- ოთხშაბათი, 25 დეკემბერი, 2024
2022-06-30 08:06:31
შორენა მარსაგიშვილი
ლეიბორისტული პარტიის გენერალური მდივანი, გიორგი გუგავა, ხელისუფლებასთან ერთად ოპოზიციასაც ადანაშაულებს იმაში, რომ საქართველოს ევროპული მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. გუგავას აზრით, ოპოზიციას საკუთარ კეთილდღეობაზე რომ არ ეფიქრა და მეტი პრინციპულობა გამოეჩინა, საქართველოში სხვა რეალობა იქნებოდა და ქვეყანა მოლდოვასთან და უკრაინასთან ერთად ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მიიღებდა.
სად არის გამოსავალი? რა შეცდომები დაუშვა ოპოზიციამ? რატომ არ აწყობდა ოპოზიციას, რომ დასავლეთს ივანიშვილისთვის სანქციები დაეწესებინა? _ ამის შსახებ გიორგი გუგავა „ქრონიკა+“-ს ესაუბრება:
_ პარლამენტში გამოსვლისას მთავრობის მეთაური შეურაცხყოფას აყენებდა ოპოზიციის წარმომადგენლებს. თქვენ სოციალურ ქსელში დაწერეთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციამ გაათავხედა. რატომ ფიქრობთ, რომ პრემიერის ასეთი საქციელი ოპოზიციის დამსახურებაა?
_ იმიტომ, რომ თავის დროზე ოპოზიციამ არ გამოიჩინა პრინციპულობა, შევიდა ბიძინა ივანიშვილის ბუტკაში, რომელსაც პარლამენტს ეძახიან და იქიდან გამოსვლას საშველი არ დააყენა. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბების შემდეგ ოპოზიციამ პირობა დადო, რომ საკანონმდებლო ორგანოში არ შევიდოდა. დაიწყო გაყალბებული გზით არჩეული პარლამენტის ბოიკოტი და გაჩნდა შანსი, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ჩამოშლილიყო. ოპოზიციამ თავისი საქციელით ეს ისტორიული შანსი ხელიდან გაუშვა. ივანიშვილი მოშორებული რომ გვყოლოდა, მოლდოვისა და უკრაინის მსგავსად ჩვენთვისაც გაიღებოდა ევროპის კარი.
„ქართული ოცნება“ ოპოზიციის უპრინციპობის წყალობით დარჩა ხელისუფლებაში. ოპოზიციის დამსახურებაა ის ტონალობა, რომელიც აქვს ღარიბაშვილს, კობახიძესა თუ მდინარაძეს. ახლა ნუღარ უკვირთ, სიძულვილის ენით ლაპარაკობენ ხელისუფლების პირველი პირებიო. მორალსა და ზნეობაზე აღარაფერს ვამბობ, მაგრამ ადამიანი პირობას რომ აძლევ, უნდა მოკვდე და ეს პირობა შეასრულო. განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს დაპირება ამომრჩეველს მიეცი.
_ პირობის მიცემასაც გააჩნია, ჩვენმა ოპოზიციამ ისეთი ფორმით დადო ეს პირობა, ძნელად ვინმე თუ წარმოიდგენდა, რომ მას დაარღვევდნენ.
_ დიდი ზარზეიმით დადეს პირობა, რომ პარლამენტში არ შევიდოდნენ. დღისით-მზისით, ტელევიზიების წინ, მოაწერეს დეკლარაციას ხელი. ხელმოწერის ცერემონიალი პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა და ამას მთელი საქართველო უყურებდა. ზოგმა დაიფიცა, ზოგმა დაიგინა, არ შევალთო, მაგრამ საქმე-საქმეზე რომ მიდგა, შევიდნენ. ასე არ შეიძლება, პირობას რომ დადებ, ის უნდა შეასრულო. სიტყვის გატეხა ძალიან ცუდი საქციელია.
ოპოზიციამ საშინელი რამე გააკეთა პარლამენტში შესვლით. ამით ქვეყანა ხომ დააზარალეს და საკუთარი თავიც უხერხულ პოზაში ჩააყენეს. ხელისუფლებამ ასეთ პოზაში რომ ნახა ოპოზიცია, გათავხედდა, აიშვა და შესაბამის პასუხსაც აძლევს „ოცნება“ ოპონენტებს.
