QronikaPlus
გიორგი კაპანაძე: „მმართველი პარტიის ლიდერი ევროკავშირს შანტაჟის ენით ელაპარაკება“

გიორგი კაპანაძე: „მმართველი პარტიის ლიდერი ევროკავშირს შანტაჟის ენით ელაპარაკება“

2022-07-15 07:33:48

ნენე ინჯგია

„ქართული ოცნება“ ევროკავშირს ულტიმატუმებით ესაუბრება. უფრო კონკრეტულად კი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი იმ შემთხვევაში დაეთანხმება საპარლამენტო არჩევნების 5%-იანი ბარიერის დაწევას, თუკი ევროკავშირი საქართველოს კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს.

კონსტიტუციის მოქმედი რედაქციით, 2024 წლიდან საქართველოში უნდა ამოქმედდეს სრულად პროპორციული სისტემა 5%-იანი ბარიერით.

„იმის გამო, რომ 2%-იანი ან უფრო დაბალი ბარიერი ევროკავშირის მხოლოდ 2 ქვეყანაში მოქმედებს, სტაბილურობის რისკებიდან გამომდინარე, ბარიერის დაწევა კანდიდატის სტატუსის მიღების წინაპირობად ევროკავშირის მხრიდან ვერ იქნებოდა წამოყენებული“, – განაცხადა კობახიძემ 7 ივლისს.

რაზე მიანიშნებს მმართველი გუნდის რიტორიკა? რა შემთხვევაში დათანხმდება „ნაციონალური მოძრაობა“ „ქართულ ოცნებასთან“ კონსულტაციებს ევროკავშირის მიერ დაკისრებულ ვალდებულებებთან დაკავშირებით? როგორია ოპოზიციური სპექტრის სამოქმედო გეგმა?

ამ თემების შესახებ „ქრონიკა+“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ გიორგი კაპანაძეს ესაუბრა:

_ ბატონო გიორგი, 3 ივლისს, გამართულ აქციაზე საკმაოდ მაღალი იყო საპროტესტო მუხტი, თუმცა მისი შენარჩუნება ვერ მოხერხდა, _ ეს განაპირობა იმან, რომ პროცესში პოლიტიკოსები არ ერთვებოდნენ?

_ მიმაჩნია, რომ ის შეცდომები, რომლებიც წარსულში დავუშვით, მომავალში აღარ უნდა გავიმეოროთ და როდესაც მსგავსი მრავალრიცხოვანი აქცია კიდევ შეიკრიბება (და ეს აუცილებლად მოხდება), მაშინ აღარ უნდა დავუშვათ იგივე შეცდომები. მუხტი არ ჩამქრალა საზოგადოებაში, პირადად დავრწმუნდი, რომ საზოგადოება მზად არის დეოლიგარქიზაციისთვის, თუმცა ზოგიერთი ჩვენგან მზად არ აღმოვჩნდით.

_ რით აიხსება ის, რომ ვერ მოხერხდა საპროტესტო მუხტის შენარჩუნება და საბოლოო შედეგის მიღწევა?

