- სამშაბათი, 24 დეკემბერი, 2024
2022-10-05 17:54:39
გიორგი საკარული
როგორ აპირებს ოპოზიცია პრორუსი „ქართული ოცნების“ შეცვლას? მოსალოდნელია თუ არა ახალი კოალიციის შექმნა? რა სამოქმედო გეგმა აქვს და როგორ უნდა მოიპოვოს ხალხის ნდობა ოპოზიციამ? ამ და სხვა პოლიტიკური საკითხების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება „სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი და ერთ-ერთი ლიდერი, სერგო ჩიხლაძე.
_ ბატონო სერგო, საზაფხულო არდადეგები ყველასთვის დასრულდა, მათ შორის, პოლიტიკოსებისთვისაც. პირდაპირ გკითხავთ, რას აკეთებთ ოპოზიცია? თუ არ ჩავთვლით პატარ-პატარ განცხადებებს თქვენ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, ყველანი დუმხართ.
_ შემიძლია „სტრატეგია აღმშენებლის“ სახელით ვისაუბრო. „სტრატეგია აღმაშენებელი“ ზაფხულის განმავლობაში საკმაოდ აქტიურ მოსამზადებელ სამუშაოებს ეწეოდა და ნაწილობრივ უკვე გადავედით მოქმედების ფაზაზე, რომელიც სულ უფრო მზარდი იქნება. თქვენ ნახეთ, რომ რამდენიმე სხვა პარტიასთან, საზოგადოების აქტიურ წარმომადგენლებთან ერთად დავიწყეთ გარკვეული აქტივობები, მათ შორის, რეგიონებში. ეს არის შეხვედრები, ხალხის მობილიზაცია ძირითად თემაზე _ ევროკავშირზე. ასევე ძირითადი თემა გახლავთ პრორუსული „ქართული ოცნების“ დამარცხება. პირდაპირ ვთქვათ, მთავარი პრობლემა დღეს ეს არის, რომ პრორუსული „ქართული ოცნება“ მართავს ქვეყანას! ფაქტობრივად, ვკარგავთ სამშობლოს. ვდგავართ დილემის წინაშე, _ ან ვირჩევთ ევროპულ განვითარებას, იმიტომ, რომ ევროპული განვითარება ნიშნავს საქართველოს განვითარებას, ეს არის ჩვენი ეროვნული ინტერესი, ან პრორუსი „ქართული ოცნება“ მიგვათრევს რუსეთში და ისევ იმ 200-წლიან ჭაობში ვეფლობით. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს ამ საფრთხის დანახვა და რომ ეს მოსახლეობის კრიტიკულმა მასამ გაიაზროს. თუ ამ საფრთხის განცდა არ გაჩნდა, თუ ეს საფრთხე ვერ დაინახა ხალხმა და თუ რეალურად ეს არ გახდა მათი შეშფოთების საგანი, დანარჩენი მცდელობა იქნება განწირული, რადგან ჩვენ გვჭირდება ამ კრიტიკული მასის მხარდაჭერა, რომ პრორუსი „ქართული ოცნება“ წავიდეს ხელისუფლებიდან. ეს ერთი და მეორე: რეალურად, მივაღწიოთ იმ ევროპულ განვითარებას, რაც არის ჩვენი ეროვნული ამოცანა. ამის მზადების პროცესი იყო „სტრატეგია აღმაშენებლის“ ზაფხულის თვეები. ამის პარალელურად, თქვენ იცით, რომ ზაფხულის განმავლობაში მნიშვნელოვანი ვიზიტები გვქონდა ჩვენს პარტნიორებთან როგორც ბრიუსელში, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპის სხვა დედაქალაქებში. შესაბამისად, ახლა მიმდინარეობს სამოქმედო ველის შექმნის პროცესი, რომელშიც, დარწმუნებული ვარ, ჩაერთვებიან ბევრი სხვა პროდასავლური ძალები, პარტიები და მოქალაქეები.
