- სამშაბათი, 24 დეკემბერი, 2024
2022-10-30 10:21:54
შორენა მარსაგიშვილი
უკრაინის სახელმწიფო რადამ ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის დამოუკიდებლობა და გენოციდი აღიარა. საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი, შოთა მალაშხია, მიიჩნევს, რომ ძალიან მალე ჩეჩნეთის ტერიტორიაზე განმათავისუფლებელი ბრძოლა დაიწყება. უკრაინაში ევროპიდან ძალიან ბევრი ჩეჩენი მებრძოლია ჩამოსული. ეს ჩეჩნები რუსეთთან პირველი და მეორე ომის მონაწილეები არიან. დევნილობაში მყოფმა ჩეჩნეთის პრემიერმა, ახმედ ზაკაევმა, რომელიც ახლა უკრაინაში იმყოფება, განაცხადა, რომ უკრაინაში მიმდინარეობს იჩქერიის ჯარის ფორმირება. ეს ჯარი ძალიან მალე კადიროვის დიდი პრობლემა გახდება.
რა პროცესებს უნდა ველოდოთ უკრაინის ომის ფონზე რუსეთში? ცნობს თუ არა საერთაშორისო თანამეგობრობა ჩეჩნების გენოციდს? რა ხდება ქართველების ეთნოწმენდისა და გენოციდის აღიარებასთან დაკავშირებით? რატომ არის საზიზღრობა ტალიავინის დასკვნა აგვისტოს ომის შესახებ? _ ამ თემებზე „ქრონიკა+“-ს შოთა მალაშხია ესაუბრება:
_ ბატონო შოთა, უკრაინის უმაღლესმა რადამ აღიარა ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის დამოუკიდებლობა. იჩქერიის დამოუკიდებლობა პირველად საქართველომ ცნო. თუმცა ჩვენი პარლამენტის მიერ 31 წლის წინათ მიღებულ გადაწყვეტილებას არანაირი შედეგი და რეზონანსი არ მოჰყოლია. ახლა შეიცვლება რამე, თუ დასავლეთი ისევ გაატარებს ყველაფერს?
_ რეალობა ასეთია: რუსეთის შემადგენლობაში მყოფ თათარსტანში 1990-იან წლებში ჩატარდა ნამდვილი რეფერენდუმი, წესების სრული დაცვით. რესპუბლიკის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა მხარი დაუჭირა თათარსტანის დამოუკიდებლობას. იჩქერიაშიც ასევე წესების სრული დაცვით ჩატარდა რეფერენდუმი. ჩეჩნეთის მოსახლეობის ძალიან დიდმა ნაწილმა მხარი დაუჭირა რესპუბლიკის დამოუკიდებლობას. რეფერენდუმის შემდეგ ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
_ ეს ამბავი 1991 წლის 6 სექტემბერს მოხდა…
_ დიახ. ჯოხარ დუდაევმა გამოაცხადა დამოუკიდებლობა. დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან რამდენიმე კვირაში დუდაევი აირჩიეს იჩქერიის პრეზიდენტად. სესია, სადაც ჩეჩნეთმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ჩატარდა გროზნოში. მე, როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე, ვესწრებოდი ამ სესიას. საქართველოს უზენაესმა საბჭომ ცნო იჩქერიის დამოუკიდებლობა. დღეს სრულიად სხვა სურათი გვაქვს. რუსეთში არის სერიოზული პრობლემები. ამ ქვეყანას ეს პრობლემები თავისი აგრესიული პოლიტიკის გამო შეექმნა. ამ პრობლემებს რუსეთი ვეღარ მოაგვარებს. აქედან გამომდინარე, შექმნილ ვითარებაში ყველაზე კარგი გამოსავალია რუსეთის დასუსტება ან დაშლა.
რუსეთის დასუსტების შემთხვევაში (და ეს გარდაუვალია) მის შემადგენლობაში შემავალი ბევრი რესპუბლიკა მოინდომებს დამოუკიდებლობის გამოცხადებას, როგორც ჩრდილოეთ კავკასიაში ასევე _ სხვა რეგიონებში. რუსეთის ტერიტორიაზე ბევრი დამოუკიდებელი რესპუბლიკა გაჩნდება.
_ ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებიდან ვინ გამოაცხადებს დამოუკიდებლობას?
