- სამშაბათი, 24 დეკემბერი, 2024
2023-02-09 17:10:37
გიგა გელხვიიძე
სამმა ოპოზიციურმა პარტიამ „სტრატეგია აღმაშენებელმა“, „დროამ“ და „გირჩი _ მეტი თავისუფლებამ“ 24 თებერვალს, პარლამენტის წინ, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების ჩართულობით, მასშტაბური საპროტესტო აქცია დააანონსა, რომელსაც ქართულ პოლიტიკურ ფლანგზე საკმაოდ დიდი ვნებათაღელვა და კრიტიკული გამოხმაურება მოჰყვა.
ეს არის შემთხვევა, როდესაც კოლეგა ოპოზიციონერების მიმართ კრიტიკა არ დაუშურებია არც ოპოზიციურ ფლანგს. ზოგიერთი მათგანის თქმით, ეს არ არის აქცია, სადაც ისინიც გავლენ და თავიანთ კოლეგებს, რომლებთანაც, წესით და რიგით, ერთი მთავარი საზრუნავი, ხელისუფლების მანკიერ პოლიტიკასთან ბრძოლა უნდა აერთიანებდეთ, გვერდით დაუდგებიან.
ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს აქციის ორგანიზატორებისთვის არც დაანონსებული და შემდგომში მივიწყებული „ცხელი შემოდგომის“ შეხსენება დავიწყებიათ.
ე. წ. ცხელი შემოდგომა არ დავიწყებია არც „ქრონიკა+“-ს, რომელიც ამ საკითხებზე პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთ ლიდერს, პაატა მანჯგალაძეს ესაუბრა.
როგორია მასშტაბური აქციის მოლოდინები? რა არის მათი სამოქმედო გეგმა და რას ელოდებიან ხალხისგან? _ ამ და ქვეყანაში მიმდინარე სხვა პოლიტიკურ საკითხებზე პასუხებს ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ:
_ ბატონო პაატა, რა არის 24 თებერვლის აქციის ძირითადი მიზანი?
_ აქცია დაგეგმილია 24 თებერვალს 17:00 საათზე რუსთაველის გამზირზე, _ უკრაინისთვის, იქ მებრძოლი ბიჭების მხარდაჭერისთვის. იცით, რომ ხელისუფლება ჯეროვნად არ აფასებს ამ ბიჭებს, ჯერ ლამის დაქირავებულ მებრძოლებად შერაცხა და შემდგომ მოქალაქეობის ჩამორთმევაც კი უნდოდა. ასევე ღირსებისთვის, იმიტომ რომ „ქართულმა ოცნებამ“ მეგობრისთვის ზურგის შექცევა და ლაჩრობა გამოაცხადა ღირსებად და ეს ღირსება ძალიან მნიშვნელოვანია; თავისუფლებისთვის და ჩვენი ევროპული არჩევანის დასაცავად. მე პირადად ეს მიზეზები მაქვს წასასვლელად. ჩვენ გვინდა უკრაინისთვის სოლიდარობის გამოცხადება, ჩვენი მებრძოლი ბიჭებისთვის კიდევ ერთხელ შეხმიანება და იმის თქმა, რომ ჩვენ ყველანი არ ვართ ბრძოლაში ჩართული, მაგრამ ვაფასებთ მათ გამბედაობას, ასევე ჩვენი ევროპული არჩევანისთვის და მომავლისთვის, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა „ქართულმა ოცნებამ“; ასევე იმ ღალატისა და ლაჩრობის ფონზე, რომელიც ყოველდღიურობაა, გვინდა, რომ ღირსება გახდეს ქვაკუთხედი ამ ყველაფრის. ერთი წელი სრულდება მას შემდეგ, რაც უკრაინასთან ომი დაიწყო რუსეთმა და ნაცვლად სამი დღისა (როგორც რუსი პროპაგანდისტები გვპირდებოდნენ, სამ დღეში აიღებდნენ კიევს), უკრაინამ გაძლო, ლამის, ერთი წელიწადი და თქვენ იცით, რომ ფრონტის ბევრ ხაზზე ის მნიშვნელოვან წარმატებას აღწევს.
_ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 24 თებერვალს პოლონეთში ჩავა. რამდენად მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ ის, რომ საქართველოში ამ დროს ფართომასშტაბიანი აქცია იქნება რუსთაველზე?
