- ოთხშაბათი, 25 დეკემბერი, 2024
2022-10-05 17:16:26
ნენე ინჯგია
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, კვლავ გადარჩენისთვის იბრძვის კლინიკა „ვივამედიში“, ამ მოცემულობაში კი მის მიერ დაფუძნებული პარტიისთვის მთავარ თემად იქცა დავით კეზერაშვილის პოლიტიკაში ყოფნის საკითხი.
ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელიამ დავით კეზერაშვილს საჯაროდ დაუწუნა გულწრფელობა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ უკეთესია, რაც უფრო შორს იქნება თავდაცვის ყოფილი მინისტრი პოლიტიკური სპექტრისგან. თუმცა მელია ასე არ ფიქრობდა ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ, როდესაც დავით კეზერაშვილთან პარტნიორობას აანონსებდა. კეზერაშვილთან დაპირისპირებას მელიას თანაგუნდელებთან დაპირისპირებაც მოყვა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პარტიის თავმჯდომარეს მედიასთან ღიად აკრიტიკებდნენ. ამასობაში მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დღითი დღე მძიმდება, პარტია კი ამ თემაზე დუმს.
რამ გამოიწვია ენმ-ს მხრიდან სააკაშვილის მიმართ გულგრილი დამოკიდებულება? რა მოცემულობაა პარტიის შიგნით? რატომ ემთხვევა „ქართული ოცნებისა“ და ენმ-ს ლიდერების ნაწილის რიტორიკა?
ამ თემების შესახებ „ქრონიკა+“ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ გიორგი ჩალაძეს ესაუბრა, რომლის თქმითაც მისთვის ამ ეტაპისთვის პოლიტიკაში ერთადერთი მიზანი და სურვილი არის პრეზიდენტ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაყვანა:
_ ბატონო გიორგი, პირველ რიგში, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით გკითხავთ, _ ვინაიდან თქვენ ხშირი კონტაქტი გაქვთ მასთან, როგორ გრძნობს თავს მიხეილ სააკაშვილი?
_ პრეზიდენტი ობიექტურად ძალიან ცუდად არის, „ვივამედიში“ მის ნებისმიერ მკურნალ ექიმსა და მედდას რომ შეეკითხოთ პრეზიდენტის მდგომარეობის შესახებ, გეტყვიან, რომ იგი ძალიან ცუდად არის. ცუდად რომ არ იყოს, მისი ადგილი არ იქნებოდა ჰოსპიტალში. არავინ დაარღვევს კანონს, მით უმეტეს, კომფორტს არ შეუქმნიან პრეზიდენტ სააკაშვილს და რომ არ საჭიროებდეს ამას, ჰოსპიტალში არ გააჩერებდნენ. იმდენად ცუდად არის, რომ შემიძლია გითხრათ, ხელსა და ფეხზე კუნთები საერთოდ არ აქვს. კუნთის ქონა არ ნიშნავს სპორტულ ფორმაში ყოფნას, ანუ ფიზიკურად ფუნქციურად არ აქვს კუნთი, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
_ თუ გაქვთ კონკრეტული ინფორმაცია, როდის გასაჯაროვდება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ უცხოელი ექსპერტების დასკვნა?
_ დასკვნამდე რომ მივიდეთ, საჭიროა ჩამოსასვლელ ექიმებსა და ექსპერტებზე ლიცენზიების გაცემა. ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო სიტუაცია არის შემდეგი: ლიცენზიები გაცემული არ არის. პირველ რიგში, უნდა გაიცეს ლიცენზიები, რომ ჩამოვიდნენ ექსპერტები და დაწერონ ის დასკვნა, რომელიც სასამართლოში წარსადგენად იქნება საჭირო. უცხოელი ექსპერტები საჭირო არიან არა იმიტომ, რომ ქართველი ექიმები ვერ შეაფასებენ, არამედ იმიტომ, რომ არ გაჩნდეს კითხვები მიკერძოებულობასთან დაკავშირებით და რომ გაიზარდოს სანდოობა დასკვნის მიმართ. როგორი იქნება დასკვნა, ეს მე არ ვიცი, არც არავინ იცის. როცა ბოლო საექსპერტო უფლება გაიცა სასამართლოს მიერ, მაშინ ბატონმა პრეზიდენტმა შესთავაზა სახელმწიფოს, მონაწილეობა მიეღოთ ამ ექსპერტიზის ფარგლებში, როგორც სამხარაულის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის ექსპერტებს, ასევე პირველ და მეორე კონსილიუმებში ვინც იყვნენ ექიმები, ასევე პრეზიდენტის შიმშილობის პერიოდში როცა არსებობდა სამედიცინო კონსილიუმი, იმ ექიმებსაც მიეღოთ მონაწილეობა. ეს შეთავაზება პრეზიდენტისგან მოდიოდა იმიტომ, რომ მას სურს, რეალური მდგომარეობა შეფასდეს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რასთან გვაქვს საქმე და რაც შეიძლება მალე დაიწყოს მისი ჯანმრთელობის გაუმჯობესება. ყოველ შემთხვევაში, შეჩერება იმ გაუარესების, რაც ახლა გვაქვს. პრეზიდენტის მდგომარეობა ამ წამს არ უმჯობესდება. მისი მდგომარეობა, როგორც ახლა არის, მხოლოდ და მხოლოდ იმ ექიმების დამსახურებაა, რომლებიც „ვივამედიში“ მუშაობენ. რომ არა ისინი, პრეზიდენტი სააკაშვილი დღეს ისეთ მდგომარეობაშიც ვერ იქნებოდა, როგორშიც ახლა არის. პრეზიდენტი სააკაშვილი კარგავს წონას. მკითხველისთვის წონის დაკარგვა არ უნდა ასოცირდებოდეს გახდომასთან. ქუჩაში რომ შეგხვდეთ პრეზიდენტი სააკაშვილი, ვერ იცნობთ, ის სხვა ადამიანია. თქვენ რომ ნახოთ, რას ნიშნავს წონის კლება, შეხედეთ უკრაინელებს ტყვეობის შემდეგ. დაახლოებით ისე გამოიყურება პრეზიდენტი სააკაშვილი, როგორც გასულ კვირას რუსების ტყვეობიდან განთავისუფლებული თურქეთში ჩასული უკრაინელები. რომ არ იცოდეთ, რომ პრეზიდენტი სააკაშვილია, ძალიან გაგიჭირდებათ მისი ცნობა.
_ თქვენ აღნიშნეთ, რომ სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო ამ დრომდე არ გაცემულა ნებართვა უცხოელი ექსპერტების ნაწილზე, _ ფიქრობთ თუ არა, რომ ლიცენზიის გაცემის გაჭიანურება ხელისუფლების ინტერესშია?
_ მე ვიცი ერთი რამ: არიან ადამიანები, რომლებსაც ავალიათ წარმოადგინონ კანონში გაწერილი დოკუმენტაცია, რომ მიიღონ თანხმობა. თუ ამ დოკუმენტაციას ვერ წარმოადგენ ან ვინც უნდა მოგცეს ნებართვა, მისთვის არ არის სრულყოფილი, კანონი იძლევა საშუალებას, რომ ჩათვალოს, არ არის სრულყოფილი. თუ ასე მიიჩნევენ, რა თქმა უნდა, არ მოგცემენ ლიცენზიას. განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება ისეთ პოლიტიკურად დიდი მნიშვნელობის ქეისს, როგორიც არის სააკაშვილის საქმე, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დატოვო პასუხგაუცემელი კითხვები. დოკუმენტი სრულყოფილად უნდა იყოს წარმოდგენილი. ისინი ამბობენ, რომ დოკუმენტი არ არის სრულყოფილად წარმოდგენილი, მეორე მხარე ამბობს, რომ წარმოდგენილია. ასე რომ, დოკუმენტების ბრძოლა მიდის ერთმანეთში. სამინისტრო წერს, რომ არის ხარვეზი, ეს ხარვეზი აღმოფხვერითო, რამდენჯერაც ასეთ წერილი გამოგზავნეს, იმდენჯერ გაეცათ პასუხი. ეს რომ დამთავრდეს, ერთადერთი გამოსავალი აქედან არის შემდეგი, რომ ლოგიკურ დასასრულამდე მივიდეთ. მე იმიტომ ვერ ვამბობ, ვისი ბრალია, რომ არ ვარ ჩართული დოკუმენტების წარმოებაში, მე არ შემიმოწმებია ჩემი თვალით და ხელით, თუ რა დოკუმენტებია წარდგენილი. ეს რომ გავაკეთო, მაშინ ამ პროცესში უნდა ვმონაწილეობდე. მიზანმიმართულად ვცდილობ, არ ჩავერიო, რადგან ეს პროცესი უკვე დაწყებულია სხვის მიერ და სხვისი დაწყებული საქმე იმან უნდა მიიყვანოს ბოლომდე, ვინც დაიწყო. იმედი მაქვს, ამ საქმეში ჩემი ჩარევა არ გახდება საჭირო.
_ ამ ყველაფრის ფონზე, როდესაც პრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობა ძალიან მძიმეა და მისი ჯანმრთელობა დღითი დღე უარესდება, მის მიერ დაფუძნებულ პარტიაში საერთოდ დაავიწყდათ იგი, _ ეს ჩემი შეფასება არ არის, ამაზე ღიად საუბრობენ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები. იმის ნაცვლად, რომ ენმ-ს დღის წესრიგში მთავარი თემა სააკაშვილის ჯანმრთელობა იყოს, ლიდერები საუბრობენ დავით კეზერაშვილის პოლიტიკაში ყოფნა-არყოფნის საკითხზე. რითი ხსნით იმ ფაქტს, რომ ენმ-სთვის სააკაშვილის თემა სულ უფრო და უფრო უკანა პლანზე იწევს?
_ ძალიან მარტივია ეს ყველაფერი. პირველი შეფასება არის ის, რომ უპატრონო ეკლესიას ტურა-მელა შეესია, ეშმაკები ეპატრონებიან _ ასეთი ამბავი გვჭირს ქვეყანას. და კიდევ: საქართველოში პარტია და პოლიტიკა არის სალანძღავი სიტყვა. შეხედეთ პოლიტიკოსებს, რას დაემსგავსნენ და შეხედეთ ქართულ პოლიტიკას, რას ჰგავს და სად ვართ. მაშინ, როცა მთელ მსოფლიოში ვსაუბრობთ ბლოკჩეინზე (კრიპტოვალუტა ბიტკოინის მთავარი შემადგენელი ნაწილი, რომელიც აღრიცხავს და ბლოკებად გარდაქმნის განხორციელებულ ტრანზაქციებს. ბლოკჩეინის გამოგონებამ ბიტკოინს საშუალება მისცა, გადაეჭრა ორმაგი ხარჯვის პრობლემა მესამე (სანდო) მხარის გარეშე, _ რედ.) დაფუძნებული პროცესების გამართვაზე, ელექტრონულ არჩევნებზე და, რეალურად, ეს არჩევნები ტარდება, მაშინ, როცა განვითარებასა და მეცნიერების წინსვლაზე ვსაუბრობთ, საქართველოში ძალიან დაბალი დონის, ბაზრის ჭორაობას დაემსგავსა ეს ყველაფერი, რაც გამოწვეულია დიდი უფსკრულით ამომრჩევლებსა და პოლიტიკას შორის. ამომრჩეველი, ხალხი არ აღიქვამს, რომ პოლიტიკა მისთვის კეთდება. ჩვენი ქვეყნის ყველაზე შრომისუნარიანი ახალგაზრდა ადამიანები გადიან ქვეყნიდან, იმიტომ, რომ ვისაც ხედავენ პოლიტიკაში, ისინი არ უნდათ. არ უნდათ გაუნათლებლები, წარსულში ჩარჩენილი ჩრჩილით შეჭმული პოლიტიკოსები, არ უნდათ კორუმპირებულები და რაც ყველაზე მთავარია, არ უნდათ ტყუილები და ინტრიგები, რომლითაც ქართული პოლიტიკა იმართება. პარლამენტის წევრი, რომელიც მუშტებს იქნევს და იგინება ან პარლამენტის წევრობის მაგივრად კლოუნადით არის დაკავებული, ხალხის მიერ გადასახადებით გადახდილი ფულით ხელფასს არ უნდა იღებდეს. სამწუხაროდ, ჩვენი პოლიტიკოსების უმეტესობა ასეა. პოლიტიკა საქართველოში არის პირად ინტერესზე დაფუძნებული. პრეზიდენტმა სააკაშვილმა თქვა თუ არა, რომ პოლიტიკაში არ ერევა, მას შემდეგ ხედავთ, რაც ხდება. მთავარი კი, რაც ცუდი ტენდენციაა „ნაციონალურ მოძრაობაში“, ეს არის ის, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაკვეთას ასრულებენ ადამიანები და კონკრეტული დაკვეთა აქვს სუს-ს. პრეზიდენტ სააკაშვილის ადვოკატებმა გაავრცელეს პრეზიდენტის სიტყვა და მიდგომა, რომ ის ქართული პოლიტიკით არ ინტერესდება. პირველი ამის მიზეზი არის ის, რომ საქართველოს პოლიტიკისადმი ინტერესი დაკარგა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა პირველად ამოცანად ისახავს მის გადარჩენას. რა უნდა სუს-ს? _ „ქართული ოცნების“ სურვილი არის, ჩაითრიოს პრეზიდენტი სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში და თქვას, რომ თითქოს პრეზიდენტმა სააკაშვილომა მოიტყუა და რომ ეს არის ტაქტიკური სვლა და რომ ის სინამდვილეში ერევა ქართულ პოლიტიკაში. ამისთვის დავალება არის გაცემული, რომ თუკი ვინმეს მიხეილ სააკაშვილმა პირადი წერილი მისწერა და თუკი რაიმე როდესმე დააფიქსირა წარსულში, რომელიც მხოლოდ იმ კონკრეტულ შემთხვევაში იყო მხოლოდ და მხოლოდ ვალიდური, ახლა ამ მიმოწერის სქრინებით სირბილი არის სუს-ის დავალება, რომ რაც შეიძლება უფრო აქტიურად გამოიწვიონ პრეზიდენტი, რომ იძულებული გახდეს, რამე ქმედება განახორციელოს. ეს ერთადერთს ემსახურება, რომ პროცესები, რომლებიც დაწყებულია და რაც ნიშნავს პრეზიდენტ სააკაშვილის გადარჩენას, ამ პროცესში ხელი შეეშალოს პრეზიდენტ სააკაშვილს და ის დააბრუნონ იმ ჩამყაყებულ (ბოდიში ამ სიტყვისთვის) სიტუაციაში, რაც დღეს საქართველოში არის. მკითხველმა უნდა იცოდეს, რომ ყველა, ვისი პოსტიც (ფეისბუქსტატუსი) დაიწყება პრეზიდენტ სააკაშვილის სქრინით, ვინც არ უნდა იყოს ეს ადამიანი განურჩევლად სახელისა და გვარისა, ის ასრულებს სუს-ის დავალებას. პირველ რიგში, პირადი წერილის გასაჯაროება არის ამორალური, ეს არ შეიძლება, მას ამის თქმა საჯაროდ რომ სდომოდა, იტყოდა; და მეორე: ის წერილი მაშინ მისწერა, როცა ისეთი კონტექსტი იყო, დღეს კი ის კონტექსტი არ არის. პირადი წერილების გასაჯაროება რას ემსახურება, თუ არა იმის თქმას, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ერევა პოლიტიკაში. ასეთი რამის გაკეთებას ადრე ბავშვობაში ეძახდნენ სხვისი კალთის ამოფარებას, ახლა კი პოსტამოფარებული ჰქვია. ყველა, ვისაც აქვს დადებული პრეზიდენტ სააკაშვილის წერილი ან დადებს პოსტს, ის ასრულებს ან დავალებას, ან _ სასარგებლო იდიოტია. თუნდაც მეც, _ ჩემთვის მას ათასობით წერილი აქვს მოწერილი სხვადასხვა თემაზე, საქმიანი იქნებოდა ეს თუ პირადი; თუნდაც მე, როდესაც ნებისმიერ დროს მნახავთ თუ არა, რომ პრეზიდენტის მიმოწერას გავასაჯაროვებ, სადაც ის გამოხატავს ნებისმიერ პოზიციას, ეს ნიშნავს, რომ პირადი მიმოწერა გამომაქვს გარეთ და ამით ძალიან ცუდ საქმეს ვაკეთებ. პირადი მიმოწერა არის პირადი მიმოწერა და ის არ უნდა დაარღვიო. და მეორე: მე ვასრულებ დავალებას. რა მიზანს ემსახურება ჩემი გამოქვეყნებული წერილები, ანუ მე წონა არ მყოფნის და ვიშველიებ პრეზიდენტის წონას.
_ გიორგი, თქვენ ამ ადამიანებში გულისხმობთ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების ნაწილსაც?
_ არათუ ნაწილს… ვიმეორებ: ნებისმიერი ადამიანი, ვინც გამოაქვეყნებს თავდაცვის მიზნით ან საკუთარი პოზიციის გასამყარებლად, ვინც გამოიყენებს პრეზიდენტ სააკაშვილის წერილის სქრინს, ის ემსახურება ერთადერთს _ მას მიღებული აქვს ან სუს-ის დავალება, ან სასარგებლო იდიოტია. მიშასთვის არც ერთ კარგის მსურველს არ უნდა მოსდიოდეს თავში აზრად, პირველი: პირადი მიმოწერის გასაჯაროება და მეორე: ადამიანს აქვს ღიად დაფიქსირებული პოზიცია, რომ არ ერევა ქართულ პოლიტიკაში _ ამას არღვევს სქრინის გამოქვეყნებით. შეხედეთ კობახიძეს, ზარქუას, შეხედეთ „ქართული ოცნების“ ნებისმიერ წარმომადგენელს. ისინი ამბობენ, რომ პრეზიდენტი სააკშვილი არის ჩრდილოვანი მმართველი, რომ ის არსად წასულა პოლიტიკიდან და ცდილობს კულისებიდან მმართოს პროცესები, ამას ხელს უწყობს პირადი წერილების გასაჯაროება.
_ დამეთანხმებით, რომ „ნაცინოალური მოძრაობის“ ელექტორატი პირდაპირ იყო მიბმული პრეზიდენტ სააკაშვილზე, შესაბამისად, ქართული პოლიტიკიდან მისი დისტანცირებით ფიქრობთ თუ არა, რომ ენმ დაკარგავს ამომრჩევლის დიდ ნაწილს?
_ „ნაციონალური მოძრაობა“ თავიდან ბოლომდე არის მიშას ფაქტორი. ვგულისხმობ იმას, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი კონკრეტული თვისებების მატარებელია, ძალიან მაღალი ენერგეტიკისა და სწრაფი რეფორმების მხარდამჭერია. პრეზიდენტი სააკაშვილი არის განსახიერება იმ 600 ათასი ადამიანის სურვილისა და დაკვეთის, რასაც ის აკეთებდა. „ქართული ოცნების“ ამომრჩევლისგან განსხვავებით „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველს ენის მოჩლექით საუბარი არ უყვარს. ასევე არ უყვარს გადადებული საქმე. უყვარს პირდაპირ განვითარებასა და წინსვლაზე ორიენტირებული თამამი ნაბიჯები, თუნდაც ეს იყოს მტკივნეული და უყვარს ლიდერები, რომლებიც ასრულებენ საკუთარ პირობას.
_ იმის გათვალისწინებით, რომ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა ქართული პოლიტიკიდან წასვლის შესახებ, დარჩება თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ საყრდენი ელექტორატის გარეშე?
_ მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი აქტიურ პოლიტიკას არ აკეთებს, ახლა ნებისმიერი მცდელობა, რომ ის აიძულო იფიქროს სხვა რამეზე, გარდა გადარჩენისა, ეს არის ნებსით თუ უნებლიეთ ბიძინას დაკვეთის შესრულება. „ნაციონალური მოძრაობა“ ამდენი წლის განმავლობაში აქამდე მოიყვანა ჩვენმა ამომრჩეველმა. მოიყვანა, მაგალითად მარინა ბებომ, მოიყვანა ვიტალიმ, რომელიც მუშაობს უღელტეხილზე, სურამს რომ გავცდებით, ჩიტის სახლებს ყიდის, ასევე „ნაციონალური მოძრაობა“ აქამდე მოიყვანა სოფლის ნებისმიერმა ჩვენმა მცხოვრებმა, რომელიც გაჭირვებას უძლებდა ამდენი წლის განმავლობაში, სიცივეში, წვიმიან ოქტომბერში მიდიოდა და ხმას აძლევდა 5-იანს. ამ ადამიანებმა მოიყვანეს აქამდე. რას ნიშნავს იყო ლიდერი? _ ლიდერობა ნიშნავს, რომ ამ ადამიანების ნდობა მოიპოვო, დაიმსახურო მათი პატივისცემა, გესმოდეს, რას გეუბნებიან და ისინი გენდობოდნენ იმგვარად, რომ როცა ეტყვი, ჩვენ დღეს აქ უნდა გავძლოთ შიმშილით 5, 6 თუ 10 დღე, ამაში გამოგყვნენ. მათ შორის, თუკი გეგმა არ გაქვს და როცა ეტყვი: მე გეგმა არ მაქვს, მაგრამ რაც იქნება, ერთად ვიქნებით, _ დაგინახავენ თავდადებას. „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები ყოველთვის გამოგყვებიან, არასდროს გიღალატებენ. „ნაციონალური მოძრაობა“ არის ღირებულებებზე დაფუძნებული ძალიან ძლიერი ცოცხალი ორგანიზმი, რომელსაც თუ არ უპატრონებ, განგრენასავით მოგაჭრიან და იპოვიან ახალ ლიდერს. „ნაცინაოლური მოძრაობა“ არასდროს ხასიათდებოდა აგრესიით, დაბალი ინტელექტით, განათლების დეფიციტით და იდეების არქონით, პირიქით, ჩვენი ლიდერები, მხარდამჭერები, ფაქტობრივად, ჩვენი ყველა თანამდებობის პირი ყოველთვის გამოირჩეოდა, განსაკუთრებით ახალგაზრდები, გამოირჩეოდნენ მათი დიდი საერთაშორისო გავლენებით, მათი მაღალი კვალიფიკაციით და ცოდნით, ასევე ძალიან დიდი ავტორიტეტით, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე. ქუჩაში ჩვენი გასვლა იწვევდა ჩვენი მხარდამჭერების მობილიზებას, რომ მხარი დაეჭირათ. „ქართული ოცნებისგან“ განსხვავებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები არიან ხალხის ადამიანები. ხალხთან ახლოს იყვნენ და ეს ემოციური ბმა ყოველთვის იყო დადებითი. ლიდერსა და ხალხს შორის, მიშასა და ხალხს შორის არასდროს ყოფილა არანაირი კომუნიკაციის პრობლემა. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი სავალდებულო დაცვით დადიოდა, ის იყო ხალხის ადამიანი, რაც, სამწუხაროდ, დღეს „ქართული ოცნების“ ლიდერების მსგავსად, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებსაც არ ახასიათებთ, მათ დაკარგეს კონტაქტი ხალხთან.
_ თქვენ დაახასიათეთ, როგორი უნდა იყოს ლიდერი. თქვენი კრიტერიუმების გათვალისწინებით, დღევანდელი მოცემულობით, „ნაციონალური მოძრაობა“ რეალური ლიდერის გარეშეა დარჩენილი?
_ რა თქმა უნდა. „ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან ჰგავს თავმოჭრილ ქათამს, რომელიც ფართხალებს, ჩემდა სამწუხაროდ, ასეა. მე მინდა, რომ ეს ასე არ იყოს და მინდა, რომ იყოს ახალი ენერგიის მუხტი, რომელიც გამაერთიანებელი იქნება, მაგრამ, სამწუხაროდ, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ვხედავ „ქართული ოცნების“ პირით, ტერმინოლოგიით, პოსტვ-ის ტექსტებით მოსაუბრე ადამიანებს. ისინი შეიძლება გულწრფელები არიან, მაგრამ მათ არ აქვთ ინტელექტი, რომ მიხვდნენ, რას აკეთებენ, ან მოგზავნილები არიან. ეს მე არ ვიცი, უბრალოდ ფაქტები არ მაქვს. რომ მქონდეს, პირდაპირ ვიტყოდი, მაგალითად: X მენ (იქს ადამიანი) არის ნაყიდი ან ვიტყოდი, რომ არის იდიოტი ან არის სასარგებლო იდიოტი, _ ეს ფაქტები მე ხელში არ მიჭირავს. რომ მეჭიროს, ვიტყოდი.
_ თქვენ საუბრობდით, თუ როგორი ძლიერი პარტია იყო „ნაციონალური მოძრაობა“ წარსულ დროში. გასულ კვირას გამოქვეყნდა NDI-ის კვლევა, რომლის თანახმადაც, 14 პროცენტითაა გაზრდილი მათი რიცხვი, ვინც მიიჩნევს, რომ ოპოზიციური პარტიები ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებენ. არის იმის რესურსი, რომ პარტიამ ძალები აღიდგინოს და მოსახლეობის ნდობა დაიბრუნოს?
_ მე „ნაციონალურ მოძრაობას“ მხოლოდ ხალხში ვხედავ, რეგიონებში როცა გავდივარ, ჩვეულებრივ ხალხში, ქუჩაში ვხედავ. ეთერებში, პოლიტიკასა და პარლამენტში, ნებისმიერ საერთაშორისო დონეზე, სამწუხაროდ, „ნაციონალურ მძრაობას“ ვეღარ ვხედავ. ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან ყოველდღიურ რეჟიმში მაქვს შეხვედრები, გუშინ საღამოსაც ჩვენს უცხოელ დიპლომატებთან, მეგობრებთან ერთად ვისხედით. ამ კვირაში, მაგალითად, პროკურორთა საერთაშორისო შეკრება იმართება 24-28 სექტემებერს. ყველა ერთხმად ამბობს, რომ გააკეთეთ იმგვარი პოლიტიკა, სადაც ხალხი გამოგყვებათ. ამ პოლიტიკას დღეს საქართველოში ვერ ვხედავ, ქართული პოლტიკა ძალიან დაბლა ჩამოვიდა. მკითხველმა უნდა იცოდეს, რომ ამას განაპირობებს პოლიტიკოსების განათლება, შეგნება და მათი მოტივაცია. ჩვენ გვაკლია სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანები, პოლიტკა გადაიქცა პირადი მიზნის მიღწევის საშუალებად, ფინანსურ სარგებლად, ვიღაცის წინააღმდეგ შურისძიებად და ყველაზე მნიშვნელოვანი, _ ეს არის სახელმწიფოს ხელში ჩაგდების მცდელობა. ახალგაზრდა გოგო-ბიჭები, პროფესიონალები _ ჩემხელა, თქვენხელა ჩვენი მეგობრები მიდიან მექსიკის საზღვარზე, ეს ნიშნავს, რომ NDI-ის კვლევები, რაც დაიდო, არის რეალური. მათ რომ ჰყავდეთ ადგილზე ლიდერი, ვისაც ენდობიან, რომ მათ ხმას მიიტანს პოლიტიკაში, ისინი არ წავიდოდნენ. მათ გადაწყვიტეს, რომ რამდენიმე ასეულ ევროდ დათმონ თავისი კომფორტული ცხოვრება, პროფესია საქართველოში და სხვა ქვეყანას ემსახურონ. ეს გამოიწვია ამდენწლიანმა შაპიტოს ცირკმა, რომელსაც ქართული პოლიტიკა ჰქვია. ამ ეტაპისთვის პოლიტიკაში ჩემი ერთადერთი მიზანი და სურვილი არის პრეზიდენტ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაყვანა. გავრცელდა ჭორები, რომ ჩალაძე აპირებს ახალი პარტიის შექმნას. გიორგი ჩალაძე არ აპირებს არც პარტიის გაკეთებას, არც ვინმესთან რამე ფინანსურ ინტერესზე დაფუძნებული ახალი მოძრაობის შექმნას. გიორგი ჩალაძე არასდროს ყოფილა სხვაზე არც ფინანსურად დამოკიდბეული, არც მორალური პასუხისმგებლობით ანგარიშვალდებული, მათ შორის, პრეზიდენტ სააკაშვილთან არანაირი ვალდებულებითი ურთიერთობები არ გამაჩნია, მხოლოდ მეგობრული. ამიტომ გიორგი ჩალაძე არის ის ადამიანი, რომელიც საკუთარი გადაწყვეტილებით არ მონაწილეობს ახალი სისულელის ფორმირებაში და არ აპირებს ჩაერიოს არავის საქმეში. მხოლოდ და მხოლოდ მაშინ ჩაერევა ქართულ პოლიტიკაში, როცა ღირსეული მოთამაშეები გაჩნდებიან. ჩალაძის ერთადერთი ამოცანა არის პრეზიდენტ სააკაშვილის ამ ქვეყნიდან გყვანა რაც შეიძლება ნაკლები ზარალით. არც ერთი „პოლიტიკოსი“ არ მაინტერესებს. პოლიტიკა ამ ეტაპზე ჩემთვის საქართველოში პრეზიდენტ სააკაშვილით შემოიფარგლება. დანარჩენი ჩემს ინტერესს მოკლებულია.