QronikaPlus
გახდება თუ არა გრიგოლ ვაშაძე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე?

გახდება თუ არა გრიგოლ ვაშაძე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე?

2022-10-14 19:11:54

შორენა მარსაგიშვილი

ქართულ პოლიტიკაში კვლავ უძრაობის ხანაა. რუსეთის შიშით გაყურსულ ხელისუფლებას არც ოპოზიცია ჩამოუვარდება და ხმას არ იღებს, ამ დროს საქართველოს გარშემო უმნიშვნელოვანესი პროცესები მიმდინარეობს. უკრაინას, რომელსაც ყოველთვის ჩვენთან ერთად განიხილავდნენ, სადაცაა, ნატოს კარს გაუღებენ, ჩვენ კი ნატოსთან დაკავშირებით არანაირ განაცხადს არ ვაკეთებთ, თუ სოზარ სუბარისა და დიმიტრი ხუნდაძის დაჯგუფებას არ გავითვალისწინებთ, რომელიც ივანიშვილის დავალებით ლანძღავს ნატოს, ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს. სამაგიეროდ, რუსეთზე ვერ ათქმევინებთ აუგს.

ანტირუსული გამოსვლებით დიდად აღარც ოპოზიცია გამოირჩევა. Iსინი, უბრალოდ, არაფერს აკეთებენ. ერთადერთი გამონაკლისი „ნაციონალური მოძრაობაა“. იქ ნამდვილად შეინიშნება მოძრაობა. ოღონდ ეს მოძრაობა შიდა გარჩევებს უფრო უკავშირდება.
შიდა გარჩევებს გადაყოლილებს საერთოდ დაავიწყდათ პარტიის დამფუძნებელი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უძიმეს მდგომარეობაში იმყოფება. რამდენიმე თვეა, რაც „ნაციონალებს“ მისი განთავისუფლების მოთხოვნაც კი არ დაუყენებიათ. აქციის გამართვაზე ლაპარაკიც ზედმეტია.
პოლიტიკურ პარტიებში სუსის კადრების ჩანერგვა გასულ კვირასაც აქტუალური თემა იყო. პარტიამ „საქართველოსთვის“ თანაპარტიელი დავით ფარცვანია გარიცხა. ფარცვანია თბილისის საკრებულოს დეპუტატია. გიორგი გახარიას პარტიაში ამბობენ, რომ ის სუსთან და „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობდა. ფარცვანია ამბობს, რომ ის ისეთივე სუსის აგენტია, როგორც გახარია „კოკაინშიკი“, მაგრამ ყოფილი თანაპარტიელები არ უჯერებენ და ამბობენ, რომ მომავალში რაღაც მტკიცებულებებს გამოაქვეყნებენ.

ვის დარჩება პარტია?

იმ დროს, როდესაც საქართველოს გარშემო უმნიშვნელოვანესი გეოპოლიტიკური პროცესები მიდის, მთავარი ოპოზიციური პარტია გავლენების გადანაწილებისთვის იბრძვის. „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებულ დაჯგუფებებს შორის ნამდვილი ომი გამოცხადდა.
გარკვეული ძალები ცდილობენ, რომ ნიკა მელია პარტიის თავმჯდომარეობიდან გადააყენონ. მელიას გადაყენების მცდელობები ადრეც იყო, მაგრამ ასე სააშკარაოზე არ გამოსულა. „ნაციონალები“ ერთმანეთს ღიად მაშინ დაუპირისპირდნენ, როცა მოხეილ სააკაშვილმა საჯაროდ განაცხადა, ქართულ პოლიტიკას ვემიჯნებიო.