_ კარგია და სასიამოვნოდ დაემთხვა ის, რომ ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 24 თებერვალს ტურნე დაგეგმა ევროპაში და ეს არის ძალიან დიდი მხარდაჭერის მიმანიშნებელი. ის ჩავა პოლონეთში, ფაქტობრივად, უკრაინის საზღვარზე და ეს არის უპრეცედენტო ვიზიტი, თუ არ გავიხსენებთ კენედის ჩასვლას ბერლინში. ამერიკის მხრიდან ასეთი პირდაპირი მხარდაჭერა იშვიათია და თქვენ იცით, რომ თანამედროვე, მძიმე ტექნიკით დასავლეთი უზრუნველყოფს უკრაინას, საუბარია ამერიკულ ტანკებზე, გერმანულ „ლეოპარდზე“, ფრანგულ ტანკებსა და ა. შ., რაც გარდამტეხ როლს შეიტანს ამ ბრძოლაში. ამიტომ ჩვენ ძალიან ბევრი უნდა ვიყოთ 24-ში. როდესაც ბაიდენი უკრაინას მიმართავს პოლონეთიდან, ამ დროს ჩვენ ნამდვილი საქართველო უნდა ვაჩვენოთ მსოფლიოს რუსთაველზე და ჩვენც უნდა გავუგზავნოთ ძლიერი სიგნალი პარტნიორებს, რომ ერთი მუჭა „ქართული ოცნება“ არ გამოხატავს საქართველოს ინტერესებს და საქართველო ვართ ჩვენ.
_ რამდენჯერმე გაცრუებული იმედის შემდგომ რამდენად გაქვთ მოლოდინი, რომ მოქალაქეები გამოვლენ ქუჩაში (ვგულისხმობ ე. წ. ცხელ შემოდგომას)?
_ მოქალაქეები იმიტომ კი არ უნდა გამოვიდნენ ქუჩაში, „სტრატეგია აღმაშენებელმა“ რომ თქვა ან გიორგი ვაშაძემ ან პაატა მანჯგალაძემ, არამედ უნდა გამოვიდეთ საქართველოს სოლიდარობის გამოსახატავად, ეს არ არის პათეთიკა. ჩვენ უნდა გამოვიდეთ იმიტომ, რომ ის ტანკები, რომლებიც კიევში უნდა შესულიყვნენ, შემდგომ ჩვენთვის მოიცლიდნენ და აქეთ წამოვიდოდნენ, შეაჩერა ამ ბიჭების ბრძოლამ უკრაინაში. დავაფასოთ და მადლობა ვუთხრათ უკრაინელებს, რომ ეს გააკეთეს. ქართველ ბიჭებს, რომლებიც დღეს იბრძვიან უკრაინაში, ვუთხრათ, რომ მადლობლები ვართ! უმადურობა არის ძალიან ცუდი. ჩემთვის კი არ მივიდეთ ამ აქციაზე, არამედ _ საქართველოსთვის. „სტრატეგია აღმაშენებელმა“ ზუსტად ვიცით, რომ უკრაინის ბრძოლა ამ არჩევნებში, უკრაინის დამოუკიდებლობა და გამარჯვება საუკეთესო პირობებს ქმნის საქართველოს დეოკუპაციისთვის და ამ იდეით უნდა მივიდეთ აქციაზე და არა კონკრეტული პარტიისთვის ან ადამიანისთვის. საქართველოსთვის და უკრაინისთვის უნდა მივიდეთ.
_ აქცია ერთი თვით ადრე დაანონსდა და საუბარი იყო იმაზე, რომ ამ ერთ თვეში გარკვეული სამოქმედო გეგმა გაიწერებოდა. არსებობს უკვე კონკრეტული სამოქმედო გეგმა?
