეორე მსოფლიო ომში გაიმარჯვა, აქ გასათვალისწინებელია მთავარი ფაქტორი, რომ მას მაშინ ამერიკა და ბრიტანეთი დაეხმარა. დღეს კი პუტინის დიქტატორულ რეჟიმს ირანისა და ჩრდილოეთ კორეის გარდა მხარდამჭერი არ ჰყავს. ირანული დრონებით ქვეყანა ომში რომ წინ ვერ მიდის, ამას თვეებია მსოფლიო ცალსახად ხედავს. მხოლოდ ხუთშაბათს კიევის თავზე 20 ირანული დრონიდან უკრაინელებმა 15 მაათგანი 30 წუთში გაანადგურეს.
ამასთან, მსოფლიოში რეფორმები გრძელდება და ქვეყნები ვითარდება, რუსეთი კი სასტიკ სტაგნაციას განიცდის. საბჭოთა კავშირის დროსაც კი არ იყო ისეთი შეზღუდვები, რაც დღეს კრემლის დიქტატურაში მძვინვარებს. ამავდროულად, ქვეყანას მილიონობით ადამიანი ტოვებს, პუტინის რეჟიმი გაქცეულ რუსებს ახლაც ქონებების ჩამორთმევით ემუქრება, როგორც თავის დროზე ნიკოლოზ I.
რაც შეეხება მესამე ანალოგიას ნიკოლოზ პირველთან, მართალია, რომ პუტინი შედარებით ახალგაზრდაა, თუმცა უკრაინის დაზვერვის ცნობით, მას მრავალი დაავადება აწუხებს, მათ შორის არის კიბოც და მას მალე სიკვდილს უწინასწარმეტყველებენ. შეიძლება ეს შეთქმულების თეორიად მოგვეჩვენოს, მაგრამ ცას არავინ გამოკერებია!

გაზიარება