_ პირველ რიგში ჩეჩნეთი, დაღესტანი, ინგუშეთი, ყაბარდო-ბალყარეთი, ჩერქეზეთი. ეს ხალხი საუკუნეების განმავლობაში იბრძოდა თავისუფლებისთვის.
_ ოსეთი, ალბათ, არ იქნება მათ რიგებში, იმიტომ რომ პრორუსულობით გამოირჩვა ეს რესპუბლიკა და კავკასიურ ომშიც კი რუსების მხარეს იბრძოდა.
_ ვნახოთ, ვნახოთ… რუსეთის დასუსტებას დიდი დრო არ დასჭირდება. ომი, რომელიც ახლა უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარეობს, არ შეიძლება, წლების განმავლობაში გაიწელოს.
_ ზოგიერთი ექსპერტი ფიქრობს, რომ ეს ომი გაჭიანურდება.
_ არა მგონია, რუსეთს იმის რესურსი არ აქვს, რომ ეს ომი დიდხანს გააგრძელოს.
_ რატომ გგონიათ, რომ ამის რესურსი არ გააჩნია რუსეთს?
_ მისი დღევანდელი ქმედებებიდან ნათელია, რომ მას რესურსები არ აქვს. აშკარაა, რომ რუსეთი აგებს ამ ომს და ამიტომ იქცევა ასე საზიზღრად. რასაც ახლა რუსეთი აკეთებს, ამას განწირული ქმედება ჰქვია. რუსეთი მთელ მსოფლიოსთან ასე ღიად დაპირისპირებული არასდროს ყოფილა. პირველ და მეორე მსოფლიო ომებში რუსეთი მოკავშირეებთან ერთად მონაწილეობდა. ამ შემთხვევაში მისი მოკავშირე, ფაქტობრივად, არავინ არის.
_ სამწუხაროდ, ვიღაცები მაინც უჭერენ მხარს.
_ ბელარუსის მხარდაჭერა არ ითვლება. ეს არაფერს ცვლის.
_ ირანის მხარდაჭერა? ირანი დიდი ქვეყანაა.
_ ირანი ღიად ვერ უჭერს მხარს რუსეთს. ირანის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ რუსებს არ აწვდიან კამიკაძე დრონებს და რაკეტებს. კრემლისთვის ღია მხარდაჭერას ვერავინ აფიქსირებს. აქედან გამომდინარე, ეს ომი სწრაფი ტემპებით დასრულდება. ომის დასასრული უკრაინელებისთვისაც ძალიან მტკივნეული იქნება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ უკრაინა დამარცხდება. უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს და უკრაინა უკვე გამარჯვებულია.
უკრაინისთვის დასასრული მტკივნეული იქნება იმიტომ, რომ უამრავი ადამიანი იხოცება. იღუპებიან ბავშვები. 400-ზე მეტი ბავშვია უკვე მკვდარი. ხოცავენ ფეხმძიმე ქალებს. 1.000-ზე მეტი ბავშვია დასახიჩრებული. ძალიან მძიმე სურათია უკრაინისთვის. ეს მძიმე სურათი კიდევ უფრო დამძიმდება, როდესაც საომარი მოქმედებები დასრულდება. მაშინ ომის ყველა საშინელება დღის სინათლეზე გამოვა და ბევრი მძიმე ამბის მოსმენა მოგვიწევს.
რუსეთი მის მიერ ჩადენილი დანაშაულებისთვის აუცილებლად აგებს პასუხს. რუსეთი ისევე აგებს პასუხს, როგორც გერმანიამ აგო პასუხი ჰოლოკოსტის გამო _ დიდი ხნის გამნმავლობაში იხდიდა კომპენსაციას. რუსეთიც ასევე გადაიხდის.
როცა ვამბობ, რომ რუსეთი ჩადენილი დანაშაულისთვის აგებს პასუხს, მარტო უკრაინას არ ვგულისხმობ. ლაპარაკია საქართველოში ჩადენილ დანაშაულებზე. ვგულისხმობ როგორც ქართველების გენოციდს, ასევე ეთნოწმენდას. ვგულისხმობ ასევე ჩეჩნების გენოციდს. ჩეჩნეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს 200.000-ზე მეტი ადამიანი მოკლეს რუსებმა.