_ წინა კითხვა, რომელიც დასვით, ძალიან კარგი და საინტერესო იყო. სწორედ ეს იწვევს ხოლმე შემდგომში ადამიანებში იმედების გაცრუებას, როდესაც ცრუ მოლოდინებს აჩენენ ხოლმე ორგანიზატორები: „აი, მივალთ და დავამთავრებთ“. ჩვენ ამ ყველაფერს ძალიან ფრთხილად და გაგებით ვეკიდებით, რომ არ შეიძლება ხალხი მოიყვანო უკრაინისთვის და შემდგომ უთხრა, ახლა წავედით შუშის სასახლის ასაღებადო. ჩვენ პასუხისმგებლობით ვეკიდებით თითოეულ სიტყვას, გააზრებული გვაქვს ყველა შეცდომა, რაც აქამდე დაგვიშვია. გვახსოვს აქციები, სადაც მხოლოდ ჟურნალისტები იდგნენ, გვახსოვს აქციები, სადაც მხოლოდ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები იყვნენ ან მხოლოდ პოლიტიკოსები, საზოგადოების ცნობილი სახეები. ჩვენ ვნახეთ, რომ ცალ-ცალკე ძალიან სუსტები ვართ, ამიტომაც მხოლოდ ერთიანობით და ერთად შეცდომების გააზრებით გვჯერა, რომ აუცილებლად გავიყვანთ სამშვიდობოზე საქართველოს. რატომ უნდა გვენდოს ადამიანი? მე ნუ მენდობა, ენდოს იმას, რომ უკრაინა იმარჯვებს და უკრაინა აკეთებს საქართველოს გასაკეთებელს. ეს უნდა დაინახონ ადამიანებმა და თუნდაც ამის გამო, თუნდაც ერთი საათით გამოვიდნენ და აჩვენონ ერთიანობა, _ აი, ეს მინდა.
_ მოსახლეობამაც კარგად იცის და ამ ათი წლის მანძილზე რამდენჯერმე დაიტესტა, რომ ივანიშვილს ყველაზე მეტად ეშინია ხალხის ძალის. თუკი მოქალაქეების დაკვეთა იქნება ის, რომ აქციებმა მიიღოს მასშტაბური, უწყვეტი სახე და შეიცვალოს მოქმედი ხელისუფლება, რამდენად ხართ მზად იმისთვის, რომ გაჰყვეთ ამ პროცესებს?
_ არა მარტო დაკვეთა, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ემოცია და მოლოდინები იყოს სწორი. ეს უნდა იყოს იმის დემონსტრირება, რომ ჩვენ მზად ვართ გრძელვადიანი ბრძოლისთვის და არ ვაპირებთ ამ ქვეყნის ერთი მუჭა პრორუსული ადამიანებისთვის ჩაბარებას. 2022 წლის 24 თებერვლამდე მეგონა, „ქართული ოცნება“ იყო მხოლოდ კორუმპირებული მთავრობა, თუმცა 2022 წლის 24-მა თებერვალმა ყველას დაგვანახა, რომ კორუმპირებულ და არაფრის მაქნის მთავრობასთან ერთად ჩვენ გვყავს მოღალატე, კოლაბორაციონისტული სულით შეპყრობილი მთავრობა, ამიტომაც ხალხს, რა თქმა უნდა, ყველაფრის უფლება აქვს. მარტივი ფორმულა არის აქ: რამდენიც ვიქნებით და რა ემოციური მუხტიც გვექნება, ჩვენი გავლენა პოლიტიკურ პროცესებზე იქნება იმის შესაბამისი. ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი ადამიანები. ეს არ არის მხოლოდ სამი პარტიის აქცია, აქ არიან ჟურნალისტები და ის პატივსაცემი ადამიანები, რომელთა რეპუტაცია კითხვის ნიშნებს არ ბადებს. ეს ადამიანები გავაკეთებთ ყველაფერს, რომ „ქართული ოცნება“ რაც შეიძლება მალე ჩამოშორდეს მშვიდობიანად ხელისუფლებას.
_ ირაკლი კობახიძის განცხადებით, მათ აქვთ ვალდებულება მოსახლეობის წინაშე, რომ არეულობის მოწყობის უფლება არავის მისცენ ქვეყანაში. თუ ხალხის მასა გამოვა 24-ში, განიხილავთ თუ არა იმას, რომ შესაძლოა, ხელისუფლება ერთგვარ აგონიაში ჩავარდეს და კიდევ ერთხელ შეგვახსენოს თავისი „სიძლიერე“?
