QronikaPlus
შალვა ნათელაშვილი: „ქალბატონი პრეზიდენტი არის დედალი პაპუაშვილი“

შალვა ნათელაშვილი: „ქალბატონი პრეზიდენტი არის დედალი პაპუაშვილი“

2022-06-10 06:52:12

გიგა გელხვიიძე

ბოლო პერიოდში საქართველოში აქტიურად დგას ევროინტეგრაციის საკითხი, რომელიც ცხარე განხილვის თემაა როგორც ოპოზიციურ, ასევე მმართველ გუნდში. ურთიერთბრალდებები, რომ ცალკე აღებულ „ქართულ ოცნებას“ ან ოპოზიციურ პარტიებს არ სურთ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია და ისინი რუსული, პუტინის პოლიტიკური ხაზის გამტარებლები არიან, ყოველდღიურობად იქცა.

„ქრონიკა+“ დაინტერესდა, როგორ აფასებს ამ ყველაფერს არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი ლეიბორისტული პარტია და მისი ლიდერი შალვა ნათელაშვილი, რომელიც, ფაქტობრივად, ერთადერთია, ვინც 2020 წელს მინიჭებულ საპარლამენტო მანდატზე უარი განაცხადა, ხოლო შემდგომში „ქართული ოცნებისგან“ ერთგვარად დაისაჯა კიდევაც, ვინაიდან სწორედ მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, დაფინანსების გარეშე დარჩა:

_ ბატონო შალვა, პირველ რიგში, სანამ შიდა პოლიტიკურ საკითხებზე გადავალ, მინდა, ამ მომენტისთვის ყველაზე აქტუალურ საკითხს, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას შევეხო. როგორ შეაფასებდით ევროპარლამენტარების გზავნილებს?

_ არავითარი შეფასება ამას არ სჭირდება, ისინი პირდაპირ ამბობენ, რომ ევროკავშირის წევრობას კი არა, ივანიშვილის რეჟიმის ხელში კანდიდატობასაც ვერ ვეღირსებით. ბიძინა ივანიშვილმა ეს პერსპექტივა საქართველოსთვის დაამთავრა.

_ რისი თქმა სურდათ ევროპარლამენტარებს რეზოლუციით, რომელშიც საქართველო არ არის ნახსენები?

_ ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ დიდი გეოპოლიტიკური განხილვებიდან ამოვარდნილი ვართ და დე ფაქტო სახელმწოფოს მიიჩნევენ არშემდგარად და რუსეთზე მიყიდულად.

_ „ქართული ოცნება“ აქტიურად ცდილობს იმ მოსაზრების ტირაჟირებას, თითქოს ოპოზიციას სურს, საქართველომ ვერ მიიღოს ევროკავშირის წევრობის სტატუსი. თქვენი შეფასებით, რამდენად არის ეს მიახლოებული რეალობასთან?

_ ოპოზიცია კარგა ხანია ცდილობს, რომ ეს ხელისუფლება დაემხოს, მაგრამ ვერ შევძელით. ოპოზიციას რომ ამდენი შეეძლოს, ამათი ნასახი არ იქნებოდა დღეს, მით უმეტეს, ევროპაში რა შეუძლია ოპოზიციას? _ ისინი ხედავენ შიშველ ფაქტებს, რომ საქართველოს ხელისუფლება არის პუტინ-ლუკაშენკოს მოკავშირე უკრაინის წინააღმდეგ ომში. აქ დამთავრებულია ყველაფერი. ოპოზიციამ სულ ერთ ხმაზე რომ იყვიროს: არიქა, თქვენი ჭირიმე, მოგვეცით კანდიდატობაო, მაინც არაფერს მოგვცემენ. ზოგიერთ მოღალატე ოპოზიციას, რომელიც ორი დღის წინათ დუბლინში ყოფილა, რომელიც შევიდა პარლამენტში და გადაარჩინა უკვე დამხობილი ივანიშვილი, შეუძლია ერთადერთი რამ, _ სანქციებისგან დაიხსნას ივანიშვილი, სანქციები შეუმსუბუქოს: აი, ასეთი აქტიურობით, რომ მიგვიღეთ, მიგვიღეთ, ერთად ვართ მაინც მთავარ საკითხში ხელისუფლებასთანო... აი, ეს არის ივანიშვილის გადარჩენა სანქციებისგან და ამისთვის დადიან ურცხვად და უნამუსოდ ევროპაში ვაშაძეები, რესპუბლიკელები, ნარკომანი პარტიები და სხვები.