საქართველოში, ჩეჩნეთში, უკრაინაში რუსების მიერ ჩადენილი ყველა დანაშაული შეგროვდება და მერე ერთიანად იქნება საერთაშორისო სასამართლოებში გადატანილი. ამ ყველაფრისთვის რუსეთი აუცილებლად გადაიხდის საფასურს. რუსეთი აუცილებლად დაისჯება.
_ უკრაინის უმაღლესმა რადამ ჩეჩნეთის დამოუკიდებლობის აღიარებასთან ერთად აღიარა ჩეჩნების გენოციდიც. ჩვენ ჩეჩნების გენოციდი არ გვიცვნია, მაგრამ ვაღიარეთ ჩერქეზების გენოციდი. ეს სააკაშვილის მმართველობის პერიოდში მოხდა. სამწუხაროდ, საერთაშორისო თანამეგობრობას ამაზე დიდი რეაქცია არ ჰქონია.
_ ჩვენმა პარლამენტმა ცნო ჩერქეზების გენოციდი. ეს აღიარება მოხდა სოჭის ოლიმპიადის წინა წლებში. სოჭში ზამთრის ოლიმპიადა 2014 წელს ჩატარდა. სოჭის ოლიმპიადასთან დაკავშირებით მაქვს დოკუმენტური ფილმი გადაღებული. ეს ფილმი არის ქართულად, რუსულად, ინგლისურად და თურქულად.
დოკუმენტურ ფილმში საუბარია იმაზე, რომ ოლიმპიადა ტარდება კარსნაია პალიანაზე. ეს ის ადგილია, სადაც ჩერქეზებმა რუსებთან უკანასკნელი ბრძოლა გამართეს. ეს ბრძოლა 1864 წელს შედგა. აქ უამრავი ჩერქეზი დაიღუპა და ეს ადგილი ცნობილია, როგორც ჩერქეზების გენოციდის ადგილი. ჩერქეზთა გენოციდის ადგილზე რუსებმა პირველი აღლუმი 1864 წელს ჩაატარეს. 50 წლის შემდეგაც აღნიშნეს ეს თარიღი და 150 წლის შემდეგ იმ ადგილზე ოლიმპიადა დაგეგმეს. ფილმში ამაზე იყო ყურადღება გამახვილებული. ფილმში საუბარია იმაზეც, რომ სოჭში ოლიმპიადის ჩატარება არ შეიძლებოდა. ჯერ ერთი, ჩექრქეზების გენოციდის თვალსაზრისით და მეორე, იქვე იყო აფხაზეთი, სადაც რუსებმა უამრავი საშინელება ჩაიდინეს და ქართველების გენოციდი განახორციელეს.
_ საერთაშორისო თანამეგობრობამ არ შეიმჩნია ჩერქეზების გენოციდის აღიარება. არც ჩვენი გენოციდი შეუმჩნევია ვინმეს. უკრაინის ომი შეცვლის, ალბათ, ამ მხრივ ბევრს რამეს.
_ 21-ე საუკუნეა და რუსეთი დაუსჯელი არ დარჩება. მათ მიერ ჩადენილი დანაშაულებების ამსახველი ვიდეომასალები არსებობს. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ საქართველოში მოწყობილ გენოციდს. ეთნოწმენდა, როგორც ასეთი, აღიარებული აქვს ეუთოს სამ სამიტს. ყველა გენოციდი ეთნოწმენდაა, მაგრამ ყველა ეთნოწმენდა შეიძლება არ იყოს გენოციდი. ამიტომ საჭიროა ფაქტები. გენოციდის აღიარება უნდა იყოს ფაქტებით გამყარებული.
_ ჩვენ ხომ ასეთი ფაქტები ძალიან ბევრი გვაქვს.
_ რა თქმა უნდა. პირადად მე ჩაწერილი მყავს 700 ადამიანი. ისინი ყვებიან საკუთარ ან მეზობლის ისტორიებს. მათ ან საკუთარ თავზე აქვთ გადატანილი საშინელება, ან საკუთარი თვალით ნახეს, რას სჩადიოდნენ რუსები. ეს ადამიანები ყვებიან, როგორ ანადგურებდნენ რუსები ქართველებს. ყვებიან, როგორ კლავდნენ, როგორ აუპატიურებდნენ, როგორ ცოცხლად წვავდნენ, ცოცხლად მარხავდნენ. ესენი არიან ჩვეულებრივი სამოქალაქო პირები. ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ აქ გენოციდის გარდა იყო კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული. კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული ისეთი რამეა, რომელსაც ხანდაზმულობის ვადა არ გააჩნია. ამიტომ ამაზე პასუხისმგებლობა ყველა შემთხვევაში მოუწევს რუსეთს. რა დროც არ უნდა გავიდეს, ის მაინც დაისჯება.