_ ირაკლი კობახიძის პოლიტიკური ყელყელაობა არაფერს ეფუძნება, ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი არის საქართველოს მოქალაქე და თუ ყველანი ერთად ვიდგებით, ნახავთ, რომ გადავარჩენთ ევროპასთან დაკავშირებით არჩეულ კურსს, რომელსაც აგდებენ და რუსულ ჭაობში მიგვათრევენ. ამ აქციით საარჩევნო და სასამართლო რეფორმაც გატარდება, სუსიც გაუქმდება, ამას თავად „ოცნება“ გააკეთებს და შეიქმნება სამართლიანი არჩევნების წინაპირობა ქვეყანაში. ჩვენი ამოცანა და თვითმიზანი არ არის არც რევოლუცია და არც ხელისუფლების დამხობა, რითაც „ქართული ოცნება“ აშინებს ხალხს, ჩვენი სურვილია მშვიდობიანი ცვლილებები. მშვიდობა არა მტერთან თანამშრომლობის ხარჯზე, არამედ _ ნატოთი და ევროკავშირით განმტკიცებული.
რეალურად, ლავროვი და გავრილოვი არის „ქართული ოცნება“. რა არის „ქართული ოცნება“? _ ლავროვმა გაქოს და გავრილოვმა გაქოს ეს არის ქართული ოცნება? ან „ხალხის ძალა“ ვინ არის, _ ФСБ-ს ნარატივების გამავრცელებელი? არ აჰყვეთ რუსულ ფოჩიან კანფეტებს! მინდა ვუთხრა მოსახლეობას: ჩვენ გვჭირდება უსაფრთხოება, მაგრამ ეს უსაფრთხოება მიიღწევა მხოლოდ ნატოსა და ევროკავშირში.
_ გაქვთ თუ არა მოლაპარაკებები სხვა ოპოზიციურ პარტიებთან? რას უპასუხებთ იმ პარტიებს, რომლებიც აცხადებენ, რომ ვერ ხედავენ მიზეზს, რის გამოც უნდა დადგნენ თქვენ გვერდით?
_ იმ ძალებთან, რომლებსაც პირველი ემოცია ჰქონდათ, უჩვენოდ როგორ დაიწყეთო, დავძლევთ წინააღმდეგობას. ვინც ნამდვილ ოპოზიციონერად მიიჩნევს თავს, 24 თებერვალს იქნება ჩვენთან ერთად, საქართველოსთან ერთად. ეს არ არის ჩვენი აქცია, ეს არის უკრაინის მხარდამჭერი და საქართველოს თავისუფლების მხარდამჭერი აქცია, ხოლო პოლიტიკოსს, რომელიც ამბობს, რომ მე არ შემიძლია თუნდაც ჩემს კონკურენტთან ერთად გავიდე საქართველოს მხარდამჭერ აქციაზე, მომავალი არ აქვს ქართულ პოლიტიკაში. სულ მინდა გავიხსენო მერაბ კოსტავას სიტყვები: „თქვენ მოესწრებით დროს, როცა საქართველო თავისუფალი იქნება, მაგრამ თუ შეწყვეტთ ბრძოლას საქართველოს თავისუფლებისთვის, მის დასაცავად, დადგება საფრთხე, რომ დავკარგოთ იგი“. და კიდევ: „ჩვენ უნდა ავმაღლდეთ ვიწრო პარტიულ ინტერესებზე ერთი დიდი იდეისთვის, ერთი დიდი პარტიისთვის, რასაც საქართველო ჰქვია“. თუ ამას ვერ იაზრებენ ოპოზიციური პარტიები, მერე ასეთ პარტიებსა და ასეთ ადამიანებს ხალხი გამოუტანს განაჩენს. სწორედ ამიტომ არ ვართ ჩვენ წინა პლანზე, არა იმიტომ, რომ პასუხისმგებლობის გვეშინია, არამედ იმიტომ, ასეთი ვიწროპარტიული ხედვების ადამიანები არ დაკომპლექსდნენ. ამიტომ ვამბობ, რომ ჩვენ მხოლოდ ბრძოლაში ვიდგებით ავანგარდზე, სხვა შემთხვევაში კი ტრიბუნა არის ხალხის.
_ მიხეილ სააკაშვილის თემა კვლავ მწვავედ დგას ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში. ალბათ თვალს ადევნებთ იმ პროცესებს, რაც ახლა ხდება. მას შემდეგ, რაც სასამართლოს, ფაქტობრივად, უკან დასახევი გზა აღარ აქვს, იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ გადაწყვიტა, რომ უცხოელი ექსპერტების მიერ მომზადებულ ექსპერტიზებს თავად ჩაუტაროს ექსპერტიზა, _ როგორია თქვენი შეფასებები?