_ პრინციპში, ჩვენ ვიცით, რა საფრთხის წინაშეც ვდგავართ და ამას ხალხიც იაზრებს…
_ არ ვიქნები ასეთი დარწმუნებული. როდესაც ერთმანეთს ვესაუბრებით, ყველა ერთი ენით ლაპარაკობს, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ არის. ეს საფრთხის შეგრძნება უნდა გაუჩნდეს მოსახლეობის კრიტიკულ ნაწილს, არა რამდენიმე ათეულ ათასს ან ასეულ ათასს, არამედ პროევროპული ხომ არის მოსახლეობის 80-85%, ამას კვლევებიც ადასტურებს, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ 80-85%-ში საფრთხის განცდა აბსოლუტურ უმრავლესობაში არ არის. დეკლარირებით ყველა ნორმალურ ადამიანს, საქართველოს მოქალაქეს, ევროპა უნდა. რა თქმა უნდა, ადეკვატურ და სამშობლოს მოყვარულ ადამიანებს არავის სურს რუსეთი, მაგრამ ის საფრთხე, რომ პრორუსი „ქართული ოცნება“ მიგვათრევს რუსულ ჭაობში, ამის შემოქმედი რომ პრორუსი „ქართული ოცნებაა“, ამ საფრთხის განცდა სამწუხაროდ, ამ 80-85%-ში ჯერ კიდევ ყველას არ აქვს. ეს არის ამოცანა, რომ ჩვენს მოქალაქეებში გავაჩინოთ ეს საფრთხის შეგრძნება.
_ როგორ აპირებთ იმას, რომ კრიტიკულ მასაში ამ საფრთხის შეგრძნება გააჩინოთ?
_ ეს არის კომპლექსური ქმედებები, მობილიზება, ეს არის მათი ინფორმირება, შეხვედრები, არა მარტო ტელევიზიებით გაკეთებული განცხადებები, არამედ პირისპირ კომუნიკაცია, ამიტომაც დავიწყეთ ეს პროცესი და ბევრი რამ, რაც არ არის ტელევიზიით საჯარო, ეს არ ნიშნავს, რომ ამას არ ვაკეთებთ. ჩვენ დავდივართ ყოველდღე, ვხვდებით სხვადასხვა აქტიურ ადამიანს, ზოგჯერ საჯაროდ ვხვდებით, ზოგჯერ არასაჯაროდ, ზოგჯერ დიდი შეხვედრები გვაქვს, ზოგჯერ _ პატარა. ადამიანებში ეს საფრთხე უნდა გაჩნდეს, ეს განწყობა უნდა შეექმნათ, რომ უკან დასახევი გზა არ არის, რომ გადამწყვეტი ნაბიჯების დროა.
მარტო დეკლარირებით და ლოზუნგით საქმე არ გაკეთდება. ამიტომ არის, რომ ჩვენს თანამოქალაქეებს სჭირდებათ მობილიზება, მოტივატორები, ამ ხალხს სჭირდება შეგრძნება, რომ პროცესი დაიწყო, ამას კი სჭირდება კარგი მომზადება, დაგეგმვა, რომ არ იყოს ფალსტარტები, როგორც ბევრჯერ ყოფილა და რომ არ იყოს იმედგაცრუებები. შესაბამისად, ნუ გავუსწრებთ მოვლენებს წინ. უახლოეს კვირებში დავინახავთ გარკვეულ სიახლეებს, შეთავაზებებს, გეგმებსა და ნაბიჯებს სხვადასხვა ოპოზიციური, პროდასავლური პარტიის მხრიდან და არა მხოლოდ პარტიების. ეს უნდა იყოს არა მხოლოდ პარტიების ერთობა, არამედ მოქალაქეების, სამოქალაქო საზოგადოების, აქტივისტების ერთობა ამ საკითხის გარშემო. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ერთ პარტიაში გავერთიანდით ან ყველა ერთ პარტიას ვაძლევთ ხმას. ამ მომენტში საერთოდ არ არის პარტიული ინტერესების დრო, რადგან ან გადავარჩენთ ქვეყანას, ან ვერ გადავარჩენთ. ამიტომ თუ ვერ გადავარჩინეთ ქვეყანა, ოხრად დაგვრჩება პარტიაც, პროცენტიც და ყველას ამბიცია. ამიტომ არის ახლა დიდი ერთობის დრო ამ საკითხების გარშემო, რაც გახლავთ საქართველოს ევროპული მომავალი და რაც არის, პრორუსი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან გასტუმრების ამოცანა.
