- ოთხშაბათი, 25 დეკემბერი, 2024
2022-10-30 10:01:08
შორენა მარსაგიშვილი
უკრაინამ ბიძინა ივანიშვილის ოჯახი დაასანქცირა. უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ხელმოწერილი ბრძანება 20 ოქტომბერს გამოქვეყნდა. განკარგულება 12 ოქტომბრით არის დათარიღებული და 20 ოქტომბერს ამოქმედდა.
შავი სია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა მოამზადა, სადაც შედიან: ივანიშვილის ძმა ალექსანდრე ივანიშვილი და ძმისცოლი ქეთევან ხარაიძე, რომლის სახელზეც ალექსანდრე ივანიშვილს ბიზნესები აქვს გაფორმებული; ივანიშვილის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი მის შვილთან, ტატე მამაცაშვილთან ერთად; უჩა მამაცაშვილი რუსულ ბიზნესებთან არის კავშირში. სანქციები ითვალისწინებს სიაში მოხვედრილი პირების აქტივების გაყინვას, ანუ ისინი დროებით ვერ შეძლებენ საკუთარი ქონების გამოყენებასა და განკარგვას, ასევე იმ ქონების განკარგვასაც, რომელსაც ისინი ირიბად ფლობენ.
ექნება თუ არა გაგრძელება ზელენსკის ხელმოწერილ დოკუმენტს? დასანქცირდება თუ არა პირადად ბიძინა ივანიშვილი? შეეცვალა თუ არა ტონი „ქართულ ოცნებას“? რა უნდა გააკეთოს ოპოზიციამ და რატომ ვერ ელევიან ისინი პარლამენტს? _ ამის შესახებ „ქრონიკა+“-ს ოპოზიციის ერთ-ერი ლიდერი, მურმან დუმბაძე ესაუბრება:
_ ბატონო მურმან, უკრაინის პრეზიდენტის ხელმოწერილი განკარგულების თანახმად, დასანქცირდა ბიძინა ივანიშვილის ოჯახი. ექნება თუ არა ამას რამე გაგრძელება? ოპოზიციის ნაწილი ფიქრობს, რომ მალე ივანიშვილის ოჯახის წინააღმდეგ სანქციებს დასავლეთიც დააწესებს.
_ უკრაინის მეგობარი ყველა სახელმწიფო, პირველ რიგში, პოლონეთი და ბალტიის სამივე რესპუბლიკა, იგივე გადაწყვეტილებას მიიღებენ, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. ამას მოჰყვება დასავლეთი ევროპა და ამერიკის შეერთებული შტატები.
გადაწყვეტილება, რომელზედაც ახლა ამდენს საუბრობენ, არ არის მხოლოდ ზელენსკის მიღებული. შავი სია უკრაინის უშიშროების საბჭომ შეადგინა. ზელენსკიმ მომზადებულ დოკუმენტს ხელი მოაწერა. უკრაინის უშიშროების საბჭო გახლავთ უძლიერესი სამსახური, რომელიც რუსეთთან ომის ბედს წყვეტს.
ასე რომ, ბიძინა ივანიშვილმა თხარა, თხარა და სანქციები გამოთხარა. ეს არის ყველა იმ ადამიანის ბოლო, რომელიც იმ გზით აპირებს ცხოვრებას, რა გზითაც ივანიშვილი დადის. ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ივანიშვილი ამ ზომამდე მივიდოდა, მაგრამ ყველაფერი ხდება და ესეც მოხდა.
_ ამბობთ, ივანიშვილმა სანქციები გამოთხარაო, მაგრამ პირადად მისთვის სანქციები არ დაუწესებიათ.
_ ჯერჯერობით პირადად ივანიშვილზე სანქციები მართლაც არ არის დაწესებული, მაგრამ ეს მხოლოდ დროის ამბავია. მის წინააღმდეგაც დაწესდება სანქციები.
_ რატომ გგონიათ, რომ ეს მხოლოდ დროის ამბავია?
_ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოს ხელისუფლება მთლიანად გაშიშვლდა: ომამდე ისინი რუსულ საქმეს შეფარვით, მაგრამ მაინც აკეთებდნენ. ეს იყო გავრილოვის სისხლიანი ღამის მოწყობა, ანაკლიის პორტის პროექტის ჩაშლა. ანაკლიის პორტის პროექტის ჩაშლით, პირველ რიგში, რუსეთი იყო დაინტერესებული.
_ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში „გაზპრომი“ და მასთან გაფორმებული ხელშეკრულება დღემდე გასაიდუმლოებულია.
_ კი ბატონო. „გაზპრომიც“ ამათ შემოაბრუნეს, მაგრამ მაინც რაღაცნაირად მალავდნენ თავიანთ რუსულ განზრახვებს. უკრაინაში მიმდინარე ომმა ყველაფერი გააშიშვლა და „ქართული ოცნების“ ნამდვილი სახე ცხადად გამოაჩინა. დასავლეთმაც ღიად დაიწყო „ქართული ოცნების“ კრიტიკა. ბიძინა ივანიშვილს ფორმალიზებული წესით ჯერ სანქცია დაწესებული არ აქვს, მაგრამ მის წინააღმდეგ დასავლეთმა ყულფი შეკრა.
_ ყულფის შეკვრაში რას გულისხმობთ?
_ მას საკუთარ ფინანსებთან წვდომა აღარ აქვს და სერიოზული პრობლემები შეექმნა. ეს ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს. ეს დასანქცირების ტოლფასია. სანქციებში ახლა მისი ძმა მოყვა, დასანქცირდა მისი საყვარელი დეიდაშვილი. ცოტა ხანში გადავლენ ივანიშვილის შვილებზე და მერე მისწვდებიან თავად ბიძინასაც. აქტიურდება და ფორმალიზდება საკითხი, რასაც ივანიშვილის პერსონალური სანქცირება ჰქვია.
პირდაპირ უნდა გითხრათ, რომ ვერაფრით წარმოვიდგენდი, თუ ბიძინა იმ კლასში ჩავარდებოდა, რა კლასშიც არის საქართველოს მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც დღეს მხარს უჭერს რუსეთს. ვაღიაროთ, რომ საქართველოში ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც რუსეთს უჭერენ მხარს.
_ სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ასეთები ცოტანი არ არიან.
_ ვერ ვიტყოდი, რომ ბევრნი არიან. 7-10% აზიარებს შოიგუს სურათებს. მათ ჰგონიათ, რომ პუტინი არის ღმერთკაცი. ამ ხალხს ჰგონია, რომ რუსეთი ყოველთვის მართალია. ასეთი ადამიანები არიან. ვიმეორებ: რამდენიმე წლის წინათ ვერაფრით წარმოვიდგენდი, თუ ბიძინა ივანიშვილიც ამ ადამიანების რიცხვში იქნებოდა.
როდესაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძეს ჰკითხეს, _ ვინ დაიწყო ომი, რუსეთმა თუ უკრაინამო? _ პასუხი იყო ასეთი: ამის შესახებ დარგის შესაბამისს ექსპერტებს უნდა ვკითხოთო. ბიძინა ივანიშვილი თორნიკე რიჟვაძის კლასის ადამიანად იქცა.
_ ერთხელ თქვენ „ქრონიკა+“-თან საუბარში განაცხადეთ, რომ რუსეთის მიმართ ასეთი მხარდაჭერა ბიძინა ივანიშვილს მას შემდეგ გაუჩნდა, რაც რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინაო.
_ ამას ახლაც გავიმეორებ. მასთან ძალიან კარგი და ახლო ურთიერთობა მქონდა. ყოველდღე ვსაუბრობდით. თუ ერთმანეთს არ ვხვდებოდით, დღეში რამდენჯერმე მაინც მირეკავდა. ეს მანამდე გაგრძელდა, სანამ პრემიერი გახდებოდა. პრემიერი რომ გახდა, არასდროს შემიწუხებია.
_ რანაირდ შეაწუხებდით? _ მალევე მოხდა უთანხმოება თქვენ შორის.
_ არც ისე მალე, მაგრამ მე მაინც არ ვურეკავდი, არ მინდოდა შეწუხება. ის ხშირად მირეკავდა. ბევრ რაღაცეზე ვსაუბრობდით, ძირითადად, სახელმწიფო საქმეებზე. ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ ეს კაცი ასე შეიცვლებოდა. სულ სხვა განწყობები ჰქონდა დასავლეთის მიმართ.
2014 წლის შემდეგ ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა. ბიძინა ივანიშვილი დღეს რომ ასეთია, ამაში დასავლეთმაც შეიტანა თავისი წვლილი. დასავლეთს რუსეთისთვის ყველაფერზე რომ არ დაეხუჭა თვალები, საქმე აქამდე არ მივიდოდა. 2008 წლის აგვისტოს ომი აპატიეს რუსეთს, აპატიეს ყირიმის ანექსია. დღევანდელი გადმოსახედიდან ხომ კარგად ჩანს, რომ 2008 წელს სააკაშვილს ომის თავიდან აცილება არ შეეძლო. რუსეთი, ადრე თუ გვიან, საქართველოს წინააღმდეგ ომს მაინც დაიწყებდა.
„ნაციონალებმა“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ბევრი შეცდომა დაუშვეს და ბევრი დანაშაული ჩაიდინეს, მაგრამ საქმესაც აკეთებდნენ. იმ პერიოდში ქვეყანა წინ მიდიოდა, იყო რეფორმები და საქართველო სწრაფი ტემპით ვითარდებოდა. მაშინდელი ხელისუფლება მთლიანად იყო მოწადინებული, რომ საქართველო ევროატლანტიკურ სივრცეში შესულიყო. საქართველოს ადგილი არის ევროპაში. დასავლეთმა ბევრი შეცდომა დაუშვა და ყირიმის ოკუპაციის შემდეგ ივანიშვილმა ჩათვალა, რომ ეს იყო წერტილი. ამის შემდეგ ის მოსკოვისკენ გადაიხარა.
ავტოკრატია, ერთპიროვნული მმართველობა ამ ყველაფერს იმდაგვარად აწესრიგებს, რომ ყველაფერი სანქციებამდე მიდის. ავტოკრატია უნდა მოისპოს და სისტემა შეიცვალოს. სისტემის შეცვლის გარეშე ჩვენ ვერავითარ შედეგს ვერ მივიღებთ.
_ ივანიშვილის ოჯახის დასანქციერება რამეს შეცვლის? დაფიქრდება ოლიგარქი?
_ ივანიშვილის ოჯახის დასანქცირებამ უკვე მოიტანა გარკვეული შედეგები. ირაკლი კობახიძეს ვუსმენდი და აშკარაა, რომ ყურები ჩამოყრილი აქვს „ქართულ ოცნებას“. შვილმა რა დააშავა, მაგრამ ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რომ დასანქცირდა ცოტნე ივანიშვილი, რომელიც ცხოვრობს პარიზში. ის ვეღარ გადაადგილდება ევროპაში. ეს მისთვის ხომ ძალიან დიდი დარტყმა იქნება. წარმოიდგინეთ, რა ტრიუმფით მოვიდა ეს კაცი ხელისუფლებაში და 10 წლის თავზე რა კრახით ასრულებს მმართველობას. ხომ ხედავთ, სადამდე მივედით! 2014 წლამდე ვერაფრით წარმოვიდგენდილ თუ ივანიშვილი ასე მოიქცეოდა. მისი შვილები დასავლეთში ცხოვრობენ, იქაური განათლება მიიღეს. რას წარმოვიდგენდი, რომ ჭორვილელი კაცი აღიარებდა პუტინის უძლეველობას. მან იცით, როდის აღიარა პირველად პუტინის უძლეველობა? _ ანტისაოკუპაციო მიტინგი რომ დაარბია.
2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა პირდაპირ განაცხადა, რომ ის არ ჩავიდოდა უკრაინაში და არ შეუერთდებოდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს. ეს ხომ პირველმა პირმა თქვა! არ არის, ხალხნო, უკრაინა ხელწამოსაკრავი ქვეყანა!
_ რა თქმა უნდა, არ არის უკრაინა ხელწამოსაკრავი ქვეყანა. მსოფლიოს მეორე არმია დააჩოქა და საოცარი სიმამაცე გამოავლინა ამ ხალხმა.
_ უკრაინა, იცით, რატომ არის ასეთი მაგარი ქვეყანა, იცით რატომ გაუწია რუსეთს ასეთი წინააღმდეგობა? ეს მარტო ზელენსკის გაბედულებაზე არ ყოფილა დამოკიდებული. უკრაინაში ყველა გაბედული აღმოჩნდა: ზელენსკიც, უკრაინელი ჯარისკაციც, სტიქაროსანიც და დიასახლისიც ერთ აზრზე არიან. მათ სურთ, რომ უკრაინა იყოს სუვერენული და თავისუფალი სახელმწიფო. ამ ერმა გაუწია რუსეთს წინააღმდეგობა და მთელი მსოფლიო დაუდგა გვერდით. უკრაინას მხოლოდ რამდენიმე ქვეყანა არ უჭერს მხარს. ესენი არიან: სირია, ირანი, ბელარუსი და საქართველო. თუმცა დავკონკრეტდეთ და ვთქვათ, რომ უკრაინას ამ ქვეყნების მთავრობები არ უჭერენ მხარს, თორემ ხალხი სხვანაირად ფიქრობს.
_ ბელარუსში, სირიასა და ირანში როგორაა საქმე, არ ვიცი, მაგრამ საქართველოს მოსახლეობა უკრაინას მართლა თანაუგრძნობს.
_ სხვა ქვეყნებშიც ასეა. ძალიან ბევრ ბელარუსს ვიცნობ, უამრავი ბელარუსი ცხოვრობს დღეისთვის ბათუმში. ვერ იტანენ ლუკაშენოს. ისინი ღია მხარდაჭერას გამოხატავენ უკრაინის მიმართ. სამწუხაროა, რომ ბიძინა ივანიშვილი იმ ქვეყნების ლიდერების რიცხვში აღმოჩნდა, რომლებიც ამ ომში რუსეთს უჭერენ მხარს. გამოსავალი ერთადერთია. ამ გამოსავალს ჰქვია ცვლილება და ჩვენ ეს ხელისუფლება როგორმე უნდა შევცვალოთ.
_ ყველა ოპოზიციონერისგან მესმის, რომ ეს ხელისუფლება უნდა შევცვალოთ, მაგრამ არავინ ამბობს, როგორ უნდა შევცვალოთ.
_ როგორ უნდა შევცვალოთ და აქტიურობით. ბევრი უნდა ვილაპარაკოთ, ბევრი უნდა ვიყვიროთ. ბევრჯერ და ბევრნი უნდა გამოვიდეთ ქუჩაში. აქტიურობითა და პროტესტით შევძლებთ ხელისუფლების შეცვლას.
_ სანამ აქტიურობაზე ვილაპარაკებთ, ღარიბაშვილზე მინდა გკითხოთ: ზემოთ თქვენ ახსენეთ მის მიერ გაკეთებული განცხადებები უკრაინაზე. ადრე ხშირად აკრიტიკებდა და ლანძღავდა ომში მყოფ ქვეყანას, მაგრამ ახლა ხმას არ იღებს. თანაგუნდელებისგან განსხვავებით, აღარც დასავლეთის კრიტიკით გამოირჩევა. თქვენი აზრით, რასთან გვაქვს საქმე?
_ ბოლო დროს ის რამდენჯერმე იყო ჩასული დასავლეთში და მთელი რიგი შეხვედრები გამართა. რას ეტყოდნენ მას დასავლეთში, ეს ჩემთვის სრულიად ნათელია. მას ეტყოდნენ, _ არაფერს გეუბნებით იმიტომ, რომ არ ხარ გადაწყვეტილებების მიმღები პირი. დასავლეთმა მშვენივრად იცის, რომ ივანიშვილი წყვეტს საქართველოში ყველაფერს. დასავლეთში ღარიბაშვილს ურჩიეს, რაკი არაფერს წყვეტ, ბევრს ნუ ლაპარაკობ და ჭკუით იყავიო.
მინდა, „ქართული ოცნების“ წევრებმა იცოდნენ, რომ არავინ აპატიებს მათ კელი დეგნანის გინებას! არ აპატიებენ ამერიკის ლანძღვას! არ აპატიებენ ევროპული გზიდან გადახვევასა და ელჩების გინებას! არავინ გაპატიებს იმას, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არ შუერთდი! არც ანაკლიის პორტის პროექტის ჩაშლას აპატიებენ! ადრე თუ გვიან, ივანიშვილიც დაისჯება და მას პერსონალურ სანქციებს დაუწესებენ. ყულფი უკვე შეკრულია. ოჯახის დასანქცირებით ივანიშვილი გააფრთხილეს.
_ ახლა ოპოზიციის აქტიურობაზეც ვისაუბროთ, _ აქტიურობა არ შეინიშნება. მეტიც: ოპოზიცია არაფერს აკეთებს. საქართველოში ასე ხდება ხოლმე, რომ ზაფხული პოლიტიკურად მკვდარი სეზონია და ოპოზიციაც შემოდგომაზე აქტიურდება. შემოდგომის მეორე თვე იწურება და ოპოზიცია არფერს აკეთებს. რა ხდება, რატომ დუმს ოპოზიცია?
