QronikaPlus
რა დრო დასჭირდება მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის დასრულებას?

რა დრო დასჭირდება მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის დასრულებას?

2022-12-19 17:02:12

გიგა გელხვიიძე

საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა იმდენად დამძიმდა, რომ ახლობელი ადამიანებისა და უფლებადამცველების თქმით, რომლებსაც მისი მონახულების საშუალება ყველაზე ხშირად შეუძლიათ, ის დამოუკიდებლად რამდენიმე ნაბიჯსაც ვერ დგამს და, ფაქტობრივად, სრულიად უკონტაქტოა.

სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმაზე მძიმეა, ვიდრე ამას ვარაუდობდნენ თუნდაც ის ადამიანები, რომლებიც მისდამი ნდობით ან კეთილგანწყობით არ გამოირჩევიან. აღნიშნულს ადასტურებს სამედიცინო დასკვნებიც, რომლებიც უცხოელმა და ქართველმა ექსპერტებმა მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის კვლევების შემდგომ დადეს.
სწორედ აღნიშნული კვლევების საფუძველზე გახდა შესაძლებელი, რომ სააკაშვილის დაცვის მხარემ თბილისის საქალაქო სასამართლოში შეიტანა შუამდგომლობა სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან მისი სულაც განთავისუფლების თაობაზე. პროცესი 2022 წლის 9 დეკემბერს იყო ჩანიშნული, თუმცა სხდომის დაწყებიდან რამდენიმე წუთში ცნობილი გახდა, რომ სასამართლო ხუთი დღით, ანუ 14 დეკემბრისთვის გადაიდო.
პროცესამდე რამდენიმე დღით ადრე გამოქვეყნდა მიხეილ სააკაშვილის ხელნაწერი, სადაც ის მიმართავდა სასამართლოს, რომ სურდა პროცესს დასწრებოდა და ჩვენებაც მიეცა. თუ წერილს დახედავთ, შეუიარაღებელი თვალითაც ადვილად მიხვდებით, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მართლაც მძიმეა, უფრო კონკრეტულად კი წერილში, ფაქტობრივად, შეუძლებელია, დიდხნიანი დაკვირვების გარეშე გაარჩიო, რას წერს ავტორი, რადგანაც კალიგრაფია ძალზე არეული და არამკაფიოა.
„მე ცუდად ვარ, მაგრამ ხვალ მსურს იმ სასამართლოზე დასწრება, რომელიც ჩემი სიკვდილ-სიცოცხლის საკითხს წყვეტს. მადლობა ყველას, მიყვარხართ“.
მიხეილ სააკაშვილის პროცესზე დასწრება ვერ მოხერხდა. კლინიკა „ვივამედმა“ ამჯერადაც წარადგინა ცნობა იმის შესახებ, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდომარეობა მისი ტრანსპორტირების საშუალებას არ იძლეოდა. აღნიშნულის შემდგომ დღის წესრიგში დადგა პროცესში მისი დისტანციურად მონაწილეობა, თუმცა აღმოჩნდა, რომ პრობლემები ამ ნაწილშიც არსებობდა, რის გამოც პროცესის აუცილებლად გადადება გახდა საჭირო. თუმცა ტექნიკური ხარვეზის გამოსასწორებლად, როგორც აღმოჩნდა, საჭიროა, არც მეტი-არც ნაკლები, ხუთი სამუშაო დღე.
სააკაშვილის პროცესის გადადებამ და ისევ გაურკვევლობამ უკმაყოფილება გამოიწვია მის მომხრეებში, რომლებიც 9 დეკემბერს სასამართლოს ეზოში იყვნენ შეკრებილები ან თავიანთ სახლებში ელოდებოდნენ გადაწყვეტილებას, რომელიც, მათი შეფასებით, რეალურად ბიძინა ივანიშვილს უნდა მიეღო და არა _ მოსამართლე გიორგი არევაძეს.