_ „ლელოს“ ინიციატივაზე მინდა გკითხოთ, რომლის თანახმადაც, ის მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“, კვლავ შეუერთდეს შარლ მიშელის დოკუმენტს. იქონია თუ არა ევროპელი პარტნიორების დამოკიდებულებაზე საქართველოსთან მიმარებით რამე გავლენა „ოცნების“ ამ ქმედებამ?

_ შარლ მიშელის ხელშეკრულება იყო დასაწყისშივე მკვდრადშობილი, ის იყო ფარატინა ქაღალდი და ეს იყო დაღუპვა საქართველოსი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამან გადაარჩინა რუსი ოლიგარქი დამხობას და ჩამოშლას, თორემ რამდენიმე თვეში ახალი არჩევნები იქნებოდა. იმ ხელშეკრულებაზე ხელმოწერაც და მით უმეტეს მისი ხსენებაც კი უნდა ითვლებოდეს აკრძალულად ამ ქვეყანაში.

_ ლეიბორისტული პარტია იყო ერთ-ერთი, რომელიც აქტიურად იყო ჩართული შარლ მიშელის მედიაციით გამართულ მოლაპარაკებებში და კარგად იცით „შარლ მიშელის დოკუმენტის“ მთავარი პუნქტები. რამდენად გაართვეს თავი მათ შესრულებას „ოცნებამ“ და იმ ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებმაც ამ დოკუმენტს მოაწერეს ხელი?

_ არაფერი შესრულდა გარდა იმისა, რომ ოპოზიცია უთავმოყვარეოდ შევიდა პარლამენტში. არც საარჩევნო რეფორმა ჩატარდა, არც _ სასამართლო რეფორმა, ხოლო ლეიბორისტული პარტია, ამ მოლაპარაკების მონაწილე, ოფიციალურად აიკრძალა კიდეც, კანონებით, მხოლოდ სიტყვით კი არა. წაერთვა კომისიის წევრები, წაერთვა დაფინანსება, წაერთვა რეკლამის უფლება, წაერთვა სადეპუტატო მანდატი პარლამენტში იმის გამო, რომ პროტესტის გამოხატვა გაბედა. ამ დოკუმენტის მიხედვით, პარლამენტს ხუთი კომიტეტის თავმჯდომარეობა უნდა დაეთმო ოპოზიციისთვის. ესეც არ შეასრულეს, არათუ გლობალური რეფორმები და ასე უთავმოყვარეოდ სხედან და იმას გაიძახიან, შარლ მიშელს შევუერთდეთო. როგორ უნდა შევუერთდე ახლა მე, ორასი წლის წინათ გარდაცვლილ პაპაჩემის პაპას, თუ არ მოვკვდი? რანაირად უნდა შევუერთდე?

_ ამ ყველაფრის ფონზე, როგორია თქვენი პროგნოზები? მიიღებს საქართველო კანდიდატის სტატუსს?

_ გამორიცხულია! უახლოეს პერიდში ივანიშვილმა უნდა მიიღოს სანქციები, თუ შერჩენია ევროკავშირს თავმოყვარეობა. ივანიშვილის დასანქცირება ნიშნავს რეჟიმის ჩამოშლას და ეს უდრის საქართველოს შესვლას ნატოსა და ევროკავშირში. სანამ ბიძინიზმია საქართველოში, ჩვენ არაფერი გვეშველება.

_ შიდა პოლიტიკურ საკითხებს რომ დავუბრუნდეთ, რა ხდება დღეს ქართულ პოლიტიკაში შალვა ნათელაშვილის შეფასებით?

_ ქართულ პოლიტიკაში ხდება ის, რომ არაფერიც არ ხდება, გარდა ძველებური ჟულიკობებისა, სულის გაყიდვისა, ქვეყნის გაყიდვისა, ხალხის მოტყუებისა, ფარისევლობისა და ორსახოვანი უნამუსობისა ხელისუფლებიდან და ოპოზიციიდან. თავიანთ ინტერესებსაც კი ღალატობენ, _ ჩაალპო ციხეში „ნაცმოძრაობამ“ საკუთარი ლიდერი და არ გამოდიან პარლამენტიდან, მანდატებს არ თმობენ! რა შეფასება შეიძლება მისცე ამას?!

_ რამდენიმე დღის წინ თქვენ, ასე ვთქვათ, გადააბიჯეთ საკუთარ თავს და ოპოზიციურ სპექტრს კიდევ ერთხელ მოუწოდეთ გაერთიანებისკენ, თუმცა მთავარი დათქმა იყო მათ მიერ პარლამენტის დატოვება და ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებაზე ხელის მოწერა. თუ გქონდათ ამის შემდეგ საუბარი რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან და დღევანდელ მოცემულობაში რას შეცვლის ოპოზიციის მიერ პარლამენტის ბოიკოტი?