სამაგიეროდ, კუდის ყოფილი უფროსის მოადგილე სოსო თოფურიძე შემოჯლიგინდა ქართულ პოლიტიკაში. 2012 წელს გამქრალი თოფურიძე „ნაცმოძრაობის“ შიგნით არსებულ მდგომარეობაზე ეპისტოლური ფორმით ალაპარაკდა. არადა, კაცი 10 წელია, საქართველოდან გაქცეულია. ის ხან მსოფლიო პატრიარქთან ნახეს, ხან თქვეს, ბერად შედგაო. მაგრამ, ნურას უკაცრავად, თოფურიძე თურმე „ნაციონალების“ წიაღში არსებულ მანკიერებებს იკვლევდა.
მისი წერილიდან შეიტყო საზოგადოებამ, რომ ნიკა მელიას შენახვა პარტიას, თურმე, ძალიან ძვირი უჯდება. კიდევ ათასი რაღაცები თქვა. თოფურიძის წერილი ლამის წმინდა წერილად გამოაცხადეს მეოცნებეებმა. მთელი სახელისუფლებო მედია ამ წერილს აფრიალებდა და თოფურიძე კინაღამ მართალ იოსებად შერაცხეს. არადა, სულ ცოტა ხნის წინ მის მიერ ჩადენილ დანაშაულებებზე გვიყვებოდნენ ბევრს.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ სხვადასხვანაირი გამოხმაურება მოყვა თოფურიძის შემოქმედებას. ნაწილს მიაჩნია, რომ თოფურიძეს არავინ ეკითხება, რა ხდება პარტიაში. ზოგი მიიჩნევს, რომ კუდის უფროსის ყოფილ მოადგილეს უფლება არ აქვს, ვინმეს რამეზე მიუთითოს. სხვა თუ არაფერი, ის ხელისუფლების შეცვლისთანავე გაიქცა საქართველოდან და საკუთარ თავზე არ გადაუტანია ის რეპრესიები, რაც ყოფილი ხელისუფლების წევრებმა გაიარეს. ანი წითლიძე მიიჩნევს, რომ კუდის ყოფილი მაღალჩინოსნის მიზანი პარტიის დისკრედიტაციაა.
„ბატონი სოსო თოფურიძე პარტიის ყოფილი მაღალჩინოსანი ნამდვილად არ ყოფილა. როდესაც ვამბობ, რომ მე არ მიჭირს წინა ხელისუფლების შეცდომებზე საუბარი, სოსო თოფურიძე ამ შეცდომათაგან ერთ-ერთი იყო. შესაბამისად, ბატონი სოსო თოფურიძის ეს ქმედება პარტიის წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა და მიზნად ისახავს პარტიის დისკრედიტაციას“, _ აცხადებს წითლიძე.
თოფურიძე სხვებმაც დაგმეს, მათ შორის, ნიკა მელიამაც. მაგრამ კუდის უფროსის ყოფილი მოადგილე არ გაჩერდა და კიდევ ერთი წერილი გამოაცხო. მან განმარტა, რომ „ნაციონალები“ მის გადაგდებულ ანკესზე წამოეგენ. თოფურიძე აცხადებს, რომ ყოფილი ხელისუფლება მისგან ბადის ტყორცნას უნდა ელოდოს:
„ეს რა ცირკი, რა მარაზმი მოაწყვეს. მე, ჩემს ფეისბუქ გვერდზე დავწერე ის, რაც დავწერე! არც პრესკონფერენცია მომიწყვია, არც ინტერვიუ მიმიცია ჟურნალისტებისთვის და არც კონკრეტული გვარები დამისახელებია, გარდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარისა, ვისზეც, უდავოდ, სამწუხაროდ, ბევრი პოლიტიკოსი თუ საზოგადოების რიგითი წევრი გამოთქვამს ღიად თუ დაფარულად უკმაყოფილებას!
„ნაციონალური მოძრაობა“ ჩემ მიერ ფეისბუქში(!) დაწერილ ინფორმაციაზე ან უნდა გაჩუმებულიყო, ან პარტიის სხდომას თუ აწყობდნენ, დამამტკიცებელი დოკუმენტაცია წარდეგინათ საზოგადოებისთვის და წყნარად დაემტკიცებინათ, რომ გავრცელებული ინფორმაცია მცდარია! ნაცვლად სიმართლისა, წარმოუდგენელი ისტერიკა მოაწყვეს და სულ უფრო მეტი დაბნეულობა შემოიტანეს საზოგადოებაში!
