QronikaPlus
რა კორუფციული ხვრელები იმალება მასწავლებლის საქმიანობის შეფასების ახალ დოკუმენტში?

რა კორუფციული ხვრელები იმალება მასწავლებლის საქმიანობის შეფასების ახალ დოკუმენტში?

2023-01-07 17:34:05

თამარ როსტიაშვილი

ერთი თვის წინ განათლების სამინისტრომ პედაგოგებს განსახილველად დაუგზავნა მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის შეფასების დოკუმენტი, სადაც ერთ-ერთ მიმართულებად აღნიშნულია განათლების სფეროში სიახლეების ძიება, მათი პრაქტიკაში დანერგვა და გაზიარება. აქ იმაზეა საუბარი, რომ მასწავლებელი უნდა იცნობდეს თანამედროვე საგანმანათლებლო ლიტერატურას, პროფესიულ კვლევებსა და იყენებდეს მათ საკუთარი და კოლეგების პედაგოგიური პრაქტიკის გასაუმჯობესებლად. ეს იმას ნიშნავს, რომ მასწავლებებლმა უნდა წარმოადგინოს მთელი რიგი კომპეტენციები და მტკიცებულებები, სადაც ზოგადი განათლების სფეროში ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე მიმდინარე საგანმანათლებლო სიახლეები, ინოვაციების დანერგვისა და განხორციელების დამადასტურებელი მასალაა წარმოდგენილი!