_ უკვე 10 წელია, რაც ოპოზიციისგან გვესმის, რომ ეს ხელისუფლება ჭაობისკენ მიგვათრევს და რომ იგი აუცილებლად უნდა შეიცვალოს.
_ 10 წლის წინ ვინმე ამბობდა, პრორუსი „ქართული ოცნებაო“? შეიძლება ერთეულებს ეთქვათ, მაგრამ ეს პროცესი ხომ არ იყო მომწიფებული? ის პროცესები, რაც ახლა განვითარდა, ხომ არ ყოფილა? „ქართულ ოცნებას“ ყოველთვის ჰქონდა ორმაგი სახე. ყოველთვის ყველა არ იყო ამაში დარწმუნებული. ახლა, შესაბამისად, დგება გადამწყვეტი მომენტი. ასე რომ, არ დაგეთანხმებით და კატეგორიულად ვემიჯნები იმ განცხადებებს, მათ შორის, მედიის მხრიდან იქნება ეს თუ ნებისმიერი პოლიტიკური თუ არაპოლიტიკური ძალის გაკეთებული, რომ ოპოზიცია თითქოს სუსტია. არა, ბატონო, არ არის ეს ასე! არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ დიდ ბოროტებას ვებრძვით, ეს დიდი ბოროტება, სამწუხაროდ, არ მარცხდება. მეც მინდა, რომ გუშინ წასულიყო „ქართული ოცნება“ ხელისუფლებიდან და ჩვენ ეს საფრთხეები არ გვქონდა, მაგრამ არ ხდება ასე მარტივად, ამიტომ ნუ გავაძლიერებთ „ქართული ოცნების“ გზვანილს, რომ: „მე კი ცუდი ვარ, მაგრამ ოპოზიცია უფრო სუსტია“, _ ეს ასე არ არის. არ დაგვავიწყდეს, რომ ვებრძვით უზარმაზარ ბოროტებას, რომელსაც მხარს უმაგრებს ივანიშვილის კაპიტალი, სახელმწიფო ბიუჯეტი, რომელიც მთლიანად ოლიგარქს აქვს მიტაცებული. ჩათვალეთ, რომ ყველაფერი მთლიანად ოლიგარქსა და მის რეჟიმზე მუშაობს და პლუს რუსული უდიდესი აღურიცხავი ფული და გავლენები. ამიტომ ეს მარტივი დასამარცხებელი არ არის. მე იმას, არ ვამბობ, რომ შეცდომები არ ყოფილა ამ გზაზე, რა თქმა უნდა, იყო, მაგრამ როდესაც ებრძვი ბოროტებას, გექნება შეცდომები, იქნება იმედგაცრუებაც, მაგრამ ჩვენ ამას უნდა შევებრძოლოთ. ყველანაირი გზავნილი, რომ „შეხედეთ, ოპოზიცია რა სუსტია, შეხედეთ, ოპოზიცია არაფერს აკეთებს“, _ ეს არის ივანიშვილის წისქვილზე წყლის დასხმა. ვაღიარებ, რომ გვქონდა შეცდომები, რაც უნდა გამოვასწოროთ, მაგრამ სულ ნაცრის თავზე დაყრა და ის, რომ ახლა ჩვენ არაფერი გამოგვივა, ეს არის არასწორი მიდგომა. ყველგან, ყოველთვის პირადად მე ამ მიდგომას შევეწინააღმდეგები. გასაგებია, ყველა რაღაცას აკეთებს, ყველა იბრძვის, არის შეცდომები, საჭიროა რაღაც საკითხებში მეტი კოორდინაცია, უკეთესი გეგმა, ზუსტად ამაზე ვმუშაობთ.