_ როდის მოუწევს? ჯერჯერობით ყველაფერი შერჩა.
_ ამას ვერ გეტყვით, როდის მოუწევს. ამ ეტაპზე რუსეთის პასუხისგებაში მიცემას ხელს უშლის ის რუსული ხელისუფლება, რომელიც ივანიშვილის თამადობით საქართველოშია. ჯერ ისევ ქვეყნის სათავეში არიან, მაგრამ ეს დროებითია. ვხედავთ, რომ ამათი დასანქცირებაც დაიწყო.
უკრაინაში მიმდინარე საომარმა მოქმედებებმა აჩვენა, რომ ენის მოჩლექით საუბარი და მოგონილი პოლიტკორექტულობა ზედმეტია. ეს ყველაფერი წაიშალა დღის წესრიგიდან. ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი. რუსეთმა მის მიერ ჩადენილ ყველა დანაშაულზე პასუხი უნდა აგოს.
_ დაერქმევა ყველაფერს თავისი სახელი? ჩვენ კი გვინდა, რომ რუსეთმა ყველაფერზე აგოს პასუხი, მაგრამ დასავლეთში ჯერ ისევ რაღაც ანგარიშს უწევენ ამ საშინელ და ბოროტ იმპერიას.
_ ცალსახად დაერქმევა ყველაფერს თავისი სახელი. ისედაც ბევრი ვითმინეთ ყველამ ერთად. დასავლეთმა ისედაც დააგვიანა. 2008 წელს არ ყოფილა დასავლეთის სათანადო რეაქცია. მაშინ საქართველოსა და უკრაინას არ მოგვცეს არც მაპი და ამით პუტინი მონსტრად აქციეს. აგვისტოს ომთან დაკავშირებით დაწერილი ტალიავინის დასკვნა ხომ ისედაც კოშმარი იყო, მაგრამ დღევანდელი გადასახედიდან ის კიდევ უფრო საზიზღრად იკითხება.
_ საინტერესოა, ახლაც იგივეს ფიქრობს ტალიავინი? ახლაც იგივეს დაწერდა აგვისტოს ომის შესახებ?
_ მართლა საინტერესო იქნება მისი მოსმენა ახლა. ან, საერთოდ, სად არის ეს ადამიანი? ან ის 5 ექსპერტი, რომელმაც დასკვნას ხელი მოაწერა? ამ ხუთიდან 2 წინასწარვე ლაპარაკობდა, რომ დამნაშავე იყო საქართველო. ამის მიუხედავად, ისინი მაინც ექსპერტებად ფიგურირებენ ტალიავინის დასკვნაში. სად იყო ეს ხალხი 2014 წელს, როდესაც ყირიმის ანექსია მოხდა?!
_ ეს ხალხი არც დონბასისა და ლუგანსკის ოლქების ოკუპაციისას გამოჩენილან და არ გაუპროტესტებიათ ეს ამბავი.
_ ბევრ რამეზე დაუხუჭა თვალი დასავლეთმა რუსეთს და იმიტომ მივიღეთ ეს საშინელი ომი. დღეს მთელი მსოფლიო ლაპარაკობს იმას, რასაც ჩვენ 2008 წელს ვამბობდით, რომ სტალინი, ჰიტლერი და პუტინი ერთი და იგივეა. სანამ საბჭოთა კავშირის მენტალური სისტემა არ განადგურდება, მანამდე სულერთია, რა გვარის პირველი პირი იქნება რუსეთის სათავეში. სისტემა უნდა ჩამოიშალოს. უნდა მოხდეს ის, რასაც რუსეთი ეუბნებოდა უკრაინას. ვგულისხმობ დემილიტარიზაციასა და დენაციფიკაციას.
