- სამშაბათი, 24 დეკემბერი, 2024
2022-11-13 16:49:50
ნენე ინჯგია
ყველაზე დიდ ოპოზიციურ ძალას, „ნაციონალურ მოძრაობას“, პარტიის წევრები ტოვებენ. გასულ კვირას კიდევ ერთმა წევრმა, ნონა მამულაშვილმა, დატოვა პარტიის რიგები. მამულაშვილმა პარტიასთან ერთად საპარლამენტო მანდატზეც თქვა უარი. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში მამულაშვილი აღნიშნავს, რომ პარტია დიდი ხანია, რაც პოლიტიკისგან დაიცალა და სისტემური პრობლემები სიახლისა და გაჯანსაღების შესაძლებლობას არ იძლევა.
დაპირებული ცხელი შემოდგომის ნაცვლად, „ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარი პარტიული პრობლემებით არის დაკავებული.
რეალურად, რა ტიპის გამოწვევების წინაშე დგას ყველაზე დიდი ოპოზიციური ძალა? რა არის ამ მოცემულობაში გამოსავალი და განიხილავენ თუ არა პრაიმერისის გზით პარტიის ახალი თავმჯდომარის არჩევას?
ამ თემების შესახებ „ქრონიკა“ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ გიორგი კაპანაძეს ესაუბრა:
_ ბატონო გიორგი, ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად „ნაციონალური მოძრაობა“ საკმარისად არ აქტიურობდა, _ ამას თავად პარტიის მხარდამჭერებიც ამბობენ. მუდმივად იყო ენმ ანონსის რეჟიმში, რომ დაიწყებოდა საპროტესტო აქციები, რომ იქნებოდა ცხელი შემოდგომა, თუმცა შემოდგომა დასასრულს უახლოვდება და ჩვენ არანაირი პროტესტი არ გვინახავს _ რით აიხსნება ეს ფაქტი?
_ პირველ რიგში, აიხსნება იმით, რომ ჩვენ რამდენიმე ასეთი შანსი გავუშვით, მაგალითად, 2021 წლის 14 ოქტომბერს მრავალათასიანი აქცია დავშალეთ ისე, რომ ერთი ულტიმატუმიც კი არ დავაყენეთ. მეორე არის ის, რომ როდესაც რაღაცას ვაანონსებთ, ეს უნდა შევასრულოთ და თუ არ ვასრულებთ, ეს ყველაფერი იწვევს იმედგაცრუებას ამომრჩეველში. ფაქტი არის ის, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი არის ციხეში, პუტინ-ივანიშვილის ტყვეობაში და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა.
_ მთავარი მიზეზი არის თუ არა ის, რომ ენმ-ს ლიდერშიპი არ იყო საკმარისად მოტივირებული და დაინტერესებული საქართველოს მესამე პრეზიდენტის მაქსიმალურად მხარდასაჭერად?
_ მთავარი ოპოზიციური პარტიის უდიდესი ნაწილი არის მესამე პრეზიდენტის ამომრჩეველი და მხარდამჭერი. მთავარი ოპოზიციური პარტია მთავარი ოპოზიციური პარტიის სტატუსს სწორედ ამით ინარჩუნებს. რა თქმა უნდა, მისი მხარდამჭერი მზად არის, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის გადასარჩენად იბრძოლოს, თუმცა ამას სჭირდება ორგანიზება, ხელშეწყობა, მოქმედება. გარდა ამისა, სჭირდება დაანონსებული ბრძოლის შესრულება. თუ ამას არ აკეთებ, ცხადია, ეს ყველაფერი ნეგატიურად აისახება პარტიის რეიტინგზეც.
_ პირდაპირ გკითხავთ: ნიკა მელია ამ ნაწილში საკმარისად არ აღმოჩნდა მოწოდების სიმაღლეზე? მხარდამჭერებში არის ამ ტიპის განწყობა, რომ მელიამ არ გააკეთა არათუ შესაძლებლობების მაქსიმუმი, არამედ მინიმუმიც კი.