გამოცდილმა პოლიტიკოსმა, ბატონმა რომან გოცირიძემ, კარგად აღნიშნა, რომ ხომ შეიძლება მე მცდარი ინფორმაცია დამეწერა ფეისბუქში? დეპუტატების არაფრისმთქმელი, უაზრო ისტერიკა რა საჭირო იყო?! ჩემს გადაგდებულ ანკესზე ჯერ პარტიის თავმჯდომარე წამოეგო და შემდეგ რამდენიმე პოლიტიკოსი! კი ბატონო! „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ელოდოს ჩემგან ბადის ტყორცნას! დაპირისპირება მიღებულია! ვინ ვის მართავს, საზოგადოება მალე გაიგებს“, _ აღნიშნავს თოფურიძე.
საინტერესოა, ვინ მოჰყვება თოფურიძის ბადეში. თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს ადამიანი კუდის უფროსისი ყოფილი მოადგილე იყო, მას ძალიან ბევრი ინფორმაცია აქვს და თანაპარტიელებზე ბევრი რამის მოყოლა შეუძლია.
სოსო თოფურიძე, რომელიც პოლიტდევნილად მიიჩნევს თავს, „ნაცმოძრაობაზე“ ძალიან არის განაწყენებული. „ნაცმოძრაობა“ს მის მხარდასაჭერად ერთი განცხადებაც კი არ გაუკეთებია. იქ, სადაც მიხეილ სააკაშვილზე არაფერს ამბობენ, რა გასაკვირია, თოფურიძე რომ არ ახსენონ? შამაგიეროდ, სოსო გოგაშვილი ჰყავთ გმირად გამოცხადებული და მისგან დისიდენტსა და სამართლიანობისთვის მებრძოლ რაინდს ძერწავენ.
ყოფილ ხელისუფლებაში ჯერ ვერ დაადგინეს, თუ ზუსტად რა მიზანს ემსახურებოდა პოლიტდევნილ თოფურიძის წერილები და მუქარა. ზოგიერთი ამბობს, რომ მართალი იოსების წერილის უკან დავით კეზერაშვილი დგას, რომელიც ბოლო დროს ძალიან გააქტიურდა. მის გამო „ნაციონალები“ ერთმანეთს დაერივნენ კიდევაც.
ბოროტი ხმები იმასაც ამბობენ, რომ კუდის უფროსის ყოფილი მოადგილის წერილის უკან შინაგან საქმეთა ექსმინისტრი ვანო მერაბიშვილი დგას. ვანო მერაბიშვილი და ნიკა მელია ერთმანეთს დასანახავად ვერ იტანენ.
მათ შორის ღია დაპირისპირება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ მოხდა. მერაბიშვილი „ნაცმოძრაობას“ ახალციხეში მაჟორიტარად უნდა წარედგინა. ამაზე ნიკა მელიამ განაცხადა, რომ პარტიას დატოვებდა, თუ მერაბიშვილი მაჟორიტარობის კანდიდატი იქნებოდა.
ნიკა მელიას მოთხოვნით, საარჩევნო სიიდან ამოიღეს მერაბიშვილის კადრებიც. მხოლოდ ცეზარ ჩოჩელს და კახა ოქრიაშვილს ვერ შეეხნენ. მათთან დაკავშირებით არგუმენტი ასეთი იყო, რომ პარტიას ფული სჭირდება, ისინი მილიონერები არიან და დააფინანსებენო.
ვანო მერაბიშვილს წყენის გულში ჩადება ახასიათებს და სამაგიეროს გადახდაც სჩვევია. ამბობენ, ნიკა მელიასთვის სამაგიერო უკვე გადახდილია. მისი დაპატიმრების ამბავი დღემდე ბურუსით არის მოცული. ისევე როგორც ყოფილ პრემიერ გიორგი გახარიას გადადგომა. ეს ადამიანი ჯერ თავად ითხოვდა, რომ მელია დაეკავებინათ, ოპერაციის დაგეგმვის შემდეგ მისი გაუქმება მოითხოვა და რომ არ დაუჯერეს, თანამდებობა დატოვა.
