QronikaPlus
რის სანაცვლოდ არ დაუწესა სანქციები უკრაინამ ივანიშვილს?

რის სანაცვლოდ არ დაუწესა სანქციები უკრაინამ ივანიშვილს?

2022-10-30 09:57:23

შორენა მარსაგიშვილი

პოლიტიკური თვალსაზრისით ასეთი ჩამკვდარი შემოდგომა საქართველოში დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ არ ყოფილა. შემოდგომის გასვლამდე ერთ თვეზე ცოტა მეტი დროა დარჩენილი, მაგრამ ოპოზიციის დაპირებული საპროტესტო ტალღა და ქუჩის აქციები არსად ჩანს. არადა, აქციის გასამართად ხელისუფლება ოპოზიციას საბაბს საბაბზე აძლევს, მაგრამ ოპოზიციონერები ცოცხალი თავით არ გამოდიან ქუჩაში.

სამართლიანობისთვის ისიც უნდა ითქვას, რომ ოპოზიციას ქუჩაში გამოსვლის თავი არ აქვს. თითქმის ყველა პარტიაში არეულობაა. განსაკუთრებით მთავარ ოპოზიციურ პარტიაში არიან არეულები, რაც, თავის მხრივ, ძალიან აბედნიერებს მმართველ პარტიას. პოლიტიკურმა უბედურებამ „ქართული ოცნების“ კარზეც მიაკაკუნა. უკრაინამ ბიძინა ივანიშვილის ოჯახი დაასანქცირა. ლიდერის დასანქცირების გარდა „ოცნებას“ კიდევ სხვა პრობლემებიც ბლომად აქვს და ახლო მომავალში შესაძლოა, დიდი შიდა „ქოცური“ ომის მომსწრენი გავხდეთ.