_ მხოლოდ ერთ რამეს გეტყვით: პირადად მე ვარ განახლების, ცვლილებების, შიდა დემოკრატიის განვითარებისა და თუნდაც ახალი პრაიმერისის ჩატარების მხარდამჭერი. მიმაჩნია, რომ დღეს არსებული სიტუაციის გამოსწორება შესაძლებელია ცვლილებებით და განახლებით. თუ ამისთვის საჭირო გახდება ახალი პრაიმერისის ჩატარება, თუნდაც ახალი ლეგიტიმაციისთვის, ამაზე უნდა წავიდეთ. თუ დავხუჭავთ თვალს იმ მოვლენებზე, რაც დღეს ხდება, თუ ვიტყვით, რომ არაფერი ხდება, არ გვაქვს არანაირი პრობლემა, _ ეს ყველაფერი ჩვენ არ გაგვაძლიერებს.
_ თქვენ ახსენეთ პრაიმერისი. თუ განიხილავთ პარტიის შიგნით ამ საკითხს, თუ აქვს ამ იდეას აქტიური მხარდაჭერა?
_ მგონია, რომ ჩვენ ამ ყველაფრამდე მივალთ, იმიტომ, რომ სხვა გამოსავალი არ არსებობს, რადგან ამომრჩეველში იმედგაცრუებაა. პარტიას უკვე ტოვებენ და მთავარი ოპოზიციური პარტიიდან ნებისმიერი პირის წასვლა არის დანაკლისი. ამიტომ ეს ნდობა, რომელიც გარკვეულწილად დავკარგეთ ჩვენს ამომრჩეველში, უნდა დავიბრუნოთ. გვჭირდება ახალი ლეგიტიმაცია. ვინმეს კი არ ვეუბნები, რომ შენ გადი პარტიიდან-მეთქი, არა _ თუ ნებისმიერი ადამიანი გადაწყვეტს, რომ კენჭი იყაროს პრაიმერისის გზით პარტიის თავმჯდომარის პოზიციაზე, მან ეს უნდა გააკეთოს. ახალი ლეგიტიმაცია გვჭირდება და ახალი ლეგიტიმაციის გზა არის ზუსტად პრაიმერისი.
_ თქვენ აღნიშნეთ, რომ მთავარ ოპოზიციურ პარტიას წევრები ტოვებენ. გასულ კვირას ენმ-ს რიგები კიდევ ერთმა დეპუტატმა, ნონა მამულაშვილმა დატოვა, მან მანდატთან ერთად პარტიაზეც თქვა უარი, _ როგორ შეაფასებთ მის გადაწყვეტილებას?
_ პირველ რიგში, როგორც აღვნიშნე, ნებისმიერი პირის პარტიიდან წასვლა არის დანაკლისი. ნონა მამულაშვილს საპარლამენტო მანდატი მოპოვებული ჰქონდა სწორედ პარტიული სიით. როდესაც ის ტოვებს პარტიას და უარს ამბობს პარტიულ მანდატზე, ეს დასაფასებელია. სამწუხარო არის ის, რომ პარლამენტში ერთით ნაკლები მანდატი ექნება მთავარ ოპოზიციურ პარტიას.
_ კიდევ ერთ პრაიმერისზე მინდა, გკითხოთ: გიორგი ვაშაძე, ელენე ხოშტარია და ზურაბ გირჩი ჯაფარიძე პოლიტიკურ პარტიებს პრაიმერისს სთავაზობენ ოპოზიციის ლიდერების გამოსავლენად და ერთიანი საარჩევნო სიის შესადგენად, _ რამდენად სწორია პოლიტიკური თვალსაზრისით მათი ეს შემოთავაზება?