როგორც ამბობენ, მელიას დაკავებაზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის რაღაც კომუნიკაცია იყო. ეს ის პერიოდია, როცა ოპოზიცია პარლამენტში არ შედიოდა. საჯაროდ დადებული პირობის გატეხა არ უნდოდათ, თორემ შესვლით ბევრს უნდოდა შესვლა. ნიკა მელია ყველაზე კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა პარლამენტში შესვლას. ხმაურიან განცხადებებს აკეთებდა. მას შემდეგ, რაც ციხეში გამოკეტეს, პარლამენტში შესვლაზე უფრო ღიად დაიწყო ლაპარაკი და შევიდნენ კიდევაც პარლამენტში.
მართალია, პარტიაში ნიკა მელიას თავისი გუნდი ჰყავს, მაგრამ ამ გუნდის იმედად ვერ იქნება. პარტიაში არსებული სხვა დაჯგუფებები მის გადადგომას ითხოვენ. გავრცელებული ინფორმაციით, ვიღაცებს პარტიის თავმჯდომარედ კვლავ გრიგოლ ვაშაძის მოყვანა უნდათ.
იმ გრიგოლ ვაშაძეზეა საუბარი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის თხოვნით აირჩიეს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ. ეს უკანასკნელი კი ადგა და თავმჯდომარის პოსტი პარტიისთვის ერთ-ერთ ყველაზე რთულ მომენტში დატოვა. ყველაზე ამაზრზენი მისი წასვლის ფორმა იყო. პარტიას ის ფეისბუქზე გამოქვეყნებული წერილით დაემშვიდობა.
გრიგოლ ვაშაძე პარტიას 2020 წლის დეკემბერში გაემიჯნა. ალბათ გახსოვთ, ეს რა პერიოდია. ოპოზიცია პარლამენტში არ შედის და ელჩები მათთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ, რომ როგორმე შესვლაზე დაიყოლიონ.
პარტიის თავმჯდომარეობიდან გადადგომაც არ იკმარა და სხვა ინტრიიგაც დაატრიალა. იმ დროს, როცა პარლამენტში ჯერ კიდევ არცერთი ოპოზიციონერი არ იყო შესული, ვაშაძე ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა პარლამენტში შესვლაზე. მასთან ერთად აქტიურობდა დავით ბაქრაძეც, რომელიც ახლა დამოუკიდებელი დეპუტატია, ის პირდაპირ ბიძინა ივანიშვილს ემესიჯებოდა. ბიძინა ივანიშვილმა ეს მესიჯები პარტიაში რამდენიმე კაცს წააკითხა, იმ კაცებმა კი მთელ ქვეყანას მოსდეს ამბავი.
ყველაფრის მიუხედავად, გრიგოლ ვაშაძე მიხეილ სააკაშვილთან კვლავ ინარჩუნებს კარგ ურთიერთობას. ის ხშირად აკითხავს პატიმრობაში მყოფ მესამე პრეზიდენტს. აღსანიშნავია, რომ მან უფრო ბევრჯერ მოინახულა სააკაშვილი, ვიდრე ნიკა მელიამ. არადა, ნიკა მელიას უფრო ეკუთვნოდა მესამე პრეზიდენტის მონახულება.
გრიგოლ ვაშაძის გადადგომის შემდეგ პარტიამ თავმჯდომარედ ნიკა მელია აირჩია. იმ დროს ნიკა მელიას რეიტინგი ძალიან მაღალი იყო. პარტიის თავმჯდომარეობაზე წარდგენილი იყო მეორე კანდიდატიც. ლევან ვარშალომიძეს, რომელსაც პარტიაში ყველა დადებითად ახასიათებს, მიხეილ სააკაშვილი უჭრდა მხარს. პარტიამ ნიკა მელია ამჯობინა, რომელსაც ახლა ასეთი გამეტებით უპირისპირდებიან.