ერთადერთ შეცდომას თუ ვაღიარებთ, ეს იყო ის, რომ ხშირად სპონტანურები ვართ. ზუსტად სპონტანურობა არის ის, რომ ახლა რაღაც ისეთი უნდა ვთქვა, _ არა, თქმით და რაღაც მოწოდებით, სამწუხაროდ, არაფერი იცვლება, ამიტომ გვინდა გეგმა და გაწერილი სტრატეგია. ყველას თავისი ადგილი უნდა ჰქონდეს, ყველა მოვლენას თავისი თანმიმდევრობა უნდა ჰქონდეს, ამ შემთხვევაში მივაღწევთ მიზანს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხვალ რომ დავიძახოთ და ზეგ თუნდაც ასი ან ორასი ათასი კაცი შეიკრიბოს ქუჩაში, გეგმის, სტრატეგიის გარეშე არაფერი გამოვა და ეს არაერთხელ გვინახავს. ამიტომ არის საჭირო ეს სტრატეგია, მიზანმიმართული, ყოველდღიური ქმედება, პროტესტი თუ სხვადასხვა სახის აქცია. ნუ ჩავიციკლებით, რომ მაინცდამაინც ასიათასიანი მიტინგი თუ არ შეიკრიბა, საქმე არ გაკეთდება. 100-ათასკაციანიც იქნება, 200-ათასკაციანიც და 50-კაციანიც, ყველაფერს აქვს თავის ადგილი, ამიტომ ნუ ვიტყვით იმას, რომ ახლა ისეთი სუსტები ვართ, არაფერი გამოგვივა.
_ ჩვენ ძალიან ბევრი აქცია გვინახავს, რომელიც ერთ დღეში, თუნდაც რამდენიმე საათში დაშლილა, ეს გამოცდილება უკვე შეიძინა ოპოზიციამ. თუ გაქვთ კონკრეტული გეგმა, ასე რომ არ მოხდეს, რა უნდა გააკეთოთ?
_ მეც ამას ვამბობ ზუსტად, რომ ეს არ იყო სწორი ტაქტიკა, აქცია აქციისთვის არ უნდა კეთდებოდეს. აქცია უნდა იყოს გარკვეული ქმედებების ნაწილი. აქცია იმისთვის მინდა, რომ რაღაც შედეგს მივაღწიო, თორემ უბრალოდ ხალხი გამოვიდეს აქციაზე და მერე რა, თუ შემდეგი ნაბიჯები არ გაქვს გათვლილი, ეს ხალხიც მუდმივად ვერ დარჩება ქუჩაში. მაგას ვამბობ, რომ შეცდომები იყო და არ უნდა გავიმეოროთ ეს შეცდომები. უნდა იყოს თანმიმდევრული ნაბიჯები, უნდა იყოს პროცესი და ამ პროცესში აუცილებლად წამოგვყვება ხალხი. კულმინაციური მომენტები იქნება დიდი აქციები და ა. შ., ეს აუცილებლად შემდეგ შედეგით დამთავრდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იქნება ერთეული აქტი, რომელსაც შედეგი არ მოჰყვება.
_ თქვენ აღნიშნეთ ის შეცდომები, რომელიც აღარ უნდა გაიმეოროთ ოპოზიციამ, მათ შორის, აქციები. როგორ აპირებთ ხალხის ნდობის მოპოვებას? NDI-ის კვლევების თანახმად, ოპოზიციის, ისევე როგორც ხელისუფლების რეიტინგი, ფაქტობრივად, განულებულია. ამ ხელისუფლების პირობებში ოპოზიციის მიმართ ნდობა საზოგადოების მხრიდან უფრო უნდა აწეულიყო, თუმცა ასე არ მოხდა. როგორ აპირებთ ხალხის ნდობის მოპოვებას?
_ ნდობას მოვიპოვებთ მხოლოდ თანმიმდევრული მოქმედებების საფუძველზე. როდესაც ადამიანები დაინახავენ, რომ შენ თანმიმდევრული ხარ შენს ქმედებებში, რომ გაქვს გაწერილი გეგმა და ამით მოქმედებ, არ არის აუცილებელი, ეს გეგმა წინასწარ გამოქვეყნდეს და არც უნდა გამოქვეყნდეს, რადგან ამ გეგმაში მოულოდნელობის მომენტებიც ბევრი უნდა იყოს. მაგრამ ადამიანებმა უნდა დაინახონ, რომ შენ თავდადებული ხარ, რასაც ამბობ, გულწრფელი ხარ და ამას მხოლოდ კი არ ამბობ, აკეთებ კიდეც. მარტივად რომ ვთქვათ, დაგინახა, პირობითად, დღეს პატარა ბრძოლა გამართე, პატარა პროტესტის კერა შექმენი, ხვალ მეორე პროტესტის კერა, ზეგ ღონისძიება ჩაატარე, მაზეგ რაღაც კონკრეტულ საკითხზე შენი ხედვა წარადგინე, _ ეს ქმედებების ერთობლიობა განაპირობებს ნდობას, რომ შენ ხარ პრინციპული, მებრძოლი. ასევე აუცილებელია, რომ დაინახონ შენი პროფესიონალიზმი და არასაც სთავაზობ, იმის გამკეთებელი რომ ხარ, „ქართული ოცნებისგან“ განსხვავებით. ადამიანები ამ ქმედებების ნაზავს თუ დაინახავენ, თუნდაც ოპოზიციისგან, მაშინ გამოგყვებიან, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ მოქალაქეს ეჭვი ეპარება შენს გულწრფელობაში, პატრიოტიზმში, პროფესიონალიზმში, პრინციპულობაში, მაშინ არ გამოგყვება. მხოლოდ კარგი და ხმამაღალი განცხადებებით მოსახლეობა არ ტყუვდება, არც მოტივაცია აქვს, რომ შენ გამოგყვეს, ამიტომ აქ არის ქმედებების ერთობლიობა, რაც არის გულწრფელობა, პრინციპულობა, ბრძოლის უნარი და ამის ჩვენება, იცი, როგორ უნდა მართო ქვეყანა და შენ გარშემო (ოპოზიციას ვგულისხმობ, ზოგადად), შენს რიგებში არიან პროფესიონალი კადრები, _ ყველაფერი ეს განაპირობებს ნდობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ნდობა არ იქნება და, მათ შორის, დიდი აქციის ორგანიზებაც რომ მოახერხო, თუ შენ ნდობა არ გაქვს, ეს ხალხი ბოლომდე არ წამოგყვება. ამიტომ ვამბობ, რომ ეს ნდობა უნდა გავაჩინოთ. ეს უნდობლობა არ არის მხოლოდ ოპოზიციის ბრალი, თუმცა არ გადამაქვს პასუხისმგელობა სხვაზე, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, დიდი ბოროტება გვებრძვის, რომელიც 10 წელი ზუსტად ამაზე მუშაობდა, რომ ყველა გაესვარა, ყველასთვის ტალახი ესროლა, ნდობა დაეკარგა ყველას მიმართ, მოსახლეობაში ნიჰილიზმი დაენერგა. ეს არის ტიპური რუსული ჰიბრიდული ომის ნაწილი, რომელსაც პრორუსი „ქართული ოცნება“ ახორციელებს საქართველოში. ამას ემატება საფრთხის განცდა, რომ პრორუსი „ქართული ოცნება“ მიგვაქანებს რუსულ ჭაობში, კრიტიკული მასა უნდა იყოს ამ აზრზე. თუ ჩვენ, ერთი მხრივ, ამ საფრთხის შეგრძნება გავაჩინეთ კრიტიკულ მასაში და, მეორე მხრივ, გავაჩინეთ ნდობა პოლიტიკურ კლასსა და მოქალაქეებს შორის, აუცილებლად მივაღწევთ წარმატებას.
_ ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ნახევარი საქართველო გადინებულია ქვეყნიდან და პენსიონერების იმედად ცოტა რთულია, მოგებაზე ისაუბროს ოპოზიციამ.