_ რატი ბრეგაძე იუსტიციის მინისტრი არანაირად არ არის. რასაც ამბობდა ირაკლი კობახიძე სააკაშვილზე, მან გაათეთრა ეს საკითხები. პატივცემულ ბრეგაძეს დავუსვამ კითხვას, _ თუ კარგადაა სააკაშვილი და ამერიკელი ნობელის ლაურეატი ექიმი შეცდა, ასევე შეცდა ამერიკელი ტოქსიკოლოგი, ტრავმატოლოგი, შეცდა ფსიქოლოგი, მაშინ რატომ არ აძლევენ სააკაშვილს უფლებას, რომ ერთი კილომეტრი გაიაროს „ვივამედის“ კლინიკიდან სასამართლომდე? რატომ არ აძლევენ უფლებას 68-კილოიან სააკაშვილს, თუ მას კახექსია არ აქვს, თუ მოწამლული არ არის, რატომ არ გაგზავნეს სისხლი ევროპის კლინიკებში? თუ ტრავმები არ აქვს მიღებული, რატომ არ გამოაქვეყნეს ვიდეოები, სადაც სააკაშვილს დაზიანებები აღენიშნება? თუ დემენცია არ არის, რატომ არ მოიყვანეს სხვა დასავლელი ექსპერტი და რატომ არ ჩაატარეს ალტერნატიული ექსპერტიზა? დემენციაც, დარიშხანით მოწამვლაც და ტრავმები იძლევა საფუძველს, რომ დღესვე გადაიყვანონ სააკაშვილი სამკურნალოდ, რადგან ევროპაში არავინ კლავს პრეზიდენტს პოლიტიკური მოტივით. ამიტომ თუ ვინმე ეღობება ევროპულ ინტეგრაციას, ეს არის „ქართული ოცნება“.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლების ბიზნესები, შემოსავლები, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილის ბიზნესები დაკავშირებულია რუსეთთან, ამის გამო მას შეუზღუდეს ოპერირება თავის ფინანსებზე. „ოცნებამ“ კარგად იცის, რომ ავტოკრატია გადარჩება არა ევროპაში, არამედ რუსულ ჭაობში. ფულისა და ძალაუფლების შესანარჩუნებლად სწირავენ საქართველოს.
_ განიხილავთ თუ არა სააკაშვილის ციხიდან დახსნის ვარიანტებს?
_ ჩვენ გვაქვს ძალიან მარტივი პასუხი და ასევე სწორი მექანიზმი. ევროპაში ინტეგრაცია გვინდა? _ გამოვიდეთ ქუჩაში და ვანახოთ მსოფლიოს, რომ საქართველო ჩვენია, ბევრი უნდა ვიყოთ და ერთად დავდგეთ. სააკაშვილის გამოხსნა გვინდა? _ უნდა ვიყოთ ბევრი! ეს არის წამალი. როცა ივანიშვილი დაინახავს, რომ ერთად ვართ, კომპრომისზე წამოსვლას დაიწყებს ხელისუფლება. მეგობრებო, არ დაკომპლექსდეთ, ყოველთვის არის ისე, რომ ვიღაცას შეიძლება ვიღაცა არ მოსწონდეს, არც მე მომწონს ძალიან ბევრი ადამიანი, მაგრამ ეს ხდება საქართველოსთვის. მე უფლება არ მაქვს, განზე გავდგე, ამიტომ გამოსავალი ერთიანობაშია.
_ რუსეთთან შესაძლო საჰაერო მიმოსვლის აღდგენაზე მინდა გკითხოთ, _ არის თუ არა ეს რაიმე საფრთხის შემცველი დღევანდელი გადმოსახედიდან?
_ არ უნდა შევხედოთ ამას უბრალოდ, თვითმფრინავი აფრინდა და ჩამოფრინდა. შეგვიზღუდეს ფრენები რუსეთიდან, დაგვიწესეს სანქციები იმის გამო, რომ საქართველომ თქვა, თავისუფლება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რუსეთიდან მომდინარე ე. წ კომფორტი. შეგვიზღუდეს ფრენა ღირსებისა და თავისუფლების გამო, გავრილოვის გამო და გვიბრუნებენ ამას, როგორც საჩუქარს, _ რატომ? რისთვის აკეთებენ ამას? საქართველოს ინტერესებისთვის? არა, ამას აკეთებენ იმიტომ, რომ საქართველო დაადგა ღალატის გზას. ესაა საჩუქარი იმ ღალატისთვის, ევროპულ კურსზე უარის თქმისთვის, ანტიდასავლური კამპანიისთვის. მაგალითად, საწვავი, 10 პროცენტი იყო რუსეთის წილი დღეს 90 პროცენტია; ხორბლისა და სასურსათო უსაფრთხოების ნაწილში გაზრდილია რუსეთის წილები. „ოცნებას“ პასუხი აქვს, _ რუსმა გვითხრა, რომ 3 თეთრით იაფია საწვავი და რამდენიმე თეთრით იაფია ხორბალიო. მე დავსვი კითხვა, _ რამდენი თეთრი ღირს თავისუფლება? ვეკითხები ყველა ადამიანს, ვინც ამბობს, რომ რუსეთი გვჭირდება, _ რამდენი თეთრი ღირს თავისუფლება?