პარტიაში ამბობენ, რომ ძალიან მალე ნიკა მელიასთან დაკავშირებით რაღაცები გაირკვევა და მას თავმჯდომარეობიდან წასვლა მოუწევს. მაგრამ პარტიისთვის რისი მომცემი იქნება თავმჯდომარედ გრიგოლ ვაშაძის დაბრუნება, ძნელი სათქმელია. გრიგოლ ვაშაძე ის კაცია, რომელმაც პარტია ყველაზე რთულ მომენტში მიატოვა. ამასთან, ბევრი რამეა მისთვის წამოსაძახებელი.
ვაშაძის თავმჯდომარეობამ პროდასავლური ორიენტაციის მქონე პარტიას, სულ მცირე, უხერხულობა უნდა შეუქმნას. გრიგოლ ვაშაძე ის კაცია, რომელიც რუსეთის მოქალაქეობას ძლივს შეელია. რუსულ პასპორტზე მან უარი აგვისტოს ომის შემდეგ თქვა. ისიც მას მერე, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელი რუსეთის მოქალაქე იყო.
ამით მისი კავშირები რუსეთთან არ დასრულებულა. ჩვენში ჯერ კიდევ ახსოვთ, თუ როგორ გააფორმა მისმა მუღლემ კონტრაქტი ერთ-ერტთ რუსულ თეატრთან. ნინო ანანიაშვილი სამხატვრო ხელმძღვანელი უნდა ყოფილიყოო. მოლაპარაკებებს მისი მეუღლეც ესწრებოდა. იმ დროისთვის გრიგოლ ვაშაძეს პარტიის თავმჯდომარის პოსტი ეკავა და „ქართულ ოცნებას“ პრორუსულობის გამო გმობდა, თავად კი რუსულ თეატრთან აწარმოებდა ფარულ მოლაპარაკებებს. შეთანხმების თანახმად, ნინო ანანიაშვილი მოხსენიებული უნდა ყოფილიყო, როგორც რუსი ბალერინა.
არაა გამორიცხული, რომ სწორედ ამიტომ დატოვა გრიგოლ ვაშაძემ პარტიის თავმჯდომარის პოსტი. დიდი ალბათობით, ის მეუღლესთან ერთად რუსეთში აპირებდა ცხოვრებას. რუსეთში გადასვლა კი ნინო ანანიაშვილის სულსწრაფობამ ჩაშალა. 2021 წლის დასაწყისში მან რადიო თავისუფლებასთან საუბარში გაამხილა საიდუმლო. შეთანხმება რუსულ თეატრთან 2020 წელს შედგა.
საქართველოს სახელმწიფო ბალეტის ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილი რუსეთში ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის ხელმძღვანელი უნდა გამხდარიყო. მას შემდეგ, რაც ანანიაშვილმა ამაზე საჯაროდ ისაუბრა, თეატრმა მასთან კონტრაქტი გააუქმა. და ამის შემდეგ გრიგოლ ვაშაძემ „ოცნებასთან“ პარლამენტში შესვლაზე დაიწყო მოლაპარაკებები.
ამ ყველაფრის მერე არის ხალხი, ვინც ვაშაძის თავმჯდომარედ ხელახალ არჩევას უჭერს მხარს. როგორი თავმჯდომარე იქნება ის, ვერ გეტყვით, მაგრამ „ოცნება“ „ნაციონალებს“ ბევრ რამეს წამოაძახებს.

მორიგი გაქცევა „ოცნებიდან“

„ქართული ოცნებიდან“ გაქცევა გრძელდება. სოზარ სუბარისა და დიმიტრი ხუნდაძის დაჯგუფებას კიდევ რამდენიმე ადამიანი შეუერთდა. მათ შორისაა სკანდალებით ცნობილი ვიქტორ ჯაფარიძეც, რომელიც ახლა სხვებთან ერთად ჩაერთვება დასავლეთის, კონკრეტულად კი ამერიკის ლანძღვაში.