_ დიახ, ეს არის პრორუსი „ქართული ოცნების“ პოლიტიკა, რომ რაც შეიძლება საქართველოს მეტი მოქალქე წავიდეს ქვეყნიდან. აგერ შემოდიან რუსები, ჩაანაცვლებენ და უფრო მარტივი სამართავი იქნება ქვეყანა, რადგან პრორუსი „ქართული ოცნების“ ამოცანა არის, რომ ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში რუსი შოვინისტების ლოზუნგი იყო საქართველო ქართველების გარეშე, ისინი ამბობდნენ, რომ საქართველო კი კარგი ქვეყანაა, მაგრამ უკეთესია, თუ ქართველების გარეშე იქნება, ჩავალთ, გავერთობით, კარგს შევჭამთ, კარგს დავლევთ ეს უნდა იყოს საქართველოს ფუნქციაო. იგივეს აკეთებს ზუსტად პრორუსი „ქართული ოცნება“, რასაც რუსი შოვინისტები აკეთებდნენ საბჭოთა კავშირში. რაც დრო გავა, ეს საფრთხეები და ეს რუსული ჭაობი უფრო გაძლიერდება საქართველოში და ზუსტად ეს არის ჩვენი ამოცანა, რაზედაც ყოველდღიურად ვსაუბრობთ, ვგეგმავთ და ნაბიჯებს ვდგამთ, რომ ყველა პროდასავლელი 85% უნდა გაერთიანდეს ამ ერთი იდეის გარშემო. პრორუსი „ქართული ოცნების“ მოშორება და ჩვენი ევროპული მომავალი! _ ამ მუხტის აწევასა და მობილიზებას თუ შევძლებთ, პლუს იმ დამატებით მაჩვენებლებთან ერთად, რაც გითხარით ნდობის ნაწილში, წარმატებას მივაღწევთ.
_ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გაიზარდა რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობა. რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველო სულ უფრო მეტად მიმზიდველი ქვეყანა გახდა საცხოვრებლად. წარმოადგენს თუ არა ეს საფრთხეს ჩვენი ქვეყნისთვის?
_ ეს უდიდესი საფრთხეა, რაზედაც უკვე თებერვლიდან ვსაუბრობთ. ეს არის ეროვნული უსაფრთხოებისა და უშიშროების საფრთხე, რადგან ჩვენ არ ვიცით, ვინ შემოდის ჩვენს ქვეყანაში ამ რუსი მოქალაქეების სახით. ასობით ათასი არის უკვე შემოსული, აქედან დიდი ნაწილი დარჩა. ეს არ არის ისე, რომ ვთქვათ, ასი ათასი შემოვიდა და ასი ათასი გავიდა. არ შეიძლება, რომელიმე ქვეყნიდან ტურისტული მიზნით ერთი-ორი კვირით შემოსულ მოქალაქეს ეწინააღმდეგებოდე, მაგრამ ამ შემთხვევაში საუბარია პირველი ოკუპანტი ქვეყნიდან შემოსულ ასი ათასობით ადამიანზე, მეორე არის ის, რომ აბსოლუტურად უკონტროლოა ეს ნაკადი და მესამე ის, რომ არანაირი ვადა არ არსებობს მათი აქ ყოფნის, ასევე არ არსებობს არანაირი აღრიცხვიანობა. ამიტომ ამ ასეულ ათას ადამიანში რამდენი არის დივერსიის მიზნით შემოსული, რამდენია რუსული სპეცსამსახურის აგენტი, ეს არავინ იცის. ამის ნათელი მაგალითი, თუ ეს რა საფრთხეა, უკრაინამაც დაგვანახა _ ომის დაწყებიდან ერთი თვის განმავლობაში მხოლოდ კიევში ძალიან საშიში ათასზე მეტი დივერსანტი დააკავეს, რომლებიც კიევში ჩასულები იყვნენ ომის ოპერაციის დაწყებიდან 6 თვით, 1 წლით ადრე. ეს მაგალითები მაინც ხომ უნდა გავითვალისწინოთ. აქედან გამომდინარე, ეს არის უდიდესი საფრთხე. ეს ერთი და მეორე, როდესაც ხელისუფლებაშიც პრორუსი ძალა გიზის და ამ დროს უზარმაზარი რუსული რბილი ძალა შემოედინება, რა თქმა უნდა, ამათი კომბინაცია კიდევ უფრო მეტი საფრთხის შემცველია, ვიდრე ის, რომ უკონტროლოდ შემოდიოდეს ასი ათასი რუსი და საქართველოში მეტ-ნაკლებად