_ ზოგადად ოპოზიციის საერთო კოორდინაციის წინააღმდეგი არ ვარ, პირიქით _ ეს მნიშვნელოვანიც და აუცილებელიც არის, მაგალითად, მომავალი არჩევნებისთვის. თუმცა დღეს ჯერ უნდა მოვაგვაროთ ის საკითხები, რომლებიც პარტიის შიგნით არსებობს, ჯერ რეფორმები უნდა განვახორციელოთ საკუთრივ პარტიის შიგნით, იქნება ეს პრაიმერისის გზით, განახლების გზით, ახალი პოლიტსაბჭოს დაკომპლექტების გზით თუ ა. შ., ანუ ჯერ ჩვენ პარტიის შიგნით არსებული საკითხები უნდა გადავწყვიტოთ იმისთვის, რომ გავძლიერდეთ, შემდეგ უკვე ვიფიქროთ და ვიმსჯელოთ იმაზე, თუ რა სახის გაერთიანება შეიძლება შედგეს სხვა ოპოზიციურ პარტიებთან. NDI-ისა და IღI-ის მიერ გამოქვეყნებული ბოლო კვლევების მიხედვით, მთავარი ოპოზიციური პარტიის მიმართ რეიტინგის კვლევა შეინიშნება. ამ ყველაფერს აქვს საკუთრივ თავისი საფუძველი და მიზეზი. სწორედ ეს საფუძველი და ეს მიზეზი რომ აღმოვფხვრათ, ამისთვის აუცილებელია განახლება, რეფორმა, შიდა პარტიული დემოკრატიის განვითარება და ახალი პრაიმერისის ჩატარება. შევახსენებ ნებისმიერს, რომ ზოგჯერ სოციალური ქსელით არჩეული ლიდერის კი არა, საერთო საყოველთაო არჩევნების შედეგად არჩეული ლიდერის შემთხვევაშიც დგება ხოლმე ლეგიტიმაციის პრობლემა. ამ ლეგიტიმაციის პრობლემისგან გამოსავალი არის ზუსტად პრაიმერისი, რომ შენს ამომრჩეველს ჰკითხო, ვის ირჩევ პარტიის ლიდერად. ამომრჩეველმა, მხარდამჭერმა, პარტიის წევრმა გადაწყვიტოს, ვინ უნდა იყოს მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე. პირადად მე მზად ვარ, თუ გაიმარჯვებს ნებისმიერი პირი, ასეთ პრაიმერისში ჩამოვართვა მას ხელი, დავუდგე გვერდით და ვიბრძოლო მასთან ერთად.
_ ნიკა მელიას, როგორც პარტიის თავმჯდომარეს, დღევანდელი მოცემულობით, აქვს ლეგიტიმაციის პრობლემა?
_ გარკვეულწილად აქვს. სწორედ ამაზე ვამბობ, რომ გარკვეულწილად დგას ლეგიტიმაციის პრობლემა იმიტომ, რომ თქვენ, ალბათ, თვალს ადევნებთ სოციალურ ქსელებს, ამომრჩევლები ღიად გამოხატავენ საკუთარ არცთუ ისე უსაფუძვლო პრეტენზიებს. მგონია, რომ სამართლიანი პრეტენზიები აქვთ მათ. შეინიშნება იმედგაცრუება. არის ტენდენცია, რომ პარტიის წევრები პარტიას ტოვებენ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ პარტიის შიგნით სერიოზული პრობლემაა და ამას სჭირდება გადაწყვეტა. ასევე არის ერთგვარი უკმაყოფილება იმაზე, რომ დაანონსებული საეტაპო ბრძოლა არ დავიწყეთ; შენ რომ დააანონსე ცხელი შემოდგომა _ ვერავინ ხედავს ამ ცხელ შემოდგომას; შენ რომ თქვი, რეგიონებში გავალ და მხარდამჭერებს შევხვდებიო, _ ასეთი რაღაცაც ვერ დაინახა ამომრჩეველმა. ასევე საქართველოს მესამე პრეზიდენტი ციხეშია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არასახარბიელოა. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, იწვევს უკმაყოფილებას ამომრჩეველში. სწორედ ამიტომ ეს ლეგიტიმაციის პრობლემა რომ არ გაღრმავდეს, უნდა წავიდეთ ახალ პრაიმერისზე. ვინმე კონკრეტული პირის საწინააღმდეგო კი არ მაქვს რამე ან ვინმეს მტერი კი არ ვარ, მე ვხედავ პრობლემას და ამ პრობლემის გამოსასწორებლად მთავარ პირობად მიმაჩნია სწორედ შიდა არჩევნები. თუ დღევანდელი თავმჯდომარე გადაწყვეტს, რომ მან თავიდან მიიღოს მონაწილეობა პრაიმერისში, მას შეუძლია წარადგინოს საკუთარი გუნდი, გაახმოვანოს საკუთარი პროგრამა და მიიღოს მონაწილეობა. ხალხმა, ამომრჩეველმა, პარტიის წევრებმა გადაწყვიტონ, ვინ უნდა იყოს მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე.
_ თქვენ ახსენეთ სოციალური ქსელი და თქვით, რომ ამომრჩევლები სამართლიან პრეტენზიებს გამოხატავენ. ამავე ამომრჩეველს აინტერესებს, გაქვთ თუ არა პარტიის შიგნით ამ პრობლემებზე დისკუსია და განიხალავთ თუ არა უახლოეს პერიოდში პრაიმერისის ჩატარებას?