დიმიტრი ხუნდაძე გვპირდება, რომ დასავლეთის ლანძღვა მომავალში უფრო მასშტაბური გახდება, რამეთუ „ხალხის ძალა“ (ასე დაირქვეს განდგომილებმა) შესაძლოა, პარტიად გადაკეთდეს.
ახლა პრორუსული ორიენტაციის პარტიის შექმნა ნამდვილი მისწრებაა. პრორუსული ველი მოშიშვლებულია. ფაქტობრივად აღარ არსებობს ნინო ბურჯანაძის პარტია, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა „პატრიოტთა ალიანსის“ დახმარებით ჩაძირა. „პატრიოტთა ალიანსი“ ბიძინა ივანიშვილს ძალიანაც ესიმპათიურებოდა. ამასთან დაკავშირებით საჯაროდაც აქვს განცხადებები გაკეთებული. ბოლოს მათ შორის მაინც გაფუჭდა ურთიერთობა. ამაში დიდი წვლილი შეიტანა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძესთან დაპირისპირებული იყო „პატრიოტების“ ერთ-ერთი ლიდერი, ირმა ინაშვილი. ინაშვილი კობახიძეს ხშირად ღიად უპირისპირდებოდა. კობახიძე საჯაროდ დაიმუქრა, რომ „პატრიოტებს“ ჩაძირავდა. თავიდან გეგმა ასეთი იყო, რომ „პატრიოტები“ ლევან ვასაძის დახმარებით უნდა გაეწიათ გვერდზე. ლევან ვასაძეც დიდი რუსეთუმეა და ის დროდადრო პარტიის შექმნას აანონსებს. იწყებს კიდევაც რაღაცის შექმნას, მაგრამ შემდეგ უკან იხევს.
ვასაძემ პარტია არ შექმნა, სამაგიეროდ შეიქმნა „ალტ-ინფო“, რომელსაც კოკა მორგოშია ხელმძღვანელობს. მორგოშია, თავის დროზე, „პატრიოტთა ალიანსთანაც“ თანამშრომლობდა. ის ლევან ვასაძესთანაც იყო დაკავშირებული.
„ალტ-ინფომ“ მეტ-ნაკლებად ჩაძირა „პატრიოტთა“ ალიანსი. ამ პარტიასთან უფრო ირაკლი ღარიბაშვილი იყო ასოცირებული. თუმცა ბოლო ხანებში ღარიბაშვილი დასავლეთზე ხმას არ იღებს. ამერიკის ლანძღვაზე ლაპარაკი ზედმეტია, უკრაინასაც კი აღარ ახსენებს. შამაგიეროდ, საპარლამენტო ფრთაა ენაგაკრეფული. სუბარ-ხუნდაძის დაჯგუფებას ალანძღინებენ სტრატეგიულ პარტნიორებს და მერე კვერს უკრავენ.
„ალტ-ინფოზე“ ვსაუბრობდით და მისი დამფუძნებელ-დამფინანსებელი კოკა მორგოშია რუსეთში გადადის საცხოვრებლად. „ალტ-ინფო“ შესაძლოა, ჩაიძიროს და რუსეთუმე ამომრჩველს ასარჩევი აღარავინ დარჩეს. ამიტომაც „ქართული ოცნებიდან“ გაქცეულები გააქტიურდებიან და ისინი დაიკავებენ ამ ნიშას, რათა არჩევნებზე „ოცნებას“ პრორუსთა ხმებითაც დაეხმაროს.
უკრაინაში ისე ნადგურდება რუსეთი, რომ 2024 წლამდე საეჭვოა, რუსეთს სადმე მყვარებელი დარჩეს. თუმცა ქართველებისგან ყველაფერია მოსალოდნელი, მათ შორის ისიც, რომ რუსებს აქ ისევ ძეგლი დაუდგან.