_ არა, არავინ გამოდის პარლამენტიდან და არავინ აწერს ხელს ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებაზე, არც „ნაციონალური მოძრაობა“ და არც ის დანარჩენი გამყიდველი ოპოზიცია. არავინ ხელს არ აწერს ქვეყნის მთავარი მტრის სანქცირებაზე და ამის შემდგომ როგორ ბედავენ და თავს ოპოზიციას როგორ უწოდებენ?! თითქოს მე არ მიყვარდეს ჩემი თავი, ძალიან გამიხარდა, პარტია რომ ამიკრძალეს, მე არ მიყვარდეს ჩემი ოჯახი, რომლის ყველა წევრიც უმუშევარია და მარტო მაგათ ჰყავდეთ პარტიები და მაგათ ჰქონდეთ პირადი ინტერესები.

_ ხვალ რომ არჩევნები იყოს, ვისკენ გადაიხრება ქართველი ხალი და ზოგადად რა არის დღეს საქართველოს მოქალაქის დაკვეთა?

_ ქართველი ხალხი თუ ხვალ ხმას არ მისცემს ლეიბორისტულ პარტიას, ის ხალხი საკუთარ თავს ჩააფურთხებს სულში და ჩააფურთხებს საკუთარ ისტორიას, ამდენი ამბის შემდეგ.

_ არ შეიძლება არ შევეხოთ სალომე ზურაბიშვილის ბოლოდროინდელ საკმაოდ მკაცრ განცხადებებს „ქართული ოცნების“ მისამართით, რომელმაც საკმაოდ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია მმართველ გუნდში, _ როგორია შალვა ნათელაშვილის შეფასება ამ საკითხის შესახებ?

_ არაფერი დაიჯეროთ, ის ისეთივე მონაა ბიძინა ივანიშვილის, როგორიც მდინარაძე, თალაკვაძე, კობახიძე და ა. შ. ეს არის დედალი პაპუაშვილი, მხოლოდ ტერმინოლოგია აქვს პროდასავლური, რომ შემდგომ იქ გააგზავნოს ივანიშვილმა საჩალიჩოდ, შარლ მიშელთან რამე რომ დასჭირდება. ხოლო ღარიბაშვილს პუტინის ტერმინოლოგია აქვს, რომ იმას მოფხანოს გული და თავად ზის ბუჩქებში და მიეზიდება საქართველოს საკუთარ ჯიბეში, ანუ პროდიუსერია, როლები აქვს განაწილებული.

_ უკრაინისა და საქართველოს საკითხზე მინდა გკითხოთ: სალომე ზურაბიშვილის თქმით, უკრაინის პრეზიდენტს უნდა ჰქონოდა საშუალება, რომ პარლამენტში ჩართულიყო და სიტყვით გამოსულიყო, თუმცა შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მას არ ჰქონია ამის სურვილი. მიუხედავად იმისა, რომ ზელენსკი ჩაერთო ქართველ ხალხს და მათ მიმართა სიტყვით, ამ და სხვა განცხადებების ფონზე, როგორ ფასდება საქართველოს როლი რუსეთ-უკრაინის დაპირისპირებაში?

_ პირველ რიგში, ჩვენს პარლამენტში უნდა ჩართულიყო ეს კაცი _ ერთ ბედქვეშ ვართ, რაც დაემართება უკრაინას, იგივე დაგვემართება ჩვენც, რაც დაგვემართა ჩვენ, იგივე დაემართა უკრაინას. პირადად მე ეს ადამიანი თავიდან არ მომწონდა, სულ ვამბობიდი, ვინ მოვიდა ეს კლოუნი ხელისუფლების სათავეში-მეთქი, მაგრამ ფაქტია, რომ კლოუნობიდან ბევრი პოლიტიკოსად შედგა, ხოლო პოლიტიკოსები კლოუნებად გადაიქცნენ. როდესაც ზელენსკი ჩამოვიდა საქართველოში, ის ენგურის ხიდზე მივიდა, ერთადერთი სახელმწიფოს მეთაურია, ვინც ენგურის ხიდზე ფეხი შედგა და ჩვენი სამარცხვინო ხელისუფლებიდან გაყოლა ვერავინ გაბედა _ ვერც ამ პრეზიდენტმა ზუ„ღ“აბიშვილმა, ვერც სამარცხვინო ღარიბაშვილმა და ვერც თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერმა, თუ ვინც არის. თვითონ მივიდა ვაჟკაცურად ენგურის ხიდზე და მას არ ჰქონდა უფლება, პარლამენტში ჩართულიყო და არ უნდა მიეწვიათ? ბრძოლის ველზეა ადამიანი!

_ კრიტიკული მედიის მისამართით ბრძოლა კიდევ უფრო გამწვავდა, ვგულისხმობთ „მთავარი არხის“ გენერალურ დირექტორ ნიკა გავარამიას დაკავებას. პირველ რიგში, მაინტერესებს თქვენი, როგორც პოლიტიკოსის შეფასება.

_ ამას უკვე პოლიტიკური შეფასებაც აღარ სჭირდება: ერთადერთი სახელმწიფოა (სახელმწიფო პირობითად) დედამიწის პოლიტიკურ რუკაზე საქართველო, სადაც კრიტიკული მედიის ყველა მენეჯერი და მფლობელი ან დაჭერილია, ან პასუხისგებაშია მიცემული. ეს ერთადერთია, რაღაც საოცრება ხდება ვოლტერის, ჟან-ჟაკ რუსოსა და მონტესკიეს შემდეგ და ამაზე, ალბათ, უკვე არა მარტო ჩვენ, კაცობრიობამ უნდა აღიმაღლოს ხმა.

_ როგორც იურისტი შალვა ნათელაშვილი, როგორ შეაფასებს იმ ვერდიქტს, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გამოიტანა?

_ სუფთა პოლიტიკური პატიმარია. მე და ნიკა გვარამიას მზე და მთვარე არ ამოგვდის ერთმანეთზე, მაგრამ ის სუფთა პოლიტიკური პატიმარია. იმის გამო, რომ ოპოზიციური მედიის ხელმძღვანელი იყო კაცი, პირდაპირ პოლიტიკური განაჩენი გამოვიდა. როგორც ბოლშევიკები აკრავდნენ ადამიანებს მტრის იარლიყს, აი, ზუსტად ასეა, ხალხის მტერია _ დაიხვრიტოს!

_ საქართველოს პრეზიდენტმა ერთ-ერთ მედიასაშუალებისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ გვარამიას დაკავება არ იყო პოლიტიკურად დროული. მსგავსი განცხადება გვახსოვს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერ ნიკა მელიას მისამართითაც, რომლის შემდგომაც ზურაბიშვილმა ის შეიწყალა. როგორ ფიქრობთ, გადადგამს იგივე ნაბიჯს ამ შემთხვევაშიც?

_ აი, ამიტომ ვამბობ, რომ ეს ქალბატონი არის დედალი პაპუაშვილი, დედალი კობახიძე, დედალი მდინარაძე, დედალი თალაკვაძე. იმას კი არ ამბობს, რომ არ შეიძლება დაჭერა და პოლიტიკური დევნა და ამის დრო არასოდეს არ შეიძლება იყოს ოდნავ დემოკრატიულ სისტემაში, არამედ იმას ამბობს, რომ ან ადრე უნდა დაგეჭირათ, ან ცოტა ხანი მოგეცადათო. ეს იმაზე უარესია, ვიდრე გამოვიდეს და თქვას, რომ მიმაჩნია დამნაშავედო.

_ ანუ თქვენ არ ფიქრობთ, რომ ის შეიწყალებს გვარამიას?

_ თუ ბიძინამ უთხრა, კი... თუ ბიძინამ უთხრა, ლი ოსვალდსაც შეიწყალებს, კენედის მკვლელს.

_ არ შემიძლია არ შევეხო საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საკითხს, _ მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა კონსილიუმი და ის ადამიანები, რომლებსაც მასთან ბოლო პერიოდში შეხება ჰქონდათ, ამტკიცებენ, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება, საპირისპიროს აცხადებს „ქართული ოცნება“. რა არის მმართველი გუნდის მიზანი?

_ პირველ რიგში, სააკაშვილმა თვითონ ჩაიგდო ხათაბალაში თავი, რომ ჩამოვიდა მოუმზადებელ ქვეყანაში, მოუმზადებელ პოლიტიკურ ფონზე. ეგონა, ჩამოვიდოდა და დაახვედრებდნენ საქართველოს. მან მოიყვანა ბიძინა ივანიშვილი, მან დააფინანსებინა „ვარდების რევოლუცია“, თანამმართველად დაისვა, მიუშვა ხელისუფლებასთან და ბოლოს ხელისუფლება ჩააგდებინა ხელში და შემდგომაც კიევში ყოფნის დროს, ყველაფერი გააკეთა, რომ არ გაძლიერებულიყო ოპოზიცია და მარტო მისი „ნაცმოძრაობა“ ყოფილიყო. და აი, მისი „ნაცმოძრაობა“ გამოვიდა მთხლე და სასიკვდილოდ წირავს საკუთარ ლიდერს. არასწორი სტრატეგიული გათვლებია, ყველაფერი დაუბრუნდა უკან. ის, რა თქმა უნდა, არის პოლიტიკური პატიმარი და უნდა გადაიყვანონ სამკურნალოდ. ხომ წარმოგიდგენიათ ერთ ოთახში ჩაკეტილი სააკაშვილი, ისედაც მძიმე ვითარებაში იქნებოდა, რომც არაფერი სტკიოდეს.