_ მთავარი ოპოზიციური პარტია დიდი პარტიაა და იქ ყოველთვის არის განსხვავებული აზრი, ეს დემოკრატიული მოვლენაა. მეორე მხრივ, გულწრფელად გეუბნებით, მე მართლა არ მინდა, რომ შიდა სახის ინფორმაცია გავასაჯაროო და გამოვიტანო ზოგიერთისგან განსხვავებით ე. წ. შიდა სამზარეულოდან. მე არასდროს გამომაქვს ინფორმაციები. ჩვენ ნაბიჯები უნდა გადავდგათ პოზიტიური ცვლილებების მიმართულებით. მგონია, რომ აქამდე მივალთ, რადგან სხვა გზა არ გაგვაჩნია.
_ ამ შემთხვევაში შიდა ინფორმაციის გამოტანას არ გთხოვთ. უბრალოდ, იმ ფორმით, რა ფორმითაც ეს შესაძლებელია, საზოგადოებას რომ უპასუხოთ.
_ ამ ნაწილში გიპასუხეთ, რომ ეს გახლავთ დიდი პარტია და განსხვავებული აზრი ყოველთვის არის, მათ შორის, გაიჟღერა კიდევაც რამდენჯერმე პრაიმერისის იდეამ. ეს მხოლოდ მე კი არა, სხვამაც გააჟღერა. ეს ერთი და ორი ადამიანის გადასაწყვეტი არ არის. ეს უნდა გადაწყვიტოს პოლიტიკურმა საბჭომ, ეს უნდა გადაწყვიტოს პარტიის წევრთა დიდმა ნაწილმა, პრაიმერისი უნდა გახდეს დისკუსიის საგანი, შემდეგ უნდა შევთანხმდეთ ჩატარების ფორმაზე, ადგილზე, დროზე. ეს ყველაფერი გამჭვირვალე უნდა იყოს. ცხადია, ეს არ არის ადვილად დასაორგანიზებელი, მაგრამ ამ კუთხითაც უნდა შევთავაზოთ ერთგვარი სიახლე საერთოდ პოლიტიკურ სპექტრს. ეს იყო სიახლე, მაგალითად, როდესაც ავირჩიეთ თავმჯდომარე სოციალური ქსელის გამოყენებით, მაგრამ ახლა უნდა გადავიდეთ იმ ეტაპზე, რომ ჩავატაროთ პრაიმერისი არა სოციალური ქსელით, არამედ პარტიის შიგნით, როგორც არჩევანი.
_ არსებობს თუ არა პარტიის შიგნით იმის რესურსი, რომ პრაიმერისი ახალი თავმჯდომარის ასარჩევად უახლოეს მომავალში ჩატარდეს?
_ რაც უფრო მალე მივიღებთ გადაწყვეტილებას პარტიის განახლების, გაძლიერების, რეფორმების ჩატარებისა და ახალი პრაიმერისის შესახებ, მით უკეთესი იქნება საერთო საქმისთვის და საკუთრივ პარტიისთვის. ვინც ხელს შეუშლის ამ პროცესს, ის ვერ გააძლიერებს ვერც მთავარ ოპოზიციურ პარტიას და ვერც ოპოზიციურ ფრონტს.
_ პოლიტიკური პარტიების გაერთიანების საკითხს რომ დავუბრუნდეთ, ნიკა მელიამ განაცხადა: „ნაციონალური მოძრაობისა“ და სამი პარტიის ერთ სუბიექტად გადაქცევა საფრთხეა და ეს არათუ არ მოემსახურება ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებას, შეიძლება, პროცესი გაწელოს კიდეც ვადაში“, _ თქვენ როგორ უყურებთ ამ პროცესს? ივანიშვილის დასამარცხებლად საჭიროა ორი ფრონტი, თუ ოპოზიცია მაქსიმალურად უნდა დაიქსაქსოს და ასე ებრძოლოს ხელისუფლებას?