აფხაზების მესიჯი

სანამ ქართველ პოლიტიკოსებს სძინავთ, ოკუპირებულ რეგიონებში ბევრი საინტერესო ამბავი ხდება. ნაწილობრივი მობილიზაცია, რომელიც სისხლიანმა პუტინმა გამოაცხადა, შესაძლოა, აფხაზებსა და ცხინვალელებსაც შეეხოთ. ამის გამო აქაურები უკვე შეშფოთებულები არიან. ცხინვალსა და სოხუმში უკვე ღიად ისმის რუსების კრიტიკა. ამ მხრივ აფხაზები უფრო აქტიურობენ. ოსები კვლავ მოგუდულად ამჯობინებენ მოსკოვის ლანძღვას.
გასულ კვირას ძალიან საინტერესო განცხადებები გააკეთა ცნობილმა აფხაზმა მებრძოლმა ახრა ავიძბამ. ავიძბა ბატალიონ „პიატნაშკას“ მეთაურობს. ეს ბატალიონი დონბასში რუსი ოკუპანტების მხარეს იბრძოდა. ახრა ავიძბა 36 წლისაა და მას ქართველების წინააღმდეგ არ უბრძოლია. მას საქართველო უკრაინასთან ერთად ყველაზე ნაციონალისტურ ქვეყნად მიაჩნია. ამის მიუხედავად ამბობს, რომ აფხაზებს ქართველებთან დაახლოება სურთ.
ომიდან დაბრუნებულმა ავიძბამ საგანგებო პრესკონფერენცია გამართა, სადაც თქვა, რომ აფხაზურ საზოგადოებაში გაჩნდა საქართველოსთან მიერთების განწყობებიც.
„საზოგადოებაში განწყობები უკიდურსად უსიამოვნო ხდება, – ყვებიან, რომ ამაში ცუდი არაფერია, რომ საქართველოში ჩადიან და იქ თურმე აფხაზები უყვართ. მეგობრებო, თქვენ შეგიძლიათ ათასჯერ ჩახვიდეთ იქ, მაგრამ უბრალო ჭეშმარიტებაა, რომ ჩვენი მეზობელი სახელმწიფო მიმართულია რევანშისკენ. ეკონომიკური და ჯანდაცვის გზით ცდილობენ ჩვენს ჩათრევას სხვადასხვანაირად. პროგრამები აქვთ გაწერილი მრავალწლიანი, რომ სამხედრო გზით დაგვიბრუნონ“, _ აღნიშნა ავიძბამ.
მისი თქმით, საქართველოს მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნის რეალური საფრთხე არსებობს იმ შემთხვევაში, თუ დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი საქართველოს ოპოზიცია დაბრუნდება ხელისუფლებაში.
„საქართველოს ხელისუფლებას გულწრფელად არ სურს ომი, რადგან იცის, რომ თუ დაიწყებს ომს, ხელისუფლება შეიცვლება. ოპოზიციას კი მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გამოხსნა უნდა, რომ ამ ტალღაზე თავს დაგვესხან. 2008 წელს მათ ამარაგებდნენ იარაღით და ამ იარაღმა გაისროლა კიდეც. დღესაც გემებით შედის თურქეთიდან საქართველოში იარაღი. სწავლებები იმართება და ძალების მობილიზება ხდება. ასეთ ვითარებაში კი აფხაზეთი მზად უნდა იყოს საპასუხო ნაბიჯისთვის“, _ ამბობს ავიძბა და აფხაზებს გადასამზადებლად დონბასის გამოცდილების გამოყენებას სთავაზობს, რადგან 30 წლის წინანდელი ბრძოლის ფორმები დრომოჭმულია.
ნორმალური ქვეყანა, რომ ვიყოთ, ავიძბას განცხადებას სერიოზულად მოვეკიდებოდით, მაგრამ ჩვენ ხომ არაფერი გვაინტერესებს და იმედი გვაქვს, რომ დაკარგულ ტერიტორიებს ვინმე დაგვიბრუნებს.

გაზიარება