_ ამას შეიძლება რამდენიმე ახსნა ჰქონდეს. მე სპეკულაციებს არ დავიწყებ, მაგრამ ფაქტი არის შემდეგი: ხალხი და საზოგადოება ასეთ მასშტაბურ აქციებზე ერთი რომელიმე კონკრეტული ორგანიზაციის გამო არ მისულა, იქ ხალხი და საზოგადოება მივიდა კონკრეტული შედეგისთვის და ეს შედეგი უკავშირდება ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს, კერძოდ იმას, რომ შესრულდეს 12 პუნქტი, რომელიც გამოგვიგზავნა ევროკავშირმა და გვითხრა, რომ თუ თქვენ შეასრულებთ ამ კონკრეტულ პუნქტებს, მაშინ ჩვენ მოგანიჭებთ უკვე შემოდგომაზე ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსსო, თუმცა რაც ჩვენ გადავწყვიტეთ, ეს არ მიემართებოდა ამ 12 პუნქტის შესრულებას, კერძოდ ის, რომ ჩვენ დავაყენეთ მოთხოვნა ტექნიკური მთავრობის ფორმირების შესახებ... მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ტექნიკურ მთავრობას უფლებამოსილება არ ჰყოფნიდა იმისთვის, რომ შეესრულებინა ეს 12 პუნქტი. აუცილებელი იყო, რომ ჩვენ დაგვეყენებინა მოთხოვნა არა მხოლოდ ტექნიკური მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებით, არამედ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შესახებაც, რომლის ჩატარებასაც უზრუნველყოფდა სწორედ ეს ტექნიკური მთავრობა ევროკავშირის დამკვირვებელთა მკაცრი მონიტორინგით. ამ შემთხვევაში უკვე ნამდვილად გაგვიჩნდებოდა შანსი როგორც ამ 12 პუნქტის შესრულებისა, ასევე იმისა, რომ ეს აქცია ყოფილიყო გრძელვადიანი და არ დასრულებულიყო მანამდე, სანამ მიზანს არ მივაღწევდით.

_ თქვენი შეფასებით, პრობლემა იყო მოთხოვნების ნაწილში. გარდა ამისა, იყო თუ არა პრობლემა ის, რომ პოლიტიკური ჯგუფები არ იდგნენ სათავეში?

_ პოლიტიკური ჯგუფების ჩართულობა მსგავსი ტიპის აქციებში არა მხოლოდ მნიშვნელოვანი, არამედ აუცილებელიც არის, რადგან ეს პოლიტიკური პროცესია. როდესაც ითხოვ დროებითი მთავრობის ფორმირებას, ეს პოლიტიკაა. პოლიტიკის კეთება პოლიტიკოსების გარეშე წარმოუდგენელია. ასეთი რამ არც ერთ ქვეყანაში არ ხდება და, რა თქმა უნდა, არც საქართველოში არ მოხდება იმიტომ, რომ როდესაც გვაქვს პოლიტიკური მოთხოვნები, ბუნებრივი, ლოგიკური და მნიშვნელოვანი არის, რომ ამ მოთხოვნებს შეუერთდეს პოლიტიკური პარტიები. მე პირადად კულისებში არ ვმდგარვარ, არც აქციის ორგანიზატორებთა შორის ვიყავი. მე ამ აქციაზე მივედი, როგორც ერთი რიგითი წევრი, საქართველოს რიგითი მოქალაქე, მაგრამ, რა თქმა უნდა, ვხედავდი და დღემდე მჯერა, რომ პოლიტიკოსების ჩართულობა ასეთ პროცესებში მნიშვნელოვანი და გადამწყვეტიც კი არის, რადგან პოლიტიკური პროცესი, საბოლოო ჯამში, მიჰყავთ მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს, სამოქალაქო ჯგუფებთან, არასამთავრობოებთან და, ზოგადად, საზოგადოებასთან ერთად.

_ თქვენ აქციის მოთხოვნებზე გაამახვილეთ ყურადღება. გარდა იმისა, რაც აღნიშნეთ, აქციაზე საზოგადოების საკმაოდ დიდ ნაწილს სურდა გაეჟღერებინათ მოთხოვნა საქართველოს მესამე პრეზიდენტის განთავისუფლების შესახებ: „თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს“, _ ამ გზავნილის გაჟღერება სურდათ, თუმცა ორგანიზატორების მხრიდან ამაზე თანხმობა არ ყოფილა, _ რამდენად სწორი იყო ამ აქციაზე აღნიშნული მოთხოვნის გახმოვანება?

_ სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ ამ აქციაზე ხალხი კონკრეტული ორგანიზაციის გამო არ მისულა. ამ აქციაზე ხალხი მივიდა იმ 12 პუნქტის შესრულების მოთხოვნით, რომელიც განაპირობებს ჩვენი ქვეყნის ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის სტატუსს. ამ 12 პუნქტში იგულისხმება ზუსტად საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჰუმანიტარული მიზნით გაყვანა ევროპის რომელიმე ქვეყანაში, ისევე როგორც სხვა პოლიტიკური პატიმრების განთავისუფლება. ეს 12 პუნქტი მოიცავს ამ კონკრეტულ საკითხებს, როგორც მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებულს, ასევე ნიკა გვარამიას შესახებ. ამიტომ თუ ვინმემ უნდა გადაწყვიტოს, რომ სადღაც უნდა გავაჟღეროთ ამ 12 პუნქტიდან მხოლოდ ისინი, რომლებსაც საჭიროდ ჩავთვლით, სხვა პუნქტებზე კი არ უნდა ვილაპარაკოთ, ეს შეცდომა მგონია, რადგან 12 პუნქტი, რომელიც ევროკავშირმა გამოგვიგზავნა, გულისხმობს სწორედ იმას, რომ საქართველოში შეწყდეს პოლიტიკური დევნა, დასრულდეს პოლარიზაცია, მოხდეს დეოლიგარქიზაცია, მესამე პრეზიდენტი გაყვანილ იქნას ჰუმანიტარული მიზნით სხვა ქვეყანაში, განთავისუფლდეს ნიკა გვარამია, ანტიკორუფციულ სამსახურს მიეცეს მეტი დამოუკიდებლობა, გატარდეს სასამართლო და საარჩევნო რეფორმა, საბოლოო ჯამში კი უზრუნველვყოთ ნამდვილი, დემოკრატიული, გამჭვირვალე და სამართლიანი არჩევნები.

_ 20 და 24 ივნისის აქციების შემდეგ ხელისუფლებამ როდესაც დაინახა, რომ ხალხის საკმაოდ დიდი რაოდენობა იყო ქუჩაში გამოსული, ასეთი გზავნილი ჰქონდა: აქციაზე უმეტესწილად სწორედ „ქართული ოცნების“ ამომრჩევლები იდგნენო. რაზე მიანიშნებდა მმართველი გუნდის წარმომადგენლების ეს შეფასება?

_ დავაზუსტებ, იქ არ იყვნენ „ქართული ოცნების“ ამომრჩევლები, იქ იყვნენ „ქართული ოცნების“ ყოფილი ამომრჩევლები, _ ისინი, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, მაგრამ დაინახეს რა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გადაუხვია ევროკავშირის გზას და გეზი აიღო ჩრდილოეთისკენ, გაემიჯნნენ ამ პოლიტიკურ ჯგუფს და თქვეს, რომ ჩვენ აღარ უნდა ვიყოთ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები. ასეთები ნამდვილად იდგნენ აქციაზე, რადგან ნებისმიერი გამოკითხვით საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მომხრე არის ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის 85% და, რა თქმა უნდა, საქართველოს მოქალაქეთა 85% მხოლოდ ერთი ან რამდენიმე პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერი ვერ იქნება. რა თქმა უნდა, იგულისხმება და იყო კიდეც ამ 85%-ში ისეთი ამომრჩეველი, რომელიც მმართველ პარტიას უჭერდა მხარს. ამ შემთხვევაში ვამბობ სიტყვას „უჭერდა მხარს“, რადგან წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ დღეს დაუჭიროს მხარი, _ „ქართული ოცნება“, შეიძლება ითქვას, დაუპირისპირდა ევროკავშირს და ევროპულ მომავალს! შეიძლება ითქვას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს მოჰპარა ევროპული არჩევანი და ევროპული მომავალი, სწორედ ეს ევროპული მომავალი უნდა დავიბრუნოთ ჩვენი შვილებისათვის, ჩვენი ოჯახებისა და ქვეყნისთვის, რომ საქართველოში იყოს უკეთესი განათლება, რომ საქართველოს მოქალაქეებმა მიიღონ უფრო მეტი შემოსავალი, შეიქმნას სამუშაო ადგილები, აღმოიფხვრას კორუფცია და ხალხი სხვა ქვეყანაში კი არ გარბოდეს სამუშაოდ, ამ ქვეყანაში, საქართველოშივე შეეძლოს ამა თუ იმ პირს მიიღოს ღირსეული შემოსავალი და უზრუნველყოფილი ჰქონდეს ღირსეული სიბერე.

_ გასულ კვირას კონსულტაციები გაიმართა „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის ევროკავშირის წინაშე აღებულ ვალდებულებებთან დაკავშირებით, რომელშიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ლელომ“ და „სტრატეგია აღმაშენებლმა“ არ მიიღეს მონაწილეობა, _ ეთანხმებით თუ არა თქვენი პოლიტიკური პარტიის გადაწყვეტილებას, რომ ამ კონსულტაციაში „ენმ“ არ არის ჩართული?

_ წარმოუდგენლად მიმაჩნია იმ პოლიტიკურ პარტიასთან ასეთი სახის კონსულტაციებში მონაწილეობის მიღება, რომელიც პირდაპირ აშანტაჟებს ევროკავშირს. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ კობახიძის მიერ 7 ივლისს გაკეთებულ განცხადებას. თუ მმართველ პარტიას სურს, რომ მართლა მოახდინოს დეპოლარიზაცია, მაშინ ამისთვის უნდა გადადგას ნაბიჯი და მაგალითად, უზრუნველყოს საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჰუმანიტარული მიზნით სხვა ქვეყანაში გადაყვანა, ისევე როგორც მედია მენეჯერ ნიკა გვარამიას განთავისუფლება. პოლარიზაციის შემცირება ამ ნაბიჯების გარეშე წარმოუდგენელია, რადგან საზოგადოება, დიახაც, დღეს გახლეჩილია. გახლეჩილია იმიტომ, რომ „ქართული ოცნება“, რომელიც მე-10 წელია ხელისუფლებაშია, ამ დროის განმავლობაში ქადაგებს ზიზღს, სიძულვილს. ცდილობს, საზოგადოების ჯგუფებს შორის გააღვივოს შუღლი, რომ ერთმანეთი შეაძულოს ადამიანებს და შემდეგ „გათიშე და იბატონეს“ პრინციპით როგორმე გაიხანგრძლივოს ხელისუფლებაში ყოფნის ვადა. ეს არის დღეს „ქართული ოცნების“ მიზანი, ანუ „ქართული ოცნება“ იმაზე კი არ არის ორიენტირებული, რომ მოქალაქეებს შეუმსუბუქოს ცხოვრება, რომ საქართველოდან კი არ გარბოდნენ ადამიანები, არამედ პირიქით, ბრუნდებოდნენ ემიგრანტები და ჩვენთან გამოსწორდეს არსებული მძიმე სიტუაცია, მათ შორის, სოციალური ფონი, ამის ნაცვლად „ქართული ოცნება“ ცდილობს, რომ ოპონენტი გააშავოს, დააბრალოს ათასი სისაძაგლე, რომ შემდეგ ამ ფონზე ძალაუფლება გაიმყაროს.

_ თქვენ ახსენეთ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადება, რომელმაც თქვა: მმართველი გუნდი იმ შემთხვევაში დაეთანხმება საპარლამენტო არჩევნების 5%-იანი ბარიერის დაწევას, თუკი ევროკავშირი საქართველოს კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს, - ფაქტობრივად, ულტიმატუმის ენით ესაუბრება ევროკავშირს. რაზე მიანიშნებს ეს?

_ თქვენ წარმოიდგინეთ, ევროკავშირმა საქართველოს ხელისუფლებას გაუგზავნა 12 პუნქტი და უთხრა: ჩვენ მზად ვართ, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მოგანიჭოთ, მაგრამ დათქმა არის ასეთი, რომ უნდა შეასრულოთ 12 პუნქტებიო. ნაცვლად იმისა, რომ „ქართულ ოცნებას“ საზოგადოებისთვის მიემართა და ეთქვა, რომ ეს არის კალენდარი, ჩვენ ვიწყებთ ამ პუნქტების შესრულებას იმისთვის, რომ არ მოგპაროთ ევროპული მომავალი, ამ დროს კი გამოვიდა მმართველი პარტიის ლიდერი და შანტაჟის ენით საუბარი დაუწყო ევროკავშირს. ეს წარმოუდგენელი ამბავია, მე პირადად მგონია, რომ ამგვარი რიტორიკით ევროკავშირს, ევროპელ მეგობრებს ჩრდილოეთიდან ესაუბრებიან.

_ ამ რიტორიკაში, თქვენი აზრით, იკითხება ის, რომ „ქართული ოცნება“ პირდაპირ რუსულ ინტერესებს ემსახურება?

_ რა თქმა უნდა, მგონია, რომ მმართველი პარტიის თავმჯდომარის ასეთი განცხადება ნამდვილად არ მიემართება საქართველოს ევროკაავშირთან დაახლოებას, პირიქით მგონია, რომ ასეთი ტიპის განცხადება საქართველოს აშორებს ევროპულ მომავალს და აახლოებს რუსეთთან.

_ თქვენ აღნიშნეთ, რომ „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკებას აზრი არ აქვს. ბოლო პერიოდში აქტიურად განიხილება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების ვერსია, მათ შორის, პოლიტოლოგების ნაწილიც აღნიშნავს, რომ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის კომუნიკაციას იმ შემთხვევაში ექნება აზრი, თუ ამ პროცესში თავად ბიძინა ივანიშვილი იქნება ჩართული, _ ფიქრობთ თუ არა, რომ თუ ივანიშვილი დაჯდება მოლაპარაკების მაგიდასთან, მაშინ საუბარს აზრი აქვს?

_ პირველ რიგში, როდესაც ვამბობ, რომ ამ ტიპის მოლაპარაკებებში ჩართვა დროის ფუჭად კარგვაა, ვგულისხმობ იმას, რომ მგლის თავზე, როგორც წესი, სახარებას არ კითხულობენ. რაც შეეხება ოლიგარქის შესაძლო დაბრუნებას პოლიტიკაში, ნამდვილად ვერ დავიწყებ სპეკულაციებს, მაგრამ შესაძლოა დადგეს წამი, რომ მან სხვა გზა ვეღარ დაინახოს, _ იყო განცხადებები, რომ დაიწყეს განხილვა საქართველოს ზოგიერთი მოქალაქის დასანქცირების შესახებ. რა თქმა უნდა, ამაში იგულისხმება, პირველ რიგში, ივანიშვილი, რომელსაც კრემლთან და რუსეთთან კავშირები დღემდე არ გაუწყვეტია და ასევე იგულისხმება მისი ახლო გარემოცვის წევრები, რომლეთაც ნამდვილად დააზარალეს საქართველო, ნამდვილად დააშორეს ევროპას და ნამდვილად გააღარიბეს ქართველი ხალხი იმ კორუფციული სქემებით, რომლებიც დღემდე არის პოპულარული საქართველოს ხელისუფლებაში.

_ კონკრეტულად ამ პროცესში ივანიშვილის პერსონალურად ჩართვის აზრს ხედავთ?

_ თუ რამეზე უნდა მოელაპარაკო ოლიგარქს, ეს უნდა იყოს იმ ისტორიული პრეცედენტის გამეორება, რომელიც შეიქმნა 2012 წელს, როდესაც არსებულმა ხელისუფლებამ არჩევნების გზით და მშვიდობიანად გადააბარა ხელისუფლება გამარჯვებულ ძალას. საზოგადოებამ და საქართველოს მოქალაქეებმა დაინახეს, რომ „ქართულ ოცნებას“ უბრალოდ არ გააჩნია რესურსი, უზრუნველყოს საქართველოს ევროპული მომავალი, შეასრულოს 12 პუნქტი და მოიპოვოს ჩვენი ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, ამიტომ აქედან გამოსავალი არის უმტკივნეულო, მშვიდობიანი და არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა. თუ რამეზე უნდა ველაპარაკოთ არსებულ რეჟიმს, ეს მოლაპარაკებები სწორედაც უნდა შეეხებოდეს ხელისუფლების არჩევნების გზით, მშვიდობიანად გადაბარების პროცესს. დარწმუნებული ვარ და თუ გნებავთ დაიმახსოვრეთ ეს ფრაზა, რომ უახლოეს მომავალში მსგავსი სახის განცხადებები გაკეთდება როგორც ევროპიდან, ასევე ამერიკის შეერთებული შტატებიდან, რომ დადგა დრო, საქართველოს ხელისუფლებამ იფიქროს ძალაუფლების მშვიდობიანი გზით გადაბარებაზე.

_ ოპოზიციას აქვს იმის რესურსი, რომ რიგგარეშე არჩევნების საკითხი რეალური გახდეს და „ქართული ოცნება“ იძულებული გახადოს, დასავლეთის უშუალო ძალისხმევით, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები რეალური გახდეს?

_ თუ ჩვენ აღარ გავიმეორებთ დაშვებულ შეცდომებს და, ამავე დროს, ვაჩვენებთ მცირეოდენ თავგანწირვას და ვიქნებით თანმიმდევრულნი, მჯერა, რომ შეგვიძლია მივაღწიოთ რიგგარეშე არჩევნებს და ასევე დროებითი მთავრობის ფორმირებას. მიზანი არის ის, რომ დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები, მოხდეს დროებითი მთავრობის ფორმირება, რომელმაც უნდა უზრუნველყოს რიგგარეშე არჩევნების სამართლიანად, დემოკრატიულაად, გამჭვირვალედ ჩატარება ევროკავშირის მონიტორინგით, _ ეს არის გზა საქართველოს ევროპული მომავალის შესახებ.

_ საქართველოს ევროპული მომავლის გზა გასაგებია, მაგრამ რა კონკრეტულ ნაბიჯს დგამს დღეს ოპოზიცია ამისთვის და რას გავაკეთებთ ხვალ და ზეგს, რომ ამ მიზანს მივაღწიოთ? როგორია სამოქმედო გეგმა?

_ პოლიტიკოსები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, საზოგადოების აქტიური პირები უნდა დავსხდეთ, მოვილაპარაკოთ, შევადგინოთ კონკრეტული გეგმა, გავიშალოთ მთელ საქართველოში, ჩავიდეთ ყველა ქალაქში, სოფელსა და დაბაში, ვესაუბროთ ხალხს, ასევე საპროტესტო აქციები გავმართოთ ყველა დიდ ქალაქსა და მუნიციპალიტეტში. შემდეგ დავნიშნოთ კონკრეტული თარიღი, ყველა შევიკრიბოთ თავისუფლების მოედანზე და მთელ მსოფლიოს გავაგონოთ საქართველოს მოქლაქის ხმა და ის, რომ ჩვენი არჩევანი არის ევროპა და არ დავიშლებით იქამდე, სანამ არ იქნება უზრუნველყოფილი ამ არჩევნის შესრულება. ეს არის გზა _ გზა, რომელიც გულისხმობს კონსტიტუციურ ჩარჩოებში მოქმედებას, მაგრამ იქამდე მოქმედებას, ვიდრე მიზანი არ მიიღწევა.

_ რამდენად გაქვთ იმის მოლოდინი, რომ საზოგადოებამდე მიიტანთ თქვენს სათქმელს და ამ ბრძოლაში იგი გამოგყვებათ? უახლოეს წარსულში ბევრჯერ გქონდათ ოპოზიციას შანსი, გამოგეყენებინათ საპროტესტო მუხტი და რიგგარეშე არჩევნებისთვის მიგეღწიათ, თუმცა ეს ასე არ მოხდა და საზოგადოებასაც სრულიად სამართლიანად ნდობა აქვს დაკარგული.

_ მესმის და დაშვებულმა შეცდომებმა ეს ნიჰილიზმი გააღვივა, ამაში გეთანხმებით, თუმცა მგონია, რომ გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს მოქალაქეთა 85%-ის მიზანი არის საქართველოს ევროპული მომავალი, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, შანსი და შესაძლებლობა აქვს და ოპოზიციურმა სპექტრმა სწორედ ეს შანსი და შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს საქართველოს ევროპული მომავლის უზრუნველყოფის მიზნით, ანუ არა პირადი ინტერესებისთვის, ან პარტიული ინტერესებისთვის, არამედ იმისთვის, რომ „ქართულ ოცნებაზე“ კარგად და კვალიფიციურად შეასრულოს საქართველოს მოქალაქეთა 85%-ის ნება, რომელიც გამოიხატება ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის საქმეში. საზოგადოებას პოლიტიკურმა სპექტრმა უნდა დაუმტკიცოს, რომ დიახ, ჩვენ შეგვიძლია იმ ნების აღსრულება, რომელიც გულისხმობს საქართველოს ევროპულ მომავალს, ამისთვის არ დავზოგავთ, არც დროს, არც თავს და არც რესურსს. მაინც ყველაფერი დამოკიდებული არის იმაზე, რას გავაკეთებთ ჩვენ: თუ მოვიქცევით სწორად, თუ ვიქნებით თანმიმდევრულნი, თუ არ დაგვეზარება, რომ შემოვიაროთ მთელი საქართველო და დავიწყებთ საუბარს ხალხთან, გამოგვივა ყველაფერი, მაგრამ მხოლოდ კაბინეტებიდან, პრიალა სტუდიებიდან ნამდვილად ვერ მივაღწევთ მიზანს.

_ ინტერვიუს მანძილზე არაერთხელ ვახსენეთ საქართველოს მესამე პრეზიდენტი. მისი მხარდამჭერები სოციალურ ქსელში სვამენ კითხვებს. რას აკეთებს „ნაციონალური მოძრაობა“, როცა საფრთხე ემუქრება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას, მით უმეტეს, გასულ კვირას მოვისმინეთ ცენტრ „ემპათიის“ განცხადებები, რომ მკურნალობას შედეგი არ აქვს. პირდაპირ გკითხავთ, რას აკეთებს ენმ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის დასაცავად?

_ ვეთანხმები ზოგიერთ პრეტენზიას, რომელსაც ჩემი ამომრჩეველი გამოხატავს. საქართველოს ექსპრეზიდენტის სიცოცხლის გადარჩენა მხოლოდ ერთი რომელიმე პოლიტიკური პარტიის ამოცანა არ უნდა იყოს, ეს საქართველოს თითოეული მოქალაქის მოვალეობაც არის, _ წარსულში მსგავსი ტრაგედია უკვე დავუშვით, თუ მომავალშიც იგივეს გავიმეორებთ,  ეს არ წაადგება ჩვენ ქვეყანას, მათ შორის არ წაადგება ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს. ამიტომ, რა თქმა უნდა, ნებისმიერმა პოლიტიკურმა ძალამ (არ ვგულისხმობ „ქართულ ოცნებას“, რადგან მან თავისი არჩევანი უკვე გააკეთა) უნდა მივმართოთ ჩვენი ძალისხმევა იმისკენ, რომ როგორმე გადავარჩინოთ საქართველოს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლე. საუბარია მისი სიცოცხლის გადარჩენაზე და არა განთავისუფლებაზე. იმისთვის, რომ გადავარჩინოთ მისი სიცოცხლე, ექიმთა რეკომენდაციის მიხედვით, აუცილებელია, ჰუმანიტარული მიზნით გაიყვანონ ევროპის რომელიმე კვალიფიციურ კლინიკაში, სადაც მას შეეძლება მიიღოს მისთვის საჭირო სამედიცინო სერვისი. თუ რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური ძალა ან კონკრეტული პირი ამაზე უკან დაიხევს, ამით ქართულ საქმეს ვერ გააკეთებს.

_ კითხვა, რომელიც ყველას აინტერესებს: რატომ არ იმართება ამ მიმართულებით საპროტესტო აქციები? ჩვენ ბევრჯერ გვისაუბრია იმაზე, რომ აქციები იწყებოდა, მაგრამ, რატომღაც, არ არის სათანადო აქტიურობა, რატომ?

_ არ ვიცი, ამ კუთხით რატომ არ იმართება აქციები, მაგრამ პირდაპირ გეტყვით: აქციები უნდა იყოს.

გაზიარება