რა ბედი ელის სააკაშვილს? გადაარჩენს თუ არა მას ქართული მართლმსაჯულება და გადაიყვანს საზღვარგარეთ სამკურნალოდ? _ ამ თემების შესახებ და იურიდიული საკითხების დეტალურად და სიღრმისეულად გასარკვევად „ქრონიკა+“ მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთ უფლებადამცველს, ადვოკატ ვალერი გელბახიანს ესაუბრა:

_ ბატონო ვალერი, მიხეილ სააკაშვილის 9 დეკემბრის სასამართლო პროცესი რომ შეგვიფასოთ, პირველ რიგში, რამდენად სწორი იყო მისი გადადება და შესაძლებელი იყო თუ არა, რომ გადაწყვეტილება მის გადაყვანასთან დაკავშირებით პირველივე სხდომაზე ყოფილიყო მიღებული?
_ პროცესის გადადება ახალი შემთხვევა არ არის. ვინც არ აკვირდება სასამართლო პროცესებს, მისთვის შეიძლება მოულოდნელი იყოს ეს ყველაფერი. იმდენად, რამდენადაც ძალიან ტირაჟირებული საქმეა და დიდია ინტერესი როგორც ქართული, ისე საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან, ბუნებრივია, როდესაც გაცხადდა გადადება, ეს მოულოდნელი აღმოჩნდა ყველასთვის, თუმცა ის, რომ პროცესი გადაიდებოდა, ვიცოდით.
_ რატომ? რა გიქმნიდათ ამ მოლოდინს?
_ ორი მიზეზი აქვს ამ ყველაფერს: 1. ტექნიკურ-ორგანიზაციული; 2. ახალი მტკიცებულებების წარდგენა.
_ უფრო რომ განვუმარტოთ მკითხველს, ვინაიდან ამ პროცესის გადადებამ გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია საზოგადოებაში.
_ როდესც სასამართლოს წარედგინება ახალი მტკიცებულება, მხარეს ეძლევა დრო, გაეცნოს ახალ მტკიცებულებას და ჩამოაყალიბოს თავისი პოზიციები. ამიტომაც საქმეს, რომელიც შეტანილი იყო ერთი კვირის წინ და მოიცავდა 16 ტომს, ახლა კიდევ დაემატა ახალი 4 ტომი დამატებითი მტკიცებულებების სახით. ბუნებრივია, არც მოსამართლე იცნობს ამ ოთხ ტომს, არც პენიტენციური დაწესებულების წარმომადგენლები და ყველა შემთხვევაში, ასეთ დროს, კანონი ითხოვს, რომ მიეცეს გონივრული ვადა მხარეს, რათა გაეცნოს ახალ მტკიცებულებას და ჩამოაყალიბოს თავისი პოზიცია. პროცესის გადადების მეორე პრობლემა იყო ტექნიკურ-ორგანიზაციული მიზეზი, ვინაიდან სააკაშვილს სურდა მონაწილეობა მიეღო და დასწრებოდა ამ პროცესს, მაგრამ სამედიცინო პერსონალის რეკომენდაციით, მისი გადაადგილება იწვევდა გარკვეულ რისკებს, ამიტომაც მას უარი ეთქვა. შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა დისტანციური მოწყობილობით სასამართლოზე დასწრება და მონაწილეობის ასე მიღება.
_ სწორედ ამ ნაწილში ჩნდებოდა კითხვები. რამდენად რთულია მსგავსი ჩართულობა დღეს სასამართლო პროცესში, რომ ხუთდღიანი მოსამზადებელი ვადა სჭირდება მას?