_ მაგალითად, გამოექანეთო, _ უთხრა ღარიბაშვილმა ოპოზიციას.
_ ღარიბაშვილი, მეოცნებეები და მათი ლექსიკა კიდევ სხვა მოვლენაა. მათი განცხადებები არის თავხედობისა და უინტელექტობის გამოვლინება. მათ ამ განცხადებებზე არ ღირს სერიოზული საუბარი.
_ რატომ არ ღირს ამაზე საუბარი?
_ აზრი არ აქვს. აშკარაა, რომ მათი აღზრდის დროს შეცდომები დაუშვეს და ამას ახლა არაფერი აღარ ეშველება. თავხედობა ზოგადად აღზევებული მონების დამახასიათებელი თვისებაა. კოჭლი დროების გამო ამ უინტელექტოებს თავზე დაეცათ პრივილეგიური მდგომარეობა. იმედი მაქვს, საზოგადოებამ კარგად დაინახა ამათი სახე და ესეც ჭკუის სასწავლებელი მაგალითი უნდა იყოს ჩვენთვის. საქართველოს მოსახლეობამ ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეიგნოს, რომ დაუშვებელია ხელისუფლების სათავეში ვიგინდარების მოყვანა.
_ ამათზე უარესი უზრდელები გვყოლია ხელისუფლებაში. ჩვენი ხელისუფლების პირველი პირები დიდი თავაზიანობით არასდროს გამოირჩეოდნენ. საზოგადოება ყოველთვის აპროტესტებდა ამას, მაგრამ ისევ ამ ტიპის ხალხს აძლევდა შემდეგ არჩევნებზე ხმას.
_ სამწუხაროდ, ასეა. ჩვენი საზოგადოება ჭკუას ვერ სწავლობს. ჭკუას ვერ სწავლობზე მეტად აქ სხვა რამეა პრობლემა. ყველა ქვეყანაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს არჩევნებს. არჩევნებზე ირჩევს ხალხი მისთვის სასურველ ხელისუფლებას და თითოეულ ხმაზე ბევრი რამეა დამოკიდებული. როდესაც ამ ერთ, მაგრამ მნიშვნელოვან ხმას ცვლი ან ფულში ან სამსახურში, კიტრში, პომიდორში ან შეშინებული აკეთებ არჩევანს, მიიღებ კოლექტიურ ღარიბაშვილებს, ივანიშვილებს, კობახიძეებს.
ჩვენმა საზოგადოებამ უნდა შეიგნოს, რომ როცა ხმას რაღაცაზე ცვლი, ამით ყიდი საკუთარ ქვეყანას და საკუთარ მომავალს. მერე ვიგინდარები, მოღალატეები და კორუმპირებულები იგდებენ ხელში სახელმწიფოს და კლავენ მის მომავალს. ამის ნათელი მაგალითი ვიხილეთ გასულ კვირას. უკრაინაში მიმდინარე საშინელი ომიდან გამომდინარე, ჩვენთვის ძალიან ხელსაყრელი მდგომარეობა შეიქმნა, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ.
_ რა მხრივ შეიქმნა ხელსაყრელი მდგომარეობა?
_ ამ ომიდან გამომდინარე, ჩვენ შეგვეძლო უპრობლემოდ მიგვეღო კანდიდატის სტატუსი. ხატოვნად რომ ვთქვათ, პირდაპირ ავტობანით შევდიოდით ევროკავშირში. ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება მხოლოდ დეკლარირებული განაცხადი არ არის. ამ სტატუსის მიღება ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა ნელ-ნელა გადაეწყობა ევროპულ ღირებულებებზე, ჩამოაყალიბებს მართვის ევროპულ სისტემებს. ევროპაში გარანტირებულია ადამიანის განათლება, ჯანდაცვა, გარანტირებულია ნორმალური ცხოვრება.
_ რაც მთავარია, გარანტირებულია სიცოცხლის უფლება.