_ ნებისმიერ პროდასავლურ, ოპოზიციურ პარტიას ვუსურვებ წარმატებას და ნებისმიერი პროდასავლური, ოპოზიციური პარტიის არსებობა და ბრძოლა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამიტომ, ამ თვალსაზრისით, იმ სამ პარტიას, რომელმაც მიიღო არსებული ფორმატით გაერთიანების გადაწყვეტილება, გულით ვუსურვებ წარმატებას. კიდევ ვიმეორებ: იმისთვის, რომ მომავალში მივიღოთ გადაწყვეტილება და იგი იყოს მყარი და ეფექტიანი, თუ ამ გზით წავალთ, ჯერ უნდა მოვაგვაროთ არსებული პრობლემები პარტიის შიგნით: ეს არის განახლება, რეფორმა და ახალი პრაიმერისი.
_ გასულ კვირას გამოცხადდა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვეს, _ როგორ აფასებთ სასამართლოს გადაწყვეტილებას?
_ ეს მართლმსაჯულების გადაწყვეტილება არ იყო, ეს იყო ოლიგარქიული რეჟიმის გადაწყვეტილება. სამწუხაროდ, საქართველოში მსგავსი პოლიტიკური საქმეების განხილვის დროს გადაწყვეტილებას იღებს არა მოსამართლე, არამედ ოლიგარქიული რეჟიმი. ამ კუთხითაც ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩატოვოს ნიკა გვარამია ციხეში, რადგან ხელისუფლება ფიქრობს, რომ ამ ეტაპზე არავინ არის ისეთი ოპოზიციურ ფრონტზე, ვინც წინააღმდეგობას გაუწევს. ხელისუფლების აზრით, დღეს მას ყველაფერი გაუვა, როგორც გადაწყვეტს და რასაც გადაწყვეტს. ამიტომ თუ ჩვენ არ გავძლიერდებით, თუ არ წავალთ რეფორმებზე, განახლებაზე, პრაიმერისზე, გაერთიანებაზე, მაშინ ნიკა გვარამიას კი არა, ნებისმიერს მიგვასვამს მის გვერდით.
_ გვარამიას პატიმრობაში დატოვების შესახებ მმართველ გუნდში გაკეთდა განცხადებები, სადაც ძირითადი გზავნილი იყო, რომ ის ჩადენილი დანაშაულისთვის ისჯება, ასევე „ღირსია და ისჯება“. რაზე მიუთითებდა ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები, რა ამოიკითხეთ მათ გზავნილებში?
_ ეს მიუთითებდა ცინიზმსა და უსამართლობაზე. მსგავსი დავა, რომელიც არსებობს გვარამიასთან დაკავშირებით, არის სამოქალაქო სამართლებრივი ხასიათის. მაქსიმუმ, ამ კონკრეტულ საკითხზე სამოქალაქო დავა ყოფილიყო სასამართლოში. ეს ადამიანი სისხლის სამართლებრივი წესით დასაჯეს მხოლოდ იმიტომ, რომ ის ებრძოდა და ებრძვის რეჟიმს, იმიტომ, რომ მან შექმნა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, კრიტიკული მედია საშუალება. ფაქტობრივად, ნიკა გვარამია ხელისუფლებამ გაანეიტრალა, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე. ის იყო ერთგვარი მაკოორდინებელი როლის შემსრულებელი საერთო ოპოზიციურ ფრონტზე. ნიკა გვარამიას დაკავებამ დააზიანა არა მხოლოდ „მთავარი არხი“, არამედ ოპოზიციაც. თუ ჩვენ არ გავძლიერდებით და არ გადავიქცევით ისრების ერთ კონად, ხელისუფლება ნიკა გვარამიას გაათავისუფლებს კი არა, საქართველოს მესამე პრეზიდენტს ჰუმანიტარული მიზნით სხვა ქვეყანაში გადაიყვანს კი არა, გაზრდის პოლიტიკური პატიმრების რაოდენობას.
_ გარდა ნიკა გვარამიას საქმისა, გასულ კვირას ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ე. წ. ციანიდის _ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო. დოკუმენტი 3 ნოემბერს გამოქვეყნდა. სასამართლო განიხილავდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი (სამართლიანი სასამართლოს უფლება) და მეორე (უდანაშაულობის პრეზუმპცია) პუნქტების შესაძლო დარღვევის საკითხს. სასამართლოს ადგენს: არ დარღვეულა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტი მტკიცებულებების მოპოვებისა და გამოყენების ნაწილში, თუმცა ასევე აღნიშნავს, რომ დაირღვა სამართლის პროცესის დახურულ რეჟიმში ჩატარების გამო; სტრასბურგის სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ დაირღვა კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი (უდანაშაულობის პრეზუმპცია); სასამართლოს დავალებით, სახელმწიფომ უნდა გადაუხადოს მამალაძეს 9418 ლარი. ასევე ნებისმიერი გადასახადი, რომელიც შეიძლება დეკანოზ მამალაძეს დაეკისროს ხარჯის სახით, _ რაზე მიანიშნებს და როგორ შეაფასებთ ამ გადაწყვეტილებას?