ხომ გახსოვთ, რა ლოზუნგებით მოვიდა 2012 წელს „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში? _ ეს იყო ღირსების აღდგენა, უფასო ფული და ა. შ. ეს ყველა დაპირება დღეს ანეკდოტის დონეზეა. ბოლო ანეკდოტი ყველაზე საინტერესოა: თურმე, რუსი ოლიგარქი ივანიშვილი ცდილობს, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში არ ჩაერთოს. ეს ხომ იმაზე უფრო სასაცილოა, რასაც 2012 წელს გვპირდებოდნენ.
საქართველოს რუსულ ხელისუფლებას მარტო საკუთარი თავი ადარდებს. საკუთარი ქონების გადარჩენის გარდა ხომ არაფერი აინტერესებთ. სამშობლო მათთვის მეორეხარისხოვანია. გარდა იმისა, რომ ესენი არიან რუსული ხელისუფლება, მენტალურადაც მათი მოკავშირეები არიან.
_ მენტალურად რა მხრივ არიან მათი მოკავშირეები?
_ ტიპური საბჭოთა სისტემაა დღეს საქართველოში და ეს მოიტანა „ქართულმა ოცნებამ“. საბჭოთა კავშირი რა იყო? ფურცელზე ყველაფერი სწორად ეწერა, მაგრამ არაფერი სრულდებოდა. ვაკის პარკში ახლახან მომხდარმა ტრაგედიამ ხომ გვაჩვენა, რომ დღესაც ასეა?! ქაღალდზე ყველაფერი სწორად ჰქონდათ გაწერილი, მაგრამ ხომ არაფერი ყოფილა გაკეთებული?! არცერთი სტრუქტურა არ აკეთებდა იმას, რაც უნდა გაეკეთებინა. ამათმა უპასუხისმგებლობამ 13 წლის გოგონას სიცოცხლე შეიწირა.
ეს ადამიანები ასე იმიტომ კი არ იქცევიან, რომ რუსეთის დავალებას ასრულებენ, არც უმაგისობაა, მაგრამ მთავარი პრობლემა ის არის, რომ მენტალიტეტით ჰგვანან რუსებს და მოსკოვის დავალებებს ხალისით ასრულებენ. დღეს საქართველოში პოლიცია პოლიციას არ ჰგავს, პროკურატურა _ პროკურატურას და სასამართლო _ სასამართლოს. ჯარი ჯარს აღარ ჰგავს. ყველა სისტემა გადაიყვანეს ისეთ რელსებზე, როგორიც რუსეთშია. დღეს ხომ ყველამ კარგად დაინახა, რომ რუსეთში ჯარი, პრაქტიკულად, არ არსებობს.
_ უკრაინის ომმა სამუდამოდ დამარხა მითი მსოფლიოს მეორე არმიის უძლეველობის შესახებ. ყველამ დაინახა, რომ ის, რასაც რუსულ ჯარს ეძახიან, სინამდვილეში სულაც არ არის ჯარი.
_ მართლაც ყველამ დაინახა, რომ რუსეთს ჯარი არ ჰყავს. ახლა ჩვენთანაც იგივე ხდება. ძალიან კარგი ჯარი გვყავდა, მაგრამ მოვიდნენ „ქოცები“ და ყველაფერი მოანგრიეს _ მათ შორის ჯარი და სხვა ძალოვანი სტრუქტურები. დაშალეს ყველა სახელმწიფო სტრუქტურა. ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი ჩამოშლილია. ერთადერთი, რისი ჩამოშლაც ვერ მოახერხეს, ეს არის ის, რომ საგარეოში იმდენად შორსაა წასული ეთნოწმენდის საკითხები, რომ ამის უკან დაბრუნება ვეღარ მოახერხეს. დანარჩენი ყველაფერი მოსპეს და გაანადგურეს. დღეს საქართველოში არცერთი სახელმწიფო სტრუქტურა არ მუშაობს.
_ ისევ ჩეჩნეთის თემაზე მინდა ვისაუბროთ. ამ დღეებში დევნილობაში მყოფმა ჩეჩნეთის პრემიერმა, ახმედ ზაკაევმა, რომელიც ახლა უკრაინაშია, განაცხადა, რომ უკრაინაში იქმნება იჩქერიის ჯარი. თქვენი აზრით, იჩქერიის არმია დაიწყებს თუ არა განმათავისუფლებელ ბრძოლას ჩეჩნეთში? სხვადასხვა მეთაური ამბობს, რომ აუცილებლად დაიწყება ბრძოლა კადიროვის რეჟიმის წინააღმდეგ.