_ რა თქმა უნდა. რუსეთისგან განსხვავებით, ევროპაში ადამიანებს სიცოცხლის უფლება გარანტირებული აქვთ. არაფერს ვამბობ ღირსეულ პენსიაზე, თავისუფალ სასამართლოზე. ევროპაში ზოგადად თავისუფლებაა გარანტირებული. ჩვენ ხომ ასეული წლებია, ქრისტიანული ევროპისკენ მივილტვით. ჩვენ ევროპული ცივილიზაციის ნაწილი ვართ ისტორიულად. ამ ცივილიზაციისთვის ქართველებს ძალიან ბევრი სისხლი გვაქვს დაღვრილი.
საქართველო იყო აღმოსავლეთის შეუმუსვრელი ბასტიონი ქრისტიოანობისა. სანამ ევროპისკენ გაიწეოდნენ დამპყრობლები, ჩვენზე მოდიოდა პირველი იერიშები. ჩვენი სისხლით ბევრჯერ გვყავს ევროპა დაცული. ჩვენ ვუბრუნდებოდით ამ ევროპულ ცივილიზაციას, მაგრამ მოღალატეებმა ეს შანსი ხელიდან გამოგვაცალეს. 2008 წელს რუსეთმა ბომბებით და ტანკებით შეძლო ჩვენი მიწების ანექსია. 2012 წლის არჩევნებზე საქართველოს ანექსია ბიძინა ივანიშვილმა მოახერხა, რომლის უკანაც მოსკოვი დგას. რუსეთმა ოლიგარქი მეფესნაცვლად დასვა საქართველოში. ჩვენ ვაფრთხილებდით საზოგადოებას, რომ ასე მოხდებოდა. სამწუხაროდ, არავინ დაგვიჯერა და ქართულმა საზოგადოებამ ივანიშვილი დიდი ზარზეიმით მოიყვანმა ხელისუფლებაში.
_ თქვენ ოპოზიციას საყვედურობთ იმის გამო, რომ ის საკანონმდებლო ორგანოში შევიდა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, ევროპელები როგორ აქტიურად მოუწოდებდნენ ოპოზიციას, ეს ნაბიჯი გადაედგათ. ამისთვის შარლ მიშელიც კი ჩამოვიდა საქართველოში.
_ არ უარვყოფ, რომ დასავლეთელი პოლიტიკოსები ოპოზიციას მართლა მოუწოდებდნენ, რომ ისინი პარლამენტში შესულიყვნენ. მათ საქართველოში დაძაბულობა არ სურდათ, მაგრამ ეს არაა ის არგუმენტი, რომლითაც შეიძლება ოპოზიციის ქმედებები გავამართლოთ.
ევროპელებისგან განსხვავებით ოპოზიციამ ძალიან კარგად იცოდა, ვინ იყო ბიძინა ივანიშვილი. აქედან გამომდინარე, არ შეიძლებოდა მასთან რაიმე გარიგებაზე წასვლა. ეს იგივეა, მორიელს ენდო. მორიელის ნდობა დაუშვებელია. მისი გენეტიკური თვისებაა, რომ აუცილებლად დაგგესლავს. ასეთივეა ბიძინა ივანიშვილი. მისი გენეტიკური მრწამსი და ცნობიერება ასეა მომართული. ფულიც ამ გზებით აქვს ნაშოვნი.
_ იმასაც ხომ გააჩნია, სად და რა პერიოდში იშოვა ფული? ივანიშვილმა მილიარდები 90-იან წლებში რუსეთში იშოვა. როგორ იშოვებოდა მაშინ ფული რუსეთში, ყველამ იცის.
_ ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. ამ ადამიანს ბიზნესი წესიერი გზით და კანონიერი მეთოდებით არ უშოვია. ის გადაგდებით და სხვისი განადგურებით აკეთებდა ფულს. ასევე ქართულ პოლიტიკაში უამრავჯერ გადააგდო ოპოზიცია, მაგრამ ოპოზიციამ ამას, რატომღაც, არ მიაქცია ყურადღება. არა, ძალიან კარგადაც იცოდნენ, რა შედეგითაც დასრულდებოდა ოლიგარქთან გარიგება, მაგრამ მაინც გადადგეს ეს ნაბიჯი. იმიტომ გადადგეს, რომ რბილი სავარძლები ენატრებოდათ. იმ პრივილეგიების მიღება სურდათ, რაც პარლამენტის წევრებს ჰქონდათ. პარლამენტში რომ შესულიყვნენ, ბევრმა ოპოზიციონერმა ფული აიღო, სხვანაირად რომ ვთქვა, ამომრჩეველი ვერცხლზე გაყიდეს. სარფიანად გაყიდეს თავისი პრინციპები იმისთვის, რომ გაემართლებინათ ივანიშვილის უკანონო გზით არჩეული პარლამენტი. ასეთ შეცდომას როცა უშვებ, ისტორია არ გპატიობს. კრიტიკულ სიტუაციაში იჩენს ხოლმე ეს თავს. ახლაც ასე მოხდა, ევროპის კარი ჩვენთვის, ფაქტობრივად, ღია იყო, მაგრამ ცხვირწინ მოგვიხურეს.
აბა, შეენარჩუნებინა ოპოზიციას პრინციპულობა და არ შესულიყო პარლამენტში _ საქართველოში დღეს სულ სხვა რეალობა იქნებოდა: კანდიდატის სტატუსსაც მივიღებდით და „ქართული ოცნება“ თავის ივანიშვილიანად დავიწყებული გვეყოლებოდა.
_ ეს ყველაფერი გავიგე, მაგრამ დღეს ხელისუფლების არაევროპულ კურსზე ის ევროპარლამენტარები ლაპარაკობენ, რომლებიც ჯიუტად მოუწოდებდნენ ოპოზიციას, პარლამენტში შედითო.
_ ევროპელები ამას მხოლოდ იმიტომ ითხოვდნენ, რომ საქართველოში სტაბილურობა ყოფილიყო. ევროპელი პოლიტიკოსები ნორმალური თამაშის წესებით თამაშობდნენ. მათ ვერ წარმოედგინათ, რომ ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ ასეთი თაღლითები აღმოჩნდებოდნენ. როგორც იქნა, ევროპამაც დაინახა რუს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის რეალური სახე. ახლა ევროპარლამენტარები მისი მისამართით მკვეთრ და რადიკალურ განცხადებებს აკეთებენ.
_ ეს არსებულ სიტუაციას უკვე აღარ ცვლის.
_ რანაირად შეცვლის? თავის დროზე გაამართლეს ივანიშვილის მიერ ძალაუფლების მიტაცება. ამაზე ევროპელებს არ ვსაყვედურობ, ჩვენი ოპოზიციის მიმართ მაქვს კითხვები. მათ ხომ მშვენივრად იცოდნენ, რომ ბიძინა ივანიშვილის ნდობა არ შეიძლებოდა?! პოლიტიკოსი რომ გქვია და ხელისუფლებაში მოსვლაზე გაქვს პრეტენზია, კარგად უნდა აწონ-დაწონო, რა მოყვება ამა თუ იმ ნაბიჯს. ევროპარლამენტარების რეკომენდაციები ამათ ქმედებას ვერ გაამართლებს. მათ სიტყვიერად უთხრეს შედითო, თოფი ხომ არ მიუშვერიათ და ისე ხომ არ შეუყვანიათ პარლამენტში?
ძალიან დიდი შეცდომა იყო ბოიკოტის შეწყვეტა. ის ბოიკოტი რომ შეგვენარჩუნებინა, აუცილებლად მივიღებდით ახალ არჩევნებს. ჩამოყალიბდებოდა ახალი კოალიციური მთავრობა. ოლიგარქი მართვის სადავეებს მოშორებული გვეყოლებოდა ევროპის კარიც ღია იქნებოდა ჩვენთვის. აი, ეს ისტორიული შანსი გაუშვა საქართველომ ხელიდან. ამაში წვლილი მიუძღვის არა მარტო კოლაბორანტ ხელისუფლებას, არამედ იმ ოპოზიციას, ვინც მაშინ პარლამენტში შევიდა. გაყალბების გზით არჩეული პარლამენტის გათეთრება არაფრით შეიძლებოდა. ამით დაგვაკარგვინეს ევროკავშირში შესვლის შანსი.
_ დიდი ხნით დავკარგეთ ეს შანსი. სიტუაციის გამოსასწორებლად ექვსი თვე გვაქვს. ელოდებით ამ ექვს თვეში რამე სერიოზულ ცვლილებებს?
_ არ ვიცი, დიდი ხნით დავკარგეთ თუ არა, მაგრამ რომ დავკარგეთ, ეს ფაქტია. ეს ჩვენი საზოგადოებისთვისაც უნდა იყოს ჭკუის სასწავლებელი. ხალხმა უნდა გააცნობიეროს, რომ ან ირჩევ ოლიგარქს, ან განვითარების ევროპულ და ცივილიზებულ გზას. ისე არ გამიგოს მკითხველმა, რომ ოლიგარქის მოცილება მარტო იმიტომაა საჭირო, ევროპაში შევიდეთ. ოლიგარქი, პირველ რიგში, იმიტომ უნდა მოვიცილოთ, რომ ქვეყანა ამ ჭაობიდან ამოვათრიოთ.
დღეს საქართველო რაღაც საშინელ და წარმოუდგენელ ჭაობში იმყოფება. რაც დრო გადის უფრო მეტად ვიძირებით ამ ჭაობში და რაც დრო გავა იქიდან ჩვენი ამოთრევა კიდევ უფრო რთული იქნება. საქართველო იღუპება! ევროპულ პერსპექტივას კი არა, დამოუკიდებლობასა და სახელმწფოებრიობას ვკარგავთ, ხალხო! თქვენ ხომ წარმოგიდგენიათ, სად აღმოვჩნდებით, თუ დასავლეთმა ზურგი გვაქცია.
საქართველომ დამოუკიდებლობა 31 წლის წინ დაიბრუნა. 31 წლის განმავლობაში დამოუკიდებლობა რომ შევინარჩუნეთ, ეს ქართველი ხალხის თავდადების გარდა დასავლეთის დამსახურებაა. დასავლეთი რომ არა, ჩვენ დამოუკიდებლობა უკვე დაკარგული გვექნებოდა.
_ ახლა რომელიმე რუსეთუმე იკითხავს, დასავლეთი რა შუაშია, ჩვენ რომ დამოუკიდებლები ვართო?
_ დასავლეთის დამსახურებაა, რომ ჩვენ დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ. სწორედ ამიტომ ვერ იტანენ რუსეთუმეები დასავლეთს. ისინი არიან ჩვენი თავისუფლების გარანტორები. წარმოგიდგენიათ, რა მოხდება, თუ დასავლურ ორბიტას მოვწყდებით? რამდენიმე დღეში გადაგვყლაპავს რუსეთი და დამთავრდება ჩვენი თავისუფლება, სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა. აქედან გამომდინარე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ხასიათს ატარებს ოლიგარქის მოცილება. ევროკომისია პირდაპირ გვიწერს რეზოლუციაში, რომ მოიცილეთ ოლიგარქი და ევროპის კარი გაიღება თქვენთვისო. ბორელმა პირდაპირ გვითხრა, რომ პირობების შესრულების შემთხვევაში სტატუსი ავტომატურად მოგენიჭებათო. ამ პირობების შესრულება ხალხმა და ოპოზიციამ უნდა უზრუნველყოს.
_ ხალხმა და ოპოზიციამ რატომ?
_ ხელისუფლება რომ ამ პირობებს არ შეასრულებს, ეს ცალსახაა.
_ რატომ გგონიათ, რომ არ შეასრულებს?
_ პირდაპირ დაგვიწერეს, დეოლიგარქიზაციაო და საკუთარ თავს ხომ არ ჩამოაშორებენ ხელისუფლებას? ეს ხალხმა და ოპოზიციამ უნდა გააკეთოს. მოქმედი ხელისუფლება არის გასარეკი _ საქართველოში რაც შეიძლება მალე უნდა დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები. ჩვენ გვჭირდება ახალი, მრავალპარტიული პარლამენტი, ასევე კოალიციური მთავრობა. ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია, საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივა კვლავ გაიხსნას. ვიმეორებ, რომ ეს ჩვენი გასაკეთებელი საქმეა, მაგრამ დასავლეთის გარეშე ეს საქმე არ გამოვა. ისინიც უნდა დაგვეხმარონ.
_ დასავლეთი როგორ უნდა დაგვეხმაროს ბიძინა ივანიშვილის მოშორებაში, ეს ხომ ჩვენი შიდა საქმეა?
_ დასავლეთისგან მხოლოდ ერთ რამეს ვითხოვთ: მათ რუს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები უნდა დააწესონ.