_ სამწუხაროდ, ოპოზიცია გაჩერებულია და ეს ამბავი მოსაწონი არ არის. მოსაწონი არც ის პროცესებია, რომლებიც დღეს მთავარ ოპოზიციურ ძალაში მიმდინარეობს. „ნაციონალურ მოძრაობაში“ რაღაც მართლა ვერ არის რიგზე. სავარაუდოდ, შიდა დაპირისპირებაც აქვს. გარედან ასე ჩანს. ყველა მხარე ცუდად იქცევა. არაა საჭირო შიდა სამზარეულოს გარეთ გამოტანა. დაპირისპირება დროებით უნდა დაივიწყონ და გაჩუმდნენ. ახლა, როგორც არასდროს, ისეა საჭირო ოპოზიციის ერთიანობა. როდესაც სერიოზული დემოკრატია გვექნება, მაშინ დავიწყოთ მტყუან-მართლის გარჩევა. ახლა ხელისუფლება უნდა შევცვალოთ.
არჩევანი გვაქვს ასეთი: თუ დავნებდით და არაფერს ვაკეთებთ, მაშინ უნდა შევეგუოთ, რომ ერთ მშვენიერ დღეს გავიღვიძებთ რუსეთში. თუ რუსეთში გაღვიძება არ გვინდა და ევროპა გვირჩევნია, მაშინ უნდა ვიბრძოლოთ. 1989 წლის 9 აპრილიდან მოყოლებული, დღემდე იხოცებიან ქართველები იმისთვის, რომ რუსეთის კლანჭებს დააღწიოს საქართველომ თავი. ერთმანეთში თუ ვიკინკლავებთ, ამით ივანიშვილი მოიგებს.
ახლა ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს დიდი ოპოზიციური გაერთიანების შექმნა. ამას გნებავთ, ეროვნული მოძრაობა დავარქვათ, გნებავთ, _ ეროვნული ფრონტი. გასაგებია, რომ ძალიან ჭრელია ოპოზიციური სპექტრი, მაგრამ ყველამ უნდა შეიგნოს, რომ დღეს გამოსავალი ერთობაშია. ერთიანობის გარეშე ბიძინა ივანიშვილს ვერ მოვერევით. ვისაც მაინც უჭირს პირადი ამბიციების მოთოკვა, გაიხსენოს, რომ რუსული მთავრობა გვიზის სათავეში.
აქტიურობა და ისევ აქტიურობა! შიდა კინკლაობებს თავი უნდა დავანებოთ! ეს მარტო „ნაციონალურ მოძრაობას“ არ ეხება. სხვაგანაც არის კინკლაობები. ჩვენ ყველანი ვთანხმდებით, რომ საქართველოში პოლიტიკური პატიმრები არ უნდა არსებობდნენ. ნიკა გვარამია პოლიტიკური პატიმარია. არ შეიძლება, ტელევიზიის ხელმძღვანელი დააპატიმრო იმის გამო, რომ შენთვის სასარგებლო გადაცემებს არ აკეთებს. არ შეიძლება საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაპატიმრება იმის გამო, რომ ის შენიანი არ გახდა.
ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რომ მიხეილ სააკაშვილს 2012 წლის 2 ოქტომბერს ეთქვა, _ მე ვარ „ქართული ოცნების“ მომხრე, გაუმარჯოს ბიძინა ივანიშვილს! მას არავინ დააპატიმრებდა. მიშა არის პოლიტიკური პატიმარი.
ჩვენ დღეს გვაქვს ის სასამართლო სისტემა, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლამდე არ მოსწონდა ბიძინა ივანიშვილს. ეს სისტემა მართლაც არ იყო მოსაწონი, მაგრამ არაფერი შეცვლილა. „ქართულ ოცნებას“ კარგად მოერგო მურუსიძის სასამართლო და ახლა ეს სისტემა ძალიანაც მოსწონს ბიძინა ივანიშვილს. ეს კაცი ბევრ რამეს დაჰპირდა ქართველ ხალხს, მაგრამ არაფერი გააკეთა. არგაკეთებას მიაყოლა ისიც, რომ ჩვენთან, პრაქტიკულად, აღორძინდა რუსული პოლიტიკური პარტიები. ჩვენ გვყავს ისეთი პარტიები, რომლებსაც შეუძლიათ, ხმამაღლა შეაქონ პუტინი. ეს არის კატასტროფა.