ეროვნული ხელისუფლება იყოს. ამიტომ ეს ფაქტორები კიდევ უფრო ამძიმებს ამ მდგომარეობას. აქედან გამომდინარე, ეს არის უდიდესი საფრთხე. ნორმალურ ქვეყანაში მოვუწოდებდი ხელისუფლებას, რომ რაღაც ნაბიჯები გადადგას, მაგრამ ამ შემთხვევაში აზრი არ აქვს. რა უნდა მოვუწოდოთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს ინტერესები დაიცვას?! ამას ხომ არ გააკეთებს! ამიტომ ამ ტყუილი ლაპარაკისთვის, რაღაც მოწოდებებისთვის და ა. შ. აღარ უნდა დავკარგოთ დრო. მთავარი მოწოდება უნდა იყოს და არის პრორუსი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოშორება. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას ჩვენი ხედვა გვაქვს, როგორ უნდა მოგვარდეს ეს საკითხი, როგორ უნდა გაკონტროლდეს რუსეთიდან შემოსული ნაკადი, რა ვადები უნდა დაწესდეს, როგორი სავიზო რეჟიმი უნდა იყოს, ეს ნორმალურ ქვეყანაში გაკეთდებოდა, მაგრამ არ ვართ ჩვენ ნორმალურ ვითარებაში, ჩვენ გვმართავს კრემლიდან დანიშნული, პრორუსი „ქართული ოცნება“, ამიტომ მთავარი ამოცანა და ყველა პრობლემაზე, რაზედაც დავიწყებთ საუბარს, პირველი ნაბიჯი იქნება პრორუსი „ქართული ოცნების“ მოშორება ხელისუფლებიდან; მეორე, მესამე, მეოთხე და შემდეგი ნაბიჯები კი არის კონკრეტული პრობლემების მოგვარება. თუ ეს ბარიერი არ მოიხსნა, სხვა ყველაფერს აზრი არ აქვს და ეს იქნება უბრალოდ ლაქლაქი, _ ეს უნდა გაკეთდეს, ის უნდა გაკეთდეს. პირველი ნაბიჯი არის პრორუსი „ქართული ოცნების“ მოშორება და შემდეგ უკვე ქვეყნის განვითარება.
_ და მიტაცებული სამშობლოს დაბრუნება ხალხს, _ ეს სიტყვები „სტრატეგია აღმაშენებლისგან“ ხშირად გვესმის.
_ დიახ, მიტაცებულია. პრორუსმა „ქართულმა ოცნებამ“ მიიტაცა ხელისუფლება, მიიტაცა ქვეყანა და გადასცა რუსებს, აქედან გამომდინარე, მთავარი ამოცანა არის პრორუსი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოშორება და სამშობლოს დაბრუნება, ყველა თავისი ინსტიტუციით, ყველა თავისი სტრუქტურით, ყველა თავისი სახელმწიფო აპარატით, სამინისტროებით, საჯარო მოხელეებით და ა. შ. ინსტიტუციები მიიტაცა პრორუსმა „ქართულმა ოცნებამ“ და პირდაპირ ვიტყვი, საჯარო მოხელეები საერთოდ ტყვედ აიყვანა, შესაბამისად, ეს ხალხიც და ინსტიტუციებიც არის დასახსნელი. ქვეყანა არის გამოსახსნელი იმ რუსული ჭაობიდან, რომელიც პრორუსმა „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა და აუცილებლად ევროპული განვითარების გზა არის გზაგამყოფი, _ ერთ მხარეს ვართ 85% საქართველოს პროევროპული მოქალაქე, მეორე მხარეს დგას უმცირესობა _ 15% პრორუსი, რასაც კვლევები და გამოკითხვები გვიჩვენებს. ფაქტობრივად, პარადოქსული სიტუაცია შეიქმნა, რომ 15%-იანმა პრორუსმა ძალებმა აიღეს ხელისუფლება და მართავენ 85%-ს ეს უსამართლობა უნდა დავანგრიოთ.
_ გავრცელდა ინფორმაცია, რომ „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ლელო“ და „გირჩი“ კოალიციის შექმნას გეგმავთ, ადასტურებთ?
_ არ არის არანაირ კოალიციაზე საუბარი, კოალიცია ფიზიკურადაც ვერ მოხდება. აქ საუბარია პროევროპული ძალების ერთობაზე, ქმედებებზე, კოორდინაციაზე, იმაზე, რაზედაც ვისუაბრეთ.