_ აღნიშნულზე ანდრეი კასიანოვმა გააკეთა განცხადება, რომ შესაძლოა, უკრაინის მოქალაქეების ევაკუაცია გახდეს საჭირო და გაიყვანონ ქვეყნიდან, _ ამის შესახებ რა შეფასება შეგიძლიათ გააკეთოთ?
_ ჩვენ ყველა დიდ შეცდომას ვუშვებთ, როცა უკრაინელი პოლიტიკოსების განცხადებას საქართველოს გადასახედიდან ვაფასებთ. ვსხედვართ თბილ კაბინეტებში და იქიდან ვდემაგოგობთ, უკრაინელი პოლიტიკოსი კი აკეთებს განცხადებას საშინელ პირობებში: როცა ახლობლები მოუკლეს, ყოველდღე ხოცავენ ხალხს და უბომბავენ საცხოვრებელ სახლებს, როცა პატარები იღუპებიან ყოველდღე. მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა სხვაა, ვიდრე გაზულუქებული „ქართული ოცნების“ ჩინოვნიკისა და თბილ ღუმელებთან მსხდომი ადამიანების. ასე რომ, გაგებით თუ რამეს უნდა მოვეკიდოთ, სწორედ ასეთ განცხადებებს. ჩვენი გადასახედიდან შეიძლება პოლიტიკურად მოტივირებულია, მაგრამ ამის უკანაა ის რეალობა, რაც უკრაინაშია. თუკი პუტინი, გავრილოვი გაქებს, თუ მტერი აქებს შენს მეგობარს, შენ ეჭვები გაგიჩნდება მეგობრის მიმართ. აბსოლუტურად გაგებით ვეკიდები კასიანოვის განცხადებას.
_ ენმ-ს თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატი, ლევან ხაბეიშვილი, მისი გამარჯვების შემთხვევაში, ფაქტობრივად, რევოლუციას აანონსებს. რამდენად განხორციელებადია ეს დღეს და ამ შემთხვევაში, გადაიტანს თუ არა ქვეყანა კიდევ ერთ რევოლუციას?
_ კარგად ვიცნობ ლევან ხაბეიშვილს, წლების მანძილზე ერთ პარტიას წარმოვადგენდით და ის ძალიან აქტიური ადამიანია, უკომპრომისო მებრძოლია. მაგრამ ეს პათოსი, რომ მე ამირჩიეთ და რევოლუციას მოვაწყობო, ხელისუფლებამ ანტიპროპაგანდისთვის გამოიყენა. რევოლუციურ პირობებს ქმნის ხელისუფლება, შემდეგ რევოლუციას აწყობს ხალხი. რევოლუციის დაანონსება არასწორია. რევოლუცია მოაქვს პროცესს. მე არაერთხელ მისაუბრია ლევანთან და ის გულისხმობს მშვიდობიან ცვლილებებს.
_ ხელისუფლების განცხადებები ევროპარლამენტარების, ყოფილ თუ მოქმედ კონგრესმენებთან მიმართებით არის ცინიკური და დამცინავი, _ ეს ყველაფერი როგორ აისახება სამომავლოდ ჩვენს ქვეყანაზე?