_ და „ოცნების“ მიზანი რა არის ამ შემთხვევაში?

_ აქ „ოცნების“ მიზანი შეიძლება ნაკლებად არის, ისინი არიან პუტინის დავალების შემსრულებლები. პუტინს სურს, ამ ფორმით დაანახოს მეზობელ, პატარა, ჯუჯა სახელმწიფოების ლიდერებს, რომ აი, თქვენც სააკაშვილივით დაგემართებათ, თუ გამიწევთ წინააღმდეგობას რაღაცაშიო. ეს უფრო გეოპოლიტიკური შეკვეთაა, თორემ შეიძლება აქ დიდხანს არ დაეკავებინათ. ჯერ სააკაშვილი როგორი ასატანია და ახლა ციხიდან მისი ბღავილი.

_ რამდენად არის კავშირში სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას დაკავება ევროკავშირში ინტეგრაციასთან? ექნება ამ ყველაფერს ასახვა მათ გადაწყვეტილებაზე?

_ მარტო ეს ფაქტორია საკმარისი იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი არ მოგვცენ. პრეზიდენტები დააკავეს სხვა ქვეყნებშიც, მაგრამ შინაპატიმრობა მათ მიესაჯა, იგივე სარკოზის მაგალითი რომ გავიხსენოთ. ასეთი მიზნობრივი თრევა ციხიდან _ ციხეში, საავადმყოფოდან _ საავადმყოფოში და ასი ასეთი სცენა შეძრავს ნებისმიერი პოლიტიკოსის გულს მსოფლიოში და ყველა ფიქრობს, რომ ეს რაღაც უბედურების საკონცენტრაციო ბანაკია.

_ გახარიას ფაქტორზეც მინდა, რომ გკითხოთ. ხომ არ ელოდებით, რომ ერთ დღეს ბიძინა ივანიშვილი გამოვა და ღიად დაუჭერს მხარს გიორგი გახარიას? ბოლოდროინდელ პოლიტიკურ პროცესებს თუ გადავხედავთ, ყოფილი პრემიერი ჩრდილშია და მნიშვნელოვან შეხვედრებზე პარტიის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

_ გახარია არის სისხლის სამართლის დამნაშავე, რომელმაც ჩვენს შვილებს პირდაპირი გაგებით თვალები დასთხარა, ის არის ჩიკატილო, იყო ასეთი მანიაკი მკვლელი რუსეთში, იმის ნაირსახეობაა, ოღონდ წალენჯიხური. ჩვეულებრივი რუსეთის საგარეო დაზვერვის ოფიცერია და მას მოსკოვიდან განიხილავენ, როგორც შემცვლელს, პროდასავლური პროპაგანდისტული აგიტაციით. ჩვეულებრივი რუსეთის დაზვერვის ოფიცერია, რომელიც გამოგზავნილი იყო ბიძინა ივანიშვილის საკონტროლებლად და ვინ ვინ აკონტროლა, კი დავინახეთ. დანარჩენს რაც შეეხება, ისინი როგორც იტყვიან, იმის მიხედვით მოხდება.

_ როგორია ლეიბორისტული პარტიის სამომავლო გეგმები?

_ პოლიტიკური პროცესები 30 წელია, უკვე ჩვენ მიგვყავს. ვინც ბრმაა და ყრუ, ვერ ხედავს ამას, ეს ჩვენი პრობლემა არ რის. ჩვენი მიზანია ივანიშვილის რეჟიმის ჩამომხობა, ჩამოქცევა და მერე ხელისუფლებაში მოსვლა ისე, რომ კოალიციური მთავრობა გავაკეთოთ ჩვენი ლიდერობით და არ ჩავუგდოთ ხელში ეს ქვეყანა იმ ვაჭარ ოპოზიციას, რომელიც უარესს გააკეთებს, ვიდრე ივანიშვილი აკეთებს დღეს.

გაზიარება