კალაძე-ღარიბაშვილის დაუსრულებელი ომი

ოლექსეი არესტოვიჩის წინააღმდეგ ერთ მუშტად შეკრულ „ქართულ ოცნებაში“ შესაძლოა, დიდმა განხეთქილებამ იფეთქოს, რაც აქამდე არსებული დაპირისპირების განახლება იქნება. კახა კალაძე და ირაკლი ღარიბაშვილი ისევ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. თბილისის მერი არ მალავს, რომ პრემიერობა სურს. პრემიერის პოსტის დათმობა არც ირაკლი ღარიბაშვილს უნდა და ბიძინა ივანიშვილის კარზე სერიოზული ფრონტია გაჩაღებული.
საჯარო საუბრებში „ქართული ოცნების“ წევრები აცხადებენ, რომ მათ რიგებში არანაირი დაპირისპირება არ არის, მაგრამ კულუარებში სულ სხვა რამეზე ლაპარაკობენ. როგორც ამბობენ, კალაძისა და ღარიბაშვილის დაპირისპირებას ყველანაირად უწყობს ხელს ირაკლი კობახიძე, რომელსაც ასევე ძალიან უნდა პრემიერობა.
კობახიძემ ცალ-ცალკე კალაძე და ღარიბაშვილი ერთხელ უკვე დაამარცხა და ამჯერად შეეცდება, ორივე ერთდროულად ჩამოიშოროს. აქ ერთი დეტალიც არის გასათვალისწინებელი: წლების წინათ, ღარიბაშვილთან დაპირისპირების დროს, მას კალაძე უმაგრებდა ზურგს, უფრო ზუსტად, ის ამაგრებდა კალაძის პოზიციებს, რომელსაც მაშინ ვიცე-პრემიერისა და ენერგეტიკის მინისტრის პოსტი ეკავა.
უკრაინაში ომის დაწყების პირველ პერიოდში ირაკლი ღარიბაშვილი ღიად ლანძღავდა უკრაინას და მხარს უჭერდა რუსეთს. არც დასავლეთის კრიტიკას ერიდებოდა. თუმცა ბოლო რამდენიმე თვეა, ირაკლი ღარიბაშვილს არც უკრაინა დაუგმია და არც დასავლეთი გადაუცია პოლიტიკურ ანათემაზე. ამერიკიდან დაბრუნების შემდეგ დასავლეთსა და უკრაინაზე საუბარს გაურბის. ხშირად ხვდება ევროპელ დიპლომატებს და ზედმეტს არაფერს ამბობს. იმდენად ჩუმად არის, რომ ოპოზიციასაც კი არ აქვს მისი ლანძღვის საბაბი.
მთავრობის მეთაური ახლა ისეთივე მდგომარეობაშია, როგორშიც კახა კალაძე იყო 2020 წელს. ალბათ, ყველას გახსოვთ, იმ დროს კალაძე მმართველ პარტიას რომ გაემიჯნა, არანაირ აქტივობას არ ეწეოდა, პოლიტიკურ განცხადებებს ერიდებოდა. და როგორც მისი გარემოცვა ამბობდა, პოლიტიკიდან და საქართველოდან წასვლას აპირებდა. ამის მიზეზი კი ბიძინა ივანიშვილთან დაპირისპირება იყო. თბილისის მერი „ოცნების“ დამფუძნებელს რომ დაპირისპირებოდა, ამაზე ირაკლი კობახიძემ იზრუნა.
კულუარებიდან არ გამოუჟონია ინფორმაციას, თუ რა ამბები მიუტანა კობახიძემ ივანიშვილს თბილისის მერზე, მაგრამ ფაქტია, რომ რაღაც პერიოდი „ოცნების“ დამფუძნებელს კალაძის დანახვაც კი არ სურდა. კალაძე პოლიტიკიდან აპირებდა წასვლას. თბილისის მერობისთვის „ქართული ოცნება“ სხვა კანდიდატს ეძებდა. მმართველ პარტიას რომ კადრების თვალსაზრისით პრობლემები აქვს, ეს ცნობილი ამბავია. დიდი ხნის ძებნის შემდეგ თბილისის მერობის სათანადო კანდიდატი ვერ შეარჩიეს და ამიტომ ისევ კახა კალაძე დააბრუნეს. ივანიშვილმა ის ნაწილობრივ შემოირიგა კიდევაც.
სამაგიეროდ, მის მიმართ წყენა ისევ აქვს გულში ირაკლი კობახიძეს. განაწყენებულია ირაკლი ღარიბაშვილიც. მან კარგად იცის, რომ თბილისის მერს მთავრობის მეთაურობა სურს და ისიც კარგად მოეხსენება, რომ წლების წინათ პრემიერობიდან სწორედ კალაძისა და ირაკლი კობახიძის წყალობით გაუშვეს. მასზე და მის ოჯახზე კომპრომატები ბიძინა ივანიშვილთან კობახიძეს მიჰქონდა. კომპრომატებს კი სოსო გოგაშვილი აგროვებდა, რომელიც, თავისმხრივ, კომპრომატებით კახა კალაძეს ამარაგებდა. ინფორმაცია მათი თანამშრომლობის შესახებ მედიაში არაერთხელ დაიწერა.
მთავრობიდან პრემიერი ერთადერთი არ არის, ვისაც თბილისის მერი არ უყვარს. მის მიმართ სერიოზული პრეტენზიები აქვს სუსის უფროს გრიგოლ ლილუაშვილს, რომელსაც ჯერაც არ დავიწყებია, როგორ გამოუშვა მერიიდან კალაძემ.
თბილისის მერს არც თეა წულუკიანი სწყალობს. წულუკიანთან დაპირისპირება კი სახუმარო ამბავი არ არის. ბიძინა ივანიშვილის კარზე მას დიდი გავლენები აქვს და „ოცნების“ დამფუძნებელი მის ბევრ კაპრიზს ასრულებს. როგორც ამბობენ, ის წულუკიანთან ვალშია. იუსტიციის მინისტრობის დროს ახლანდელმა კულტურის მინისტრმა მას იმდენი რამე გაუკეთა, რასაც სხვა არცერთი ჩინოსანი არ გაბედავდა.
ვნახოთ, რა მოხდება მმართველ პარტიაში. ღარიბაშვილის დუმილი შემთხვევითი სულაც არ არის. არადა, ამ ეტაპზე „ქართულ ოცნებას“ შიდა დაპირისპირებისთვის არ სცხელა, მათ დამფუძნებლის ქონება აქვთ გადასარჩენი.

გაფრთხილება ივანიშვილისთვის

გასულ კვირას უკრაინამ ბიძინა ივანიშვილის ოჯახი დაასანქცირა. უკრაინის პრეზიდენტ ვოლიდიმირ ზელენსკის მიერ ხელმოწერილი განკარგულება 20 ოქტომბერს გამოქვეყნდა. განკარგულება 12 ოქტომბრით არის დათარიღებული. შავი სია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა მოამზადა.
შავ სიაში მოხვდნენ: ბიძინა ივანიშვილის ძმა ალექსანდრე ივანიშვილი და ძმისცოლი ქეთევან ხარაიძე, რომლის სახელზეც ალექსანდრე ივანიშვილს ბიზნესები აქვს გაფორმებული. შავ სიაშია ივანიშვილის საყვარელი დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი, მის შვილთან, ტატე მამაცაშვილთან ერთად. უჩა მამაცაშვილი რუსულ ბიზნესებთან არის კავშირში. უჩა მამაცაშვილი აქტიურად ერევა საქართველოს შიდა ამბებში და ბევრ რამეს წყვეტს.
სანქციები, მთლიანობაში, 3800 ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეეხო. დასანქცირებულ პირთა შორის არიან უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი პაველ ლებედევი, ასევე ოლიგარქები _ სერგეი კურჩენკო და ოლეგ დერიპასკა.
როგორც უკრაინული მხარე განმარტავს, სანქციები ითვალისწინებს სიაში მოხვედრილი პირების აქტივების გაყინვას, ანუ ისინი დროებით ვერ შეძლებენ საკუთარი ქონების გამოყენებასა და განკარგვას უკრაინაში, ასევე იმ ქონების განკარგვასაც, რომელსაც ისინი ირიბად ფლობენ. სანქციების თანახმად, ხსენებულ პირებს ეკრძალებათ არსებული კაპიტალის უკრაინის საზღვრებს გარეთ გატანა, მიწის ნაკვეთების შეძენა, ქონების გადაცემა/გასხვისება, სავაჭრო ოპერაციების შესრულება, რესურსების ტრანზიტი.
სანქციები სულ 13 პუნქტისგან შედგება და მათი მოქმედების ვადა 10 წლით არის განსაზღვრული:
1) აქტივების ბლოკირება _ ფიზიკური ან იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული აქტივების გამოყენებისა და განკარგვის უფლების დროებით ჩამორთმევა, აგრეთვე იმ აქტივებზე, რომელთა მიმართაც ასეთ პირს შეუძლია პირდაპირ ან ირიბად (სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირის მეშვეობით) განახორციელოს ქმედებები;
2) სავაჭრო ოპერაციების შეზღუდვა (სრული შეწყვეტა);
3) უკრაინის ტერიტორიაზე რესურსების ტრანზიტის, ფრენებისა და ტრანსპორტირების შეზღუდვა, ნაწილობრივი ან სრული შეწყვეტა (სრული შეწყვეტა);
4) უკრაინიდან კაპიტალის გაყვანის პრევენცია;
5) ეკონომიკური და ფინანსური ვალდებულებების შესრულების შეჩერება;
6) ლიცენზიებისა და სხვა ნებართვების გაუქმება ან შეჩერება, რომელთა მიღება (ხელმისაწვდომობა) არის გარკვეული სახის საქმიანობის განხორციელების პირობა, კერძოდ, წიაღით სარგებლობის სპეციალური ნებართვების გაუქმება ან შეჩერება;
7) უცხო სახელმწიფოს რეზიდენტების მიერ პირდაპირ ან ირიბად კონტროლირებად ან მათი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედი პირების პრივატიზაციაში, სახელმწიფო ქონების იჯარაში მონაწილეობის აკრძალვა;
8) უკრაინის ტერიტორიულ ზღვაში, მის შიდა წყლებში, პორტებსა და უკრაინის საჰაერო სივრცეში უცხოური არასამხედრო გემებისა და სამხედრო გემების შესვლის აკრძალვა ან შეზღუდვა ან უკრაინის ტერიტორიაზე დაშვება (სრული აკრძალვა);
9) უცხო სახელმწიფოში ინვესტიციების განხორციელების, უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე ანგარიშებსა და დეპოზიტებზე სავალუტო ღირებულების განთავსების ნებართვების, ეროვნული ბანკის ლიცენზიების გაცემის აკრძალვა;
10) უცხო სახელმწიფოდან უკრაინაში იმპორტის ნებართვების, ლიცენზიების გაცემის ან უკრაინიდან ვალუტის ღირებულების ექსპორტის შეწყვეტა და უცხო ქვეყნის რეზიდენტების მიერ გაცემული გადახდის ბარათებზე ნაღდი ფულის განაღდების შეზღუდვა;
11) ტექნოლოგიების გადაცემის აკრძალვა, უფლებების გადაცემა ინტელექტუალურ საკუთრებაზე;
12) უკრაინის სახელმწიფო ჯილდოების ჩამორთმევა, აღნიშვნის სხვა ფორმები;
13) მიწაზე საკუთრების უფლების შეძენის აკრძალვა.
სანქციების კონტროლზე პასუხისმგებელი არიან უკრაინის უსაფრთხოების საბჭო და ეროვნული ბანკი.
უკრაინის პრეზიდენტის განკარგულების თანახმად, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაევალა სანქციების შესახებ ინფორმაციის მიწოდება ევროკავშირისთვის, ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და სხვა პარტნიორი სახელმწიფოების კომპეტენტური უწყებებისთვის და მათთან ანალოგიური სანქციების ამოქმედების საკითხის განხილვა.


უკრაინულ მხარეს ძალიან მარტივად შეეძლო ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება. სხვა თუ არაფერი, უკრაინაში შესანიშნავად იციან, რომ საქართველოში დღეს ყველაფერს ის წყვეტს. ისიც კარგად მოეხსენებათ, რომ ივანიშვილზე მჭიდროდ პუტინთან არავინ არის დაკავშირებული და საქართველოს ხელისუფლების ანტიუკრაინულ ისტერიას სწორედ ოლიგარქი ხელმძღვანელობს. ამის მიუხედავად, უკრაინამ „ოცნების“ დამფუძნებელი, რატომღაც, დაინდო. ამან გარკვეული კითხვები გააჩინა.
საქართველოში ფიქრობენ, რომ უკრაინამ ბიძინა ივანიშვილი გააფრთხილა, რომ თუ ოფიციალური თბილისი კიდევ გააგრძელებს ანტიუკრაინულ ისტერიას, მაშინ თავად ოლიგარქიც დასანქცირდება. არის სხვა ვერსიაც: ივანიშვილს სანქციების მიღმა დარჩენის სანაცვლოდ შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლება მოსთხოვონ. საქართველოს მესამე პრეზიდენტი უკრაინის მოქალაქეა და უკრაინამ უკვე მოითხოვა მისი ექსტრადირება.
მარტო სააკაშვილის გამო ივანიშვილს სიაში არ მოახვედრებდნენ, აქ მთავარი ანტიუკრაინული ისტერიაა, რომელსაც „ქართული ოცნება“ არ მალავს. არის კიდევ რუსებისთვის ხელის შეწყობის ფაქტორი. უკრაინულმა მხარემ არაერთხელ განაცხადა, რომ ოფიციალური თბილისი რუსებს სანქციებისგან თავის არიდებაში ეხმარება. თავად საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების დაწესებას მხარი არ დაუჭირა.
ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას ყველაზე ხშირად დავით არახამია აანონსებდა. დავით არახამია უკრაინაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსია. ის ძალიან კმაყოფილია ივანიშვილის ოჯახის დასანქცირებით და გვპირდება, რომ ამ საკითხზე მუშაობას მომავალშიც გააგრძელებს.
„სალამი ქართველ ხალხს! მე როგორც დაგპირდით, ვაგრძელებ მუშაობას ქართველი ოლიგარქების დასანქცირებაზე, რომლებიც ხელს უშლიან თავისუფალ საქართველოს, შეუერთდნენ ევროკავშირს. ბიძინა ივანიშვილის მთელი გარემოცვა დღეს პრეზიდენტის ბრძანებით დასანქცირდა. უახლოეს მომავალში იმედი მაქვს, რომ ქართული მედიაც გამოაქვეყნებს ივანიშვილის სანქცირებული მოლარეების გვარებს. პირველ რიგში, მას ვურტყამთ ფინანსებზე, ეს ჩვენ ამერიკელებისგან ვისწავლეთ და ამის შემდეგ იერიშს მივიტანთ თავად ივანიშვილზე. იმედი მაქვს, ეს კარგი ამბავი არის თავისუფალი საქართველოსთვის“, _ დაწერა არახამიამ ზელენსკის განკარგულების გასაჯაროების შემდეგ.
დავით არახამიას ნებისმიერ განცხადებაზე როგორ რეაგირებდა ხოლმე „ქართული ოცნება“, ყველას გახსოვთ, რამდენიმე დღის მანძილზე გაუთავებლად ლანძღავდნენ. ზარქუა რომ დაიწყებდა, ღუდუშაური ბანს აძლევდა და ლანძღვის კორიანტელი არ ჩერდებოდა. ამ შემთხვევაში მის მიმართ აუგი არავის დასცდენია. უკრაინის ხელისუფლებაც კი მოგუდულად გააკრიტიკეს ჩვენმა მეოცნებეებმა. გასაკვირია და არც „ოცნებიდან“ გამიჯნულები გამოჩენილან. „ხალხის ძალად“ გადაქცეულებს გასულ კვირას საერთოდ არ ამოუღიათ ხმა.
არახამია და ზელენსკი ვერა, მაგრამ „ქართული ოცნება“ ოლექსეი არესტოვიჩს კი შეესია. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველზე ნამდვილი შტურმი განხორციელდა. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ არესტოვიჩმაც გადაამლაშა. ოლექსეი არესტოვიჩის განცხადებით, უკრაინას მალე ქართველების განთავისუფლება მოუწევს. ამის შესახებ მან ერთ-ერთ იუთუბ-არხთან ინტერვიუში განაცხადა.
„თუ გავითვალისწინებთ საქართველოში პრორუსულ ხელისუფლებას, რომელსაც არ აქვს გადაწყვეტილებების მიღების უნარი და ანგრევს ყველაფერს, რაც შექმნა სააკაშვილმა, ისევ დააბრუნა კორუმპირებული პოლიცია, ისევ ყველაფერი იყიდება, ეს ყველაფერი აგიჟებს საქართველოში დარჩენილ პატრიოტებს, რომლებიც სიმწრით თმებს იგლეჯენ.
ამდენად, ჩვენ მოგვიწევს იქ ძალის პროეცირება, მოგვიწევს ქართველების დახსნა, მოგვიწევს მოლდოვის, სომხეთის შველა, ყველას შველა. ეს კარგი ამბავია. ჩვენ გვყავს მილიონამდე ნაბრძოლი ადამიანი, რომელთაც პოსტსაბჭოთა სივრცეში საქმე გამოუჩნდება უახლოეს მომავალში. ეს შეიძლება მოხდეს სხვადასხვა ეგიდით: მშვიდობისმყოფელები, სტაბილიზაციაზე მიმართული და ჰუმანიტარული ოპერაციები, ყველაფერი უზრუნველყოფს წესრიგის დამყარებას“, _ განაცხადა არესტოვიჩმა.
ამ განცხადებას, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ნამდვილი შტურმი მოჰყვა. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი ოპოზიციასაც შემოელანძღა. „ქართულმა ოცნებამ“ რაც ზელენსკის ვერ გაუბედა, სულ არესტოვიჩზე იყარა ჯავრი. სამაგიეროდ, მმართველმა პარტიამ ვერაფერი თქვა რუსების ბრალდებების საპასუხოდ. ოკუპანტები ყირიმის ხიდის აფეთქებას ნაწილობრივ საქართველოსაც „ტენიან“. წარმოადგინეს მტკიცებულებებიც. საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთის ბარლდებებზე ხმის ამოღებაც კი ვერ გაბედა. ერთ-ერთი მინისტრის მოადგილემ წაიბუტბუტა მხოლოდ, რომ ამ აფეთქებასთან საქართველოს არაფერი აკავშირებსო. დანარჩენი დადუმდა. დუმილი კი, როგორც ამბობენ, თანხმობის ნიშანია. თუმცა ამ შემთხვევაში ეს დუმილი რუსეთისადმი მონური მორჩილების გამოხატულება იყო.
ქართული ხელისუფლების სათქმელი „ქართული ოცნების“ მიერ მრავალგზის შერისხულმა მიხაილო პოდოლიაკმა თქვა. პოდოლიაკი, არესტოვიჩის მსგავსად, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველია და დავით არახამიასი არ იყოს, სისხლს უშრობს „ქართულ ოცნებას“.
მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, რუსეთი საქართველოსკენ ტყუილად იშვერს ხელს, რადგან ქართველებს ყირიმის ხიდის აფეთქებასთან არაფერი აკავშირებთ. „ქართულ ოცნებას“ არც ამის შემდგ გაუცია პასუხი რუსეთის ბრალდებებზე და არც იმის გამო გასჩენიათ პროტესტი, რომ გასულ კვირას კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა უკრაინაში რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში.
24 თებერვლის შემდეგ რუსებთან ბრძოლაში უკვე 22 ქართველია დაღუპული, რაც ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ ეს ჩვენი ომიცაა და უკრაინის გამარჯვება ჩვენი გამარჯვება იქნება.

გამიჯვნები „ნაციონალურ მოძრაობაში“

მთავარ ოპოზიციურ პარტიაში უკვე კარგა ხანია, საქმეები ცუდად მიდის. თანაპარტიელები ღიად ლანძღავენ ერთმანეთს. გასულ კვირას პარტიიდანაც დაიწყო გადინების პროცესი. „ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებელი კი მძიმე მდგომარეობაში „ვივამედის“ კლინიკაშია გამოკეტილი. „ნაციონალური მოძრაობა“ მის დასახსნელად არაფერს აკეთებს. პატარა აქციაც კი არ გამართეს. არადა, პარტიის ბევრი ლიდერი მოუწოდებდა სააკაშვილს საქართველოში ჩამოსვლისკენ.
გასულ კვირას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რიგები პარტიის სტრატეგიული კომუნიკაციების მდივანმა ნიკა ობოლაძემ დატოვა. ობოლაძემ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ „ნაცმოძრაობაში“ ვერ ხედავს ძალას, რომელიც შეძლებს, ქვეყანა კრიზისიდან გამოიყვანოს.
„საბოლოო ჯამში, ამ ფორმაციის „ნაციონალურ მოძრაობაში“ მე ვერ ვხედავ იმ ძალასა და იმ ენერგიას, რომელიც შეძლებს, ქვეყანა ახლა, ამ ხელისუფლების პირობებში, გამოიყვანოს კრიზისიდან.
მე მაინტერესებს პოლიტიკაც და ეს ქვეყანაც, შესაბამისად, თუ შევძლებ და მექნება ხერხი, რომ რამე შევცვალო, შევცვლი, რადგან „ნაციონალური მოძრაობა“ ჩემთვის, მათ შორის, იყო ხერხი, რომ რაღაც შემეცვალა უკეთესობისკენ. მე ამ ხერხს ვეღარ ვხედავ „ნაციონალურ მოძრაობაში“.
რამდენიმე კვირის წინ გამოვედი ინიციატივით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ რაღაც ახლის დაწყების შესახებ, რაც მოიცავდა პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებას. მიუხედავად იმისა, რომ ამ ინიციატივამ კულისებს მიღმა დიდი თანადგომა დაიმსახურა, საჯაროდ ამან ვერ მოიპოვა მხარდაჭერა. ამიტომ ახლა თამამად შემიძლია გითხრათ, რომ დღეიდან არ გესაუბრებით „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით“, _ განაცხადა ობოლაძემ.
ნიკა ობოლაძის გარდა, „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა მალხაზ თავდგირიძემ, რომელიც ხელვაჩაურის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე იყო.
პარტიიდან წასვლის მიზეზად თავდგირიძე პარტიის ლიდერების მხრიდან შანტაჟსა და ზეწოლას ასახელებს. ის ამბობს, რომ პარტიის ლიდერები მისი პირადი მიმოწერითა და საუბრებით აშანტაჟებდნენ და მას მანდატის დათმობას სთხოვდნენ. თავდგირიძის განცხადებით, ის ვერ იქნება პარტიაში, რომელსაც კეზერაშვილი აფინანსებს.
მთავარ ოპოზიციურ ძალაში ხალხის გადინების პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.
კახა კალაძის გამო „ნაცმოძრაობაში“ დიდი უკმაყოფილებაა. ვაკის პარკში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ პარტიის ახალგაზრდული ფრთა კალაძის წინააღმდეგ დიდი აქციის მოწყობას ითხოვდა, რასაც, როგორც ამბობენ, პარტიის არცერთმა ლიდერმა არ დაუჭირა მხარი.

გაზიარება