_ სამწუხარო ის არის, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე, მიუხედავად ასეთი გადაწყვეტილებისა, ციხეში რჩება, მისი სამართლებრივი მდგომარეობა არ შეცვლილა. ეს არის ის გადაწყვეტილება, როდესაც ხელისუფლებამ თავი გამარჯვებულად გამოაცხადა, თუმცა სხვა მოსაზრება აქვს დაცვის მხარეს, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ დეკანოზ მამალაძესთან დაკავშირებით სამართლებრივი მდგომარეობა დარჩა იგივე.
_ მთავარ თემას რომ დავუბრუნდეთ, თქვენ ისაუბრეთ პარტიის შიგნით არსებულ პრობლემებზე და ასევე მათი გადაჭრის გზებზეც. ჩვენ არაერთხელ გვინახავს მოცემულობა, როდესაც ოპოზიციას შეეძლო, ხელისუფლება შეეცვალა არჩევნების გზით, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა ბევრი მიზეზის გამო. ბოლო დროს კი ოპოზიციამ ხალხთან კომუნიკაცია დაკარგა, ამას თავად საზოგადოება ამბობს და კვლევებიც ადასტურებს. ეთანხმებით თუ არა, რომ ოპოზიციას არ აქვს სათანადო კონტაქტი მოსახლეობასთან?
_ ვეთანხმები. ოპოზიცია ზოგადად კრიზისშია და ეს ამ შემთხვევაში მხოლოდ მთავარ ოპოზიციურ პარტიას არ ეხება. ხელისუფლება სუსტია, მაგრამ ჩვენ არ ვართ საკმარისად ძლიერები, რომ შევცვალოთ იგი. ჩვენ უნდა ვიყოთ საკმარისად ძლიერები, ჩვენ უნდა შევთავაზოთ საზოგადოებას პოზიტიური დღის წესრიგი. მაგალითად, ქვეყანაში, რომ გაჭირვებაა, ჩვენ რა გეგმა გვაქვს, რომ ამ გაჭირვებას დავამარცხებთ? ჩვენ რა გეგმა გვაქვს, რომ პენსიას გავზრდით, კორუფციას დავამარცხებთ, სასამართლოს გავხდით დამოუკიდებელს? რომ ქვეყანას წავიყვანთ ევროკავშირის მიმართულებით, რომ გადავდგამთ ნაბიჯებს მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით, უსაფრთხოებასთან, ინვესტიციების შემოდინებასთან დაკავშირებით? ამაზეც უნდა ისაუბროს ოპოზიციამ, რასაც, ჯერჯერობით, არ ვაკეთებთ. საკუთარ პრობლემებში ვართ ჩაფლული და, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იწვევს ნდობის შემცირებასაც. ხელისუფლება რომ ცუდია, ეს გაიგო ხალხმა, მაგრამ შენ თუ ხარ უკეთესი, _ ამაზეა საუბარი. ამას ასაბუთებ, რომ უკეთესი ხარ?! ამაზე ესაუბრები ხალხს, კონკრეტული გეგმით, ნაბიჯებით?! ოპოზიციას სჭირდება გადატვირთვა, ერთგვარი სიახლე გვჭირდება და ამ სიახლეზე უარი არ უნდა ვთქვათ იმის შიშით, რომ ახლა მე რაღაც პოზიციაზე ვერ დავრჩები და ამიტომ უარს ვამბობ განახლებაზე. ეს მცდარი გზაა, ეს გზა არ გააძლიერებს ოპოზიციას. ლიდერის ლიდერობა მათ შორის, გამოიხატება იმაში, თუ რამდენად შეგიძლია პასუხისმგებლობის აღება, მხარდამჭერებს კი არ უნდა დააბრალო დაბალი რეიტინგი, ნდობის დაკარგვა, არასახარბიელო მდგომარეობა, შენ უნდა აიღო პასუხისმგებლობა.