მკითხველისთვის უფრო გასაგები რომ გახდეს, თუ კონკრეტულად რას ეხება საკითხი, მას პუნქტობრივად ჩამოვაყალიბებთ. აი, რას სთხოვს განათლების სამინისტრო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მენტორ და წამყვან პედაგოგებს:
პირველი _ თანამედროვე პროფესიული ლიტერატურის ცოდნას;
მეორე _ ეროვნული საგანმანალებლო კვლევებისა და სიახლეების ცოდნას;
მესამე _ საერთაშორისო საგანმანათებლო კვლევების, ინოვაციების განხორციელებასა და დანერგვას.
საიდან უნდა მოიტანოს პედაგოგმა საერთაშორისო კვლევები და განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეები, რომელიც სისტემატურად უნდა ქვეყნდებოდეს სპეციალურ გამოცემებში, ჟურნალებში, სფეროს გაზეთებში? თუნდაც ერთი ასეთი ინსტიტუცია ხომ უნდა არსებობდეს? მასწავლებელი, რომელსაც ასეთ მოთხოვნებს უყენებს განათლების სამინისტრო, ღირებული რამე რომ ნახოს, მაგალითად, ინოვაციური კვლევა ყველასთვის ხელმისაწვდომ ციფრულ ფორმატში, ანუ ინტერნეტით, ამისთვის უნდა დარეგისტრირდეს საიტზე და გადაიხადოს გარკვეული თანხა. მარტივად რომ ვთქვათ, გახდეს გამომწერი, რომ ესა თუ ის საგანმანათლებლო ბმული მისთვის ხელმისაწვდომი გახდეს. ხოლო ვინაიდან აქ საუბარია საერთაშორისო დონეზე სიახლეებისა და ინოვაციების გაცნობაზე, გადასახადი ან ევროებით არის, ანდა დოლარებით, გააჩნია გეოლოკაციას. როგორც ჩანს, განათლების სამინისტრომ აღნიშნული მოდელი აიღო ევროპული განათლების სისტემიდან, მაგრამ, რატომღაც, გამორჩა, რომ დასავლეთის ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში _ როგორც კერძო, ისე სახელმწიფოში _ სკოლებში გამოყოფილია ბიუჯეტი, სადაც სკოლა იძენს ყველა გამოცემას, წიგნებს, ჟურნალს, გაზეთს და სადაც ეს სიახლეები თუ ინოვაციები მუდმივ რეჟიმში შუქდება. ამისთვის სპეციალური ბიბლიოთეკებია შექმნილი და პედაგოგები ვალდებულები არიან, ისარგებლონ ამით, ვინაიდან სკოლა ამისთვის ბიუჯეტს გამოყოფს,
რა ხდება საქართველოში? _ მსგავსი არაფერი! ჩვენთან არ არსებობს არც გამოცემა, არც პუბლისცისტიკა ქართულ ენაზე. რომც არსებობდეს, სახელმწიფო ეუბნება ისედაც მწირი ხელფასის მქონე მასწავლებელს, რომ წადი, შენ თვითონ მოიპოვე ეს მეცნიერული სიახლეები, გინდა იყიდე, გინდა გამოიწერე, მაგრამ მინისტრის მიერ დამტკიცებული სტანდარტი შეასრულეო.
ბიბლიოთეკები, რა თქმა უნდა, არსებობს ქართულ სკოლებში, მაგრამ არ არსებობს თანხები, რომ შეიძინონ მასწავლებელთათვის საჭირო მეთოდური ლიტერატურა, გამოიწერონ ჟურნალ-გაზეთები, თუნდაც უცხოური. ჩვენს ქვეყანაში გამოდის ერთეული გამოცემები, მაგრამ არა სახელმწიფო. როდესაც განათლების სამინისტრო პედაგოგისგან მსოფლო განათლების სისტემაში მიმდინარე ინოვაციების ცოდნას ითხოვს და არ აქვს გაწერილი აღსრულების მექანიზმები _ ეს ცინიზმის უმაღლესი საფეხურია.
ქართველი ექსპერტების აზრით, განათლების სამინისტროს უფლება არ აქვს, მსგავსი მოთხოვნები წამოუყენოს პედაგოგებს, მაშინ როდესაც ქვეყანაში არ არსებობს ინოვაციის ცენტრი. უფრო სწორედ, იყო და დახურეს. ინოვაციის ცენტრი განათლების სამინისტრომ წლების წინათ გააუქმა, რომელიც აუცილებელ სტრუქტურას წარმოადგენდა განათლების სფეროში. დღეს აღნიშნულ უწყებას წარმოდგენაც არ აქვს, რა ინოვაცია უნდა დანერგოს ერთმა პედაგოგმა ანდა თუნდაც რამდნიმემ, როდესაც ბევრმა ინოვაციის სრულყოფილი მნიშვნელობაც არ იცის.
სხვა საკითხია, რომ მინისტრის მიერ ხელმოწერილ სტანდარტში გაწერილი დებულებები არც ერთი პედაგოგის სამსახურებრივ მოვალეობას არ შეადგენს. მათი ძირითადი მოვალეობა არის სასწავლო პროცესის წარმართვა და მოსწავლეების აღზრდა სამინისტროს მიერ გაწერილი პროგრამით. რა ინოვაციების დანერგვა! თან კოლეგებისთვისაც… ანუ ინოვაციებს რომ გაეცნობი, შემდეგ ეს კოლეგებში უნდა გააზიარო და ერთად, კოლექტიურად განახორციელო, რაც მათ პროფესიულ ზრდას შეუწყობს ხელს.
როდესაც საქართველოში ინოვაციის ცენტრი არსებობდა, იქ დეტალურად იყო გაწერილი სამოქმედო გეგმა და ასევე ის, რომ ნებისმიერ ინოვაციას სჭირდება სახელმწიფო კონტროლი. პედაგოგს ბავშვებთან აქვს კონტაქტი და მოწყვლადი თაობისთვის ნებისმიერი ინოვაცია შეიძლება იქცეს დეგრადაციად. დანერგვამდე ინოვაციას უნდა შემოწმება და შეფასება, მთელი რიგი საფეხურების გავლა. არა ის, რომ ბომბივით შეუგდო ბავშვებს.