_ კადიროვისა და რუსების წინააღმდეგ ბრძოლა ჩეჩნეთში აუცილებლად დაიწყება. კადიროვის რეჟიმის მიმართ უკვე აშკარა უკმაყოფილებაა, მათ შორის, ჩეჩნეთში. კადიროვი ხომ ადამიანების რიცხვს არ განეკუთვნება _ ის ძალიან ცუდად იქცევა ჩეჩნეთში. მძიმე ვითარებაა ჩეჩნეთში. ვინც რამე განსხვავებულ აზრს გამოხატავდა, კადიროვი და მისი რეჟიმი ყველას ანადგურებდა.
დღეს უკრაინაში, უკრაინის მხარეს ჩეჩნებისგან დაკომპლექტებული რამდენიმე ბატალიონი იბრძვის. ცხადია, რომ ეს დანაყოფები კიდევ უფრი გაძლიერდებიან და შემდეგ თავიანთი დამოუკიდებლობისთვისაც იბრძოლებენ.
ჩეჩნები მცირერიცხოვანი ერია და ძალიან სწრაფი რეაგირება ექნებოდა იმაზე, რომ უკრაინამ იჩქერიის დამოუკიდებლობა და გენოციდი აღიარა. ისტორიული მეხსიერებაც თავისას ამბობს. სულ რაღაც რამდენიმე წლის წინათ რუსები მათ მშობლიურ ჩეჩნეთში სჩადიოდნენ იმ საშინელებებს, რასაც ახლა უკრაინაში აკეთებენ. მათ ჰქონდათ გეგმა, თუ როგორი ქვეყნის აშენება სურდათ. რუსეთმა მათი ყველა ოცნება მოსპო. უკრაინის მიერ იჩქერიის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ ეს ყველაფერი მყისიერად გაცოცხლდება ჩეჩნების მეხსიერებაში. ამას ძალიან მალე მოჰყვება სათანადო რეაქცია.
_ თავად ჩეჩნეთის ტერიტორიაზე თუ შეიცვლება რამე? იქ თუ დაიწყება წინააღმდეგობის მოძრაობა?
_ აუცილებლად. გროზნოშიც აქვს ხალხს ისტორიული მეხსიერება. ძალიან ბევრი რამე შიცვლება. კადიროვიც ისევე აგებს პასუხს, როგორც _ რუსეთი. არცერთი დანაშაული არ დარჩება დაუსჯელი.
_ უკრაინის დაზვერვის სამსახურის შეფი, კირილ ბუდანოვი, ვარაუდობს, რომ რუსეთი მალე დასუსტდება და მას სხვადასხვა რესპუბლიკა გამოეყოფა, პირველი იქნება კავკასია. მეც ასე ვფიქრობდი, მაგრამ თქვენ ახსენეთ თათარსტანი და იქ ჩატარებული რეფერენდუმი დამოუკიდებლობაზე. თათარსტანი მატერიალურადაც ყველაზე ძლიერი რეგიონია. როგორ ფიქრობთ, თათარსტანი პირველი იქნება, თუ ჩრდილოეთ კავკასია?
_ რომელი იქნება პირველი, ეს ახლა ძნელი დასადგენია. რუსეთი რომ დაიშლება, ამაში ეჭვი არ მეპარება. სამართლებრივად ჩეჩნებსაც და თათარსტანსაც ყველაფერი მზად აქვთ გამოსაყოფად. როდესაც პუტინმა გადაწყვეტილება მიიღო, რომ რეგიონული არმიები გაეკეთებინა, სერიოზული შეცდომა დაუშვა. ეს ხელს შეუწყობს რუსეთის დაშლას. ეს ნაომარი ხალხი უკან რომ დაბრუნდება და სიმართლეს იტყვის, რასაც რუსეთი უკრაინაში აკეთებდა, გამოსავალი იქნება მხოლოდ დამოუკიდებლობის გამოცხადება. მიხვდებიან, რომ ეს არის მათი ეთნიკურად გადარჩენის ერთადერთი გზა. რუსეთი აუცილებლად დაიშლება! რუსეთი აუცილებლად აგებს პასუხს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის!