- ოთხშაბათი, 25 დეკემბერი, 2024
2022-07-15 09:02:08
შორენა მარსაგიშვილი
„ევროპელი დემოკრატების“ ლიდერი, პაატა დავითაია, ფიქრობს, რომ საქართველო წელს კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს. მას ეჭვი ეპარება, რომ ჩვენი სახელმწიფო 12 პუნქტს შეასრულებს. დავითაია დარწმუნებულია, რომ ბიძინა ივანიშვილი სანქციებს ვერ გადაურჩება.
რატომ არ უნდა დავამყაროთ იმედები რუსეთის დამარცხებაზე? რა თამაშს თამაშობს „ქართული ოცნება“? ვის ელოდება სანქციები? სად არის გამოსავალი და როდის შეძლებს საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას? _ ამის შესახებ პაატა დავითაია „ქრონიკა+“-ს ესაუბრება:
_ ბატონო პაატა, საქართველომ ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი. ბევრს გაუჩნდა განცდა, რომ ეს იყო უსამართლო გადაწყვეტილება. თქვენ როგორ ფიქრობთ, იყო თუ არა ეს სამართლიანი გადაწყვეტილება?
_ აქ საუბარი არაა იმაზე, იყო თუ არა ეს სამართლიანი გადაწყვეტილება. მთავარი ისაა, რომ ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უარი არ უთქვამთ. ჩვენ წამოგვიყენეს გარკვეული პირობები, რომელიც უნდა შევასრულოთ. ევროპელებმა მკაფიოდ გვითხრეს, რომ როცა ამ პირობებს შევასრულებთ, კანდიდატის სტატუსს მოგვანიჭებენ. ახლა ის განვიხილოთ, არის თუ არა ეს პირობები ობიექტური. აქედან გამომდინარე, უკვე შეგვიძლია დასკვნის გაკეთება, გვეკუთვნოდა თუ არა კანდიდატის სტატუსი.
კანონმდებლობით და რეფორმებით, რომელიც ჯერ კიდევ შევარდნაძის პერიოდიდან მოდის, საქართველო ძალიან წინ არის წაწეული. ჩვენ ამ მხრივ უკრაინასაც ვუსწრებთ და მოლდოვასაც. საქართველომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ უამრავი რეფორმა გაატარა.
_ უკრაინასა და მოლდოვას რომ ბევრი რამით წინ ვუსწრებთ და მაინც ვერ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, ამიტომ გაჩნდა განცდა, რომ ჩვენთან მიმართებით არაობიექტური გადაწყვეტილება მიიღეს.
_ უკრაინასა და მოლოდოვას ბევრ რამეში ვუსწრებთ, მაგრამ ამ ყველაფერს ფარავს პოლიტიკური კულტურა _ ის პოლიტიკური კულტურა, რომელიც აუცილებელია ევროპულ ოჯახთან თანაცხოვრებისთვის. ევროპის პირველი მოთხოვნა რა არის? _ დეპოლარიზაცია. ევროკომისიის 12-ვე პუნქტი არის პოლიტიკური მოთხოვნა. ევროპაში თუ გვინდა, მაშინ უმრავლესობა და ოპოზიცია ნორმალურად უნდა თანაცხოვრობდნენ. ჩვენთან კიდევ რა ხდება? „ქართული ოცნება“ გადაჭრით ამბობს, რომ არ დააკმაყოფილებს არც ერთ მოთხოვნას, რასაც ოპოზიცია დააყენებს. ამას ევროპელები ვერ გებულობენ. მათთვის წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება ხელისუფლება ოპოზიციის არც ერთ მოთხოვნას არ აკმაყოფილებდეს?
საარჩევნო ბარიერის დაწევაზე მიდის საუბარი. ბარიერის დაწევა პირველი მოსმენით უკვე მიღებულია, მაგრამ მერე „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვეტილება შეცვალა და გადააგდო შარლ მიშელი. არაერთი შეხვედრა მქონდა დასავლელ პარტნიორებთან და ყველასგან მივიღე შენიშვნა, რომ შარლ მიშელის დოკუმენტი არის გზამკვლევი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იარო. ჩვენ რა გავაკეთეთ? შარლ მიშელი გადავაგდეთ. თან ეს 2%-იანი საარჩევნო ბარიერი საქართველოს სჭირდება და არა ევროპას. ყველაზე რთული თემა არის სასამართლო სისტემა. ქართველი მოსამართლეების გვარები უკვე მთელმა ევროპამ იცის.
_ შორს გაუვარდა ჩვენს მოსამართლეებს სახელი...
_ არ არის ეს კარგი ამბავი. როცა გეუბნებიან, რომ არ გააკეთო ასე და შენ ჯინაზე აკეთებ, კითხვები ჩნდება. სამართლებრივად თითქოს ყველაფერი ნორმალურადაა სასამართლო სისტემაში, მაგრამ მაინც არსებობს კლანი და ამას თავისი მიზეზები აქვს. მოსამართლეობაზე განაცხადი შეაქვთ პროფესორს ან ლექტორს და ამავე დროს მოსამართლის ნათესავს ან თანაშემწეს, ამ დროს კონკურსს იგებს ნათესავი ან თანაშემწე, _ ეს უკვე ბადებს ეჭვებს. ისეთი ვითარება შეიქმნა, რომ პროფესორებს აღარ შეაქვთ განაცხადი იმიტომ, რომ იციან, ვერ გახდებიან მოსამართლეები. უზენაესსა და საკონსტიტუციოში ისეთი ხალხი ინიშნება, რომლებიც მოსამართლეებად არ იგუგლება. გიჟდება უცხოელი, ამიტომ მიდის საუბარი კლანურ მიდგომაზე. აქ კანონი არაფერ შუაში აღარაა.
დეოლიგარქიზაციაზე საერთოდ აღარ ვლაპარაკობ. „ქართული ოცნება“ თან ამბობს, რომ ივანიშვილი პოლიტიკაში არ არის და თან მას იცავს, _ ესეც გარკვეულ ეჭვებს ბადებს. უპრეცედენტო შემთხვევა იყო, რომ ევროპის საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში ჩაიწერა სახელები და გვარები. ვინმეს თუ ჰგონია, რომ ეს მიხარია, ძალიან ცდება. არ მიხარია იმიტომ, რომ ეს ქვეყანას აზიანებს. აქამდე არასდროს მომხადარა, რომ გვარი მიეთითებინათ რეზოლუციაში. ახლა მოხდა, აქაც პირველები ვართ ქართველები.
ევროპელებისთვის ბევრი რამეა გაუგებარი, მაგალითად, ირაკლი კობახიძის განცხადება, რომელიც ამბობს, რომ თუ კანდიდატის სტატუსს მოგვანიჭებთ, საარჩევნო ბარიერს 2%-მდე დავწევთო. ევროპას არაფერში სჭირდება ეს ბარიერი, ბარიერის დაწევა ქართველ ხალხს სჭირდება.
_ ირაკლი კობახიძის ეს განცხადება ერთგვარ ულტიმატუმად იქნა აღქმული და ევროპასთან ულტიმატუმის ენით საუბარი რამე ახალია?
_ ულტიმატუმის ენით საუბარს ვინ ჩივის, პიროვნულ დაპირისპირებამდე დავიდნენ ევროპარლამენტარებთან. როდესაც ევროპარლამენტარებს ეუბნები, რომ ვიღაცის ჭკუაზე დადიხარ, ეს არის კატასტროფა. არავის ჭკუაზე არავინ არ დადის. აქედან გამომდინარე, დავფიქრდეთ და ვთქვათ, გვეკუთვნის თუ არა სტატუსი.
_ თქვენი პასუხი როგორია, გვეკუთვნის თუ არ გვეკუთვნის?
_ ქართველი ხალხი იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ქართველმა ხალხმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ არის ევროპელი. ერთი საინტერესო რამე მოხდა კიდევ: ევროპელმა ჩინოვნიკებმა ერთმანეთისგან გამიჯნეს ქართველი ხალხი და საქართველოს ხელისუფლება. ხედავთ, რას მიაღწია მმართველმა გუნდმა? ევროპამ აღიარა, რომ „ქართული ოცნება“ არ დგას ქართველ ხალხთან. ეს მოთხოვნები თუ არ შესრულდა, იანვრიდან სერიოზული პროცესები დაიწყება.
_ რა პროცესები შეიძლება დაიწყოს?
_ იანვრიდან ვიზალიბერალიზაციას გააჩერებენ. ეს არ უნდა გვეწყინოს. ჩვენ თუ ევროპაში არ გვინდა, რატომ უნდა მოგვცენ ვიზალიბერალიზაცია? ამით დაისჯება საქართველო და მისი მოსახლეობა. რეზოლუციაში ჩაიწერა სანქციები და იგი აუცილებლად დაწესდება, მაგრამ არა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.
_ აბა, ვის წინააღმდეგ დაწესდება სანქციები?
_ იმ ჩინოვნიკებზე დაწესდება სანქციები, რომლებიც ხელს უშლიან 12 მოთხოვნის შესრულებას. სანქციები მარტო ევროპიდან კი არა, ამერიკიდანაც წამოვა. ამის შესახებ უკვე გაკეთდა განცხადებები.
_ მაიკლ მაკფოლის განცხადებას გულისხმობთ?
_ მაიკლ მაკფოლზე მოგახსენებთ. მაკფოლი კიდევ ჩხოროწყუს გამგებელი არაა, რომ მისი სიტყვა ასე გავატაროთ. მაკფოლი იმ კომისიას ხელმძღვანელობს, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე მუშაობს. ამ კაცმა ღიად თქვა, რომ სანქცირებულთა სიაში ქართველი და ბელარუსი ჩინოვნიკები იქნებიანო. არავინ იფიქროს, რომ მან ეს წამოროშა და მერე სიტყვები უკან წაიღო. დასავლეთში ასეთი რამეები არ ხდება.
საქართველოში ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა, პირდაპირ და ღიად თქვა, რომ ФСБ-ს ნარატივებით მიდის ლაპარაკიო. ასეთი განცხადება საბჭოთა კავშირის დროს არ გაუკეთებია ამერიკის ელჩს სსრკ-ში. ხომ წარმოგიდგენიათ, სადაა საქართველო? ძალიან ცუდ დღეში ვართ, რაღაც სასწაული ამბავი ხდება.
_ „ქართული ოცნების“ უკან რომ ივანიშვილი დგას, ეს ყველამ იცის. ივანიშვილი ვერ აცნობიერებს იმას, რომ ძალიან რეალურია სანქციების საფრთხე? არა მგონია, მას სანქციების დაწესება არ ადარდებდეს.
_ ბიძინა ივანიშვილი რას ფიქრობს, ვერ გეტყვით, მაგრამ „ქართული ოცნება“ ისეთ რაღაცებს აკეთებს და ისეთ რამეებს ამბობს, რომ ევროპელები რეზოლუციაში პირდაპირ ჩაწერენ ბიძინა ივანიშვილის გვარს. დეოლიგარქიზაციაზე საუბრისას „ოცნების“ ლიდერები ამბობენ, ივანიშვილი არაა ოლიგარქი, ოლიგარქები ხაზარაძე და კეზერაშვილი არიანო. ევროპა იძულებული გახდება, პირდაპირ ჩაწეროს ივანიშვილის გვარი. სიმართლე რომ გითხრათ, „ქართული ოცნების“ მოქმედებების ლოგიკას ვერ ვგებულობ. და აღარც ვაპირებ, ტვინის უჯრედები დავღალო იმის ამოხსნით, რა აქვს ჩაფიქრებული „ქართულ ოცნებას“ ან რას ემსახურება მისი საქციელი. წარმოუდგენელ რამეებს აკეთებენ.
_ ოპოზიციის მოქმედებებზე რას იტყვით? თქვენ რით ხსნით პროტესტის იმ ტალღის ჩაკვლას, რომელიც ივნისში აგორდა?
_ პირდაპირ ვთქვათ, რომ ეს არ იყო ოპოზიციის პროტესტი. ეს იყო საზოგადოების პროტესტი.
_ პროტესტი ნამდვილად საზოგადოების იყო, მაგრამ იგი განეიტრალდა.
_ არ მინდა იმაზე კომენტარის გაკეთება, თუ ვინ, რატომ და როგორ შეწყვიტა ეს პროტესტი. სამაგიეროდ, შემიძლია ვისაუბრო არასამთავრობოების პოზიციაზე, რომ მათ პოლიტიკოსები არ უნდოდათ. პოზიციამ, რომ აქციაზე პოლიტიკოსები არ გვინდა, მოიტანა ის შედეგი, რომელიც ახლა გვაქვს. არაერთ მიტინგში მიმიღია მონაწილეობა და კარგად ვიცი, ეს ყველაფერი როგორ კეთდება. გამიჯვნა როდესაც ხდება, რაღაცებისთვისაც უნდა იყო მზად. ახლა კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაცია ამბობს, რომ პარტიად გვინდა გადავკეთდეთო. უკაცრავად და ამ შემთხვევაში პოლიტიკოსები არ იქნებიან? ან რა ჰგონიათ, რომ ეს ხალხზე იმოქმედებს? იტყვიან, პოლიტიკოსები გამხდარანო და ხალხი გარეთ გამოვა? ხალხი არცერთი პოლიტიკოსისა და არცერთი არასამთავრობოს გამო არ გამოსულა ქუჩაში. ამდენი ხალხი ქუჩაში გამოვიდა იმიტომ, რომ სურს, საქართველო ევროპულ ოჯახში დაბრუნდეს. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ამ აქციებზე ხალხი არავის მიუყვანია. იქ ადამიანები საკუთარი ინიციატივით მივიდნენ. იქ იყვნენ ჩემი სტუდენტებიც და კარგად ვიცი მათი განწყობა. ამ აქციაზე მეც ისე მივედი, როგორც მოქალაქე და არა როგორც პარტიის თავმჯდომარე.
_ ისევ კანდიდატის სტატუსის მინიჭების თემას დავუბრუნდეთ: „ქართული ოცნების“ ლიდერები ამბობენ, რომ დეკემბრამდე საქართველო ომს თუ დაიწყებს, მაშინ აუცილებლად მიიღებს სტატუსსო. რატომ ატრიალებენ ომის თემას? ვინ ან როდის მოგვთხოვა, ომი დაიწყეთო?
_ ეს არის ნონსენსი. როგორ წარმოგიდგენიათ, რომ დასავლეთმა საქართველოს მოსთხოვოს, გინდა თუ არა, ომი დაიწყეო? მარტივად გეტყვით, რატომ არავინ მოითხოვს აქ ომის დაწყებას: საქართველოსთვის სულ ორი ფრთოსანი რაკეტა იქნება საკმარისი, რომ ამოვიბუგოთ. იმ ფრთოსან რაკეტებზე მოგახსენებთ, რომლებსაც რუსეთი უკრაინას ურტყამს. ორი ფრთოსანი რაკეტა რომ დაარტყას რუსეთმა ბათუმის პორტს, ფოთის პორტს, ხიდებს, თბილისს, ქუთაისს, _ რაღაც საშინელება მოხდება. ამის გაკეთება რუსეთისთვის ძალიან მარტივი იქნება. ამას რუსეთის ორი წყალქვეშა ნავი გააკეთებს ფოთის აკვატორიიდან.
როგორც კი ომს დავიწყებთ, 15 წუთში საქართველოს ინფრასტრუქტურა აღარ იარსებებს. ეს ძალიან კარგად იცის დასავლეთმა და ამიტომ ომის დაწყებას საქართველოს არავინ სთხოვს. ასე რომ, სისულელეა იმის მტკიცება, თითქოს სტატუსს იმიტომ არ გვაძლევენ, ომს რომ არ ვიწყებთო. ევროპამ კანდიდატის სტატუსი მისცა მოლდოვას, რომელიც დსთ-ს წევრია.
ომზე ლაპარაკი არის ბლეფი და სისულელე _ შარლ მიშელმა გასაგებად თქვა, რაღაცა გააკეთეთ და აუცილებლად მიიღებთ სტატუსსო. რაღაცის გაკეთებაში ომს არავინ გულისხმობს. იგულისხმება იმ მოთხოვნების შესრულება, რომელიც ევროკომისიას აქვს. ხელისუფლებამ ოპოზიციასთან მოლაპარაკებები რომ დაიწყოს, ეს რამე პრობლემა გახლავთ და ესაა ომი? რა პრობლემაა, რომ პირველი მოსმენით მიღებული საარჩევნო ბარიერის დაწევის შესახებ ცვლილებები მიღებულ იქნას მეორე და მესამე მოსმენით? რა პრობლემაა, სასამართლო რეფორმა რომ განხორციელდეს? მითხარით, რა პრობლემაა? არანაირი პრობლემა არ არის ამის გაკეთება, მთავარია, ეს „ქართულმა ოცნებამ“ მოინდომოს.
_ მთავარი პრობლემა ისაა, რომ „ქართულ ოცნებას“ არ სურს ამის გაკეთება.
_ ესაა ზუსტად პრობლემა, რომ „ქართულ ოცნებას“ არ უნდა ამის გაკეთება და არა ის, რომ დასავლეთი ომის დაწყებას ითხოვს ჩვენგან. რამდენიმე პარტიამ პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე გავაგზავნეთ განცხადება, სადაც ვწერთ, რომ ჩართვა გვინდა საარჩევნო კოდექსისა და კონსტიტუციის საკითხებზე მუშაობაში. მათგან იყო ნული რეაქცია. ნებისმიერი ხელისუფლება, რომელსაც მართლა სურს ქვეყანაში დეპოლარიზაცია, იტყვის, _ მოდით, ბიჭებო, დავსხდეთ და დავილაპარაკოთ. „ქართული ოცნებისგან“ ეს შემოთავაზება არ ყოფილა.
_ არ უნდა „ქართულ ოცნებას“ დეპოლარიზაცია და რატომ შემოგთავაზებდათ?
_ საქმეც ეს არის, რომ მმართველ პარტიას არ უნდა დეპოლარიზაცია. რა შუაშია აქ ან ომი ან ქართული ოპოზიცია? ყველაფერი „ქართული ოცნების“ ნებაზეა დამოკიდებული. მმართველ პარტიას კი დეპოლარიზაცია არ სურს და ეს აშკარაა.
_ რადგან „ქართულ ოცნებას“ არ სურს ამ მოთხოვნების შესრულება, ისინი არ უნდა შესრულდეს და საქართველო წევრობის კანდიდატის სტატუსის გარეშე უნდა დარჩეს? თქვენი პროგნოზები როგორია?
_ ამაზე ბევრი ლაპარაკი არ მინდა. სიმართლეს გეტყვით, ძალიან პესიმისტურად ვარ განწყობილი. ძალიან ცუდ რაღაცებს ვხედავ სამომავლოდ. ხელისუფლებამ რაღაცები თუ არ შეცვალა, ამერიკის შეერთებული შტატები დააწესებს გარკვეულ სანქციებს.
_ ივანიშვილზე?
_ ამერიკა სანქციებს დააწესებს კონკრეტულ მოსამართლეებსა და ბიზნესმენებზე. ბიძინა ივანიშვილზე სანქციები არ დაწესდება, ამას მინდა ხაზი გავუსვა.
_ ივანიშვილი გადაურჩება სანქციებს?
_ ამის შემდეგაც თუ არაფერი გაკეთდება, იანვრიდან უკვე ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებაზე დაიწყება სერიოზული საუბარი. ამაში ეჭვი ნამდვილად არ მეპარება.
_ ივანიშვილს აზრზე მოსასვლელად დროს მისცემენ?
_ დროს მისცემენ.
_ იანვრამდე ბევრი რამე მოხდება ფრონტზე და თუ უკრაინაში რუსეთი დამარცხდა, საქართველოსთვის, ალბათ, უფრო კარგი პროცესები დაიწყება.
_ შევთანხმდეთ, რომ როდესაც უკრაინის ომზე ვილაპარაკებთ, ნუ ვიტყვით, რომ ვიღაცამ მოიგო და ვიღაცა დამარცხდა. უკრაინაში უამრავი ადამიანი იღუპება. უკრაინაში წარმოუდგენელი საშინელება ტრიალებს. ომი რომ დაიწყო, „ქრონიკა+“-ს მოგეცით ინტერვიუ, სადაც ვისაუბრეთ, რომ უკრაინაში ომი დიდი ხანი გაგრძელდებოდა. ცნობილი გენერლები კი, რომლებიც ტელეეკრანებიდან არ ჩამოდიოდნენ, ამტკიცებდნენ, ომი მალე დასრულდებაო. სადმე ხედავთ ახლა ამ გენერლებს? არსად ჩანან.
_ რამდენიმე კიდევ ჩნდება ხოლმე.
_ ახლა უკვე სხვანაირად ლაპარაკობენ. არცერთი მათი პროგნოზი არ გამართლდა, არადა პრეტენზიები აქვთ, რომ მაგარი გენერლები არიან და სამხედრო საქმე კარგად იციან. ეს ხალხი ჯარებს ხელმძღვანელობდა და სამხედრო ოპერაციებს გეგმავდა.
_ ასეთი ხალხი რომ ხელმძღვანელობდა ჯარებს, მაგიტომაც გვქონდა „წარმატებები“ ყველა ომში.
_ ეგ სხვა საუბრის თემაა, რაც შეეხება უკრაინაში ვინ მოიგებს, ეს ძნელი სათქმელია _ იქ უმძიმესი ვითარებაა. უამრავი ადამიანი იღუპება. დანგრეული სოფლებისა და ქალაქების აღდგენა შესაძლებელია, ადამიანების სიცოცხლეს კი ვერავინ დააბრუნებს. გრძელვადიან პერსპექტივაში ამ ომს უკრაინა აუცილებლად მოიგებს, მაგრამ რის ფასად მიიღწევა ეს გამარჯვება? ჯერ კიდევ არ ვიცით, რამხელა მსხვერპლი იქნება საჭირო.
_ ჩვენ რა გველოდება? ეს ომი აუცილებლად დაასუსტებს რუსეთს. გვიჩნდება რამე პერსპექტივა, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დავიბრუნოთ?
_ რუსეთს ეს ომი აუცილებლად დაასუსტებს, მაგრამ ეს ჩვენთვის არაფერს ცვლის. და რატომ არ ცვლის, ამაზე ერთ მაგალითს მოგიყვანთ: 1993 წლის სექტემბერში სოხუმის დაცემის წინა დღეები იყო და რუსეთში დაიწყო გადატრიალება. შუა მოსკოვში ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად პარლამენტს ურახუნებდნენ ტანკებით. ამ მომენტში რუსეთის შეიარაღებული ძალები სოხუმის შტურმში მონაწილეობდნენ. მე ამას ვერ დავივიწყებ და სხვებსაც ვთხოვ, რომ ეს ამბავი გაიხსენონ ხოლმე, როცა რუსეთის დასუსტებაზე დაამყარებენ იმედებს.
ძალიან გამიხარდება თუ რუსეთი დასუსტდება, მაგრამ ეს ჩემთვის არაფერს ცვლის. მოდით ვიკითხოთ, რუსეთის დასუსტების შემთხვევაში მე რისთვის ვარ მზად? სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველო არაფრისთვის მზად არ არის. დასუსტდეს რუსეთი, მაგრამ ვიცი, რომ დასუსტებული რუსეთი ჩვენთვის მაინც გამონახავს დროსა და ძალას. ჩვენ რუსეთის დასუსტებაზე კი არ უნდა ვილაპარაკოთ, იმაზე უნდა ვიდარდოთ, რომ არ ვართ ძლიერები და არც არაფერს ვაკეთებთ გასაძლიერებლად.
_ გამოსავალს სად ხედავთ?
_ გამოსავალი არის ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანება, რაც საკმაოდ გრძელვადიანი პერსპექტივაა. საქმე ისე მიდის, რომ ნატოს წევრები შეიძლება უფრო ადრე გავხდეთ, ვიდრე _ ევროკავშირის. 24 თებერვლის შემდეგ მსოფლიო შეიცვალა. ვინც ამას არ აცნობიერებს, ძალიან მწარედ ცდება. საერთაშორისო სამართალი 24 თებერვალს მოკვდა. გაეროც მოკვდა 24 თებერვალს.
_ გაერო ისედაც მკვდარი იყო.
_ მკვდარი იყო, მაგრამ 24 თებერვლამდე ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფებოდა. პუტინმა თქვა, რომ მე ჯერ ომი არ დამიწყიაო. ეს იმას ნიშნავს, რომ წინ კიდევ უფრო მეტი საშინელება გველოდება. ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ ამ სიტუაციში საქართველოში შიდა დაპირისპირება არ შეიძლება. სამწუხაროა, რომ „ქართული ოცნება“ დეპოლარიზაციისთვის არაფერს აკეთებს. ამ მხრივ ოპოზიციასაც შეუძლია რაღაცის გაკეთება, მაგრამ გადამწყვეტი მაინც მმართველი პარტიაა. „ქართული ოცნების“ იმედი არ მაქვს. ისევ ხალხის იმედი მაქვს და ხალხის მჯერა.