ყველაზე ცუდი ის არის, რომ ეს პუნქტები განათლების სამინისტროს სტანდარტებში აქვს შეტანილი, რაც უკვე ავალდებულებს პედაგოგს მის შესრულებას. რა უნდა ქნას მასწავლებელმა ამ დროს _ დაანებოს სამსახურს თავი და ინოვაციების ძიებას მიჰყოს ხელი? თუნდა ერთი ინოვაციის მოძიებას ხომ თანხები სჭირდება და საიდან უნდა მოიტანოს პედაგოგმა ეს თანხები? სახელმწიფო სტრუქტურა მას უყენებს მოთხოვნებს და არ აქვს გაწრილი მათი შესრულების მექანიზმები. რაც მთავარია, ინოვაციების შექმნისა და დანერგვის ხარჯები არც სკოლის და არც სახელმწიფოს ბიუჯეტში არ დევს.
ამ სტანდარტის შესრულება მხოლოდ მენტორ-მასწავლებელს ევალება. კერძოდ, იგი კარგად უნდა იცნობდეს თანამედროვე საგანმანათლებლო ლიტერატურას და საერთაშორისო კვლევებს, რათა ეს ცოდნა დანერგოს სკოლის დონეზე და მიღებული გამოცდილება მერე გააზიაროს რეგიონულ-ეროვნული მასშტაბით. როგორ? რეგიონის სკოლებში იაროს და იქ ატაროს ტრენინგები? თავის მოსწავლეებს რა უყოს? აქაც ფინანსურ საკითხებამდე მივდივართ _ საიდან უნდა მოიტანოს თანხები მენტორმა, რომ ელემენტარულად ქვეყნის მასშტაბით გადაადგილდეს? ცალკე საკითხია, რომ მას ამისთვის მოუწევს თავისი ძირითადი საქმიანობის, ანუ მასწავლებლის სამსახურის დატოვება, ფასიანი შვებულების აღება ანდა _ უხელფასო მივლინების. განათლების სამინისტროს არ აწყენდა იმის შეხსენება, რომ შრომითი ურთიერთობები რეგულირდება საკანონმდებლო დონეზე. დავუშვათ, მოგვარდა დაფინანსების საკითხი, მაგრამ განაცდურ საათებს ბავშვებს ვინ აუნაზღაურებს? მენტორი მასწავლებელი არის უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე და იმდენი მენტორი არ გვყავს საქართველოში, რომ მას ისევ მენტორი ჩაუნაცვლო.
ექსპერტების აზრით, ამ სტანდარტებს განათლების მინისტრი რომ ადგენს, ეს უკვე დიდი შეცდომაა. არც ერთი სტანდარტი განათლების მინისტრის ბრძანებით არ უნდა მტკიცდებოდეს. მას საქართველოს პარლამენტი უნდა იღებდეს.
განათლების მინისიტრის მიერ დამტკიცებულ სტანდარტებში მეოთხე მიმართულებად გაწერილია, რომ მენტორმა პედაგოგმა არა მარტო საკუთარ თავზე უნდა იზრუნოს, არამედ კოლეგების პროფესიულ განვითარებასაც უნდა მიხედოს! არადა, ეს მასწავლებელს არ ევალება. ევალება მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოს _ ზრუნვა პედაგოგთა პროფესიულ ზრდასა და განვითარებაზე. იმიტომ, რომ აქ ტრენინგებზეა საუბარი, რომელსაც კოლეგებს ნამდვილად ვერ განუსაზღვრავს მენტორი _ ის არც უფროსია და არც ჯგუფის ხელმძღვანელი. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ განათლების სამინისტომ შეიმუშავა ფინანსების ეკონომიისა და ბიუჯეტის დაზოგვის გენიალური სქემა _ მენტორ და წამყვან მასწავლებლებს სხვა მასწავლებლები მოამზადებინონ უფასოდ. იმ სამარცხვინო ხელფასს, რასაც სახელმწიფო აძლევს მენტორ პედაგოგებს, ახალი ვალდებულება დაამატა.
„ქრონიკა+“ ცალკე პუბლიკაციას დაუთმობს მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის შეფასების პროცესის აღწერილობას, სადაც პირდაპირ არის ჩადებული კორუფციული ხვრელები. საუბარია პედაგოგთათვის სტატუსის ამაღლებაზე, რაც პირდაპირ კავშირშია სახელფასო დანამატთან. ე. ი. მასწავლებელი რომ მოემზადება, მან წერილობით უნდა მიმართოს დირექტორს პრაქტიკული საქმიანობის შეფასების შესახებ. დირექტორმა უნდა უშუამდგომლოს მას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან. ამის შემდეგ სკოლის დირექტორმა წერილობით უნდა წარადგინოს წინადადება განათლების მართვის ელექტრონულ სისტემაში. ამით დირექტორი ადასტურებს, რომ ეთანხმება კანდიდატ პედაგოგს სტატუსის ამაღლებაში. წამოვა საჩივრების ახალი ტალღა _ ვიღაცას მისცა თანხმობა დირექტორმა, ვიღაცას _ არა! მთელი რიგი დოკუმენტები უნდა ჩაიდოს პორტფოლიოში. ახალ სტანდარტამდე პედაგოგების კვალიფიკაციის ამაღლებისთვის ყველაფერს აკეთებდნენ ექსპერტები და პედაგოგი ამაში იხდიდა ფულს. ახლა რა შეიცვლება _ ამ პორტფოლიოში ვერ გადაიხდიან ფულს?! რა თქმა უნდა, გადაიხდიან, თუმცა უფრო მაღალ დონეზე.

გაზიარება