_ თქვენ დასავლეთს ბევრი წლის წინ მოუწოდებდით, რომ ივანიშვილისთვის სანქციები დაეწესებინა.
_ ვთხოვდით, რადგან მიგვაჩნდა, რომ ეს იყო ყველაზე ეფექტიანი გზა ოლიგარქის დასამარცხებლად.
_ დასავლეთი ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებისგან აქამდე თავს იკავებდა. ახლა რა იქნება? ისევ თავს შეიკავებს?
_ აქამდე მართლა თავს იკავებდნენ და არ ვიცი, რატომ იქცეოდნენ ასე. ახლა დარწმუნებული ვარ, რომ ამ მიმართულებით სიტუაცია შეიცვალა.
_ რატომ გგონიათ, რომ შეიცვალა?
_ იმიტომ, რომ პირდაპირ ჩაიწერა რეზოლუციაში ივანიშვილის დასანქცირების შესახებ. ლეიბორისტული პარტია მისთვის სანქციების დაწესებაზე მრავალი წელია, რაც ვმუშაობთ. აღსანიშნავია, რომ ამასთან დაკავშირებით დეკლარაციაც შევადგინეთ.
_ დეკლარაცია ახლა შეადგინეთ თუ ადრე?
_ როგორც კი სანქციებზე დავიწყეთ საუბარი, მაშინვე შევადგინეთ ეს დეკლარაცია. სამწუხაროდ, ამ დეკლარაციას არც ერთი ოპოზიციური პარტია არ შეუერთდა. თქვენ ეს ეჭვებს არ გიჩენთ? მკითხველს არ გაუჩენს ეს რაიმე ეჭვს? მე პირადად ბევრ ეჭვს მიჩენს ეს ამბავი.
ერთადერთი ძალა ვართ, რომელიც ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას ითხოვდა და ითხოვს. ჩვენ ამ ფლანგზე მარტონი ვართ, ფაქტობრივად. ამ თემაზე ძალიან ბევრი გვაქვს ნამუშევარი. მოვაგროვეთ უამრავი მტკიცებულება, თუ რატომ უნდა დაუწესდეს ივანიშვილს სანქციები. ეს ყველაფერი დასავლეთში გვაქვს გაგზავნილი. ტომებს მოიცავს ივანიშვილის დანაშაულები. დადგება დრო და ამ მტკიცებულებებს აუცილებლად გამოვაქვეყნებთ. მოხარულები ვართ, რომ დასავლეთი საბოლოოდ მიხვდა რუსი ოლიგარქისთვის სანქციების დაწესების აუცილებლობას. რაღაცნაირად ის დასანქცირებულიც კი არის.
_ რაში გამოიხატება, რომ დასანქცირებულია?
_ ივანიშვილი ვერ განკარგავს 2 მილიარდამდე ფინანსურ აქტივს, რომელიც მას „სვის კრედიტში“ აქვს. წინ ბევრად სერიოზული სანქციები ელოდება. იმისთვის, რომ ოლიგარქი დასანქცირდეს, მთელი ოპოზიციის აქტიურობაა საჭირო, მარტო შალვა ნათელაშვილი და ლეიბორისტები ბევრს ვერაფერს გააკეთებენ. წეღანაც ვთქვი და გავიმეორებ, რომ ოპოზიცია მხარს არ უჭერდა იმას, რომ დასავლეთს ივანიშვილისთის სანქციები დაეწესებინა.
_ ღიად თქვეს, რომ მხარს არ უჭერენ?
_ დეკლარაციაზე ხელი არ მოაწერეს.
_ შესთავაზეთ ხელის მოწერა?
_ რა თქმა უნდა. გახსოვთ, ალბათ, ჩვენს ოფისში რომ იმართებოდა ოპოზიციის კონსულტაციები, მაშინ არაერთხელ შევთავაზეთ დეკლარაციაზე ხელის მოწერა, მაგრამ უარი გვითხრეს. ეს ბევრ ეჭვს აჩენს, მაგრამ რაც იყო, იყო. მთავარია, დასავლეთი აღიარებს, რომ სანქციები აუცილებელია. ეს იმას ნიშნავს, რომ სანქციები იქნება.