_ მართალია, საქართველოში აღორძინდა რუსული პარტიები, მაგრამ, როგორც თავად თქვით, მოსახლეობის მხოლოდ 7-10% უჭერს მხარს რუსებს, ამიტომ ეს პარტიები ბევრს ვერაფერს იზამს.
_ რუსული ორიენტაციის პარტიების აღორძინება სახიფათო არაა, ისინი მართლა ბევრს ვერაფერს შეცვლიან, მაგრამ დრო გადის და ის ჩვენ სასარგებლოდ არ მუშაობს. ყველა ქვეყანამ გაგვასწრო. პოლიტიკაში ჩამორჩენა გვაქვს, ჩამორჩენა გვაქვს ეკონომიკაშიც. ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებში ყველაზე ჩამორჩენილები ვართ. ჩვენ ბევრად ჩამოვრჩებით უკრაინას, მოლდოვას, სომხეთსა და აზერბაიჯანს. აღარაფერს ვამბობ ევროკავშირის ქვეყნებზე. ამ შემთხვევაში შედარებით ღარიბ ქვეყნებს ვგულისხმობ. პოლონეთი და ბალტიის ქვეყნები მდიდრები არ არიან, მაგრამ ჩვენზე ბევრად წინ წავიდნენ.
ჩვენ ძალიან ბევრ დროს ვკარგავთ, ყოველ დღეს უარესი და უარესი მოაქვს. ნაცვლად იმისა, რომ ქვეყნის განვითარებაზე ვიფიქროთ, ის გვაქვს საზრუნავი, რომ რუსული ხელისუფლება როგორმე მოვიცილოთ თავიდან. ეს ხელისუფლება ნამდვილად მოსაცილებელია. მესმის, რომ „ქართული ოცნების“ მოცილება ადვილი საქმე არ არის, მაგრამ ოპოზიციამ ეს რთული ამოცანა უნდა შეასრულოს. თუ არ შეასრულებს, ერთ დღესაც გავიღვიძებთ რუსეთში. რუსეთში ცხოვრება თუ არ გვინდა, მაშინ უნდა გავერთიანდეთ.
ოპოზიციის ლიდერებთან ხშირად მაქვს კონტაქტი და მათ სულ გაერთიანების აუცილებლობაზე ველაპარაკები. ჩემი შეხედულებები შეიძლება არ ემთხვეოდეს ბევრი ოპოზიციონერის მოსაზრებას, მაგრამ მაინც ერთიანობის მომხრე ვარ.
_ რაში არ ემთხვევა თქვენი მოსაზრებები ერთმანეთს?
_ არის სხვადასხვა საკითხი. მაგალითად, პარლამენტში ოპოზიციის ყოფნა. მიმაჩნია, რომ ოპოზიციამ პარლამენტი აუცილებლად უნდა დატოვოს. ოპოზიცია პარლამენტს თუ დატოვებს, ამას ძალიან დიდი რეზონანსი მოჰყვება.
_ დარწმუნებული ხართ, რომ რეზონანსი მოჰყვება?
_ ეჭვიც არ მეპარება, მსოფლიო მასშტაბის რეზონანსი იქნება. მთელი მსოფლიო დაინახავს, რომ საქართველოს ჰყავს რუსული ხელისუფლება და ოპოზიციას მასთან თანამშრომლობა არ სურს. დღეს ოპოზიცია პარლამენტში ზის და ხელისუფლებასთან ერთად მსჯელობს სხვადასხვა საკითხზე. დღეს პარლამენტში ჯდომა ნიშნავს, რომ შენც აღიარებ რუსულ ხელისუფლებას და შენც ხარ პასუხისმგებელი მის მიერ ჩადენილ დანაშაულებზე.
_ თქვენი აზრით, დატოვებს ოპოზიცია პარლამენტს? ბევრმა მოუწოდა მათ იქიდან გამოსვლისკენ, მაგრამ არ გამოდიან.
_ ვერ გეტყვით. მე ვიცი, რომ ოპოზიცია პარლამენტიდან უნდა წამოვიდეს. რუსულ ხელისუფლებასთან ერთად ჯდომა არ შეიძლება. ეს ხელისუფლება არის შესაცვლელი და ის აუცილებლად უნდა შეიცვალოს. ხელისუფლება კი გაერთიანების გარეშე ვერ შეიცვლება. ამიტომ კეთილი ვინებოთ, პირადი წყენა დავივიწყოთ და თუ რუსეთში ცხოვრება არ გვსურს, გავერთიანდეთ. ერთიანი ძალებით მართლა შევცვლით ხელისუფლებას.