_ კლინიკა „ვივამედს“ მართლაც არ გააჩნია მსგავსი სისტემა, ეს აქვს მხოლოდ და მხოლოდ პენიტენციურ დაწესებულებებს. პანდემიის დროს, როდესაც ვერ გამოჰყავდათ პატიმრები, მაშინ მიიღეს სპეციალური სამართლებრივი აქტები იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლოს ტექნიკური მოწყობილობა და პენიტენციური დაწესებულების ტქნიკური მოწყობილობა სისტემაში შესულიყო ერთმანეთთან და პატიმრის დაკითხვა და პროცესში მონაწილეობა ამის დახმარებით განხორციელებულიყო. ამიტომ სხვა ინსტიტუციებსა და დაწესებულებებში ამის დამონტაჟების შესაძლებლობა მაშინაც არ იდგა დღის წესრიგში და არც ახლა დგას. აქედან გამომდინარე, ვინაიდან მოლოდინი იყო, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა დასწრებოდა სხდომას, ტექნიკური ჩართვის საკითხი არ იდგა დღის წესრიგში და როცა უკვე გაირკვა, რომ ვერ ცხადდებოდა პროცესზე, დადგა საკითხი, რომ მომხდარიყო ჩართვა, მაგრამ გაუმართავი სისტემის გამო ჩართვა გადაიდო. ახლა მომზადდება ამის პირობები და 14 რიცხვისთვის, როდესაც მომდევნო სხდომაა ჩანიშნული, მაშინ ალბათ მიეცემა შესაძლებლობა, რომ ჩაერთოს. ეს ისეთი სტადიაა, რომ ის თავის მოსაზრებას იმ ნაწილში ჯერ ვერ დააფიქსირებს, რაც საბოლოო სიტყვაში უნდა ითქვას. საბოლოო სიტყვა ეს არის ეტაპი სასამართლო განხილვისას, როდესაც ამოწურულია მტკიცებულებების განხილვა-კვლევა, მათ შორის, მოწმეები და ექსპერტები დაკითხული არიან და ბოლოს სიტყვა ეძლევათ თავად პროცესის მონაწილე პირებს, რომ ჩამოაყალიბონ თავიანთი მოთხოვნები იმ მტკიცებულებების მითითებით და არგუმენტებით, რაც გამოყენებულ იქნა ამ მოთხოვნის საფუძვლად. ასე რომ, ჯერ შესავალ პოზიციას თუ დააფიქსირებს სააკაშვილი, თორემ წინ გველის საკითხის სასამართლო წესით განხილვა, რაც, რა თქმა უნდა, ერთ სასამართლო სხდომაში შეუძლებელია განხორციელდეს.
_ დაახლოებით რამდენი პროცესი იქნება საჭირო?
_ გააჩნია, რა ინტენსივობით იმუშავებს სასამართლო: იმუშავებს თუ არა ღამის საათებში, იმუშავებს თუ არა შაბათ-კვირას. 30 მოწმე არის დასაკითხი. რაც პრაქტიკა მახსოვს, ჯერ სამ მოწმეზე მეტი არასოდეს დაგვიკითხავს, რადგან ერთი მოწმის დაკითხვას სჭირდება საათ-ნახევარი _ ორი საათი. მთელი სამუშაო დღე მიაქვს მოწმეების დაკითხვას და აქ რაიმე ახალ ველოსიპედს ვერავინ გამოიგინებს. თუ მოწმე უნდა დაიკითხოს, უნდა დაიკითხოს დეტალურად. მოწმე იმიტომ იკითხება, რომ მისი მონაწილეობა, თუნდაც ერთი ფურცელი ჰქონდეს დაწერილი, ის დაადასტუროს. ამ ავთენტიკურობის შემდგომ არის კითხვები, რადგან ვერც ექსპერტი და ვერც სპეციალისტი ყველაფერს ვერ წერს კვლევისას, წერს იმას, რაც მიაჩნია აუცილებლად. მაგრამ არის დანარჩენი საკითხი, რომლებიც კითხვებს აჩენს. მე რომ მოვუსმინე სამთავრობო არხებზე განსხვავებული აზრის მქონე ექსპერტებს, მათ პირიქით, ისეთი არგუმენტები დადეს, რომელიც ამ დასკვნაში არ წერია, მაგრამ არის მათი ვარაუდი და ასეთი ვარაუდები, რა თქმა უნდა, ექნება პენიტენციურ სამსახურს, ასევე ექნება დამატებითი კითხვები, რაც წაიღებს დროს და ეს დრო არ იმუშავებს მიხეილ სააკაშვილის სასარგებლოდ, ამიტომაც ეს არის გასავლელი გზა.