_ „კოკასა შიგან რაცა დგას იგივე წარმოსდინდების“. სინამდვილეში, რასაც ივანიშვილი ფიქრობს, იმას ალაპარაკებენ იმ ე. წ. დავალებათა ჯგუფს, სოზარის ჯგუფს ანტიქართული რიტორიკით. ეს არაა მხოლოდ რიტორიკა, ამის უკან დგას კონკრეტული ქმედებები. ისინი ცდილობენ, რომ როცა ქვეყანას კანდიდატის სტატუსის დაკარგვის წინაშე დააყენებენ, პასუხი კი არ მოვთხოვოთ იმისთვის, რომ ისტორიული შანსი დავკარგეთ, ისინი ცდილობენ, ხალხს დასავლეთში დაანახონ მტერი: დასავლეთს ომი უნდა, დანგრევა უნდა, როცა პირიქითაა, _ რუსეთი 200 წლის მანძილზე ცდილობდა ჩვენი მამულის, ენის, სარწმუნოების განადგურებას და ამ დროს შეგვიცვალეს პარადიგმა და დაიწყეს იმავეს საუბარი დასავლეთზე. ამას არ აჰყვებიან ჩვენი მოქალაქეები. ყველამ კარგად იცის, რომ რუსეთს ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული. როგორც კი უკრაინა მიაღწევს ფრონტზე წარმატებას და სანქციები გაძლიერდება, ამაში უნდა ჩაერთოს მისი აღმატებულება საქართველოს მოქალაქე, რადგან ჩვენს გასაკეთებელს ვერც უკრაინა გააკეთებს და ვერც ევროპის სანქციები. ჩვენ უნდა მოვთხოვოთ პასუხი ხელისუფლებას, რომელიც ღალატის გზას დაადგა და ისტორიულ შანსს აკარგვინებს ქვეყანას. ამიტომ გვესმის ეს განცხადებები, მათი ღალატის ფსიქოლოგია და სულისკვეთებაა ეს. ისინი მზად არიან კომფორტისთვის, დანამატისთვის, ტენდერებისთვის, ფულისთვის გაყიდონ სული, მაგრამ ჩვენ მათ ამის უფლება არ უნდა მივცეთ.
_ თქვენ ახსენეთ სანქციები, რამდენიმე დღის წინ ჩვენ გავეცანით ბიძინა ივანიშვილის წერილს, სადაც გარკვევითაა ნათქვამი, რომ ივანიშვილს იმდენად ადარდებს ფინანსები და კეთილდღეობა, რომ შესაძლოა, გარკვეული სახის დათმობებზე წავიდეს, ანუ გააკეთოს ის, რასაც მას მოსთხოვს ევროპული მხარე. გაქვთ თუ არა მოლოდინი, რომ ეს ზეწოლა დადებით შედეგს გამოიღებს ქართულ პოლიტიკასთან მიმართებით?
_ მე სულ ამ კუთხით ვხედავ საკითხს. ფაქტია, მას შეეზღუდა წვდომა. ევროპულ რეზოლუციას ჩალის ფასი აქვსო, ამბობდნენ და მინიმუმ ნახევარი მილიონი დოლარი დაუჯდა ივანიშვილს ეს რეზოლუცია. ახლა ამბობენ, ამ რეზოლუციიდან გამომდინარე შეუზღუდა ბანკმა „კრედიტ სუისმა“ წვდომა ივანიშვილსო. მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ მარტო შვეიცარიის ბანკი არ არის, ასევე შეუზღუდა წვდომა „ტრასმა“, რომელიც დაკავშირებული იყო სინგაპურთან. ფაქტობრივად, მთელ მსოფლიოში მოიძიეს ივანიშვილის ფინანსური რესურსები.
„ქართულ ოცნებას“ თუ დასავლეთთან უნდოდა ვაჭრობა, მაშინ ეს შეეძლოთ არაფორმალური არხებით ეცნობებინათ დასავლეთისთვის. მაგრამ ვფიქრობ, რომ ამას სხვა მიზანი აქვს _ მათი მიზანია პუტინის გულის მოგება, რომ უთხრან, _ ნახეთ, ფინანსებიც დავკარგეთ, ყველაფერი დავკარგეთ, ერთგულები ვართო. ამას აქვს ორი ახსნა: 1. არსებობს გარკვეული კომპრომატები მათ წინააღმდეგ; 2. ივანიშვილს ეშინია ფიზიკური განადგურების. ვფიქრობ, ერთი არჩევანია ფინანსების დაკარგვა, მეორე _ პოლონიუმი. ამიტომ პოლონიუმს ამჯობინა ფინანსების დაკარგვა. ესეც უნდა განვიხილოთ როცა „ქართული ოცნების“ ღალატის მოტივებზე ვსაუბრობთ.