_ არ არის რამე სახის გამონაკლისი შემთხვევა იმ მდგომარეობის გათვალისწინებით, რაც ახლა გვაქვს?
_ კი, არის გამონაკლისი გზა, რომელმაც შეიძლება დრო შეზღუდოს, ეს არის თავად სასამართლოს პოზიცია. თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ რამდენიმე მოწმის დაკითხვის შემდეგ საკმარისი მტკიცებულებები არის იმისთვის, რომ სასამართლოს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება, ის სთხოვს მხარეებს, რომ თუ მათ არ აქვთ რამე განსაკუთრებული მოთხოვნა, გამოთქვამს მზადყოფნას, ამ მტკიცებულებების საფუძველზეც შეუძლია გდაწყვეტილების მიღება. ასეთ შემთხვევაში აღარ გაგრძელდება პროცესი, მოიხსნება სხვა მტკიცებულებები, ასე ვთქვათ, განხილვის საკითხი, სასამართლო გავა გადაწყვეტილების გამოსატანად და გამოიტანს გადაწყვეტილებას, მაგრამ ისე, რომ არაფერი განიხილოს, მოუსმინის მარტო სააკაშვილს და გადაწყვეტილება მიიღოს, _ ეს არის ილუზია. ჩვენ ვუხსნით ყველას: სამართლებრივად უნდა განხორციელდეს ყველა პოზიცია, სხვა შემთხვევაში გაუქმდება თუნდაც ჩვენთვის სასარგებლო გადაწყვეტილება, ზემდგომი ინსტანცია გააუქმებს დარღვევების გამო და ეს რომ არ მოხდეს, უნდა განხორციელდეს სრულყოფილი ქმედებები და უნდა ჩატარდეს ყველა სახის პროცედურა.
_ თუ გავითვალისწინებთ იმ დიაგნოზებს, რომლებიც ამ დროისთვის გვაქვს ხელთ და სასამართლო ამას არ მიუდგება პოლიტიკური კუთხით, როგორი იქნება გადაწყვეტილება ასეთ შემთხვევაში? როგორია მოლოდინი?
_ სასამართლომ უნდა დაასაბუთოს ის, რასაც არ იზიარებს. სასამართლო არ იზიარებს, რომ მიხეილ სააკაშვილს აღმოაჩნდა დაუზუსტებელი დემენცია, რომელიც არის 2013 წლის ნორმატიული აქტის მეხუთე მუხლის შემადგენელი ნაწილი, ანუ ის ამბობს, რომ თუ ავადმყოფს ასეთი სახის და კატეგორიის ავადმყოფობა დაუდასტურდება, მაშინ ის უნდა გამოიყენონ იმის საფუძვლად, რომ განთავისუფლდეს საერთოდ სასჯელისგან. მოკლედ, თუ სასამართლოს ექნება პოზიცია, რომ კი წერია დასკვნაში დემენცია, მაგრამ ის არ ეთანხმება ამ ყველაფერს, მაშინ მან უნდა დაასაბუთოს, რატომ არ ეთანხმება. უნდა მოიტანოს სხვა კვლევის შედეგები, უნდა თქვას, რომ ამ კვლევის მიხედვით არ დასტურდება, სხვა კვლევის მიხედვით დასტურდება, ამიტომ ამ შემთხვევაში ვიზიარებ მეორე არგუმენტაციას, რომლითაც არ დასტურდება, მაგრამ თუ არ არის ეს მეორე არგუმენტაცია, ისე სასამართლო თავის შეხედულებით ამ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს, _ ის არ არის სპეციალისტი, მას არ აქვს იმდენი ცოდნა, რომ ექსპერტიზის გარეშე იქნას მიღებული გადაწყვეტილება. ასეთ შემთხვევაში ეს იქნება ზერელე, ფორმალური გადაწყვეტილება, რომელიც, რა თქმა უნდა, საზოგადოების მხრიდან გაიკიცხება და ზემდგომ ინსტანციებში გასაჩივრდება, ყველგან სამარცხვინო დოკუმენტად შეფასდება. არ მგონია, რომელიმე მოსამართლე ამაზე წავიდეს.
_ ბოლოს მინდა გკითხოთ სალომე ზურაბიშვილის ხელთ არსებულ შეწყალების ბერკეტზე. თუ ის შეიწყალებს სააკაშვილს მისჯილ საქმეებზე, რა ხდება შემდგომ? ეს რა შეღავათს გვაძლევს მაშინ, როდესაც არსებობს კიდევ სხვა, მიმდინარე საქმეები, რომლებზედაც გადაწყვეტილება ჯერ არ არის გამოტანილი? მკითხველისთვის უფრო დეტალურად აღსაქმელი რომ იყოს, იქნებ, განგვიმარტოთ, იურიდიულად რასთან გვაქვს საქმე შეწყალების შემთხვევაში, _ გაუშვებენ სააკაშვილს, თუ ის მაინც დარჩება პატიმრობაში?
_ მანდაც არის გამოსავალი: თვითონ სისხლის სამართლის საპროცესო კანონი ამბობს, რომ თუ ადამიანს აქვს პატიმრობა შეფარდებული სხვა საქმეზე და ახალი ბრალდებით შემოდის პროკურატურა სასამართლოში და ითხოვს კიდევ განმეორებით პატიმრობას, სასამართლოს არ აქვს უფლება, განმეორებითი პატიმრობის გადაწყვეტილება გამოიტანოს, ვინაიდან სააკაშვილი გასამართლებული არის ოთხ საქმეზე და პატიმარია იმ ორ საქმეზე, რომელიც ახლა მიმდინარეობს სასამართლოში, ეთქვას უარი პატიმრობის გამოყენებაზე, ვინაიდან უკვე გამოყენებულია პატიმრობის ღონისძიება. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს ოთხ საქმეზე შეიწყალებს, ხოლო იმ საქმეებზე, რომლებიც ახლა მიმდინარეობს, პატიმრობა არ არის გამოყენებული, ის თავისუფალია და შეუძლია, სადაც უნდა, იქ წავიდეს.
_ ანუ, რეალურად, სააკაშვილის ბედი სალომე ზურაბიშვილის ხელშია?
_ დიახ და თქვა, რომ გამოვიყენებო. მას არ უთქვამს, არ გამოვიყენებო, მხოლოდ აქვს ოპტიმისტური განწყობა, რომ სასამართლო პროცესი დადებითად გადაწყდება და, სხვათა შორის, მეც მაქვს ეგ განწყობა.
_ მიხეილ სააკაშვილს არ აძლევენ საშუალებას, რომ ის გამოჩნდეს სასამართლო პროცესზე. ამ შემთხვევაში საუბარი იყო ტექნიკურ ნაწილზე, მაგრამ თუკი არ ჩართავენ შემდგომ სასამართლო პროცესზე, რეალურად გამოიკვეთება ის, რომ ხელისუფლებას არ სურს მისი გამოჩენა, მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილს აქვს ამის სურვილი. ამ შემთხვევას რამე იურიდიული შეფასება როგორ შეიძლება მიეცეს?
_ იურიდიულად ვერანაირ ბრალს ვერ დავდებთ ვერავის, მიუხედავად იმისა, რომ ვიცით, ეს ასეა. სამართლებრივი პასუხი აქვს სასამართლოს, რომ ექიმების რეკომენდაციით მისი გადაადგილება არ შეიძლება, ანუ რახან გადაადგილება და ტრანსპორტირება არ შეიძლება, უსამართლო აქ არაფერია, რადგან მისი ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად ვაკეთებ ამას და თქვენ რომ ამბობთ, გდაიყვანეთ სასამართლოზე, მე ამ რისკებს არ გავწევ და პოზიცია სამართლებრივად გამართლებული და არგუმენტირებულია. მაგრამ ის, რომ მე, მიხეილ სააკაშვილს, მინდა დავესწრო სასამართლოს, მიუხედავად ექიმების რეკომენდაციისა, სამედიცინო დაწესებულებას აქვს უფლება, რომ ამ მოტივით გააჩეროს პროცესები.

გაზიარება